აჭარის მთავრობამ საზოგადოებას ქობულეთში დიდი ინვესტიციის განხორციელების შესახებ აცნობა. სოფელ მუხაესტატეში ჩილიმის საწარმოს გახსნის ცერემონიალზე გადაღებული ფოტოები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნეს.
ამ ფოტოების მიხედვით, ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ქობულეთის მერი და სხვა პირები ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებებიდან.
ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოს აღჭურვისთვის კომპანიამ 5 მილიონი ევრო დახარჯა და ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის, ჩილიმის არომატების მიწოდებას გეგმავს.
„კომპანია H HOOKAH-ის საწარმოში დამზადებული ნაწარმის რეალიზება საერთაშორისო ბაზარზე ხდება, შეფუთვაზე ნახავთ წარწერას „სიამაყით დამზადებულია საქართველოში. ბრენდი H HOOKAH WIPO-ს საერთაშორისო ორგანიზაციაშია რეგისტრირებული და 180 ქვეყანას აერთიანებს“, – წერს მთავრობა.
ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოში ამ ეტაპზე 35 ადამიანია დასაქმებული.
ქარხანა მდებარეობს ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე, რომელიც თითქმის ერთი ჰექტარია [9953 კვ.მეტრი]. ეს ნაკვეთი და ნაკვეთზე არსებული ძველი შენობა აჭარის მთავრობამ 2020 წელს უპირობო აუქციონის წესით, იაფად და ერთი ბიჯით – 26 500 ლარად გაყიდა: ერთი კვ.მეტრი 2 ლარად და 66 თეთრად.
2021 წელს კი გვერდით მდებარე ფართობი – ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიის ნაწილი [საწყისი ფასის მიხედვით], 7 ლარად და 36 თეთრად გაიტანეს გასაყიდად.
2020 წელს ჩაის ფაბრიკის ყოფილი ტერიტორია, სადაც ახლა ჩილიმის არომატის საწარმო გახსნეს, შპს „კაუზანმა“ დაირეგისტრირა. ამ კომპანიის 50/50 პროცენტს ბიზნესმენი – იოსებ კობახიძე და მისი პარტნიორი ზვიად ნიჟარაძე იყოფენ.
2021 წლის იანვარში ამ ნაკვეთის მესაკუთრედ ლიბანის ორი მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაციის საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულება მიუთითეს, თუმცა დოკუმენტებში არ ჩანს, რამდენად გაყიდა მყიდველმა სახელმწიფოსგან 26 500 ლარად ნაყიდი ქონება. ახალმა მფლობელებმა პარალელურად კომპანია „ეიჩ ჰუკა“ დააარსეს და ქონებაც ამ კომპანიის საკუთრებაში დაარეგისტრირეს.
მუხაესტატეს ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიის ნაწილი, ერთ ჰექტარზე მეტი [13 858 კვ. მეტრი] და მასთან ერთად შვიდი ერთეული ლითონის ავზი, აჭარის მთავრობამ 2021 წელს ცალკე გაყიდა. ეს ნაკვეთიც უპირობო აუქციონზე გაიტანეს. ქონების საწყისი ფასი 102 000 ლარი იყო, ხოლო ბიჯი – 2000 ლარი. ის მაღალი კონკურენციის პირობებში [74 ბიჯი] 250 000 ლარად გაიყიდა.
ამ ქონებასთან ერთად ტერიტორიაზე არსებული შვიდი ერთეული ლითონის ავზიც გაყიდეს.
ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
მხოლოდ საწყისი ფასის მიხედვით თუ ვიანგარიშებთ, ამ ქონების 1 კვ. მეტრის ფასი 7 ლარი და 36 თეთრი გამოდის.
აუქციონის დასრულების შემდეგ ქონება სტანისლავ ვოლფმა დაირეგისტრირა. მას საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეობა აქვს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქონების ფასს აუდიტი ადგენს. შესაბამისად, საინტერესოა, რატომ შეაფასა ორი ერთმანეთის გვერდით მდებარე ქონება აუდიტმა სხვადასხვა ფასად? – მსგავს შემთხვევაში ხშირად მიზეზად ქონების გასაყიდად განმეორებით გატანის საჭიროებასაც ასახლებენ ხოლმე.
___
მთავარი ფოტო: აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო