გასულ დღე-ღამეში კოვიდის 1 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი

6 მარტის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 700 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან 28 პაციენტი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 17,7 პროცენტია.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 700 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 893 შემთხვევა, აჭარა – 61, იმერეთი – 204, ქვემო ქართლი – 74, შიდა ქართლი – 85, გურია – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 90, კახეთი – 129, მცხეთა-მთიანეთი – 26, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.

  • ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაa 54 447 საიდანაც, 2 459 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 938, აჭარაში – 221, იმერეთში – 510.
  • ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 638 პირი, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 75, იმერეთში – 122.
  • 51 988 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 6 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ- 1 625 372 , ბოლო 24 საათში – 1 700
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 554 533 , ბოლო 24 საათში – 7 002
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 366 , ბოლო 24 საათში – 28
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 9 572, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 738, PCR ტესტით – 2 834
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 17,76%, ბოლო 14 დღის – 20,84%, ბოლო 7 დღის – 17,49%
  • სულ აცრილია – 2 825 833, დღიურად აცრილია – 550
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 459

უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების პოლონეთში გადასაყვანად ავტობუსის რეისები დაინიშნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ, უკრაინიდან პოლონეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გაყვანის მიზნით, ქალაქ ლვოვიდან ავტობუსის სპეციალური რეისები დაინიშნა.

ავტობუსები ლვოვი-ვარშავის მიმართულებით იმოძრავებენ 6-დან 10 მარტამდე უკრაინის დროით ყოველდღე დილის 08:00-დან 09:00 საათამდე.
მისამართი: ლვოვი, უნივერსიტეცკაია N 1, ივანო ფრანკოს პარკი, ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტის მხრიდან.

სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსები გათვლილია 50 ადამიანზე, მოსახლეობის მშვიდობიანი ევაკუაციის მიზნით კი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, შემდეგ ნომრებზე:

+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64

„უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს დიპლომატიური მისიები კიევში, ოდესაში და ლვოვში განაგრძობენ საგანგებო, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას.“ – აცხადებს სამინისტრო.

ავტობუსის სპეციალური რეისები ხორციელდება ასევე მოლდოვა-რუმინეთის მიმართულებით – უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით. სპეციალური რეისები მოლდოვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კიშინევიდან ბუქარესტის მიმართულებით შესრულდება.

„ავტობუსის რეისმა ამჟამად საქართველოს 39 მოქალაქე  რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში გადაიყვანა. ისინი უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სამშობლოში.“ – აღნიშნულია საქართველოს საგარეო სქმეთა სამინისტროს მიერ 5 მარტს გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით.“ – აცხადებს სამინისტრო.

ცხელი ხაზის ნომრები

მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია: +37379111179; +37379000212;

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +48 572 488 665;

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +36 30 858 66 22;

სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +421 918663008;

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +40743232292;

საქართველოს საელჩო, კიევი:

+ 380 (63) 376 77 68
+ 380 (44) 590 69 50
+ 380 (93) 544 01 17
+ 380 (63) 376 73 64

გენერალური საკონსულო, ოდესა:

+ 380 (63) 176 75 55
+ 380 (93) 761 17 17

საკონსულო პუნქტი ლვოვში:

+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+ 995 (32) 2 94 50 50

ქვეყნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისთვის დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს ​​უკრაინის მთავრობაც


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

ბოლო 24 საათში უკრაინა 118 ათასმა ადამიანმა დატოვა, 11 ათასი კი დაბრუნდა

 

 

რუსეთსა და ბელარუსში სარეკლამო კამპანია დაგეგმილი არ გვაქვს – ტურიზმის ადმინისტრაცია

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ბელარუსში სარეკლამო კამპანია ან რაიმე აქტივობები 2022 წლისთვის დაგეგმილი არ აქვთ და არც გეგმავენ.

რუსეთი არ არის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროგრამის – „რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო ბაზარზე“  სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალშიც, თუმცა ამ სიაში არის ბელარუსი.

„ბელარუსი, როგორც სამიზნე ქვეყანა პროგრამაში არის, პროგრამა მრავალწლიანია, თუმცა 2022 წლისთვის რაიმე აქტივობა ბელარუსში ამ დროისთვის დაგეგმილი არ გვაქვს. დავგეგმავთ თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარება მოვლენები“ – გვითხრეს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

[toggle title=”აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სამიზნე ქვეყნების ჩამონათვალის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროგრამით რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია გულისხმობს:

პირდაპირი სარეკლამო კამპანიების წარმოებას მიზნობრივ ბაზრებზე [აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბელარუსში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, თურქეთში, ისრაელში, ლატვიაში, ლიეტუვაში, პოლონეთში, საუდის არაბეთში, საფრანგეთში, სომხეთში, უკრაინაში, უნგრეთში, ფინეთსა და ყაზახეთში] სატელევიზიო რეკლამის, ინტერნეტ რეკლამის, ბეჭდური მედიის, გარე რეკლამისა და სხვა სარეკლამო საშუალებების გამოყენებით;

ამ პროგრამისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ბიუჯეტიდან 4 472 000 ლარია გათვალისწინებული. [/toggle]

 

„რუსეთში 2013 წლის შემდეგ სარეკლამო კამპანიას აღარ ვაწარმოებთ და არც რაიმე სხვა აქტივობა გვქონია“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ადმინისტრაცია სარეკლამო კამპანიას რუსეთში 2014 წელს გეგმავდა, თუმცა მაშინ უკრაინაში [ყირიმში] განვითარებული მოვლენების გამო „რუსეთის ფედერაციაში სარეკლამო კამპანიის მომსახურებაზე“ გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა.

[toggle title=”დეტალურად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“] „რუსეთის ფედერაციაში სარეკლამო კამპანიის მომსახურებაზე“ 2014 წელს გამოცხადებულ ტენდერში 2 რუსული კომპანია მონაწილეობდა. სატენდერო თანხა კი 1 440 780 ლარი იყო.

მომსახურება მოიცავდა რეკლამის გავრცელებას კინოთეატრებში, სოციალური ქსელით, ბეჭდური მედიით.

ტენდერის მიმდინარეობა დროში დაემთხვა რუსეთის აგრესიას ყირიმში, რის გამოც მაშინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.

ამ ფონზე კი, ტურიზმის ადმინისტრაციამ ჩათვალა, რომ რუსეთში სარეკლამო კამპანია მიზანშეუწონელი იყო და ტენდერი შეწყვიტა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სატენდერო კომისიის 2014 წლის 13 მარტის ოქმიდან

[/toggle]

 

საქართველოში რუსი ვიზიტორების, მათ შორის ტურისტების შემოსვლა, ფაქტობრივად არც აგვისტოს ომის და არც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეზღუდულა.

2018-2019 წლებში კი რუსი ვიზიტორების რაოდენობამ თითოეულ წელში 1 მილიონს გადააჭარბა. გამონაკლისი პანდემია აღმოჩნდა, თუმცა, 2020 წელს საქართველოში რუსეთის 165 ათასი მოქალაქე შემოვიდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საშუალო წლიური მონაცემების მიხედვით:

  • 2014 წლის ბოლო ორ კვარტალში საქართველოში რუსეთის 347 564 მოქალაქე [ვიზიტორი] შემოვიდა [საქსტატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ უფრო ადრე პერიოდისთვის ასეთ სტატისტიკას არ აწარმოებდნენ];
  • 2015-2021 წლებში კი, სულ – 5 072 261 რუსეთის მოქალაქე.

ჯამში, 2014 [6 თვე]-2021 წლებში საქართველოში რუსეთის 5 419 825 მოქალაქე შემოვიდა. ამ მონაცემებში არ არის ასახული საქართველოს იმ მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთა, რომლებიც ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც არიან.

რუსეთის მოქალაქე ვიზიტორების რაოდენობა 2015-2021 წლებში:

წყარო: უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა – საქსტატი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2022 წლის იანვარში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 27 292 ვიზიტორი შემოვიდა.

2022 წლის 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც არის სრულად ვაქცინირებული [სრულად ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში – წარმოადგენს ბოლო 72 საათიანი ვალიდურობის მქონე PCR ტესტს. ამასთან შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულებაც გაუქმდა].

მთავრობის ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების შემსუბუქების გამო ქვეყნებს შორის გაუქმდა ე.წ. ჩამკეტი, თუმცა აღნიშნული არ ეხება სახელმწიფოში არსებულ სავიზო რეგულაციებს.

4 მარტს საქართველოში შეიქმნა პეტიცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვენ.

პარალელურად, საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი, 4 მარტს განაცხადა, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია „ყველას შევახსენებ, რომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია, სხვათა შორის, რუსეთის მხრიდან. იცით, რომ ლარსის საზღვარზე გადმოდის მხოლოდ ტვირთი და არ არის მიმოსვლა“.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით“ 2022 წელს სხვადასხვა აქტივობას გეგმავს, რაშიც 12 მილიონამდე ლარს, ტენდერის გარეშე დახარჯავს.

ამ თემაზე:

ტურიზმის ადმინისტრაცია Facebook-ზე რეკლამაში წელს 300 ათას ლარს დახარჯავს

ქართველმა დედებმა უკრაინელი დედებისა და ჩვილებისთვის 12 000 ლარი 2 დღეში შეაგროვეს

„დედები დედებისთვის/Мaтерi для мaтерiв“  – ამ წარწერით ყუთები მალე უკრაინელ დედებამდე და ახალშობილებამდე ჩააღწევს საქართველოდან.

მეძუძური დედებისა და ახალშობილებისთვის პირველი დღეებიდანვე საჭირო აუცილებელი ნივთები, საკვები, მედიკამენტები თუ მოვლის საშუალებები ქართველმა დედებმა შეაგროვეს, რომლებიც დიდ ფეისბუქჯგუფში არიან გაწევრიანებული.

დედები დედებისთვის/Мaтерi для мaтерiв  – ამ წარწერით დახმარების ყუთები მალე უკრაინელ დედებამდე და ახალშობილებამდე ჩააღწევს საქართველოდან უკრაინაში
აქცია უკრაინელი დედებისა და ჩვილების დასახმარებლად

„ლაქტაცია და განვითარება“ –  ასე ჰქვია ფეისბუქჯგუფს, სადაც 25 ათასზე მეტი ახალშობილის დედაა გაწევრიანებული.

ქეთა ლაბაძე ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორია. ორი დღის წინ მან ჯგუფში დაწერა იმ საჭიროებების შესახებ, რაც უკრაინაში ახლა აქვთ მეძუძურ დედებსა და მათ ახალშობილ ბავშვებს:

„ვესაუბრეთ მედდას, რომელიც ბუნკერშია ახლა მშობიარე ქალებთან ერთად უკრაინაში. მოგვწერეს საჭიროებების სია. ეს არის არა ელექტრო, არამედ ხელის საწველები ჭარბი რძისთვის, მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებლები, ჰიგიენური საშუალებები, თბილი საძილე ტომრები ბავშვებისთვის, D ვიტამინი, საკვები – რაც შეიძლება მეტი, ტანსაცმელი – რაც შეიძლება მეტი და საფენები, სველი ხელსაწმენდებიც, რადგან იქ წყალი არ აქვთ, რომ ბავშვებს მიხედონ სათანადოდ“ – ამბობს ქეთა ლაბაძე.

მარჯვნივ: ქეთა ლაბაძე, ჯგუფის ერთ-ერთი მოდერატორი. მან ორი დღის წინ ჯგუფში დაწერა იმ საჭიროებების შესახებ, რაც უკრაინაში ახლა აქვთ მეძუძურ დედებსა და მათ ახალშობილებს.

ამ სიის ჯგუფში გამოქვეყნების შემდეგ მის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა, 2 დღეში კი ჯგუფში გაწევრიანებულმა დედებმა ჯამში 12 ათას ლარზე მეტი შეაგროვეს.

