Batumelebi | 12 ჩანჩქერის კასკადი აჭარის ერთ სოფელში – უჩხოს კანიონი ექსტრემის მოყვარულთათვის 12 ჩანჩქერის კასკადი აჭარის ერთ სოფელში – უჩხოს კანიონი ექსტრემის მოყვარულთათვის – Batumelebi
RU | GE  

12 ჩანჩქერის კასკადი აჭარის ერთ სოფელში – უჩხოს კანიონი ექსტრემის მოყვარულთათვის

უჩხო პატარა სოფელია ხულოში, 350-მდე მოსახლით. სოფელი ზღვის დონიდან 1120 მეტრზე მდებარეობს და მდინარე უჩხოსწყლის ნაპირებზეა გაშენებული.

ადგილობრივებმა აქამდე იცოდნენ, რომ სოფელში იყო ღირსშესანიშნაობები: XII საუკუნის ქვის თაღოვანი ხიდი და ბეგოშვილების ციხე, თუმცა ცოტა ხნის წინ აღმოჩნდა, რომ ამ პატარა სოფელს ფასდაუდებელი ბუნებრივი სიმდიდრე აქვს: 12 ჩანჩქერის კასკადი, რომლებიც თვალსმიფარებულ ხეობაში მოჩქეფს.

კასკადოვანი ჩანჩქერები უჩხოში ვაჟა ბოლქვაძემ აღმოაჩინა. მისი თქმით სოფლის ყველაზე ასაკოვანმა მცხოვრებლებმაც არ იცოდნენ უჩხოში კასკადოვანი ჩანჩქერების არსებობაზე.

ასეთ ჩანჩქერებზე მთელ მსოფლიოში კანიონინგის ტურებს აწყობენ. უჩხოს ჩანჩქერებიც იდეალური ადგილია კანიონინგისთვის.

ეს ექსტრემალური სპორტი კლდეზე ცოცვას გულისხმობს. კლდის თავზე საიმედოდ ხარ მიბმული, გაცვია სპეციალური სამოსი, აღჭურვილობა და თოკზე მიბმული ეშვები კლდიდან. ეშვები იმ სისწრაფით, როგორც გსურს. თოკის მოშვების სისწრაფესა და სიხშირეს თავად აკონტროლებ, ჰაერში ხარ დაკიდებული და თან ჩანჩქერში ტოპავ. გზადაგზა თოკზე გამობმული და ჰაერში გამოკიდებული პატარა ტბებში ეშვები და ისვენებ.

თორმეტივე ჩანჩქერის წყალში სველდები, გეშინია და თან თავი ყოვლისშემძლე გგონია, ისეთ სალ კლდეებზე ეშვები სრიალით, თოკზე გამობმული.

შეიძლება ისიც კი იფიქროთ, რა აუცილებელია ასეთ ექსტრემალურ ადგილებში გამოსცადოს თავი ადამიანმაო, მაგრამ უჩხოს ჩანჩქერებზე ზუსტად იცი,  ამ კასკადებს რომ გაივლი, მერე ყველაფერს გადალახავ ცხოვრებაში.

ექსტრემალური გარემოს მოყვარულებს ხომ სწორედ ეს აერთიანებთ: მძაფრი შეგრძნებებისკენ სწრაფვა და სირთულეების სიყვარული.

 

უჩხოს კანიონის ტური ახლახან, 2021 წელს დამუშავდა, გადამზადდნენ ადგილობრივი და მოწვეული გიდები. მალე ეს ადგილი შესაძლოა იქცეს ექსტრემალური სპორტის, კანიონინგის მაგალითად აჭარაში.

უჩხოს კანიონებზე ცოცვას განსაკუთრებული მომზადება   და უნარები არ სჭირდება. ექსტრემალური სპორტის ნებისმიერ მოყვარულს, ვისაც არასდროს უცოცია კლდეზე, შეუძლია უჩხოს ჩანჩქერების კასკადზე დაეშვას. უსაფრთხოების ზომები აქ ზედმიწევნითაა დაცული.

კანიონინგის ტურის დასაგეგმად მსურველები აჭარის ტურისტულ ცენტრებს უნდა დაუკავშირდნენ, სადაც მათ გაუწევენ კონსულტაციას, გამოუყოფენ გიდს და აღჭურვავენ სპეციალური სამოსით. ტურის ღირებულებაში შედის გამყოლი გიდის მომსახურება და აღჭურვილობა.

ბათუმიდან ხულომდე და შემდეგ უჩხოს მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები მოძრაობს, მაგრამ  ეს ტრანსპორტი მხოლოდ სოფლის ცენტრამდე მიდის. ცენტრიდან დასახლებულ პუნქტამდე აუცილებელია ტრანსპორტის დაქირავება, თუმცა გზა ამით არ სრულდება –  ტრანსპორტი პირდაპირ უჩხოს კანიონამდე ვერ მიდის.

ტრანსპორტირების შემდეგ 3-4 კილომეტრი გზაა ფეხით გასავლელი, მაგრამ უჩხოს ჩანჩქერებისკენ მიმავალი ეს გზა თავგადასავლის ნაწილია.

ხეობაში ბილიკს მიუყვები, ღრმად ისუნთქავ აჭარის ტყეების სუნს, გზადაგზა ხვდები ნაკადულებსა და შრიალა ფოთლოვან ხეებს, რომლებიც ჩრდილში გეპატიჟებიან, უსმენ ბუნებას და აი, ისიც, უჩხოს კასკადოვანი ჩანჩქერი, კლდეებში ხან მოწანწკარე და ხან ჩქეფით მომდინარე უზარმაზარ, ხავსიან ლოდებზე.

სოფელ უჩხოში საოჯახო სასტუმროებიც იწყებს ამოქმედებას. სოფელში ღამის გათევაცაა შესაძლებელი. აქ ადგილობრივ კერძებს შემოგთავაზებენ სასიამოვნოდ დამღლელი დღის შემდეგ, ცხელს და ნოყიერს: სინორს, ბორანოს, ათასგვარ, უგემრიელეს აჭარულ ტკბილეულს და ყავას, რა თქმა უნდა. გემრიელი, ქაფქაფა, ნალექიანი ყავის გარეშე ხომ აჭარაში სტუმრობა არ ჩაივლის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი