ჩაქვში, სასტუმროს აუზში 5 წლის ბავშვი დაიხრჩო

ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისის“ აუზში 5 წლის ბავშვი დაიღუპა.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს სასტუმროს ადმინისტრაციაში.

„მე როგორც ვიცი, ქართველები იყვნენ, დედა-შვილი ჩაქვში ისვენებდა… რა მოხდა რეალურად, არ ვიცი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიის რწმუნებულმა ჩაქვში გიორგი ქებულაძემ.

განახლებული ინფორმაცია: სასტუმრო “ოაზისიდან” მოგვწერეს, რომ ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება: „მიმდინარეობს ჩანაწერების შესწავლა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ველით ძალოვანი სტრუქტურების მიერ საგამოძიებო მოქმედებების დასრულებას, რის შემდეგადაც გაკეთდება განცხადება.”

_____________

ფოტო: pixels

თურქეთში დატბორილ ეკლესიაში ისტორიკოსმა სარკმლიდან შეცურა და ბოლო კადრები გადაიღო

თურქეთში, ისტორიულ ტაოში მდებარე კავკასიძეების სახელით ცნობილი ძველი ქართული ციხის ნანგრევები და ეკლესია წყალში იძირება.

წყალი უკვე მისწვდა ეკლესიაში შესასვლელ ერთადერთ კარს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბოლოჯერ მოინახულა ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ, რომელიც წყალში ჩაძირულ ეკლესიაში ტაძრის სარკმლიდან შეცურდა ნავით და ჩაძირული ეკლესიის ნაშთები ვიდეოზე აღბეჭდა.

„მინდოდა ჩემი ბავშვებისთვის მეჩვენებინა კავკასიძეების ციხე და ეკლესია ჩაძირვამდე.

წყალი დაახლოებით 2 მეტრითაა შესული ეკლესიაში და რამდენიმე დღეში ალბათ სრულიად დაიფარება ტაძარი“- ამბობს „ბათუმელებთან“ ბუბა კუდავა.

ეკლესიაში ჯერ კიდევ შემორჩენილია მხატვრობა, რომელიც,  ბუბა კუდავას თქმით, დაახლოებით მე-12-13 საუკუნით თარიღდება.

„მართალია, ძალიან დაზიანებულია ფრესკები და ფრაგმენტულადაა მოღწეული, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო და ფასეულია. დაცული იყო ათეულობით ძველი ნაკაწრი წარწერა – ასომთავრულით, ნუსხურით, მხედრულით.

არქიტექტურული კონსტრუქცია წყალში ალბათ მეტნაკლებად შენარჩუნდება, მხატვრობა და წარწერები, ცხადია, წაიშლება.

წინა ჩამოსვლებზე, შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ ფიქსაცია, ორჯერ ალპინისტური აღჭურვილობით ავედით (ვიდრე დატბორვა დაიწყებოდა), ერთხელ – ნავით მივადექით. გადავიღეთ და შევისწავლეთ, რაც შეგვეძლო“ – ამბობს ბუბა კუდავა.

კავკასიძეების ციხე წყალში ჩაძირვამდე.  ფოტო: ბუბა კუდავა

მისი თქმით, კავკასიძეების ციხის და ეკლესიის გარდა კაშხლის გამო წყალში ჩაიძირება ორი დარბაზული ეკლესია – ჰამზეთი და ჭალა. მთლიანობაში კი წყლით დაიფარა 20-მდე ისტორიული დასახლება.

2023 წლის 16 ივლისის მდგომარეობით ციხე და ეკლესია ნახევრად უკვე დაფარულია წყლით. ფოტო: ბუბა კუდავა

ბუბა კუდავას აზრით, როცა საქმე ეხება ისტორიულ მემკვიდრეობას, კაშხლის აშენების მიუხედავად, მაინც შეიძლებოდა მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის. „შეიძლებოდა მოლაპარაკება ძეგლების შესწავლის, ფიქსაციის შესახებ, მთლიანად ძეგლისა თუ მხატვრობის გადატანაზე შეიძლებოდა ზრუნვა“ – ამბობს ისტორიკოსი.

„გამომშვიდობება კავკასიძეების ციხესთან და მის კოხტა ტაძართან“. ფოტო: ბუბა კუდავა ექსპედიციის წევრებთან ერთად

ბუბა კუდავას თქმით, გუშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ეკლესიაში სარკმლიდან შესვლა, მაგრამ დღეს, ტაძრის ერთადერთი კარიც უკვე წყალშია.

თურქეთში, ართვინის პროვინციაში, პატარა ქალაქი იუსუფელი და ირგვლივ მდებარე სოფლები, რომლებიც ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქრება – დასახლება წყლით იფარება. მიზეზი თურქეთის უდიდეს კაშხალი, „იუსუფელია“.

_____________

ფოტოზე: კადრი ბუბა კუდავას მიერ გადაღებული ვიდეომასალიდან. 

ამავე თემაზე: 

რა ჩაიძირა ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე, ქალაქ იუსუფელში – ინტერვიუ ისტორიკოსთან

„მტვერში ვიხრჩობით, მორწყონ მაინც!“ – მაგისტრალის ქვეშ მცხოვრები მოსახლეობის აქცია

„მტვერში ვიხრჩობით, გაუსაძლისია ცხოვრება, დღეში ერთხელ მორწყონ მაინც! ზუსტად სამი თვეა, რაც არ მოურწყავთ, ზაფხულში მაინც მორწყონ,“ – ამბობს შოთა ბერიძე, რომელიც ხელვაჩაურში, სოფელ სალიბაურში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებარე მაგისტრალის ქვეშ ცხოვრობს.

მოქალაქეებმა, რომლებსაც ცხოვრება სალიბაურში, მაგისტრალის ქვეშ უწევთ, დღეს, 18 ივლისს, გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი აპროტესტებენ მაგისტრალზე მომუშავე მძიმე ტექნიკის გადაადგილების მაშინ, როცა გზა არ ირწყვება და მტვერია.

მოქალაქეების თქმით, გზა გადაიკეტა თუ არა, ადგილზე პოლიცია მივიდა და მძიმე ტექნიკამ მაშინვე მუშაობა შეაჩერა.

„…გზა გადავკეტეთ თუ არა, პოლიციელები მოვიდნენ მაშინვე, გვითხრეს, რომ ველაპარაკეთ კომპანიას და ვეღარ გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე გზა არ მოირწყვებაო, ამიტომაც, დავიშალეთ, აუკრძალეს პოლიციელებმა კომპანიას მუშაობა“ – გვიყვება შოთა ბერიძე და აღწერს მშენებარე მაგისტრალის ქვეშ მცხოვრები ოჯახების პრობლემას როგორ დაემატა მტვრის, ანუ ჰაერის დაბინძურების პრობლემა – აქ მცხოვრები ადამიანები აქამდეც ჰყვებოდნენ იმ ზიანზე, რაც მათ საცხოვრებელ გარემოს მიადგა, მათ შორის, სახლებს, სადაც ბზარები გაჩნდა.

„ჩვენ არ ვართ მაგისტრალის მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ აქ მოძრაობა არ ჩერდება, მუდმივად ეზიდებიან მიწას და ხრეშს, აივანზე დაჯდომას ვინღა ამბობს, ფანჯარასაც ვერ გამოაღებ, სარეცხს ვერ გაფენ, ბავშვები მტვერში იხრჩობიან,“ – გვიყვება შოთა ბერიძე.

შოთა ბერიძე

მოქალაქეების თქმით, ამ დრომდე აქ არავის შეუსწავლია სახლის ბზარები და სხვა ზიანი, რაზეც მოსახლეობა წლებია საუბრობს, მას შემდეგ, რაც ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო.

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია POLAT YOL & MAPA აშენებს. მაგისტრალის მშენებლობა რამდენჯერმე გადავადდა. ეს სამუშაო 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, რაც ვერ მოხერხდა. ბოლო მონაცემებით, შემოვლითი გზის მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.

მშენებარე გზა
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

„ის ტექნიკა გაფუჭდა, რითაც ვრწყავდით გზას, მალე გარემონტდება და მოირწყვება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რომან პატარიძემ, კომპანიის „ფოლატის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა. მან გვითხრა, რომ სამუშაოები არ შეჩერებულა და მძიმე ტექნიკა ახლა იმიტომ გაჩერდა, რომ შესვენების დროა.

„დღეში რამდენჯერმე ვრწყავთ ამ გზას, გუშინ გაფუჭდა ეს ტექნიკა, მოვრწყავთ და გაგრძელდება დღესვე სამუშაოები,“ – დასძინა რომან პატარიძემ.

კომპანიაში რომ ჩვენი მოტყუება სცადეს, ამას ხელვაჩაურის მერიის რწმუნებულის კომენტარი აჩვენებს:

„არ ვიცი, რამდენი ხანია არ მოურწყავთ გზა, მაგრამ მათ პირობა დადეს რამდენჯერმე, რომ მორწყვის პრობლემა არ იქნებოდა, შემდეგ გაირკვა, რომ მორწყვის ტექნიკაზე ჰქონდათ პრობლემა, მათივე გადმოცემით, საჯარიმოზეა გადაყვანილი მორწყვის ტექნიკა.

ამ მომენტისთვის სამუშაოები შეაჩერებინა კომპანიას პოლიციამ, ვიდრე მორწყვის პრობლემა არ მოგვარდება. მე დღეს ველაპარაკე კომპანიის წარმომადგენლებს და მითხრეს, რომ პრობლემას მალე მოაგვარებენ. როგორ მოაგვარებენ, არ ვიცი,“ – გვითხრა გელა ცინცქილაძემ, ხელვაჩაურის მერის რწმუნებულმა სოფელ ქვედა სალიბაურში.

შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო კვლავ აცხადებს, რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ცნობით, 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია.

„განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა და 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია- განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი.

აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“ – აცხადებს სააგენტო.

როგორ ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 ივლისის 21 საათიდან 19 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 16 – 21 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 20-21 ივლისს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 239 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +710]
  • ტანკი – 4 119 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 051 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 4 542 ერთეული [+38]
  • MLRS – 689 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 428 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 839 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 273 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 086 ერთეული [+27]
  • სპეცტექნიკა – 677 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 18 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 242 ვერტმფრენი
  • 5 090 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 740 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 504 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 735 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„მათთვის დადგება განკითხვის დღე“ – მედვედევის მუქარა ყირიმის ხიდის დაზიანებაზე 

უნდა გაუფორმონ პედოფილებს საპროცესო შეთანხმება? – ომბუდსმენის პოზიცია

დღეს, 17 ივლისს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა პედოფილიის ბოლო შემთხვევებზე დაუსვეს: რას აკეთებს სახალხო დამცველი პედოფილიის პრევენციისთვის?

„ეს არის ნამდვილად გამოწვევა და პრობლემა. სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყველა ასეთ შემთხვევაზე და არამარტო ისეთ შემთხვევებზე, რაც გახმაურებულია, არის ისეთი შემთხვევები, რაც არ ხმაურდება. ჩვენი ბავშვთა დაცვის დეპარტამენტი არის ჩართული ყველა ამ შემთხვევის შესწავლაში და, შესაბამისად, ვართ კონტაქტზე შესაბამის უწყებებთან,“ – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

უნდა ფორმდებოდეს თუ არა საპროცესო შეთანხმება სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებულ პირთან, როგორია ამ საკითხზე ომბუდსმენის დამოკიდებულება? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ლევან იოსელიანს. სახალხო დამცველმა კონკრეტული პოზიციის დაფიქსირებას თავი აარიდა.

„არასრულწლოვნებთან მიმართებით ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელიც მიმართულია მათი უფლებების სამომავლოდ დაცვასა და გაუმჯობესებაზე. სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სასჯელი საკმაოდ მკაცრია გაუპატიურების მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ სასჯელის სიმკაცრე  არ არის საკმარისი, ბავშვზე მორგებული კანონმდებლობა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს.

სასამართლოს კონკრეტულ გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ყველას, მოსამართლიდან დაწყებული, რიგითი მოქალაქით დამთავრებული, გვმართებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ყურადღება, რომ ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურებოდეს მხოლოდ ბავშვების საუკეთესო ინტერესებს და არ იყოს ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, როცა განიხილავენ ბავშვის შესახებ საქმეებს, სასამართლოში იქნება, თუ სხვა შემთხვევაში, იხელმძღვანელონ სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით,“ – გვიპასუხა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველს შევახსენეთ, რომ კონკრეტულ ჯგუფებს აქამდე და ახლაც პედოფილიის კუთხით არაერთხელ მიმართეს პარლამენტს, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა და სახელმწიფომ ბავშვთა უფლებების დაცვისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, პირველ რიგში, კანონმდებლობის დონეზე.

„მე ამაზე მაქვს პოზიცია. თუ თქვენ ჩემს პოზიციას თვლით პოზიციის არქონად, ეს თქვენი შეფასებაა,“ – გვითხრა ლევან იოსელიანმა.

სახალხო დამცველს ვუთხარით, რომ პედოფილიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმების გაუქმება განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, როცა ცნობილი გახდა, რომ 12 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში მხილებულ კაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა და პედოფილს ერთი დღეც არ გაუტარებია ციხეში.

„კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ვერ გიპასუხებთ. არ ვიცი, რა გარემოებებში მოხდა საპროცესოს გამოყენება, მაგრამ ზოგადად, როდესაც გადაწყვეტილებები ეხება ბავშვებს, ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე“, – თქვა სახალხო დამცველმა.

შესაძლოა ბავშვის საუკეთესო ინტერესი პედოფილიის რომელიმე შემთხვევაზე იყოს ის, რომ დამნაშავეს საპროცესო გაუფორმდეს და ციხეში სასჯელის მოხდა არ მოუწიოს? – ჩავეკითხეთ სახალხო დამცველს.

„ხომ გავაკეთე ამაზე კომენტარი,“ – გვიპასუხა ლევან იოსელიანმა.

რატომ არ ახსენა ომბუდსმენმა „პრაიდი“, როცა პრაიდის ჩაშლას გამოეხმაურა – იოსელიანი განმარტავს

რატომ არ ახსენა სახალხო დამცველმა სიტყვა „პრაიდი“, როცა მან 8 ივლისს, ანუ პრაიდის ჩაშლის დღეს განცხადება გაავრცელა?

„ჩვენ გამოვეხმაურეთ ამ ამბავს და შესაბამისი განცხადება გავავრცელეთ,“ – გვიპასუხა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა. ის დღეს, 17 ივლისს, ბათუმში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

„თქვენ ახლაც არ ახსენეთ სიტყვა „პრაიდი“ – ვუთხარით ომბუდსმენს. ლევან იოსელიანმა კითხვის პასუხად ამჯერად „პრაიდი“ ახსენა და ლგბტქ თემიც. მან გვითხრა, რომ ეს ტერმინები პრაიდის ჩაშლამდე ერთი კვირით ადრე გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული.

„ერთი კვირით ადრე გავაკეთეთ განცხადება, სადაც პრაიდი იყო ნახსენები და ლგბტქ+ ჯგუფი იყო ნახსენები, თუ გინდათ ამისგან რაღაც სენსაცია შექმნათ, არ გამოვა. ყოველ შემთხვევაში განცხადება იყო ისეთი, როგორც იყო,“ – აღნიშნა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან.

სწორი იყო ამ ფორმით განცხადების გავრცელება? – ომბუდსმენს შევახსენეთ, რომ 8 ივლისს სხვა ამბებიც იყო აქტუალური. როგორ უნდა მიმხვდარიყო საზოგადოება, ვისი უფლებების დაცვაზე საუბრობდა სახალხო დამცველი?

„გაგეცით პასუხი,“ – მხოლოდ ამ პასუხით შემოიფარგლა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

„აი, დარდი, თუ რუსები არ შემოვლენ“ – მაღაზიის მეპატრონე ქალი ანაკლიიდან

„ზოგიერთი მეუბნება, არ გინდა ვაჭრობა? შენთან რუსი არ შემოვაო. არ შემოვა და აი, დარდი. მე რუსებზე ხომ არ ვიყავი დამოკიდებული. მაქვს სოფლის მაღაზია, შემოდის ჩემი მეზობელი, შემოდის ჩემი ქართველი. როგორც არის – მიმიღებს ასეთს, თუ არადა, მიბრძანდეს. მე ძალას არავის არ ვატან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანაკლიაში მცხოვრებმა ჟანა ცხადაიამ, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, თუ რა რეაქცია ჰქონდა მომხმარებელს, მის მაისურზე დატანილი წარწერის ნახვის შემდეგ.

ჟანა ცხადაია ანაკლიის ცენტრში პატარა მაღაზიის მფლობელია. ჟანა მის მაღაზიაში შესულ მომხმარებელს იისფერი მაისურით ხვდება. მაისურზე საქართველოსა და უკრაინის დროშებია დატანილი, ხოლო დროშების ქვემოთ წარწერა – Russia Occupant.

„ვინც მნახა ამ მაისურით, აქაური იყო თუ გარეული – აჩერებენ და მეუბნებიან, ყოჩაღ, ყოჩაღ“, – ამბობს ჟანა და საუბრობს მიზეზზე, რის გამოც აღნიშნული მაისური ჩაიცვა.

„აი, დარდი, თუ რუსები არ შემოვლენ“ - მაღაზიის მეპატრონე ქალი ანაკლიიდან

„დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა, გულში მქონდა. ჩემი დიზაინია. სადაც გავაკეთე, იქ რომ ნახეს წარწერა, ყველა დამეთანხმა – სწორი ჟესტიაო.

მე მეტი არაფერი შემიძლია – მაისურით გამოვხატავ ჩემს შეხედულებას. რუსი ოკუპანტია, ამაში ორი აზრი არ არსებობს.

ბათუმში ამ წარწერით სტადიონზე არ შეუშვეს ადამიანი. ეგ რა ჟესტი იყო, ვერ გავიგე. იმან არ იცის, რომ რუსი ოკუპანტია? არ იცის, რომ აფხაზეთი რუსმა წაგვართვა? რომ ოსეთი რუსმა წაგვართვა?

რა ხდება? მე კი ვიცი, რაც ხდება, მაგრამ… იტყვი რამეს, რამეთი დაგემუქრებიან. რამეს გაგიკეთებენ ისეთს, რომ გავნებს და გაგაჩუმებენ. მაგრამ რატომ, ამ პატარა პროტესტის გამო, რატომ უნდა გამაჩუმონ?

ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება… მაგრამ ამაშიც რუსებს რომ ვემსგავსებით?“ – სვამს კითხვას ჟანა ცხადაია.

Slava Ukraine – წერია ქვითარზე, რომელსაც ჟანა ცხადაიას მაღაზიაში ნებისმიერი მყიდველი იღებს. ჟანას თქმით, ქვითარზე წარწერა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე გააკეთა.

ჟანა ფიქრობს, რომ ერთი ადამიანის პროტესტსაც აქვს ძალა და აზრი.

„მე ამგვარად გამოვხატავ პროტესტს, რომ რუსი ოკუპანტია. თანაც ჩემთან რუსები რომ შემოდიან, ბევრია მათ შორის ისეთი, ვინც მეთანხმება. ისეთებს, ვინც არ მეთანხმებიან, ვემშვიდობები ცივილურად. არა ქვების სროლით და არა ზედმეტი შეურაცხყოფით.

ბევრი იმასაც იძახის, საერთოდ არ ვიცოდით, რომ რუსებს ოკუპირებული ჰქონდათო.

მეთქი – რომ მოდიხართ ქვეყანაში, ან არ გუგლავთ, ან არ გაინტერესებთ. ოკუპირებულ საზღვარს გამოდიხართ და არ იცით არაფერი. ე.ი. ან ინფორმაციულ ვაკუუმში ხართ, ან განათლება გაკლიათ.

ვდარდობ, რომ ყველანაირად გავხდით დამოკიდებული რუსეთზე, ნელ-ნელა და ჩუმ-ჩუმად ამოვყავით თავი რუსეთის კოლონიაში. ერთადერთი, ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, თორემ სხვა ყველანაირად… საწვავი გინდა, ახლა გაზით თუ ვიქნებით დამოკიდებული, მთლად სასწაული.

მე, ერთ ადამიანს, არ მინდა ვიყო დამოკიდებული რუსეთზე, მაგრამ გაგვხადეს.

ისეთი ხელისუფლება მინდა, რომელიც არ დაგვაბრუნებს ისევ რუსეთში. ხომ ვიყავით რუსების გარეშე, მშვენივრად ვიყავით. მიშას საზღვარი არ დაუკეტავს 2008-ში, იმათმა ჩაგვიკეტეს.

სატვირთოთი რომ ჩამოტვირთეს ჩვენი ხალხი, ეს როგორ უნდა დაგვავიწყდეს. ანდა ანწუხელიძე? რომელი ერთი.

შეიძლება ახლა ამ ჩემმა პროტესტმა კიდევ რამე გამოიწვიოს.

მე ახლა უნდა მეშინოდეს, რომ ვინმე არ მომივარდეს ჩემი განაცხადისთვის? უნდა მეშინოდეს, რომ ვინმე მაღალჩინოსანი არ შემოვიდეს და დამემუქროს – ან მაღაზიას დაგიკეტავ, ან შვილს რაღაცა და რაღაც ეგეთი. ამის უნდა მეშინოდეს?

შიში კი მაქვს, ამათ ხელში არაფრის იმედი არ მაქვს. ვფიქრობ, რომ არ მოეწონებათ. მაგრამ მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, ანაკლიელი, რომელიც გამოვხატავ ჩემს აზრს. არ მოგწონთ? გაატარეთ, თქვენ  ხომ ყველაფერს ირეკლავთ.

აი, ესეც გაატარეთ,“ – ამბობს ჟანა ცხადაია.

2 ქალსა და 6 წლის ბავშვს დათვები თავს დაესხნენ – სოფელი დაბაძველი

შუახევში, სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა. დაშავდა 6 წლის ბავშვი, რომელსაც რამდენიმე ნაკერი დაადეს.

74 წლის ვერიკო ზოიძე შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი  მათ დედა დათვი დაესხა თავს.

„გზაზე ორი ქალი ვიყავით და ერთი ბავშვი, რომელიც ხელში მყავდა, მაგრამ მაინც ჩამოჰკრა ტორი და მეც გამათრია ბავშვთან ერთად.

ბავშვს ყურთან მიაყენა დაზიანებები.

12 ნაკერი დაადეს ბავშვს, მაგრამ ახლა კარგად არის, როგორც ექიმმა გვითხრა. მეც დავზიანდი, ისე მათრია, რომ ძალა აღარ მაქვს, ხვალ მეც უნდა მივიდე ექიმთან.

ჩვენ ჩვენი ვიბრძოლეთ, დათვებმა – მათი. ვიგერიებდით ჯოხით და მერე ბელები რომ მივიდნენ მასთან, დათვიც ადგა და წავიდა ტყისკენ. ასე გადავრჩით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ვერიკო ზოიძე.

მისი თქმით, წელს ძალიან ბევრი დათვია სოფელში და მის შემოგარენში. დათვები საცხოვრებელ სახლებთანაც მიდიან ახლოს.

„სადაც ფეხს გადაადგამ, ყველგან არიან. გორავენ და ყვირიან. იმ ჭალაშიც თხილი გვაქვს დარგული და თხილზე იყო მოსული.

ჩვენ პირუტყვი გავდენეთ იმ დღეს და ერთმანეთს შევეფეთეთ. ჩვენ რომ დავეგლიჯეთ, არაფერია და დათვი რომ მოვკლათ, ჯარიმაა. კანონი საქართველოში გავრცელებულ მურა დათვს იცავს, რადგან აღნიშნული ჯიში წითელ წიგნშია შეტანილი. როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, არ ვიცი.

ტყეში თუ წახვალ და „ბომბაჩკები“ რომ არის პატარა, იმას თუ გაიქნევ და დააფრთხობ დათვს, ეს არის, სხვა გამოსავალი არ გვაქვს“, – ამბობს ვერიკო ზოიძე.

ვერიკოს მეუღლე გივი ზოიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე მერთან არ უსაუბრია, თუმცა პოლიციის უფროსს შეხვდა შუახევში.

„თავდასხმის შემთხვევაში შეიძლება დათვის ლიკვიდაციაო, ერთი გამოსავალი ეს არის და სხვა არ ვიცი. აქ არც რეინჯერები არიან, რომ, ვთქვათ, უსაფრთხოების ზომები მიიღონ.

სიმინდის აღების პერიოდში სახლთან ახლოსაც მოდის და თუ ასე გაგრძელდა, მაშინ იარაღის გარდა მოგერიების სხვა გზა არ არსებობს. ძალიან ბევრი არიან, ყოველ დღე ვიღაცას გადაეყრებიან ხოლმე გზაზე“, – ამბობს გივი ზოიძე.

ვერიკოსთან ერთად იმ დღეს ჭალაში ტარიელ ზოიძის მეუღლეც იმყოფებოდა. მას მცირე ნაკაწრები ბელებმა მიაყენეს, სხვა სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება.

„წინა დღესაც ყოფილა შემთხვევა, ბავშვი გაუქნევია დათვს. ძალიან მომრავლდნენ დათვები და არ ვიცით რა ვქნათ. ვერც დღისით და ვერც საღამოს ვერ გამოხვალ გარეთ მარტო“, – გვითხრა ტარიელ ზოიძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს. უწყებაში ვკითხეთ, არსებობს თუ არა რაიმე რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მსგავს შემთხვევებში და რას აპირებს სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

უწყებაში კითხვებს არ უპასუხეს.

„ბათუმელები“ შუახევის მერიასაც დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მუშაობს მერია ამ საკითხზე და როგორ შეიძლება დაიცვას მოსახლეობამ თავი დათვებისგან ისე, რომ არ მოხდეს ცხოველების ლიკვიდაცია და არც საფრთხე შეექმნას ადამიანების სიცოცხლეს.

ჩვენს კითხვებს არც მერიაში უპასუხეს.

რამდენიმე წლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაკრესმა“ პროექტის ფარგლებში მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას ე.წ. ელექტროღობეების მოწყობა შესთავაზა გარეული მხეცების მოსაგერიებლად.

ამ ღობეებში გარდაქმნილი დენი გადის, რომელიც უსაფრთხოა როგორც ცხოველის, ისე ადამიანისთვის. როდესაც მტაცებელი ღობეს ეხება, ცხოველი იღებს დიდ დარტყმას და ის მეტი აღარ ეკარება ამ ყანის პერიმეტრს, რომელსაც ელექტროღობე აქვს შემორტყმული.

ელექტროღობეების მოწყობა ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა უსაფრთხოა და წლების განმავლობაში დაცულია სასოფლო-სამეურნეო მიწები.

_______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

„მათთვის დადგება განკითხვის დღე“ – მედვედევის მუქარა ყირიმის ხიდის დაზიანებაზე 

უკრაინაში ყირიმის ხიდის დაზიანებას რუსული მედია ტერორიზმად აფასებს. ამ ფაქტს გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევიც.

კრემლის პროპაგანდისტული „რია ნოვოსტის“ თანახმად, დიმიტრი მედვედევი ამჯერადაც შურისძიებით ემუქრება უკრაინას.

„მსოფლიო და საკუთარი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორიზმს არ შეიძლება ებრძოლო საერთაშორისო სანქციებით, შეშინებით თუ შეგონებით. მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით.

ამიტომ აუცილებელია მათი სახლების, ასევე მათი ახლობლების სახლების აფეთქება. მოძებნეთ და გაანადგურეთ მათი თანამზრახველები, უარი თქვით მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესის უაზრო იდეაზე. მაგრამ მთავარია – ტერორისტული ფორმირებების უმაღლესი მეთაურები გაანადგუროთ, რა ხვრელებშიც არ უნდა დაიმალონ ეს მწერები.

მხოლოდ პერსონალური და სრულიად არაჰუმანური მეთოდები“.

დიმიტრი მედვედევის თქმით, „სისხლიან ჯამბაზებს… ერთ მომენტში დაუდგებათ განკითხვის დღე“:

„ცალკეული ეგზალტირებული სისხლიანი ჯამბაზები, რომლებიც პერიოდულად გამოხტებიან ხოლმე იქ რაღაც განცხადებებით, ისინი კვლავ ცდილობენ დაგვემუქრონ, ვგულისხმობ – ყირიმზე თავდასხმებს და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ, ცხადია, მათ [არ] ესმით ასეთი განცხადებების შედეგები, შედეგი კი აშკარაა, რომ თუ რაიმე მსგავსი მოხდება, მათთვის, ყველასთვის იქ, ერთ მომენტში დადგება განკითხვის დღე“.

დღეს, 17 ივლისს, უკრაინული და დასავლური მედია, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ყირიმის ხიდზე სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა განახორციელეს. თუმცა ოფიციალურ კიევს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს:

„ნებისმიერ უკანონო ნაგებობას, რომელიც გამოიყენება მასობრივი მკვლელობის რუსული იარაღების გადასატანად, აუცილებლად ცოტა დრო უწერია… მიუხედავად განადგურების მიზეზებისა“.

ლოცვისა და დღესასწაულის უფლება – რელიგიური უმცირესობები უქმე დღეების გარეშე

როლანდ შავაძე მასწავლებელი და 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია. ის ხულოში, სოფელ მეკეიძეებში ბავშვებს ინგლისურს ასწავლის. გაკვეთილების ჩასატარებლად სოფელში ბათუმიდან უწევს ჩასვლა, შესაბამისად, ქალაქიდან გამთენიისას უნდა გაემგზავროს.

იმ დღეს, როცა მუსლიმები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულს, ბაირამს აღნიშნავენ, ლოცვასა და მსახურებას გამთენიისას, დილის შვიდ საათზე იწყებენ.

ამ დღეს როლანდს ორი არჩევანი აქვს – ან სკოლა უნდა გააცდინოს და ამის ხარჯზე წავიდეს მეჩეთში მსახურებაზე, ან უნდა დაადგეს სოფლის გზას და გამოეთიშოს მისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულს.

„ცხადია, ეს გიქმნის ადამიანურ დისკომფორტს, რადგან გსურს ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარო, მიიღო რელიგიურ რიტუალში მონაწილეობა, მიულოცო ახლობელ ადამიანებს. ამ დროს კი სამსახური გაქვს და ეს ძალიან რთულია.

დილით ლოცვაზე დასწრებასაც ვერ ვახერხებ, რადგან ლოცვა 8 საათამდე გრძელდება და შემდეგ უცებ ხომ ვერ გამოიქცევი, არა?! თუ ლოცვის შემდეგ წავალ სკოლაში, დავაგვიანებ, რადგან გაკვეთილი ცხრა საათზე იწყება.

წელიწადში სულ რაღაც ორი დღე გვაქვს ასეთი და, ფაქტობრივად, წყდები ამ პროცესს იმის გამო, რომ ეს დღე არ არის უქმე“, – გვეუბნება როლანდ შავაძე.

როლანდ შავაძე, მასწავლებელი

მსგავსი დილემა აქვთ იმ სტუდენტებსაც, რომლებსაც ოჯახები სოფელში  ჰყავთ და მათთან ერთად სურთ მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნა.

ყოფილა შემთხვევა, როცა ბაირამის დღესასწაულს დამთხვევია გამოცდა და მუსლიმი სტუდენტი მეჩეთის ნაცვლად გამოცდაზე წასულა.

რელიგიურ დღესასწაული სამუშაო დღე მხოლოდ მუსლიმებისთვის არ არის.

ძირითადად სამუშაო დღეს ემთხვევა ქრისტიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული – შობა, რომელსაც მსოფლიო ქრისტიანების უმრავლესობა 25 დეკემბერს აღნიშნავს.

რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას 7 იანვარს აღნიშნავს, სახელმწიფოს უქმედ მხოლოდ 7 იანვარი აქვს გამოცხადებული, სხვა ქრისტიანებს კი შობის აღნიშვნა სამუშაო დღეს უწევთ.

ბათუმის კათოლიკური ეკლესია.
ფოტო: ლელა დუმბაძე

თამაზ აფრიამაშვილი ბათუმის კათოლიკე ეკლესიის დიაკვანია. მისი აზრით, რადგან მსოფლიოში ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, კარგი იქნება, თუ საქართველოში ეს დღე უქმედ გამოცხადდება.

„სამწუხაროდ, საქართველოში ბევრ მორწმუნეს არ აქვს შესაძლებლობა, ისე აღნიშნოს ეს დღესასწაული, როგორც სურს, რადგან სამუშაო დღეა და ადამიანებს სამსახურში უწევთ წასვლა ეკლესიის ნაცვლად.

ჩვენი ეკლესიის წევრების ნაწილი მასწავლებელია, ზოგიც სტუდენტი, საჯარო ან კერძო სამსახურებში არიან ადამიანები დასაქმებულნი და სამუშაო დღეს ვერ ახერხებენ მსახურებაზე მოსვლას.

შობა საოჯახო დღესასწაულია, მთელი ოჯახია ამ პროცესში ჩართული და ეკლესიის გარდა ოჯახშიც უნდა აღინიშნოს ეს დღე, მაგრამ რადგან სამუშაო დღეა, ბავშვები, ახალგაზრდები ვერ მოდიან ხშირად მსახურებაზე.

სამცხე-ჯავახეთში როცა ვმსახურობდი, მაშინაც რთული იყო, რადგან შობაზე ადამიანები ვერ ახერხებდნენ ქალაქიდან სოფელში ამოსვლას, რადგან მუშაობდნენ“, – ამბობს თამაზ აფრიამაშვილი.

მისი თქმით, თუ 25 დეკემბერი უქმე დღედ გამოცხადდება, ესეც საკმარისი იქნება, რადგან აღდგომა ისედაც კვირას არის და დამატებითი უქმე დღის საჭიროება არ არის.

„25 დეკემბერს ბევრი ქრისტიანი აღნიშნავს შობას, ახლა უკრაინის ეკლესიამაც ამ დღეს გადაწყვიტა შობის აღნიშვნა და კარგი იქნება, თუ ჩვენც შევძლებთ ამ დღის უქმედ გამოცხადებას“, – გვითხრა მან.

შმაგი ჭანკვეტაძე, პასტორი

მის აზრს იზიარებს შმაგი ჭანკვეტაძეც, საქართველოს ევანგელური ალიანსის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი გორის ეკლესიაში.

„საჭირო კი არა, ვფიქრობ აუცილებელიც არის, რომ 25 დეკემბერი იყოს უქმე დღე, რადგან გარდა იმისა, რომ თითქმის მთელი მსოფლიო ამ დღეს აღნიშნავს შობას, ეს თანასწორი და ტოლერანტული გარემოს დამკვიდრებისთვისაც მნიშვნელოვანია.

მესმის, რომ კალენდართან არის დაკავშირებული და შეიძლება რთული იყოს გადაწყვეტა, მაგრამ ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა, ვთქვათ, ჩვენთვის შობა, მუსლიმებისთვის – ყურბან ბაირამი ან ისეთი დღესასწაული, როგორიცაა ნოვრუზ ბაირამი, უნდა გამოცხადდეს უქმე დღედ.

ბევრი ადამიანია დაკავებულია 25 დეკემბერს, მუშაობენ საჯარო ან კერძო სამსახურებში და ამავე დროს რთულია მსახურებასაც დაესწრო, ამიტომ, თუ მთელ ქვეყანაში არ გამოცხადდება ეს დღე უქმედ, ის მაინც რომ მოხერხდეს, რომ ვინც ამ დღეს აღნიშნავს, მათთვის იყოს უქმე და შეძლონ ისე გატარება, როგორც მათი მრწამსი მოითხოვს“, – ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე.

იეზიდები საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობაა. ისინი გაზაფხულზე ბუნების განახლების დღესასწაულს აღნიშნავენ. მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ასევე მარზალი, რომელიც ივნისში აღინიშნება.

ამ თემის წარმომადგენელია აგიტ მირზოევი, იურისტი, იეზიდთა სასულიერო საბჭოს მრჩეველი.

აგიტ მირზოევი

აგიტის აზრით, საქართველოში, ზოგადად, ძალიან ბევრი უქმე დღეა, თუმცა თანასწორობის პრინციპებიდან თუ შევაფასებთ, მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებსაც ჰქონდეთ თუნდაც ერთი უქმე დღე, საკუთარი დღესასწაულების აღსანიშნად.

„მე როგორც მოქალაქე, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვუყურებ ამ საკითხს და მეტიც, ვფიქრობ, რომ ინტეგრაციის თვალსაზრისით დადებითად აისახება ეს მოსახლეობაზე.

გვექნება განცდა, რომ სახელმწიფო ჩვენც გვხედავს, გვიღებს და გვაღიარებს, პატივს სცემს ჩვენს მრწამს და აქვს მგრძნობელობა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

მესმის, რომ ბევრი უქმე დღეა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ერთიან სამოქალაქო პოზიციაზე, სამოქალაქო ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, იმაზე, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენც აღვიქვათ ჩვენი თავი როგორც ამ ქვეყნის ნაწილმა, მაშინ ასეთი ინიციატივები იქნება მისასალმებელი“, – გვეუბნება აგიტ მირზოევი.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების უქმე დღეებად დაწესებას სამართლიანად მიიჩნევს როლანდ შავაძე. მისი თქმით, სეკულარულ სახელმწიფოში თუ ყველა თანასწორია, მაშინ მუსლიმებსა და უმცირესობების წარმომადგენელ ქრისტიანებსაც უნდა შეეძლოთ უქმე დღეებით სარგებლობა.

მეჩეთი მაღალმთიან აჭარაში/ ფოტო: ბათუმელები

„თუკი ამაზე ვერ შევთანხმდებით, ეს იქნება ერთგვარი დისკრიმინაცია უმცირესობების.

ვფიქრობ, სწორი იქნებოდა, იმაზე მაინც შევთანხმებულიყავით, რომ თუ ქვეყნის მასშტაბით არ გამოცხადდება, მაგალითად, ბაირამი უქმე დღედ, დამსაქმებლების დონეზე მაინც მოხდეს შეთანხმება, რომ ეს დღე მუსლიმებისთვის იყოს უქმე და მათ არ ჩაეთვალოთ სამსახურის გაცდენად. ეს იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი.

როცა არ არის უქმე დღე და ვაცდენთ ჩვენი დღესასწაულის აღნიშვნის გამო, ჩვეულებრივ გვეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხომ?!

როცა სახელმწიფო სტრუქტურები წამოიწყებენ ამ პროცესს, კერძოებიც ჩაერთვებიან“, – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი აზრით, ეს უნდა გავრცელდეს ბავშვებსა და სტუდენტებზეც, რადგან დიდ რელიგიურ დღესასწაულებს, როგორც წესი, ადამიანები ოჯახთან ერთად აღნიშნავენ.

„მაგალითად, მოსწავლეს, სტუდენტს ან მასწავლებელს არ უნდა ეთვლებოდეს გაცდენად, თუ ის წავა მსახურებაზე, ასევე იმ მოხელეებსაც, ვინც არის, ვთქვათ, მუსლიმი და წავა რელიგიურ მსახურებაზე.

მაგალითად, სკოლის დირექტორს, რომელიც იმ დღეს ვერ მივიდა სკოლაში, არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და ინფორმირებული უნდა იყოს რესურსცენტრი, თუ რატომ არ მიდის იმ დღეს დირექტორი სკოლაში. ხოლო იმ სოფელში ან რეგიონში, სადაც უმრავლესობას წარმოადგენს მუსლიმი თემი, შეიძლება მთლიანად გამოცხადდეს უქმე დღე.

თუ ჩვენ რეალურად დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, მაშინ დემოკრატიული ქვეყნის პრინციპები მოითხოვს, რომ ადამიანის უფლებები თანაბრად იყოს დაცული და ამ უფლებებში შედის ჩვენი რელიგიური უფლებებიც“, – ამბობს როლანდ შავაძე.

საქართველოში უქმე დღეებით სარგებლობის უფლება რელიგიურ დღესასწაულებზე მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანებს აქვთ, სხვა ეკლესიების წევრებს – არა. 
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

მისი აზრით, უქმე უნდა იყოს უქმე და იგივე სკოლის შემთხვევაში სახელმწიფომ არ უნდა მოითხოვოს გაცდენილი საათის ანაზღაურება, მაგალითად, შაბათის ხარჯზე.

როლანდი ამბობს, რომ თუ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისთვის არ მიიჩნევს სახელმწიფო მიზანშეწონილად რამდენიმე დღის უქმედ გამოცხადებას, მაშინ სამართლიანი იქნებოდა საერთოდ შემცირებულიყო დასვენების დღეები რელიგიური დღესასწაულების ხარჯზე და დარჩენილიყო მხოლოდ ეროვნული დღესასწაულები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა 26 მაისი.

„ამ შემთხვევაში უქმე დღეებიც შემცირდებოდა და არც უმცირესობები იგრძნობდნენ თავს დაჩაგრულად“, – გვითხრა როლანდ შავაძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც მუსლიმი თემის წარმომადგენელია, აპირებს ინიციატივით მიმართოს პარლამენტს და წელიწადში დაახლოებით 6 დღის უქმედ გამოცხადება მოითხოვოს.

მისი თქმით, აქ საუბარია როგორც მუსლიმების, იეზიდების, ასევე ქრისტიანული რელიგიური უმცირესობების მნიშვნელოვანი დღესასწაულების დასვენების დღედ გამოცხადებაზე.

საკანონმდებლო ინიციატივის შეტანას ტარიელ ნაკაიძე საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

„იმედი მაქვს, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს როგორც ქართული ოცნება, ასევე ოპოზიცია“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

როგორია ამ მხრივ საერთაშორისო პრაქტიკა?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, რომელიც 2023 წელს გამოქვეყნდა, რელიგიური უქმე დღეების აღნიშვნასთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომა აქვს.

არის შემთხვევები, როცა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო უფლებას აძლევს რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, არ იმუშაონ მათთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნის დღეს.

არის ისეთი პრაქტიკაც, მაგალითად, საფრანგეთში, როცა ორგანიზაციის შიგნით ხდება შეთანხმება და თავად დამსაქმებელი წყვეტს, შეუძლია თუ არა უქმე დღე დაუწესოს კონკრეტულ თანამშრომელს, მისი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლება განიხილება რელიგიის თავისუფლების ნაწილად და ცალკეული სახელმწიფოები ითვალისწინებენ სხვადასხვა გონივრულ მექანიზმს.

საქართველოს შემთხვევაში კი მსგავსი საკითხები არც კანონმდებლობის და არც პრაქტიკის დონეზე დარეგულირებული არ არის.

საქართველოს „შრომის კოდექსის“ თანახმად, „დასაქმებულს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით“.

თუმცა ამ შემთხვევაში არსებული უქმე დღეების ნაცვლად სხვა დასვენების დღის მოთხოვნა შრომით ხელშეკრულებასა და დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც დასაქმებულისთვის შესაბამის გარანტიებს ვერ ქმნის.

_____________________________________________________________________

სტატია მომზადდა „ბათუმელების“ მიერ, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის – „რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

ყირიმის ხიდი დაზიანებულია – თავდასხმა დრონებით

17 ივლისს, ღამე, აფეთქება მოხდა უკრაინაში, ოკუპირებული ყირიმის ხიდზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხიდს დრონებით დაესხნენ თავს. უკრაინული და დასავლური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა განახორციელეს.

ოფიციალურად, ყირიმის ხიდის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა უკრაინას ამ დრომდე არ აუღია.

რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ხიდის საყრდენი დაზიანებულია, აფეთქებისას დაიღუპა ორი ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის სპიკერმა, ნატალია გუმენიუკმა დღეს, 17 ივლისს, დილით, განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქებები შესაძლოა რუსეთის პროვოკაცია იყოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვის ფონზე.

ომის დაწყებიდან დღემდე ეს მეორე თავდასხმაა ყირიმის ხიდზე. პირველი აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა.

ყირიმის, იგივე ქერჩის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან აკავშირებს, 2016-2018 წლებში ააშენა რუსეთმა და ის 3,5 მილიარდი დოლარი დაჯდა. მისი სიგრძე დაახლოებით 18 კილომეტრია.

__________

ფოტო: unian.net

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 238 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 4 115 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 8 034 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 4 504 ერთეული [+23]
  • MLRS – 685 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 428 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 828 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 273 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 059 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 677 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 17 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 242 ვერტმფრენი
  • 5 047 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 731 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 139 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 487 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 717 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

თავდასხმა დრონებით ყირიმის ხიდზე – უკრაინული და დასავლური მედია, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და საზღვაო ძალებმა განახორციელეს:

ყირიმის ხიდი დაზიანებულია – თავდასხმა დრონებით

ზღვა ემოციით სავსე „ბათუმი ფესტივალი“ გაიხსნა – ფოტო

დღეს, 16 ივლისს, ბათუმში, ანბანის კოშკთან ლისინ ივენთის ორგანიზებული „ბათუმი ფესტივალი“ თავისი მრავალფეროვანი სივრცეებითა და პროგრამებით ოფიციალურად გაიხსნა. იქ მისულ სტუმრებს გაშლილ სივრცეში დახვდათ სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი საკვები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ღია კინოთეატრი, საბავშვო გასართობი ზონა და ბარების ზონა.

ამ სივრცეების მოპირდაპირედ მოწყობილია საფესტივალო სცენაც, სადაც საღამოს განმავლობაში არაერთი შემსრულებელი წარდგება.

ფესტივალის სავაჭრო ზონაში მაკას და ელენეს გავესაუბრეთ – ისინი ხელნაკეთი აქსესუარების დამზადებითა და გაყიდვით არიან დაკავებულები. მაკა მოციქულაშვილი თავისუფალ დროს დახლთან ქსოვს კიდეც ახალ ნივთებს.

„ბოლო სამი წელია აქტიურად ვარ ჩართული ფესტივალებში, თუმცა ბავშვობიდან ვქსოვ. პანდემიამ, სახლში ყოფნამ, მომცა სტიმული უფრო მეტი შემექმნა. უშუალოდ ფესტივალების დროს, როცა ადგილზე ვქმნი ნივთებს და მომხმარებელი მიყურებს, ვიდეოს მიღებს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ამით ვიზრდები. დღევანდელ ფესტივალზეც ველოდებით ზღვა ხალხს და ემოციას“, – საკუთარ განწყობებს გვიზიარებს მაკა.

მაკა მოციქულაშვილი M.M.

„მომწონს ის, რომ ბათუმში ხშირად ტარდება ასეთი ფესტივალები, ტურისტებს იზიდავს და ჩვენ გაყიდვებზეც აისახება. აქ ერთი კვირით ვაპირებთ დარჩენას და იმედია, ამინდიც კარგი იქნება“, – ამბობს ელენე ლიპარტელიანი – ახალბედა ბრენდ „ოკათის“ დახლიდან.

ელენე ლიპარტელიანი

საკვებ ზონაში ერთმანეთში ირევა აზიური და ქართული საკვების სუნები, შეგიძლიათ დააგემოვნოთ მრავალი აქამდე უცნობი ტკბილ-ცხარე გემოები და იქვე ადევნოთ თვალი მომზადების პროცესს.

ფესტივალის ორგანიზატორებს არც პატარების გართობაზე ზრუნვა დავიწყებიათ. აქ მოსულ ბავშვებს დახვდებათ ანიმატორები, სპეციალურად გამოყოფილ ზონაში კი ისინი ვორკშოპებსა და თამაშებს დაესწრებიან.

გახსნის ღონისძიებაზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კი გაიმართება უფასო კონცერტი, რომელზეც მთელი საღამოს განმავლობაში სხვადასხვა შემსრულებელს მოუსმენთ.

სცენა

სცენაზე 21 საათიდან ვიხილავთ:

  • 21:00-21:20 -აჭარის აკადემიური ანსამბლი „არსიანი“
  • 21:20 – 22:00 – ბენდი „სისაიდი“
  • 22:00-22:10 – მერის პირველი მოადგილის სიტყვით გამოსვლა
  • 22:10 23:00 – სოფო ხალვაში და ბენდი
  • 23:00–00:00 – მომღერალი თამადა
  • 00:00–03:00 – ელექტრონული მუსიკა

ფესტივალი სეზონის ბოლომდე გრძელდება და ყველა მისულ სტუმარს ზღვა ემოციას ჰპირდება!

ბათუმის ფესტივალზე საქართველოსა და უკრაინის 400-მდე მოქალაქე დასაქმდა

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიანად გადაკეთება აუცილებელია – ვინ დაასაბუთებს? 

ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაკეთების პროექტზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტის საჩივარი დავების საბჭომ არ დააკმაყოფილა.

შესაბამისად, დავის გამო შეჩერებული სატენდერო პროცედურები განახლდა, თუმცა, დამატებითი დრო ამჯერად გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიის აპარატმა ითხოვა.

ოქმში აღნიშნულია, რომ მეორე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დასადგენად კომისიის აპარატს დამატებით 5 სამუშაო დღე სჭირდება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, 10,5 მილიონით გამოცხადებულ ტენდერში მომსახურებას ყველაზე დაბალ ფასად – 6 790 000 ლარად, გერმანული შპს „კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალი“ სთავაზობდა. თუმცა, კომისიამ მას დისკვალიფიკაცია მისცა.

კომპანიამ კომისიის გადაწყვეტილება დავების საბჭოში გაასაჩივრა, მაგრამ საბჭომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მეორე პრეტენდენტიც უცხოური საწარმოს ფილიალია – სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, რომლის დამფუძნებელი ხორვატიული კომპანიაა. ფილიალის დირექტორი კი ორმაგი [რუსეთისა და სომხეთის] მოქალაქეობის მქონე რობერტ პეტროსიანია. ამ კომპანიის შეთავაზება 6 888 500 ლარია.

აკმაყოფილებს თუ არა ხორვატიული კომპანიის ფილიალის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო პირობებს – ამას შესაბამისი კომისია დამატებით დროში გადაწყვეტს, რომელიც 2023 წლის 21 ივლისს იწურება.

განახლება: ამის შემდეგ, გზების დეპარტამენტს დავების საბჭოში შპს „ტრანსპროექტმა“  ორჯერ უჩივლა. მომჩივანის მთავარი მოთხოვნა ორივე სარჩელში სს „ინსტიტუტის იგჰ სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ უცხოური საწარმოს ფილიალის დისკვალიფიკაცია იყო.

პირველი საჩივრის შემდეგ, დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ, 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმით [N8] ძალაში დატოვა, გასაჩივრებული წინა ოქმით [N7] მიღებული გადაწყვეტილებები და სააქციო საზოგადოებას – „ინსტიტუტის იგჰ სააქციო საზოგადოება – სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ დამატებითი დრო მისცა საჭირო დოკუმენტების წარსადგენად.

„ტრანსპროექტი“ ამჯერად ითხოვს, რომ დავების საბჭომ:

  • „მოსთხოვოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიას, გააუქმოს 2023 წლის 23 აგვისტოს სხდომის ოქმი N8;
  • მიუთითოს შემსყიდველს მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შერჩევა/შეფასების პროცესის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება, კერძოდ – სს „ინსტიტუტის იგჰ სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ უცხოური საწარმოს ფილიალის დისკვალიფიკაცია.“

დავების საბჭოში „ტრანსპროექტის“ საჩივრის განხილვა 2023 წლის 5 სექტემბერსაა ჩანიშნული.

„ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე“, გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2023 წლის აპრილში გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, დეტალური პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 18 თვეში უნდა მოამზადოს. თუმცა, გზების დეპარტამენტი მომსახურებას 2 ნაწილად შეისყიდის – ჯერ, კვლევა-დასაბუთებას და შემდეგ დეტალურ პროექტს.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

მკვლელი შემოვლითი გზა – რას შეცვლის ხელისუფლება 15 წლის ლიკას დაღუპვის შემდეგ

ბულვარში ფანჩატურის მოსაწყობად 107 ათასი ლარია გამოყოფილი

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარში ფანჩატურის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 107 ათას 30 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ფანჩატური ბულვარში არსებულ იაპონურ ბაღში უნდა მოაწყონ. სატენდერო განაცხადს თან ახლავს პროექტიც.

ფოტო პროექტიდან

პროექტის მიხედვით:

  • გრანიტისფაქტურიან სკამზე ხის დასაჯდომი ძელაკებისთვის მასალად გამოყენებული იქნება აფრიკული ხე „მემბაუ“, საზურგე იქნება დეკორატიული მილკვადრატით;
  • გრანიტი უნდა იყოს უცხოური წარმოების;
  • გამოყენებული იქნება ასევე დეკორატიული, შეფერილი თიხის ფილები, ლითონის ფირფიტები და სვეტები;
  • სახურავის შიდა კონსტრუქციისთვისაც გამოყენებული უნდა იყოს „მემბაუ“…

ბულვარში [იაპონურ ბაღში] ფანჩატურის მოწყობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა დასრულდეს.

წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 7 აგვისტოს დასრულდება.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმსა და აჭარის მთაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ივლისს დღის განმავლობაში აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში ელვა-ჭექა და  წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

16 ივლისის 21 საათიდან 17 ივლისის 21 საათამდე კი, ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა, მოსალოდნელია წვიმა;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15, დღისით ზოგან 17-22 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო

აჭარის შიდამთიან რაიონებში კი:

  • დღისით: 24 – 29 გრადუსი სითბო
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 3-4 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა: +25 გრადუსი.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 18 და 19 ივლისს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 237 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +500]
  • ტანკი – 4 107 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 026 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 4 481 ერთეული [+18]
  • MLRS – 681 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 425 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 820 ერთეული [+13]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 273 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 044 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 666 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 16 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 242 ვერტმფრენი
  • 5 028 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 721 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 138 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 471 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 698 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი მას აპატიეს, რადგან პოპულარული იყო – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

ბათუმში ავტომანქანა არხში გადავარდა

დღეს, 16 ივლისს, დილით, ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა არხში გადავარდა.

თვითმხილველის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხახულის ქუჩაზე, ბათუმის მერიის დაკვეთით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათუმში ხახულის ქუჩაზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ავტომანქანა არხში გადავარდა / 16.07.2023

ბათუმი ფესტივალი 16 ივლისს გაიხსნება – ნახე, რა დაგხვდება ანბანის კოშკთან

ივენთ კომპანია ლისინ ივენთი ბათუმი ფესტივალის 16 ივლისის გრანდიოზული გახსნისთვის ემზადება. ანბანის კოშკთან სტუმრებს 6 მრავალფეროვანი ზონა დახვდებათ: ღია კინოთეატრი, საკვები ზონა, საბავშვო გასართობი ზონა, საშოპინგო ზონა, გასართობი ზონა, ბარების ზონა.  

საბავშვო გასართობ ზონაში მშობლებსა და ბავშვებს სხვადასხვა აქტივობა ელით. თქვენი პატარების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ. ბავშვებს ანიმატორებთან ერთად შეუძლიათ დაკავდნენ სამკაულების დამზადების უფასო ვორქშოფით. 

ანიმატორებთან ერთად, საბავშვო ზონაში ყველასათვის საყვარელი მასკოტები და ტრანსფორმერი რობოტები დაგხვდებათ. მრავალფეროვან საბავშვო ზონაში ბავშვებს შეუძლიათ არკადული და სამაგიდო თამაშებით დაკავდნენ: მაგიდის ფეხბურთი, კალათბურთი და სხვა მრავალი – თქვენს ბავშვებს ბათუმის ფესტივალზე საინტერესო თავგადასავალი ელით.

ბათუმი ფესტივალის ორგანიზატორებმა ბავშვებთან ერთად, მშობლების განწყობაზეც იზრუნეს. სტუმრებს შეუძლიათ სრულიად უფასოდ დაესწრონ ცნობილი დიჯეებისა და შემსრულებლების კონცერტებს, ითამაშონ სხვადასხვა სამაგიდო თამაში და ეწვიონ კონცეპტუალური ბარების ზონას. 

უფასო კონცერტები სპეციალურად ბათუმი ფესტივალისთვის შეძენილ ე.წ მანქანა სცენაზე გაიმართება. მსგავსი მასშტაბის სცენა საქართველოში აქამდე მხოლოდ 1 იყო და ისიც, თბილისში. სცენაზე მძლავრ ხმის სისტემასთან ერთად, რამდენიმე ეკრანია დამონტაჟებული. მუსიკალური შემსრულებლების პერფორმანსებს კი უნიკალური განათებები გააფორმებს. 

ფესტივალის ტერიტორიაზე დაგხვდებათ ლამაზი და ორიგინალური გაფორმებები. ფესტივალის ფარგლებში ბულვარში ქართული ანბანის 33 ასო ჩამწკრივდა, რაც ქართული ანბანის პოპულარიზაციას ემსახურება. 2 მეტრი სიმაღლის ანბანი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ღამით, როცა ანათებს. 

ბათუმის ფესტივალი გელოდებათ ყველას, დიდსა და პატარას და იქ მისულ ყველა სტუმარს ზღვა ემოციას გპირდებათ!

ქობულეთს უნდა გადავცეთ – მთავრობა ბათუმის მერიას ავტობუსებს სთხოვს

ბათუმის მერიას უკვე მზად აქვს განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობას 6 ავტობუსი უნდა გადასცეს, შემდგომში მათი ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემად.

წერილი შესაბამისი მოთხოვნით ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან 2023 წლის 12 ივლისს მიიღო.

მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მერს წერს, რომ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია ბათუმისა და ქობულეთის მერების კორესპონდენციები 2023 წელს გამოშვებული ISUZU-ს მარკის, მოდელი-NOVOSITI LIFE-ის 2 (ორი) ერთეულ ავტობუსში გადაცვლის თაობაზე.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა შპს ,,ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ბათუმის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა 6 ერთეული ავტობუსი, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

როგორც ცნობილია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს. გამომდინარე აქედან, აჭარის მთავრობას მიზანშეწონილად მიაჩნია, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ექვსი ერთეული ავტობუსი, შემდგომში ქობულეთის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადასაცემად (შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებისათვის“ საკუთრებაში გადაცემის მიზნით)“, – თავის მხრივ განმარტავს მერია ბათუმის საკრებულოსთვის გადაგზავნილ განმარტებით ბარათში.

განკარგულების პროექტზე თანდართული დოკუმენტების მიხედვით, საუბარია ISUZU-ს მარკის  2023 წელს გამოშვებულ 4 ახალ ავტობუსზე და იგივე მარკის 2021 წელს გამოშვებულ 2 ავტობუსზე.

ჩემი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს ევროპაში ვხედავ – მოსწავლე

ქეთევან ფუტკარაძე ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-12-ე კლასის მოსწავლეა, ის აშშს-ს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი კონკურსის – „როგორ წარმომიდგენია საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, გამარჯვებული გახდა.

ქეთევანის ესსე-ს სათაური იყო „დემოკრატია ხალხისთვის და დემოკრატია ხალხით“.

როგორც ქეთევანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყანას, საზოგადოებას ჰქონდეს დემოკრატიული ღირებულებები, ამისთვის განათლებაა საჭირო, რომ უკერთ გვესმოდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი უფლებებიც.

„განათლების გარეშე ვერ დავინახავთ სწორ გზას“-მიიჩნევს ქეთევანი.

„მაგალითად, განათლების ნაკლელობის გამო შესაძლოა ადამიანებმა არ იცოდნენ მათი უფლებების არსებობის შესახებ. არ იცოდნენ, რომ მათ სიტყვას, აზრს, მნიშვნელობა აქვს და ეს უფლება შეუძლიათ რომ დაიცვან.

განათლების ნაკლებობის გამო, შესაძლოა შეიზღუდოს ადამიანის არჩევანი, სხვისი ზემოქმედების გამო. მაგალითად, ქალების ან ბავშვების უფლებები დღესაც კი არაერთხელ ირღვევა და ამის გამო ქალები და ბავშვები იჩაგრებიან. ძალიან გახშირდა მათზე როგორ ფიზიკური ასევე სხვა ტიპის ძალადობა და ეს არის განათლების ნაკლებობის ბრალი.

განათლების ნაკლებობის ბრალია არასრულწლოვანთა ქორწინება, რადგან ადამიანების ცნობიერება დაბალია ქალთა თანასწორობის საკითხებზე“-ამბობს ქეთევან ფუტკარაძე.

მისი თქმით, ახალგაზრდებს სურთ საქართველოში დაცული იყოს დემოკრატიული ღირებულებები და როცა საფრთხე ექმნება ამ ღირებულებებს, ამიტომ ცდილობენ ახალგაზრდები ქვეყნის დატოვებას.

„ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რომ აღარ უნდათ ახალგაზრდებს ამ ქვეყანაში დარჩენა, რადგან აღარ უსმენენ  ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს, არ უქმნიან მათ ისეთ გარემოს, სადაც რეალიზებული იქნებიან და შეძლებენ როგორც კარგი განათლების მიღებას, ასევე თავისუფლად იგრძნობენ თავს.

ჩვენ კი ვხედავთ რომ ხელოვნურად იქმნება ბევრი პრობლემა ამ ქვეყანაში, იგივე ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებითაც მართლა ხელოვნურად არის შექმნილი აჟიოტაჟი და ახალგაზრდებს აიძულებენ, იფიქრონ ქვეყნიდან წასვლაზე.

ქეთევან ფუტკარაძე დაჯილდოვების დღეს

გარდა ამისა, ვფიქრობ განათლების ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში, რომ ახალგაზრდებს სურვილი ჰქონდეთ ისწავლონ ქართულ უნივერსიტეტებში და არა უცხოეთში.

მეტი არჩევანი უნდა ჰქონდეთ პროფესიებში, რადგან ვიცი, რომ ბევრ ბავშვს აინტერესებს ასტროფიზიკა, ინჟინერია, თუმცა ბევრი მიმართულება აქედან ჩვენს უნივერსიტეტებში არ არის განვითარებული, ასევე ბევრი სხვა თანამედროვე პროფესიები არ ისწავლება ჩვენთან და ესეც ხელს უწყობს ახალგაზრდების გადინებას.

ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინება კი ბუნებრივია დაასუსტებს როგორც დემოკრატიულ პროცესებს, ასევე ქვეყნის განვითარებას“-მიიჩნევს ქეთევანი.

მისი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სწავლის დასრულების შემდეგ ღირსეული დასაქმების პირობებიც ჰქონდეთ ქვეყანაში.

„თუ განათლებას ვიღებთ, მაშინ ამ ცოდნის გამოყენების ადგილიც უნდა არსებობდეს ხომ ქვეყანაში.

მე პირადად ახლაც ვმუშაობ, მაგრამ მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ძირითადად მომსახურების სფეროში უფროა ხელმისაწვდომი დასაქმება. სურვილი მაქვს, რომ ისეთი პროგრამებიც არსებობდეს ახალგაზრდებისთვის, რაც ინტელექტუალური განვითრების შესაძლებლობაც გვექნება და პროფესიის არჩევაშიც დაგვეხმარება.

ასევე, სოფლად მცხოვრებისთვის ბავშვებისთვისაც უნდა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა საგანმანათლებლო რესურსებზე, რადგან 2018 წლამდე მე სოფლის სკოლაში ვსწავლობდი და ვიცი, რომ იქ მცხოვრებ ბავშვებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი მონაწილეობა მიიღონ საინტერესო პროექტებში და ღონისძიებებში.

ქალაქში რომ ჩამოვიდნენ რაიმე ღონისძიებაზე, ამ შემთხვევასში ტრანსპორტის პრობლემა ექმნებათ და ასე შემდეგ“-ამბობს ქეთევან ფუტკარაძე.

მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც ჰქონდეთ ცოდნა პოლიტიკის და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, რადგან 18 წლის ასაკში ახალგაზრდა უკვე არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

„მშობელი რასაც ეტყვის ის არჩევანი კი არ უნდა გააკეთოს ახალგაზრდამ, გააზრებულად უნდა შეეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება“-ამბობს ქეთევანი.

კონკურსის ერთ-ერთი ხაზი წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლი იუნკერების ხსოვნას შეეხებოდოდა.

როგორც ქეთევანი ამბობს, ის თავის ესსე-ში ამ საკითხსაც შეეხო და პარალელი გაავლო 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდებთან.

„ამ ახალგაზრდებმა არანაკლები გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლებულიყო საბჭოთა რეჟიმისგან.

რუსული საფრთხეები დღესაც არსებობს ამ ქვეყანაში. საფრთხეა არა მარტო ოკუპაცია, არამედ რუსეთის მოქალაქეების ამ რაოდენობით შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში, რადგან ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად მათზე ხდება დამოკიდებული და ეს შესაძლოა ძალიან რთული აღმოჩნდეს ჩვენთვის რუსული აგრესიისგან თავის დაცვა.

რადგან რუსეთი ძალიან მიიდრიკა საბჭოთა იმპერიული იდეისკენ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი საფრთხეა.

ამიტომ არის საჭირო გავხდეთ ევროკავშირის წევრი, დავიცვათ ბალანსი, რომ სხვა ქვეყნებიდანაც გაიზარდოს ტურისტების მაჩვენებელი და მხოლოდ რუსეთზე არ გავხდეთ დამოკიდებული.

იუნკერები იყვნენ თუ სხვა ახალგაზრდები, ის, რისთვისაც იბრძოლეს, უნდა შევინარჩუნოთ.

ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება რუსეთისგან და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება ამ ქვეყანაში“-გვეუბნება ქეთევან ფუტკარაძე.

კონკურსში გამარჯვებით ქეთევან ფუტკარაძემ 100%-იანი გრანტი მოიპოვა რაც მას შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ სექტორში უფასოდ ისწავლოს. ასევე წვდომა ჰქონდეს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე რომელიც მას დასავლურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 237 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 4 102 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 019 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 4 463 ერთეული [+14]
  • MLRS – 680 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 425 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 310 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 807 ერთეული [+24]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 273 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 7 036 ერთეული [+17]
  • სპეცტექნიკა – 664 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 15 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 455 თვითმფრინავი
  • 242 ვერტმფრენი
  • 5 015 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 10 711 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 138 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 5 462 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 11 678 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი მას აპატიეს, რადგან პოპულარული იყო – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

ბათუმში „სთეიჯ-17“ იხსნება – ვის მოუსმენთ ახალი თაობის საკონცერტო სივრცეში

15 ივლისს, საღამოს 10 საათზე, ბათუმის ცას ახალი ფერები გაანათებს და ქალაქს ახალი ჟღერადობა შეემატება – ახალი თაობის საკონცერტო სცენა და მულტიფუნქციური სივრცე „სთეიჯ-17-ი“ UNKLE, MAX COOPER, NIKAKOI და KOZMANA-ს შესრულებით იხსნება!

„სთეიჯ-17-ის“ შემქმნელები გვპირდებიან, რომ სცენა ბათუმის ყოველდღიურ რიტმს სრულიად ახალ სიხშირეს შესძენს და როგორც ქართველ, ასევე — საერთაშორისო სტუმრებს ცოცხალი წარმოდგენის დაუვიწყარ გამოცდილებებს მიუძღვნის.

სცენა ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვისპირა ზოლში მდებარეობს და სტუმრებს ყველანაირ ამინდში კომფორტულ გარემოს ჰპირდება. 3 000 ვიზიტორზე გათვლილი ნაგებობა დასაჯდომი და საცეკვაო სივრცეებისგან შედგება.

იმისათვის, რომ ყოველმა სტუმარმა თავი ცოცხალი შესრულების ეპიცენტრში იგრძნოს, „სთეიჯ-17-ის“ შემქმნელებმა არქიტექტურა ორიგინალურად გადაწყვიტეს — კონსტრუქციის მთლიანი იატაკი სასცენო პოდიუმის მასალით ააწყვეს, რითაც კიდევ უფრო გაამძაფრეს სცენასთან სიახლოვის შეგრძნება.

კავკასიის რეგიონში უპრეცედენტოა „სთეიჯ-17-ის“ აკუსტიკა და ვიზუალური ეფექტებიც – აქ ხმის ინჟინერიისა და განათების საერთაშორისო გუნდი მუშაობს, რომლის წევრები, თავის მხრივ, თინა ტერნერის, ელტონ ჯონის, სტინგის, ჯენიფერ ლოპესის, შაკირას და სხვა მსოფლიო ვარსკვლავების შოუებზე იყვნენ დასაქმებული.

ივლისსა და აგვისტოში „სთეიჯ-17-ის“ აფიშა ასე გამოიყურება:

  • 15 ივლისი: UNKLE | MAX COOPER | NIKAKOI | KOZMANA 16.07: HOOVERPHONIC | SALIO | KAVEL
  • 21 ივლისი: STEFANE | 4D MONSTER LOBSTERS | NIKA CHIKOVANI
  • 22 ივლისი: KOLLEKTIV TURMSTRASSE | RED AXES | GIO SHENGELIA | AUTUMN TREE
  • 28-30 ივლისი: 16th BLACK SEA JAZZ FESTIVAL
  • 4 აგვისტო: IVAN DORN | არა | ANNA SUE
  • 8 აგვისტო: ASH | Kadebostany
  • 9 აგვისტო: Morcheeba
  • 12 აგვისტო: Parra for Cuva | Worakles
  • 18 აგვისტო: OKEAN ELZY | CIRCUS MIRCUS
  • 19 აგვისტო: OKEAN ELZY | LOUDSPEAKERS
  • 24 აგვისტო: Earth, Wind & Fire Experience by Al McKay

ბილეთები იყიდება tkt.ge-ზე. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „სთეიჯ 17“-ის გვერდს ფეისბუქზე. 

პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი მას აპატიეს, რადგან პოპულარული იყო – ინტერვიუ პოლკოვნიკთან

„ეს ბრძოლა არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით,“ – მიიჩნევს პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. სამხედრო ანალიტიკოსის დაკვირვებით, ბრძოლის მაღალი ინტენსივობის პირობებში რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა გაუჭირდება და გამოიფიტება.

„ჩემი აზრით, სჯობია, ისევ გაგრძელდეს გამომფიტავი ომი, როცა რუსეთი კონტრშეტევით კი არ დამარცხდება, არამედ გამოიფიტება და ვეღარ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ ვნახეთ უკრაინის უპირატესობა კიევთან, ხერსონის და იზიუმის გათავისუფლება. ყველა ამ ოპერაციებში უკრაინამ წარმატებას მიაღწია იმიტომ, რომ რუსეთი გამოიფიტა,“ – დარწმუნებულია პოლკოვნიკი.

ნატოს სამიტზე გაჟღერდა, რომ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევისთვის საჭირო F 16-ებს, მაგალითად, უკრაინა 2024 წლის გაზაფხულზე მიიღებს. ნიშნავს ეს იმას, რომ ომი უკრაინაში 2024 წელსაც ვერ დასრულდება?

„თუ რამე არ ჩამოიშალა რუსეთის შიგნით, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუ არ გატეხა რუსეთი მომქანცველმა ომმა, შესაძლოა, ეს ომი 2025 წელსაც გაგრძელდეს,“ – გვიპასუხა პოლკოვნიკმა. „ბათუმელებმა“ პოლკოვნიკ ლაშა ბერიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო ლაშა, რა მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაში კონტრშეტევის დაგვიანებამ და შენელებულმა ტემპმა? ზელენსკი CNN-თან ამბობდა: „მინდოდა, კონტრშეტევა გაცილებით ადრე დაგვეწყო, რადგან ყველა ხვდებოდა, რომ თუ კონტრშეტევა მოგვიანებით დაიწყებოდა, მაშინ ჩვენი ტერიტორიის უმეტესი ნაწილი დანაღმული იქნებოდა. ჩვენ მტერს ვაძლევთ დროს და შესაძლებლობას, მეტი ნაღმები განათავსოს და მოამზადოს საკუთარი თავდაცვის ხაზი“.

გარკვეული პოლიტიკური მოლოდინები შეიქმნა, რომ სწრაფად მიაღწევდა უკრაინა წარმატებას. გრძელვადიან ომთან გვაქვს საქმე. რუსეთზე საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა, რომ თავდაცვა მოემზადებინა. ყველამ კარგად ვიცოდით, რომ უკრაინას მომზადებულ თავდაცვასთან ექნებოდა საქმე. ამიტომაც, გამომფიტავი ომი გაგრძელდება.

უკრაინას შეუძლია, ამ ტემპს მოუმატოს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაგვიანებულია კონტრშეტევა. ჩვეულებრივ კონტრშეტევებს ახორციელებს უკრაინა გარკვეულ მიმართულებებზე, გარკვეულ მიმართულებაზე ისევ რუსეთი ახორციელებს შეტევებს.

უკრაინას, ცხადია, სურს, სწრაფი შედეგი აჩვენოს საკუთარ მოსახლეობას, მაგრამ არარეალისტურია მოლოდინი, რომ წელს დაასრულებენ ომს. ეს შესაძლებელია, მაგრამ ამის დაგეგმვა არარეალისტურია. რუსეთს აქვს გაცილებით მეტი სარაკეტო საშუალებები, ვიდრე უკრაინას, გაცილებით მეტი არტილერია და საცეცხლე საშუალებები. ამ დროს უკრაინა არის შეტევაზე.

შენ როცა შეტევას ახორციელებ და მოწინააღმდეგეს მეტი რესურსი აქვს, უნდა იცოდე, რომ გაუგონარი რისკები შეგხვდება. სწორედ ამ რისკის გამოა უკრაინა რომ ძალიან ფრთხილად მოქმედებს. უკრაინა ცდილობს, პირადი შემადგენლობის დანაკლისი მაქსიმალურად მცირე ჰქონდეს.

ჩემი აზრით, სჯობია, ისევ გაგრძელდეს გამომფიტავი ომი, როცა რუსეთი კონტრშეტევით კი არ დამარცხდება, არამედ გამოიფიტება და ვეღარ შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას. ჩვენ ვნახეთ უკრაინის უპირატესობა კიევთან, ხერსონის და იზიუმის გათავისუფლება. ყველა ამ ოპერაციებში უკრაინამ წარმატებას იმიტომ მიაღწია, რომ რუსეთი გამოიფიტა.

რუსეთი იგივე მეთოდით დამარცხდება სხვაგანაც.

  • თუმცა ზელენსკის არ დაუმალავს საყვედური, რადგან მას დროულად და შესაბამისი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა სჭირდება წარმატების მისაღწევად. 

ზელენსკი ცდილობს მაქსიმუმის მიღებას, მაგრამ ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა არ არის დამოკიდებული მხოლოდ შეიარაღების მიწოდებაზე. იგივე F16-ის ავიაცია რომ მიაწოდონ უკრაინას, შემდეგი პრობლემა იქნება ის, თუ რომელი აეროპორტები მოახერხებენ მის გამოყენებას. შემდეგ დასჭირდებათ დამატებით „პატრიოტის“ სისტემები. ეს ომია, ომი მშიერი ხახაა…

უკრაინას ეხმარებიან გეგმაზომიერად, ეს რთული პროცესია, მით უმეტეს, დასავლეთში რთულია გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ საკითხზე. ზელენსკის საქმეა, რომ უსაყვედუროს დასავლეთს, მაგრამ დახმარებას მიიღებს უკრაინა ისე, რომ ესკალაცია იყოს თანმიმდევრული.

ყველას გვინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, როგორც ჰოლივუდის კინო, თანაც 24 საათში, მაგრამ რეალურად გრძელვადიან ომთან გვაქვს საქმე.

  • F 16 უკრაინას გადაეცემა 2024 წლის გაზაფხულზე. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ომი 2024 წელს არ მთავრდება? 

თუ რამე არ ჩამოიშალა რუსეთის შიგნით, რაც შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, თუ არ გატეხა რუსეთი მომქანცველმა ომმა, შესაძლოა, ეს ომი 2025 წელსაც გაგრძელდეს. მე არასდროს მითქვამს, რომ ეს ომი მალე დამთავრდება.

პრიგოჟინის ამბოხის მაგვარი რამ თუ განმეორდება რუსეთში, არ ვიცი, მაგრამ შეტევითი და თავდაცვითი ბრძოლების წარმოებით, ეს ომი წელს ვერ დასრულდება F 16-ების მიწოდების შემთხვევაშიც. უკრაინა უკეთეს შედეგს დადებს F16-ების არსებობის შემთხვევაში, მაგრამ ომში გამარჯვებისთვის, არა მგონია, რომ ეს საკმარისი იყოს.

  • პროგოჟინის ამბოხის მსგავსი პროტესტის განმეორებას რატომ ელით, ხედავთ ამის ნიშნებს? 

ეს უკმაყოფილება არსად წასულა, პროტესტი  რუსულ ჯარში იზრდება და შესაძლოა, ნებისმიერ დროს აფეთქდეს. ეს ძალიან გაუთვალისწინებელი ფაქტორია. არავინ იცის, როდის ამოუვა ყელში რუს ჯარისკაცებს და როდის ჩასცხებენ თავში მეთაურებს, ეს ეშმაკმა იცის.

ჩემი აზრით, ამ ომის წარმატება არ არის სწრაფ შეტევებსა და სწრაფ კონტრშეტევებში. ამ ომის წარმატება არის იმაში, რომ რუსეთს ეომო, ეომო, ეომო და ის გამოიფიტება. გამოფიტული რუსეთის შემთხვევაში კი, ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლება იქნება ძალიან ადვილი. რუსეთს არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მომზადებული პირადი შემადგენლობა, რაც სჭირდება ომის წარმოებას.

  • რომ მოამზადოს თავდაცვის ორგანიზების პარალელურად? 

ვინ უნდა მოამზადოს ეს? ვისაც უნდა მოემზადებინა ეს ხალხი, ბევრი მათგანი დაეხოცათ, ან ომში არიან ჩართული, ომობენ. ხალხი რომ არ ჰყავდათ მომზადებული, ამიტომ დაიწყეს ბელარუსში ჯარისკაცების მომზადება. ბელარუს ინსტრუქტორებზე კიდევ რა გითხრათ: მათ იციან, როგორ უნდა სცემონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, როგორ დაარბიონ, მაგრამ სამხედრო მომზადება ეს არ არის.

  • პრიგოჟინიც სავარაუდოდ ბელარუსში მუშაობს ხომ ჯარისკაცების გადამზადების კუთხით? 

პრიგოჟინი ახლა არის ბელარუსის, ან რუსული მიწის ქვეშ ისე ღრმად, რომ მას ვერავინ იპოვის – პრიგოჟინი მკვდარია. პრიგოჟინის და პუტინის არავითარი შეხვედრა არ მომხდარა. ვინმემ ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები, ან ვიდეო ნახეთ?

მთავარი შეცდომა, რაც პრიგოჟინმა დაუშვა, არის ის, რომ რუსეთისნაირ ქვეყანაში, როცა ტახტისთვის ბრძოლას იწყებ, იმარჯვებ, ან კვდები. პრიგოჟინმა რაღაც მესამე გზის გამონახვა სცადა ლუკაშენკოსთან შეთანხმებით, მაგრამ პრიგოჟინი დარჩა მხოლოდ სახელი და გვარი – ჩამოაცვეს ტომარა და სადღაც ჩაფლეს.

ამიტომაც, ჭკვიანი ხალხი ახლა ხვდება, რომ პრიგოჟინი მოკლეს, მასისთვის კი, გზავნილია ის, რომ მას აპატიეს, რადგან პრიგოჟინის განცხადებები პოპულარული იყო. ამიტომ მოიფიქრეს, რომ თითქოს პრიგოჟინი შეხვდა პუტინს და მისი ერთგულება დაუდასტურა კრემლში.

რა პრობლემა იყო აბა ერთი ვიდეო ჩაეწერა და გაევრცელებინა? შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მე თუ ვერკვევი რამეში, ვიტყვი, რომ პრიგოჟინი მკვდარია უკვე.

  • ნატოს სამიტზე გაკეთებული განცხადებებიდან რა გამოჩნდა თქვენთვის: რა მიიღო უკრაინამ და რა – საქართველომ? 

საქართველოს შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, რომ რუსეთისკენ ვიხრებით. უკრაინამ კი, მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერის დაპირება, ასევე დაპირება, რომ ის გახდება ნატო-ს წევრი. უკრაინამ ვერ მიიღო ე.წ. თაიმლაინი, დროში გაწერილი გეგმა, მაგრამ მას არ დასჭირდება ნატოში გასაწევრიანებლად MAP და სხვა პროცედურების გავლა.

  • რა პირობა უნდა დააკმაყოფილოს ამისთვის უკრაინამ? 

რეალისტები უნდა ვიყოთ, პირობა ერთადერთია: უკრაინამ ომი უნდა მოიგოს. ომი როცა დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, ამ ომის შემდეგ უკრაინას არათუ პირობებს წაუყენებენ, არამედ შეეხვეწებიან, ნატოს წევრი გახდეს.

არ ვიტყვი, რომ ეს ომი მრავალი წელი გაგრძელდება, მაგრამ ეს გრძელი ომია. ჯერჯერობით ამის წინაპირობა არ არის, რომ ვთქვათ, ეს ომი წელს დამთავრდება, ან გაისად. მე მჯერა, რომ ასეთ გამომფიტავ ომს უკრაინა მოიგებს. ყველა პირობა უკრაინის მხარესაა.

  • გამომფიტავი ომის მიუხედავად რუსეთი ახერხებს გაძლიეროს თავდაცვითი ზოლი. ზოგიერთი სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსეთს შესაძლოა გაუჭირდეს შეტევის გაგრძელება, მაგრამ შეძლოს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვა.

როგორ მოახერხებს ამას? ყოველდღიურად მიმდინარეობს მაღალი ინტენსივობის ბრძოლები, მაგრამ არის ფრთხილი, მაღალი ინტენსივობის ზონები. დამრტყმელი ავიაციის მიღება უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტური შეტევები განახორციელოს, მალე წავიდეს წინ.

უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ყველა იარაღს აქვს თავისი საპირწონე იარაღი. რუსეთის ყველაზე დიდი სისუსტე არის ის, რომ არ ჰყავს მომზადებული ცოცხალი ძალა. მან ცოტ-ცოტა შეუძლია საიდანღაც დაამატოს, მაგრამ, მაგალითად, 100 ათასი კაცი რომ მოამზადო ხარისხიანად, გჭირდება 20 ათასი ინსტრუქტორი. სად ჰყავს რუსეთს 20 ათასი ინსტრუქტორი?

  • პოდოლიაკი ომის შესაძლო გაყინვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ამბობს, რომ ომი ვერც წლობით გაგრძელდება და არც გაიყინება, რადგან ომი ძალიან ძვირი ჯდება, რუსეთმა კი პრაქტიკულად დახარჯა ყველაფერი, რაც კი ამისათვის ჰქონდა.

პოდოლიაკს ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს და მის განცხადებას უნდა ვენდოთ. მე გეტყვით, რომ ეს ომი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, რუსეთი ალბათ იმაზე უფრო ადრე გამოიფიტება, ვიდრე ჩვენ გვგონია, მაგრამ ეს ბრძოლა არ დამთავრდება სწრაფი კონტრშეტევით.

თუ უკრაინა განაგრძობს შეტევას, რუსეთი ვერ მოახერხებს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვას. თუ უკრაინა დათანხმდება პირობებს და მაღალი ინტენსივობის კონფლიქტი გადაიქცევა დაბალი ინტენსივობის კონფლიქტად, როგორც ჩვენ გვაქვს, მაგალითად, აფხაზეთში, მაშინ გაიყინება ომი და რუსეთი მოახერხებს ოკუპირებული ტერიტორიის დაცვას.

ამ პირობებში კი, როცა უკრაინა არანაირ შეთანხმებას არ თანხმდება და ბრძოლას განაგრძობს, რუსეთი ვერ მოახერხებს ვერაფრის დაცვას.

  • ხედავთ ამის პირობას, რომ უკრაინა შეიძლება წავიდეს შეთანხმებაზე? 

ვერ ვხედავ. იმ მცირე საშუალებებითაც კი, რაც უკრაინას გააჩნია, მას შეუძლია განაგრძოს ბრძოლა ყველა მიმართულებით, რუსეთს კი, დამატებით ახალი ძალების მოზიდვის შესაძლებლობა არა აქვს.

დღეს უკვე კარგად ესმის ყველას – რუსეთისთვის დათმობა ნიშნავს იმას, რომ შემდეგი კონფლიქტი იქნება უფრო აგრესიული და რთული. ჯობია, აგრესიული რუსეთი დამარცხდეს ახლა, როცა ამის ყველა რესურსია.

  • ჩანს, რომ დასავლეთშიც ასე უყურებენ ამ საკითხს, რომ ომი არ უნდა შევიდეს ჩიხში? 

ზოგი იაზრებს ამას, ზოგი – ვერა. ვხედავთ, რომ დასავლეთი განაგრძობს დახმარებას.

  • რამდენად გააქტიურდა ისევ ბირთვული ომის საფრთხე განსაკუთრებით კასეტური საბრძოლო მასალების უკრაინაზე გადაცემით? F 16-ის უკრაინისთვის გადაცემასაც რუსეთი აფასებს ბირთვული ომის საფრთხედ. ლავროვმა „ლენტასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „აშშ და მისი ნატოელი სატელიტები ქმნიან რუსეთთან პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების რისკებს“, ასევე: „საბრძოლო მოქმედებებისას რუსი სამხედროები არ დაიწყებენ იმის გარკვევას, აღჭურვილია თუ არა ამ ტიპის ყოველი კონკრეტული თვითმფრინავი ბირთვული იარაღის გადასატანად“.

ეს ომია, კასეტური იარაღია მართლაც ის იარაღია, რომელიც უპირატესობას მისცემს უკრაინას, რადგან ის ძალიან ეფექტურია ჩასანგრებული მოწინააღმდეგესთან ბრძოლისთვის.

ბირთვული იარაღი ერთადერთია, რაც მუქარისთვის დარჩა რუსეთს, სხვა რამ აღარ აქვს მას არსენალში. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მუქარაა, რადგან თეორიულადაც რომ განვიხილოთ ბირთვული ომი დასავლეთს და რუსეთს შორის, ბირთვული შეკავება არ ითვალისწინებს იმას, რომ შენ ბირთვული იარაღი გაქვს და ელოდები, რუსეთი როდის გესვრის. ბირთვული შეკავება ნიშნავს იმას, რომ დროულად გაიგო, მოწინააღმდეგე აპირებს თუ არა ბირთვული იარაღის გამოყენებას და მას დაასწრო. ბირთვული შეკავების სტრატეგია სწორედ ამას ითვალისწინებს. ამ ომში აშკარად გამოჩნდა რუსეთის გიგანტური ჩამორჩენა ტექნოლოგიებში. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ტექნოლოგიებშიც იგი გიგანტურად ჩამორჩება დასავლეთის ქვეყნებს. ეს კარგად იცის რუსეთმაც.

ჰიტლერის გერმანიას ჰქონდა ქიმიური იარაღი, მაგრამ მეორე მსოფლიო ომში არ გამოუყენებია. ასეთი ფაქტი დაფიქსირებული არ არის. ძალიან კარგად იცოდა ჰიტლერმა, რომ დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის, აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, გაცილებით მეტი ჰქონდა ეს ქიმიური იარაღი. ამიტომ ასე ადვილი არ არის მასობრივი დაზიანების იარაღის მასიურად გამოყენება.

თუმცა ეს ახდენს გავლენას იმაზე, რომ დასავლეთის ესკალაცია რუსეთთან არის ნელი და თანმიმდევრული. ხომ გახსოვთ, ომის პირველ დღეებში მხოლოდ „ჯაველინები“ მისცეს უკრაინას, შემდეგ გადასცეს წინ წასული იარაღი. დღეს უკვე უკრაინას ისეთი შეიარაღება აქვს, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყანა იოცნებებდა ასეთ შეიარაღებაზე. ამიტომაც, დასავლეთი არ დგამს სწრაფ ნაბიჯებს.

როდესაც სამხედროები საფრთხეებს ვაფასებთ, უნდა გაითვალისწინო მოწინააღმდეგის მოქმედების კურსი. ამ დროს არსებობს მოსალოდნელი კურსი, სახიფათო კურსი, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ ის თუ მოხდა, ყველაზე რთულ შედეგებთან გვექნება საქმე.

  • რუსეთში რა იცვლება? პუტინის კრიტიკოსები ამბობენ, რომ მას რეალურად დაკარგული აქვს ძალაუფლება. 

მეც ვფიქრობ, რომ პუტინს დაკარგული აქვს ძალაუფლება, მაგრამ გამოჩნდება ეს მალე. ჩემთვის აშკარა იყო ის, რომ პრიგოჟინი დაისჯებოდა, თუმცა ვფიქრობდი ასევე, რომ დასჯიდნენ შოიგუს და გერასიმოვს. თუ ისინი საბოლოოდ ვერ დასაჯა პუტინმა, ეს იქნება ინდიკატორი იმის, რომ პუტინი რეალურად ძალაუფლებას ვერ ფლობს – ნამდვილი დიქტატორი ამათ ყველას დასჯიდა.

  • თქვენი დაკვირვებით რომელი ფრთა ძლიერდება ახლა რუსეთში: ეფესბეს, თუ სამხედროები?

ძნელი სათქმელია ეს. ჩანს უკვე, რომ პუტინს უწევს გარკვეული ძალების კარნახით მოქმედება. ეს შეიძლება იყოს თავდაცვის სამინისტრო, ეფესბე, ოლიგარქები, სადაზვერვო სამსახური. ეშმაკი გაიგებს, რა ხდება რუსეთში ახლა.

ვფიქრობ, რუსეთში დიდხანს ვერ გაძლებენ ასეთი სახით ინტენსიური ომის შენარჩუნებას. პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა სისუსტეები რუსეთის შიგნით. რუსებს აუცილებლად მოუწევთ გარკვეული ოკუპირებული ტერიტორიების თავისით დატოვება.

9 წელია ბათუმში ძველი აბანოს რეაბილიტაციას გეგმავენ და თავი ვერ მოაბეს

ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ისევ ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, როგორშიც იყო 9 წლის წინ, როცა შენობის რეაბილიტაციისა და  ბათუმის მუზეუმის გახსნის შესახებ პირველად გააჟღერეს.

ეს მოხდა 2014 წელს, მაშინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიძინა აფხაზავა ხელმძღვანელობდა და როგორც თავად გვითხრა შენობაში ბათუმის მუზეუმის გახსნა სურდა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა გვითხრა ისიც, რომ იდეა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მისი განხორციელების შემთხვევაში ამ მუზეუმისთვის საკუთარი კოლექციის გადაცემასაც გეგმავდა.

2014 წელს სააგენტომ სამშენებლო კომპანიის შესარჩევად ტენდერიც გამოაცხადა. ბიუჯეტში 550 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

რეკონსტრუქციის პროექტი შენობის ნაწილობრივ დემონტაჟს ითვალისწინებდა: „გუმბათებისა და მზარდი კედლების შენარჩუნებითა და  მათში არსებული ლოკალური დაზიანებების პირველადი აღდგენით.“

ამავე წელს აგვისტოში სააგენტოს ხელმძღვანელი გადადგა.

მას შემდეგ 9 წელი გავიდა. შენობის მდგომარეობა გაუარესდა.

 

ძველი აბანოს შენობა
ძველი აბანოს შენობა – ბათუმი, ხულოს ქუჩა #10

მუზეუმის რეაბილიტაციის ამბავს ქრონოლოგიურად თუ მივყვებით, რეაბილიტაციის ცხრაწლიანი ისტორია ასე განვითარდა:

რეაბილიტაციის შემდეგ მუზეუმი ვერ გახსნეს, ერთ-ერთი კომპეტენტური პირი, რომელიც ამ პროცესს თვალს ადევნებდა გვიყვება, რომ შენობაში სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული, „იყო ნესტი და  ნესტის სუნი“.

ბათუმი, ხულოს ქუჩა #10

2018 წელს გავიგეთ, რომ რეაბილიტირებულ შენობაში წყალი ჩავიდა. სააგენტომ გუმბათის რეაბილიტაცია თავიდან დაიწყო. ამავე წელს ითქვა, რომ განიხილებოდა შენობის „მუზეუმების გაერთიანებისთვის“ გადაცემა.

ამ დროს სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას ლაშა ასლანიშვილი ასრულებდა. მალევე დირექტორის თანამდებობა ზაურ ახვლედიანმა ჩაიბარა.

ამის შემდეგ მუზეუმის გახსნის იდეა ისევ გაიყინა.

2022 წელს ხულოს ქუჩაზე, N10-ში მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 189 320 ლარი გამოყვეს.

გადაწყდა, რომ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდებოდა. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ გამოაცხადა.

საპროექტო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შენობის რეაბილიტაცია იგეგმებოდა, „აჭარის მუზეუმმა“ შპს „არქიტექტურის სახელოსნოდან“ 39 999 ლარად შეისყიდა.

პროექტის განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ:

„2015 წელს ჩაუტარდა კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით მასშტაბური ჩარევა განხორციელდა: დარბაზში მოეწყო რკინაბეტონის კოლონები და გადახურვის ახალი ფილა. შენობის ორსართულიანი ნაწილი, რკინაბეტონის კარკასული ნაგებობის სახით, ფაქტობრივად, ახლიდან აშენდა.

ამ ჩარევას განვიხილავთ, როგორც ისტორიული ნაგებობის ერთ-ერთ ისტორიულ ფენას, რომელსაც ჩვენი ჩარევა ახალ ფენად უნდა დაედოს. ამ კონტრასტის წარმოსაჩენად, ჩვენი ჩარევის ძირითად მასალად ლითონის კონსტრუქციები გამოიყენება.“ [დეტალურად ნახეთ აქ]

ტენდერი არ შედგა, მონაწილეობა არავინ მიიღო. შემდეგ ხელახლა გამოცხადდა, შესყიდვის ბიუჯეტი 1 მილიონ 189 320 ლარი უცვლელი დარჩა.

რომ შევაჯამოთ 2022 წლის 24 მარტიდან 29 ივლისის ჩათვლით პერიოდში ტენდერი აჭარის მუზეუმმა ოთხჯერ გამოაცხადა – 1 189 320 ლარით. არც ერთ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო. შესაბამისად, ტენდერები არ შედგა.

2023 წელს სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. ამჯერად შესყიდვის ბიუჯეტი 589 ათასი ლარით გაზარდეს და 1 778 806 ლარით გამოაცხადეს.

ტენდერში „ივერთმშენმა“ გაიმარჯვა. კომპანიამ სამუშაოების შესრულება „აჭარის მუზეუმს“ 1 მილიონ 733 333 ლარად შესთავაზა.

კომპანიის წარმომადგენლებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

ჩილიმის არომატები – აჭარის ფინანსთა სამინისტრო დიდ ინვესტიციაზე იუწყება

აჭარის მთავრობამ საზოგადოებას ქობულეთში დიდი ინვესტიციის განხორციელების შესახებ აცნობა. სოფელ მუხაესტატეში ჩილიმის საწარმოს გახსნის ცერემონიალზე გადაღებული ფოტოები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.

ამ ფოტოების მიხედვით, ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქობულეთის მერი და სხვა პირები ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებიდან.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს აღჭურვისთვის კომპანიამ 5 მილიონი ევრო დახარჯა და ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის, ჩილიმის არომატების მიწოდებას გეგმავს.

„კომპანია H HOOKAH-ის საწარმოში დამზადებული ნაწარმის რეალიზება საერთაშორისო ბაზარზე ხდება, შეფუთვაზე ნახავთ წარწერას „სიამაყით დამზადებულია საქართველოში. ბრენდი H HOOKAH WIPO-ს საერთაშორისო ორგანიზაციაშია რეგისტრირებული და 180 ქვეყანას აერთიანებს“, – წერს მთავრობა.

ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში ამ ეტაპზე 35 ადამიანია დასაქმებული.

ქარხანა მდებარეობს ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის ერთი ჰექტარია [9953 კვ.მეტრი]. ეს ნაკვეთი და ნაკვეთზე არსებული ძველი შენობა აჭარის მთავრობამ 2020 წელს უპირობო აუქციონის წესით, იაფად და ერთი ბიჯით – 26 500 ლარად გაყიდა: ერთი კვ.მეტრი 2 ლარად და 66 თეთრად.

2021 წელს კი გვერდით მდებარე ფართობი – ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიის ნაწილი [საწყისი ფასის მიხედვით], 7 ლარად და 36 თეთრად გაიტანეს გასაყიდად. 

2020 წელს ჩაის ფაბრიკის ყოფილი ტერიტორია, სადაც ახლა ჩილიმის არომატის საწარმო გახსნეს, შპს „კაუზანმა“ დაირეგისტრირა. ამ კომპანიის 50/50 პროცენტს ბიზნესმენი – იოსებ კობახიძე და მისი პარტნიორი ზვიად ნიჟარაძე იყოფენ.
2021 წლის იანვარში ამ ნაკვეთის მესაკუთრედ ლიბანის ორი მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაციის საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულება მიუთითეს, თუმცა დოკუმენტებში არ ჩანს, რამდენად გაყიდა მყიდველმა სახელმწიფოსგან 26 500 ლარად ნაყიდი ქონება. ახალმა მფლობელებმა პარალელურად კომპანია „ეიჩ ჰუკა“ დააარსეს და ქონებაც ამ კომპანიის საკუთრებაში დაარეგისტრირეს.
მუხაესტატეს ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიის ნაწილი, ერთ ჰექტარზე მეტი [13 858 კვ. მეტრი] და მასთან ერთად შვიდი ერთეული ლითონის ავზი, აჭარის მთავრობამ 2021 წელს ცალკე გაყიდა. ეს ნაკვეთიც უპირობო აუქციონზე გაიტანეს. ქონების საწყისი ფასი 102 000 ლარი იყო, ხოლო ბიჯი – 2000 ლარი. ის მაღალი კონკურენციის პირობებში [74 ბიჯი] 250 000 ლარად გაიყიდა.
ამ ქონებასთან ერთად ტერიტორიაზე არსებული შვიდი ერთეული ლითონის ავზიც გაყიდეს.
ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მხოლოდ საწყისი ფასის მიხედვით თუ ვიანგარიშებთ, ამ ქონების 1 კვ. მეტრის ფასი 7 ლარი და 36 თეთრი გამოდის.
აუქციონის დასრულების შემდეგ ქონება სტანისლავ ვოლფმა დაირეგისტრირა. მას საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქონების ფასს აუდიტი ადგენს. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ შეაფასა ორი ერთმანეთის გვერდით მდებარე ქონება აუდიტმა სხვადასხვა ფასად? – მსგავს შემთხვევაში ხშირად მიზეზად ქონების გასაყიდად განმეორებით გატანის საჭიროებასაც ასახლებენ ხოლმე.
___
მთავარი ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ქართული ენის კურსი და სხვა პროექტები უკრაინელი ლტოლვილებისთვის ბათუმში

„მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მე დავბრუნდები უკრაინაში“, „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს, სხვა ქვეყნის სამოთხეზედა“, „ყველაფერს, რასაც აქვს დასაწყისი, აქვს დასასრული“, – დღეს, 14 ივლისს, ბათუმში, „ქეა კავკასიას“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე აჩვენეს ვიდეო, სადაც უკრაინიდან ლტოლვილები საქართველოში ნასწავლი ქართულით ცდილობენ თავიანთი სათქმელის საზოგადოებამდე მიტანას.

ომის შემდეგ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს ქართულს ქართულ-უკრაინული საგანმანათლებლო ცენტრ „ედნისტი“ ასწავლის. ქართული ენის სწავლება კი ორგანიზაცია „ქეა კავკასიამ“ დააფინანსა.

„საინტერესო და სასიამოვნო იყო ის, რომ უკრაინელი ლტოლვილებისგან წამოვიდა ინტერესი ქართული ენის შესწავლის. რადგან საქართველოში ცხოვრობდნენ, უნდოდათ ყველაფერი ესწავლათ და წაეკითხათ.

ქართული ენის შესასწავლ კურსზე სხვადასხვა ასაკის მსმენელები იყვნენ. 36 მსმენელი იყო თავიდან, მერე შემცირდა, რადგან ზოგი უკრაინაში დაბრუნდა, ზოგი სხვა ქვეყანაში წავიდა. კვირაში ერთხელ ვხვდებოდით.

კურსის დასრულების შემდეგ ყველამ ისწავლა წერა. კითხვა ცოტა უჭირდათ, მაგრამ კითხულობდნენ,“ – ამბობს ასმათ დიასამიძე, მასწავლებელი, რომელიც უკრაინელებს ქართულს ასწავლის.

ღონისძიება ბათუმში

დღეს, ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე, „ქეა კავკასიამ“ უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება და მიღწევები შეაჯამა.

პროექტს – „უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა საქართველოში მათი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ „ქეა კავკასია“ ახორციელებს „ქეა ამერიკის“ ფინანსური მხარდაჭერით.

სოფიო ქამუშაძე, „ქეა კავკასიას“ უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამის დირექტორი ამბობს, რომ მათმა ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით 11 უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია დააფინანსა.

„დაფინანსებული პროექტები ეხებოდა სხვადასხვა ტიპის აქტივობებს – მათ შორის ბავშვების, ახალგაზრდებისა და მოხუცების რეაბილიტაციას. ბენეფიციარები იღებდნენ ფსიქორეაბილიტაციურ დახმარებებს. იყო ქართული ენის სასწავლო კლასები.

დღესდღეობით „ქეა კავკასია“ დაახლოებით 7 ათასამდე ლტოლვილს ფარავს საქართველოში სხვადასხვა პროგრამის სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის ეკონომიკური მხარდაჭერის ფორმით, ფინანსური მხარდაჭერით და სხვა ტიპის აქტივობებით.

„ქეა კავკასია“ ამ პროგრამის ფარგლებში ძირითადად ფოკუსირებულია ქალებისა და ბავშვების საჭიროებებზე. საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების 80% ქალები და ბავშვები არიან, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მათგანის საჭიროება იქნას ხაზგასმული და მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა,“ – ამბობს სოფიო ქამუშაძე.

ღონისძიება ბათუმში

ოქსანა ბელინა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მეიდან ბათუმის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ „ქეა კავკასიის“ დაფინანსებით შეძლო მათმა ორგანიზაციამ პირველადი სამედიცინო დახმარების კურსების ორგანიზება, რომელიც ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელებმა გაიარეს.

„ძალიან სასარგებლო ტრენინგები ჩავატარეთ პირველადი დახმარების გაწევის შესახებ. ჩვენს კურსებზე ასევე მუშაობენ ფსიქოლოგები და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ დამსწრეებს.

ბევრი უკრაინელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე ვასწავლით, როგორ გამოიყურება ნაღმი, რომ ფრთხილად იყვნენ. „ქეა კავკასიამ“ გვიყიდა ყველა საჭირო აღჭურვილობა – მანეკენები, პრინტერები, რათა დაგვებეჭდა ყველა საჭირო რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დასრულდა, ტრენინგების სერია გაგრძელდება და ყველა უკრაინელს ვიწვევთ მასზე დასასწრებად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ოქსანა ბელინა.

ბათუმში გამართული შემაჯამებელი ღონისძიება უკრაინულმა ანსამბლმა „ბერეინია როდუმ“ დაასრულა.

„ქეა კავკასია“ რეგიონში 1989 წლიდან მუშაობს. ადრეული 2000-იანი წლებიდან ორგანიზაციამ დაიწყო გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის გამომწვევი მიზეზებისა და სოციალური უთანასწორობის შემცირებას და მდგრადი განვითარებისთვის შესაფერისი პირობების შექმნას, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მისაღწევად.

„ქეას“ პროგრამები ფოკუსირდება ქალებზე, ახალგაზრდებზე, კონფლიქტით დაზარალებული რეგიონის და შორეულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.

 

საქართველოში არსებობს პედოფილების რეესტრი – რა ხდება შსს-ს ბაზაში მოხვედრის შემდეგ?

„სტატისტიკას ვერ გეტყვით, როგორ მუშაობს, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ყველაფერს, მით უმეტეს საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც განვითარებადი დემოკრატიაა და არა კონსოლიდირებული დემოკრატია, დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ნებას: როდესაც საკითხი არის პრიორიტეტული ხელმძღვანელი პირისთვის, ის საქმე კეთდება,“ – მიიჩნევს ანა ბუჩუკური, პარლამენტის წევრი პარტიიდან „საქართველოსთვის“.

მას ვესაუბრეთ 2020 წელს მიღებულ კანონზე „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“, რომელიც სქესობრივი ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე პედოფილების ელექტრონული ბაზის – რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

რეესტრს 2020 წლიდან შსს აწარმოებს. ამ უწყებაში დღეს, 14 ივლისს დაგვიდასტურეს, რომ რეესტრი ნამდვილად არსებობს, თუმცა ვერ გვითხრეს, რამდენი პირია ამ რეესტრში შეყვანილი, პრაქტიკულად როგორ მუშაობს იგი: რამდენად ამოწმებენ, მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულებები ამა თუ იმ პირის დასაქმების დროს, ხომ არ არის იგი პედოფილიისთვის გასამართლებული?

ეს კანონი ითვალისწინებს ჯარიმებსაც, თუ კონკრეტულ უწყებებში ისე დაასაქმებენ ადამიანს, რომ არ გაარკვევენ, ის ბავშვზე სექსუალური მოძალადე არის თუ არა.

„…ეს იყო გახარიას გუნდის ერთიანი პაკეტი, რაც პარლამენტში დაინიცირდა 2019 წელს, მაშინ ასევე გამკაცრდა სასჯელი გაუპატიურების ნაწილში და ჩაიწერა, რომ ამ მუხლზე გათვალისწინებულია უვადოდ თავისუფლების აღკვეთაც.

შსს-ს აქვს წვდომა აბ ბაზასთან და კანონით განსაზღვრულია კონკრეტული დაწესებულებები, სადაც პირის დასაქმების დროს უნდა მოითხოვონ ცნობა, ეს პირი ამ ბაზაში ხომ არ ფიქსირდება? თუ ამ ცნობის გარეშე დაასაქმებენ პირს, ეს ექვემდებარება ჯარიმას.

როდესაც თავის დროზე შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, მაშინ შს მინისტრის ნება იყო, შექმნილიყო ეს დეპარტამენტი და მას რეალურად ემუშავა. მინისტრი შეიცვალა და ამ დეპარტამენტის მუშაობა პრიორიტეტი აღარ არის,“ – გვითხრა ანა ბუჩუკურმა.

არსებული საკანონმდებლო რეგულირების მიუხედავად პედოფილიის ციფრები იზრდება – 2023 წლის მარტო პირველ სამ თვეში პედოფილიის 46 ფაქტი დაფიქსირდა, „ბათუმელები“ 29 ივნისს წერდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემთხვევაზე, სადაც 2021 წელს მოსამართლე ციცინო მოსიძემ 12 წლის გოგოსთან სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა.

რატომ არ ხედავენ პარლამენტში კანონის გამკაცრების საჭიროებას, მათ შორის, საპროცესო შეთანხმების კუთხით, რასაც პროკურორები პედოფილებს უფორმებენ და შემდეგ მოსამართლეები უმტკიცებენ?

ანა ბუჩუკურის აზრით, გამოსავალია არა კანონის გამკაცრება, არამედ მის აღსრულებაზე ზრუნვა.

„კანონის გამკაცრებაზე, მათ შორის, საპროცესო შეთანხმებებზე შეიძლება ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩემი პირადი მიდგომაა, რომ რაც არ უნდა გავამკაცროთ კანონი და დავამძიმოთ, თუ მისი აღსრულება არ მოხდება, ეს დარჩება ფურცელზე,“ – გვითხრა ანა ბუჩუკურმა.

რას ითვალისწინებს რეესტრი, რომელსაც შსს აწარმოებს, მათ შორის, პედოფილების შესახებ?

2020 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ელექტრონული ბაზა, რეესტრი, სადაც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულების, ასევე უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

ეს კატეგორია ეხება ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ ძალადობასაც.

კანონი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ განსაზღვრავს უფლების ჩამორთმევის კონკრეტულ შემთხვევებსაც, ესენია:

  • საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში [მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში] საქმიანობის უფლება, არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევის უფლება და აღნიშნული მომსახურების გამწევ დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
  • არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 მეტრის რადიუსში, არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში (მათ შორის, სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებაში), არასრულწლოვანთათვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გამწევ დაწესებულებაში ყოფნის უფლება;
  • არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება, თუ აღნიშნულმა პირმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე−141-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა არასრულწლოვანის მიმართ, ან თუ მან ჩაიდინა იმავე კოდექსის 143​​​1 და 143​​​2 მუხლებით [თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას], 144​1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 255​​​1 და 255​2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;
  • სოციალურ მუშაკად მუშაობის უფლება;
  • საექიმო საქმიანობის უფლება;
  • სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;
  • პასიური საარჩევნო უფლება;
  • იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
  • სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მგზავრთა გადაყვანის უფლება;
  • სხვა საქმიანობის უფლება, რომლის ჩამორთმევასაც, დამნაშავის პიროვნებისა და  დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამავე კანონის მიხედვით, პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლება ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5 წლამდე ვადით; მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 5-დან 10 წლამდე ვადით; განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – 10-დან 15 წლამდე ვადით.

უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, სასამართლომ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მუნიციპალიტეტსაც, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით

„სასამართლო სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის პირის მსჯავრდების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, თუ იგი დასაქმებულია იმ დაწესებულებაში, რომელშიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის დასაქმება აკრძალულია,“ – აღნიშნულია კანონში, სადაც გაწერილია მონიტორინგის წესიც.

კანონის მიხედვით, საგანმანათლებლო, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დაწესებულება ვალდებულია, ვიდრე ვინმეს დაასაქმებს, მას ნასამართლობის, ასევე უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვოს.

„აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას,“ – წერია კანონში.

ამ კანონის აღსრულებაზე შემდეგი უწყებები უნდა მუშაობდნენ: ჯანდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და მუნიციპალიტეტები. ეს უწყებები არიან ვალდებული, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდონ.

კანონმდებლობით განსაზღვრულია სხვა სამუშაო ადგილებიც, სადაც შეიძლება მუშაობდეს სქესობრივი ხასიათის დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანი, მათ შორის, პედოფილი. კანონის მიხედვით, თუ საფრთხე დგინდება, შსს ამ პირის შესახებ პერსონალურ მონაცემებს დამსაქმებელს აწვდის:

„ეს დაწესებულება/უწყება ვალდებულია მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის საფრთხის შემცველი ქმედების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროსთვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება. სამინისტრო ამ შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად,“ – აღნიშნულია კანონში „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“.

ამ თემაზე:

პედოფილიის მსხვერპლი 46 მოზარდი გახდა – პირველი კვარტალის სტატისტიკა

 

ბათუმის ფესტივალზე საქართველოსა და უკრაინის 400-მდე მოქალაქე დასაქმდა

ბათუმში, ანბანის კოშკთან, მასშტაბური „ბათუმის ფესტივალი“ მიმდინარეობს. ფესტივალი 8 ივლისს დაიწყო და ყოველდღიურად, 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ბათუმის ფესტივალს“ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „ლისინ ჯგუფი“ ატარებს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თათული ჯანჯღავას თქმით, ფესტივალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის 400-მდე მოქალაქე დასაქმდა.

„ფესტივალი 6 ზონას აერთიანებს: ღია კინოთეატრი, საბავშვო გასართობი ზონა, საშოპინგო ზონა, საკვები ზონა, გასართობი ზონა, ბარების ზონა. ასეთი მასშტაბური ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. ფესტივალზე უკვე საქართველოსა და უკრაინის 400-მდე მოქალაქე დასაქმდა და ეს პროცესი ისევ გრძელდება.“

ჯანჯღავას თქმით, ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა,  დასაქმდნენ ზაფხულის განმავლობაში.

„ჩვენი კომპანიის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, ზაფხულში საკუთარი შემოსავალი გამოიმუშაონ. ამასთან, გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ამ დროის მანძილზე, მცირე ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით, თვითონაც მიიღონ მსგავსი ცოდნა და გამოცდილება.“

ჯანჯღავა ამბობს, რომ ფესტივალის მიმდინარეობისას ვიზიტორებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა აქტივობით დაკავდნენ, მათ შორის, დაესწრონ როგორც ადგილობრივი, ასევე უკრაინელი დიჯეებისა და მომღერლების უფასო კონცერტებს.

ერთ-ერთი უკრაინელი დიჯეი, რომელიც „ბათუმის ფესტივალის“ განმავლობაში მსმენელის წინაშე წარდგება, ანასტასია სავჩინია, სასცენო სახელით Emily Sai. ანასტასია ბათუმში წელიწად-ნახევარია ცხოვრობს.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩავრთულიყავი ასეთ საინტერესო პროექტში. მსურს, მეტად გავეცნო ქართულ კულტურას და მსმენელს გავუზიარო ზღვა ემოცია. უკრაინელების ჩართულობა ამ ფესტივალზე გვეხმარება საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს და ასევე, საქველმოქმედო კუთხითაც შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად.“

Emily Sai
Emily Sai

„ბათუმის ფესტივალის“ ოფიციალური გახსნა 16 ივლისსაა დაგეგმილი. ამ დღეს მსმენელის წინაშე წარსდგება სხვადასხვა შემსრულებელი, მათ შორის: თამადა, სოფო ხალვაში, ანსამბლი „არსიანი“, ბენდი „სისაიდი“, DJ Tobako Tween-ი და ადგილობრივი DJ-ები: ბექა კალანდაძე, ბენე, ჩიკი და Goldman-ი.

ავტომობილი სქროლით მიმავალ ქალს ზებრაზე დაეჯახა – ავარია ბათუმში

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 14 ივლისს, გორგილაძის ქუჩაზე.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა დაეჯახა ქალსა და ბავშვს, რომლებიც სქროლით ზებრა გადასასვლელზე გადადიოდნენ.

ასევე თვითმხილველების თქმით, ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

____________

ფოტო შემთხვევის ადგილიდან

 

ბათუმელი რეჟისორის ბრძოლა სიმსივნის წინააღმდეგ – „საზოგადოების დახმარება გვჭირდება“

ბათუმელი რეჟისორი, გიორგი [გოგა] გოგიბერიძე ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის. გიორგის კარგად იცნობენ ბათუმში, როგორც რეჟისორსა და საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის [BIAFF] დამაარსებელსა და დირექტორს.

უკვე ორი წელია გიორგი მკურნალობის კურსს გადის. მისი დიაგნოზია ავთვისებიანი სიმსივნე ღვიძლსა და ფილტვზე. ოჯახის წევრების თქმით, სიტუაცია რთულია, თუმცა, ექიმების დასკვნით, ექვემდებარება მართვას და მკურნალობას. საჭიროა თანამედროვე ტიპის წამლები, რაც დღესდღეობით საქართველოში არ ფინანსდება ჯანდაცვის არსებული პროგრამებით.

გიორგის ახლობლები ამბობენ, რომ ამ დრომდე გიორგის მკურნალობის დაფინანსება დაზღვევის, სახელმწიფო პროგრამების, ოჯახისა და მეგობრების რესურსებით მოხერხდა, თუმცა ახლა ის შემთხვევაა, როცა სხვა ყველა რესურსი ამოწურულია და გიორგის სიცოცხლისათვის ბრძოლაში საზოგადოების დახმარება სჭირდება.

„2021 წელს გოგამ გაიკეთა ოპერაცია, ცალი თირკმელი ამოუღეს და ღვიძლის ნაწილის რეზექცია მოხდა. მისი მდგომარეობა მაშინ მკვეთრად გაუმჯობესდა, თერაპიის ორი კურსი ჩაუტარდა და კარგად იყო. რამდენიმე ხნის შემდეგ, შემოწმების შემდეგ, სურათი შეიცვალა, როგორც ექიმებმა გვითხრეს, თავისი როლი ითამაშა კოვიდმა, რომელიც ასეთ პაციენტებში ფილტვს აზიანებს.

ამჯერად ჯანდაცვის პროგრამების, ახლობლების დახმარებით შევძელით, რომ პირველი ოთხი საჭირო გადასხმისთვის საჭირო თანხა შეგვეგროვებინა, მაგრამ ეს კურსი მხოლოდ აჩერებს პროცესს. ექიმმა გვირჩია და მოგვცა ინვოისი ახალ წამალზე, რომელიც 85 ათასი დოლარი ჯდება და რომელიც იაპონიიდან უნდა გამოვიწეროთ.

გოგას ბევრი იცნობს, ამ ქალაქის ნაწილად ვგრძნობთ თავს და ასეც არის. ორი წელია ვიბრძვით, ძალიან მადლიერი ვართ ყველას, ვინც ამ პერიოდში ჩვენ გვერდით დგას, ყველა ნაბიჯზე ვგრძნობთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ახლა იძულებული ვართ, კიდევ მეტი მხარდაჭერა ვითხოვოთ, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს“, – ამბობს ქეთი ორაგველიძე, გიორგის მეუღლე.

გიორგი 48 წლისაა. 2006 წლიდან არის „ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი. სწორედ ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.

___________________________________________

გიორგის დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

  • საქართველოს ბანკი – GE52BG0000000101613000 მიმღები – ქეთევან ორაგველიძე, მეუღლე
  • თიბისი ბანკი – GE50TB7179145161600003 მიმღები – ქეთევან ორაგველიძე, მეუღლე
  • Paypal – keti.oragvelidze@gmail.com
  • GOFUNDME ონლაინ პლატფორმა [გადარიცხვა შესაძლებელია VISA/mastercard/Amex -ის გამოყენებით] – https://www.gofundme.com/f/kindness-is-contagioussikete-gadamdebia

„შუახევი ჰესმა“ 400 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა 6 თვეში

„შუახევი ჰესმა“ ელექტროენერგიის გამომუშავების საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია წლის პირველ ნახევარში.

„შუახევი ჰესმა ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, პირველად გამოიმუშავა 400 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია წლის პირველ ნახევარში. ამ პროცესს ხელი შეუწყო გახანგრძლივებულმა წვიმამ. ამავდროულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გუნდის წარმატებული საქმიანობა დაგეგმვაში, რესურსების ოპტიმიზაციასა და ასევე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხარდაჭერა ენერგიის მიწოდების პროცესში.

შუახევი ჰესი ამოქმედების დღიდან აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლას.“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სატიშ ბჰატმა.

„შუახევი ჰესი“ ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა. ჰესი წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს ქართული ენერგოსექტორისთვის, რომელიც დაახლოებით 4 პროცენტით ზრდის ელექტროენერგიის შიდა წარმოებას და აძლიერებს საქართველოს ენერგოუსაფრხთოებას.

ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში სიცოცხლისთვის საშიში ბაქტერია გამოვლინდა – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ირანული წარმოების კარაქის ნიმუშში ლისტერია გამოვლინდა.

Listeria monocytogenes-ი არის პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

კარაქის ნიმუში ქუთაისში, შპს „ათინათის“ კუთვნილ საწარმოდან  აიღეს.

„ნედლი რძის გადამამუშავებელი საწარმოდან ირანული წარმოების 82,5%-იანი კარაქის (დამზადების თარიღი: 17.06.2023) 5 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად 1 ნიმუშის 25 გრამში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი ლისტერია (Listeria monocytogenes).

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ბიზნესოპერატორი. შპს „ათინათს“ დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება, გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება“- ამბობს სეს-ი.

მათი ინფორმაციით, პროცესზე ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ამავე წყაროს ცნობით, საწარმოში ჩატარდა ასევე არაგეგმური ინსპექტირება, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ კარაქის საწარმოებლად გამოყენებულია შპს „ეკე 2009“-ის მიერ იმპორტირებული ირანული წარმოების კარაქი (B401MART1106-111; დამზადების თარიღი – 31.01.2023; გამოყენების ვადა – 31/01/2024). შესაბამისად,  შპს „ეკე 2009“-შიც ჩატარდება არაგეგმური ინსპექტირება“.

Listeria monocytogenes-ი იღუპება +65  C ტემპერატურაზე, მაცივარში -1  C-ზე მრავლდება კიდეც.

„მარილი ბაქტერიას არ კლავს. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ინფექციურ დაავადებას – ლისტერიოზს. ინფექციის წყაროა გარეული მღრღნელები და შინაური ცხოველები. ადამიანს ლისტერიოზი გადაედება დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტითა და საკვებით (თერმულად ნაკლებად დამუშავებული ხორცი, უმი რძე, რძის ნაწარმი და ხილ-ბოსტნეული)“- ამბობს სეს-ი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები ცნობილია!

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამეერთედ გამოაცხადა და მესამე ათწლეულში გადააბიჯა. გამომცემლებმა და ავტორებმა 230 წიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ –  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-მდე წიგნი განიხილა, 196 პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).

იტერატურული პრემია „საბას“ 2023 წლის ფინალისტები არიან:

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. ირაკლი არიშვილი, „დასაწყისის დასასრული“ (პალიტრა L)
  2. ოთარ ბიწაძე, „სადღაც ჩაძირული გემებია“ (saba.com.ge)
  3. გოდე გორგილაძე, „რიო-დე-ჟანეიროს ხელმწიფე“ (ინტელექტი)
  4. ელზა გურგენიძე, „ზაოდი“ (ინტელექტი)
  5. გიო ზედვაკელი, „არავითარი პოეზია“ (კალმოსანი)
  6. ირაკლი მაჩიტაძე, „სიკვდილის ლურჯი ეკრანი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  7. ეკა მახარაშვილი, „ახალი ძველი ამბები“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  8. გოგა ქობალია, „ჩემი ყანა გადაიქცა მერცხლად“ (ინტელექტი)
  9. ანუკი შატაკიშვილი, „წუთით კოსმოსში“ (პალიტრა L)
  10. ანა ჯავახიშვილი, „სარდაფის ცოლები“ (ინტელექტი)
  11. ელზა ჯავახიშვილი, „საგზალი“ (ინტელექტი)
  12. გიორგი ჯამბურია (მთარგმნელი), ჰაინერ მიულერის „პიესები“ (პეგასი)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

 

  1. ნანა აბულაძე, „ორივე სქესი“ (ინტელექტი)
  2. გუგა მგელაძე, „განგაშის პოეზია“ (ინტელექტი)
  3. საბა მეტრეველი, „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა – პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ (საქართველოს აკადემიური გამომცემლობა)
  4. ოთარ ჯირკვალიშვილი, „კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“ (პეგასი)

 წლის საუკეთესო პიესა: 

  1. თამარ ბართაია, „შავ-თეთრი“ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N4)
  2. ვალერი ოთხოზორია, „წმინდა ნაწილები“ (saba.com.ge)
  3. ეკატერინე ტოგონიძე, „ექვსი ნოეს კიდობანი“ (ინტელექტი)
  4. ბესო ხვედელიძე, “მარი ხუანით” (აგორა)
  5. ბასა ჯანიკაშვილი, „ვთამაშობთ „გამზრდელს““ (ჟურნალი „პირველი სხივი“ N5)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: 

  1. გიორგი აბდუშელიშვილი, „სხვა ავღანური დღიური“ (ინტელექტი)
  2. ლევან ბერძენიშვილი, „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“ (არტანუჯი)
  3. თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე, „გალაკტიონი უცენზუროდ“ (არტანუჯი)
  4. რატი მუჯირი, „მონებს სამოთხეში არ უშვებენ“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ (პალიტრა L)
  2. ნინო თარხნიშვილი, „სიცოცხლის დაზღვევა“ (ინტელექტი)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. ირმა ბერიძე, „კაცმა დარეკა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  2. ქეთი გზირიშვილი, „ახსნა“ (კალმოსანი)
  3. თემურ ელიავა, „ყვავების ფოსტა“ (ინტელექტი)
  4. ნინი ელიაშვილი, „სხვა სახელი მოუხდებოდა“ (კალმოსანი)
  5. ნატო ინგოროყვა, „ისმის ჩემი ხმა?“ (ინტელექტი)
  6. ზაზა კოშკაძე, „ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“ (ინტელექტი)
  7. ნიკა ლაშხია, „არ დაელოდო ანგელოზებს“ (ინტელექტი)
  8. სოსო მეშველიანი, „მწერი ქარვაში“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
  9. დათო ქარდავა, „მეორადი ჰომეროსი“ (ზიარი)

წლის საუკეთესო რომანი:

  1. ზაზა ბურჭულაძე, „ვარდის სურნელი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. რატი რატიანი, „რომეო იცინოდა“ (პალიტრა L)
  3. ივა ფეზუაშვილი, „მასკარაფონე“ (ინტელექტი)
  4. თამარ ფოლადაშვილი, „ძვლების წიგნი“ (ინტელექტი)
  5. თამრი ფხაკაძე, „ჩვენ, თურმელები“ (პალიტრა L)
  6. ზურა ჯიშკარიანი, „სწრაფი, ღამისიერი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
Exit mobile version