ქეთა გვიყვება, რომ ვისაც მანქანით ვერ მოჰქონდა საკვები, ნივთებით და დახმარების სხვა საშუალებებით სახლში აკითხავდნენ:

„მოდიოდნენ ქალები ცალ ხელში პატარა ბავშვებით, ცალ ხელში უზარმაზარი პარკებით“ – გვიყვება ქეთა.

უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული დახმარება

ნინო რომელაშვილი დახმარების უკრაინელი დედებისთვის დახმარების შემგროვებელთა გუნდს შეუერთდა. ახლა თავადაც ლაქტაციის პერიოდი აქვს და ზუსტად იცის, რა სირთულეებითაა სავსე ქალისთვის ეს პერიოდი:

„რომ წარმოვიდგენ რა მდგომარეობაში არიან მეძუძური დედები და მათი ახალშობილები ბუნკერში, მზარავს. ნებისმიერი დედა მიიტანდა გულთან ამ რეალობას. მას შემდეგ რაც ჯგუფის მოდერატორმა დაწერა ჩვენს ფეისბუქჯგუფში, გავიგეთ, რომ შეგროვილი ნივთების გადატანა იყო საჭირო მე და ჩემმა მეუღლემ მანქანით გადავიტანეთ შეგროვილი დახმარება ჰუმანიტარული ტვირთის შემკრებ ერთ-ერთ პუნქტში“ – ამბობს ნინო.

ნინო რომელაშვილი შვილთან ერთად
ფეისბუქჯგუფის ,,ლაქტაცია და განვითარება” წევრებმა 2 დღეში უკრაინელი დედებისა და ახალშობილებისთვის 12 ათასი ლარი შეაგროვეს

ნათია გონაძეც ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ის ერთ-ერთ კომპანიას დაუკავშირდა, რომელმაც დედებს სპეციალური, სველი ხელსაწმენდები უკრაინელებისთვის უსასყიდლოდ გადასცა, მეორე კომპანიამ კი 8 000 ლარის ღირებულების ბავშვთა კვების პროდუქტები ნახევარ ფასად, 4000 ლარად მიჰყიდა დედებს:

„შეგროვდა ტანსაცმელი, პამპერსი, საკვები, ბოთლები, ფაფები. ყველაფერი, რაც დედებს და ახალშობილებს პირველი დღეებიდანვე სჭირდებათ. ამ რაოდენობის დახმარებით უახლოესი 2 კვირის განმავლობაში გვეცოდინება, რომ ბავშვები იქნებიან გამოკვებილები და ექნებათ ყველა საჭირო ნივთი.

ჩავისვი მანქანაში ჩემი 1 წლის გოგო და მანქანით ვაკითხავდი მთელი დღე დედებს, რომლებსაც რამის გადმოცემა სურდათ და სახლიდან ვერ გამოდიოდნენ. მატანდნენ ლაქტაციის ბალიშებს, ყველაფერს რაც შინ მოეპოვებოდათ.

„ჩავისვი მანქანაში ჩემი 1 წლის გოგო და მანქანით ვაკითხავდი მთელი დღე დედებს, რომლებსაც რამის გადმოცემა სურდათ და სახლიდან ვერ გამოდიოდნენ” – ამბობს ნათია გონაძე

ჩემი ერთი წლის შვილი მანქანით დამყავდა მთელი დღე, ჩავთვალე, რომ ერთ დღეს ასე გაძლებდა, მატანდნენ დედები ლაქტაციის ბალიშებს, „აი, ახლახან გავხსენი პამპერსის ეს შეკვრა და ორი მოვაკელი, დანარჩენი წაიღე!“ – ესეც კი მითხრა ერთმა დედამ.

ერთი ბავშვის მამამ დამირეკა და 3 ცალი ფაფა მომიტანა, ეს ჩვენგანო – მითხრა. ეს ყველაზე ძვირფასი ფაფა იყო ჩემთვის ქვეყანაზე“ – ამბობს ნათია გონაძე.

საჩუქარი უკრაინელ ახალშობილს
საქართველოში მცხოვრები დედების აქცია უკრაინელი დედებისა და ახალშობილების დასახმარებლად

„წარმოგვიდგენია, ომში როგორ უჭირთ“ – ბათუმში შშმ პირებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებმა უკრაინაში მცხოვრებ შშმ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ომში ყველა ადამიანი რთულ მდგომარეობაშია, შშმ პირებს კი ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა.

„უკრაინა და უკრაინელი ხალხი რთულ მდგომარეობაშია დღეს. წარმომიდგენია, როგორ მდგომარეობაში იქნებიან იქ მცხოვრები შშმ პირები, ეტლით მოსარგებლეები. ამიტომ ვუცხადებთ ჩვენ სოლიდარობას მათ“- ამბობს ნოდარ ქარცივაძე, აქციის მონაწილე.

ნოდარ ქარცივაძე სხვა შშმ პირებთან ერთად სოლიდარობის აქციაზე. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

აქციის მონაწილის, დეა ერემაშვილის თქმით, ომის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს მხარდაჭერა დაანახო, განსაკუთრებით კი შშმ პირებს, რომლებსაც უჭირთ საომარ მდგომარეობასთან ადაპტაცია.

„ჩვენთვის, შშმ პირებისთვის, მშვიდობიან დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, ომის პირობებში კი წარმოგვიდგენია, როგორ უჭირთ შშმ პირებს.

გვინდა რაღაც მაინც გავაკეთოთ მათთვის. კოალიციაში ვგეგმავთ ზუმით დავუკავშირდეთ შშმ ქალებს და გავარკვიოთ რა საჭიროებები აქვთ მათ ყველაზე მეტად და სწორედ ამ საჭიროებებში დავეხმაროთ.

12 ორგანიზაციაა ქალების ქსელში ჩართული, გვინდა მარათონის ტიპის ღონისძიება მოვაწყოთ და გავუშვათ ფეისბუკზეც, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს ომში მყოფი უკრაინელი შშმ პირების საჭიროებების შესახებ და შეგროვებული თანხით ის შევუძინოთ, რაც მათ სჭირდებათ“ – ამბობს დეა.

შშმ პირების სოლიდარობა უკრაინელებს. ფოტო: „ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

თომა კაკაბაძის თქმით, ისინი ცდილობენ ინფორმაცია მიიღონ რა პირობებში უწევთ შშმ ადამიანებს უკრაინაში ცხოვრება.

„როგორც ვიცით, საკმაოდ მხნედ არიან, „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადებაშიც მონაწილეობენ და ცდილობენ ასე დაეხმარონ უკრაინულ არმიას, რომ წინ წაიწიონ“.

თომა კაკაბაძის თქმით,  შშმ პირების მდგომარეობა განსაკუთრებით რთულდება ევაკუაციის დროს, როცა იბომბება ქალაქები, ეტლით მოსარგებლეებისთვის კი რთულია სწრაფად გადაადგილება.

ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„ძალიან რთულია, ასევე, მარტოხელა შშმ პირების ყოფა ამ პერიოდში, მაშინ როცა შესაძლოა სასურსათო და სხვა ჰუმანიტარული მარაგების პრობლემა შეიძლება შეიქმნას.

ასევე, მენტალური ჯანმრთელობის და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის რთულია საომარ პირობებში ადაპტირება, რადგან რთულია მათ გააგებინო, რომ ომია და აუხსნა, რატომ ვერ გადიან გარეთ.

ეს ყველაფერი ჩვენც გადავიტანეთ და კარგად გვესმის, მაგრამ უკრაინაში უფრო ფართომასშტაბიანია, ამიტომ არის საჭირო მათი გვერდით დგომა“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

„ომში ყველაზე მეტად შშმ პირებს სჭირდებათ მხარდაჭერა“- ამბობენ ბათუმში მცხოვრები შშმ ადამიანები. ფოტო:„ბათუმელები“/ლელა დუმბაძე

უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე ყოველ საღამოს იმართება. მეათე დღეა, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. საომარ მოქმედებს ემსხვერპლა ბავშვებიც. ამ დროისთვის დაახლოებით 2 მილიონამდე უკრაინელმა ლტოლვილმა დატოვა ქვეყანა.

იტალიაში დააყადაღეს კრემლის ჟურნალისტის, სალავიოვის ვილები – მედია

იტალიური გამოცემა La Repubblica-ს ცნობით, იტალიაში დააყადაღეს კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სალავიოვის ორი ვილა ტბა კომოსთან ახლოს.

გამოცემის ცნობით, იტალიის ხელისუფლებამ ასევე დააყადაღა რუსი მილიარდერის, უსმანოვის ვილა სარდინიაში.

უსმანოვი და სალავიოვი არიან იმ რუს პირთა სიაში, რომელთაც ევროკავშირმა სანქციები დაადო რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.

La Repubblica-ს ცნობითვე, იტალიის ფინანსურმა პოლიციამ კიდევ ორი რუსი ბიზნესმენის, მორდაშოვისა და ტიმჩენკოს,  ასევე, დუმის ყოფილი დეპუტატის, სავჩენკოს იახტების კონფისკაცია მოახდინა ტოსკანაში.

 

უკრაინამ საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების მსურველთათვის ვებგვერდი შექმნა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამოქმედდა ვებგვერდი სადაც განთავსებულია ყველა საჭირო ინფორმაცია უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ უკრაინის თავდაცვის საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანება.

ვებგვერდზე, ქვეყნების მიხედვით, განთავსებულია უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების მისამართები. საერთაშორისო ლეგიონში გაწევრიანების მსურველები კი, სწორედ მათ უნდა დაუკავშირდნენ. აქ მოხალისეებს უკრაინაში გამგზავრებისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებასა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარებიან.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

 

 

„ფორმულა 1“-ის რუს მრბოლელს Haas-მა კონტრაქტი შეუწყვიტა – BBC

BBC-ის ინფორმაციით, „ფორმულა 1“-ის რუს მრბოლელ ნიკიტა მაზეპინს ამერიკულმა კომპანია Haas-მა კონტრაქტი შეუწყვიტა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო.

აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანია Haas-მა ასევე შეწყვიტა კონტრაქტი, მათ ერთ-ერთ მსხვილ დამფინანსებელთან, რუსულ ქიმიურ კომპანია Uralkali-სთან, რომელიც ნაწილობრივ ეკუთვნის მაზეპინის მილიარდელ მამას, დიმიტრის, რომელიც პუტინის თანამოაზრეა.

BBC-ის ცნობით, მაზეპინის მამა ერთ-ერთი იყო წამყვანი რუსი ბიზნესმენებიდან, რომელიც პუტინთან კრემლში მიიწვიეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე საათში.

ჰაასმა 24 თებერვლის შემდეგ, თავისი მანქანებიც გადახატა და რუსეთის დროშის ფერები, – წითელი, თეთრი და ლურჯი ამოიღო.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

43 არტისტი უკრაინის დასახმარებლად ნამუშევრებს ყიდის

43 არტისტი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაერთიანდა. მათ NFT კოლექცია შექმნეს, რომლის შეძენაც უკვე შეგიძლიათ Opensea.io-ზე. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად ომში მყოფ უკრაინელ ხალხს გადაერიცხება.

„ეს არტისტები ძალიან ცნობილი პირები არიან თავიანთ სფეროში და ძალიან ძვირადაც ჰყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, მაგრამ რადგან აქცია საქველმოქმედოა, ფასი არ არის მითითებული და მსურველებს შეუძლიათ თვითონ შემოგვთავაზონ თუ რა თანხას გადაიხდიან ამა თუ იმ ნამუშევარში“-ამბობს ArtUp Street Gallery-ს დამფუძნებელი ლევან გელიაშვილი, რომელიც ორგანიზებას უწევს საქველმოქმედო აქციას.

ამ დროისთვის 50 ნამუშევარია წარმოდგენილი, რომელიც ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკას ასახავს.

