მთავარი,სიახლეები

როცა კანონიერი ქურდების ჩარევით სასამართლოდან საქმე გააქვთ: ხრეშის ქურდობა – ეპიზოდი II

13.09.2021 •
როცა კანონიერი ქურდების ჩარევით სასამართლოდან საქმე გააქვთ: ხრეშის ქურდობა – ეპიზოდი II

დასაწყისი: როგორ იპარავენ ხრეშს კანონიერი ქურდების მონაწილეობით – ეპიზოდი I

  • გაგრძელება

კანონიერი ქურდების შესახებ კიდევ ერთი მოქალაქე – მერაბი ესაუბრა „ბათუმელებს“. ის აგვისტოს თვეში დააკავა ფინანსურმა პოლიციამუკანონო სამეწარმეო საქმიანობის“ ანუ ხრეშის უკანონოდ მოპოვების ბრალდებით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დაკავებამდე, 18 მაისს, მერაბს ინციდენტი ჰქონდა ფინანსური პოლიციის შენობაში. მოტივი – უწყება მისი საქმეში „მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენს“.

ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ მერაბის ინიციალების გამოყენებით გაავრცელა შემდეგი განცხადება: „…ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია“.

ამის მიუხედავად, მერაბი 21 აგვისტოს 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს პატიმრობიდან

გამოძიება კი გრძელდება და ბრალი ფინანსურ პოლიციას ასე აქვს ჩამოყალიბებული:

  1. უკანონო სამეწარმეო საქმიანობა
  2. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია 
  3. დოკუმენტების გაყალბება

საქმის მასალების მიხედვით, ფინანსური პოლიცია ერთ-ერთ ეპიზოდში ბრალდებულს ედავება ქვა-ღორღის უკანონო მოპოვებას. საქმეში ჩართული ადვოკატის, ზაზა პაპიძის ინფორმაციით, ეს ქვა-ღორღი საქმეზე ნივთმტკიცებად არ არის დართული. მეტიც, სახელმწიფოს ეს ქონება ჭოროხის სანაპიროზე აღარ არსებობს, მისი მითვისება სხვა პირებმა 8 და 9 სექტემბერს დაიწყეს.

საქმე იმაშია, რომ მერაბი 8 სექტემბერს ვიდეოზარით დაუკავშირდა მდინარე ჭოროხის სანაპიროდანბათუმელებს“. კადრში ჩანდა სატვირთო მანქანები და ტრაქტორები, რომლებიც ხრეშს ტვირთავდნენ და გაჰქონდათ. მერაბი ირწმუნებოდა, რომ „მის ხრეშს“ იპარავდნენ, მომპარავებთან ერთად კი არიან პირები, „შავი სამყაროს“ წარმომადგენლები, რომლებიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

8 სექტემბერი. პოლიციის გამოძახების შემდეგ ტექნიკა ტოვებს ტერიტორიას

მერაბმა გამოიძახა პოლიცია, რომელიც ადგილზე მას შემდეგ გამოჩნდა, როცა მდინარეზე არც ერთი სატრანსპორტო საშუალება აღარ იყო.  

8 სექტემბერი. პოლიცია ჭოროხის სანაპიროზე

იგივე პირები ჭოროხის იმავე მონაკვეთზე დაბრუნდნენ 9 სექტემბერსაც იმავე ტრანსპორტით და გააგრძელეს იმ ქონების გატანა, რომელიც, ფინანსური პოლიციის მტკიცებით, სახელმწიფო საკუთრებაა. 

მერაბმა ვიდეოზარი ჩართო 9 სექტემბერსაც. ვიდეოკადრებში ჩანდა, რომ ერთდროულად რამდენიმე მანქანა და სამი ტრაქტორი მუშაობდა. მერაბს ამჯერად პოლიცია აღარ გამოუძახებია.

ხუთი წუთის სავალზეა პოლიცია, იქამდე არ მოდიან, სანამ მომპარავები მანქანებს არ გაიყვანენ. რა აზრი აქვს“, – ამბობს ის.

ვიდეოკადრები ცხადყოფს, რომ მოპოვება ხდება დღის საათებში: მერაბის ვერსიით, იპარავენ მის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსიდან ჩამოტანილ 20 ათას კუბ ქვა-ღორღს. გამოძიების ვერსიით, მერაბს ეს ქვა-ღორღი ჩოხატაურიდან არ ჩამოუტანია – მან დოკუმენტები გააყალბა და სინამდვილეში ჭოროხიდან ამოიღო ინერტული მასალა.

შესაბამისად, 8 და 9 სექტემბერს მდინარე ჭოროხზე ან კერძო პირის ქონება მოიპარეს დღისით-მზისით, ან სახელმწიფოსი. ფინანსურ პოლიციას და გარემოს დაცვას კი ამ ქურდობაზე რეაგირება არ ჰქონია.

8 სექტემბერი. უკანონოდ მოპოვებული ქვა-ღორღით დატვირთული ავტომანქანა

დოკუმენტებში – სასამართლო სარჩელებში, გადაწყვეტილებებში, პროკურატურასა და სუსში გაგზავნილ საჩივრებში, რითაც ქვიშა-ხრეშის მოპოვების საქმეში მერაბის ინტერესები იკვეთება, არაერთი ბიზნესმენი ფიგურირებს.

აქვე საუბარია ქურდული სამყაროს წარმომადგენლებზეც.

მაგალითად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 მარტის განჩინების თანახმად, „მერაბმა სარჩელი აღძრა კომპანია „სს ფოლათ იოლ იაფი ვე თიჯარეთისმიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სსფოლათ იოლ იაფი ვე თიჯარეთისმფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას მისი კუთვნილი 70 000 კბ. ინერტული მასალაასევე მას აეკრძალოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭარნალში მდებარე მიწის ნაკვეთიდან ინერტული მასალის გატანა“.

15 მარტის განჩინებით მერაბი სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა სასამართლომ და კომპანია სსფოლათ იოლ იაფი ვე თიჯარეთსაუკრძალასოფელ ჭარნალში, დაურეგისტრირებელ 17 947 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში დასაწყობებული სადავო 70 000 კბ. ქვიშაღორღის ნარევის [ბალასტის] გატანა“.

ამ განჩინებიდან მალევე მერაბმა სასამართლოს მიმართა და სარჩელი უკან გაითხოვა. წერილში, რომლითაც მან სარჩელის გამოთხოვის შესახებ მიმართა მოსამართლეს, წერია, რომ გრძნობს „რეალურ შიშს და საფრთხეს“.

მერაბი აცხადებს, რომ „ფოლათ იოლ იაფი ვე თიჯარეთისწარმომადგენლებმა, ქურდული სამყაროს ჩართულობით, მას აიძულეს სარჩელი უკან გაეხმო. სარჩელის გამოთხოვის შემდეგ კი, კომპანიამ სადავო 70 000 კბ. ქვიშაღორღი გაიტანა.

საიდან გაჩნდა 70 000 კბ.მ ქვიშა-ღორღი? – „ბათუმელების“ ხელთ არსებული ხელშეკრულებების თანახმად, ეს ეგრეთ წოდებული „ლუჟკოვის სახლის“ ნანგრევები იყო. ამ ტერიტორიიდან ნარჩენების გასატანად კომპანია „ტრანს ჯორჯიამ“ 2019 წლის 11 ნოემბერს მერაბს ხელშეკრულება გაუფორმა და 70 000 კბ.მ ბალასტი მიჰყიდა. ფასი – 1 მეტრ/კუბი 6 ლარად. ხელშეკრულების თანახმად, „ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება მყიდველის მიერ შეძენილი ინერტული მასალის რეალიზაციის შემდგომ“.

ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით 1 კუბი დამუშავებული ინერტული მასალის ფასი 30-35 ლარია ადგილზე მიტანით, დაუმუშავებლის – 15-20 ლარი. 

2021 წლის 5 მარტს მერაბი „ტრანს ჯორჯიასსახელით გააფრთხილეს, რომ მას ერიცხება კომპანიის დავალიანება 420 000 ლარი.

ვალის აღიარების დოკუმენტში პირობას დებთ, რომ 2020 წლის ბოლომდე უნდა გადაგეხადათ აღნიშნული დავალიანება. შპსტრანს ჯორჯია“ დამატებით გამოგიყოფთ 2 თვეს, რათა აღნიშნული დავალიანება დაფაროთ“, – ვკითხულობთ კომპანიის სახელით გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერს გოგა მებონია.

მერაბი ამბობს, რომ სასამართლოში სწორედ „ტრანს ჯორჯიადან“ ნაყიდი ქვა-ღორღის მითვისების გამო ედავებოდა კომპანია „ფოლათ იოლ იაფი ვე თიჯარეთის“.

ის ირწმუნება, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო შეწყვიტა სასამართლოში დავა. ვალი – 420 000 ლარი კი გადასახდელი აქვს.

„ფოლათ იოლ იაფი ვე თიჯარეთის“ ლიცენზიანტი კომპანიაა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, „ჭოროხზე“ ამოიღო 1 მილიონ კუბზე მეტი ინერტული მასალა. „ბათუმელების“ ხელთ არსებული დოკუმენტებით, კომპანიამ მინიმუმ 210 ჰექტარზე, სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაასაწყობა მოპოვებული ქვა-ღორღი. შესაბამისად, სახელმწიფომ მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარი იზარალა. 

ფაქტი არ დაუფიქსირებია და, შესაბამისად, არავითარი რეაგირება არ ჰქონია არც ფინანსურ პოლიციას და არც გარემოს დაცვის სამინისტროს.

9 სექტემბერი. ჭოროხზე ქვა-ღორღის უკანონო მოპოვება – გატანა გრძელდება

___

მთავარი ფოტო: მდინარე ჭოროხი, 9 სექტემბერი

გაგრძელება იქნება


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება სამოქალაქო აქტივობებში“. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: