„ამბასადორი ბათუმი“ უკანონო სართულის აშენებისთვის არ დააჯარიმეს – სამუშოები გრძელდება

უკანონო, მეჩვიდმეტე სართულის დაშენებისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ამ დრომდე არ დაუჯარიმებია. როგორც სააგენტოში განგვიმარტეს, კომპანია დარღვევისთვის გააფრთხილეს და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყეს: „წარმოება ჯერ არ დასრულებულა.“

როგორც მოსალოდნელი იყო, გაფრთხილებამ არ გაჭრა – უკანონო სართულზე სამუშაოები კომპანიას არც ერთი დღით არ შეუჩერებია მზიან ამინდში. მშენებლობის ბოლო სართულზე დღეს, 7 ოქტომბერსაც, მუშაობენ. თუმცა არ ვიცით ეს სახურავის მოწყობის მოსამზადებელი სამუშაოებია, თუ მე-18 სართულის დაშენებისთვის ხიმინჯებს ამზადებენ.

მიმდინარე სამუშაოები, 3 ოქტომბერი, 18:00 სთ.

უკანონო სართულზე მშენებლობის პროცესი 17 სექტემბრის შემდეგ რამდენჯერმე გადავიღეთ.

შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარში 16-სართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვა აქვს. 17 სექტემბერს „ბათუმელებმა“ აღმოაჩინა, რომ კომპანიამ დამატებით მეჩვიდმეტე სართული დააშენა. ფაქტი სააგენტომ ჩვენი შეტყობინების შემდეგ, 20 სექტემბერს, გადაამოწმა და დარღვევა დაადასტურა.

ამ დადასტურების შემდეგ კომპანიამ დაასრულა უკანონო სართულის გადახურვის სამუშაოები.

„ამბასადორის“ ტყუილები – როგორ იქცა 4 სართული 16 სართულად ბათუმის ბულვარში

„ქართული ოცნების“ ლიდერები მარიონეტები არიან, ვერ გამამწარებენ – გახარია

დღეს, 7 ოქტომბერს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას  „ქართული ოცნების“ ლიდერებს მარიონეტები უწოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან შესაძლოა მისი მისამართით ბრალდებები ისევ გაჟღერდეს, თუმცა „ოცნება“ მას მაინც ვერ გაამწარებს.

„ქართული ოცნება“ ვერ გამამწარებს მარტივი მიზეზის გამო – იქ ვინც დღეს არიან ბოსები და ვინც „ქართული ოცნების“ სახელით საუბრობს, ამ ადამიანებს თავისი აზრის გამოთქმის უფლება და შესაძლებლობა არ აქვთ. ზოგი წერილს წერს, ზოგი რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს.

რა უნდა დამაბრალონ? – სახელმწიფო გადატრიალება დამაბრალეს, ქართული მიწების გაყიდვა დამაბრალეს, მოღალატეობა, ნარკომანობა დამაბრალეს, რა უნდა დამაბრალონ, რითი უნდა გამამწარონ. ვერ გამამწარებენ მარტივი მიზეზის გამო, რადგან მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ეს ადამიანები კალეიდოსკოპში იცვლებიან, დღეს ერთია, ხვალ მეორეა და ეს მისია და ფუნქცია გააზრებული არ აქვთ.

ისინი არიან ერთ დიდ სცენარში მარიონეტები. მე და ჩემი გუნდი ყველაფრისთვის მზად ვართ,“- განაცხადა მან.

ბრიფინგზე გახარიამ ისაუბრა არჩევნების შედეგებზეც და თქვა, რომ ის არ აპირებს კოალიციაში შესვლას არც ერთ პარტიასთან და თვითმმართველობის ორგანოებში დამოუკიდებელ მოქმედებას გააგრძელებენ.

ბათუმში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე – „ტენდენცია არის მატებისკენ“

7 ოქტომბრის მდგომარეობით, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში 33 ბავშვს მკურნალობენ კოვიდზე. ინფიცირებული ბავშვების ასაკი 2-დან 13 წლამდეა.

„დილის  მდგომარეობით 33 ბავშვი იყო კლინიკაში. სამწუხაროდ, ტენდენცია არის მატებისკენ, რადგან აქამდე თუ გვყავდა 15-17 პაციენტი, ახლა უკვე ეს რიცხვი გაორმაგდა,“- ამბობს ჰოსპიტლის დირექტორი თამარ ბახტაძე.

მისი თქმით, კოვიდინფიცირებული ბავშვების ასაკი დაახლოებით 28 თვიდან 13 წლამდეა. „უფრო მეტად კი 7-8 წლამდე ასაკის ბავშვები სჭარბობენ,“ – ამბობს თამარ ბახტაძე.

მისივე თქმით, წინა თვეებში უფრო ხშირი იყო ახალშობილების ინფიცირების შემთხვევა, თუმცა ბოლო პერიოდში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც კლინიკაში გვითხრეს, ჰოსპიტალში მყოფი კოვიდინფიცირებული ბავშვების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„მხოლოდ ერთი ბავშვია რეანიმაციაში, სხვების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,“ – ამბობს თამარ ბახტაძე.

____________

ფოტო: იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, კოვიდკლინიკა

საქართველო-საბერძნეთის მატჩზე ბათუმში ყველა ბილეთი გაიყიდა

შაბათს, 9 ოქტომბერს, 20 საათზე, ბათუმში, „ფიფას“ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის მატჩზე საქართველოსა და საბერძნეთის გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს.

მატჩამდე ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაყიდულია.

tkt.ge-ს ცნობით, ბილეთის ფასი 5, 15 და 25 ლარი იყო.

საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს სტადიონზე დასაშვები მაყურებლის მხოლოდ 33% დაესწრება.

მატჩზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ იმ გულშემატკივრებს, რომლებიც ბილეთთან და პირადობის მოწმობასთან ერთად შესასვლელში წარადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ან 72-საათიანი PCR ტესტის უარყოფით პასუხს, ან 24-საათიანი ანტიგენ ტესტის უარყოფით პასუხს, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის დამადასტურებელ ცნობას.

სტადიონის კარი მატჩის დაწყებამდე 3 საათით ადრე გაიღება.

სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება.

________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ვის აცრიან კოვიდის ვაქცინის „ბუსტერ დოზით“ საქართველოში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციის ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა შესაძლებელი იქნება კონკრეტული ჯგუფებისთვის.

გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წელს გადაცილებული პირებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ბუსტერს ასევე მიიღებენ ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და მაღალი რისკის დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები. ამასთან, სასურველი ვაქცინით რევაქცინაციას შეძლებენ ის პირებიც, ვისაც სამოგზაურო მიზნებისთვის ესა თუ ის ვაქცინა სჭირდება:

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება. ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ასევე დახურული ტიპის დაწესებულებებში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა ადამიანმა, რომლებსაც უწევთ მოგზაურობა და ითხოვდნენ აცრას ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირსა და აშშ-ში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციით განსხვავებული ვაქცინით აცრა  დაშვებულია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 23 დღეში.

ჩვენც შეგვიძლია ეს რეკომენდაცია გამოვიყენოთ და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნესმიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ვაქცინა. ამისთვის მათ უნდა მიმართონ ამცრელ დაწესებულებას და თან იქონიონ მოგზაურობის საბუთი,” – ამბობს თამარ გაბუნია.

შემოდგომის დილის პეიზაჟი აჭარისწყალზე | ფოტო

აჭარაში ფოთლოვანმა ტყეებმა უკვე ფერი იცვალა, შემოდგომის სუსხიც სულ უფრო მეტად იგრძნობა.

ფოტოები გადაღებული 7 ოქტომბერს, მდინარე აჭარისწყლის ხეობაში.

შემოდგომის დილა აჭარისწყლის ხეობაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
შემოდგომის დილა აჭარისწყლის ხეობაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
შემოდგომის დილა აჭარისწყლის ხეობაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
შემოდგომის დილა აჭარისწყლის ხეობაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
შემოდგომის დილა აჭარისწყლის ხეობაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი
შემოდგომის დილა აჭარისწყლის ხეობაში. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

925 ბათილი ბიულეტენის გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის სასამართლოს მიმართავს

ბათუმის #7 მაჟორიტარულ ოლქში ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით „ლელო“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. „ლელოს“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი თქვა.

„ლელო“ ყურადღებას ამახვილებს გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობაზე – მეშვიდე მაჟორიტარულ ოლქში სულ 13 საარჩევნო უბანია და ჯამში 925 ბიულეტენი გაბათილდა.

„შეუსაბამოდ დიდი რაოდენობაა და გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ჩადენილი მიზანმიმართული ქმედებაა,“ – აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურმა ერთობამ „ლელოს“ კანდიდატს, გენო თებიძეს, დაუჭირა მხარი.

„ლელოს“ წარმომადგენელს, თორნიკე ართმელაძეს, ვკითხეთ, რა მტკიცებულებები აქვთ იმის დასტურად, რომ უბნებზე არასწორადაა ბიულეტენები გაბათილებული.

„რაოდენობა არის იმდენად დიდი, რომ ეს ქმნის საფუძვლიან ეჭვს. ამავე საფუძვლით ოლქმა გადათვალა ორი უბანი,“ – ამბობს „ლელოს“ წარმომადგენელი, თორნიკე ართმელაძე.

მას ვერ მოჰყავს მაგალითად რომელიმე უბანზე „ლელოს“ წარმომადგენლის საჩივარი, სადაც მითითებულია, რომ ბიულეტენი ბათილად უსაფუძვლოდაა მიჩნეული.

თორნიკე ართმელაძის თქმით, საოლქომ გუშინ მხოლოდ ორი უბანი გადათვალა, თუმცა არ გადაუმოწმებიათ ბათილი ბიულეტენები შინაარსობრივად, ანუ რამდენად მართებულად მიიჩნიეს ბიულეტენი ბათილად.

სასამართლომ ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიაში აღადგინა

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი პროფესორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით აკადემია ვალდებულია აღადგინოს ვაჟა ანანიძე სამსახურში და  კომპენსაციის სახით გადაუხადოს 25 ათასი ლარი.

ვაჟა ანანიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები იცავდნენ. ერთ-ერთი იურისტის, ანა ბერძენიშვილის თქმით, სასამართლომ ვაჟა ანანიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ის ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე აღადგინა, სადაც ის ბოლო დროს მუშაობდა.

„ვაჟა ანანიძე ითხოვდა საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორის პოზიციაზე აღდგენას, თუმცა ეს ვერ მოხერხდა, ამისთვის წელიწად-ნახევარი იყო ვადა განსაზღვრული და ეს ვადა გავიდა, რადგან ახალი კონკურსი ჩატარდა. ამიტომ ის ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე უნდა დაბრუნდეს და სასამართლომ საზღვაო აკადემიას დააკისრა დაუყოვნებლივ აღდგენა ამ პოზიციაზე.

სამაგიეროდ, სასამართლომ აკადემიას დააკისრა სრული განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2020 წლის 22 ივლისიდან დღემდე და ასევე, მორალური სახელფასო კომპენსაციის სახით ანანიძე მიიღებს 25 200 ლარს,“- ამბობს ანა ბერძენიშვილი.

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად აკადემიამ ეთიკური საბჭოს გადაწყვეტილება დაასახელა, თავად ვაჟა ანანიძე კი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ მან გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში ამხილა. ის ასევე საუბრობს აკადემიაში არსებულ სხვა პრობლემებზეც.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთ წელზე მეტია, რაც ვაჟა ანანიძე საპროტესტო აქციებს მართავს საზღვაო აკადემიის ჭიშკართან.  ის აპროტესტებს აკადემიის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას მისი აკადემიიდან გაშვების თაობაზე.

ვაჟა ანანიძე ამ ხნის მანძილზე მიმართავდა განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ასევე საზოგადოებას სთხოვდა, დაინტერესებულიყვნენ აკადემიაში არსებული ნეპოტიზმით, პლაგიატით და სავარაუდო კორუფციითაც. თუმცა ამ დრომდე მას არც ერთი შესაბამისი უწყებიდან არავინ გამოხმაურებია.

ვაჟა ანანიძე ამბობს, რომ ის არ შეწყვეტს ბრძოლას მანამ, სანამ არ მიაღწევს სამართლიანობას და არ შეიცვლება აკადემიაში არსებული მდგომარეობა.

____________________

ამავე თემაზე:

შსს: თიანეთში 81 წლის კაცი შვილის მკვლელობისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს თიანეთში.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს – 1962 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ დ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარაში კოვიდის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 7 ოქტომბერი

7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში 2 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

რეგიონში 348 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 12-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 228 ახალი შემთხვევა, 28 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა 28 ადამიანი – დადასტურდა კოვიდის 2 228 შემთხვევა

7 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 28 ადამიანი. გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 1 711 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 828 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 619, PCR ტესტით – 13 209.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7%-ია.

კარანტინში იმყოფება 65 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 150, ხოლო  კლინიკურ სასტუმროში 633 ადამიანი იმყოფება.

აცრა

სულ ჩატარდა 1 844 965 აცრა, დღიურად აცრილია 7 815 ადამიანი.

