მთავარი,სიახლეები

ვინ მოაგვარებს პრობლემებს ბათუმში, თუ საკრებულო მერის ოპონენტი იქნება

06.10.2021 • 2870
ვინ მოაგვარებს პრობლემებს ბათუმში, თუ საკრებულო მერის ოპონენტი იქნება

„მოუწევთ დიალოგის სწავლა“ – ასეთია მოქალაქეების მოლოდინი ბათუმის ახალ საკრებულოზე, სადაც მანდატების უმრავლესობა ამჯერად ოპოზიციას ეკუთვნის. საკრებულოში 16 მანდატი „ოცნებას“ აქვს, ოპოზიციას – 19.

რას მიიღებს ქალაქი, თუკი საკრებულო ოპოზიციური იქნება, ხოლო მერი „ოცნებიდან“? ან რამდენად გართულდება გადაწყვეტილებების მიღება, თუკი მერი გიორგი კირთაძე გახდა, ხოლო საკრებულოში „ოცნებამ“ მყარი უმრავლესობა მაინც შექმნა, როგორც ეს დღეს „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა – ირაკლი კობახიძემ დააანონსა?  – „ბათუმელები“ რამდენიმე მოქალაქეს ესაუბრა, ვინც აქტიურად არის ჩართული თვითმმართველობის პროცესში და დაინტერესებულია საჯარო პოლიტიკით. მათ ვკითხეთ, ამ ვითარებაში როგორ მოგვარდება, მაგალითად, წვიმის დროს ბათუმის დატბორვის პრობლემა, ან უკანონო მშენებლობა შუა ბულვარში?

„ეს არარსებული პოლიტიკური გამოცდილება უფრო საინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას,“ – პოზიტიური მოლოდინი აქვს მრავალპარტიულ საკრებულოზე იურისტ გიორგი ხიმშიაშვილს. მისი აზრით, ეს იქნება ერთგვარი ტესტი იმაზე, რამდენად შეიძლება კოალიციური მმართველობის დამკვიდრება საქართველოში. გიორგი ხიმშიაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ საქმე შესაძლოა თვითმმართველობის კრიზისამდეც მივიდეს, მაგრამ მას ბოლო არჩევნებმა სხვა რამ აჩვენა.

„არჩევნებმა აჩვენა, რომ პოლიტიკური რეიტინგები ცვალებადია და ეს დამოკიდებულია პარტიების ხედვებზე, ამ იდეების ამომრჩეველთან სწორად მიტანაზე, საგნობრივ დისკუსიაზე. გამოჩნდა, რომ უსაგნო დისკუსიას შესაბამის პასუხს სცემს ამომრჩეველი.

შესაძლოა მივიღოთ თვითმმართველობის კრიზისიც, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე გათვალისწინებულია დასაშვები ზღვარი. როცა კრიზისი შეუქცევად ხასიათს ატარებს და ფაქტობრივად, საფრთხე ექმნება თვითმმართველობის განხორციელებას, ამ დროს შეიძლება დაიშალოს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, ეს უკიდურესი შემთხვევაა,“ – განმარტავს გიორგი ხიმშიაშვილი.

გიორგი ხიმშიაშვილი

იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ახალი მოცემულობა მეტი დისკუსიის შესაძლებლობას აჩენს, რადგან მერს გადაწყვეტილებების მიღების დროს საკრებულოს თანხმობა სჭირდება. გიორგი ხიმშიაშვილი ასევე ელის, რომ საკრებულოს თავისი გადაწყვეტილებების დასაბუთება მოუწევს და საკმარისი აღარ იქნება მხოლოდ იმის თქმა – „კანონს არ ვარღვევთ“.

„თუ აქამდე გვქონდა უმრავლესობის ერთპარტიული გადაწყვეტილებები, თუნდაც კარგი ან ნეგატიური შედეგის მქონე, ახლა უკვე ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ დისკუსიის რეჟიმში.

აბსოლუტურად ყველა საკითხი, ქალაქის დატბორვიდან დაწყებული, მშენებლობებით დასრულებული, არის მუნიციპალური საკითხი და თუ ეს პოლიტიკური კონფიგურაცია არ შეიცვლება, ნებისმიერი მხარე ვალდებული იქნება დასაბუთების რეჟიმში ამტკიცოს საკუთარი იდეის უპირატესობა. ვფიქრობ, დისკუსიის რეჟიმი უფრო ღიას გახდის ამ პროცესს და მთავარი, რაც დემოკრატიას ხელს შეუწყობს, არის ძალთა ბალანსი, რომელიც ამ საკრებულოში შეიქმნა,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

„რატომღაც მგონია, რომ დაბნეულობა და დალაგების პროცესი დიდხანს გასტანს, გადაბრალების რეჟიმი, თუმცა ახლა უფრო მეტი შანსია, რეალური თვითმმართველობა მივიღოთ,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას ამ თემაზე საუბრის დროს ყოფილი მერის – ლაშა კომახიძის სმს გზავნილი გაახსენდა საკრებულოს თავმჯდომარისთვის მიწერილი: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“.

„ასეთ ფაქტებს ვეღარ ვნახავთ, რადგან უკვე ნებისმიერ საკითხს დასჭირდება დარწმუნება, დასაბუთება, კითხვების დასმა, საკითხის ეჭვქვეშ დაყენება… ყველა მხარეს მოუწევს დიალოგის სწავლა.

აქამდე და, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც, მთავარი პრობლემა იყო ის, რომ კითხვები მხოლოდ ფორმალურად ისმებოდა, საკრებულოს წევრები ეჭვქვეშ არაფერს აყენებდნენ…  სხდომებზეც ფორმალურად გამოდიოდა საკითხები განსახილველად და არ იყო რეალური დისკუსია. რაც მთავარია, საკრებულო მუდმივად უარს ამბობდა მერიის გადაწყვეტილებების გადამოწმებაზე, მერის კონტროლზე, რაც რეალურად არის საკრებულოს მისია. ახლა არის რეალური შანსი, თუ ამას სწორად დაინახავს საკრებულო, რომ ის შეიძლება აღარ იყოს ნოტარიუსი,“ – ამბობს ნათია აფხაზავა „ბათუმელებთან“.

ნათია აფხაზავა

ნათია აფხაზავა

სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელს მოლოდინი აქვს, რომ ამ პოლიტიკური გადანაწილების პირობებში პროცესები გაჭიანურდება და გადაწყვეტილებების მიღება გართულდება. „თუმცა ვნახეთ, როგორ დააზიანა ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ქალაქი,“ – დასძენს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მთავარია მოქალაქეები ჩაერთონ აქტიურად და არ გაჩნდეს განცდა:„მრავალპარტიული საკრებულო გვყავს და თავი დავანებეთ“.

„მოქალაქეების მხრიდან უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა, რომ თავიდანვე იგრძნონ პოლიტიკურმა ძალებმა ინტერესი. ვიცით, რომ ქალაქი რეალურად მძიმე მდგომარეობაშია. ეს უნდა იგრძნონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც ხშირად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ამოდიან,“ – მიიჩნევს ნათია აფხაზავა.

„სამშენებლო წესრიგს ადგენს ქალაქის თვითმმართველობა. არქიტექტურული ნორმების დაწესება ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაა და საკრებულოს შეუძლია ეს წესრიგი შეცვალოს,“ – ამბობს არქიტექტორი გია რამიშვილი. მას ვკითხეთ, რამდენად შეიძლება გახდეს ბარიერი მერისთვის ოპოზიციური საკრებულო, მაგალითად, ქაოტური მშენებლობების პროცესში, რაც ბათუმისთვის ტენდენციად იქცა.

„რა თქმა უნდა, საკრებულოს ჩართულობის გარეშე ეს პროცესი წარმოუდგენელია. იგივე განაშენიანების გენერალური გეგმა უნდა დაამტკიცოს საკრებულომ, რაც ამ დრომდე არ გვაქვს, სიმაღლის კოეფიციენტი და ასე შემდეგ.

ჩვენ ძალიან დავცილდით თვითმმართველობას, თორემ ევროპული ქალაქი მოიაზრებს იმას, რომ ქვეყნის მასშტაბითაც კი არ აქვთ ერთიანი არქიტექტურული ნორმები, ქალაქების მიხედვით არის ცალ-ცალკე. მინდა გაგახსენოთ, რომ რუსეთის იმპერიაში შესვლის პირველივე წლებში თავისი განაშენიანების წესები ჰქონდა ბათუმს. ეს აჩვენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს საკითხი ბათუმისთვის,“ – გვიყვება გია რამიშვილი.

გია რამიშვილი

გია რამიშვილს აინტერესებს, როგორ მიიღებენ საკრებულოში გადაწყვეტილებებს, ასევე ითანამშრომლებენ მერთან. ის ყურადღებას გახარიას პოლიტიკურ გუნდზე ამახვილებს, ვის მანდატებსაც ამ რეალობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როცა „ოცნებისა“ და ოპოზიციის ბალანსი ასე ნაწილდება: 16-16.

„გააჩნია პიროვნულ თვისებებს, ვინ რა გზას აირჩევს და რამდენად პრინციპული აღმოჩნდება. მახსოვს, ზოგიერთი ისეთ წინააღმდეგობას უწევდა აბაშიძის რეჟიმს, გაოცებული ვიყავი და ვისაც „მრისხანეს“ რეპუტაციაც ჰქონდა, ჩვარივით იქცეოდა. ძალიან ამაზრზენი იყო ეს. ნებისმიერ შემთხვევას განვიხილავ, რომ შეიძლება აქ მოხდეს,“ – გვითხრა გია რამიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: