რუსულ ძალებს მიღებული აქვთ წინსვლის ბრძანება, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 14 თებერვლის ანგარიშში ფრონტის ხაზზე რუსეთის შეტევითი მოქმედებებია განხილული, უფრო კონკრეტულად კი, დონბასის ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში „ვაგნერის“ დაჯგუფებას მცირე შედეგი აქვს ჩრდილო დონბასის ქალაქ ბახმუტთან, მათ შორის, სოფელ კრასნა გორაში.

მიუხედავად ამისა, როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინული თავდაცვა კვლავაც აგრძელებს წინააღმდეგობას. თუმცა რუსულმა მოწინავე ტაქტიკურმა დაჯგუფებამ ქალაქის სამხრეთით სავარაუდოდ მცირე პროგრესს მიაღწია.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთით, ლუგანსკის ოლქის კრემინა-სვატოვეს სექტორში რუსეთის ძალები აგრძელებენ შეტევას, მაგრამ თავდასხმები რაიმე სერიოზული გარღვევის მისაღწევად ზედმეტად მცირე მასშტაბისაა.

უწყების შეფასებით, რუსეთი სავარაუდოდ იმ ვითარების შემოტრიალებას ისახავს მიზნად, რასაც უკრაინამ 2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში მიაღწია. რეალურად შესაძლებელია, რომ ამჟამინდელ მიზანს დასავლეთით, მდინარე ჟერბერეცისკენ წინსვლა წარმოადგენდეს.

„საერთო ჯამში, არსებული ოპერატიული სურათი მიუთითებს, რომ რუსულ ძალებს მიღებული აქვთ უმრავლეს სექტორში წინსვლის ბრძანება, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რომელიმე მიმართულებაზე დასახული ეფექტის მისაღწევად საკმარისი შეტევითი საბრძოლო ძალების მობილიზება“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 14 თებერვლის ანგარიშში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ბრიტანეთის დაზვერვა ყოველდღიურად აქვეყნებს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ მცირე ანგარიშს.

ბათუმის მერიასთან კორპუსის მშენებლობას გეგმავენ – საკრებულომ გენგეგმა დაამტკიცა

ბათუმის მერიასთან ახლოს, ფარნავაზ მეფისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, კორპუსის მშენებლობა იგეგმება. ბათუმის საკრებულომ გუშინ სამშენებლო მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. სამშენებლო ნაკვეთი ძეგლის დაცვის ზონაშია.

დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც საკრებულომ გუშინ, 13 თებერვალს დაამტკიცა, ძეგლის დაცვის ზონაში ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი.

პროექტის რენდერი

მერიის ინფორმაციით, აქ შპს „დიო ბილდინგი“  მშენებლობას ბარაკული ტიპის დასახლების დემონტაჟის ხარჯზე გეგმავს. მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა რამიშვილის ინფორმაციით, ბარაკული ტიპის სახლები, რომელთა დემონტაჟსაც კომპანია გეგმავს, ავარიული და სიცოცხლისთვის საშიშია. ეს ექსპერტიზის დასკვნებითაც დადასტურებულია.

გუშინვე საკრებულომ კიდევ სამი განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. აქედან ორი მშენებლობას რუსთაველის ქუჩაზე, #20-ში და #21-ში ითვალისწინებს, ერთი კი „ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებას გულისხმობს.

მამუკა რამიშვილის ინფორმაციით, „ოცნების ქალაქის“ განაშენიანების დეტალური გეგმა აქ ცხრა კვარტალის მოწყობას ითვალისწინებს თავისი ინფრასტრუქტურით.

რუსთაველის #21-ში ე.წ. ბარაკული დასახლების გარდა ორი ორსართულიანი სახლია, რომლებსაც კომპანია მშენებლობის ნებართვის მიღების შემთხვევაში დაანგრევს ახალი მშენებლობის დასაწყებად.

განაშენიანების დეტალური კონცეფციის მიხედვით, რუსთაველის #21-ში შპს „გრინკო“ 978 კვ.მეტრის ათვისებას გეგმავს. სამშენებლო მიწის ნაკვეთის წინ, ბარბარეს ეკლესიის მიმდებარედ არსებული სკვერია, შემდეგ კი – ბულვარი. შესაბამისად, აქ აშენებულ კორპუსს ქუჩის მხარეს არსებული ღიობებიდან ბულვარისა და ზღვის ხედი ექნება, რაც კომპანიისთვის დამატებითი სარგებლის მიღების საშუალებაა.

ბათუმი, რუსთაველის #21
ეს ორსართულიანი სახლიც, რომელიც ბათუმის ბულვარის წინაა,  რუსთაველის #21-ში მდებარეობს. იმ შემთხვევაში, თუ შპს „გრინკო“ მშენებლობის ნებართვას მიიღებს, მასაც დანგრევა ემუქრება

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 20 ნომერში, 150-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. მშენებლობა დაგეგმილია „ინტურისტის“ გვერდით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

18 წლის მოკრივე გოგო ბათუმიდან: ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა – VIDEO

„ყველა ბრძოლა ნოკაუტით მაქვს მოგებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 18 წლის ლანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორგზის საქართველოს ჩემპიონია კრივში.

წელიწად-ნახევარში ლანა ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა:„მიზანი გაძლევს ძალას, მოტივაციას და ყველაფერს. რთულია, მაგრამ ვინც მოდუნდება, ის ვერ მიაღწევს წარმატებას.“

ლანა ამბობს, რომ სპორტი ბავშვობიდან მოსწონდა. ბევრი სახეობა მოსინჯა, დადიოდა მძლეოსნობაზეც, სადაც მიაღწია კიდეც გარკვეულ წარმატებას, თუმცა, მისი თქმით, ბათუმში მძლეოსნებს შესაფერისი პირობები არ აქვთ სერიოზული წარმატების მისაღწევად.

ლანა ბოლქვაძე – საქართველოს ორგზის ჩემპიონი კრივში

„ბოლოს დავიწყე ფიტნესზე სიარული საქართველოს საბრძოლო აკადემიაში, სადაც კლასიკურ კრივსაც ასწავლიან, მომეწონა და გადავწყვიტე, ამ სპორტს გავყოლოდი.

კი, საკმაოდ სახიფათო სპორტია, რადგან შეიძლება სახე დაგიშავდეს, ამის გამო ოჯახის წევრებს არ მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება.

დედაჩემი მეჩხუბებოდა ხოლმე, როცა სავარჯიშოდ მოვდიოდი, მაგრამ ახლა, როცა წარმატებას მივაღწიე, უხარია“, – გვითხრა ლანამ.

ლანა ვარჯიშის დროს

მისი თქმით, არჩევანის გამო მეგობრებიც დასცინოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ „ქალს კუნთები არ უხდება“.

„არ მიჭერდნენ მხარს, ყველას უნდოდა, რომ გამოვსულიყავი, დამცინოდნენ, ბიჭს დაემსგავსეო. მე საერთოდ არ ვიზიარებ მათ აზრს, რადგან ვფიქრობ, რომ ქალსაც ძალიან უხდება ათლეტური სხეული.

ვფიქრობ, ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც შენ მიგაჩნია სწორად და რაც გულით გინდა. რას ვიზამთ, ყოველთვის ყველას ვერ მოვეწონებით. სამაგიეროდ, როცა ჩემპიონი გახდები, ყველას მოეწონება“, – ამბობს ლანა.

ამბობს, რომ კრივი ძალიან უყვარს და აქვს დიდი მიზანიც – მოიგოს მსოფლიო ოლიმპიადა.

„არ გავჩერდები“, – გვითხრა მან.

ამისთვის ბევრი შრომა უწევს, დღეში 4-5 საათიც, თუმცა გაცნობიერებული აქვს, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის.

„კრივში ყველაფერი გჭირდება – მოქნილობა, გამძლეობა, კარგი მხედველობა, სწრაფი რეაქცია, რომ მუშტები აიცილო და შენც უპასუხო.

ჩვენ, სპორტსმენებს, ბევრი რამის დათმობა გვიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია კვება, ძილი. საღამოს 23:00 საათზე თუ არ დაიძინე, შეიძლება აღარ გეყოს ენერგია. ამის გამო ხშირად ვერც მეგობრებს ვნახულობ, მაგრამ ჩემი საქმე მიყვარს და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – გვეუბნება ლანა.

გასულ წელს  კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს კრივის ფედერაციას დაფინანსება მოუხსნა.

ამის გამო მოკრივეები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მათ შორის ახალგაზრდა სპორტსმენები. ამაზე ლანაც წუხს და ფიქრობს, რომ ეს უსამართლობაა.

მწვრთნელთან ერთად

„ჩვენ ამდენს ვშრომობთ და ამ დროს სახელმწიფო ხელს არ გვიწყობს. არ გვაქვს დაფინანსება, ვერ დავდივართ შეჯიბრებებზე. არავის აინტერესებს ჩვენი მიღწევები.

მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, რომ ყველგან, სადაც გავიმარჯვებ, ჩემი ქვეყნის დროშა ავწიო და ჩვენი ჰიმნი ჟღერდეს. არ მინდა, რომ ოდესმე სხვა ქვეყნის დროშით ვიასპარეზო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მხარს გვიჭერდეს“, – გვითხრა ლანამ.

მისი თქმით, უსამართლობაზე ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ადამიანებს პროტესტი. „მით უმეტეს, მაშინ უნდა ამოიღო ხმა, როცა წარმატებული ხარ, რადგან ასეთ დროს ხალხი ყურადღებას აქცევს შენს აზრს. ვფიქრობ, რაღაც უნდა შეიცვალოს ჩვენს ცხოვრებაში“, – ამბობს ლანა.

ის უკრაინაში მიმდინარე ომსაც ეხმიანება და ამბობს, რომ როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი, წინააღმდეგია ომის.

„მე ომის წინააღმდეგი ვარ. 21-ე საუკუნეში ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ ომი არ არის საჭირო, რომ ერთმანეთს რაღაც წაართვან.

მე ის სპორტსმენებიც მეცოდებიან, ვინც ომის გამო თავს ვერ ავლენს. ვფიქრობ, ადამიანს უნდა უყვარდეს მეორე ადამიანი“, – ამბობს ლანა.

ლანა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიასაც სწავლობს. ამბობს, რომ უყვარს ბუნება და ამიტომ გარემოზე ზრუნვასაც აპირებს.

ჩემპიონატი, სადაც ლანა ბოლქვაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, წელს ბათუმში, სპორტის სასახლეში ჩატარდა. მასში 160 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ლანა ბოლქვაძემ ფინალში ანი მარგიევი ნოკაუტით დაამარცხა და მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ვიდეო:
დამცინოდნენ ბიჭს დაემსგავსეო - ლანა, 18 წლის ჩემპიონი კრივში

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 14 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 139 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740]
  • ტანკი – 3 286 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 500 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 299 ერთეული [+9]
  • MLRS – 466 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 298 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 286 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 011 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 857 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 155 ერთეული [+5]
  • სპეცტექნიკა – 218 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 14 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 385 თვითმფრინავი
  • 208 ვერტმფრენი
  • 3 121 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 404 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 859 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 019 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 091 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 377 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსულ ძალებს მიღებული აქვთ წინსვლის ბრძანება, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ – ბრიტანეთის დაზვერვა

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი იშვილო – ინტერვიუ იურისტთან

„მაგალითად, უპირატესობაა შვილად აიყვანო მეუღლის შვილი, რომელიც მას სხვა ქორწინებიდან ჰყავს, ან მამა არ არის დადგენილი…“ – იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი გვიყვება, კიდევ რა შემთხვევები ქმნის უპირატესობას, რომ წყვილმა რიგს აღარ დაელოდოს იმისთვის, რომ ბავშვი იშვილოს.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე, ბავშვის შვილება რომ შეძლო და რას აქცევს ამ დროს ყურადღებას სასამართლო? – „ბათუმელებმა“ შვილად აყვანის პროცედურაზე იურისტ გიორგი ხიმშიაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, როგორ და რა პირობით შეიძლება დარეგისტრირდე, როგორც შვილის აყვანის მსურველი? 

შვილება არის კანონით მკაცრად რეგულირებადი სფერო, რომლის მიღმაც მოქმედება არის დასჯადი ქმედება. შვილად აყვანის პროცედურას სრულად ზედამხედველობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. შვილების პროცესში ჩართულია მშვილებელი, სააგენტო და სასამართლო.

შვილად აყვანა დასაშვებია 18 წლამდე ბავშვის, რაც, პირველ რიგში, უნდა გამომდინარეობდეს ბავშვის კეთილდღეობიდან და მისი საუკეთესო ინტერესებიდან. დასაშვებია ასევე სრულწლოვანი პირის შვილებაც, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა.

ზოგადად შვილად აყვანა ბევრ ასპექტს მოიცავს და არ არის მხოლოდ სამართლებრივი მხარე გადამწყვეტი. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო აფასებს, რამდენად არის შესაძლებელი მშვილებელსა და ნაშვილებ ბავშვს შორის ჩამოყალიბდეს  ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის.

  • როგორ ფასდება, რა არის ბავშვის „საუკეთესო ინტერესი“, რა არის კრიტერიუმი? 

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესი ფასდება ყველა ინდივუდულურ შემთხვევაში დამოუკიდებლად. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს აქვს სპეციალური ინსტრუქცია, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს. აღნიშნული ინსტრუქცია ადგენს ზოგად წესს, რომლის შეფასებას ახდენს სააგენტოს სპეციალური უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პირი, ხოლო საბოლოო დასკვნას იღებს სასამართლო, რომელსაც აქვს ყველა ის რესურსი და მექანიზმი, რომ ყველა ფაქტორი და გარემოება გამოიყენოს გადაწყვეტილების მისაღებად, მათ შორის ისიც, რაც შეიძლება სააგენტოს არ ჰქონდეს გამოკვლეული, მაგრამ სასამართლო საქმის განხილვის ეტაპზე დაადგინოს.

მშვილებელთა რეესტრში რომ დარეგისტრირდე, საჭიროა აკმაყოფილებდე კონკრეტულ კრიტერიუმებს: მშვილებელი პირი არ უნდა იყოს ნასამართლევი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არ უნდა იყოს მსჯავრდებული, უნდა ჰქონდეს გავლილი ნარკოლოგიური და ფსიქიატრიული შემოწმება, არ უნდა იყოს მძიმე სენით დაავადებული, ასევე, მისი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა იძლეოდეს საშუალებას, რომ ბავშვი გაიზარდოს ნამდვილ ოჯახურ გარემოში.

ამის შემდეგ სააგენტო წერილობით აწვდის თავის მოსაზრებას სასამართლოს: შეესაბამება თუ არა შვილება კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვის საუკეთესო ინტერესს.

რაც შეეხება დოკუმენტაციას: შვილად აყვანის მსურველმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს, წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ქორწინებაშია, იგი წარადგენს ასევე ქორწინების დამადასტურებელ მოწმობას.

რეგისტრაციის შემდგომ ხდება პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესწავლა, არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი პირობების გადამოწმება და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება ყველა იმ ასპექტში, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს შეაფასოს პირადი მახასიათებლები.

  • ქორწინების გარეშეც შესაძლებელია შვილის აყვანა? 

იურიდიული თვალსაზრისით ჩვენ ეს კონკრეტული მომენტი შეზღუდული არ გვაქვს. კანონი არ ითხოვს წყვილთა ფორმას, ანუ ოჯახის არსებობას შვილებისთვის. შვილება შესაძლოა მოხდეს ინდივიდუალურად, თუმცა რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში, მეორე მეუღლის თანხმობაც საჭიროა.

შესაბამისად, ქორწინება არ არის სავალდებულოდ განსაზღვრული კრიტერიუმი შვილებასთან დაკავშირებით, თუმცა თუ ადამიანი განქორწინებულია, მან უნდა წარადგინოს შესაბამისი მოწმობა, ასევე მეუღლე თუ გარდაცვლილია, გარდაცვალების მოწმობის ასლი.

  • რა შემთხვევაში იღებს ადამიანი ამ შესაძლებლობას, რომ შვილი აიყვანოს? ვიცით, რომ წყვილები წლობით ელოდებიან რიგს.

რეგისტრაციას აქვს მოწესრიგების ფორმა და მიზანი, რომ შვილებას მიეცეს სისტემატიზებული ხასიათი და შინაარსი. არსებობს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, როდესაც შესაძლებელია რეესტრით განსაზღვრულ რიგითობას არ მიენიჭოს უპირატესობა და გარკვეული გამონაკლისი დაიშვას, მაგალითად, უპირატესობაა შვილად აიყვანო მეუღლის შვილი, როცა მას სხვა ქორწინებიდან ჰყავს  შვილი, ან მამა არ არის დადგენილი.

უპირატესობაა ასევე, როცა გასაშვილებელი ბავშვის კანონით განსაზღვრული ახლო ნათესავის წრეში ხარ. კონკრეტული პირის უპირატესობაა ასევე ის, როცა მას გასაშვილებელი ბავშვის დედმამიშვილი უკვე ნაშვილები ჰყავს, მაგალითად, იშვილა წყვილმა გოგო და შემდეგ იშვილა ამ გოგოს ძმა.

კანონი ითვალისწინებს უპირატესობას, თუ 6 თვე მინდობით აღზრდაში ჰყავს ბავშვი. თუ ამ დროს ვარ რეესტრში დარეგისტრირებული და სურვილს გამოვთქვამ, ეს არის უპირატესობა.

კანონი ასევე ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც გასაშვილებელი ბავშვის მშობლები ან ერთი მშობელი, არის მძიმედ დაავადებული, აქვს მესამე-მეოთხე სტადიის სიმსივნე, იმყოფება პალიატიურ მზრუნველობაში და სურს, რომ ბავშვი გააშვილოს. ამ შემთხვევაში ბავშვის მშობელი უფლებამოსილია, აირჩიოს მშვილებელი პირი ან წყვილი.

  • როგორ ხვდება თავად ბავშვი ამ რეესტრში? 

კანონით განსაზღვრულია ეს შემთხვევები, მაგალითად, ეს არის ბავშვი, რომელიც სასამართლომ აღიარა მიტოვებულად, ან როცა ბავშვის მშობლები სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, ობოლი ბავშვი, ასევე ბავშვი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება-მოვალეობა და როცა მშობლები თანახმა არიან ბავშვის გაშვილებაზე.

გასათვალისწინებელია, რომ მშვილებელსა და გასაშვილებელს შორის ასაკი არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები, თუმცა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება გამონაკლისი დაადგინოს სასამართლომ.

  • რა არის ამ დროს სასამართლოს როლი, რას განიხილავს მოსამართლე? 

პირველ რიგში, სასამართლო ფორმალურ შესაბამისობას ამოწმებს: რამდენად აკმაყოფილებს შეთანხმება კანონის პრინციპებსა და მოთხოვნებს.

სასამართლომ უნდა დაადგინოს, შვილება რამდენად შესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და რაც მთავარია: შვილებას არ უნდა ჰქონდეს გამოხატული ფინანსური ინტერესი, ის არ უნდა ატარებდეს ანგარებით ხასიათს, რაც არის სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად რეგულირებადი ნაწილი. უნდა დადგინდეს, ხომ არ არის წინაპირობა ფინანსური ინტერესი და რამდენად არსებობს შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მშვილებელსა და ნაშვილებს შორის ურთიერთობა.

  • ვინ მონაწილეობს ამ დროს სასამართლო პროცესში? 

სასამართლოს აქვს ძალიან ფართო შესაძლებლობა, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, შეამოწმოს, რამდენად იქნება ბავშვის ინტერესები დაცული მისი შვილების შემთხვევაში. შვილება უტოლდება ბიოლოგიური მშობლის და შვილის უფლებრივ მდგომარეობას, მემკვიდრეობას და ასე შემდეგ, სასამართლო არის მაქსიმალურად აღჭურვილი ინსტრუმენტალურად, დაადგინოს ინტერესი – შვილება რამდენად არის ლეგიტიმური.

  • რა ფორმით ხდება ამ დროს ბავშვის სურვილის გათვალისწინება? 

10 წლამდე ბავშვის გაშვილების დროს, მისი სიმწიფის გათვალისწინებით, ხდება მისი სურვილის გათვალისწინება. თუ ბავშვი არის 8 – 9 წლის, მოსამართლე ვალდებულია, მისი სურვილი გაითვალისწინოს. 10 წლის ასაკის ზევით კი, ბავშვის თანხმობის გარეშე მისი გაშვილება ცალსახად დაუშვებელია. 10 წლის ზევით ბავშვი შემოდის როგორც სუბიექტი, სამართალურთიერთობის მონაწილე. 10 წლის ასაკის შემდეგ ბავშვი ხდება გადაწყვეტილების მიმღები პირი.

  • როგორ ხდება გამორკვევა: ხომ არ მოახდინეს ბავშვზე ზეწოლა?

სააგენტო ამ მიმართულებით ფართო დისკრეციით სარგებლობს. გადაწყვეტილების მიღებამდე მზადდება დასკვნა, რომელიც ბევრ ფაქტობრივ მომენტს ეფუძნება.

როცა ადამიანი მშვილებელთა რეესტრში რეგისტრირდება, როგორც მშვილებელი, ის იმავდროულად თანხმობას აცხადებს მის შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე. სააგენტოს აქვს უფლება, მისი სოციალური და ეკონომიკურ მდგომარეობა გამოიკვლიოს, შეამოწმოს და შეაფასოს.

ფორმალური კრიტერიუმების გარდა, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს ზოგადი ინტერესები და შესაძლებლობები ბავშვის გადმოსახედიდან, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით.

  • რა არის დარღვევების გავრცელებული პრაქტიკა და რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი, როცა ადამიანები კანონით განსაზღვრულ პროცედურას თავს არიდებენ? 

სამწუხაროდ, კანონს აქვს გვერდის ავლის შესაძლებლობები, მაგალითად, როდესაც გაშვილება ატარებს ანგარებით ხასიათს, ანუ ვიღაც ყიდის შვილს. ხშირია ასევე ფიქტიურ ქორწინებასი შესვლა, როცა წყვილიდან ერთ-ერთს უკვე ჰყავს შვილი და როგორც უკვე აღვნიშნე, ამ დროს უპირატესობით სარგებლობ.

შვილებასთან დაკავშირებული გარიგება, არასრულწლოვნის ყიდვა და გაყიდვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

არასრულწლოვნის ყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება შვილად აყვანის მიზნით, ისჯება ჯარიმით ან 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. უფრო მკაცრია კანონი არასრულწლოვნის გაყიდვის შემთხვევაში – ამ შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.

კანონი ითვალისწინებს შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალების წინასწარ შერჩევას და მშობიარობისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანის შესაძლებლობას, ან გაშვილებაში ხელის შეწყობას. სისხლის სამართლის წესით ისჯება ასევე შვილად აყვანის წესის ან მინდობით აღზრდის წესის დარღვევაც.

ბათუმში „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარია

ბათუმში, რურუას ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმის“ ტერიტორიაზე, ხანძარია. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სავაჭრო ობიექტებს უკიდია.

ადგილზე იმყოფება პოლიცია და სახანძრო სამსახური.

ხანძრის ადგილზე ისმოდა აფეთქებების ხმა. როგორც ამ უბნის მცხოვრებლები ამბობენ, ცეცხლი იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც აკუმულატორები, ავტომანქანის ზეთი და საბურავები იყიდებოდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ავტოსახელოსნოს გაუჩნდა, თუმცა ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შსს-ს განცხადება ბათუმში აფეთქებაზე

დღეს, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვაში აფეთქება მოხდა. ჯერჯერობით არც ერთი ოფიციალური უწყება არ განმარტავს, რა აფეთქდა ზღვაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20:00 საათზე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქების ადგილას გამნაღმველები არიან მისული და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“.

„შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც.

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც აფეთქებას გულისხმობს.

აფეთქება ბათუმის სანაპიროზე

 

აფეთქება ზღვაში, ბათუმის სანაპიროზე [VIDEO]

დღეს, 13 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, აფეთქება მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ზღვაში ამ ეტაპზე უცნობი საგანი აფეთქდა.

პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქება ბათუმის სანაპიროზე

19:40 საათი:  – „ბათუმელები“ ცდილობს ინფორმაციის მიღებას სახელმწიფო უწყებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე არ ამბობენ, რა აფეთქდა ბათუმის სანაპიროზე.

20:00 საათი:  შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ აფეთქების ადგილას გამნაღმველები არიან მისული და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“. შსს-ს არ განუმარტავს, რა აფეთქდა ზღვაში.

ამავე თემაზე:

შსს-ს განცხადება ბათუმში აფეთქებაზე

22 წლის უფროსი მასწავლებელი შუახევიდან, რომელიც ინგლისურს ასწავლის

„როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ, ჯერ არ გაქვს დავიწყებული შენ თავად რას გრძნობდი, როდესაც მოსწავლის მერხზე იჯექი და მაქსიმალურად ცდილობ გაითვალისწინო შენი მოსწავლის ნებისმიერი ნათქვამი – რა მოსწონს, არ მოსწონს, როდის რა სიამოვნებს… შესაბამისად, ეს მეხმარება უფრო ეფექტური კომუნიკაცია მქონდეს ბავშვებთან“, – გვითხრა 22 წლის თეონა აბაშიძემ.

თეონა ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. მან ბაკალავრზე სწავლა გასულ წელს დაამთავრა და მშობლიურ შუახევის სოფელ ნიგაზეულში მასწავლებლად დაბრუნდა.

„ინგლისურის მასწავლებლები ხშირად იცვლებიან, რაც ბავშვებისთვის, თუნდაც შეგუების კუთხით, რთული და პრობლემურია.

მიეჩვევიან ერთ მასწავლებელს და მეორე წელს სხვა მასწავლებელი მოდის, რომელთანაც ხელახლა უწევთ გახსნა, კომუნიკაციის დამყარება და ა.შ. ეს საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზეც.

უცხო ენის შესწავლა ნამდვილად სუსტი წერტილია [მაღალმთიანი სოფლების] სკოლებისთვის. ცოტა რთულია ენის შესწავლა მოსწავლეებისთვის, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბევრს წვდომაც კი არ აქვს, თუნდაც გრამატიკულ მოსასმენთან. არ აქვთ კარგი ინტერნეტი, რომ უფრო მეტად გაეცნონ ენას. ინგლისური ენის შესახებ ინფორმაციის მიიღება მხოლოდ წიგნებით, სახელმძღვანელოებით შეუძლიათ.

სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ინტერნეტია“, – ამბობს თეონა. მისი თქმით, ინტერნეტის მხარდაჭერის ხარისხი სოფელში, ცუდ ამინდში, კიდევ უფრო უარესდება.

თეონას თქმით, ახლაც მისდის შეტყობინებები ინგლისური ენის მასწავლებლის ვაკანსიებზე და იცის, რომ მაღალმთიან აჭარაში არის სკოლები, სადაც არა თუ კვალიფიციური, არამედ საერთოდ არ ჰყავთ მასწავლებელი, რაც ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლეების განვითარებაზე. მათ საერთოდ არ იციან ან არასათანადოდ იციან ენა.

ახალგაზრდა მასწავლებელი ფიქრობს, რომ მოსწავლეებში, რომლებიც მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სკოლებში სწავლობენ, ინგლისური ენის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭიროა სასწავლო პროცესში უცხოელი მასწავლებლებიც ჩაერთონ.

„მახსოვს, როცა მოსწავლე ვიყავი, ასეთი პროგრამა იყო – უცხოელი მასწავლებლები ამოჰყავდათ სკოლებში, ოღონდ ყველგან არა, არც ჩემს სკოლაში მოსულან.

კარგი იქნება, თუ ინგლისური ენის სასაუბრო კლუბები შეიქმნება, თუნდაც მუნიციპალიტეტში. უკეთესია, თუ სოფლებში იქნება.

მსგავსი აქტივობებით უფრო ინტერესდებიან ბავშვები, ვიდრე, დავუშვათ, გაკვეთილზე ჯდომით და რუტინული მეცადინეობით. ესეც პრობლემაა, რადგან უფრო მეტად საუბრის განვითარება უჭირთ მოსწავლეებს მაშინ, როცა არავინ ჰყავთ, ვისაც შეუძლია ინგლისურ ენაზე ესაუბროს“, – გვეუბნება თეონა.

ნიგაზეულის საჯარო სკოლის აბიტურიენტ მოსწავლეებს, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ქალაქში ან სხვაგან მოსამზადებლად არ წასულან, თეონა დამატებით გაკვეთილების უტარებს – ცდილობს ისინი მისაღები გამოცდებისთვის მოამზადოს.

ფიქრობს, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარიერი ინგლისურ ენაში დაბალია, გამარტივებულია ტესტებიც და აბიტურიენტებს არ უნდა „ეშინოდეთ“ ამ გამოცდის.

„ჩემი აზრით, კრიტიკული აზროვნების შემცირება კითხვის ინტერესის გაქრობამ გამოიწვია, რადგან ბავშვები უფრო გადართულები არიან სოციალურ ქსელებზე, ინსტაგრამი იქნება ეს, ტიკ-ტოკი თუ სხვა პლატფორმა.

ნაკლებს კითხულობენ, ნაკლები შეხება აქვთ რეალურ სამყაროსთან. რეალურ პრობლემებს არიან მოწყვეტილები. რაიმე ისეთი მექანიზმი უნდა შევქმნათ, რაც ბავშვებს უფრო მეტ კითხვის სურვილს გაუჩენს, რათა დაინახონ, რა არის თუნდაც რეალური ლიტერატურა, რეალური პრობლემები“.