დღეს ხუთმა ბავშვმა მითხრა, მასწავლებლობა მინდაო – ინტერვიუ ხათუნა რაზმაძესთან

ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის 2021 წლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია. „ძალიან ბედნიერი, გახარებული და გაბრწყინებული ვარ“ – გვითხრა მან. როგორ გახდა მასწავლებელი 18 წლის ასაკში და როგორია მისი პედაგოგიური გზა ეროვნულ ჯილდომდე? – სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ხათუნა რაზმაძეს „ბათუმელები“.

  • ქალბატონო ხათუნა, მოგვიყევით, როგორ გახდით მასწავლებელი.

პირველად სკოლაში რომ მივედი სამუშაოდ, 18 წლის ვიყავი, მეორეკურსელი. სოციოლოგია-ფსიქოლოგიის სპეციალობაზე ვსწავლობდი. სკოლა კარგად მქონდა დამთავრებული, ამიტომ მიღებისას კითხვები არ გასჩენიათ. მეთერთმეტეკლასელებს ვასწავლიდი.

  • რატომ წახვედით სკოლაში?

ადრე არ მიფიქრია მასწავლებლობაზე, თუმცა მძიმე პერიოდი მქონდა. მეორე შვილი დავკარგე, განვიცდიდი. მირჩიეს, რომ სკოლაში მემუშავა და ბავშვებთან ურთიერთობა დამეხმარებოდა. ოჯახიც ძალიან ადრე შევქმენი… ხომ გესმით, 90-იანი წლები იყო. თუმცა ახლა 5 შვილი მყავს და ბედნიერი დედა და ბებია ვარ.

მესამე კურსზე რომ ვიყავი, სკოლაში შემცვლელი მასწავლებლის პოზიცია შემომთავაზეს, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო. გაკვეთილი რომ არ გაცდენილიყო, მე უნდა შევსულიყავი სხვა მასწავლებლის ნაცვლად. ასე ვატარებდი სხვის გაცდენილ გაკვეთილებს, თუმცა კლასში შესვლამდე ჯერ მე ვსწავლობდი.

ასე მოვხვდი დაწყებით კლასებში და როცა მეოთხე კლასში შევედი, ეს იყო ჩემი ახალი დაბადება. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი პროფესია.

  • მათემატიკის მასწავლებელი ამის შემდეგ გახდით?

დიახ, შემდეგ მივიღე მეორე პროფესია. ბავშვებთან ურთიერთობაში ძალიან დამეხმარა ჩემი წინა გამოცდილება. ბავშვის ფსიქოლოგიის, ასაკობრივი თავისებურებების ცოდნამ, მიდგომებმა ძალიან გამიმარტივა მათთან მუშაობა.

ასე გავხდი მასწავლებელი.

ერთხელ დაჩის გაკვეთილებს დავესწარი და აღმოვაჩინე, რომ მათემატიკა არის კიდევ სხვა ჭრილში დასანახი საგანი და მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითში ინტეგრირებულად მიწევდა ამ საგნის სწავლებაც, ბოლო სამი წელია ჩემი მიმართულება ამ კუთხით შევცვალე და მინდა, რომ საკუთარი თავი სწორედ ამ სფეროში აღმოვაჩინო და განვვითარდე. მათემატიკოსი ნიშნავს სწავლის მოყვარულს და სწავლის სიყვარული ყველა ბავშვში შემიძლია ჩავდო.

ასევე ვარ ქართულის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თანაავტორი, „სილქნეტის“ საშინაო სკოლის ქართულის მესამე კლასის გაკვეთილების ავტორი და ჩაწერილი მაქვს 35 გაკვეთილი. მასწავლებლის სახლს ჰქონდა ეფექტური კითხვის და წერის მეთოდებზე პროექტი და იქაც ჩავწერე საინტერესო ვიდეორგოლები.

  • ბავშვებისგან მსმენია, რომ მათემატიკის სიყვარულს მასწავლებელი განაპირობებს. მოსწავლეების თქმით, ხან სწორედ მასწავლებელი უქრობს მათ მოტივაციას შეფასებებით – „მათემატიკის ნიჭი არ გაქვს“, „ბიჭის ტვინი მაინც სხვაა“, „გოგოები ვერ სწავლობენ მათემატიკას“ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ესაუბრებით მათემატიკაზე ბავშვებს?

მინდა თითოეული გაკვეთილი ბავშვებისთვის თავგადასავალი იყოს. ვფიქრობ, ყველა ბავშვს აქვს უნიკალური შესაძლებლობები, მთავარია, აანთო ეს ჩირაღდანი მოსწავლეში, გაუჩინო დადებითი განწყობა, მოტივაცია საგნის მიმართ და შემდეგ უკვე ყველაფერი გამოდის სიყვარულით, განწყობით, ემოციებით.

ისე სწავლობენ ხოლმე, რომ თავადაც ვერ ხვდებიან, როგორ თავისუფლად ანგარიშობენ ან შედიან მათემატიკური ამოცანებისა და თავგადასავლების სამყაროში.

  • არის კატეგორია მასწავლებლების, რომლებიც ამბობენ, რომ გამოცდილებაა მნიშვნელოვანი სწავლებაში, ზოგიერთი ფიქრობს, რომ მთავარი კვალიფიკაცია. თქვენ რას მიიჩნევთ უმნიშვნელოვანესად სწავლა-სწავლების პროცესში?

მიუხედავად იმისა, რომ 22 წელია ვატარებ გაკვეთილებს, ყოველთვის ვფიქრობ – რა გავაკეთე კარგი და რას გავაკეთებ უკეთესს? გამოცდილება თავის წვლილს დებს, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ბავშვებთან ურთიერთობა მგონია. ბავშვის და საგნის სიყვარული – ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლებაში.

მასწავლებელი მუდმივად უნდა იყოს ანთებული და სხვას გადასცეს ეს ცოდნა და სიყვარული.

  • რას ნიშნავს ბავშვის სიყვარული, რას გულისხმობთ ამაში?

მესმის, ყველა მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვები უყვარს, მაგრამ მთავარია ეს ქმედებაში აისახებოდეს. თუნდაც იმაში, როცა დავიხრები და ჩავჩურჩულებ, წავახალისებ, ვეტყვი როგორი ყოჩაღი და ძლიერია, რომ ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი მოსწავლეა, ეს თავისთავად ძალიან დიდ ენერგიას და ემოციას აჩენს ბავშვებში. მგონია, რომ ამ სიყვარულით, მეგობრობით გამოგვდის ყველაფერი.

მახსოვს, ერთმა ბავშვმა როცა გააცნო ჩემი თავი მშობელს, უთხრა: – „დე, ეს ჩემი მასწავლებელია, მაგრამ ჩემი მეგობარიც არის“. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მთავარი, რომ იყო მეგობარი, იყო მათი ტოლი, იყო მათნაირი, მათთან ერთად თამაშობ, განიცდი, გვიხარია და ერთად სწავლობ.

  • სიმკაცრე, „კლასის ხელში აყვანა“, სუბორდინაცია – არ არის თქვენს პრაქტიკაში?

ვფიქრობ, არ სჭირდებათ ბავშვებს ხმის აწევა, ზედმეტი საყვედურები. როცა გრძნობენ, რომ ურთიერთსიყვარული და პატივისცემაა, ისედაც აკეთებენ ყველაფერს.

ძალიან მარტივად გვარდება ყველაფერი, როცა მოსწავლეები გრძნობენ პოზიტიურ განწყობას კლასში.

  • ბავშვებს ხშირად საყვედურობენ ხოლმე, რომ „თავი ტელეფონში აქვთ ჩარგული“, რომ არაფერი არ აინტერესებთ, თქვენ როგორ ფიქრობთ?

მედალს ორი მხარე აქვს. ტექნოლოგიები ბავშვებს ეხმარება ონლაინსივრცეში და კლასშიც, რომ ძალიან საინტერესო პრეზენტაციები მოამზადონ. ვუზიარებ ეკრანს, ვაჩვენებ ანიმაციას და შემდეგ ვქმნით ამოცანებს, სიმღერაზე ვაკეთებთ სავარჯიშოებს და ეს გვეხმარება ამ პროცესში.

მეც ბევრი რამ ვისწავლე ბავშვებისგანაც და მგონია, რომ სწავლა და ტექნოლოგიები ერთმანეთს ხელს არ უშლის.

  • რა აკლია ყველაზე მეტად დღეს სკოლას. რატომ ვერ ხერხდება ხარისხის გაუმჯობესება სწავლებაში?

გლობალური კითხვაა და ერთი მიზეზი არ აქვს ამას. ვიტყვი, რომ ჯერ კიდევ არ არის კარგად დანერგილი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება საგაკვეთილო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრენინგი გავიარეთ. თანამედროვე საინტერესო მიდგომები, აღმოჩენები, სტრატეგიები უფრო მეტად უნდა დაინერგოს, რომ მივიდეთ თითოეულ მოსწავლესთან.

მთავარია არა სახელმძღვანელოს დასრულება, არამედ ის, ბავშვს რა დარჩა და როგორ გამოიყენებს ამ ცოდნას ცხოვრებაში.

  • ბავშვზე ორიენტირებულობა დამოკიდებულია მთლიანად პედაგოგის პროფესიონალიზმზე თუ მას აფერხებს სისტემა, რომელიც სთავაზობს გარკვეულ ჩარჩოებს?

ეროვნული სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო გვთავაზობს და ბევრი კარგი რამის გაკეთება შეუძლია ამით მასწავლებელს. ერთი წერტილიდან მეორემდე ყველა შეიძლება სხვადასხვა გზით მივიდეს, მაგრამ მთავარია, როგორ მიხვალ.

მასწავლებელს მუხტი და ენერგია სჭირდება, რომ სწორად და თანაბრად მიიტანოს ცოდნა თითოეულ მოსწავლესთან. მოტივაციას კი ნამდვილად ქმნის ეროვნული ჯილდო.

დღეს სკოლაში რომ მივედი, ხუთმა ბავშვმა მითხრა – „მასწავლებლობა გადავწყვიტე“, „მასწავლებელი ვიქნები“. სხვებმაც გვინდა დაინახონ, აღმოაჩინონ, რომ მართლაც საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესიაა მასწავლებლობა.

თითოეული მოსწავლის ბედი ჩვენს კლასებში წყდება. რაც უკეთესია საგაკვეთილო პროცესი, მით უკეთესია ბავშვების მომავალიც.

  • დაჯილდოების დღეს თქვით, რომ აპირებთ მოგებული თანხით შშმ ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ცენტრი დააარსოთ. რადგან ამის საჭიროება დაინახეთ, ალბათ პრობლემებიც არსებობს. რა აკლიათ ამ ბავშვებს დღეს?

ჩემთვის ძალიან სენსიტიურია ეს თემა, რადგან ჩემი მეხუთე შვილი ყრუა. არის ყრუთა სკოლა, სადაც ჩემი შვილი სწავლობს, მაგრამ იმპლანტირებული ბავშვები მაინც ცალკე თემაა, ვიდრე სრულიად ყრუ ბავშვები. მათი განათლება და განვითარებაც უნდა იყოს შესაბამისი. ვაპირებ, რომ გავაკეთო დღის ცენტრი, სადაც სკოლის შემდეგ ჩაერთვებიან  იმპლანტირებული ბავშვები და საკუთარ თავს იპოვიან.

გვინდა, რომ ყველა გაკვეთილზე გვყავდეს ჟესტური ენის თარჯიმანი. დავეხმაროთ ბავშვებს, რომ წიგნიერების უნარები განუვითაროთ, ვაჩვენოთ ფილმები და განვიხილოთ. ასევე, ვასწავლოთ კულინარია და ნივთების დამზადება, რომ მათი რეალიზებაც შეძლონ. მინდა ფოტოგრაფიაც, თუ გამოგვივა.

  • თქვენ გაქვთ ბავშვებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება, მუშაობდით ფსიქოლოგადაც. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რაში სჭირდებათ მოსწავლეებს დახმარება და თანადგომა, რა აკლიათ მათ ყველაზე მეტად?

ბავშვები ყველაზე მეტად სიყვარულის ნაკლებობას განიცდიან. ბევრი მშობელი დაკავებულია და ხშირ შემთხვევაში ვეღარ ხერხდება მათთან ემოციური სიახლოვე.

ამიტომ ვცდილობ, რომ უფრო მეტი ემპათია გავუღვივო მათ. სწორი ღირებულებები უნდა ვასწავლოთ, დავეხმაროთ გახდნენ კრიტიკულები, შემოქმედებითი უნარები ჰქონდეთ და რაც მთავარია, იყვნენ ადამიანები.

  • რას ფიქრობთ სქემაზე? ბევრი აკრიტიკებს მას და ამბობს, რომ სქემა ვერ დაეხმარება მასწავლებელს პროფესიულ ზრდაში.

ვფიქრობ, ყველაზე ნამდვილი გზა არის მასწავლებლის სურვილი, რომ წავიდეს წინ. ძალდატანებით კრედიტების დაგროვება ან ტრენინგებზე დასწრება არ მგონია ეფექტური. მე პირადად ის დღე მგონია დაკარგულად, როცა რაღაც ახალს ვერ ვსწავლობ. ამიტომ მიმაჩნია, რომ მასწავლებლობა მუდმივ განვითარებას ნიშნავს და ამის სურვილი, პირველ რიგში, თავად მასწავლებელს უნდა ჰქონდეს.

_________________________________

მთავარი ფოტო: ხათუნა რაზმაძე/ 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი

როგორ ვიშოვოთ მილიონები ჭოროხის სანაპიროზე, ანუ რას არ იმჩნევს მთავრობა – ეპიზოდი III

  • გაგრძელება

ქვეყნის მთავარ საფულეში – ბიუჯეტში ასობით ათასი ლარი ვერ შევიდა ჭოროხის სანაპიროზე 21 ჰექტარი მიწის  გამოყენების სანაცვლოდ.

კომპანია, რომელიც ჭოროხის ნაპირზე ინერტულ მასალას მოიპოვებს, სახელმწიფო მიწას უკანონოდ იყენებს. თუმცა ამას არ ხედავს არც პოლიცია, არც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და არც გარემოს დაცვა.

ამ სტატიაში გიამბობთ, როგორ სარგებლობს ერთი კომპანია სახელმწიფო მიწით უკანონოდ ისე, რომ ასობით ათას ლარს არ იხდის.

  • რა პირობებით შემოვიდა კომპანია ჭოროხის სანაპიროზე 

ხელვაჩაურში, სოფელ თხილნართან, ჭოროხის სანაპიროზე თუ ჩახვალთ, აუცილებლად შენიშნავთ ხრეშის უზარმაზარ მთებს. აქ ინერტულ მასალას ბევრი კომპანია თუ კერძო პირი მოიპოვებს, მაგრამ ხრეშის ყველაზე დიდი მთები ერთ კომპანიას ეკუთვნის.

ხრეშის მთები მდინარე ჭოროხზე. აქ, წესით, მხოლოდ 1.2 მილიონი კუბური მეტრი ხრეში უნდა იყოს დაყრილი, თუმცა ზედამხედველს არ შეუმოწმებია ნამდვილად რამდენი ხრეშია ამოღებული

კომპანიის სახელია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის ფილიალი საქართველოში“. ეს კომპანია შპს POLAT YOL & MAP-ის ბიზნესჯგუფშია.

სწორედ POLAT YOL & MAP-მა მიიღო ლიცენზიის გარეშე 1 275 676, 45 მ³ ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება 2020 წელს.

ამისათვის გასული წლის 17 სექტემბერს პრემიერმა გიორგი გახარიამ განკარგულება გამოსცა.

განკარგულებაში ვკითხულობთ:

„ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAP-ი გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიისგან 8 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიპოვოს 1 275 676, 45 მ³ ინერტული მასალა [ქვიშა-ხრეში], შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში.

ზედამხედველობა განახორციელოს სააგენტომ, ხოლო მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირაში სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ“.

ქვიშა-ხრეში, რომელსაც კომპანია ჭოროხიდან მოიპოვებს, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, კომპანია კი ვალდებული იყო გახარიას განკარგულებიდან ერთი თვის ვადაში 11 მილიონ 237 406 ლარი გადაეხადა ბიუჯეტში.

კომპანია ჭოროხის სანაპიროზე სწრაფად შეუდგა მუშაობას, სახელდახელოდ ააშენა ხიდი ჭოროხზე, იქვე გამართა ქარხანა და შემოვლითი გზისთვის საჭირო ინერტული მასალის დამუშავება დაიწყო.

ხრეშის მოსაპოვებლად კუსტარულად აშენებული ხიდი მდინარე ჭოროხზე

ცხადია, ქვიშა-ხრეშის მოსაპოვებლად კომპანიას სჭირდებოდა ტერიტორია ინერტული მასალის დასაყრელად, ამიტომაც კომპანიამ  აჭარის მთავრობას მიმართა.

მართლაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრემიერის განკარგულების გაცემიდან ექვსი თვის შემდეგ, 2021 წლის 17 მარტს, კომპანიას გაუფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო მიწის იჯარით სარგებლობის შესახებ.

ხელშეკრულების ჩანაწერის თანახმად, ეს ქონება არის „70035 კვ. მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მდებარეობს კახაბრის/მეჯინისწყლის დასახლებაში. …ქონების იჯარის ქირა შეადგენს 351 902 ათას ლარს“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რაც ადგილზე გადამოწმებითაც დასტურდება, იჯარით აღებულ 70 035 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე კომპანიას ინერტული მასალის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს მოწყობილი.

ინერტული მასალების გადამუშავებისთვის მოწყობილი ქარხანა
  • 21 ჰექტარი უკანონოდ და უფასოდ კომპანიის განკარგულებაში

იმ მასშტაბური საქმისთვის, რასაც ეწევა კომპანია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოში“, 7 ჰექტარი ნამდვილად არ არის საკმარისი.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ეს კომპანია დამუშავებული ხრეშის დასაყრელად ზუსტად 209 000 კვადრატულ მეტრ ანუ 21 ჰექტარ სახელმწიფო მიწას იყენებს უკანონოდ და უსასყიდლოდ. ამ აღმოჩენას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის ის გარემოება, რომ ამ უკანონობას „ვერ ამჩნევს“ სახელმწიფოს ვერც ერთი სტრუქტურა, შედეგად კი ასობით ათასი ლარი იკარგება ბიუჯეტიდან.

მაგალითისთვის – კომპანიასთან 17 მარტს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ბიუჯეტმა 352 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო 7 ჰექტარის კომპანიაზე იჯარით გაცემისას.

კომპანია დამატებით, უკანონოდ და უსასყიდლოდ იყენებს 21 ჰექტარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტმა 1 მილიონზე მეტი ლარი დაკარგა.

  • როგორ დასტურდება, რომ კომპანია უსასყიდლოდ სარგებლობს 21 ჰექტარი მიწით

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2021 წლის გაზაფხულზე ამჟამად ბრალდებულმა მერაბ ღოღობერიძემ მიმართა წერილობით – რამდენად ლეგალურად სარგებლობდა კომპანია სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოში“ 21 ჰექტარი მიწის ნაკვეთით ჭოროხის სანაპიროზე.

2021 წლის 13 აპრილს ღოღობერიძეს აჭარის ფინანსთა მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ, უპასუხა წერილობით. ამ წერილში მინისტრი წერს, რომ კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველომ“ 21 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარის გადაცემის თხოვნით უკვე მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს.

„მიმდინარეობს აღნიშნული განცხადების განხილვა და ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურები“, – წერია ღოღობერიძისთვის გაგზავნილ წერილში.

ღოღობერიძემ კიდევ ერთი კითხვა დაუსვა სამინისტროს – სახელმწიფო მიწის თვითნებურად დაკავებისთვის კომპანია არის თუ არა დაჯარიმებული? – მის ამ კითხვას სამინისტრომ არ უპასუხა.

2021 წლის 15 მაისს ამჯერად უკვე „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰკითხა, რის საფუძველზე იყენებდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 21 ჰექტარ ტერიტორიას კერძო კომპანია. ასევე გვაინტერესებდა, არსებული პრაქტიკით, რა ფასად გასცემდა სამინისტრო აქ მიწის ნაკვეთს იჯარით.

კომპანია ჭოროხის სანაპიროზე 280 000 კვადრატული მეტრი მიწით სარგებლობს. აქედან იჯარის გადასახადს მხოლოდ 70 ათას კვადრატულ მეტრზე იხდიდა, 210 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს კი ყოველგვარი გადასახადის გარეშე სარგებლობდა

ჩვენი წერილის გაგზავნის ეტაპზე, პრემიერის ბრძანების თანახმად, კომპანიას ზუსტად 2 დღეში [17 მაისს] უნდა დაესრულებინა ინერტული მასალის სრულად მოპოვება. შესაბამისად, მას 1 მილიონზე მეტი კუბური მეტრი ინერტული მასალა უკვე დასაწყობებული ჰქონდა სახელმწიფოს მიწაზე.

ამის მიუხედავად, აი, რა გვაცნობეს სამინისტროდან:

„თქვენ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე [ჯამში ექვს საკადასტრო კოდზე – ავტ.] ს/კ#05.32.06.256, 05.32.06.257, 05.32.06.288, 05.32.06.259, 05.32.06.260, 05.32.06.282] იჯარით სარგებლობის გადაცემის თაობაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემოსულია წერილობითი განცხადება სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი–ის ფილიალი საქართველოში“-ს მიერ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს აღნიშნული განცხადების განხილვა და ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურები“.

სამინისტროსგან მიღებული ეს წერილი დათარიღებულია 1-ელი ივლისით. ამავე წერილში საუბარია იმაზე, რომ „ადმინისტრაციული წარმოება არ არის დასრულებული“.

პირველი წერილის გაგზავნიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ – 23 სექტემბერს „ბათუმელებმა“ ისევ ჰკითხა სამინისტროს, გადასცა თუ არა კომპანიას აღნიშნული 21 ჰექტარი იჯარით. ამის გათვალისწინებით, თუ შევა ბიუჯეტში თანხა ამ მიწის სარგებლობისთვის. სამინისტროდან გვაცნობეს, რომ ამ დროისთვის იჯარით მიწა კომპანიაზე გადაცემული არ არის.

შესაბამისად, კომპანია 21 ჰექტარ ტერიტორიას მეჯინისწყლის დასახლებაში დღემდე უსასყიდლოდ იყენებს. ზარალდება ბიუჯეტი, თანამდებობის პირები კი, რომლებიც ვალდებულნი არიან ბიუჯეტის შევსებაზე იზრუნონ, ასევე დაიცვან სახელმწიფო ქონება განიავებისგან და გარემო დაზიანებისგან, ამას არ იმჩნევენ.

  • რას ამბობენ კომპანიაში

კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოს“ იურისტს, თამილა გორონიკაშვილს 23 სექტემბერს ვკითხეთ, ჭოროხის სანაპიროზე 21 ჰექტარი მიწის სარგებლობისთვის იხდიან თუ არა რაიმე სახის გადასახადს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა გადასახადს ვიხდით. თუ რამე გაინტერესებთ, მოგვწერეთ“, – გვითხრა იურისტმა.

შენიშვნაზე, რომ ამ ტერიტორიით კომპანია არალეგალურად სარგებლობს და, შესაბამისად, გაუგებარია, რა გადასახადებს იხდიან, იურისტმა თქვა:

„ამ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ“.

თამილა გორონიკაშვილს ასევე ვკითხეთ, თუ ჩააბარეს წიაღის ეროვნულ სააგენტოს ანგარიში, როგორც ეს პრემიერის განკარგულებაში წერია. იურისტმა გვიპასუხა, რომ ჩააბარეს. თუმცა კითხვაზე – სააგენტოს წარმომადგენლები მივიდნენ მოპოვებული ინერტული მასალების მოცულობის გადასამოწმებლად თუ თავად კომპანიამ წარუდგინა მონაცემები –  იურისტმა გვითხრა, რომ არც ამ კითხვაზე გვიპასუხებს.

კიდევ ერთი დეტალი – ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ჰქონდა კომპანიას 7 ჰექტარი ტერიტორია იჯარის სახით აღებული, ვადა 20 დღის წინ, 17 სექტემბერს, გაუვიდა. იურისტის, თამილა გორონიკაშვილის განმარტებით, ტერიტორაზე, სადაც კომპანიას ქარხანა აქვს მოწყობილი, იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნით უკვე მიმართეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. მანვე აღნიშნა, რომ ამ წერილზე პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ. 

  • რას ამბობენ გარემოსდაცვაში

ინერტული მასალების ლეგალურად და არალეგალურად მომპოვებლებთან საუბრის დროს ყველაზე ხშირად თეიმურაზ გელდიაშვილის სახელსა და გვარს ახსენებენ.

თეიმურაზ გელდიაშვილი 2019 წლიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელია. შესაბამისად, ჭოროხის სანაპიროს ზედამხედველობა ამ უწყების პასუხისმგებლობაა.

„ბათუმელებმა“ სცადა აჭარაში გარემოსდაცვის საკითხებში მთავარი პასუხისმგებელი პირისთვის ეკითხა:

  • როგორ ახერხებენ დღისით, მზისით, ასეულობით მანქანით ჭოროხის სანაპიროდან ინერტული მასალების მოპოვებას კერძო კომპანიები?
  • რა რეაგირება ჰქონდა მის უწყებას „ბათუმელების“ 23 ივნისის შეტყობინებაზე, როცა ათობით ტრანსპორტით ერთდროულად იპარავდნენ ხრეშს და ამის შესახებ 112 -ს ვაცნობეთ? [ამ შეტყობინების შემდეგ „ბათუმელებს“ დაუკავშირდა პოლიციელი, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ ადგილზე ვართ. გარემო მოვა და დამატებით დაგიკავშირდებით“. დღემდე არავინ დაგვკავშირებია].
  • რა არის მისი, თეიმურაზ გელდიაშვილის როლი ამ ყველაფერში?

თუმცა თემურ გელდიაშვილს ამ თემაზე საუბარი არ სურს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მასთან ინტერვიუს ვერ ჩავწერთ.

  • დაზიანებული მწვანე საფარი

კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთი-ის ფილიალი საქართველოს“ ტექნიკა ჭოროხიდან ამოღებულ ხრეშს პირდაპირ მწვანე საფარზე ასაწყობებს, რაც დაუშვებელია.

კომპანიის იურისტთან საუბრისას „ბათუმელები“ დაინტერესდა, რატომ დააზიანა კომპანიამ მწვანე საფარი. იურისტმა დაგვიდასტურა, რომ ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, უკვე არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება და კომპანია ჯარიმას გადაიხდის.

„რაც მუხლში წერია, იმით დაგვაჯარიმეს“, – თქვა იურისტმა და დასძინა: „რაც დავაზიანეთ, ყველაფერს აღვადგენთ. მოვიყვანთ პირვანდელ მდგომარეობაში, როცა სამუშაოებს დავასრულებთ, მაშინ“.

თეიმურაზ გელდიაშვილის მიერ ბათუმის მერისთვის, არჩილ ჩიქოვანისთვის, მიწერილ წერილში ნახსენებია 552-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად მწვანე საფარის დაზიანებაზე ჯარიმა არის 1000-დან 2000-მდე ლარი, განმეორების შემთხვევაში კი – 3000-3500 ლარი.

ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, ჭოროხის სანაპიროზე მწვანე საფარის დაზიანება გარემოს დაცვის სამსახურს არ აღმოუჩენია. ამის შესახებ აჭარა-გურიის გარემოს დაცვის სამსახურს მერაბ ღოღობერიძემ მიმართა განცხადებით, გარემოს დაცვის სამსახურმა კი – ბათუმის მერიას.

დაზიანებული მწვანე საფარი. კომპანია ამ ტერიტორიას ყოველგვარი გადასახადის გარეშე იყენებს

კერძოდ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა თეიმურაზ გელდიაშვილმა 28 ივნისს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს მისწერა, რომ კომპანიამ მათ ვერ წარუდგინა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ „გაცემული ნებართვა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით“ და ამიტომ მერიას უგზავნის მასალებს „სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირებისთვის“.

ამავე წერილში გელდიაშვილი წერს, რომ ეს დარღვევა მხოლოდ მას შემდეგ აღმოაჩინეს, როცა მათ მერაბ ღოღობერიძემ წერილობით მიმართა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, არჩილ კონცელიძემ, 15 ივლისს მერაბ ღოღობერიძეს წერილობით აცნობა გელდიაშვილის შეტყობინების შესახებ და ასევე ის, რომ კომპანიის მიმართ 15 ივლისს  შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომელიც გადაგზავნილი იქნა სასამართლოში.

ამ დარღვევის შესახებ სასამართლომ უკვე იმსჯელა.

ვინ არიან მფლობელები?

სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთ-ის ფილიალი საქართველოში დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი თურქულ კომპანია „სს ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთია“. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სწორედ ამ კომპანიასთან აქვს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებები. ჭოროხის სანაპირიზეც სამუშაოებს რეალურად ეს კომპანია ასრულებს.

პრემიერის განკარგულების მიხედვით, 1, 2 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალების მოპოვების უფება ჭოროხის სანაპიროზე კომპანია POLAT YOL & MAP -ს აქვს.

გაგრძელება იქნება


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

არჩილ ჩიქოვანი: დამიდასტურდა კოვიდი

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ იგი თავად წერს ფეისბუქზე.

„სამწუხაროდ, განსხვავებულ რეჟიმში, დისტანციურად მიწევს საარჩევნო კამპანიის გაგრძელება.

ორი დღეა ვიმყოფები თვითიზოლაციაში. განმეორებითი ტესტის საფუძველზე დამიდასტურდა კოვიდი, რომელიც მიმდინარეობს თითქმის უსიმპტომოდ, თავს ვგრძნობ კარგად.

ძალიან მალე დავუბრუნდები საარჩევნო კამპანიას“ – წერს არჩილ ჩიქოვანი.

ჯიხვისა და მგლის შერკინება – როგორ გადაიღო კადრები ფოტოგრაფმა

5 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ფეისბუქგვერდზე ნაკრძალში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ესხმის თავს მგელი ჯიხვს.

იშვიათი კადრები ველური ბუნების ექსპერტმა, ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო.

ნიკა ქერდიყოშვილი ზოოლოგია და ველურ ბუნებას იკვლევს. „ბათუმელებმა“ მას ჰკითხა, როგორ შეძლო ამ იშვიათი კადრების გადაღება.

ნიკა ქერდიყოშვილმა გვითხრა, რომ ირმის მყვირალობის მილევის შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე წავიდა დასაკვირვებლად, აინტერესებდა, რა ტერიტორიებს იკავებენ ზამთრის დადგომის პერიოდში ჯიხვები და ირმები:

„თავიდან ჯიხვები შევნიშნე.

ისეთი ქცევა ჰქონდათ, თითქოს რაღაცას უფრთხოდნენ. მეგონა, მე შემამჩნიეს და ამიტომ დაფრთხნენ, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა.

მალევე დავინახე, რომ ჯიხვებს უკან მოჰყვებოდა მგელი, იყვნენ მდედრი ჯიხვები, პატარა ფოთრები და იყო, ასევე, ზრდასრული დიდი ხარ-ჯიხვი.

ხარ-ჯიხვმა ჯოგის დაცვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, შეუტია მგელს, რქებით გაიწია მისკენ, ცოტა გაიბრძოლეს და მერე ხარ-ჯიხვი გაიქცა, რომ მგელი რაც შეიძლება შორს გაეტყუებინა მისი ჯოგისგან.

მგელმა გადაწყვიტა ჯიხვის შვილის, ფოთრის მონადირება, თუმცა ეს მამაცი ხარის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია და დათოვლილი ალპური ფერდობებიდან უმალ დაეშვა მგელთან შესაბმელად. ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი
დაპირისპირებას შეშინებული ფოთრი გამალებით ადევნებდა თვალს. ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი
პირისპირ დგომამ რამდენიმე წამს გასტანა, რის შემდეგაც ხარმა სტრატეგია შეცვალა და მგლის გატყუების მიზნით, თავქვე დაეშვა.
ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი
რა თქმა უნდა, მსგავს რბოლაში მგლის შანსი ჯიხვთან პრაქტიკულად ნულის ტოლია.
ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

სწორი სტრატეგია აირჩია ჯიხვმა, რადგან კლდიან და თოვლიან ადგილას მგელს არ შეუძლია დაეწიოს გაქცეულ ჯიხვს.

პირველი შეტაკების მერე მეორე შეტაკებაც იყო თოვლში. ისევ იმარჯვა ჯიხვმა, გათავისუფლდა მგლისგან და კლდიან ადგილებს შეეფარა, სადაც მგელი ვეღარ გაჰყვა. საკმაოდ შორს გაიტყუა, ნახევარი კილომეტრით მოაშორა და ამასობაში მისი ჯოგიც კარგა შორს წავიდა. კლდის ფერდებს შეუყვნენ ნელ-ნელა.

მთელი დღე იქ ვიყავი. ცოტა ხანს დაისვენეს მგლებმა, საკვების მოპოვების მცდელობის დროსაც კი ისინი დიდ ენერგიას ხარჯავენ, არ გაუმართლათ, ვერ მოიპოვეს საკვები, ცოტა ხანს დაისვენეს, თოვლი შეჭამეს, სხეული გაიგრილეს და სხვა მსხვერპლის მოსაძიებლად წავიდნენ,” – ასე აღწერს ნიკა ქერდიყოშვილი ფოტოების გადაღების ამბავს.

ნიკა ქერდიყოშვილი, ზოოლოგი, ფოტოგრაფი

ნიკამ გვითხრა, რომ მგლისა და ჯიხვის შერკინებას ის 60-70 მეტრის დისტანციიდან იღებდა. არ ელოდა ასეთ კადრებს. კამერა მას მხოლოდ იმისთვის ჰქონდა თან, რომ ჯიხვების ჯოგი გადაეღო,  ზრდასრული და ახალგაზრდა ჯიხვების – ფოთრების აღსაწერად. ნიკა მიიჩნევს, რომ ძალიან გაუმართლა, ცხოველების ბრძოლას რომ შეესწრო. მისი თქმით, ჯიხვისა და მგლის დაპირისპირება კავკასიასა და საქართველოში ჯერ არავის გადაუღია:

„ბევრი მტაცებელი ცხოველი შემხვედრია, ველურ ბუნებაში ფილმების გადაღებაშიც ვიღებ მონაწილეობას, გადამიღია მგლებმა და დათვებმა როგორ მოიშორეს თავიანთი წრიდან ახალგაზრდა დათვი, შემხვედრია ფოცხვერი, მგელი, მაგრამ როცა მტაცებელი თავს ესხმის მსხვერპლს, ეს პროცესი პირველად გადავიღე,” – ამბობს ნიკა ქერდიყოშვილი.

ბათუმსა და თბილისში აფთიაქებში სამალავებიდან ფსიქოტროპული მედიკამენტები ამოიღეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისსა და ბათუმში ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, მათ თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს.

საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში სპეციალური რეცეპტის გარეშე შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა აფთიაქის ნებართვის გარეშე.

11 აფთიაქის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების დარღვევის ფაქტები სექტემბერში დაფიქსირდა. გატარებული ღონისძიებების შედეგად, აფთიაქების უკანონო ბრუნვიდან ამოღებულია და კონფისკაციას დაექვემდებარა 5 766 ერთეული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალება.

ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტის გარეშე გაყიდვა აკრძალულია.

12 ჩანჩქერის კასკადი აჭარის ერთ სოფელში – უჩხოს კანიონი ექსტრემის მოყვარულთათვის

უჩხო პატარა სოფელია ხულოში, 350-მდე მოსახლით. სოფელი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს და მდინარე უჩხოსწყლის ნაპირებზეა გაშენებული.

ადგილობრივებმა აქამდე იცოდნენ, რომ სოფელში იყო ღირსშესანიშნაობები: XII საუკუნის ქვის თაღოვანი ხიდი და ბეგოშვილების ციხე, თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ამ პატარა სოფელს ფასდაუდებელი ბუნებრივი სიმდიდრე აქვს: 12 ჩანჩქერის კასკადი, რომლებიც თვალსმიფარებულ ხეობაში მოჩქეფს.

კასკადოვანი ჩანჩქერები უჩხოში ვაჟა ბოლქვაძემ აღმოაჩინა. მისი თქმით სოფლის ყველაზე ასაკოვანმა მცხოვრებლებმაც არ იცოდნენ უჩხოში კასკადოვანი ჩანჩქერების არსებობაზე.

ასეთ ჩანჩქერებზე მთელ მსოფლიოში კანიონინგის ტურებს აწყობენ. უჩხოს ჩანჩქერებიც იდეალური ადგილია კანიონინგისთვის.

ეს ექსტრემალური სპორტი კლდეზე ცოცვას გულისხმობს. კლდის თავზე საიმედოდ ხარ მიბმული, გაცვია სპეციალური სამოსი, აღჭურვილობა და თოკზე მიბმული ეშვები კლდიდან. ეშვები იმ სისწრაფით, როგორც გსურს. თოკის მოშვების სისწრაფესა და სიხშირეს თავად აკონტროლებ, ჰაერში ხარ დაკიდებული და თან ჩანჩქერში ტოპავ. გზადაგზა თოკზე გამობმული და ჰაერში გამოკიდებული პატარა ტბებში ეშვები და ისვენებ.

თორმეტივე ჩანჩქერის წყალში სველდები, გეშინია და თან თავი ყოვლისშემძლე გგონია, ისეთ სალ კლდეებზე ეშვები სრიალით, თოკზე გამობმული.

შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რა აუცილებელია ასეთ ექსტრემალურ ადგილებში გამოსცადოს თავი ადამიანმაო, მაგრამ უჩხოს ჩანჩქერებზე ზუსტად იცი,  ამ კასკადებს რომ გაივლი, მერე ყველაფერს გადალახავ ცხოვრებაში.

ექსტრემალური გარემოს მოყვარულებს ხომ სწორედ ეს აერთიანებთ: მძაფრი შეგრძნებებისკენ სწრაფვა და სირთულეების სიყვარული.

 

უჩხოს კანიონის ტური ახლახან, 2021 წელს დამუშავდა, გადამზადდნენ ადგილობრივი და მოწვეული გიდები. მალე ეს ადგილი შესაძლოა იქცეს ექსტრემალური სპორტის, კანიონინგის მაგალითად აჭარაში.

უჩხოს კანიონებზე ცოცვას განსაკუთრებული მომზადება   და უნარები არ სჭირდება. ექსტრემალური სპორტის ნებისმიერ მოყვარულს, ვისაც არასდროს უცოცია კლდეზე, შეუძლია უჩხოს ჩანჩქერების კასკადზე დაეშვას. უსაფრთხოების ზომები აქ ზედმიწევნითაა დაცული.

კანიონინგის ტურის დასაგეგმად მსურველები აჭარის ტურისტულ ცენტრებს უნდა დაუკავშირდნენ, სადაც მათ გაუწევენ კონსულტაციას, გამოუყოფენ გიდს და აღჭურვავენ სპეციალური სამოსით. ტურის ღირებულებაში შედის გამყოლი გიდის მომსახურება და აღჭურვილობა.

ბათუმიდან ხულომდე და შემდეგ უჩხოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები მოძრაობს, მაგრამ  ეს ტრანსპორტი მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მიდის. ცენტრიდან დასახლებულ პუნქტამდე აუცილებელია ტრანსპორტის დაქირავება, თუმცა გზა ამით არ სრულდება –  ტრანსპორტი პირდაპირ უჩხოს კანიონამდე ვერ მიდის.

ტრანსპორტირების შემდეგ 3-4 კილომეტრი გზაა ფეხით გასავლელი, მაგრამ უჩხოს ჩანჩქერებისკენ მიმავალი ეს გზა თავგადასავლის ნაწილია.

ხეობაში ბილიკს მიუყვები, ღრმად ისუნთქავ აჭარის ტყეების სუნს, გზადაგზა ხვდები ნაკადულებსა და შრიალა ფოთლოვან ხეებს, რომლებიც ჩრდილში გეპატიჟებიან, უსმენ ბუნებას და აი, ისიც, უჩხოს კასკადოვანი ჩანჩქერი, კლდეებში ხან მოწანწკარე და ხან ჩქეფით მომდინარე უზარმაზარ, ხავსიან ლოდებზე.

სოფელ უჩხოში საოჯახო სასტუმროებიც იწყებს ამოქმედებას. სოფელში ღამის გათევაცაა შესაძლებელი. აქ ადგილობრივ კერძებს შემოგთავაზებენ სასიამოვნოდ დამღლელი დღის შემდეგ, ცხელს და ნოყიერს: სინორს, ბორანოს, ათასგვარ, უგემრიელეს აჭარულ ტკბილეულს და ყავას, რა თქმა უნდა. გემრიელი, ქაფქაფა, ნალექიანი ყავის გარეშე ხომ აჭარაში სტუმრობა არ ჩაივლის.

რა იცვლება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა სამედიცინო და რეაბილიტაციის პროგრამებში

აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2021 წელს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს ახორციელებს, რომელთა ფარგლებშიც მიმდინარე წელს, მოცემული პერიოდისათვის, უკვე 2036 ბენეფიციარმა ისარგებლა სხვადასხვა სერვისით.

აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან, ზურაბ თენიეშვილთან და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ინდირა ნაკაიძესთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ბავშვთა სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის მიმდინარე პროგრამები და 2022 წელს განსახორციელებელი ცვლილებები.

,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამები და სერვისები, რომლებიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება, იყოს მაქსიმალურად ეფექტური და პასუხობდეს არსებულ მოთხოვნებს. პროგრამების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან ერთად, ყოველ წელს, სიღრმისეულად ვაანალიზებთ  სერვისების მიწოდების პროცესში რა ახალი საჭიროებები გამოიკვეთა, რომ მომდევნო წლის პროგრამის დაგეგმვისას მაქსიმალურად იყოს ასახული. ვინაიდან ისინი პირდაპირ კომუნიკაციში არიან სერვისით მოსარგებლეებთან, ამიტომ პროგრამების შედგენისას მათი აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა შეხვედრაზე მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მომართვიანობის ზრდის გამო 2022 წელს დაგეგმილია „ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაციის“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობისა და დაფინანსების ზრდა. მომავალ წელს, ნაცვლად 714 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 900 ბენეფიციარი, გამოიყოფა 2 376 00 ლარი.

2022 წელს ასევე გაიზრდება „ბავშვთა ადრეული განვითარების“ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა და ბიუჯეტი. ნაცვლად 300 ბენეფიციარისა, სერვისით ისარგებლებს 500 ბენეფიციარი, დაგეგმილია 912 000 ლარის გამოყოფა. აღნიშნული პროგრამის მიზანია განვითარების დარღვევის ან რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება,  სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის  ხელშეწყობა.

ასევე გაიზრდება „ძვალსახსროვანი სისტემის სხვადასხვა დეფორმაციის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის” პროგრამის ბიუჯეტი  და იქნება 176 000 ლარი.

ცვლილება იგეგმება სერვისებისა და ბენეფიციართა რაოდენობის მხრივ აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში. პროგრამის მიზანია აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვთა განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამის შესრულების მონიტორინგისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა ბენეფიციართა მიზნობრივი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურების გაფართოების საჭიროება. კერძოდ, გარდა ქცევითი თერაპიისა, ხშირ შემთხვევაში, ბენეფიციარებს სჭირდებათ სხვა ტიპის მომსახურება. ამიტომ 2022 წლიდან პროგრამის ფარგლებში ერთი კურსი, ნაცვლად 15 სეანსისა, განისაზღვრა 20 სეანსით.

„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, 2022 წელს „სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში  იგეგმება ციფრული სმენის აპარატების ღირებულების ლიმიტის ზრდა, ასევე, პროგრამას დაემატება პედიატრიული სმენის აპარატები და პროგრამის ბიუჯეტი გახდება 169 800 ლარი.

ასევე, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, 2022 წელს იგეგმება ცვლილება მექანიკური და ელექტროსავარძელ-ეტლების ღირებულების ლიმიტებთან მიმართებაში. კერძოდ: ნაცვლად 720 ლარისა, დაფინანსდება760 ლარით, ხოლო ნაცვლად 3 850 ლარისა, დაფინანსდება 5053 ლარით. ამასთანავე, პროგრამას ემატება პედიატრიული სავარძელ-ეტლები, რომელთა ღირებულება განისაზღვრება 2650 ლარით. პროგრამის ბიუჯეტი დაგეგმილია 201 730 ლარით.

აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს „შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციის“ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების საჭიროებების კვლევას, რეაბილიტაციისა და სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას  სადღეღამისო ცენტრში. 2022 წელს ამ მიზნით გამოიყოფა 27 000 ლარი.

უცვლელად გაგრძელდება სმენაპროთეზირებული ბავშვების უზრუნველყოფა მათ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო მომსახურების კურსებით. 2022 წელს „სმენადაქვეითებულ სმენაპროთეზირებულ ბავშვთა რეაბილიტაციის“ პროგრამის ბიუჯეტი იქნება 62 000 ლარი.

2022 წელს აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბავშვთა სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამების განსახორციელებლად  3 251 400 ლარის გამოყოფას გეგმავს.

ისაუბრე უსასრულოდ და აირჩიე “სილქფესტით“ სასურველი პაკეტები

სილქფესტის  ახალი აქცია ორ პაკეტს თავაზობს სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებს. მომსახურების პირობების გააქტიურებას 7 ოქტომბერს   შეძლებს მსურველი. 

 კომბინაციით *202# მომხმარებელი მთელი თვით ჩაირთავს:

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბროს  + 10 GB – 18 ₾ 
  • ულიმიტო სასაუბროს + ულიმიტო ინტერნეტს  – 25 ₾

[/checklist]

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე დაერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი;

პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია. სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. აგრეთვე, სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე.

სილქფესტის აქციებით სარგებლობენ ფიზიკური და იურიდიული პირები.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ მომდევნო აქციები.

ბათუმში 33-ე ბაღი დაიხურა, 2 ბავშვს კოვიდი დაუდასტურდა

კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო ბათუმის 33-ე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსი 2 ბავშვს დაუდასტურდა. ცენტრის ინფორმაციით, კონტაქტში მყოფი ბავშვები და პერსონალი თვითიზოლაციაში გადავიდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღებმა მუშაობა ქვეყნის მასშტაბით 4 ოქტომბერს განაახლეს.

6 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24  პაციენტი.

სანდრა რულოვსი სააკაშვილის ახალ ოჯახზე: ჩემთვის მოულოდნელი იყო

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე, სანდრა რულოვსი ფეისბუქზე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს განცხადებას იმის შესახებ, რომ მათ ახალი ოჯახი აქვთ.

„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და როგორც საქართველოს მოქალაქე, სრულიად ვუერთდები მისი გათავისუფლების მოთხოვნას.

ბევრი დაბნეული მეგობარი და თანამებრძოლი მეკითხება პირადი ცხოვრების თაობაზე. არ დაგიმალავთ, რომ პარასკევს საღამოს დადებული ვიდეოს შინაარსი ჩემთვის მოულოდნელი იყო, ფორმა კი – სრულიად მიუღებელი.

პირადი ემოციების მიუხედავად, ვინარჩუნებ სიმშვიდეს და რწმენას, რომ ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვალთ,“ – წერს სანდრა რულოვსი ფეისბუქზე.

_______________

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ახალი ოჯახი აქვს. ამის შესახებ თავის პარტნიორთან, უკრაინელ პოლიტიკოს ლიზა იასკოსთან ერთად ისაუბრა ვედეოჩანაწერში, რომელიც ლიზა იასკომ პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი დააკავეს.

სააკაშვილი სანდრა რულოვსს დაშორდა და ახალი ოჯახი აქვს

აჭარაში კოვიდის 113 ახალი შემთხვევაა | 6 ოქტომბერი

6 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონში 348 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 26 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 410 ახალი შემთხვევა, 24  პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დადასტურდა კოვიდის 2410 ახალი შემთხვევა, 24 პაციენტი გარდაიცვალა

6 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2 410 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 34 918 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 24  პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 20 001 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 077 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

5 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.53% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.31%.

ხვალ ბათუმის 6 ქუჩაზე შეწყდება წყლის მიწოდება

კომპანია „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, 7 ოქტომბერს ბათუმში 10-დან 22 საათამდე წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ მისამართებზე:

  • მუხრან მაჭავარიანის ქუჩა
  • ევგენი მიქელაძის ქუჩა
  • ივანე მესხის ქუჩა
  • ენვერ ხაბაძის ქუჩა
  • მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა
  • კახაბრის ქუჩა

კომპანიის განცხადებით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ხვალ ბათუმში გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

სინოპტიკოსების ცნობით, ხვალიდან, 7 ოქტომბრიდან, ბათუმსა და აჭარის მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ოქტომბრის  21 საათიდან 7  ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 8-9 ოქტომბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 9 – 14 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი 
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი 

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში მზიანი და თბილი ამინდი 11 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

ვინ მოაგვარებს პრობლემებს ბათუმში, თუ საკრებულო მერის ოპონენტი იქნება

„მოუწევთ დიალოგის სწავლა“ – ასეთია მოქალაქეების მოლოდინი ბათუმის ახალ საკრებულოზე, სადაც მანდატების უმრავლესობა ამჯერად ოპოზიციას ეკუთვნის. საკრებულოში 16 მანდატი „ოცნებას“ აქვს, ოპოზიციას – 19.

რას მიიღებს ქალაქი, თუკი საკრებულო ოპოზიციური იქნება, ხოლო მერი „ოცნებიდან“? ან რამდენად გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, თუკი მერი გიორგი კირთაძე გახდა, ხოლო საკრებულოში „ოცნებამ“ მყარი უმრავლესობა მაინც შექმნა, როგორც ეს დღეს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა – ირაკლი კობახიძემ დააანონსა?  – „ბათუმელები“ რამდენიმე მოქალაქეს ესაუბრა, ვინც აქტიურად არის ჩართული თვითმმართველობის პროცესში და დაინტერესებულია საჯარო პოლიტიკით. მათ ვკითხეთ, ამ ვითარებაში როგორ მოგვარდება, მაგალითად, წვიმის დროს ბათუმის დატბორვის პრობლემა, ან უკანონო მშენებლობა შუა ბულვარში?

„ეს არარსებული პოლიტიკური გამოცდილება უფრო საინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას,“ – პოზიტიური მოლოდინი აქვს მრავალპარტიულ საკრებულოზე იურისტ გიორგი ხიმშიაშვილს. მისი აზრით, ეს იქნება ერთგვარი ტესტი იმაზე, რამდენად შეიძლება კოალიციური მმართველობის დამკვიდრება საქართველოში. გიორგი ხიმშიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე შესაძლოა თვითმმართველობის კრიზისამდეც მივიდეს, მაგრამ მას ბოლო არჩევნებმა სხვა რამ აჩვენა.

„არჩევნებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური რეიტინგები ცვალებადია და ეს დამოკიდებულია პარტიების ხედვებზე, ამ იდეების ამომრჩეველთან სწორად მიტანაზე, საგნობრივ დისკუსიაზე. გამოჩნდა, რომ უსაგნო დისკუსიას შესაბამის პასუხს სცემს ამომრჩეველი.

შესაძლოა მივიღოთ თვითმმართველობის კრიზისიც, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინებულია დასაშვები ზღვარი. როცა კრიზისი შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფაქტობრივად, საფრთხე ექმნება თვითმმართველობის განხორციელებას, ამ დროს შეიძლება დაიშალოს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ეს უკიდურესი შემთხვევაა,“ – განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი.

გიორგი ხიმშიაშვილი

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ახალი მოცემულობა მეტი დისკუსიის შესაძლებლობას აჩენს, რადგან მერს გადაწყვეტილებების მიღების დროს საკრებულოს თანხმობა სჭირდება. გიორგი ხიმშიაშვილი ასევე ელის, რომ საკრებულოს თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთება მოუწევს და საკმარისი აღარ იქნება მხოლოდ იმის თქმა – „კანონს არ ვარღვევთ“.

„თუ აქამდე გვქონდა უმრავლესობის ერთპარტიული გადაწყვეტილებები, თუნდაც კარგი ან ნეგატიური შედეგის მქონე, ახლა უკვე ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დისკუსიის რეჟიმში.

აბსოლუტურად ყველა საკითხი, ქალაქის დატბორვიდან დაწყებული, მშენებლობებით დასრულებული, არის მუნიციპალური საკითხი და თუ ეს პოლიტიკური კონფიგურაცია არ შეიცვლება, ნებისმიერი მხარე ვალდებული იქნება დასაბუთების რეჟიმში ამტკიცოს საკუთარი იდეის უპირატესობა. ვფიქრობ, დისკუსიის რეჟიმი უფრო ღიას გახდის ამ პროცესს და მთავარი, რაც დემოკრატიას ხელს შეუწყობს, არის ძალთა ბალანსი, რომელიც ამ საკრებულოში შეიქმნა,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„რატომღაც მგონია, რომ დაბნეულობა და დალაგების პროცესი დიდხანს გასტანს, გადაბრალების რეჟიმი, თუმცა ახლა უფრო მეტი შანსია, რეალური თვითმმართველობა მივიღოთ,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას ამ თემაზე საუბრის დროს ყოფილი მერის – ლაშა კომახიძის სმს გზავნილი გაახსენდა საკრებულოს თავმჯდომარისთვის მიწერილი: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“.

„ასეთ ფაქტებს ვეღარ ვნახავთ, რადგან უკვე ნებისმიერ საკითხს დასჭირდება დარწმუნება, დასაბუთება, კითხვების დასმა, საკითხის ეჭვქვეშ დაყენება… ყველა მხარეს მოუწევს დიალოგის სწავლა.

აქამდე და, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ კითხვები მხოლოდ ფორმალურად ისმებოდა, საკრებულოს წევრები ეჭვქვეშ არაფერს აყენებდნენ…  სხდომებზეც ფორმალურად გამოდიოდა საკითხები განსახილველად და არ იყო რეალური დისკუსია. რაც მთავარია, საკრებულო მუდმივად უარს ამბობდა მერიის გადაწყვეტილებების გადამოწმებაზე, მერის კონტროლზე, რაც რეალურად არის საკრებულოს მისია. ახლა არის რეალური შანსი, თუ ამას სწორად დაინახავს საკრებულო, რომ ის შეიძლება აღარ იყოს ნოტარიუსი,“ – ამბობს ნათია აფხაზავა „ბათუმელებთან“.

ნათია აფხაზავა
ნათია აფხაზავა

სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელს მოლოდინი აქვს, რომ ამ პოლიტიკური გადანაწილების პირობებში პროცესები გაჭიანურდება და გადაწყვეტილებების მიღება გართულდება. „თუმცა ვნახეთ, როგორ დააზიანა ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქალაქი,“ – დასძენს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მთავარია მოქალაქეები ჩაერთონ აქტიურად და არ გაჩნდეს განცდა:„მრავალპარტიული საკრებულო გვყავს და თავი დავანებეთ“.

„მოქალაქეების მხრიდან უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა, რომ თავიდანვე იგრძნონ პოლიტიკურმა ძალებმა ინტერესი. ვიცით, რომ ქალაქი რეალურად მძიმე მდგომარეობაშია. ეს უნდა იგრძნონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოდიან,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა.

„სამშენებლო წესრიგს ადგენს ქალაქის თვითმმართველობა. არქიტექტურული ნორმების დაწესება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და საკრებულოს შეუძლია ეს წესრიგი შეცვალოს,“ – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი. მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება გახდეს ბარიერი მერისთვის ოპოზიციური საკრებულო, მაგალითად, ქაოტური მშენებლობების პროცესში, რაც ბათუმისთვის ტენდენციად იქცა.

„რა თქმა უნდა, საკრებულოს ჩართულობის გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია. იგივე განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, რაც ამ დრომდე არ გვაქვს, სიმაღლის კოეფიციენტი და ასე შემდეგ.

ჩვენ ძალიან დავცილდით თვითმმართველობას, თორემ ევროპული ქალაქი მოიაზრებს იმას, რომ ქვეყნის მასშტაბითაც კი არ აქვთ ერთიანი არქიტექტურული ნორმები, ქალაქების მიხედვით არის ცალ-ცალკე. მინდა გაგახსენოთ, რომ რუსეთის იმპერიაში შესვლის პირველივე წლებში თავისი განაშენიანების წესები ჰქონდა ბათუმს. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი ბათუმისთვის,“ – გვიყვება გია რამიშვილი.

გია რამიშვილი

გია რამიშვილს აინტერესებს, როგორ მიიღებენ საკრებულოში გადაწყვეტილებებს, ასევე ითანამშრომლებენ მერთან. ის ყურადღებას გახარიას პოლიტიკურ გუნდზე ამახვილებს, ვის მანდატებსაც ამ რეალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როცა „ოცნებისა“ და ოპოზიციის ბალანსი ასე ნაწილდება: 16-16.

„გააჩნია პიროვნულ თვისებებს, ვინ რა გზას აირჩევს და რამდენად პრინციპული აღმოჩნდება. მახსოვს, ზოგიერთი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა აბაშიძის რეჟიმს, გაოცებული ვიყავი და ვისაც „მრისხანეს“ რეპუტაციაც ჰქონდა, ჩვარივით იქცეოდა. ძალიან ამაზრზენი იყო ეს. ნებისმიერ შემთხვევას განვიხილავ, რომ შეიძლება აქ მოხდეს,“ – გვითხრა გია რამიშვილმა.

ხათუნა რაზმაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, 2021 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ხათუნა რაზმაძე გახდა. ის თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. ეროვნული ჯილდოს მფლობელს ტრადიციულად, 10 ათასი ლარი გადაეცემა საჩუქრად.

ფინალისტი მასწავლებლები ასევე დაჯილდოვდნენ ფულადი პრიზით, თითოეულს 5-5 ათასი ლარი გადაეცემა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრები იყვნენ:

სოფიო ბაჩილავა – თბილისის კერძო სკოლა ოპიზას მოქალაქეობის, სამოქალაქო განათლების და მე და საზოგადოების მასწავლებელი;

ლამარა ბოლქვაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისისა და კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

გიტა თვალაბეიშვილი – თბილისის N168 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი;

ხათუნა რაზმაძე – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;

აზა ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ფიზიკის, ბუნებისმეტყველების, მეწარმეობის საფუძვლების და სპორტის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წელს დაარსდა, რომელიც გამორჩეულ მასწავლებელს პროფესიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის გადაეცემა.

გარემოს დაცვითი აქტივობებისთვის „მწვანე ჯილდო“ გადაეცა ლამარა ბოლქვაძეს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათულთა კლუბის წევრების ინიციატივით, კოვიდით გარდაცვლილი პედაგოგის, 2017 წლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრის, ნინო აბულაძის სახელობის პრიზი – წიგნების კრებული და 2 ათასი ლარი გადასცეს 2021 წლის ათეულის ერთ-ერთ მასწავლებელს სოფიო ბაჩილავას.

დაჯილდოვებას ესწრებოდა განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც მასწავლებლის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ასევე დასძინა, რომ ძალიან მალე საჯარო სკოლები ახალ სტანდარტზე გადავლენ და მათი ავტორიზაცია დაიწყება.

„იგეგმება სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა და ეს არ იქნება მხოლოდ სტანდარტი სტანდარტისთვის, არამედ ამ პროცესს მოჰყვება თავისი გზამკვლევი, თუ როგორ მივიდეთ არსებული სიტუაციიდან ჭეშმარიტ ევროპულ სტანდარტამდე. ამ პროცესში მთავარი როლი ეკისრება მთავარ ფიგურას – ჩვენს მასწავლებლებს და დავეხმარებით პედაგოგებს შემოქმედებითი იდეების განხორციელებაში“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

___________________________

ამავე თემაზე:

დღეს ხუთმა ბავშვმა მითხრა, მასწავლებლობა მინდაო – ინტერვიუ ხათუნა რაზმაძესთან

საია ბათუმის 7 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს

საია ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქში 7 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს.

საუბარია ბათუმის 34-ე, მე-6, მე-9, 38-ე, 44-ე, 69-ე, 105-ე უბნებზე. ამ უბნებში შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსია, კერძოდ, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას გამოკლებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა არ უდრის კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას.

„ვითხოვთ დალუქული დოკუმენტაციის ხელახლა გახსნას, შედეგების გადათვლას და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას,“ – ამბობს საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე.

საია საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრებით ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი მერის საუბნო შემაჯამებელი ოქმები შემდეგ საარჩევნო უბნებზე: მე-6 (1 მეტობა); მე-9 (1 მეტობა) 34-ე (3 მეტობა).

საუბნო პროპორციული საკრებულოს შემაჯამებელი ოქმი, შემდეგ საარჩევნო უბნებზე: მე-6 (1 მეტობა); 34-ე (1 მეტობა); 38-ე (1 მეტობა); 44-ე (16 მეტობა); 69-ე (4 მეტობა); 105-ე (1 მეტობა).
ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქს საჩივრების განსახილველად ოთხდღიანი ვადა აქვს.

4 დღეში გაირკვევა, მოუწევთ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილ 7 უბანზე ხმების ხელახლა დათვლა.

ცესკო ხმების დათვლის დროს გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს

2 ოქტომბრის არჩევნებზე გადაღებულ ვიდეო ჩანაწერებს ცესკო აქვეყნებს. საუბარია ცესკოს მიერ 3200 საარჩევნო უბანზე ორგანიზებულ ვიდეოგადაღებაზე. საუბნო კომისიებმა ხმების დათვლის პროცესი საღამოს 8 საათიდან გადაიღეს.

„დღევანდელი მონაცემებით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროექტი შედგა ძალიან წარმატებით, რაც ბევრ ადამიანს გაუჩენს ნდობას საარჩევნო პროცესის მიმართ. ყველა იმ ადამიანს, ვისაც საჩივარი ექნება ხმების დათვლის პროცესთან დაკავშირებით, ექნება უტყუარი მტკიცებულება,“ – განაცხადა დღეს, 5 ოქტომბერს ცესკოს წევრმა ივანე ნორაკიძემ.

ცესკოს წევრის ინფორმაციით, ვიდეოების შესაბამის სერვერზე ატვირთვის პროცესში თბილისის და სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები იყვნენ ჩართული. ცესკოს დადგენილების მიხედვით, ეს ჩანაწერები კენჭისყრის დასრულებიდან 5 დღეში უნდა აეტვირთათ, თუმცა დღეს უკვე იგი ხელმისაწვდომია.

რომელ ქუჩებზე გაითიშება ხვალ დენი ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში

“ენერგო-პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ხვალ, 6 ოქტომბერს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს:

ბათუმში – 14:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგია შემდეგ ქუჩებს: ზ.გორგილაძის, რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას, მელიქიშვილის, პუშკინის, გ.ბრწყინვალის, აღმაშენებელის, ბაგრატიონისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე ანგისის დასახლების ნაწილს.

ხელვაჩაურში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგია სოფლებს: ქედქედს, კირნათს, აჭარისწყალს, სამებას, ახალშენს, სალიბაურსა და მიმდებარე სოფლებს, ასევე ურეხისა და ფერიის დასახლებების ნაწილს.

ქობულეთში – 14:00-დან 18:00 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგია შემდეგ სოფლებს: ოჩხამურს, მუხაესტატეს, ჭახათს, ხალას, ციხისძირს, ბუკნარს, ბობოყვათსა და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.

შუახევში – 11:00-დან 16:30 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგია  შემდეგ სოფლებს: ჯაბნიძეებს, ტბეთს, დაბაძველს, ცინარეთს, უჩამბასა და მიმდებარე სოფლებს, ასევე დაბა შუახევის ნაწილს.

ხულოში – 10:20-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შეეზღუდება ელექტროენერგია შემდეგ სოფლებს: ვაშლოვანს, კალოთას, ხიხაძირს, ოშანახევსა და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიის ცნობით, აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება სამუშაოების დასრულებისთანავე.

„ოცნებას“ დაუჭერს მხარს საკრებულოში თუ ოპოზიციას – რას ამბობს გახარიას გუნდი ბათუმში 

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ „ქართულ ოცნებისთვის“, ან „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ვიყოთ ე.წ. მაშველი რგოლი. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად დამბალანსებლის როლი შევასრულოთ,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ის უკვე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ვკითხეთ, რა როლს ითამაშებს გახარიას გუნდი ბათუმის საკრებულოში, როცა „ოცნებას“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის ხმები ასე ნაწილდება – 16:16.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, გამორიცხულია თანამშრომლობა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება“.

ირაკლი კობახიძის სიტყვებით, მმართველი პარტია “კონკრეტულ საკრებულოს წევრებთან” იმუშავებს „უმრავლესობის შესაკრავად“.

 

მოღალატის პარტიასთან არ ვითანამშრომლებთ, თუმცა საკრებულოებში უმრავლესობას შევკრავთ — კობახიძე

 

აკაკი გვიანიძისთვის ცხადი არ არის, ვის გულისხმობს „ოცნების“ ლიდერი ირაკლი კობახიძე, როცა ის იმ საკრებულოების შესახებ, სადაც მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ეკუთვნის, ამას ამბობს: „საბოლოოდ, მყარი უმრავლესობის შექმნა არც ამ საკრებულოებში გაგვიჭირდება.“

როგორ შექმნის უმრავლესობას „ოცნება“ ბათუმის საკრებულოში, თუკი გახარიას პარტიის სამი წევრი, ან რომელიმე მათგანი „ოცნებას“ არ დაუჭერს მხარს? – აკაკი გვიანიძის თქმით, ის ბათუმის საკრებულოში არც „ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უმრავლესობას არ შეუქმნის.

„შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ეს ადამიანები, რომ შეაგროვონ უმრავლესობა, არ ვიცი, ვის გულისხმობს,“ – ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება აკაკი გვიანიძე, რომელიც ჯერ გადაჭრით ვერ ამბობს, მაგალითად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ოცნების“ კანდიდატს დაუჭერს მხარს, თუ ოპოზიციის.

საკრებულოს თავმჯდომარეს პირველივე სხდომაზე ირჩევენ. ირაკლი გვიანიძე ფიქრობს, რომ „ეს ტექნიკური საკითხია“ და ბათუმელებს ეს საკითხია ნაკლებად აინტერესებთ.

„ხალხს აინტერესებს, როდის მოგვარდება, მაგალითად, დატბორვის პრობლემა, ბაღში რომ ბავშვებისთვის ადგილები იყოს…“ – განმარტავს აკაკი გვიანიძე.

ბათუმის საკრებულოში აკაკი გვიანიძის გარდა, პარტიას „საქართველოსთვის“ წარმოადგენს ნინო ბაციაშვილი და ირაკლი თავდგირიძე. ნინო ბაციაშვილიც „ბათუმელებთან“ ხაზს უსვამს იმას, რომ პარტიის შიგნით კონსულტაციების დასრულებას ელის. თუმცა მას პიროვნულად არ სურს „ოცნების“, ან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერად იქცეს.

„მომეწონება ინიციატივა მხარს დავუჭერ, არ მომეწონება – არა, ასე ვხედავ ჩემს როლს საკრებულოში. რაც შეეხება, კონკრეტულ თანამდებობებს საკრებულოში, ჩვენ ვერ დავუჭერთ მხარს, ვერც „ოცნებას“ და ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მათ შეძლონ, თანამდებობის პირების არჩევა, როგორც მათ სურთ. ამასთან, არ მინდა შეიქმნას კრიზისული ვითარება. ამიტომ, ყველაზე კომპრომისული ვარიანტია მისაღები, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, იქნება ეს ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა, თუ სხვა, ჩვენ გუნდში ჯერ არ გვიმსჯელია,“ – გვითხრა ნინო ბაციაშვილმა.

რატომ არ იქნება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მხარდაჭერის ნიშანი, თუკი, მაგალითად, „ოცნების“ კანდიდატს დაუჭერთ მხარს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე?

„ნებისმიერ შემთხვევაში, „ოცნების“ კანდიდატს დავუჭერთ მხარს, თუ „ნაციონალებისას“, ჩვენზე იტყვიან, რომ ვიღაცის პროექტი ვართ, მაგრამ ჩვენ ამ უნიჭო ცეკვებში არ შევყვებით არავის. ჩვენ ქალაქის ინტერესებს დავიცავთ და შევქმნით საკრებულოს, რომელიც ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული აღარ იქნება… ჩვენს გუნდში დასრულდება ამ საკითხზე კონსულტაციები, შემდეგ იქნება ინტერპარტიული კონსულტაციები და ჩამოვყალიბდებით საბოლოო ჯამში,“ – გვიპასუხა აკაკი გვიანიძემ.

გახარიას პარტიის წევრი ბათუმის საკრებულოში კიდევ ერთ სიტყვას ახსენებს ხშირად – „კომპრომისი“.

„მათაც მოუწევთ ჩემი მოთხოვნების მოსმენა. მოსმენა კი არა, გათვალისწინება… ბათუმელებმა მოგვცეს დაკვეთა, რომ რეალური პოლიტიკა ვაკეთოთ, პოლიტიკა კი, კომპრომისების ხელოვნებაა… ახლა საკრებულოს მიეცა შანსი, რომ აღარ იყოს ნოტარიუსი და გახდეს რეალური პოლიტიკური ორგანო. ჩვენ კომპრომისების გზით უნდა მივაღწიოთ წინასაარჩევნო პროგრამებში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი პუნქტების შესრულებას,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.

რამდენს ხარჯავს „ოცნება“ კოორდინატორებზე ოფიციალურად და არაოფიციალურად

კოორდინატორები და აგიტატორები „ოცნების“ სასარგებლოდ  არჩევნებამდე ორი თვით ადრე იწყებენ მუშაობას. მმართველ პარტიას ყველა თემის თითოეულ სოფელში მინიმუმ ერთი კოორდინატორი და ერთი აგიტატორი ჰყავს. მათი ხელფასი, როგორც თავად გვითხრეს, წელს თვეში 200 ლარია. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე კი – 150, ჯამში 300 ლარი გადაუხადეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი პარტიების მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“  შემოსავლის სახით, ჯამში, 8 მილიონ 287 870 ლარი მიიღო, აქედან 7 მლიონ 837 030 ლარი შემოწირულობა, ხოლო 428 335 ლარი საბიუჯეტო შემოსავალია. დარჩენილი 22 505 ლარი კი მიუთითეს, როგორც – სხვა შემოსავლი.

იმავე დეკლარაციის მიხედვით, ამ პერიოდში „ოცნებას“ შრომის ანაზღაურების სახით მხოლოდ 7 500 ლარი გაუცია. საბოლოო ციფრს, თუ რამდენს ხარჯავს სინამდვილეში „ოცნება“ შტატგარეშე თანამშრომელთა ანუ აგიტატორებისა და კოორდინატორების მომსახურებისთვის, ალბათ შემაჯამებელი ანგარიშიდანაც ვერ გავიგებთ. ასეთი დასკვნის საფუძვლიანობის საილუსტრაციოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული შემაჯამებელი ანგარიში გამოგვადგება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მომზადებულ შემაჯამებელ ანგარიშში „ოცნებამ“ დაწერა, რომ შრომის ანაზღაურების სახით, ჯამში, 1 მილიონ 278 846 ლარი გადაიხადა. თუმცა მარტივი გამოანგარიშებითაც კი შესაძლებელია იმის დადგენა, რომ „ოცნებას“ კოორდინატორების მობილიზებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაცილებით მეტი თანხა აქვს დახარჯული.

  • დავიანგარიშოთ მარტივად

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 29 სექტემბერს, ოპოზიციური ერთობის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, გაასაჯაროვა „ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის ე.წ. კარდაკარის სიები. ამ სიებში თითოეულ უბანზე მიმაგრებული არაერთი ადამიანის სახელი და გვარი ამოვიკითხეთ. მათგან ბევრმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კარდაკარის ერთ-ერთი ოქმი. „ბათუმელებს“ მსგავსი შინაარსის 9 ოქმი აქვს, ყველა ოქმზე დაფიქსირებულია ხელმოწერები, რითაც დასტურდება, რომ ბათუმში, ერთ უბანზე, სულ ცოტა 15 კოორდინატორი მაინც მუშაობდა.

„ბათუმელების“ ხელთ არსებული კარდაკარის ცხრა ოქმის მიხედვით, მმართველ პარტიას, მაგალითად, ბათუმში, ერთ უბანზე, 15 აგიტატორი მაინც ჰყავდა მობილიზებული. ძირითადად ამდენივე ადამიანი ისხდა უბნებთან მიკროავტობუსებში, სადაც სიებიც ჰქონდათ. იმავე პრაქტიკას სხვა პარტიებიც იყენებენ, თუმცა უფრო მოკრძალებულად.

 რამდენი ლარი დასჭირდება „ოცნებას“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კოორდინატორების შრომის ასანაზღაურებლად?

ცესკოს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 3 644 საარჩევნო უბანი გაიხსნა, მათ შორის, დიდ ქალაქებში – თბილისში 770 საუბნო-საარჩევნო კომისიაა გახსნილი, ბათუმში – 106 და ქუთაისში 128 საარჩევნო საარჩევნო უბანი.

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ჯამში, 1004 უბანია. თუ დავუშვებთ, რომ ამ ქალაქების თითოეულ უბანზე მმართველ პარტიას არა 15-20, არამედ გაცილებით ნაკლები – მხოლოდ 10 აგიტატორ/კოორდინატორი ჰყავდა, მაშინ ამ ქალაქებში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მინიმუმ 10 000 კოოდინატორი მუშაობდა.

კოორდინატორები მმართველ პარტიას ჰყავდა სოფლებშიც. თუ დავუშვებთ, რომ დანარჩენ უბნებზე – სოფლებში, დაბებსა და ასევე, პატარა ქალაქებში თითო უბანზე „ოცნების“ სასარგებლოდ მხოლოდ ერთი კოორდინატორი მუშაობდა,  გამოდის, რომ ჯამში მმართველ პარტიას  სოფლებში  წინაასაარჩევნო კამპანიაში 2 640 ადამიანი ეხმარებოდა. მთლიანობაში კი, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მინიმუმ 12 640 ადამიანი მუშაობდა.

კოორდინატორების ინფორმაციით, წელს სახელისუფლო პარტია მათ ორთვიანი მუშაობის სანაცვლოდ 400 ლარს უხდის. აქედან გამომდინარე, მმართველმა პარტიამ კოორდინატორებისთვის წელს მინიმუმ 5 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს.

საბოლოო ციფრი, თუ რამდენს ხარჯავს „ოცნება“ აგიტატორებისა და კოორდინატორების მომსახურებისთვის, შემაჯამებელ ანგარიშში უნდა აისახოს, რომელიც ჯერჯერობით მზად არ არის. თუმცა სხვა საკითხია, რამდენად ობიექტური იქნება ეს მონაცემები, ან ხომ არ ხარჯავს მმართველი პარტია კოორდინატორების მომსახურებისთვის უფრო მეტს და არაოფიციალურად?

ამ კითხვაზე პასუხის მიღება შესაძლებელია გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული შემაჯამებელი ანგარიშის ანალიზით.  ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ მონაცემები, რომელიც აუდიტის სამსახურს თავად პარტიამ მიაწოდა.

  • დავიანგარიშოთ მარტივად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოორდინატორებისთვის გაცემული თანხა

ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე იძებნება, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოორდინატორების ორი თვის სამუშაოს ანაზღაურების სახით 1 მილიონ 138 500 ლარი გადაიხადა. ამ არჩევნებზე საქართველოში 3 795 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ამ მონაცემების მიხედვით გამოდის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით  მმართველ პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე მხოლოდ ერთი კოორდინატორი ჰყავდა. თუმცა არჩევნებით დაინტერესებული ყველა სუბიექტისთვის ცნობილია, რომ გასულ წელს „ოცნებას“ ერთ უბანზე ერთზე მეტი კოორდინატორი ჰყავდა ყველა უბანზე.

„ოცნების“ კოორდინატორების დაფინანსების სქემა ამ შემთხვევაშიც დიდი ქალაქების მაგალითზე განივიხილოთ:

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათუმში 104 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. დავუშვათ, რომ „ოცნებას“ თითოეულ უბანზე საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ათი კოორდინატორი ეხმარებოდა. ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ მხოლოდ ბათუმში 1040 კოორდინატორისთვის მოუწევდა გაწეული მომსახურებისთვის ანაზღაურება.

ქუთაისში 126 საარჩევნო უბანი იყო გახნილი. შესაბამისად აქ „ოცნებას“ მინიმუმ 1260 კოორდინატორის დახმარება დასჭირდებოდა.

თბილისში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 753 საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ „ოცნებას“ მინიმუმ 7530 კოორდინატორი ეყოლებოდა.

ამ სამი ქალაქის ზემოთ მოცემულ მონაცემებს თუ შევკრებთ, აღმოჩნდება, რომ „ოცნებას“ მხოლოდ ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, 983 უბანზე 9 830 კოორდინატორის მიერ გაწეული შრომის ასანაზღაურებლად ზუსტად 2 მილიონ 949 000 ლარი დასჭირდებოდა [ერთი კოორდინატორისთვის 300 ლარი].

გასულ წელს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის უბნების გარდა საქართველოში კიდევ 2 812 უბანი მოემსახურა ამომრჩეველს. ზოგიერთ მათგანზე 1000-ზე მეტი ამომრჩეველია, ზოგიერთზეც ბევრად ნაკლები. ამის მიუხედავად, თუ დავუშვებთ, რომ ამ უბნებზე მხოლოდ ერთი კოორდინატორი მუშაობდა, მაშინ „ოცნებას“ რეგიონების კოორდინატორებისთვის 843 600 ლარი დასჭირდებოდა.

ასეთ შემთხვევაში, როგორ მოხდა, რომ პარტიამ შემაჯამებელ ანგარიშში მხოლოდ 1 მილიონ 157 677 ლარი მიუთითა? – ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს.

ვნახოთ, რას გვაჩვენებს „ქართული ოცნების“ 2021 წლის 2 ოქტომბრის შემაჯამებელი დეკლარაცია, როდესაც ის გამოქვეყნდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყველა პარტიამ 2 აგვისტოდან არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდის ინფორმაცია აუდიტის სამსახურს უნდა წარუდგინოს შედეგების გამოქვეყნებიდან 1 თვეში.

„ავტორიტეტები“, პოლიციელები და საჯარო მოხელეები „ოცნების“ აგიტატორებად

__

ამავე თემაზე:

#არჩევნები #64 უბანი #ბათუმი #gvote

სარფში ოქროს მალულად შემოტანისთვის ორი პირი 8 ათასი ლარით დააჯარიმეს

სარფის საბაჟო გამშვებ პუქტზე მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს ს.ა.-სა და გ.ა.-ს არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 68.34 გრამი) კუთვნილი ბარგით, მალულად შემოჰქონდათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 8 303,18 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 8 303,18 ლარით დაჯარიმდნენ.

ტაქსის მძღოლი ქალი, რომელსაც ბათუმში ავტომანქანა დაეტბორა [ვიდეო]

28 წლის მარიამ კოიძე 4 ოქტომბრის დილას სახლიდან საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა, მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა და იმის გამო, რომ ბათუმში წვიმდა, გადაწყვიტა მუშაობის დაწყების ნაცვლად სახლში წასულიყო. სახლისკენ მიმავალ გზაზე მისი ავტომანქანა შუა ქუჩაში წყლით გაივსო და დაიტბორა.

ვიდეოს, რომელიც თავად მარიამმა გადაიღო და რომელშიც ასახულია ავტომანქანის დატბორვის კადრები, სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს. ვიდეოს არაერთგვაროვანი კომენტარები მოჰყვა. ზოგიერთი კომენტარის ავტორი გასაჭირში მყოფ მარიამს დახმარებას სთავაზობდა, ზოგიერთიც კი მისი მდგომარეობის გამო წუხდა.

მარიამი ტაქსის მძღოლია. ავტომანქანა კი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო ტაქსით გამომუშავებული ფულია.

„ეს მანქანა ჩემთვის უბრალოდ მანქანა არაა, ეს მანქანა არის შემოსავლის წყარო, ტაქსის მძღოლი ვარ. აი, ამიტომ განვიცადე და ამიტომ ვინერვიულე ამდენი. სხვა შემთხვევაში ალბათ ჩვეულებრივად მივიღებდი. ჩემთვის განსაკუთრებულად რთული იყო დღევანდელი დღე,“ – უყვება მარიამი „ბათუმელებს“ 4 ოქტომბრის ამბებს.

პროფესიით სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტია. ბევრ სხვადასხვა ადგილას უმუშავია. ბოლო ერთი წელი კი ტაქსიზე მუშაობს.

„დილით ბავშვი რომ დავტოვე ბაღში, შევხედე, რომ წვიმამ ძალიან დაუშვა და გადავწყვიტე   არ მემუშავა, რადგან ვიცოდი, ქუჩები დატბორილი იქნებოდა. ვიფიქრე, სახლში წავალ-მეთქი. სახლის გზაზე შემემთხვა ზუსტად ის, რაც ყველამ ნახეთ. არც საგზაო ნიშანი იდგა, არც პატრული იდგა, არც რამე მინიშნება იყო, რომ იმ კონკრეტულ მონაკვეთზე წყლის ჭარბი რაოდენობა იყო. გვიან მივხვდი, რომ ვეღარც წინ მივდიოდი და ვეღარც უკან გამოვდიოდი. ჩავრჩი. რამდენიმე წამში წყალმა დაიწყო მანქანის სალონში შემოსვლა. მანქანაც ჩამიქრა, ვეღარ დავქოქე. ჯერ  არ ვიცი ძრავაში არის თუ არა წყალი შესული. ევაკუატორზე ხელით შევაგორეთ, რომ გასაკეთებლად გადამეყვანა“, – იხსენებს მარიამი.

მარიამი ამბობს, რომ დიდად არ უნერვიულია კომენტარებზე, რომლებიც მისი ავტომანქანის დატბორვის ამსახველ ვიდეოს მოჰყვა.

„პრინციპში, ველოდი კიდეც, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო და უადგილო კომენტარები იყო. ხედავ, ადამიანს უჭირს და დახმარების ნაცვლად უარესს აკეთებ. სიმართლე გითხრათ, ძალიან ცუდ მდგომარეობამდე მიმიყვანა-მეთქი, არა. ძლიერი ფსიქიკა ჩამომიყალიბდა ამასობაში. ვკონცენტრირდი იმაზე, რომ იმ ხალხის ოდენობა უფრო მეტი იყო, ვინც გამამხნევა და დახმარების სურვილი გამოთქვეს. ის ერთი-ორი კომენტარი არ მიმიღია სერიოზულად“.

მარიამი ამბობს, რომ ხალხის მხრიდან მუდმივი დაკვირვების ობიექტია, რადგან არ არის ადვილი იყო ტაქსის მძღოლი ქალი. მისი თქმით, კლიენტების რეაქციები ძირითადად სახალისოა.

„გამოძახებაზე რომ მივდივარ, „მირიანს“ ელოდებიან ხოლმე, როგორც წესი, მაგრამ „მარიამი“ მიდის. აპლიკაციაში მარიამი რომ წერია, დიდად არ აკვირდებიან და ამიტომ ელოდებიან კაცს. თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევა,  როცა გაუუქმებიათ კიდეც შეკვეთა, რადგან ქალი ვიყავი“, – ამბობს მარიამი.

ახლა მისთვის ერთადერთი საზრუნავი ავტომანქანის დროულად შეკეთებაა. ფიქრობს, რომ ელექტროობის შეცვლა დასჭირდება, რადგან ავტომანქანა საერთოდ არ დაიქოქა.

„ვიდეო რომ გამოვაქვეყნე, ძალიან დიდი გამოხმაურება მივიღე. ბევრმა მომწერა. ერთი კეთილი ადამიანი დამეხმარა და ახლა მანქანა ქიმწმენდაშია გადაყვანილი, იქ დავტოვე. უნდა გაშრეს და მერე ვნახოთ . დიდი ალბათობით შესაცვლელი იქნება სადენები და ელექტროობა. კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ დაველაპარაკები კიდევ იმ ადამიანს, ვისაც დავუტოვე.

სიმართლე გითხრათ, ამ წუთას არ მაქვს საკმარისი სახსრები მანქანის გასაკეთებლად. ან სესხება მომიწევს, ან კრედიტის აღება, ისიც თუ მომცეს, არ ვიცი. ალბათ მეგობრები დამეხმარებიან“.

ქალის თქმით, მას ბათუმში დღისით ავტომანქანა მოჰპარეს და პოლიცია ვერ პოულობს

„მანქანა ბათუმში დღისით, მზისით მომპარეს. პოლიცია კი მანქანას ვერ პოულობს, თითქმის ერთი თვე გავიდა,“ – ამბობს ალისა ყუნჩიბაშევი. ის ბათუმში პოლიციის პირველ განყოფილებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ალისას თქმით, მან ავტომანქანა [Range Rover 2007 წლის] ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლის წინ გააჩერა და დროებით აბასთუმანში წავიდა.

„ეს იყო ივლისში, რადგან ორსულად ვიყავი, იქ წავედი. აბასთუმნიდან ვარ,“ – გვიყვება ალისა ყუნჩიბაშევი. – „ბათუმში მე და ჩემი მეუღლე ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. დიასახლისმა გვითხრა, რომ შეგვეძლო მანქანა იქვე, წამებულის ქუჩაზე, მისი ახლობლის სახლის წინ გაგვეჩერებინა. ასეც მოვიქეცით.

ბათუმში როცა დავბრუნდით, მანქანა აღარ დაგვხვდა,“ – ამბობს ალისა ყუნჩიბაშევი.

ალისას და მის მეუღლეს უთხრეს, რომ ავტომანქანა დღისით ევაკუატორით გადაიყვანეს და ეს ისე მოხდა, რომ ეჭვი ქურდობაზე მეზობლებს არ გასჩენიათ.

„ვისაც დავუტოვეთ მანქანა, იმან გვითხრა, დღისით-მზისით ოთხი კაცი იყო მოსული, ერთი თურქი იყო და სავარაუდოდ იმას მიჰყიდესო… ისე საუბრობდნენ, არ შეგვპარვია ეჭვი, რომ თქვენთან შეთანხმებული არ იყოო, მერე ევაკუატორი მოიყვანეს და ისე გადაიყვანეს მანქანაო. 2014 წელს ვიყიდეთ ეს მანქანა და მაშინ ლომბარდიდან დამატებით 23 970 ლარი გამოვიტანე…“ – აღნიშნა ალისა ყუნჩიბაშევმა „ბათუმელებთან“.

დაზარალებულებმა პოლიციას 11 სექტემბერს მიმართეს. გაირკვა, რომ ავტომანქანასთან არსებულ სურსათის მაღაზიის ვიდეოკამერებში ჩანაწერი შენახული აღარ არის.

„გვითხრეს, რომ ჩანაწერი აღარ არის, ორი კვირის მერე ავტომატურად იშლებაო, მაგრამ ამხელა მანქანა ასე სად წაიყვანეს, რომ არსად დაფიქსირდა? 11 სექტემბრის შემდეგ პოლიციელებმა ევაკუატორის მძღოლიც კი არ გამოკითხეს, ჩემმა ქმარმა იპოვა ის ევაკუატორი, რომლითაც მანქანა წაიყვანეს. ევაკუატორის მძღოლმა ჩემს ქმარს უთხრა, რომ მანქანა ლერმონტოვის ქუჩაზე მიატანინეს, ყინულის სახლის გვერდით, სადაც მანქანებს აფორმებენ, ამაში ფული გადაუხადეს და მეტი არაფერი იცის,“ – გვითხრა ალისა ყუნჩიბაშევმა.

დაიწყო თუ არა გამოძიება და რა ეტაპზეა პროცესი – შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან ამ ეტაპზე პასუხი არ გვაქვს.

მეწყერი წაბლანაში – 5 ოჯახი უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს

სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრის გამო 5 ოჯახი მეწყრული ზონიდან გაიყვანეს. ხულოს მერიის ინფორმაციით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ გეოლოგები.

როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, გეოლოგების მიერ დამეწყრილი ტერიტორიის შესწავლის შემდეგ გადაწყდება, დაუბრუნდებიან თუ არა მეწყრული კერის მიმდებარედ მცხოვრები ოჯახები თავიანთ საცხოვრებელს.

მეწყრული კერების მიმდებარედაა წაბლანის საჯარო სკოლა. ამის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი ჯერ არ განახლებულა.

„მეწყერმა დააზიანა წაბლანაში მისასვლელი გზის ერთი მხარე. ახლომახლოს რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც, ჩვენი შეფასებით, რისკის ქვეშ არიან და გავარიდეთ. წინასწარ ვერავინ ვერაფერს განსაზღვრავს, მაგრამ ჩვენ მთელი სოფელი მოვიარეთ და ამ ეტაპზე სხვა მნიშვნელოვანი მეწყრული კერები არ იკვეთება.

ყველაფერი დამოკიდებულია ატმოსფერული ნალექის რაოდენობაზე, თუ ჭარბი ნალექი მოვა, ყველგან არის მოსალოდნელი მეწყრული პროცესებს განვითარება. ქალაქის ტერიტორიაზე ისეთ ადგილზე განვითარდა მეწყერი, საერთოდ რომ არ ყოფილა არასდროს. ბუნებაში მუდმივი არაფერია, ყველაფერი გარემო პირობებზეა დამოკიდებული“, – ამბობს მამუკა ფუტკარაძე, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი.

გეოლოგის თქმით, საბოლოო გეოლოგიური დასკვნა დაახლოებით ერთ კვირაში იქნება მზად.

ხულოს მერიის ინფორმაციით, მეწყრის შედეგად დაზიანდა ყინჩაური-წაბლანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც. „ადგილობრივები დროებით შემოვლითი გზით შეძლებენ სარგებლობას. ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია ადგილობრივი მნიშვნელობის ზალმეთი-ხიხაძირის საავტომობილო გზაზე“, – ამბობს მერია.

სოფელ წაბლანაში მეწყერი 1989 წელსაც ჩამოწვა და თითქმის მთელი სოფელი მიწის ქვეშ მოიყოლა. მაშინ მეწყრის შედეგად წაბლანაში 19 ადამიანი დაიღუპა.

_____________________________

მთავარი ფოტო: მეწყერი წაბლანაში/ხულოს მერია

Exit mobile version