რა არის NFT-ი და როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ უკრაინელებს ნამუშევრის შეძენით, დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ბოლო 24 საათში უკრაინა 118 ათასმა ადამიანმა დატოვა, 11 ათასი კი დაბრუნდა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 4 მარტს უკრაინა 118 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა, ამავე დღეს კი, უკრაინაში დაბრუნდა 11 ათასზე მეტი უკრაინელი.

„მადლობა იმ თანამემამულეებს, ვინც სამშობლოს მძიმე დროს დაუბრუნდა“ – აცხადებს უკრაინის შსს.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის საზღვარი 13.5 ათასზე მეტმა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა.

მგზავრთა უმეტესობა პოლონეთის ტერიტორიაზე გადადის.

„ჩვენ ვაწარმოებთ უნგრეთთან საზღვარზე არსებული კვეთის პუნქტების გამოყენებას უფრო სწრაფი საზღვრის კვეთისთვის, ამჟამად ისინი ყველაზე ნაკლებად დატვირთულია (თითქმის ცარიელი), ასევე სლოვაკეთთან და მოლდოვასთან. დასავლეთ საზღვარზე ყველა საკონტროლო პუნქტი მუშაობს 24/7 რეჟიმში“ – აცხადებს უკრაინის შსს.

ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინის საზღვარზე / ფოტო: უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

„უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გადამზიდავი მანქანების გავლა გამარტივებული წესით ხდება. მესაზღვრეები, სხვა საკონტროლო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ასეთ საქონელზე შემოწმების ოპერაციები რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან, 5 მარტამდე პერიოდში დასავლეთის სამხარეო ადმინისტრაციის მესაზღვრეებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების ნება დართო 834 ავტომანქანას და 19 სარკინიგზო ვაგონს. ტვირთი შემოდის არა მხოლოდ მეზობელი პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და უნგრეთიდან, არამედ გერმანიიდან, ჩეხეთიდან, სლოვენიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

ეს ტვირთები განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების საჭიროებებისთვის, რომლებიც იცავენ სამშობლოს რუსი ოკუპანტებისაგან, ასევე ქალების, ბავშვებისა და მოხუცების საჭიროებებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან თავშესაფარი ეძებონ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო რეგიონებში“ – აცხადებს უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის დასავლეთის რეგიონული დეპარტამენტი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემებით, 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 1,2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უცხოეთიდან ქვეყნის დასაცავად 66 224 უკრაინელი დაბრუნდა.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

რუსეთში მაღაზიებს ხურავენ „შანელი“, „გუჩი“, „ბალენსიაგა“ და მოდის სხვა სახლები

რუსეთში მაღაზიებს ხურავენ მოდის ცნობილი ბრენდები.

LVMH-ი, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: Christian Dior-ი, Givenchy და Bulgari, კვირას, 6 მარტს, რუსეთში დახურავს 124 ბუტიკს.

რუსეთში მაღაზიებს ხურავს Kering-ი, მსხვილი ფრანგული კომპანია, რომელშიც შედიან „ბალენსიაგა“ „გუჩი“ და Saint Laurent-ი. ამ ბრენდების მაღაზიებში 180 ადამიანი მუშაობდა რუსეთში.

რუსეთში ბიზნესს აჩერებს „შანელიც“.

რუსეთში მუშაობა უკვე შეაჩერეს ძვირადღირებული ჩანთების მწარმოებელმა Hermes-მა და შვეიცარიული Cartier-ის მფლობელმა  Richemont-მა.

მას შემდეგ რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას დაესხა თავს, რუსეთში ათობით ცნობილმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა. კომპანიების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

____________________

რუსეთი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

 

 

ოქროს კანონდარღვევით შემოტანის მცდელობები საბაჟო გამშვებ პუნქტებში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „ყაზბეგი“ და „სადახლო-საავტომობილო“, კანონდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა.

„საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“ და „ყაზბეგი“, მებაჟე ოფიცრების მიერ ყაზახეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების როგორც ფიზიკურად, ისევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები [საერთო წონა: 263,73 გრამი] გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში 34 991,87 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით, საერთო ჯამში, 34 991,87 ლარით დაჯარიმდნენ.

მებაჟე ოფიცრების მიერ, კანონდარღვევის კიდევ ერთი ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის კ.რ.-ს მიმართ გამოვლინდა. მას 232,65 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები საქართველოს საბაჟო საზღვარზე მალულად შემოჰქონდა.

ვინაიდან, აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“. – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

როდის იქნება შესაძლებელი სისხლის ჩაბარება უკრაინელების დასახმარებლად

საქართველოში უკრაინელების მხარდასაჭერად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სისხლის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: donor.moh.gov.ge

სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, თავად სისხლის ბანკებიდან დაუკავშირდებიან მოქალაქეებს.

„ბათუმელები“ ბათუმში სისხლის ბანკ „ჰემას“ და კლინიკა „მედცენტრს“ დაუკავშირდა, სადაც ასევე აქვთ სისხლის ბანკი.

„ჯერ სისხლის მიღება არ შეგვიძლია. სისხლის ჩაბარება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როცა მოგვარდება ტრანსპორტირების პრობლემა, შენახვის პირობებია, ვადა გასათვალისწინებელია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბეჟან ბერიძე, სისხლის ბანკის, „ჰემას“ ხელმძღვანელი.

„ჯერჯერობით იქმნება ბაზა, საჭიროების შემთხვევაში დაურეკავენ მოქალაქეებს, ჯერ ინსტრუქცია არ მიგვიღია“ – გვითხრა „მედცენტრის“ ხელმძღვანელმა, დეა ქაჯაიამ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში  გვითხრეს, რომ სისხლის ტრანსპორტირების პრობლემა კი არ არსებობს, არამედ ჯერჯერობით ამის „საჭიროება არ არის“ და მოთხოვნის მიღების შემდეგ, დონორებისგან მიღებულ სისხლს უკრაინაში გააგზავნიან.

რას ხატავენ უკრაინელი ბავშვები ომში

მეათე დღეა რაც რუსეთი საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღებული ძლებით უტევს უკრაინას, ბომბავს სოფლებსა და ქალაქებს. დაღუპულია ასობით სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ომის ქარცეცხლში უკრაინელი ბავშვები ხატავენ ყველაფერს, რაც მათ გარშემო ხდება. ამ ნახატებს ჯგუფი ავრცელებს International competition for artists SOLOVIOV ART.

სოფია, 10 წლის
11 წლის იულიას ნახატი, კიევი
9 წლის ბავშვის ნახატი ბორისპოლიდან
ხრისტია, 10 წლის
ალექსეი, 11 წლის
სოფია, 11 წლის
სერგეი, 13 წლის
იულია, 10 წლის
ვიტალი, 10 წლის
დაშა, 16 წლის
დიანა, 10 წლის
არსენი, 11 წლის

2022-2023 წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცხადდა პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები.

რეგისტრაციის პირველ ეტაპი დაიწყება 2022 წლის 15 მარტიდან და გაგრძელდება 26 მარტის ჩათვლით. სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები.

დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეაფასებს ბავშვს და დაადგენს მის საგანმანათლებლო საჭიროებებს.

რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადა 2022 წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს:

ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე დარეგისტრირდებია ის ბავშვები რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

მეორე ეტაპზე რეგისტრაცია დაიწყება 2 მაისიდან და გაგრძელდება 13 მაისის ჩათვლით.

მესამე ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას, რომელიც 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე (registration.emis.ge.)

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. „დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება“.

მეოთხე ეტაპზე კი, რომელიც 28 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება,  ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ის მოსწავლეები დარეგისტრირდებიან, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებს აქვეყნებს – 5 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, 5 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგებია:

  • პერსონალი – 10 ათასზე მეტი ადამიანი,
  • ტანკები – 269 ერთეული,
  • BBM – 945 ერთეული,
  • საარტილერიო სისტემები – 105 ერთეული,
  • MLRS -50 ერთეული,
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 19 ერთეული,
  • თვითმფრინავი – 39 ერთეული (დაზუსტებული),
  • ვერტმფრენები – 40 ერთეული,
  • საავტომობილო აღჭურვილობა – 409 ერთეული,
  • მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2 ერთეული,
  • საწვავის ავზები  – 60,
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 3.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

 

მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინფორმაციით, მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა.

ელგუჯა ბურდულს 33 ფილმში აქვს მხატვრული სახე შექმნილი, მათ შორის „უძინართა მზე“, „ბეღურების გადაფრენა“, „მოცურავე“, „ადამიანთა სევდა“, „მოკვეთილი“ და სხვა.

ბურდული იყო საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი, აგს ოპერატორი და „ქართული ფილმის“ მსახიობი 1984 წლიდან.

იყო საქართველოსა და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

„საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 000 წლისთავის“ აღნიშვნაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებული იყო საქართველოს საპატრიარქოს საპატიო სიგელით.

დადასტურდა კოვიდის 3 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა – 5 მარტი

stopcov.ge-ის მონაცემებით, 5 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 033 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ბოლო 24 საათში კოვიდისგან გამოჯანმრთელდა 8 118 პაციენტი.

ამავე პერიოდში ჩატარდა 19 680 კვლევა ტესტით. აქედან ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 416, PCR ტესტით – 3 264.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი  15,41 პროცენტია.

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული აქვს 2 825 035 ადამიანს, დღიურად აცრილია 1 034 ადამიანი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 2 600 პაციენტი.

პანდემიის დროს რუსეთიდან არაფერი შემოსულა, მაგრამ გადავრჩით – ბესო ნამჩავაძე

„ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსულ ბაზარზე დაბრუნებით კი არ უნდა ტრაბახობდეს, უნდა გვესაუბრებოდეს, რა გეგმები აქვს რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო საქართველოს შემოსავლების კლების წინააღმდეგ… მთავრობა აქტიურად უნდა ესაუბრებოდეს დასავლეთის ქვეყნებს დამატებითი გარანტების გამოყოფაზე, მაგრამ გავიხსენოთ, შარშან როგორ არჩიეს სასამართლოში კლანის შენარჩუნება ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს შეღავათიან კრედიტს. ამით არამარტო 75 მილიონზე, ზოგადად გრანტების და შეღავათიანი დაფინანსების პერსპექტივაზე თქვეს უარი“ – წერს ბესო ნამჩავაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ეკონომისტი, ფეისბუქზე.

როგორ აფასებს მთავრობის ნაბიჯებს მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზის ფონზე, რატომ არ არის სიმართლე, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული და მის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გადარჩება? – ამ და სხვა საკითხებზე ბესო ნამჩავაძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

  • ბატონო ბესო, თქვენი აზრით, რამდენად მწვავედ შეეხება საქართველოს „კლება“, რაზეც თქვენ წერთ? იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობამ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა?

მიუხედავად იმისა, რომ არ შევუერთდით სანქციებს, დიდი განსხვავება არ იქნება. რუსეთზე დამოკიდებულება ახლა მნიშვნელოვნად შემცირდება.

სანქციების გამო შემცირდება ქართული პროდუქტის იმპორტი რუსეთში და იმის გამოც, რომ სანქციებს რუსეთში მოჰყვება მოსახლეობის შემოსავლების კლება და გაუჭირდებათ პროდუქციის შესყიდვა.

შემცირდება ფულადი გზავნილები რუსეთიდან.

სამი მიმართულება: ექსპორტი, ტურიზმი და ფულადი გზავნილები არის ძირითადი წყარო, რითაც საქართველოში ფული შემოდის. გასულ წელს შემოვიდა 1 მილიარდ 300 მილიონი დოლარი. ეს თანხა მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო.

გარდა ამისა, შეიძლება ნაკლები აქცენტი კეთდება ამაზე, მაგრამ უკრაინიდანაც ყველაფერი შემცირდება. ომია, ეკონომიკა გაჩერებულია და იქ პროდუქციას ვერ შევიტანთ, დასაქმებული ადამიანი კი იქიდან ფულს ვერ გადმორიცხავს.

ვერც ტურისტი ჩამოვა. უკრაინიდან დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შემოდიოდა. შესაძლებელია ორივე ქვეყნიდან [რუსეთიდან და უკრაინიდან] წლის განმავლობაში მილიარდ დოლარამდე დანაკლისი მივიღოთ. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა.

რუსებზე დამოკიდებულება, რაც შეიქმნა 2013 წლიდან, არ იყო სასურველი. მოსალოდნელი იყო, რომ ასე დასრულდებოდა, უშუალოდ ჩვენთან ექნებოდა დაპირისპირება თუ სხვა ქვეყნებთან. რუსეთს უკვე ჰქონდა სანქციები და ახლა დაუმძიმდა, შედეგად ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ ცუდ მდგომარეობაში, რადგან მნიშვნელოვანი შემოსავალი გვქონდა რუსეთიდან. ამაზე რომ გვეფიქრა წლების წინ, ახლა ასეთ ზიანს არ მივიღებდით.

მონაცემებს თანდათან ვნახავთ, გამოქვეყნდება სტატისტიკური მონაცემები ვაჭრობის, ტურიზმის, გზავნილების და ამ ყველაფერს დავინახავთ რიცხვებში.

  • ამ ფონზე ლარს რა საფრთხე ემუქრება?

ეს ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, უკვე დავინახეთ ლარის კურსით, ლარი ყოველდღე უფასურდება. უფრო მეტად გაუფასურდა დოლარის მიმართ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა და ომში გადაიზარდა.

ერთია, რომ მოსახლეობას შეეშინდა და მეორე – უკვე შემცირდა დოლარით შემოსვლა ქვეყანაში ომის გამო. აქედან გამომდინარე, ლარი გაუფასურდა და როცა ეს ხდება, ფასებზე აისახება.

რუსეთი და უკრაინა საქართველოში საკვები პროდუქტების მნიშვნელოვანი მომწოდებლები იყვნენ. დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ფასებზე აისახება გაძვირების კუთხით. ჩანაცვლება მოხდება სხვა ქვეყნებიდან, რაც იქნება შედარებით ძვირი.

საბოლო ჯამში დიდი იქნება თუ არა ზიანი, დამოკიდებულია ამ ომის ხანგრძლივობაზე. არავინ იცის ეს როდის დამთავრდება – ერთ თუ ექვს თვეში და არავინ იცის სანქციები რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ დიდხანს გასტანს, დანაკარგი უფრო დიდი გვექნება.

  • რას ნიშნავს მთავრობის მხრიდან მუდმივად იმაზე აპელირება, რომ რუსულ ბაზარზე ვართ დამოკიდებული და სხვაგვარად არ გამოდის? რომ აუხსნათ საზოგადოებას, ეს რამდენად ასეა?

ამაზე აპელირებით უფრო მეტად წარმოაჩინა საქართველოს მთავრობამ რუსეთზე დამოკიდებულება, ვიდრე რეალურად არის. ეს გააკეთა 2019 წელს, „გავრილოვის ღამის“ დროს, როცა დაიძაბა რუსეთთან ურთიერთობა და ახლაც აკეთებს ამას. საქართველოს მთავრობას უნდა მიანიშნოს, რომ ჩვენ ვერ გადავრჩებით რუსეთის გარეშე.

იქნება დანაკლისი, მაგრამ საბედნიეროდ იმ დონეზეც არ ვართ დამოკიდებული რუსეთზე, რომ ვერ გადავრჩეთ მის გარეშე. მაგალითად, 2020 წელს პანდემიის გამო ფაქტობრივად ყველაფერი ჩახსნილი იყო, ტურისტი ვეღარ შემოდიოდა, ვაჭრობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ გადაიტანა ქვეყანამ ეს სიტუაცია, ამ დროს პარალელურად სხვა ქვეყნებთანაც რთული სიტუაცია გვქონდა და არა მხოლოდ რუსეთთან.

შედარებისთვის, რომ ვთქვა – სულ ყველანაირი ეკონომიკური კავშირი რომ გაწყდეს რუსეთთან, ჩვენ დავუწესებთ სანქციებს, ისინი დაგვიწყებენ თუ როგორ იქნება, იმის ნახევარი ზარალი იქნება, რაც პანდემიამ მოგვაყენა, სადღაც შეიძლება მესამედიც არ იყოს. აქედანაც ჩანს, რომ შეგვიძლია ამის გადატანა. თუ პანდემიის დროს ასეთი მნიშვნელოვანი ზარალი გადავიტანეთ, ამასაც გადავიტანთ.

პანდემიის დროს იყო ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც. მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები დაგვიდგნენ გვერდში, რაც ჯერჯერობით არ ჩანს უკრაინის ომთან დაკავშირებული პოზიციის გამო, რაც უჭირავს ჩვენს მთავრობას. საერთოდ საუბარი არ არის, რომ ამ ომის შედეგად შეიძლება საქართველოც დაზიანდეს.

საქართველო უფრო ადრე დაზიანდა, ვიდრე უკრაინა და ასეთ პირობებში ჩვენი მთავრობა იმით კი არ უნდა იწონებდეს თავს, რომ ბოლო 5-8 წლის განმავლობაში ამდენი ღვინო გავყიდეთ რუსეთში, ან ამდენი ტურისტი შემოვიდა. უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ ომის გამო საქართველოს ეკონომიკას ადგება ზიანი და ეძებდეს ამის კომპენსირების გზებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დახმარებით.

  • იმ მოლოდინის გათვალისწინებით, რომ დანაკარგებმა შეიძლება მწვავედ დაარტყას ეკონომიკას, რამდენად ადეკვატურია მთავრობის მოქმედებები, რომ ამ ყველაფერმა დრამატულად არ დააზარალოს ისევ საქართველოს ღარიბი მოსახლეობა?

ეს უფრო დაარტყამს ექსპორტიორებს რუსეთში, გზავნილების შემცირებამ კი შეიძლება დაარტყას მოსახლეობას. ბოლო წლებში საქართველოდან ემიგრანტები წავიდნენ უფრო ევროპისკენ, რუსეთი აღარ არის ძირითადი ქვეყანა ემიგრაციის კუთხით, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად გადაუსწრო. თუმცა 400 მილიონი დოლარი გადმოირიცხა შარშან რუსეთიდან, რაც მნიშვნელოვანი თანხაა.

როცა რუსეთში ცხოვრობ, მუშაობ და ფულს აგზავნი, რისკებისთვის მზად უნდა იყო.

ალბათ მაინც მოუწევს საქართველოს მთავრობას ბიუჯეტი შეცვალოს, გადააწყოს და რაღაც დახმარება გასცეს დაზარალებულებისთვის, ვინც შემოსავლის გარეშე დარჩება.

  • რა შეიძლება ამ ვითარებაში გააკეთოს ქვეყანამ, რომ დანაკლისები დააბალანსოს რუსეთის ბაზრის გარეშე?

ეს, ბუნებრივია, შესაძლებელია, ოღონდ არ არის ერთი და ორი კვირის საქმე, წლების წინ უნდა დაგვეწყო ამაზე მუშაობა. სამწუხაროდ, პირიქით ხდებოდა, უფრო და უფრო დამოკიდებული ვხდებოდით რუსეთზე, ნაცვლად იმისა, რომ ეს შეგვემცირებინა.

გასაგებია, რომ პროდუქტი კერძო ბიზნესს გააქვს, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, პასუხისმგებლობა მაინც მთავრობას ეკისრება.

სხვა ბაზრების თანდათან დივერსიფიცირება შესაძლებელია, ამიტომ ვამბობ, რომ ამ მხრივ ჩვენი საზღვარგარეთ კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარიც კი არ არის ამ თემაზე, რომ დაგვეხმაროს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები და გავიდეს ქართული პროდუქცია, იმიტომ, რომ ჩვენც დაგვაზარალა ამ ომმა.

ბოლოს და ბოლოს ეს ზარალიც აწონვადია, ღვინოა ყველაზე სენსიტიური და სულ 130 მილიონი დოლარი მივიღეთ ღვინის გატანით, საერთოდ რომ არ გავიდეს ღვინო რუსეთში წელიწადში ვკარგავთ 130 მილიონს და პანდემიის გამო რომ ჩაიკეტა საზღვრები დავკარგეთ 3 მილიარდი დოლარი. რამხელა სხვაობაა ხომ ვხედავთ?! საერთოდ არ გაგვქონდა ერთი ბოთლი ღვინო, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს განსაკუთრებით კარგად ცხოვრობს იგივე კახეთის მოსახლეობა, იმიტომ, რომ რუსეთის ბაზარი გახსნილია.

  • ევროკავშირში განაცხადი, თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, ეკონომიკაზე როგორ აისახება?

თუ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირი დაგვეხმარება უფრო მეტად, ასე მოხდა ყველა ქვეყნის შემთხვევაში ვინც იყო კანდიდატი და გახდა წევრი. ამ შემთხვევაში მივიღებთ უფრო დიდ დავალებებს, ვიდრე ევროასოცირების დროს. ბევრი რეფორმა იქნება გასატარებელი, მაგრამ ამას მოჰყვება ძალიან დიდი დახმარება ევროკავშირის მხრიდან. ეს შეიძლება იყოს მილიარდობით დოლარი, ასე მოხდა ოთხმოცდაათიან წლებში ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თუ სწორად და ეფექტურად გაჰყვები დასახულ გეგმას, უფრო აქტიურად გეხმარება ევროკავშირი, ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი.

  • საუბარია, რომ რუსეთის მოქალაქეებს სურთ ქონების შეძენა საქართველოში, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი კერძო სექტორში ბინების დაქირავებით არიან დაინტერესებულები. ცოტა ხნის წინ თქვენმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევა რუსული კომპანიების მომრავლებაზე საქართველოში. რომ განგვიმარტოთ კიდევ ერთხელ, ამ შემთხვევაში რა რისკებთან გვაქვს საქმე?

საშიშია, როცა ეს კომპანიები არიან სტრატეგიულ სექტორში, ეს არის ელექტროენერგიის გამომუშავება, განაწილება, სატრანსპორტო სფერო, მათ შორის ტელეკომუნიკაციები.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. სხვა მხრივ, როცა ბიზნესი შემოდის, შემდეგ, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოგიწევს, ვთქვათ დასავლეთისკენ წახვედი და რუსეთი გემუქრება, უფრო მეტი გექნება დასაკარგი.

სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას რაც შეეხება, აქ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. არ შეიძლება ყველაფერი ვიყიდოთ რუსეთისგან. უნდა არსებობდეს საქონლის ჩამონათვალი, რომელსაც არ ვიყიდით ამ ქვეყნისგან.

ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება საქართველოს ინფრასტრუქტურას რუსული კომპანიები აშენებდნენ. მათ შეიძლება საომარი დანიშნულებით გამოიყენონ ეს ინფორმაცია. ასევე, არ შეიძლება სახელმწიფო შესყიდვებში მიიღოს მონაწილეობა სანქცირებულმა კომპანიამ. დასავლეთი სანქციებს უწესებს და ჩვენ ასეთ კომპანიებს ბიუჯეტიდან ფული მივცეთ, წარმოუდგენელია. ქონებას რაც შეეხება, აქ უფრო კერძო ინიციატივებია, ამის დარეგულირება ასევე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

„მაიკროსოფტი“ რუსეთში გაყიდვებს აჩერებს

დღეს, 4 მარტს, „მაიკროსოფტმა“ განაცხადა, რომ წყვეტს თავისი პროდუქტების გაყიდვასა და სერვისებს რუსეთში.

„მაიკროსოფტის“ პრეზიდენტი, ბრედ სმიტი კომპანიის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას უკავშირდება. 

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავეხმაროთ უკრაინის კიბერუსაფრთხოების ჩინოვნიკებს რუსული თავდასხმებისგან, მათ შორის ბოლო დროს კიბერშეტევისგან უკრაინულ მთავარ მაუწყებელზე“ – წერია განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთი 9 დღის წინ უკრაინაში შეჭრა, რუსეთის ფედერაციაში მუშაობა ათობით მსხვილმა კომპანიამ შეაჩერა, მათ შორისაა – Apple, Nike, Dell Technologies, „იკეა“,  და ა.შ.

ამავე თემაზე: 

იკეა, იუსკი, შკოდა და სხვა კომპანიები, რომელთაც დღეს რუსეთში მუშაობა შეაჩერეს

უკრაინაში მოკლეს რუსეთის არმიის დივიზიის და პოლკის მეთაურები – BBC

„ბიბისი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის არმიამ ფრონტის წინა ხაზზე მინიმუმ სამი მეთაური დაკარგა. ერთ-ერთი მათგანია რუსი გენერალი ანდრეი სუხოვეცკი, 41-ე შერეული საბრძოლო დანაყოფის მეთაურის მოადგილე, რომელიც სნაიპერმა მოკლა.

„ბიბისის“ ცნობით, ასევე მოკლული არიან დივიზიისა და პოლკის მეთაურები. მათი ვინაობა ჯერ არ სახელდება.

რუსი მეთაურები  ფრონტის წინა ხაზზე გადიან, რათა ოპერაცია გაძლიერონ მეტი კონტროლითა და მუხტით.

„მეთაურები ცდილობენ გამოიყენონ პირადი ავტორიტეტი ბრძოლის ველზე, მაგრამ ეს, თავის მხრივ, მათ უფრო დიდი რისკის ქვეშ აყენებს“ – წერს „ბიბისი“.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით,“ – მიმართა დღეს, 4 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას.

„ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან გადავცე ზელენსკის ჩემი თანადგომა, თქვენი თანადგომა.

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ღირსებას, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოს მოსახლეობას სიტყვით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც მიმართა.

მე-9 დღეა უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს, როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

„არ გავჩუმდეთ“- ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს

„მოტივაციას გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა…. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ  რაშიც დარწუნებული ვარ ასე იქნება, ეს მთლიანი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის გამარჯვება წყვდიადზე, თავისუფლებს გამარჯვება მონობაზე”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა, როცა მან პირდაპირი ჩართვის დროს აქციაზე შეკრებილებს მიმართა.

დღეს, 4 მარტს, თბილისში უკრაინის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია იმართება.

მე-9 დღეა უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური 1984-1995 წლებში აშენდა. იგი სიდიდით უდიდესი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, ხოლო მსოფლიოში მეცხრე ადგილზე. მას აქვს ექვსი რეაქტორი, რომელთაგან თითოეული გამოიმუშავებს 950 მეგავატ ელექტროენერგიას და საერთო სიმძლავრე 5700 მეგავატია, რაც საკმარისი ენერგიაა დაახლოებით 4 მილიონი სახლისთვის.

ჩვეულებრივ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აწარმოებს უკრაინის ელექტროენერგიის მეხუთედს, რაც ქვეყნის ატომური ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის თითქმის ნახევარია.

ელექტროსადგური მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ენერგოდარში, კახოვკას წყალსაცავის ნაპირებზე, მდინარე დნეპრზე. ის დაახლოებით 200 კილომეტრშია სადავო დონბასის რეგიონიდან და 550 კმ-ში კიევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.

რა მოხდა პარასკევ დილით? 

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, პარასკევ დილით რუსულმა ძალებმა დაბომბეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია, რის შემდეგაც საწვრთნელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ორმხრივი სროლების გამო ვერ ახერხებდნენ.

პირველი ცნობა ელექტროსადგური თანამშრომელმა გაავრცელა, რომელმაც Telegram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ობიექტს და არსებობდა “ატომური საფრთხის რეალური რისკი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე”.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინფორმაცია დილის 2:30 საათზე დაადასტურა. დმიტრო კულებამ დაწერა, რომ რუსული არმიას „ყველა მხრიდან აქვს ცეცხლი გახსნილი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურზე. ხანძარი უკვე გაჩნდა“. მან მოუწოდა რუსულ მხარეს დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ცეცხლი, რათა მეხანძრეებს ხანძრის ლიკვიდირება მოეხდინათ.

ცოტა ხნის შემდეგ, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა განაცხადა, რომ რადიაცია ელექტროსადგურზე იყო “ნორმის ფარგლებში”, ისევე როგორც ხანძრის მდგომარეობა – “ნორმალური”. ბოლო ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადგურის გარეთ მდებარე შენობაში გაჩნდა.

მოგვიანებით გავრცელდა განცხადება, რომ ელექტროსადგური მესამე ბლოკი 02:26 საათზე გათიშეს და სადგურის ექვსი ბლოკიდან მხოლოდ ერთი – მეოთხე ბლოკი ჯერ კიდევ ოპერირებდა.

ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ინციდენტის ადრეულმა ცნობებმა  აზიის ფინანსური ბაზრებზე – აქციების ვარდნა და ნავთობის ფასების კიდევ უფრო ზრდა გამოიწვია.

არსებობს რადიაციული საფრთხე?

უკრაინის ხელისუფლებამ 4 მარტს [პარასკევს დილით] განაცხადა, რომ ობიექტი დაცულია და “ატომური უსაფრთხოება ახლა გარანტირებულია”.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განმარტებით, უკრაინის მარეგულირებელმა სააგენტოს განუცხადა, რომ „ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ დაფიქსირებულა“.

შეერთებულმა შტატებმა ასევე თქვა, რომ მათი უახლესი ინფორმაციით, ელექტროსადგურზე რადიაციის დონის მატება არ ფიქსირდება. აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, ჯენიფერ გრანჰოლმმა თქვა, რომ რეაქტორები „დაცულია ძლიერი შემაკავებელი სტრუქტურებით და რეაქტორები უსაფრთხოდ იხურება“.

რუსეთმა უკვე დაიკავა ჩერნობილის ელექტროსადგური, რომელიც კიევიდან ჩრდილოეთით 100 კილომეტრში მდებარეობს. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ზაპორიჟეს ელექტროსადგური ჩერნობილისგან განსხვავებული და უფრო უსაფრთხოა. სწორედ ჩერნობილი იყო მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფის ადგილი 1986 წელს.

აფეთქების, ბირთვული დნობის ან რადიოაქტიური ენერგიის გათავისუფლების შანსი დაბალია, თქვა ტონი ირვინმა, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო ასოცირებულმა პროფესორმა.

ირვინი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ატომურ ელექტროსადგურებს მართავდა სამი ათწლეულის განმავლობაში, არის ავსტრალიის ერთადერთი ბირთვული რეაქტორის – ღია აუზის ავსტრალიის მსუბუქი წყლის რეაქტორის (OPAL) ყოფილი მენეჯერი.

მისი თქმით, PWR რეაქტორები “ბევრად უსაფრთხოა”, ვიდრე ჩერნობილის რეაქტორები და, როგორც ჩანს, ჯერ არ დაზიანებულა. რეაქტორებს აქვთ დიდი ბეტონის დამაბინძურებლები და ჩაშენებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

„ცხადია, არ არის კარგი იდეა, თუ დაიწყებთ მასიური რაკეტების სროლას რეაქტორებზე,” – თქვა მან. „PWR [წნევით წყლის ბირთვული რეაქტორი] ტიპის რეაქტორი ბევრად უფრო უსაფრთხოა, რადგან ეს არის ორმაგი წრედის დიზაინის რეაქტორი. წყალი რომელიც რეაქტორს აგრილებს არის ცალკე წრეზე, მეორეზე კი ისაა, რომელიც ენერგიას აწვდის ტურბინას.

ამ რეაქტორებს აქვთ სარეზერვო გადაუდებელი გაგრილების სისტემებიც. რეაქტორის ნორმალური გაგრილების გარდა, მათ აქვთ პასიური სისტემა, აქვთ მაღალი წნევის შეყვანის სისტემები, აქვთ დაბალი წნევის შეყვანის სისტემები”.

„ხალხის მსახური“ – ზელენსკი კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

„ხალხის მსახური“ – ასე დაარქვა ზელენსკიმ პარტიას 2017 წელს და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ამავე სახელწოდებით მან სერიალში პრეზიდენტის როლი შეასრულა.

ზელენსკის გმირი ფილმში ვასილი გოლობოროდკოა, რომელიც 30 წლისაა და საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ერთ დილას მასწავლებელი იღვიძებს და იგებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ. პრეზიდენტი ფილმში კორუფციას ებრძვის.

ფილმი „ხალხის მსახური“, სადაც მთავარ როლს ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებდა. 2016 წელი

ამ ფილმამდე ზელენსკიმ არაერთი სატირული სახე შექმნა. კომიკოსს განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარების გაშარჟება უყვარდა.

„გადავწყვიტე, შენთან ღიად ვილაპარაკო, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ,“ – საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2019 წელს, ამ სიტყვით სცადა მან ამომრჩევლის გულის მოგება.

„ახლა უკრაინაში არის სიტუაცია, როცა ყველა უკრაინელს სამი გზა აქვს. პირველი გზა არის იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობ, იარო დინებით და ეს კარგია. მეორე გზაა, მოაგროვო ნივთები და სხვა ქვეყანაში წახვიდე, იქ ფული გამოიმუშაო და ნათესავებს, მეგობრებს გამოუგზავნო. ეს ასევე ნორმალურია, მაგრამ არის მესამე გზა – სცადო რაღაცის შეცვლა უკრაინაში და მე თვითონ ავირჩიე იგი“, – უთხრა ზელენსკიმ უკრაინელ ამომრჩეველს 2019 წელს.

მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ზელენსკის 2016 წელს იურმალას ფესტივალზე გამოსვლაც გაახსენეს, სადაც მან უკრაინას „მათხოვარი“ უწოდა. ზელენსკიმ თქვა, რომ ის მთავრობას გულისხმობდა და არა ქვეყანას მთლიანად.

ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

ზელენსკის გაუხსენეს ისიც, რომ ის 2018 წელს დაადანაშაულეს ჰომოფობიაში წარმოდგენის გამო, სადაც მსახიობებმა ლგბტქ თემს დასცინეს. საჯარო კრიტიკის შემდეგ სტუდიას ვიდეო საჯარო წვდომის სივრციდან აუღია და ბოდიში მოუხდია.

პრეზიდენტად არჩევამდე კი არა, კანდიდატად დასახელებამდე კიდევ ერთი კომიკური აქტი გაუთამაშებია ზელენსკის – როცა 2019 წელი დადგა, ერთ-ერთი ტელევიზიის „1 + 1“-ის საახალწლო ეთერში ზელენსკიმ მაყურებელს, როგორც პრეზიდენტმა, ახალი წელი მიულოცა.

ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო. ტელევიზიას მაშინ ეს ამბავი „ტექნიკური ხარვეზით“ აუხსნია.

ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წლიდან უკრაინის პრეზიდენტია

 

მთავარი ფოტო: სერიალი „ხალხის მსახარი“

ამ თემაზე:

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

ზაპოროჟიეს ატომური სადგური: როგორ გადავურჩეთ რადიაციას – ინტერვიუ დოქტორთან

„რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, რადიაცია არ ცნობს მეზობელს და არამეზობელს, კარგსა და ცუდს, რადიაცია ძალიან ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად ისე ვრცელდება, რომ ჩვენ ამას ვერც გავიგებთ. იმიტომ, რომ არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ გუბაძე.

  • ბატონო ნუგზარ, უკრაინაში შეჭრილმა რუსულმა სამხედრო ძალებმა, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. პუტინი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიანიშნებს ბირთვულ საფრთხეზეც, ფაქტობრივად, ბირთვული ომით აშანტაჟებს როგორც უკრაინას, ასევე ევროპას. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ სადგურზე?

ზაპოროჟიეში არსებული ელექტროსადგური შედარებით თანამედროვე ელექტროსადგურია, იმდენად მძლავრი, რომ მსოფლიოს ატომური სადგურების ხუთეულში შედის და დაცვის კარგად აღჭურვილი სისტემა აქვს.

მაგრამ ატომურ ელექტროსადგურს რა დაცვაც აქვს, ეს გათვალისწინებულია ექსტრემალურ სიტუაციებზე და ასეთ დროს, ავტომატურად გამორთვაზეც.

ცხადია, რომ ნებისმიერი ატომური ელექტროსადგური დივერსიასაც ითვალისწინებს, აქ ლაპარაკია თუნდაც დაბომბვაზე. ატომური ელექტროსადგურები მიეკუთვნება ენერგიების მიღების ერთ-ერთ ყველაზე სუფთა წყაროს. მისი პრობლემა არის მხოლოდ ავარიები და რადიაციის გაჟონვა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბევრად უფრო მძლავრი ელექტროსადგურია, ვიდრე ჩერნობილი. წინასწარმეტყველების დონეზე რომ არ გამომივიდეს, შედარებას გავაკეთებ. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ სკანდინავიის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის აღმოსავლეთი ნაწილიც კი, რადიაქტიური ზემოქმედების ქვეშ მოყვა.

  • მართვა შეუძლებელია?

შეუძლებელია იმ თვალსაზრისით, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ამ დროს საითკენ არის ქარი მიმართული და ღრუბლები საით წავა-წამოვა. აფეთქების დროს წარმოქმნილი ნაწილაკები კონდენსაციის ცენტრებს წარმოქმნიან ღრუბლებში და აი, ამ წვეთებს ეძახიან ხოლმე რადიოაქტიურ თოვლს, წვიმას. ჩერნობილის აფეთქების დროს, მაგალითად, ყველაზე მეტი რადიოაქტიური ნაწილაკები დასავლეთ საქართველოში დაილექა. საშინლად დაბინძურებული იყო ჩაი, რომელიც, სამწუხაროდ, იმ პერიოდში იყიდებოდა მაღაზიებში. ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ ეს ყველაფერი ამოეღოთ, თუმცა ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი და არავის არ გაუთვალისწინებია.

  • ახსენებენ რადიაციულ თავდაცვას. რას გულისხმობს ეს და საქართველოს თუ გააჩნია ეს თავდაცვის საშუალება?

რადიაციული თავდაცვა ერთ რომელიმე კომპონენტს, რაღაც ქოლგას არ მოიცავს. ეს არის ის, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ რადიოაქტიური შეტევის დროს ან როგორ მოვიქცეთ, რომ არ მოხდეს ამის გავრცელება.

მე დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი საქართველოში არსებული ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს მიმართ, რადგან კარგად მუშაობენ ამ მიმართულებით და ჩვენც, ვინც ამ საკითხებში ვართ ასე თუ ისე გათვითცნობიერებული, ყველანაირად ხელს ვუწყობთ. თუმცა რადიაციული უსაფრთხოება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ვთქვათ, ატომური ბომბი თუ ჩამოვარდა, ისინი ჩვენ გვიშველიან. ეს ასე არ არის.

უკრაინაში თუ რომელიმე ბლოკი აფეთქდა, ეს გამოიწვევს ბევრად მეტ უბედურებას, ვიდრე ჩერნობილმა გამოიწვია.

ატომურ ბომბსა და ატომურ ელექტროსადგურს შორის ის განსხვავებაა, რომ ატომური ბომბი არ არის მართვადი. თუ ბომბი ჩაირთვება, მაშინვე ფეთქდება, თუმცა რეაქციები ზუსტად ერთნაირად მიმდინარეობს. იქაც ხდება ნეიტრონების ბომბარდირება, ბირთვის გახლეჩა, ენერგიის გამოყოფა და ასე შემდეგ. მაგრამ ატომური ელექტროსადგურები მართვადია. მიმდინარეობს შენელება ბირთვული რეაქციის, მაგრამ თუ ყველა შემანელებელი მოირღვა, ის არის ჩვეულებრივი ატომური ბომბი.

ამიტომ, არ მესმის რაზე მიდიან რუსები, როცა თავს ესხმიან ატომურ ელექტროსადგურს და ცეცხლს უკიდებენ. რა ჰგონიათ, გაქცევას მოასწრებენ? ეს ხომ წარმოუდგენელია. ჩერნობილის 30-კილომეტრიან ზონაში, რომელსაც სიკვდილის ზონას უწოდებდნენ, ყველაფერი დანგრეული და განადგურებულია.

  • როგორ ფიქრობთ, რისი იმედი აქვს პუტინს, თუ ამას ჩაიდენს?

პუტინი თუ იქ არ იქნება, ალბათ მოასწრებს გადარჩენას, მაგრამ ვინც იქ იქნება, ვერავინ გადარჩება. მაგრამ პუტინის ჯარისკაცები ხომ იღუპებიან… თუმცა მე პუტინისგან არ მიკვირს, ის თავს არ მოიკლავს, თუ მისი ჯარისკაცები დაიღუპებიან.

600 ათასი ლიკვიდატორი იყო გაგზავნილი ჩერნობილში, აქედან 10 პროცენტი ანუ 60 ათასი ადამიანი ძალიან სწრაფად, რამდენიმე კვირაში დაიღუპა, 180 ათასი დროთა განმავლობაში დაიღუპა.

შეიძლება ადამიანმა მიიღოს დასხივება და თუ აღარ მიეკარება რადიაციის წყაროს, იმუნური სისტემა აღიდგინოს.

  • მას შემდეგ, რაც პუტინმა ბირთვული საფრთხეები ახსენა, გაჩნდა სხვადასხვა ვერსია, თუ რა უნდა მივიღოთ რადიაციისგან თავის დასაცავად, საუბარია იოდზე. არსებობს რაიმე სპეცტანსაცმელი თუნდაც, რამაც შეიძლება დაგიცვას რადიაციისგან?

რადიოაქტიური გამოსხივების დროს, ვთქვათ, გამა გამოსხივება გადის ნახევარი მეტრის სისქის ბეტონში, ის გადის დაახლოებით 3 სმ სისქის ტყვიაში. ამ სისქის ტყვიას ვერ ჩავიცვამთ. ის, რასაც აჩვენებენ ხოლმე თუნდაც ფილმებში, რომ რაღაც სკაფანდრები აცვიათ და ასე აღჭურვილი მიდიან, ეს ვერ დააკავებს ვერც ბეტა გამოსხივებას, ვერც ნეიტრონებს. უბრალოდ, არის იმისთვის, რომ თუ რაღაც მტვერი დაგეყარა, გამოხვიდე, ტანსაცმელი გადაყარო, რომ გარეთ არ გამოიტანო დაბინძურება. სხვა რაიმე ასეთი დაცვა არ არსებობს.

  • მაშინ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, თუ გაჩნდა რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხე?

მესმის, რომ კითხვები ჩნდება, ვთქვათ, გავიქცეთ და მიწის სიღრმეებში ჩავძვრეთ, კი ბატონო, თუ ჩავძვრებით მიწის სიღრმეში, გადავრჩებით. ან ძალიან სქელი ბეტონის კედლებში თუ დავრჩებით, გადავრჩებით.

მაინც და მაინც ფანჯრის წინ ნუ დავდგებით და ნუ შევხედავთ ღრუბელს.

თუმცა, ადრეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, თუ ხედავ, რომ სოკოს-მაგვარი ღრუბელი წარმოიქმნება ცაზე, ჩათვალე, რომ ცოცხლებში აღარ წერიხარ. სხვა შემთხვევაში, დამცავი არის მეტრო, დამცავი არის მიწის სიღრმეები, ბეტონის კედლები და ასე შემდეგ, მაგრამ ესეც გარკვეულწილად.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ატომურ ბომბზე, არამედ ატომურ რეაქტორზე. თუ მოხდა სადგურზე აფეთქება, ამ დროს ჩნდება ზონები, ვთქვათ,  30-კილომეტრიანი ზონა, რომელიც იყო ჩერნობილის დროს, შემდეგ იყო 60-კილომეტრიანი, 100-კილომეტრიანი ზონები და ასე შემდეგ. ჩვენც რაღაც ზონები უნდა შემოვიღოთ და მეორე, იმაზეა დამოკიდებული, აფეთქების შემდეგ წარმოქმნილი ღრუბელი საით წავა.

ბელარუსზე, რომელიც ახლა ტაშს უკრავს პუტინს, 60 პროცენტი წავიდა რადიოაქტივობა ჩერნობილის დროს. ამან გამოიწვია სიმსივნეები, ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება, სისხლძარღვთა დაავადებები, გულის უკმარისობები და შემდეგ, როცა ეს ხალხი იღუპებოდა, ამას აღარ აღრიცხავდნენ. ჩერნობილმა ძალიან დიდი მსხვერპლი გამოიწვია და რომ არა სკანდინავიის ქვეყნები, ვერც გაიგებდა მოსახლეობა, ისე მიაჩუმათებდნენ.

რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, რადიაცია არ ცნობს მეზობელს და არამეზობელს, კარგს და ცუდს, რადიაცია ძალიან ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად ისე ვრცელდება, რომ ჩვენ ამას ვერც გავიგებთ – დასხივების ზონაშიც კი არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო.

ამიტომ მე ვამბობ ასე, რომ ძალიან დიდი საშიშროებაა. ისინი, ვინც ახლა ებრძვიან უკრაინელებს, უკიდებენ ცეცხლს ატომურ ელექტროსადგურს, რას ფიქრობენ, თვითონ გადარჩებიან? მაგრამ ეს არის უგუნური ხალხის საქციელი.

  • თქვენ ამბობთ, რომ უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, ვთქვათ, ბუნკერს შეაფარო თავი, რამდენი ხანი შეიძლება დარჩეს ადამიანი ბუნკერში?

ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ მოხდება აფეთქება ზაპოროჟიეში. ჯერ ის რადიოაქტიური ღრუბელი თუ წყალი უნდა ვნახოთ საით წავა. ამიტომ მუდმივად საჭიროა ამის კონტროლი და ამას, სხვათა შორის, კარგად აწარმოებს საქართველო. უნდა მოდიოდეს სიგნალი არის თუ არა მომატებული რადიაციის დონე და ამის შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ, ეს მეორე საკითხია.

თუ რადიაციული ღრუბელი სხვაგან წაიღო ქარმა, მაშინ ჩვენ საფრთხე ნაკლებად გვემუქრება.

  • იოდის გამოყენებაზე რას გვეტყვით? 

ჩერნობილის შემდეგ ბავშვებს ყელში უსვამდნენ იოდს და სწორს შვრებოდნენ, რადგან ფარისებრი ჯირკვალი ყველაზე მეტად შთანთქავს იოდს და თუ ჩვენ ნაჯერობაში გავიყვანთ, მერე რადიოაქტიურ იოდს აღარ მიიღებს ორგანიზმი. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ზომიერად, რადგან ამან ის გამოიწვია, რომ ბავშვებს იოგები დაუზიანდათ და ვეღარ ლაპარაკობდნენ.

ახლა მეშინია ამაზე ლაპარაკი, რადგან ეს გამოიწვევს პანიკას, არიქა, იოდი ვიყიდოთო და გაქრება აფთიაქებში. არა ხალხო. ჯერჯერობით რაიმე მოქმედებაზე გადასვლა სწორად არ მიმაჩნია. თუ რამე მოხდება, ჩვენ გვყავს შესაბამისი სამსახურები და მათ შორის ვარ მეც იმისთვის, რომ ვნახოთ რა ხდება საქართველოში, რა მდგომარეობაა რადიაციის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შესაბამისად ვიმოქმედოთ.

_________________________

მთავარი ფოტო: ნუგზარ გუბაძე/„რადიო თავისუფლება“.

ქალაქი დროშის ფერებით – ბათუმის სოლიდარობა უკრაინას | ფოტო

ბათუმის ქუჩები უკრაინის დროშის ფერებშია მორთული. კომპანიის ოფისების, მაღაზიების, აფთიაქებისა თუ კაფეების მფლობელები ცდილობენ ვიტრინაში გამოფინონ უკრაინის დროშის ფერები – ცისფერი და ყვითელი და ასე გამოხატონ მეზობელი ქვეყნისადმი მხარდაჭერა, რომელიც უკვე მერვე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმას იგერიებს საკუთარ ტერიტორიაზე.

ეს სოლიდარობა შესამჩნევია არა მხოლოდ მოდური მაღაზიების ვიტრინებზე, სადაც ახლა ყვითელი და ცისფერია მთავარი ფერები, არამედ აქსესუარების და ავეჯის მაღაზიების წინაც – ბევრი ცდილობს მოიძიოს გასაყიდ საქონელში ის, რაც მის სოლიდარობას აჩვენებს უკრაინის მიმართ.

რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა თავს. მერვე დღეა ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარეობს ომი.

ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ფოტო: „ბათუმელები“/მარიამ მუთიძე

ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია
ბათუმის სოლიდარობა უკრაინას. ფოტო: „ბათუმელები“/ანა შენგელია

ბრძოლაა კიევთან, ხარკოვში, მარიუპოლი ნაწილობრივ ალყაშია – ბოლო ცნობები უკრაინიდან

„რუსეთის ჯარებმა შეავსეს რეზერვები და დაიწყეს შეტევა ზოგიერთ ოლქზე“ – განაცხადა დღეს,  4 მარტს, შუადღის ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა.

მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს ენერგოდარში, სადაც ნაწილობრივ კონტროლი დაამყარეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს ნიკოლაევისკენ წინსვლის ყველა მცდელობა.

ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს კიევის ჩრდილო-დასავლეთით, თვითმფრინავებისა და არტილერიის გამოყენებით.

„უკრაინის ჯარები აჩერებენ მტერს“ –  თქვა არესტოვიჩმა.

ბრძოლა მიმდინარეობს ხარკოვსა და ოხტირკაში, ასევე, ქალაქ ჩერნიგოვში მოხდა საჰაერო დარტყმა.

ბოლო მონაცემებით ქალაქი მარიუპოლი ნაწილობრივ ალყაშია, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები რუსებს არ აძლევენ ქალაქის სრული ალყის საშუალებას.

„ოდესაში ამ დროისთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს,“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

 

ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ, მაგრამ მზად ვართ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

„ნატო დაიცავს თავის ყველა მოკავშირეს და ტერიტორიას რუსული თავდასხმისგან“  – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა პარასკევს, ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩასვლისას.

„ჩვენი ალიანსი თავდაცვითია. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს, მაგრამ თუ კონფლიქტი მოვა ჩვენამდე, ჩვენ მზად ვართ და დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა ანტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან. კომენტარს „როიტერსი“ ავრცელებს.

„გასულ ღამეს ჩვენ ასევე ვნახეთ ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს უბრალოდ ადასტურებს ამ ომის უგუნურობას, მისი დამთავრების, რუსეთის მიერ თავისი ყველა ჯარისკაცის უკან გაწვევისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერად ჩართვის  მნიშვნელობას,“ – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

_______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/YVES HERMAN

ვინ არის ვოლოდიმირ ზელენსკი?

„გაურკვეველია რამდენ ხანს, ან თუნდაც უკრაინელებს შეუძლიათ გაუძლონ უაღრესად დიდ და უპირატეს რუსულ ძალას, ან გააგრძელებს თუ არა ბატონი ზელენსკი იმ როლის შესრულებას, რომლისთვისაც მას რეპეტიცია არ ჰქონია,“ – რამდენიმე დღის წინ წერდა „ნიუ იორკ თაიმსი“ უკრაინაში მიმდინარე ომზე და იხსენებდა, რომ ზელენსკის, რომელმაც დემოკრატიის გადასარჩენად სამყაროს მომართვა შეძლო, მხოლოდ კომიკოსის გამოცდილება აქვს. 

მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ არამხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომია, არამედ უკრაინის პრეზიდენტი – ვოლოდიმირ ზელენსკიც. თუკი ამ ომს ხშირად „ევროპის ისტორიულ ომად“ მოიხსენებენ, ზელენსკის გულწრფელი და უშუალო გამოსვლების შემდეგ ხაზს უსვამენ იმას, რომ „მას განსაკუთრებულად მოაქვს თანაგრძნობის ემოცია, რომელიც გადამდებია“. 

დენაციფიკაციას ვითხოვთ“ – რუსეთის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის „მიზეზი“ და პასუხი ზელენსკის ბავშვობიდან

„ჩემი ბაბუა საბჭოთა არმიაში იბრძოდა, სამი ძმა ერთად წავიდა ომში, მხოლოდ ბაბუაჩემი დაბრუნდა,“ – იხსენებდა ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წელს, ვიდრე მას პრეზიდენტად აირჩევდნენ. წლების წინ ნათქვამი ეს ფრაზები საერთაშორისო მედიამ მას შემდეგ გაიხსენა, როცა რუსეთმა თქვა, რომ „უკრაინაში დენაციფიკაციას ითხოვს“.

დასავლურმა მედიამ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ზელენსკის ებრაულ წარმომავლობას.

„უკრაინელი ერი არასდროს ყოფილა ნაცისტი,“ – თქვა ზელენსკიმ და გაიხსენა, რომ ჰოლოკოსტის დროს მილიონზე მეტი უკრაინელი მოკლეს.

„პუტინი ამბობს, რომ უკრაინის დენაციფიკაციას აპირებს, მაგრამ უკრაინის ებრაელმა პრეზიდენტმა ოჯახი ჰოლოკოსტში დაკარგა“, – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია „ვაშინგტონ პოსტმა“ 25 თებერვალს ზელენსკის შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკი ბაბუას საფლავზე. ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან, 2019 წელი

„სემიონმა [ზელენსკის ბაბუა] გაიარა მთელი ომი და სამუდამოდ რჩება ჩემს მეხსიერებაში ერთ-ერთი იმ გმირიდან, ვინც იცავდა უკრაინას ნაცისტებისგან. მადლობა იმისთვის, რომ ნაციზმის არაადამიანური იდეოლოგია სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს“, – წერდა ზელენსკი თავის ფეისბუქგვერდზე 2019 წელს, როცა ის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ზელენსკი გაპრეზიდენტებამდე იხსენებდა, რომ მისი ბებია ებრაელების ევაკუაციის დროს გაიქცა ყაზახეთში, ხოლო ომის შემდეგ კრივოი-როგში დაბრუნდა და მასწავლებელი გახდა.

„მე გავიზარდე ჩვეულებრივ საბჭოთა ებრაულ ოჯახში, არც თუ ისე რელიგიური იყო, რადგან რელიგია საბჭოთა სახელმწიფოში, როგორც ასეთი, არ არსებობდა,“ – ამბობდა ზელენსკი უკრაინულ მედიასთან.

ვოლოდიმირ ზელენსკი კრივოი-როგში 1978 წლის 25 იანვარს დაიბადა.

ზელენსკის უკრაინული 5 წლის წინ უსწავლია 

„რადიო თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინული კარგად 2017 წელს უსწავლია. ის უკრაინის იმ მხარეში დაიბადა, რომელიც რუსულენოვანი იყო.

ზელენსკები 4 წელი მონღოლეთში ცხოვრობდნენ, როცა ვოლოდიმირი პატარა იყო. მონღოლეთში ზელენსკის დედა ინჟინრად მუშაობდა, მამა კი სამთო და გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში იყო დაკავებული. ბოლო წლებია ზელენსკის მამა კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია.

ვოლოდიმირ ზელენსკი მშობლებთან ერთად. ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

16 წლის ზელენსკის ისრაელში სწავლისთვის გრანტი მოუპოვებია, მაგრამ საბოლოოდ იქ არ წასულა, რადგან მამას ეს გადაწყვეტილება არ მოსწონდა. ზელენსკიმ უმაღლესი განათლება კიევის ჰეტმანის ეროვნულ უნივერსიტეტში მიიღო, მან იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია, თუმცა იგი პოპულარული სტუდენტობის წლებიდან გახდა, „მხიარულთა და ჭკვიანთა კლუბიდან“. 1997 წლიდან აქ ზელენსკიმ საკუთარი გუნდიც შექმნა – „95-ე კვარტალი“.

ზელენსკი 2003 წელს დაქორწინდა ოლენა ზელენსკაზე. მათ ორი შვილი ჰყავთ: კირილი და ალექსანდრა.

ზელენსკის ქორწინების ფოტო. ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

„ხალხის მსახური“ – კომიკოსობიდან პრეზიდენტობამდე

„ხალხის მსახური“ – ასე დაარქვა ზელენსკიმ პარტიას 2017 წელს და პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა. მანამდე ამავე სახელწოდებით მან სერიალში პრეზიდენტის როლი შეასრულა.

ზელენსკის გმირი ფილმში ვასილი გოლობოროდკოა, რომელიც 30 წლისაა და საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლის. ერთ დილას მასწავლებელი იღვიძებს და იგებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტად აურჩევიათ. პრეზიდენტი ფილმში კორუფციას ებრძვის.

ფილმი „ხალხის მსახური“, სადაც მთავარ როლს ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებდა. 2016 წელი

ამ ფილმამდე ზელენსკიმ არაერთი სატირული სახე შექმნა. კომიკოსს განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული კორუფციული ვითარების გაშარჟება უყვარდა.

„გადავწყვიტე, შენთან ღიად ვილაპარაკო, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ,“ – საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2019 წელს, ამ სიტყვით სცადა მან ამომრჩევლის გულის მოგება.

„ახლა უკრაინაში არის სიტუაცია, როცა ყველა უკრაინელს სამი გზა აქვს. პირველი გზა არის იცხოვრო ისე, როგორც ცხოვრობ, იარო დინებით და ეს კარგია. მეორე გზაა, მოაგროვო ნივთები და სხვა ქვეყანაში წახვიდე, იქ ფული გამოიმუშაო და ნათესავებს, მეგობრებს გამოუგზავნო. ეს ასევე ნორმალურია, მაგრამ არის მესამე გზა – სცადო რაღაცის შეცვლა უკრაინაში და მე თვითონ ავირჩიე იგი“, – უთხრა ზელენსკიმ უკრაინელ ამომრჩეველს 2019 წელს.

მაშინ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვამდე ზელენსკის 2016 წელს იურმალას ფესტივალზე გამოსვლაც გაახსენეს, სადაც მან უკრაინას „მათხოვარი“ უწოდა. ზელენსკიმ თქვა, რომ ის მთავრობას გულისხმობდა და არა ქვეყანას მთლიანად.

ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდანზელენსკის გაუხსენეს ისიც, რომ ის 2018 წელს დაადანაშაულეს ჰომოფობიაში წარმოდგენის გამო, სადაც მსახიობებმა ლგბტქ თემს დასცინეს. საჯარო კრიტიკის შემდეგ სტუდიას ვიდეო საჯარო წვდომის სივრციდან აუღია და ბოდიში მოუხდია.

პრეზიდენტად არჩევამდე კი არა, კანდიდატად დასახელებამდე კიდევ ერთი კომიკური აქტი გაუთამაშებია ზელენსკის – როცა 2019 წელი დადგა, ერთ-ერთი ტელევიზიის „1 + 1“-ის საახალწლო ეთერში ზელენსკიმ მაყურებელს, როგორც პრეზიდენტმა, ახალი წელი მიულოცა.

ამ დროს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იყო. ტელევიზიას მაშინ ეს ამბავი „ტექნიკური ხარვეზით“ აუხსნია.

ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წლიდან უკრაინის პრეზიდენტია

რას ამბობდა ზელენსკი რუსეთის შესახებ გაპრეზიდენტებამდე? 

ვიდრე პრეზიდენტის კანდიდატი გახდებოდა, ზელენსკი პარტიიდან „ხალხის მსახური“ 2018 წელს რუსეთის შესახებ ამას ამბობდა:

„მინსკის შეთანხმება არ მუშაობს… ძალიან ლიბერალი ვარ, უნდა ვთქვა, მელოტ ეშმაკთან მზად ვარ შევთანხმდეთ, რომ არავინ აღარ მოკვდება“.

გაპრეზიდენტებამდე და შემდეგაც მას არაერთხელ უწოდეს „უკრაინელი დონალდ ტრამპი“. ზელენსკის შესახებ მედია ასევე ხშირად წერდა, რომ მისი საარჩევნო კამპანია ოლიგარქმა იგორ კოლომოისკიმ დააფინანსა.

„მხოლოდ ჩემი ჯიბიდან, მეგობრები დამეხმარნენ,“ – მუდმივად უარობდა ზელენსკი ოლიგარქთან კავშირს.

„მან იცის, რომ ზესახელმწიფოებს შორის უფრო დიდი ძალაუფლების თამაშის შუაშია და, როგორც ჩანს, იცის, რას აკეთებს. ის საკმაოდ კარგად უმკლავდება საკუთარ თავს. მან იცის, რა არის რეალურად სასწორზე, იცის, რა დაემართა ვიქტორ იანუკოვიჩს,“ – წერს უკრაინის მკვლევარი, რას ბელანტი [ვიქტორ იანუკოვიჩი კი უკრაინის მეოთხე პრეზიდენტია, რომელიც მაიდნის მოვლენების დროს 2014 წელს გადააყენეს] .

ზელენსკის შესახებ ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ ის რუსული არმიის პირდაპირი სამიზნეა, მაგრამ ზელენსკი კიევის დატოვებას არ აპირებს.

საქართველოში კი, ალბათ ყველაზე განსაკუთრებული ემოცია ზელენსკიმ 26 თებერვალს გამოიწვია, როცა ომის პირობებში მან თბილისსა და ბათუმში გამართული სოლიდარობის აქციაც დატვიტა:

„არის ხოლმე დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ მასზე უკეთესია“, – წერდა ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ფოტო ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

ომის დაწყების შემდეგ ითქვა, რომ ზელენსკის მოსაკლავად უკრაინაში რამდენიმე ჯგუფი შევიდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ზელენსკის ქვეყნიდან გასვლა შესთავაზა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი განაცხადა. ამის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა ზელენსკი უკრაინაში. მას ქვეყნის შიგნით ყველაზე უფრო ხშირად უკრაინის გმირს უწოდებენ.

ქვეყნიდან წასვლაზე უარის შემდეგ, რუსული პროპაგანდისტული მედია ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს ზელენსკიმ უკრაინა დატოვა. მან მოახერხა ამ ფეიკნიუსთან გამკლავებაც – ზელენსკი კიევის ქუჩებიდან ლაივ ჩართვებით მიმართავდა მოქალაქეებს.

ზელენსკის ლაივჩართვა

რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთის საზღვარი – ზელენსკის მიმართვა რუსებს

დღეს, 4 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის მოქალაქეებს რუსულ ენაზე მიმართა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

„რუსეთის მოქალაქეებო, თქვენ მინდა მოგმართოთ. ეს საერთოდ როგორ არის  შესაძლებელი?

ჩვენ ხომ 1986 წელს ერთად ვიბრძოდით ჩერნობილის კატასტროფის შედეგების წინააღმდეგ. თქვენ უნდა გახსოვდეთ აფეთქების შედეგად მიმოფანტული ცხელი გრაფიტი, მსხვერპლი, თქვენ უნდა გახსოვდეთ ნათება განადგურებული ელექტრობლოკის მაღლა, თქვენ უნდა გახსოვდეთ ევაკუაცია პრიპიატიდან და 30-კილომეტრიანი ზონები. როგორ შეიძლება ამის დავიწყება?!

და თუ არ დაგვიწყებიათ, მაშინ არ შეიძლება ჩუმად ყოფნა, თქვენ უნდა უთხრათ თქვენს მმართველობას, გამოხვიდეთ გარეთ და ილაპარაკოთ, რომ სიცოცხლე გინდათ, გინდათ იცხოვროთ დედამიწაზე რადიოაქტიური ინფიცირების გარეშე,  რადიაციამ არ იცის, სად არის რუსეთი,  რადიაციამ არ იცის, სად არის თქვენი ქვეყნის საზღვარი“. 

4 მარტს, გამთენიისას, დაახლოებით 03.00 საათზე, გავრცელდა ცნობა, რომ  უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის სამხედრო შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ჩააქრეს, თუმცა ბოლო ცნობებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის დაკავება შეძლეს.

უკრაინის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა და მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები პუტინის „ბირთვული ტერორის“ წინააღმდეგ. საუბარი შედგა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უმსხვილესია ევროპაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას თქმით, მისი აფეთქება ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქებასთან შედარებით 10-ჯერ მეტ კატასტროფას გამოიწვევს.

ზაპოროჟიედან ოფიციალური ცნობებით, ამჟამად რადიაციული ფონი ნორმაშია.

 

საქართველოს მოქალაქეები რუსეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვენ – პეტიცია

4 მარტს საქართველოში შეიქმნა პეტიცია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმებას მოითხოვენ.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სასწრაფოდ შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მხოლოდ პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მოქალაქეების შემოშვება მოხდება საქართველოში.

ასევე, დაწესდეს კონკრეტული ვადა, რა პერიოდითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქის საქართველოში გაჩერება (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე)“- წერია პეტიციაში.

პეტიციის ტექსტში ასევე ვკითხულობთ: „მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის მოქალაქეებს ბანკომატებიდან გამოაქვთ დოლარი და მიაქვთ უკან თავიანთ ოჯახებში. შედეგად სუსტდება ეროვნული ვალუტა.

რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით, 2014 წელს პუტინმა მოახდინა ყირიმის ანექსია. იგივე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა.

დანარჩენების მიღება საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები“.

პეტიციაში ასევე აღნიშნულია, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინაში რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სამშობიაროებს და ასობით ბავშვია გარდაცვლილი,  „მნიშვნელოვანია, რუსეთის მოქალაქეები დარჩნენ რუსეთში და გააპროტესტონ მათი აგრესორი მთავრობის ქმედება“.

პეტიციას ხელს ამ დროისთვის 8 ათასზე მეტი ადამიანი აწერს.

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა.

ამავე თემაზე: 

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა

მოსალოდნელია ყალბი ამბების გავრცელება – უკრაინის დაზვერვა მოქალაქეებს აფრთხილებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, რუსეთი აპირებს საინფორმაციო ომის გააქტიურებას უკრაინის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ ვერ მოახერხა უკრაინის სწრაფი დაპყრობა.

„რუსეთის ფედერაცია გადადის უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლის ღია ტერორისტულ გზებზე. ამავდროულად, რუსი ოკუპანტები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ ინფორმაციის გააქტიურებას და ფსიქოლოგიურ ოპერაციებს.

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ყალბი ამბების ფართოდ გავრცელება თანამედროვე მედიის გამოყენებით.

ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინელებს სიფხიზლისკენ, სჯეროდეთ უკრაინის შეიარაღებული ძალების და გამოიყენონ ინფორმაცია ოფიციალური და გადამოწმებული წყაროებიდან“ – წერს უკრაინის სადაზვერვო სამმართველო.

უკრაინაში უკვე მეცხრე დღეა ომია. 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა უკრაინას საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით.

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა.

დაინტერესება არის ასევე ამ ქვეყნების ბიზნესსექტორიდან როგორც ქონების შესყიდვის, ასევე გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზე.

საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მოუწოდებს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ უნებლიეთ გახდნენ ისეთი გარიგებების მონაწილეები, რაც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედ შიდა, საერთაშორისო კანონმდებლობასა თუ საერთაშორისო შეთანხმებებს:

„მოგიწოდებთ, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღებისას, ვიდრე გახდებით ამა თუ იმ გარიგების ან მოლაპარაკების პროცესის მონაწილე, იურიდიული კონსულტაცია გაიაროთ იურიდიული სერვისის გამწევ სუბიექტებთან. აქვე გასათვალისწინებელია ის პათოსი, რაც მსოფლიოში სუფევს,“ – აცხადებს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე ოთარ კაჭკაჭაშვილი.

გაიზარდა თუ არა მოთხოვნა სახელმწიფო ქონების შესყიდვაზე რუსეთის მოქალაქეების ან რუსული კომპანიების მხრიდან, ამაზე ქონების ეროვნულ სააგენტოში არ საუბრობენ: „ჩვენ აუქციონებს ვაცხადებთ, დეტალური ინფორმაცია წერილობით გამოითხოვეთ,“ – გვითხრეს სააგენტოში.

ბოლო წლებში საქართველოში ქონებას როგორც რუსული კომპანიები, ასევე რუსეთ-საქართველოს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები ყიდულობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა:

  • საქართველოში 7 000-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული
  • 2011-2021 წლებში სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ ჯამში 590 მლნ-მდე ლარის  ღირებულების კონტრაქტები მიიღო
  • 2021 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 38%-ით გაიზარდა, რუსულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 55% ეკავა
  • რუსული ბუნებრივი აირის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 23.1% შეადგინა, როცა ეს მაჩვენებელი 2018 წელს 2.8% იყო
  • რუსული პროდუქციის წილი საქართველოს ხორბლის ჯამურ იმპორტში 94% იყო
  • საქართველოში შემოსულ ვიზიტორებში რუსი ტურისტების წილი 2021 წელს 11.3%, ხოლო უცხოურ გზავნილებში რუსეთის წილი 17.5% იყო

ამის პარალელურად სოციალურ ქსელში, სხვადასხვა ჯგუფში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზრდილია ბინების ჯავშნებზე მოთხოვნა რუსეთიდან.

ჯგუფის რამდენიმე წევრი წერს, რომ აინტერესებს, რატომ არ უნდა მიიღონ რუსი ტურისტები, თუ ისინი პუტინის მოწინააღმდეგეები არიან, სხვები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად მათი შემოშვება ქვეყანაში სახიფათოა: „ასე ჯავშნიდნენ უკრაინაშიც ისტერიულად, მერე იარაღი აიღეს და დაიწყეს ბრძოლა“.

__________________

ფოტოზე: ლარსის გამშვები პუნქტი. ფოტო: გურამ როგავა

9 166 პერსონალი, 33 თვითმფრინავი – უკრაინა რუსეთის არმიის დანაკარგებზე 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, 4 მარტის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგებია:

  • პერსონალი – 9166 ადამიანი
  • ტანკი – 251 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა – 939
  • საარტილერიო სისტემები – 105
  • MLRS – 50 ერთეული
  • საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 18
  • თვითმფრინავი – 33
  • ვერტმფრენი – 37
  • საავტომობილო აღჭურვილობა – 404
  • მსუბუქი ჩქაროსნული კატარღა – 2
  • ტანკი PPM-ით – 60,
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 3 ერთეული

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.

 

 


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 მარტის 21 საათიდან 5 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით იწვიმებს, აჭარის მთებში მოთოვს.

კვირას, 6 მარტს, ღამით მოსალოდნელია ზოგან დროგამოშვებით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს კი გამოიდარებს და უნალექო ამინდი იქნება.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა უახლოესი 2 დღის განმავლობაში სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0– 3 გრადუსი ყინვა

______________

Exit mobile version