თეონამ გასულ წელს მაგისტრატურაზე ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახლა აკადემიური აქვს აღებული და ახალი სასწავლო წლიდან სწავლის გაგრძელებას გეგმავს. წუხს, რომ იძულებულია წამოვიდეს სამსახურიდან.

მისი თქმით, ახალგაზრდა მასწავლებლებს უფრო მეტ სტიმულს უნდა აძლევდნენ ანაზღაურების ან სხვა თვალსაზრისით, რადგან „რთულია მასწავლებლისთვის, რომელიც განვითარების გზებს ეძებს, დატოვოს ქალაქი და სოფელში გადაინაცვლოს, სადაც შედარებით ნაკლებად განვითარდება და მოსწავლეების რაოდენობაც არ არის ბევრი“.

თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიაზე გადასვლას გეგმავს

ZANAGRO ქართული აგრარული პროფილის საწარმოო კომპლექსია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა.

თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიული საშუალებების გამოყენებით მარცვლეულის – სიმინდი, ქერი, სოიო – წარმატებით მოყვანისა და რეალიზაციის შემდეგ, კომპანიამ, პირველად საქართველოში, მიწისა და კლიმიატური პირობების შესწავლის შემდეგ, აბაშის რეგიონში 12 ჰა-ზე ბრინჯის საცდელი ჯიშები გააშენა და 8 ტონამდე მოსავალი აიღო.

კომპანიაში ამბობენ, რომ მიღებული შედეგები ქმნის პერსპექტივას, აღნიშნული პროდუქტის ასპოცენტიანი იმპორტი ჩანაცვლდეს შიდა წარმოებით, საქართველომ კი განახორციელოს ბრინჯის გარკვეული მოცულობის ექსპორტი. ეს იდეა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასია მსოფლიო ბაზარზე ბრინჯის 100%–იან იმპორტს ახორციელებს.

მიღებული შედეგების საფუძველზე ორგანიზაცია გეგმავს სათესი ფართობის გაზრდას, ბრინჯის ინდუსტრიული წესით დათესვას და გადამუშავებას.

მარცვლეულის მოყვანა-რეალიზაციის 5 წლიანი გამოცდილებისა და დაკვირვების შედეგად, კომპანიის დამფუძნებლებისთვის აშკარა გახდა მარცვლეულის გადამამუშავებელი ქარხნის საჭიროება, ამიტომ, 5 წლის თავზე, ZANAGRO -მ სენაკის რაიონის სოფელ ნოსირში საკუთარი ქარხანა ააშენა.

„2017 წელს გადავწყვიტეთ, არ შემოვფარგლილიყავით მხოლოდ მარცვლეულის მოყვანით და ბიზნესი მომსახურების მიმართულებითაც განგვევითარებინა. ავაშენეთ საწყობი და ქარხანა, რომელშიც ხდება მარცვლეულის გაშრობა-გამოცხობა. ამის გამოცდილება მანამდე დასავლეთ საქართველოში არ არსებობდა, ფერმერები ელოდნენ, როდის მიაღწევდა მცენარე საჭირო ტენიანობას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებდნენ მოსავალს, ამას კი დიდი ზარალი მოჰყვებოდა ხოლმე – მარცვლეული ინესტებოდა და ზიანდებოდა. ჩვენს ქარხანაში მარცვლეული შესაბამის დანადგარში შრება, შემდეგ კი, რეალიზაციამდე, საწყობში ინახება. შესაბამისად, დანაკარგი გაცილებით ნაკლები გვაქვს, მოსავალი კი – მეტი. თავიდან ფერმერები სკეპტიკურად უყურებდნენ ამ მეთოდს, თუმცა თანდადან დარწმუნდნენ მარცვლეულის გამოშრობის საჭიროებაში და შესაბამისად, ჩვენთან შეკვეთებიც ყოველწლიურად იზრდება,“ – ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი, ლევან ჩილაჩავა.

გარდა საშრობი ქარხნისა, ZANAGRO თიბისის მხარდაჭერით მიწათმოქმედებს ტექნიკით მომსახურებას, მიწების დამუშავებასა და აგრონომით მომსახურებასაც სთავაზობს. კომპანიის სერვისის ძირითადი მომხმარებელი ადგილობრივი გლეხები და ფერმერები არიან.

თიბისის დახმარებით კი კომპანიამ 116 კვტ-ის მოცულობის მზის პანელები დაამონტაჟა, რომელსაც საკუთარი წარმოებისთვის მოიხმარს. ლევან ჩილაჩავა ამბობს, რომ ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეკოლოგიაზე ზრუნვა და მწვანე ენერგიაზე გადასვლაა. შესაბამისად, მომავალში თიბისის მხარდაჭერით ZANAGRO მწვანე ენერგიის 500 კვტ-მდე გაზრდას და გამონაბოლქვის 28 ტონამდე შემცირებას გეგმავს.

კომპანია, ასევე, გეგმავს კომბინირებული საამქროს აშენებას, რომელშიც ZANAGRO  ცხოველებისა და ფრინველების საკვებ პროდუქციას აწარმოებს.

დიდთოვლობის გამო ხულოსა და შუახევის რამდენიმე სოფელში შუქი არ არის

თოვლიან ამინდს მაღალმთიანი აჭარის სოფლებში შუქის გათიშვა მოჰყვა.

ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, თოვა ღამის საათებში დაიწყო და ახლაც [16:50] ძლიერად თოვს. თოვლის სიმაღლე დაბა ხულოში 30 სანტიმეტრია, სოფლებში კი ნახევარ მეტრს გასცდა.

„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ცნობით, დღეს, 13 თებერვალს, დიდთოვლობის გამო შუქი არ მიეწოდება ხულოში სოფლებს – ღურტასა და გელაძეებს, ხოლო შუახევში – წყალსაყარის ადმინისტრაციულ ერთეულს, ოლადაურსა და მაწყვალთას.

კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ადგილზე ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ.

რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში გადაადგილება შეზღუდვების გარეშეა შესაძლებელი, თუმცა მაღალი ზონის სოფლებში რეკომენდებულია მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება – გვითხრეს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, აჭარაში 20 თებერვლამდე თოვაა მოსალოდნელი.

ხულო, სოფელი ბეღლეთი/13.02.2023

 

მთავარ ფოტოზე: ხულო, სოფელი ბეღლეთი/13.02.2023

 

თოვლ-ჭყაპი და თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში აჭარის მთელ ტერიტორიაზე თოვლ-ჭყაპი და თოვაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია სკანდინავიის ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალი შტორმი.

სააგენტოს ინფორმაციით, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.

14-16 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3,-5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურები (განსაკუთრებით ლიმონის) დააზიანოს.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 თებერვლის 21 საათიდან 15 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით ზოგან წვიმა, მთაში – თოვა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

16-17 თებერვალს აჭარის მთელ ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად კი, ბათუმში 20 თებერვლამდე თოვლ-ჭყაპი და თოვაა მოსალოდნელი.

რუსი სამხედროების ოპერატიული დილემა – რას წერს ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 13 თებერვლის ანგარიშში უკრაინის ბრძოლის ველზე რუსი სამხედროების ოპერატიულ დილემას მიმოიხილავს.

როგორც უწყება წერს, გარდა იმისა, რომ რუსეთი აწარმოებს შეტევით ოპერაციებს დონბასის ოლქში, იგი იძულებულია დამატებით გააძლიეროს თავდაცვის ხაზები ზაპოროჟიესა და ლუგანსკის ოლქების ფრონტის ხაზზეც, რამდენადაც ამ ორ არეალზე კონტროლის დაკარგვა სტრატეგიულად მძიმე შედეგს გამოიწვევს.

ბრიტანეთის დაზვერვა 7 თებერვალს გავრცელებულ ღია წყაროს და სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა თავდაცვითი ხაზი დამატებით გააძლიერეს სამხრეთ უკრაინაში, ცენტრალურ ზაპოროჟიეში, კონკრეტულად კი ქალაქ ტარასივკასთან.

„ძირითადად დონბასის რეგიონზე ამჟამინდელი ოპერატიული რეაგირების მიუხედავად, რუსეთს კვლავ აშფოთებს ის გარემოება, თუ რამდენადაა დაცული მის მიერ გაფართოებული ფრონტის ხაზის უსაფრთხოება“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შესაბამისად, როგორც ბრიტანეთის დაზვერვის ექსპერტები აფასებენ, იმის გადაწყვეტა, თუ ამათგან რომელ საფრთხესთანაა ბრძოლა უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვან დილემას წარმოადგენს იმ მეთაურებისთვის, რომლებიც ოპერატიულ გეგმებს ადგენენ.

ამას მოწმობს ზაპოროჟიესა და ლუგანსკის რეგიონებში თავდაცვითი სიმაგრეების მშენებლობა და პერსონალის განლაგება.

რუსეთის ფრონტის ხაზი უკრაინაში დაახლოებით 1288 კმ-ია. ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში კი ფრონტის ხაზი 192 კმ-ზე იყო გადაჭიმული.

თურქეთში 31 ადამიანი დააკავეს მიწისძვრისას მასშტაბური ნგრევის საქმეზე

თურქეთში მალათიის პროკურატურამ მიწისძვრის მასშტაბური ნგრევის საქმის გამოძიების ფარგლებში 31 ადამიანის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საცხოვრებელი და სხვა ობიექტების მშენებლობაში დარღვევებზე, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ბოლო ცნობებით დაიღუპა 29 600-ზე მეტი ადამიანი.

თურქული მედია პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ეჭვმიტანილის ძებნა გრძელდება.

„ბიბისი“ წერს, რომ მიწისძვრისგან დაზარალებულ 10 პროვინციაში 170 000 შენობის შემოწმების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 25 000 სახლი მთლიანად განადგურდა ან ძალიან მძიმედ დაზიანდა.

„ბიბისის“ ცნობით, თურქეთში ოპოზიცია დაკავებების ამ სერიას აფასებს, როგორც ხელისუფლების მცდელობას, მოსახლეობის ბრაზი და ყურადღება გადაიტანოს მშენებლებსა და დეველოპერებზე, ნაცვლად საჯარო სამსახურების პასუხისმგებლობისა.

ოპოზიციის აზრით, პრეზიდენტ ერდოღანის მმართველობის 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება თვალს ხუჭავდა სამშენებლო ნორმების დარღვევებზე და არასათანადოდ ხარჯავდა შენობების მიწისძვრისგან დასაცავად სპეციალური გადასახადის სახით შეგროვებულ თანხებს.

_________________

ფოტო: „ანადოლუ“/aa.com

ხელვაჩაურის სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს – მთავარი არხი

შენიშვნა: ნიუსის თავდაპირველ ვარიანტში გამოქვეყნებული იყო ავტომანქანების ფოტო. ამ ავტომანქანებს შესაძლოა კავშირი არ ჰქონდეთ მომხდარ შემთხვევასთან.

გენადი სურმანიძე, სუს-ის ხელვაჩაურის ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომელი, ჩაქვში, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გენადი სურმანიძე ორი თვის წინ გაათავისუფლეს სუს-იდან, დღეს კი, როცა ის საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. ამ მედიასაშუალების ინფორმაციით, გარდაცვლილს ტყვია გულში აქვს მოხვედრილი.

სუს-ის პრესცენტრის ინფორმაციით, გენადი სურმანიძე სუს-ის ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი არასდროს ყოფილა, ის სუს-ის ყოფილი თანამშრომელია და სხვა დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობენ.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაშალა რუსეთის საინფორმაციო კამპანია უკრაინის დანებებაზე – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 13 თებერვლის ანგარიშში რუსულ საინფორმაციო კამპანიებს მიმოიხილავს, რომელსაც კრემლი იყენებს ფრონტზე გარკვეული მიზნების მხარდასაჭერად ან სამხედრო მარცხის შესამსუბუქებლად.

ანალიტიკოსების აზრით, რუსეთმა „შეიძლება კიდევ ერთხელ ჩაატაროს ფარული საინფორმაციო კამპანიები“, რომელთა უმეტესობა მიზნად ისახავს უკრაინაში დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებას ან შენელებას.

ასეთი ოპერაციების მაგალითად ISW-ი განიხილავს 2022 წლის სექტემბერ-ნოემბერში რუსეთის არაერთ განცხადებას ბირთვული ესკალაციის საფრთხის შესახებ.

ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს განცხადებები განზრახული იყო „დასავლეთის დასარწმუნებლად, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეწყვეტის აუცილებლობაში, რომელიც მას სჭირდებოდა კონტრშეტევის გასაგრძელებლად ხარკოვის რეგიონში რუსეთის ჯარებზე მიყენებული გამანადგურებელი მარცხის შემდეგ“.

„ახლა ცხადია, რომ რუსეთის საინფორმაციო კამპანია სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც განსაკუთრებით ინტენსიური გახდა 2022 წლის დეკემბერში, გამიზნული იყო, სხვა საკითხებთან ერთად, გადაედო დასავლური ტანკებისა და სხვა მოწინავე აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც აუცილებელი იყო უკრაინისთვის კონტრშეტევის გასაგრძელებლად“, – აღნიშნავს ISW-ი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს საინფორმაციო კამპანიების, როგორც იარაღის გამოყენებას, უკრაინაში სამხედრო ოპერაციების უშუალო მხარდასაჭერად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოახერხა ინიციატივის აღდგენა აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე.

ამავე დროს, ISW-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის საინფორმაციო კამპანიების პარალელურად, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაატარა წარმატებული კონტრინფორმაციული კამპანია 2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინა თვეებში და ჩაშალა რუსული საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც იყო უკრაინის დანებება.

ამავე დროს, ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლი აზვიადებს ბახმუტთან მისი წარმატებების მნიშვნელობას და ასეთი საინფორმაციო ოპერაციების ეფექტურობა იკლებს.

ასევე, ISW-ის ანგარიშში მოყვანილია უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელებული, ირანული დრონის ოპერატორების ზარის ჩანაწერი, საუბარი ქურთულ და სპარსულ ენებზე, რომელშიც ისმის, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა გამოიყენონ ქურთი დაქირავებულები უკრაინაში ირანული დრონების სამართავად.

ასევე, ISW-ი აქცენტს აკეთებს რუსული ღია წყაროების ინფორმაციაზე, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს სვატოვის ჩრდილო-დასავლეთით, კრემინას ირგვლივ და სახმელეთო შეტევებს – ბახმუტის, ავდიივკასა და ვუჰლედარის გარშემო.

ISW-ს დღევანდელ ანგარიშში მოჰყავს უკრაინის ოფიციალური პირების განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებს ხერსონის ოლქში არ გააჩნიათ შესაძლებლობა, დაიწყონ სრულმასშტაბიანი შეტევა, რაც ემთხვევა ISW-ის წინასწარ შეფასებებს.

უკრაინამ 4 ოლქსა და 10 დასახლებაში მტრის იერიში მოიგერია – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშის თანახმად, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების თავდასხმები ქვეყნის 4 რეგიონსა 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსი სამხედროების სატელეფონო საუბრების ახალი ჩანაწერები იმაზე მიუთითებს, რომ რუსები ფსონს თებერვალზე დებენ.

„მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები, განსაკუთრებით ცოცხალი ძალის. ის განსაკუთრებულ ძალისხმევას იღებს შეტევით ოპერაციებზე კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე, – აცხადებენ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმა ხარკოვის ოლქის გრიანიკოვკას დასახლებებში; ლუგანსკის რეგიონში კრემენნაიასა და ბელოგოროვკაში; დონეცკის ოლქში, მათ შორის ქალაქ ბახმუტში.

უწყების ცნობით, მტერმა 4 სარაკეტო და 85 ზალპური იერიში მიიტანა უკრაინის თავდაცვის ძალებზე. ამავე დროს, უკრაინაში რუსეთის შემდგომი საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია.

რაც შეეხება უკრაინას, ქვეყნის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღის განმავლობაში 8 იერიში მიიტანა იმ ზონაზე, სადაც დამპყრობლები არიან კონცენტრირებულები, ასევე 3 იერიში მიიტანა იმ პოზიციებზე, სადაც საზენიტო-სარაკეტო სისტემები ჰქონდათ რუსებს.

უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა 10 იერიში მიიტანეს ასევე იმ ზონაზე, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო კონცენტრირებული, 1 საჰაერო თავდაცვის პოზიციაზე და საბრძოლო მასალის 3 საწყობზე.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 13 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 138 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 3 283 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 6 492 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 2 290 ერთეული [+3]
  • MLRS – 465 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 296 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 286 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 007 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 857 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 150 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 217 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 13 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 384 თვითმფრინავი
  • 207 ვერტმფრენი
  • 3 114 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 404 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 852 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 017 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 082 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 363 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩაშალა რუსეთის საინფორმაციო კამპანია უკრაინის დანებებაზე – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ რამე წარმატება ექნებათ – ინტერვიუ

რა უნდა ვიცოდეთ ქიმიოთერაპიის შემდგომ გართულებებზე – ონკოლოგის რჩევები

ქიმიოთერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა მათი უმრავლესობა მართვადი ან პრევენცირებადია და, როგორც წესი, გაივლის მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

„მედცენტრის“ კლინიკური ონკოლოგი, ქეთი ასანიძე ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, საერთო სისუსტე და სხვა გვერდითი მოვლენები, რაც დაახლოებით 5-7 დღეს გრძელდება და რომელთა სამართავადაც იწერება ე.წ. სიმპტომური თერაპია, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ჭამასთან, სითხის და სხვადასხვა მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს.

  • ქალბატონო ქეთი, რა ხდება ქიმიოთერაპიის შემდეგ?

რაც არ უნდა ჯანმრთელი ორგანიზმი ჰქონდეს პაციენტს, ნებისმიერ შემთხვევაში ქიმიოთერაპიის შემდგომ შესაძლოა მას აღენიშნებოდეს ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა, გულისრევა და ღებინება. ეს სიმპტომები თითქმის ყველა პაციენტისთვის არის დამახასიათებელი, თუმცა არა აუცილებელი.

არიან პაციენტები, რომელთაც ეს სიმპტომები იმდენად სუსტად აქვთ გამოხატული, რომ მათ ცხოვრების ხარისხს არ უქვეითებს, თუმცა უმრავლესობა მათგანს, რაღაც ხარისხით მაინც ეზღუდება ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი.

  • რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ეს გვერდითი ეფექტები და მათგან რომელია განსაკუთრებით საყურადღებო?

ძლიერი საერთო სისუსტე, უმადობა, გულისრევა, ზოგ შემთხვევაში ღებინება არის დამახასიათებელი ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდისთვის; გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს დიარეა და შეკრულობა; უფრო რთულ შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს სისხლის მაჩვენებლების ვარდნასთან – ლეიკოპენიასთან, ტროპოპენიასთან – ეს გვერდითი ეფექტებიც ქიმიოთერაპიას ახასიათებს.

Mayoclinic: თქვენს დიეტაში დიდი რაოდენობით რკინის ჩართვა დაგეხმარებათ ანემიის რისკის შემცირებაში, რადგან რკინა ეხმარება ორგანიზმს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებაში. რკინით მდიდარი საკვებია: ლობიო და თხილი; ჩირი – მაგალითად, გარგარის; მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი; მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული.

ქიმიოთერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები, ფიზიკურად გამოხატული გვერდითი ეფექტია თმის ცვენა, რომელიც განსაკუთრებულად სტრესულია და დისკომფორტს უქმნის ქალებს. ეს, როგორც წესი, პირველი-მეორე კურსის შემდეგ ინტენსიურად ეწყებათ ჩვენს პაციენტებს.

Mayoclinic: თმის ცვენა შეიძლება მოხდეს ძალიან სწრაფად და ინტენსიურად ან თანდათანობით. თმა გათხელდება თუ მთლიანად გასცვივდება პაციენტს, დამოკიდებულია მკურნალობაზე. მკურნალობის შემდეგ შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს თმის აღდგენას და კვლავ ზრდას.

  • როცა პაციენტი ქიმიოთერაპიის შემდეგ ვერ ჭამს, როგორ შეგვიძლია მას დავეხმაროთ?

პირველ რიგში, გასარკვევია პაციენტს რატომ არ აქვს საკვების მიღების სურვილი, რატომ ვერ ჭამს. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ქიმიოთერაპიის შემდგომი გართულებით და ასევე, შესაძლოა გამოწვეული იყოს დაავადების პროგრესირებით.

როგორც წესი, თუ კი ეს მხოლოდ ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტია, დაახლოებით 5 დღეში ეს სიმპტომი ეტაპობრივად ალაგდება, მაგრამ ხდება, როცა დაავადება პროგრესირებს (ქიმიოთერაპიის ჩატარების მიუხედავად) და ამიტომ აღარ იღებენ საკვებს პაციენტები.

გასათვალისწინებელია ერთი მომენტი – ზოგჯერ პაციენტს სურვილი აქვს, რომ მიიღოს საკვები, მაგრამ იმის გამო, რომ საყლაპავზე ხდება მექანიკური ზეწოლა სიმსივნური ქსოვილით, ეწყებათ ღებინება და ამ მიზეზით ერიდებიან საკვების მიღებას. ამიტომ, როცა უმადობა მოდის, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რა არის მიზეზი, ეს არის ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტი, დაავადების პროგრესირების გამო ხდება თუ მექანიკური ზეწოლაა საყლაპავზე ან კუჭზე.

უმადობას უნდა ვებრძოლოთ სიმპტომურად. თუ კი ეს არის ქიმიოთერაპიის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენა, სასურველია, პაციენტმა ჩაიტაროს დეზინტოქსიკაციური თერაპია, რაც გულისხმობს სხვადასხვა პრეპარატის ინტრავენურად გადასხმას, ან იმ პრეპარატების მიღებას, რომლებიც არ ასტიმულირებენ დეზინტოქსიკაციურ პროცესებს. 

თუ ჩატარებული სიმპტომური მკურნალობა არაეფექტური და უშედეგოა, არსებობს საკვები დანამატები, რომლებიც გამოიყენება ასეთ დროს. ეს პრეპარატები ძალიან გვეხმარება, როცა პაციენტს აქვს გამოხატული უმადობა და ვერ იღებს საკვებს.

როცა პაციენტი ქიმიოთერაპიულ მკურნალობას იტარებს, უმადობა უფრო ამძიმებს მდგომარეობას, რადგან ის ვერ იკვებება და სუსტდება. საკვების დანამატების გამოყენება გვეხმარება ასეთი გვერდითი ეფექტების მინიმუმამდე დაყვანაში.

  • როგორი უნდა იყოს კვება, რას უნდა მოერიდოს პაციენტი?

როგორც მკურნალობა ონკოლოგიაში უნდა იყოს პერსონალიზებული, ისე მკურნალობის შემდგომი რეკომენდაციები შეიძლება იყოს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად შერჩეული.

საქმე ის არის, რომ ზოგ პაციენტს შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი ჰქონდეს მწყობრში, ზოგს კი, შესაძლოა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პირველადი სიმსივნე ჰქონდეს, რა დროსაც საერთოდ სხვა რეკომენდაციებია კვებაზე. ამიტომ კვების რეკომენდაციები, ძირითადად, დგება ინდივიდუალურად.

ზოგადად, ყველა პაციენტს რაც შეგვიძლია ვურჩიოთ, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტად ჯანსაღი კვებაა საჭირო, ნაკლები „ჯანქფუდი“, ნაკლები გაზიანი, შაქრიანი სასმელები და ა.შ.

ონკოლოგიაში ნუტრიციოლოგები ორ ნაწილად იყოფიან, ერთი ნაწილი კატეგორიულად გამორიცხავს პაციენტების კვების რაციონიდან რძის პროდუქტებსა და გლუკოზას, ე.წ. ტკბილ საკვებს, მეორე ნაწილი უბრალოდ ბალანსირებულ კვებას ემხრობა.

მე ბალანსირებული კვების მომხრე ვარ. გლუკოზა რაც არ უნდა შეიზღუდოს, ორგანიზმისთვის აუცილებელია და მას მაინც გამოიმუშავებს ორგანიზმი, რადგან ეს არის ენერგიის წყარო. როცა ჩვენ არ ვიღებთ საკვები გზით გლუკოზას, სიმსივნური ქსოვილი მოიხმარს ორგანიზმში უკვე არსებულ გლუკოზას და შედეგად იწყება გამოფიტვის პროცესი, ამიტომ ყველაზე რელევანტური მაინც ბალანსირებული კვებაა.

  • წყლის საკმარისი რაოდენობით დალევას რა მნიშვნელობა აქვს ქიმიოთერაპიის შემდეგ?

ზოგადად, სითხის მიღება, წყალი იქნება ეს თუ სხვა ჯანსაღი სითხე, ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქიმიოთერაპიის შემდეგ და რატომ – როდესაც ქიმიოთერაპიის შემდეგ, საერთო სისუსტე, გულისრევა თუ სხვა გვერდითი ეფექტი იჩენს თავს, ძალიან მნიშვნელოვანია დეზინტოქსიკაციური თერაპია, რაც გულისხმობს სხვადასხვა ხსნარის (ხშირ შემთხვევაში “რინგერის” და ფიზიოლოგიური ხსნარის) გადასხმას. ეს მარტივად შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ყველაზე ჯანსაღი გზით – მივიღოთ სითხის მაქსიმალური რაოდენობა. წყალი თითქმის იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც დეზინტოქსიკაციური თერაპია. 

მისაღები წყლის რაოდენობაც ინდივიდუალურია, იმ რეკომენდაციას ვერ გავითვალისწინებთ, რაც ზოგადად პოპულაციას ეძლევა – დღეში 2 ლიტრის სახით. ქიმიოთერაპიის შემდეგ პაციენტთან წყლის დღიური ნორმის დადგენისთვის გასათვალისწინებელია სხეულის მასა, სიმაღლე და ინდივიდუალური მახასიათებლები. 

აქვე უნდა გავითვალისწინოთ თანმხლები დაავადებები. პაციენტებმა, რომელთაც აქვთ თირკმლის დაავადებები, არ შეიძლება განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღონ წყალი. არის შემთხვევები, როცა სითხე პაციენტმა უნდა მიიღოს დოზირებულად, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე. 

  •  რამდენად სერიოზული გვერდითი ეფექტია ფაღარათი/ყაბზობა და რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს?

ქიმიოთერაპიის შემდგომ ყაბზობა და დიარეაც საკმაოდ სერიოზული და საყურადღებო გვერდითი მოვლენაა. საქმე ის არის, რომ დიარეის დროს სხეული კარგავს  სითხის მასას და მასთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან მიკროელემენტებს, როგორიცაა: კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, პირველ რიგში, გულის კუნთის მუშაობაში.

მკურნალობა ამ დროს სიმპტომურია. როგორც კი პაციენტს გამოუვლინდება დიარეა, მან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ანტიდიარეული პრეპარატების მიღება, ასევე, უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე, რათა სითხის ბალანსი იყოს დაცული. ასევე, პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა დაეკონტაქტოს მკურნალ ექიმს.

ყაბზობის შემთხვევაში გამოკვლეული უნდა იქნეს რა არის მიზეზი – ეს არის ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტი, კვებითი ფაქტორი თუ სხვა ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რის შემდეგაც ექიმის დანიშნულებით პაციენტი მიიღებს საშუალებას, რომელიც ასტიმულირებს კუჭის მოქმედებას, ეს არ არის საფაღარათო საშუალებები, რომელსაც, როგორც წესი, იღებენ ექიმისგან დამოუკიდებლად.

  • რატომ არის ამ დროს განსაკუთრებით საშიში ინფექციები?

ზოგადად, ქიმიოთერაპიული მკურნალობა იმუნოსუპრესიული [იმუნიტეტის დამაქვეითებელი] მკურნალობაა, ყველა ქიმიოთერაპია კურნავს იმუნურ სისტემას და ასუსტებს მას. გარდა ამისა, ქიმიოთერაპიის ფონზე შეიძლება დავარდეს სისხლის ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა: ერითროციტები, თრომბოციტები, ლეიკოციტები და ამ ფონზე ნებისმიერი ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ჩვეულებრივ, სხვა დროს არ გამოიწვევდა რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებს ორგანიზმში, შესაძლოა, აღმოჩნდეს ფატალურიც კი.

ქიმიოთერაპიის შემდეგ ორგანიზმი უფრო მოწყვლადია ვირუსებისა და ბაქტერიების მიმართ. დასუსტებულ ორგანიზმს მათთან ბრძოლა ძალიან უჭირს.

ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები ქიმიოთერაპიის შემდგომ საკმაოდ სახიფათოა და დიდი სიფრთხილეა საჭირო. პაციენტმა უნდა იაროს პირბადით, მოერიდოს ხალხმრავალ ადგილებს; ასევე, მას უნდა მოერიდოს ყველა – სტუმარი და ოჯახის წევრიც, ვისაც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში უწევს ყოფნა. პირბადე და ჰიგიენის წესების დაცვა ყოველთვის საუკეთესო პრევენციაა.

  • პაციენტები, რომლებიც თურქეთში იტარებენ თერაპიას და საქართველოში ბრუნდებიან, გვერდითი ეფექტების შემთხვევაში ვერ ახერხებენ დროულ კომუნიკაციას იქაურ ექიმთან. როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს? 

ქიმიოთერაპიის შემდგომ აუცილებელია ნებისმიერი გვერდითი ეფექტი განხილულ იქნას მკურნალ ექიმთან, ეს არის ყველაზე სწორი გამოსავალი იმისთვის, რომ არ მოჰყვეს ამ ყველაფერს რაიმე სერიოზული გართულება.

თუმცა მართალია, ხშირად ასეთი პაციენტები რჩებიან კონსულტაციის გარეშე, დისტანციის და სხვა ბარიერების გამო, დაუყოვნებლივ ვერ უკავშირდებიან ექიმს, მაგრამ ამ დროს მთავარია, რომ კონსულტაცია გაიარონ ონკოლოგთან, თუნდაც „ემერჯენსიში“ მაინც რომ მოხდეს ასეთი პაციენტი და მიიღოს რჩევა ექიმისგან, თუ როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ გვერდითი ეფექტის მწვავე გამოვლინებას. 

უნდა გვახსოვდეს, რომ ქიმიოთერაპიის შემდეგ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები, იქნება ეს სისუსტე, გულისრევა, ღებინება, დიარეა თუ სხვა, შეიძლება თავისით არ გადავიდეს; ამიტომ ნებისმიერი სიმპტომი, რომელიც ქიმიოთერაპიის შემდეგ გამოვლინდება, უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს.

დაახლოებით 1 კვირა გრძელდება გვერდითი ეფექტები, მაგრამ მათი მართვა ხდება ექიმის რეკომენდაციებით. როცა ჩვენ პაციენტებს გადასმის შემდეგ ვუშვებთ სახლში, ვატანთ ე.წ. სიმპტომურ თერაპიას, რომელიც მათ ეხმარება ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდის გადალახვაში, ეს არის გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები, კუჭის დამცავი საშუალებები, რომლებიც უნდა მიიღონ სიმპტომურად, იმის მიხედვით, თუ რა აწუხებთ.

ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 35 წლის კაცი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულს თავის ტრავმა აღენიშნებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 12 თებერვალს მოხდა.

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დაწყებულია გამოძიება.

ხულოს, შუახევისა და ქედის საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასები ზედმეტადაა გადახდილი – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების საქმიანობის ანგარიშები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც:

  • აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არ ხდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვა;
  • დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება;
  • გამოვლინდა ხელფასის სახით თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტები.

აუდიტის ანგარიშები მოიცავს მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასებას 2020-2021 წლებში.

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ხულოში

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ხულოს მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა მიერ მიღებული თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობის დადგენის მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმები არ ფუნქციონირებს.

კერძოდ, არ წარმოებს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა; ასევე, აუდიტის პერიოდში მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებში არ იწარმოებოდა სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელი, ხელფასების დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ საშტატო განრიგის საფუძველზე.

წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სრული განაკვეთით დასაქმების პირობებში 12 თანამშრომელი, რომელთა ანაზღაურებამაც 2020-2021 წლებში 57 040 ლარი შეადგინა, პარალელურად ირიცხებოდა ასევე მუნიციპალიტეტის სხვა დაწესებულებების მუშაკად, სადაც შრომის ანაზღაურების სახით მათ მიღებული აქვთ 49 609 ლარი.

შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ − ხულოს საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, ა(ა)იპ − ხულოს კულტურის ცენტრმა, ა(ა)იპ − ხულოს მუნიციპალურმა სერვისმა, შრომის ანაზღაურების თანხის არასწორი გაანგარიშების შედეგად, ჯამში ზედმეტად გასცეს 2 819 ლარი.

ხულოს მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების ბიუჯეტებში შრომის ანაზღაურების ფონდი, ჯამში 7 886 812 ლარით განისაზღვრა. ამავე პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით გახარჯულია 7 866 218 ლარი, რაც საბიუჯეტო გეგმის 99.7%-ია.

  • ხულოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასაქმებული იყო 299 შტატგარეშე მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურება 1 137 215 ლარს შეადგენდა.
  • 2021 წლისათვის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა − 338 ერთეულამდე, ხოლო შრომის ანაზღაურება 1 249 909 ლარამდე გაიზარდა, რაც ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების საკასო ხარჯის 31,4%-ს შეადგენს.

„აღსანიშნავია, რომ ნამუშევარი დროის აღრიცხვის გაუმართავი სისტემის გამო მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშედ დასაქმებულებთან გაფორმებული ხელშეკრულებები რიგ შემთხვევებში არ მოიცავდა დასაქმებული პირების მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობებს ან/და დავალებებს და მიეთითებოდა მხოლოდ ზოგადი უფლება-მოვალეობები.

რიგ შემთხვევებში, სახელშეკრულებო სამუშაო აღწერილობების ნაწილი მოიცავდა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული პირების მიერ შესასრულებელ ფუნქცია-მოვალეობებს.“ – აცხადებს აუდიტი.

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები შუახევში

აუდიტის მიხედვით, 2020-2021 წლებში სრულყოფილად არც შუახევის მერიაში წარმოებდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა, არ არის ნაწარმოები სამუშაო დროის გამოყენებისა და ხელფასის გაანგარიშების აღრიცხვის ტაბელი, ხელფასების დარიცხვა ხდება მხოლოდ საშტატო განრიგის საფუძველზე.

წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სამუშაო დროის სრული განაკვეთით დასაქმების პირობებში, მუნიციპალიტეტის 8 თანამშრომელი, რომელთა ანაზღაურებაც 2020-2021 წლებში ჯამში შეადგენს 78 782 ლარს, ერთდროულად დასაქმებულია სხვა სამუშაო ადგილებზე. შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება, მათ მიერ სამუშაო დრო რამდენად რაციონალურად არის გამოყენებული.

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას აუდიტი აძლევს რეკომენდაციას, დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები და შექმნას ადამიანური რესურსების მართვის ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებას.

„ამასთან ერთად, [შუახევის მერიაში] შეფასდეს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კონტროლის მექანიზმების სისუსტეები, შეთავსებით დასაქმებული პირების მიერ სამუშაო დროის სრულფასოვნად გამოყენების რისკები და გატარდეს სათანადო ღონისძიებები.“ – აცხადებს აუდიტი.

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები ქედაში

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქედის მერია 2020-2021 წლებში ახორციელებდა ქვეპროგრამას„ამბულატორიული მომსახურება“, რომლის ფაქტობრივმა ხარჯმა, ჯამში 358 393 ლარი შეადგინა.

ქედის მუნიციპალიტეტსა და შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ შორის გაფორმებული იყო სუბსიდიის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ხდებოდა საწარმოს დაფინანსება.

ქვეპროგრამის ფარგლებში ხარჯების ეკონომიით მიღებული ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი გაცემულია დირექტორის და ბუღალტრის ხელფასებზე.

„აღსანიშნავია, რომ მერთან შეთანხმებული საშტატო ნუსხის თანახმად, დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო 520 ლარით, ხოლო ბუღალტრის − 500 ლარით. მიუხედავად ამისა, 2020-2021 წლებში აღნიშნულ ორ თანამდებობაზე ხელფასის სახით გაცემულია განსაზღვრულზე მეტი თანხა, ჯამში, არანაკლებ 62 364 ლარი. საეჭვო გადახდები განხორციელებულია ყოველთვიურად, თვეში რამდენიმე ტრანზაქციის საშუალებით.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ინფორმაცია შპს „ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს“ მიერ2020-2021 წლებში გაცემული ხელფასების შესახებ ლარებში [აუდიტის ანგარიშიდან]

„აუდიტის ჯგუფის მიერ გამოთხოვილ იქნა ხარჯთაღრიცხვის დაანგარიშების საფუძვლები და კალკულაცია, თუმცა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი ინფორმაცია… აუდიტორული პროცედურებით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზედადგინდა, რომ საწარმოს მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში მიღებული თანხები სრულად არ იხარჯებოდა დასაფინანსებელი კომპონენტების მიხედვით და ხარჯების ეკონომიით ხორციელდებოდა ფინანსური რესურსების მობილიზება, კერძოდ:

როგორც ცხრილიდან ჩანს, მერიამ ქვეპროგრამის ფარგლებში ცხრა დასახელების ხარჯიდან, კონტროლის არარსებობის შედეგად, ზედმეტად გადაიხადა 79 439 ლარი. ასევე დაფინანსდა ის კომპონენტები, რომლებიც საერთოდ არ შესრულებულა, მაგალითად, 2021 წელს დაფინანსებულია დაზღვევა და სამედიცინო ნარჩენების გატანა, ჯამში − 9 200 ლარით, თუმცა საწარმოს აღნიშნული მიმართულებით ხარჯი არ გაუწევია…“ – აცხადებს აუდიტი.

[yellow_box]ამ თემაზე: დააკავეს ქედის ავტოტრანსპორტის ყოფილი დირექტორი – პროკურატურა[/yellow_box]

„ქედის მუნიციპალიტეტსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებში დასაქმებულებთან არსებული შრომითი ხელშეკრულებები შაბლონურია, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, არ არის განსაზღვრული დასაქმებულის ფუნქციები, უფლება-მოვალეობები და სხვ. ასევე არ ხდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს და სამუშაოსათვის დახარჯული დროის დადასტურება, მით უმეტეს, როდესაც ქედის მუნიციპალიტეტის შენობაში არსებობს ტექნიკური აღჭურვილობა, რომლითაც შესაძლებელია სამუშაო დროის აღრიცხვა, თუმცა ის არ გამოიყენება.“ – აღნიშნავს აუდიტი.

ქედის მუნიციპალიტეტსა და მის დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებისათვის 2020-2021 წლებში ჯამში გადახდილია 8 392 040 ლარი, საიდანაც 1 299 130 ლარი გაცემულია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე.

შრომითი ხელშეკრულებების შინაარსის გაუმართაობისა და შესრულებული სამუშაოს კონტროლის ნაკლებობის გამო, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც 10 პირი დასაქმებულია ორ სხვადასხვა ან ერთსა და იმავე დაწესებულებაში რამდენიმე პოზიციაზე, სრული განაკვეთით.

წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2020-2021 წლებში მათმა ანაზღაურებამ შეადგინა 80 562 ლარი. შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება მათ მიერ სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენებასთან დაკავშირებით;

2020-2021 წლებში შპს „ქედის წყალკანალში“ გამოვლინდა შვიდი შემთხვევა, როდესაც დასაქმებულები გავიდნენ კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებაში, მიეცათ საშვებულებო და შვებულების ვადის ამოწურვამდე საწარმოს დირექტორის ბრძანებით გამოძახებულ იქნენ სამსახურში.

დაწესებულებამ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები თანამშრომელთა გამოძახების აუცილებლობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულებს შემდგომ პერიოდშიც არ უსარგებლიათ დარჩენილი შვებულების დღეებით. გამომდინარე აქედან, დაწესებულების მიერ ანაზღაურებადი შვებულების მთლიან პერიოდზე ზედმეტად გადახდილია 3 476 ლარი.

აუდიტი თვლის, რომ „ქედის მუნიციპალიტეტმა უნდა გააძლიეროს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებულთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და დახარჯული დროის შეფასებას, ხოლო შრომის ანაზღაურების თანხების ზედმეტად გაცემის ფაქტებთან დაკავშირებით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს პროგრამების/ქვეპროგრამების შედგენა შესაბამისი ფინანსური და ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე და გააძლიეროს შესაბამისი პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ანგარიშვალდებულება და მონიტორინგი.“

ამავე თემაზე:

ხულოს, შუახევისა და ქედის მერიაში 297 725 ლარის საწვავის მიზნობრივი ხარჯვა არ დასტურდება – აუდიტი

ზურაბიშვილი მხატვრის დევნას ეხმაურება: „სხვა ეპოქას გვახსენებს“

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში ეხმაურება მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ ქურდობის მუხლით გამოძიების დაწყებას.

„20 პოლიციის მანქანა ცისფერი გალერიის უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს, ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს“, – წერს საკუთარ ფეისბუქგვერდზე სალომე ზურაბიშვილი.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ – სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე, საღებავით გააკეთა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ამ აქტის გამო მხატვარს შსს ქურდობის მუხლით ედავება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
დღეს, 12 თებერვალს, სამხატვრო გალერეასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ შსს-მ სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვიტოს.

კიდევ ერთი მიწისძვრა – ამჯერად ეპიცენტრი ახალქალაქთან იყო

დღეს, 12 თებერვალს საქართველოში მესამედ მოხდა მიწისძვრა. პირველადი ინფორმაციით, ამჯერად ეპიცენტრი ახალქალაქთან ახლოს მდებარეობს.

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდის პირველადი ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრის სიმძლავრე 3.1 მაგნიტუდა იყო, ეპიცენტრი – ახალქალაქიდან დასავლეთით 2 კილომეტრი.

დღეს, 12 თებერვალს დღის პირველ ნახევარში ორი მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი გურია იყო, კურორტ ბახმაროს მახლობლად. პირველ ჯერზე სიმძლავრე 4.4 მაგნიტუდა იყო, მეორედ – 3.3.

აქციაზე გალერეასთან აქტივისტი დაშავდა

ეროვნულ გალერეასთან გამართულ აქციზე სამოქალაქო აქტივიტი ნატა ფერაძე დაშავდა. მისი თქმით, მას პულივიზატორებიან პარკს ართმევდნენ ხელიდან, როცა სახეში ხელი მოხვდა.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საუბარია 4 თებერვალს მომხდარზე, როცა საქართველოს ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ, კედლიდან თავისი ნამუშევარი ჩამოხსნა და იქვე, საღებავით გააკეთა წარწერა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.

ამ აქტის გამო მხატვარს შსს ქურდობის მუხლით ედავება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას 1-დან 2 წლამდე ან 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საპროტესტო აქცია ეროვნულ გალერეასთან გრძელდება.

მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგაც მაშველებს ცოცხალი ადამიანები გამოჰყავთ ნანგრევებიდან

თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანა კატასტროფის მე-7 დღესაც გრძელდება.

მაშველებმა დღეს, 12 თებერვალს, შუადღისას ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს 85 წლის ქალი მიწისძვრიდან 152 საათის შემდეგ, ასევე, 7 წლის ბიჭი – 150 საათის შემდეგ და დები – 152 საათის შემდეგ.

აღნიშნულის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს.

ასევე, მაშველებმა  მიწისძვრიდან 150 საათის, 6 დღე-ღამის შემდეგ დედა-შვილი ცოცხალი გამოიყვანეს ნანგრევებიდან.

მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მათი ხმა გაიგონეს და სამაშველო ოპერაცია ხმაზე ორიენტირებულებმა დაიწყეს.

„ანადოლუს“ ცნობით, ბიჭი ბეტონის ნანგრევებიდან დღეს, დილით, 09.20 საათზე დაიხსნეს, მოგვიანებით კი დედამისიც გამოიყვანეს.

ასევე დღეს, 12 თებერვალს, ცნობილი გახდა კიდევ ერთი გადარჩენილი გოგონას შესახებ, რომელიც ჰატაიში მიწისძვრიდან 151 საათის შემდეგ დაიხსნეს მაშველებმა ნანგრევებიდან. ამის შესახებ ინფორმაცია მოკლე ვიდეოსთან ერთად თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ გამოაქვეყნა.

თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

რუსეთის მსხვერპლის რიცხვი უკრაინაში მკვეთრად გაიზარდა – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა დღეს, 12 თებერვალს, ყოველდღიურ ცნობებში წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთს, სავარაუდოდ, აქვს მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, უკრაინაში შეჭრის პირველი კვირის შემდეგ.

ბრიტანული დაზვერვა ამ შემთხვევაში ეყრდნობა უკრაინის გენერალური შტაბის ყოველდღიურ სტატისტიკას მსხვერპლის შესახებ. „მიუხედავად იმისა, რომ დაზვერვა ვერ ამოწმებს მეთოდოლოგიას, ტენდენციები, რომლებიც ასახავს მონაცემებს, სავარაუდოდ ზუსტია“ – წერს ბრიტანული დაზვერვა.

დაზვერვის მიერ გავრცელებულ ცნობებში აღნიშნულია, რომ რუსეთის ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი იყო 824 მსხვერპლი დღეში, რაც ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისში დაფიქსირებულ მაჩვენებელს. აქვე ვკითხულობთ, რომ დიდია მსხვერპლი უკრაინულ მხარესაც.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთის არმიაში  მსხვერპლის ზრდა, სავარაუდოდ, გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის პერსონალის მომზადების დონის, კოორდინაციისა და რესურსების ნაკლებობით ფრონტზე  და ამის მაგალითია ვუჰლედარისა და ბახმუტის ბრძოლები.

როგორ შეიცვალა რუსული დეზინფორმაციის მეთოდები ომის დროს – შეხვედრა ბათუმში

„დეზინფორმაციის მეთოდები იცვლება ომის პირობებშიც,“ – აღნიშნა დღეს, 12 თებერვალს, „ბათუმელების“ მედიასკოლის მონაწილეებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს სალომე ცეცხლაძემ, „საერთაშორისო გამჭვირალობა საქართველოს“ უფროსმა მკვლევარმა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას იკვლევს საქართველოში, ასევე იმას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.

სალომე ცეცხლაძემ შეხვედრაზე ომის დროს დეზინფორმაციის მეთოდების შეცვლის ერთ-ერთ მაგალითად, სოციალურ ქსელ ტელეგრამში ახალ-ახალი ჯგუფების შექმნა დაასახელა, რომელიც ოკუპირებული უკრაინული დასახლებების მაცხოვრებლებზეა გათვლილი.

„ჯგუფი იქმნება თითქოს იმ ინფორმაციის მისაწოდებლად ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომ აი, როდის ჩაირთვება შუქი. იციან, რომ ეს პრობლემა იქ ყველას აინტერესებს. შემდეგ კი, აქტიურად ვრცელდება კრემლის გზავნილები სხვადასხვა ფორმით,“ – აღნიშნა სალომე ცეცხლაძემ.

„საქართველოს სახელისუფლებო უწყებები არ არიან ეფექტური რუსული დეზინფორმაციის ნარატივების წინააღმდეგ ხალხის დროული ინფორმირებისა და მათი მავნე გავლენის შემსუბუქების კუთხით…

მმართველი პარტია სოციალურ ქსელებში არაავთენტური ანგარიშების, თუ ყალბი გვერდების მეშვეობით, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას ოპონენტების, კრიტიკული მედიისა თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების წინააღმდეგ,“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მოამზადა.

საუბარია სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტებზე, რომლებიც რამდენიმე საჯარო უწყებაში შეიქმნა 2015 წელს, თუმცა „ბათუმელები“ არაერთხელ წერდა, რომ ეს უწყებები რუსული დეზინფორმაციის სანაცვლოდ, რეალურად საქართველოში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იბრძვიან.

„სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობისა და მისი ფრაგმენტულობიდან გამომდინარე, რთულია ერთიანი სურათის დანახვა, რა გზებით იბრძვის ხელისუფლება დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ხშირ შემთხვევაში მათი ქმედებები ფორმალურია, ან იმართება მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგით.

ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების ნაწილი ადეკვატურად ვერ პასუხობს დეზიფორმაციის მზარდ პრობლემას. მათ შორის, არ არსებობს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, განსაახლებელია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, შემდეგი რეკომენდაციები აქვს:

  • დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წამყვანი როლი სახელმწიფოს უნდა ეკავოს და გაცხადებული პოლიტიკური ნება უნდა ჰქონდეს ამ მიმართულებით.

  • ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდასავლური და მადისკრედიტებელი განცხადებების გაკეთება სტრატეგიული პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგ. უნდა შეწყდეს მთავრობის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა.

  • შეიქმნას საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთიან და დროში გაწერილ მიზნებს, პასუხისმგებელ უწყებებს და შესაძლო აქტივობების ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმებს. დოკუმენტი გამოწვევების მიხედვით პერიოდულად უნდა განახლდეს.

  • სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს ერთიანი მესიჯი დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

  • სისტემატურად და პროაქტიულად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება დეზინფორმაციულ ნარატივებთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეები მომზადებული შეხვდნენ მას და შემცირდეს დეზინფორმაციის გავლენა. მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ვინ და რა გზებით ავრცელებს ქვეყანაში დეზინფორმაციას, მათი დაფინანსების წყაროები და ა.შ., ასევე, რას აკეთებს  ხელისუფლება პრობლემის გადასაჭრელად.

  • უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხელისუფლებამ დეზინფორმაციულ გამოწვევებს მყისიერად უნდა უპასუხოს საერთაშორისო გამოცდილების  გათვალისწინებით.

  • უნდა განახლდეს და შეიქმნას დეზინფორმაციასა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტები [ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგია, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია] იმისთვის, რომ პახუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს.

 

28 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 28 ათას ადამიანს გადააჭარბა, 11 თებერვლის ღამის მონაცემებით.

სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა „ბიბისის“ ცნობით, თურქეთში გერმანელმა და ავსტრიელმა მაშველებმა სტიქიის ზონაში მუშაობა შეაჩერეს ძარცვის შემთხვევებისა და სროლის გამო.

თურქეთის ვიცე-პრემიერმა ფუატ ოქტაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 24 617-მდე გაიზარდა. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, სირიაში ამ დროისთვის 3553 გარდაცვლილი იპოვეს. შესაბამისად, ორივე ქვეყანაში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 28,100-ს აღწევს.

„ბიბისი“ წერს, რომ ორმა გერმანულმა ორგანიზაციამ – გერმანიის საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო სამსახურმა (ISAR) და გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ (THW) შეაჩერა სამაშველო ოპერაციები სამხრეთ თურქეთში.

მიზეზი „მაროდიორობის“ და სროლების შესახებ ცნობებია. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მუშაობს გააგრძელებენ, როგორც კი მიიღებენ ინფორმაციას თურქეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურიდან იმის შესახებ, რომ საფრთხე აღარ არსებობს.

მანამდე კი თურქეთში სამაშველო სამუშაოები შეაჩერეს ავსტრიელმა სამხედროებმა. მათი თქმით, სროლები და ძარცვა დიდ საფრთხეს უქმნის მაშველებს.

თურქეთის ხელისუფლებას შეტაკებებისა და სროლების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 11 თებერვალს აღიარა, რომ მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში იყო ძარცვის შემთხვევები და ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს.

ამის პარალელურად მძიმეა სიტუაცია სირიაში, სადაც მიწისძვრა კონფლიქტის ზონაში მოხდა.

საქართველოში მიწისძვრა ისევ მოხდა

საქართველოში დღეს, 12 თებერვალს, 12 საათსა და 07 წუთზე მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ოზურგეთიდან 4 კილომეტრის დაშორებით, სოფელ გომთან დაფიქსირდა [სიმძლავრე ეპიცენტრში 4.6 მაგნიტუდა იყო].

განახლება: მიწისძვრა დაახლოებით 14 წუთში ისევ განმეორდა [12:21 საათზე], ამჯერად ეპიცენტრი, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ჩოხატაურიდან სამხრეთით 16 კილომეტრში [კურორტ ბახმაროდან 5 კილომეტრში] იყო – სიმძლავრე კი, 3.3 მაგნიტუდა.

პირველი მიწისძვრის ეპიცენტრიც, სეისმური ცენტრის დაზუსტებული ინფორმაციით, დაბა ჩოხატაურის სამხრეთით 18 კილომეტრში [კურორტ ბახმაროდან 2 კილომეტრში] იყო; სიმძლავრით 4.4 მაგნიტუდა.

საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა გუშინაც, 11 თებერვალს.

146 საათი ნანგრევებში – მაშველებმა ბავშვის გამოყვანა შეძლეს

თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, მაშველებმა დამანგრეველი მიწისძვრიდან 146 საათის შემდეგ შეძლეს სახლის ნანგრევებიდან დაშავებული გოგოს გამოყვანა.

ეილულ კილიჩის გამოყვანას ექვსსართულიანი სახლის ნანგრევებიდან დაახლოებით 9 საათი დასჭირდა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ასევე, მიწისძვრიდან 140 საათის შემდეგ გამოიყვანეს ნანგრევებიდან მაშველებმა ფეხმძიმე ქალი ძმასთან ერთად.

სამაშველო სამუშაოები მიწისძვრით განადგურებულ რეგიონებში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება.

თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში, დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიისას მოხდა.

მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონში 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.

თურქეთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

______________

ფოტო: „ანადოლუ“

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 თებერვლის 21 საათიდან 13 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ნალექი, მთაში კი თოვა.

იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 14-15 თებერვალს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში კი – თოვა.

_____________

ფოტოზე: თოვლჭყაპი ბათუმში. თამილა ხალვაშის ფოტო

 

აჭარის სოფლები, რომელთა გაზიფიცირებისთვის პროექტებს შეისყიდიან

აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 11 სოფლისთვის, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, გაზიფიცირების პროექტებს შეისყიდის, რისთვისაც ორი ტენდერია გამოცხადებული. სატენდერო თანხა ჯამში 377 522 ლარია.

ეს სოფლებია: ჭახათი, ოქროპილაური, ქვემო ვაშლოვანი, მირვეთი, ქოქოლეთი, ზედა ჩხუტუნეთი, ჭინკაძეები, ქვედა ბზუბზუ, პირველი მაისი, ახო და დანდალო.

პროექტების შესყიდვის შემდეგ, ცალკე გამოაცხადებენ ტენდერს გაზსადენი ქსელის მონტაჟზე სოფლებში, ხოლო დამონტაჟების შემდეგ ქსელი გადაეცემა გაზის კომპანიას [ამ შემთხვევაში „სოკარს“], რომელიც დაიწყებს მოსახლეობისთვის გაზის მიწოდებას [ცენტრალური მილებიდან სახლებამდე გაზს გაზის კომპანია მიიყვანს].

შესაბამისად, კონკრეტულად თუ როდის მიიღებს მოსახლეობა გაზს ამ სოფლებში, განსაზღვრა ძნელია.

მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქობულეთის არაერთ სოფელში გაზი 2021 წელს გაიყვანა, მოსახლეობას კი გაზი დღემდე არ მიეწოდება:

გაზსადენის პროექტირებაზე ერთი ტენდერი 193 166 ლარითაა გამოცხადებული, ხოლო მეორე ტენდერი 184 356 ლარით.

პირველი ტენდერი ქობულეთის სოფელ ჭახათის, შუახევის სოფელ ოქროპილაურის, ხულოს სოფელ ქვემო ვაშლოვანის და ხელვაჩაურის სოფლების: მირვეთის, ქოქოლეთის და ზედა ჩხუტუნეთის გაზიფიცირების საპროექტო მომსახურებას ეხება.

ამ სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო პროექტები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 დღეში უნდა იყოს მზად.

ამასთან, პირობის მიხედვით, „აღნიშნულ ვადაში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას პროექტის საინჟინრო-გეოლოგიური ნაწილის შესახებ, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტებული ორგანიზაციის ან შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.“

აღნიშნულ ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2023 წლის 21 თებერვალს და 23 თებერვალს დასრულდება.

მეორე ტენდერი ქედას მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭინკაძეების, ქვედა ბზუბზუს, პირველი მაისის, ახოს და დანდალოს გაზიფიცირების საპროექტო მომსახურებაზეა გამოცხადებული [184 356 ლარით].

აქაც წინადადებების მიღება 2023 წლის 21 თებერვალს დაიწყება და 23 თებერვალს დასრულდება.

აღნიშნული სოფლების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 110 დღეში უნდა იყოს მზად. აღნიშნულ ვადაში, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.

ამავე თემაზე:

აჭარის რომელ სოფლებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი 2022-2024 წლებში

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 12 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 12 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 137 780 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +900]
  • ტანკი – 3 280 ერთეული [+13]
  • ჯავშანტექნიკა – 6 488 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 2 287 ერთეული [+17]
  • MLRS – 465 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 296 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 286 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 007 ერთეული [+10]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 857 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 148 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 215 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 12 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 384 თვითმფრინავი
  • 207 ვერტმფრენი
  • 3 105 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 404 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 840 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 015 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 073 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 350 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მტერი ჩვენგან ასეთ თავხედობას არ ელოდა – რას ჰყვება უკრაინის გმირი პილოტი

„ომის გვეშინია, მაგრამ რუსულ ფულზე უარის თქმა არ გვინდა“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

„გაუგებარია, როგორ შეიძლება გეშინოდეს ომის რუსეთთან და იმავდროულად მილიონი რუსის საქართველოში შემოსვლა არ გაშინებდეს?“ – კითხვას უჩენს საზოგადოების დუმილი რუსული ფულის და გავლენების გაზრდაზე ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძეს.

დავით ჯინჭარაძე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარია და ამჟამად ლონდონში მუშაობს. ის დისტანცირებულად აკვირდება პროცესებს საქართველოში, მათ შორის, რეაქციას, მაგალითად, ბინების გაქირავებაზე, როცა უკრაინაში ომის დასაწყისში ადამიანები ამბობენ, რომ ბინას რუსებს არ მიაქირავებდნენ, დღეს კი მათი განწყობა შეიცვალა.

„ეს ადამიანები არ მიიჩნევენ, რომ მათი და ქვეყნის კეთილდღეობა კავშირშია და ფიქრობენ: პირველია ის, რაც მე მჭირდება და შემდეგ ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ეს ადამიანები გეტყვიან, „რუსეთი ცუდია, მაგრამ რუსებმა რა დააშავეს“.

ჩეხეთსა და ბალტიისპირეთშიც ხომ არ უშვებენ ამდენ რუსს და პირიქით, ვიზებსაც აღარ აძლევენ. ეს არის ალოგიკური. ომის გვეშინია, მაგრამ ამავე დროს რუსულ ფულზე უარი თქმა არ გვინდა,“ – ამბობს დავით ჯინჭარაძე,

„ბათუმელებმა“ ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო დავით, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რუსეთიდან, ოკუპანტი ქვეყნიდან, 1 მილიონ 459 541 ადამიანი შემოვიდა საქართველოში. თქვენი დაკვირვებით, როგორ აისახა რუსების და რუსული ფულის შემოსვლა საზოგადოების განწყობაზე? 

ახლა ვუყურებდი NDI-ის ორ კვლევას. ერთი გამოქვეყნებულია 2022 წლის 27 იანვარს, ანუ ომის დაწყებამდე, მეორე კი ახლახან გამოქვეყნდა – 2023 წლის 2 თებერვალს. კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იყო 41 %, „ქართული ოცნების“ – 24 %, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 9. ახალი კვლევის მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა. ერთადერთი „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შემცირდა 6 %-მდე და სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაიზარდა 8-დან 13%-მდე. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ რუსეთის გავლენას და რისკს, რომელიც მუდმივად იზრდება, ჩვენი მოქალაქეები საკმარისად ვერ აცნობიერებენ.

საქართველოში ადრეც არ აღიქმებოდნენ რუსი ტურისტები პრობლემად. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი საუბრობდა იმაზე, რომ შეიძლება ეს იყოს პრობლემა. ახლაც ასეა: უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოში შემოდის 1 მილიონ 400 ათასი რუსი და ხელისუფლება ზუსტ სტატისტიკასაც არ ასაჯაროებს: აქედან რამდენი დარჩა ქვეყანაში, რამდენი – წავიდა? ეკონომიკურ გაჭირვებაში მყოფი ადამიანით მანიპულირება კი, შედარებით იოლია. როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური მდგომარეობის ფონი დაბალი, ადამიანების პრიორიტეტი ხდება ეკონომიკური კეთილდღეობა და შემდეგ მოდის უკვე იდეოლოგიური საკითხები.

  • ხედავთ მოცემულობას, რომ საქართველოში ოკუპაციის საფრთხეზე წინ ადამიანებმა შესაძლოა ეკონომიკური კეთილდღეობა დააყენონ? 

შესაძლოა, ყველა ადამიანი ამ საკითხებს ერთმანეთს არ უკავშირებდეს და ცოტა იყოს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ ბმას ხედავს.

ვფიქრობ, ყველაფერი არის სახელმწიფო პოლიტიკის შედეგი. მე მახსოვს „ნეტგაზეთის“ სტატია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ხარჯავდა ძირითადად ფულს რუსი ტურისტების მოსაზიდად. ყოველთვის უფრო მარტივია ეს გზა, აი, საქართველო რომ იყო საბჭოთა კავშირში და იყო ერთი პატარა კურორტი, ეს ამ ნარატივის გაგრძელებაა. ყველა ხვდება – ევროპელი და ამერიკელი ტურისტი რომ შემოვიდეს საქართველოში, ცოტა სხვანაირი სერვისი უნდა შესთავაზო მას.

  • რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე ამ დროს რუსულ პროპაგანდას? იგივე ეს გზავნილი, რომ არა რუსები, კიდევ უფრო გაუჭირდებოდა საქართველოს, რადგან ევროპის ბაზრისთვის საინტერესო არ ვართ.

ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა, რაც ჩანს საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის ურთიერთობაში, არის საქართველოს წარმოჩენა ნეიტრალურ სახელმწიფოდ. ეს იმ დროს, როცა რუსეთი შენი ქვეყნის ოკუპანტია.

ერთი მხრივ, ცოტა კომიკურიც კია, როცა აშკარაა, რომ მოსახლეობის 80 %-ზე მეტს ევროკავშირი სურს. ფეისბუქზეც ყველას უკრაინის დროშა უდევს და ამ დროს „ქართული ოცნების“ რეიტინგი ისევ ისეთია, როგორიც იყო ომამდე.

საქართველოს მოქალაქე კი ბათუმსა თუ თბილისში ვეღარ ქირაობს ბინას. რომ მეკითხებიან ზოგჯერ, რამდენად მაქვს ნაქირავები ბინა ლონდონში, აღმოჩნდება, რომ უახლოვდება თითქმის ეს ფასები ლონდონის ფასებს. ლონდონში ქირაობენ ოთახებს ძირითადად, ოთახის ფასი კი, ლოკაციის მიხედვით, არის 700-დან 1500 ფუნტამდე. ბათუმსა და თბილისშიც 1000 დოლარად ქირავდება უკვე ბინები.

  • რატომ ჩათვალეთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგის უცვლელობა აჩვენებს იმას, რომ საზოგადოებას არ აქვს საფრთხის განცდა რუსეთის მიმართ? 

გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე მკაფიოდ ანტიდასავლური, ხოლო ომის დინამიკის დროს და იმ განცხადებების ფონზე, რასაც ჩვენ ვისმენდით „ოცნებისგან“, ამ დროს თუ არ შეიცვალა ამომრჩევლის განწყობა, ნაკლებად რჩება იმედი, რამ შეიძლება შეცვალოს ეს პოლიტიკური მოცემულობა.

მეორე მხრივ, მუშაობს ეკონომიკური ფაქტორი, რადგან გამოდის, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის მუშაობს „ეკონომიკური კეთილდღეობა“. გამოდის, რომ მთავარი ფაქტორი ხდება სარგებლის ნახვა.

  • ეს არის პრაგმატული გათვლა, რომ ყველაფრის გაძვირების პირობებში მეტ-ნაკლებად მოახერხო ფულის შოვნა, ამიტომაც, ვეღარ ვხედავთ პროტესტს? 

აშკარად ჩანს, რაზე აპელირებს ხელისუფლება: „აბა, ომი გინდათ?“

ამავე დროს, გაუგებარია, როგორ შეიძლება გეშინოდეს რუსეთთან ომის და იმავდროულად მილიონი რუსის საქართველოში შემოსვლა არ გაშინებდეს? ჩეხეთსა და ბალტიისპირეთში არ უშვებენ ამდენ რუსს და პირიქით, ვიზებსაც აღარ აძლევენ. ეს არის ალოგიკური. ომის გვეშინია, მაგრამ ამავე დროს რუსულ ფულზე უარი თქმა არ გვინდა.

ადამიანები, რომლებიც აქირავებენ რუსებზე ბინებს, ჰგონიათ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ინტერესიდან მოქმედებენ, რადგან დღეს შენ გიხდიან 800 დოლარს ბინაში, 1000 დოლარს და ფიქრობ: ეს საუკეთესო ინტერესია. არსებობს გრძელვადიანი საუკეთესო ინტერესი.

ეს ადამიანები არ მიიჩნევენ, რომ მათი და ქვეყნის კეთილდღეობა კავშირშია და ფიქრობენ: პირველია ის, რაც მე მჭირდება და შემდეგ ის, რაც ქვეყანას სჭირდება. ეს ადამიანები გეტყვიან, „რუსეთი ცუდია, მაგრამ რუსებმა რა დააშავეს“?

ეს არის ინდივიდის და ქვეყნის სრული გამიჯვნა. ქვეყანა და ადამიანი ერთი და იგივე არ არის, მაგრამ ჩვენთან ისე ხდება უკვე, რომ ვერ ვხედავთ, რამდენად არის ჩვენი ქვეყნის მომავალი დამოკიდებული ჩვენს მომავალზე. 800 დოლარი, რომელსაც მე ავიღებ, შესაძლოა, რაღაც დონეზე მეყოს, მაგრამ თუკი არ იქნება ეკონომიკა სტაბილური, დღევანდელ შემოსავლებს აზრი ეკარგება. ამ გრძელვადიანი აზროვნების დეფიციტი გვაქვს, როცა არ ვფიქრობთ: რუსეთი როდესაც წააგებს ომს უკრაინაში, შემდეგ რა მოხდება?

მეორეცაა: თუ უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში, რუსეთის გავლენის სფეროში ჩვენ ისევ რატომ შეიძლება არ დავრჩეთ? ამდენი რუსია უკვე საქართველოში და კაფე-ბარებშიც თვლიან, რომ ქართულენოვანი ოფიციანტი არ სჭირდებათ.

  • ჩანს თქვენთვის, რომ მიზანმიმართულად უქმნის ხელისუფლება კომფორტულ გარემოს რუსებს? 

ეს ულტრანაციონალისტი ხალხი აპელირებს, ენა, მამული, სარწმუნოებაო. ამ დროს კი, არც სახელმწიფო ენის დამცავი კანონები არ ფუნქციონირებს, ეკლესია ცალკე საკითხია და მამული ესაა ხო: ბინები, სახლი, მიწები… რა „ენა, მამული და სარწმუნოება?“

  • ნიჰილიზმის გამოა, როცა პროტესტი არ ჩანს იგივე რუსულენოვან კაფეებზე, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს? თუ მოქალაქეები ვერ უშვებენ ცვლილებების მიღწევის შესაძლებლობას მათთვის სასურველი პოლიტიკური აქტორების გარეშე?

არსებობს ასეთი თეორია, რომ ყველაზე რადიკალური იდეები საზოგადოებაში იფილტრება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი არის სადღაც შუაში. ყველაზე რადიკალურ იდეებს ნაკლები ფუნქციონირება აქვს. ჩვენს შემთხვევაში, ქართველ ხალხს ძალიან გვიყვარს კონკრეტულ სახელ-გვარებზე ფოკუსირება, როცა მნიშვნელოვანია, ვინ არის ამა თუ იმ პროტესტის ორგანიზატორი, ვინ შევა პარლამენტში და ვინ გამოვა.

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ პროტესტი ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც გამოდის სცენაზე.

ჩვენთან ამომრჩევლის 40 % არის „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი“, რადგან თვლიან, რომ ამ გზით ისინი მორალურ სიმართლეს ინარჩუნებენ – არცერთ მხარეს არ ირჩევენ. მაგალითად, მე ოპოზიციის ამომრჩეველი ვარ. თუმცა ბოლო დროს არცერთი ოპოზიციური პარტია არ მომწონს. მიმაჩნია ასევე, რომ ის, რაც ხდება ოპოზიციაში, ტოტალური დეგრადაციაა, მაგრამ ამის მიუხედავად, როცა არჩევნებზე მივალ, ხომ არ დავიწყებ მეც იმის გამოხატვას, რომ ესენიც ცუდები არიან და მეც ხომ არ გადავხაზავ ბიულეტენს? რეალურად არჩევანის გაკეთება გიწევს და ილუზია იმისა, რომ იდეალური და კარგი არჩევანი შეიძლება გააკეთო, არ უნდა არსებობდეს.

ამიტომაც საქართველოში რადიკალური ცვლილებების შიში აქვთ, დაცდილი აქვთ, რომ პროტესტის გამოხატვა არ მუშაობს.

  • თუმცა ფართომასშტაბიანი აქციით გამოხატა ბევრმა ადამიანმა, მაგალითად, რომ ამ ქვეყნის კურსი პროდასავლურია.

მაგრამ ეს პროტესტიც აჩვენებდა, რამდენად დაყოფილია ჩვენი საზოგადოება და რამდენად აღარ დაგვრჩა კონსოლიდაციის რესურსი. გვახსოვს დისკუსია პროტესტის გამოხატვის თარიღსა და ვიღაცასთან დადგომაზე, ან არდადგომაზე.

დღეს ჩვენი პროტესტი რუსეთის მიმართ შემოიფარგლება ფეისბუქის და ინსტაგრამის პოსტებით, ასევე რამდენიმე ადამიანით, რომელიც აქტიურად გამოხატავს პროტესტს, მაგალითად, ხელს უშლის რუსებს, გამოვიდნენ თავისუფლად რუსთაველზე და იმღერონ.

ჩემი აზრით, ეფექტური ის იქნებოდა, ადამიანები, რომლებიც აქირავებენ ბინებს ბათუმსა და თბილისში, არ გაექირავებინათ ბინა რუსებზე. ეს საპროტესტო ტალღა იყო კიდეც გასული წლის დასაწყისში და ახლა პირიქითაა. ამ შემთხვევაში რუსებიც აღარ იგრძნობდნენ აქ თავს კომფორტულად. როგორც ეს იყო, მაგალითად, ინდოეთში, როცა სოციალური მედია არ არსებობდა, მაგრამ ხალხი უარს ამბობდა ბრიტანული კოლონიალიზმის გამო ბრიტანული პროდუქტის შეძენაზე. ნებისმიერი კოლონიალიზმის წინააღმდეგ ხალხი ისტორიულად დგამდა რეალურ ნაბიჯებს, რასაც ჰქონდა შედეგი.

ადამიანებს ვერ ეტყვი, რომ საკუთარი ჯიბე გაწირონ, მაგრამ უნდა ავუხსნათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შენი ეკონომიკური შემოსავალი დაფუძნებულია იმაზე, რომ რუსეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებდეს შენი ქვეყნის ეკონომიკა. ესტონეთსა და ლატვიაში ბინის ქირაში გაცილებით მაღალ თანხას გადაიხდიდა რუსეთის მოქალაქე, რადგან ევროკავშირის ტერიტორიაა, მაგრამ არ ხდება ასე. და რატომ ხდება ჩვენთან? ომი არ გვქონია რუსეთთან? ამდენი რამ არ დაგვიშავა?

ყველაზე დიდი პრობლემა იმ ადამიანებშია, ვინც საკმარისად მკაფიოდ არ დგას მეორე მხარეს, ვინც ეჭიდება შუაშისტურ პოზიციას, რადგან ნებისმიერ საზოგადოებაში ამ განწყობის ადამიანების „არც იქეთ და არც – აქეთ“ ხარჯზე ხდება პოლიტიკური ცვლილებები.

აშშ-ც, რომელიც საკმაოდ დემოკრატიული ქვეყანაა, ბევრი შტატია, სადაც ან დემოკრატი პრეზიდენტი იგებს, ან რესპუბლიკელი, იმდენად კონსოლიდირებულია მოსაზრება, მაგრამ არის რამდენიმე შტატი, რომელსაც უწოდებენ „გადაუწყვეტელი ამომრჩევლების“ შტატს. ისინი საითაც გადაიხრებიან, რეალური ცვლილება იქეთ ხდება.

დემოკრატიული ქვეყანაში ძალიან ნორმალურია, იყო ე.წ.გადაუწყვეტელი ამომრჩეველი. პირიქით, ეს კარგიცაა, რადგან ადამიანები მოქმედებენ კონკრეტული სიტუაციიდან და ფაქტებიდან გამომდინარე. მე თუ ერთმა პარტიამ შემთავაზა უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა, უკეთესი გარემო და ასე შემდეგ, შესაძლოა, გადავწყვიტო და მას მივცე ხმა. ჩვენთან კი, მთელი რესურსი მობილიზებულია იქითკენ, რომ „გადაუწყვეტელი ამომრჩევლის“ ფაქტორმა იმუშაოს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და პორტფოლიოს მომხრეც ვარ – პედაგოგი ცაგერიდან

ირმა ნოსელიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში, ინგლისურ ენას ასწავლის. სოფელში ათი წლის წინ, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მოვიდა და მას შემდეგ ამ სკოლაში აგრძელებს მუშაობას.

2020 წელს, ირმა ამერიკული პროგრამის „ფულბრაიტის“ მეშვეობით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ის უცხოელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნო. ამერიკის სამხრეთში, არკანზას შტატში 17 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ექვსი თვე დაყო.

„პირველი რაც ამერიკულ სკოლაში შესვლისას თვალში მოგხვდებათ, ეს არის სრული თავისუფლება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მათი უშუალო დამოკიდებულება.

საკლასო ოთახები სავსეა სასწავლო რესურსებით, აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიებით, ლაბორატორიებით. ეს, სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში ნაკლებადაა. ბავშვები არიან ძალიან თავისუფალი და აქვთ ყველა შესაძლებლობა ისწავლონ ისე, როგორც შეუძლიათ და როგორც მათ გამოსდით – ინდივიდუალური მიდგომაა ყველა ბავშვთან. სწავლებაში მთავარია კრიტიკული აზროვნება და მთელი სასწავლო გარემო მორგებულია 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე“, – გვეუბნება ირმა.

მისი თქმით, ქართულ საჯარო სკოლებში პრობლემაა ის, რომ ცვლილებები იწყება არა ქვემოდან, არამედ ზემოდან.

„როცა საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები, ჯერ ამის წინაპირობა უნდა შექმნა. როცა მესამე თაობის სასწავლო გეგმაზე მუშაობ და კომპლექსური დავალებები უნდა განახორციელო, ამის მოსამზადებლად ელემენტარული რესურსები უნდა ჰქონდეს მოსწავლეს, რომ პრაქტიკულადაც იმუშაოს.

სამწუხაროდ, სკოლაში არ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგიები. ინტერნეტი ზოგჯერ არ არის, საკლასო ოთახები არ არის აღჭურვილი კომპიუტერებით და, შესაბამისად, არ გამოდის ისეთი ხარისხიანი გაკვეთილი ახალ მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეს.

ვფიქრობ, ძირეული ცვლილებები ქვემოდან არის დასაწყები, ქვემოდან უნდა დავიწყოთ შენება, საძირკველი უნდა ჩავუყაროთ რაღაც ელემენტარულ საკითხებს და შემდეგ უკვე დავაშენოთ მეტი და მეტი“, – ამბობს ირმა.

მასწავლებლის თქმით, თანამედროვე სკოლამ ბავშვი უნდა ჩამოაყალიბოს გლობალურ მოქალაქედ, ასწავლოს კრიტიკული აზროვნება, გახადოს კონკურენტუნარიანი, ასწავლოს უცხო ენები და ბავშვი გახადოს უფრო მოქნილი.

ირმა ნოსელიძე აშშ-ში

„ფულბრაიტის“ პროგრამა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამერიკულმა გამოცდილებამ ჩემში ძალიან ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ.

თუ ადრე ვამბობდი, რომ „ეს არ მოხდება“, „ამას არ ვიზამ“ და ასე შემდეგ, მსგავსი დამოკიდებულება აღარ მაქვს, დავამსხვრიე სტერეოტიპული აზრები, რაც კი არსებობდა ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის.

მინდა ეს ჩემმა მოსწავლეებმაც გაიაზრონ და ამიტომ ვცდილობ ჩავრთო ისინი სხვადასხვა პროგრამებში“, – ამბობს ირმა.

მისი თქმით, ცაგერში პირველად დაინერგა აქსესის (ACCESS) პროგრამა, რაც ინგლისური ენის უფასოდ შესწავლის შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ და სოფლად მცხოვრებ ბავშვებს.

„იმდენად სჭირდებათ ბავშვებს ასეთ აქტივობებში ჩართვა, ახალი ცოდნის, რესურსების მიღება, რომ 4-5 კილომეტრს გადიან ჩემთან გაკვეთილებზე მოვიდნენ.

გაეზარდათ მოტივაცია, ჩართულობა, იმდენად მაღალია მათი მოტივაცია, მეც კი გაოცებული ვარ ხშირად და როგორ არ უნდა შევთავაზო მათ ხარისხიანი გაკვეთილი, როცა ბავშვი ამდენ კილომეტრს გადის შენთან მოსასვლელად.

ამ პროექტით ბავშვების ცნობიერებაც ამაღლდა და ჩემიც“, – გვეუბნება ირმა.

ირმა ნოსელიძე

მისი თქმით, სკოლებს მაღალმთიან სოფლებში ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ბავშვებს სხვა რესურსებზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი. „ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროფესიონალი მასწავლებლები ჰყავდეთ სკოლებში და ჩავრთოთ ისინი კლასგარეშე აქტივობებშიც.

ჩვენი სოფელი ცენტრალური გზიდან 2 კილომეტრითაა დაშორებული, ხშირად ავდივარ ფეხით, თუმცა არასდროს ვწუწუნებ, რადგან ყოველთვის მიმიხარია იქ, სადაც ბავშვები მელოდებიან, მინდა გავუზიარო ის, რაც მე ვიცი და ეს არის ჩემი ვალდებულება“, – ამბობს ირმა.

მას ვკითხეთ, რა გამოცდილება მიიღო აშშ-ში სკოლებში კვებასთან დაკავშირებით და ფიქრობს თუ არა, რომ სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა.

ირმაც მიიჩნევს, რომ სკოლებში კვების საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელია, რადგან მშიერი ბავშვი სათანადოდ ვერ სწავლობს და არც კლასგარეშე აქტივობებში ჩართვის სურვილი აქვს.

„სკოლებში კვება ნამდვილად დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამერიკაში ეს საკითხი ძალიან კარგად არის მოგვარებული და ვისურვებდი, რომ ჩვენს სკოლებშიც ასე იყოს.

აშშ-ის სკოლებში ბავშვებს აქვთ დიდი დასვენება და აქვთ არჩევანის შესაძლებლობაც. შეუძლიათ თანხა აიღონ და იქვე იყიდონ მათთვის სასურველი კერძი, შეუძლიათ კონტეინერით მოიტანონ სახლიდან. აუცილებლად ყველა ბავშვი სადილობს.

ეს საკითხი პირველ ადგილზეა წამოწეული ამერიკაში, რადგან ბავშვი, რომელსაც შია, სამწუხაროდ, გაკვეთილზე ვერ იქნება სრულფასოვანი. ეს პრობლემა ჩვენ სკოლებშიც უნდა მოგვარდეს“.

ირმა ამბობს, რომ ლოკალურ დონეზე ამ პრობლემის მოგვარება ალბათ შესაძლებელია მშობელთა აქტიური ჩართულობით და ცდილობენ საკითხი გაააქტიურონ. თუმცა მოსახლეობის სოციალური პირობებიდან გამომდინარე, პრობლემა გლობალურია და სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

„არის დღეები, როცა გვაქვს კლუბური მუშაობა, ექვსი გაკვეთილის შემდეგ. ბავშვს, რომელსაც შია, აღარც კლუბი უნდა და არც სწავლა. ერთი სული აქვს წავიდეს სახლში და მიირთვას სადილი. მაგრამ, თუ ბავშვი არ დავტვირთეთ დამატებითი აქტივობებით, მარტო საკლასო გარემოდან არ გვექნება შედეგი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლაში ბავშვებს ჰქონდეთ კვება“.

რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, ირმა მომხრეა, რომ მასწავლებელი აწარმოებდეს კლასში განხორციელებული პროექტების ისტორიასაც, ანუ ე.წ პორტფოლიოს, რადგან ეს მას ეხმარება დაინახოს რა და როგორ გააკეთა.

„მე, პირადად, არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და ჩავაბარე კიდეც ჯერ კიდეც მაშინ, როცა არ ვიყავი მოქმედი მასწავლებელი –  გამოცდისთვის როგორც პრობლემისთვის ასე არ შემიხედავს.

არც პორტფოლიოს შეკვრა მიმაჩნია დროის კარგვად და არ ვეთანხმები მათ, ვინც ამის წინააღმდეგია“, – გვეუბნება ის.

თანამშრომლობა კოლეგებს შორის – მისი თქმით, აშშ-ის სკოლებში ყოფნისას ეს ასევე თვალშისაცემი იყო, რაც, მისი აზრით, ქართულ სკოლებშიც გასაღრმავებელია.

„იქ ყველა სტაჟიან მასწავლებელს მიმაგრებული ჰყავს დამწყები მასწავლებელი და უჩვენებს გზას. მათ აქვთ ყოველკვირეული შეხვედრები და უნდა გენახათ მათი თანამშრომლობის, ცნობიერების დონე, როგორ უწყობენ ერთმანეთს ხელს, როგორ ეხმარებიან. ამ მხრივ ჩვენთანაც უფრო მეტს ვისურვებდი“, – გვეუბნება ირმა ნოსელიძე.

მტერი ჩვენგან ასეთ თავხედობას არ ელოდა – რას ჰყვება უკრაინის გმირი პილოტი

„რაც თავი მახსოვს ყოველთვის მინდოდა ცასთან დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება. სამხედრო სპორტული ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ხარკოვის საჰაერო ძალების ეროვნულ უნივერსიტეტში გადავწყვიტე ჩაბარება. ფრენის ინჟინერიაშიც მინდოდა მეცადა ძალები. ვერტმფრენები მიყვარს.

ყოველთვის მაოცებდა, როცა უზარმაზარი მანქანა ფრინდებოდა და ამარცხებდა მიზიდულობის ძალას“, – ამბობს რომან დროგომირეცკი.

მისი ბავშვობის ოცნება ახდა – 2019 წელს რომანმა პირველი ოფიცრის წოდება და ვერტმფრენის პილოტის დიპლომი მიიღო.

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რომან დროგომირეცკი ერთწლიანი შვებულებიდან გამოვიდა. ამ დროის გატარებას ის მეუღლესთან და წლინახევრის შვილთან ერთად გეგმავდა.

24 თებერვალს, გამთენიისას, რომანი გააღვიძა მორიგე ოფიცრის ზარმა, რომელიც საბრძოლო განგაშის შესახებ ატყობინებდა. სამხედრო განყოფილებაში გამოცხადდა და რამდენიმე დღეში ბრძოლის ველზე აღმოჩნდა.

9 მარტს ვერტმფრენის ეკიპაჟმა, რომელსაც რომანი მეთაურობდა, უმართავი საავიაციო რაკეტები წარმატებით მიმართა მტრის ცოცხალი ძალისა და მსუბუქი ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ. ეს ძალები კიევის რეგიონის დაკავებას ცდილობდნენ.

„ეს ომია… ჩვენ კი მეომრები ვართ და ამისთვის გვამზადებენ პირველივე კურსიდან. ვემზადებით ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად. სინამდვილეში, ჩვენ ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ – ყველა პილოტი როცა გაფრენამდე თავის ვერტმფრენს ან თვითმფრინავს უახლოვდება, ხვდება, რომ მიფრინავს დავალების შესასრულებლად და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგრამ ეს ხდება გაფრენამდე…

სალონში მჯდომი პილოტი თვითმფრინავის ნაწილად იქცევა და შიშის ჩათვლით ყველა ემოცია ქრება. ცაში არ არის ადგილი შიშისთვის, რომელიც ხელს გიშლის აზროვნებაში, უეცარი გადაწყვეტილებების მიღებაში, რამაც შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს“, – ამბობს უკრაინის გმირი.

აზოვსტალის გარღვევა

19 მარტს რომანის ეკიპაჟს დაევალა გაერღვია რუსების საჰაერო თავდაცვის ორი წრე მარიუპოლის მცველებისთვის საბრძოლო მასალა რომ მიეწოდებინა, ეკიპაჟს დაჭრილებიც უნდა გამოეყვანა აზოვსტალიდან.

„ეს სხვადასხვა გარემოების გამო რამდენჯერმე გადადებული საიდუმლო ოპერაცია იყო. არც დრო გვქონდა დეტალების გასარკვევად და დასაზუსტებლად, რა და როგორ უნდა გვექნა. არც ის ვიცოდით ზუსტად, რა დრო გვქონდა ფრენისთვის“, – იხსენებს უკრაინის გმირი…

ოკუპირებულ მარიუპოლში 21 მარტს, დილით ადრე შეფრინდნენ. ოპერაციის წინა ღამეს რომანი ვერ იძინებდა, დავალების სირთულეზე ფიქრობდა. საჭირო იყო 300 კილომეტრის გადალახვა, აქედან 100 კილომეტრი კი მტრის თავდაცვის სიღრმეში უნდა ეფრინათ.

იმ დღეს მზის ამოსვლისას, უკრაინის შეიარაღებული ავიაციის ორი ვერტმფრენი გაფრინდა აზოვსტალისკენ. აზოვის ზღვიდან მოუარეს ქალაქს. ზღვის ზედაპირის სიმაღლეზე იფრინეს, რაც შეიძლება დაბლა. ეკიპაჟების წევრები ხედავდნენ როგორ იწვოდა მარიუპოლი, ქალაქი, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ მშვიდი და მყუდრო ცხოვრებით ცხოვრობდა.

„ძალიან გაგვიმართლა, რადგან მტერი ჩვენგან ასეთ თავხედობას არ ელოდა. დანიშნულების ადგილამდე მივედით. აზოვსტალის ტერიტორიაზე დაშვებიდან აფრენამდე სულ 12 წუთი დაგვჭირდა. თითოეულ ბორტზე 8 დაჭრილი ავიყვანეთ. უკანა გზაზე ვერტმფრენები საწვავით ავავსეთ, რადგან აღარ გვეყოფოდა ბოლო წერტილამდე მისაფრენად.  ჩავედით და ხელმძღვანელებს შევატყობინეთ დავალების წარმატებით დასრულების შესახებ. მოკლედ, სამხედრო ენაზე და მშრალად“, – იხსენებს მეომარი.

მას შემდეგ, რაც რომან დროგომირეცკიმ, თანამებრძოლებთან ერთად იფრინა ოკუპირებულ მარიუპოლში, კიდევ შვიდი ასეთი ფრენა შესრულდა. თექვსმეტი თვითმფრინავიდან ორი მტერმა ჩამოაგდო.

თუმცა ამ მამაცი მეომრების წყალობით, მარიუპოლის მცველებმა ბოლომდე გაუწიეს წინააღმდეგობა რუსებს და დაუკავშირდნენ მსოფლიოს, საუბრობდნენ ოკუპანტების დანაშაულზე უკრაინელი მოქალაქეების – ქალაქის მაცხოვრებლების წინააღმდეგ.

2022 წლის 26 მარტს, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისთვის, სამხედრო ფიცის ერთგულებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომან დროგომირეცკის „უკრაინის გმირის” წოდება მიანიჭა.

___

უკრაინის გმირმა რომან დროგომირეცკიმ ოკუპირებულ მარიუპოლის აზოვსტალში პირველ ფრენაზე ისაუბრა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საინფორმაციო სააგენტო „armyinform”- ის ჟურნალისტმა უკრაინის გმირი რომან დროგომირეცკი საბრძოლო დავალებებს შორის ჩაწერა.

Exit mobile version