მთავარი,სიახლეები

18 წლის მოკრივე გოგო ბათუმიდან: ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა – VIDEO

14.02.2023 • 5685
18 წლის მოკრივე გოგო ბათუმიდან: ჩემი მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობაა – VIDEO

„ყველა ბრძოლა ნოკაუტით მაქვს მოგებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 18 წლის ლანა ბოლქვაძე, რომელიც უკვე ორგზის საქართველოს ჩემპიონია კრივში.

წელიწად-ნახევარში ლანა ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე გამარჯვებაა:„მიზანი გაძლევს ძალას, მოტივაციას და ყველაფერს. რთულია, მაგრამ ვინც მოდუნდება, ის ვერ მიაღწევს წარმატებას.“

ლანა ამბობს, რომ სპორტი ბავშვობიდან მოსწონდა. ბევრი სახეობა მოსინჯა, დადიოდა მძლეოსნობაზეც, სადაც მიაღწია კიდეც გარკვეულ წარმატებას, თუმცა, მისი თქმით, ბათუმში მძლეოსნებს შესაფერისი პირობები არ აქვთ სერიოზული წარმატების მისაღწევად.

ლანა ბოლქვაძე – საქართველოს ორგზის ჩემპიონი კრივში

„ბოლოს დავიწყე ფიტნესზე სიარული საქართველოს საბრძოლო აკადემიაში, სადაც კლასიკურ კრივსაც ასწავლიან, მომეწონა და გადავწყვიტე, ამ სპორტს გავყოლოდი.

კი, საკმაოდ სახიფათო სპორტია, რადგან შეიძლება სახე დაგიშავდეს, ამის გამო ოჯახის წევრებს არ მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება.

დედაჩემი მეჩხუბებოდა ხოლმე, როცა სავარჯიშოდ მოვდიოდი, მაგრამ ახლა, როცა წარმატებას მივაღწიე, უხარია“, – გვითხრა ლანამ.

ლანა ვარჯიშის დროს

მისი თქმით, არჩევანის გამო მეგობრებიც დასცინოდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ „ქალს კუნთები არ უხდება“.

„არ მიჭერდნენ მხარს, ყველას უნდოდა, რომ გამოვსულიყავი, დამცინოდნენ, ბიჭს დაემსგავსეო. მე საერთოდ არ ვიზიარებ მათ აზრს, რადგან ვფიქრობ, რომ ქალსაც ძალიან უხდება ათლეტური სხეული.

ვფიქრობ, ყოველთვის ის უნდა აკეთო, რაც შენ მიგაჩნია სწორად და რაც გულით გინდა. რას ვიზამთ, ყოველთვის ყველას ვერ მოვეწონებით. სამაგიეროდ, როცა ჩემპიონი გახდები, ყველას მოეწონება“, – ამბობს ლანა.

ამბობს, რომ კრივი ძალიან უყვარს და აქვს დიდი მიზანიც – მოიგოს მსოფლიო ოლიმპიადა.

„არ გავჩერდები“, – გვითხრა მან.

ამისთვის ბევრი შრომა უწევს, დღეში 4-5 საათიც, თუმცა გაცნობიერებული აქვს, რომ შრომის გარეშე არაფერი გამოდის.

„კრივში ყველაფერი გჭირდება – მოქნილობა, გამძლეობა, კარგი მხედველობა, სწრაფი რეაქცია, რომ მუშტები აიცილო და შენც უპასუხო.

ჩვენ, სპორტსმენებს, ბევრი რამის დათმობა გვიწევს. ძალიან მნიშვნელოვანია კვება, ძილი. საღამოს 23:00 საათზე თუ არ დაიძინე, შეიძლება აღარ გეყოს ენერგია. ამის გამო ხშირად ვერც მეგობრებს ვნახულობ, მაგრამ ჩემი საქმე მიყვარს და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – გვეუბნება ლანა.

გასულ წელს  კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს კრივის ფედერაციას დაფინანსება მოუხსნა.

ამის გამო მოკრივეები ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მათ შორის ახალგაზრდა სპორტსმენები. ამაზე ლანაც წუხს და ფიქრობს, რომ ეს უსამართლობაა.

მწვრთნელთან ერთად

„ჩვენ ამდენს ვშრომობთ და ამ დროს სახელმწიფო ხელს არ გვიწყობს. არ გვაქვს დაფინანსება, ვერ დავდივართ შეჯიბრებებზე. არავის აინტერესებს ჩვენი მიღწევები.

მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა, რომ ყველგან, სადაც გავიმარჯვებ, ჩემი ქვეყნის დროშა ავწიო და ჩვენი ჰიმნი ჟღერდეს. არ მინდა, რომ ოდესმე სხვა ქვეყნის დროშით ვიასპარეზო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მხარს გვიჭერდეს“, – გვითხრა ლანამ.

მისი თქმით, უსამართლობაზე ყოველთვის უნდა ჰქონდეთ ადამიანებს პროტესტი. „მით უმეტეს, მაშინ უნდა ამოიღო ხმა, როცა წარმატებული ხარ, რადგან ასეთ დროს ხალხი ყურადღებას აქცევს შენს აზრს. ვფიქრობ, რაღაც უნდა შეიცვალოს ჩვენს ცხოვრებაში“, – ამბობს ლანა.

ის უკრაინაში მიმდინარე ომსაც ეხმიანება და ამბობს, რომ როგორც სპორტსმენი და როგორც ადამიანი, წინააღმდეგია ომის.

„მე ომის წინააღმდეგი ვარ. 21-ე საუკუნეში ადამიანები უნდა ხვდებოდნენ, რომ ომი არ არის საჭირო, რომ ერთმანეთს რაღაც წაართვან.

მე ის სპორტსმენებიც მეცოდებიან, ვინც ომის გამო თავს ვერ ავლენს. ვფიქრობ, ადამიანს უნდა უყვარდეს მეორე ადამიანი“, – ამბობს ლანა.

ლანა ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიასაც სწავლობს. ამბობს, რომ უყვარს ბუნება და ამიტომ გარემოზე ზრუნვასაც აპირებს.

ჩემპიონატი, სადაც ლანა ბოლქვაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, წელს ბათუმში, სპორტის სასახლეში ჩატარდა. მასში 160 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ლანა ბოლქვაძემ ფინალში ანი მარგიევი ნოკაუტით დაამარცხა და მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: