რუსეთი მოზარდებს „კალაშნიკოვის“ გამოყენებას ასწავლის – პუტინის ღია გაკვეთილი 30 მოსწავლეს

დღეს, 6 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ მიმოიხილავს, რა ახალი სასწავლო, პროპაგანდისტული გეგმა აქვს კრემლს სასკოლო განათლებაში.

დაზვერვა წერს, რომ რუსეთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო სასწავლო გეგმით, რომელიც მოიცავს როგორც სამხედრო უნარების, ასევე, კრემლის ვერსიას უკრაინის ისტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 მოსწავლესთან ღია გაკვეთილი პირადად ჩაატარა.

რუსეთის განახლებული ისტორიის გამოცდის თემები ეხება ყირიმის გაერთიანებას რუსეთთან და „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინაში. რუსეთის პარლამენტმა სასწავლო გეგმა გასულ წელს დაამტკიცა.

პროგრამის ერთი ელემენტი – „სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლები“ განსაზღვრულია უფროსკლასელებისთვის და მოიცავს საბაზისო სამხედრო მომზადების მოდულს. ამაში შედის ავტომატ „კალაშნიკოვისა“ და ხელყუმბარის გამოყენება, დრონები და ბრძოლის ველზე პირველადი დახმარების გაწევა.

მოსწავლეებს ასევე შეეძლებათ შეხვდნენ რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანებს.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ რუსეთის ახალი სასწავლო გეგმა ემსახურება სამ მიზანს: ჩაუნერგოს მოსწავლეებს კრემლის ლოგიკა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“, საბრძოლო აზროვნება და შეამციროს ვადები შემდგომი მობილიზაციისთვის.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 266 290 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +610]
  • ტანკი – 4 497 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 8 682 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 5 685 ერთეული [+36]
  • MLRS – 748 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 505 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 519 ერთეული [+7]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 447 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 190 ერთეული [+15]
  • სპეცტექნიკა – 852 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 6 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 426 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 435 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 696 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 148 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 253 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 749 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„უკრაინელები ახლა ცდილობენ ვერბოვოსთან გაფართოებას, რადგან რობოტინოსთან ისინი ხდებიან სამი მხრიდან დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, სჭირდებათ გაფართოება, რომ ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგის ბოლომდე ვერ სწვდებოდეს ცეცხლი. ფაქტობრივად, ეს პლაცდარმის შექმნის მცდელობაა,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.

ის რუკას აკვირდება და თავის მოლოდინს გვიზიარებს – დარჩენილი სიმაღლეებიც თუ წარმატებით დაიკავეს უკრაინელებმა, შემდეგ გაუადვილდებათ წინსვლა, მარიუპოლამდე დაბლობიაო.

რა მასშტაბის წინსვლა აქვთ უკრაინელებს ამ ეტაპზე და რას შეიძლება ველოდოთ შემოდგომაზე? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, რა სახის წინსვლა აქვთ უკრაინელებს ამ ეტაპზე ფრონტის ხაზზე? უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ სამხრეთ ფრონტზე, ნოვოპროკოპოვკასკენ. ISW-ის ინფორმაციით კი, უკრაინულმა მსუბუქმა ქვეითმა ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ დასავლეთ ნაწილში – გადალახეს ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და „დრაკონის კბილები“, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ნაწილია. იძლევა თუ არა ეს ოპტიმიზმის საფუძველს?

ეს მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. დიდი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

თავდაცვითი ზღუდე რუკაზე ჩანს ერთი ხაზი – ტანკსაწინააღმდეგო თხრილი და „დრაკონის კბილები“, რაც დიდ შემაფერხებელ წინაღობას არ წარმოადგენს, ვინაიდან მიწაში ჩამარხული არ არის და მისი გადათრევა შესაძლებელია. ამ თხრილის გადალახვა მოხერხდა, მაგრამ შემდეგი იქნება უკვე საბრძოლო პოზიციები. უკრაინელებმა ერთი მონაკვეთი გადალახეს ვერბოვოსთან.

ვერბოვოში ჯერ უკრაინელები არ არიან შესული, მაგრამ მათ მნიშვნელოვანი სიმაღლეები აიღეს რობოტინოს სამხრეთით, უკრაინელები ახლა ცდილობენ ვერბოვოსთან გაფართოებას, რადგან რობოტინოსთან ისინი ხდებიან სამი მხრიდან დარტყმის ქვეშ. ამიტომაც, სჭირდებათ გაფართოება, რომ ერთი ფლანგიდან მეორე ფლანგის ბოლომდე ვერ სწვდებოდეს ცეცხლი. ფაქტობრივად, ეს პლაცდარმის შექმნის მცდელობაა, რომელსაც ალბათ უკვე გამოიყენებენ შემდგომისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეები, რომელიც იწყება რობოტინოს და ვერბოვოს შემდეგ, ამის შემდეგ გაუადვილდებათ წინსვლა უკრაინელებს, რადგან მარიუპოლამდე დაბლობია.

რუსები კი, რა თქმა უნდა, ეცდებიან კონტრშეტევას, რომ უკან დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები. ამისთვის გადმოისროლეს მათ 76-ე გვარდიული, სადესანტო დივიზია, ერთი ოპერატიული რეზერვი. ამით რუსები ეცდებიან კონტრშეტევას.

  • უკრაინელების წინსვლა რამდენად მასშტაბურია სამხრეთის მიმართულებით? 

თუ არ ვცდები, ამ მიმართულებით სულ წინ წაწეული არიან 11 კილომეტრით, გასავლელია 80 კილომეტრი. ეს რიცხვი აჩვენებს მასშტაბს.

  • თქვენი დაკვირვებით, ამ ტემპით, რაც ახლა უკრაინელებს აქვთ, შემოდგომაზე ფართომასშტაბიანი კონტრშეტევას არ უნდა ველოდოთ? 

ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა ვერ იქნება შემოდგომაზე მარტო იმიტომ, რომ ჯერ ერთი, გრუნტი დამძიმდება. ახლა ორივე მხარე ცდილობს პოზიციების გაუმჯობესებას, რომ მოემზადონ ზამთრის კამპანიისთვის.

  • ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე იყო უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცვლილება, როგორც ცნობილია, რეზნიკოვს შეცვლის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი, რომელიც სამხედრო პირი არ არის და მჭიდროდ არის დაკავშირებული ყირიმელ თათრებთან. თქვენი აზრით, რატომ შეცვალა ზელენსკიმ მინისტრი და რაზეა გათვლილი ეს ცვლილება?

ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მინისტრი არის პოლიტიკური ფიგურა. საქართველოში ხდება მხოლოდ, როცა მინისტრი სამხედრო საქმეებში ერევა. ევროპულ ქვეყნებში კი, მინისტრის ამოცანა არის სამხედრო პოლიტიკის წარმოება, შესყიდვები და შეიარაღებული ძალების უზრუნველყოფა. სამხედრო ოპერაციების წარმოება მინისტრის საქმე არ არის.

თუმცა ძალიან დიდი ეჭვი არის იმაზე, რომ რეზნიკოვი გაუშვეს არსებული კორუფციის გამო, რასაც შეეწირა მანამდე მისი მოადგილე. ამიტომაც უკრაინელებს მეტი აქტიურობა სჭირდებათ, რომ მომარაგების უზრუნველყოფა დასავლეთიდან გაძლიერდეს.

  • ახლახან ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს იქნება შთამბეჭდავი სექტემბერი. მან ძირითადად აქცენტი გააკეთა იარაღსა და ტექნიკაზე, რომელსაც ახლა ელოდება უკრაინა. რამდენად შეიცვალა უკრაინის მოცემულობა აღჭურვილობის კუთხით? 

გარდამტეხი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. 10 „აბრამსი“ შესაძლოა მიიღონ უკრაინელებმა სექტემბრის ბოლოს, მაგრამ ესეც არ იქნება გადამწყვეტი. ვერ გეტყვით ამ ეტაპზე გადამწყვეტი რა იქნება.

მგონია, რომ საჭიროა შეეგუოს ყველა, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. უცებ შევარდნა და გამარჯვება არა მგონია, რომ გამოვიდეს.

  • ზამთრის კამპანიის სამადისი ახსენეთ. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლებით მოქმედებენ ამ ეტაპზე მხარეები? 

რუსებს აქვთ გათვლა, რომ კუპიანსკის მიმართულებას მიადგნენ, სადაც უპირატესობა აქვთ და აიძულონ უკრაინელებს, მოხსნას დაწოლა სამხრეთის მიმართულებაზე. რუსებს ისევ ზამთრის იმედი აქვთ, ასევე, არჩევნების იმედი, იქნებ რამე შეიცვალოს.

კუპიანსკის მიმართულებაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სირსკის და ზალუჟნის. ზალუჟნი კონცენტრაციას აკეთებს სამხრეთისკენ, სირსკი კი ითხოვს, რომ გაძლიერდეს კუპიანსკის მიმართულება, ვინაიდან იქ რუსების შეტევებია.

რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთანაც იწყებს მოლაპარაკებას და შესაძლოა მიღონ საბჭოთა კალიბრის უამრავი მასალა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში აპირებს ჩასვლას. ხარისხით, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ რაოდენობაში, არა მგონია, რომ რუსებს გაუჭირდეთ ომის გაგრძელება.

უკრაინელებს კი გათვლა აქვთ ხარისხზე და დასავლეთიდან აღჭურვილობის მიწოდებაზე, განსაკუთრებით კი, საჰაერო საფრენი აპარატების მიწოდებაზეა დიდი აქცენტი და იმედი. თვითმფრინავების მხარდაჭერა მართლაც მნიშვნელოვანია შეტევითი ოპერაციების დროს.

გახანგრძლივება არცერთ მხარეს არ აწყობს, მაგრამ ეს რუსებს უფრო აწყობთ, რადგან ელიან, რომ ზამთარში რუსები უფრო გაუძლებენ გაჭირვებას, ვიდრე უკრაინელები.

ახალშენის კულტურის სახლისთვის 882 ათასი ლარი დაიხარჯა – შენობა კვლავ უფუნქციო და სარემონტოა

ახალშენის კულტურის სახლი, რომლის რეკონსტრუქციაშიც 2017-18 წლებში 882 696 ლარი დაიხარჯა, დღემდე უფუნქციოა და მეტიც, ხელახლა სარეაბილიტაციოა. შენობის სარემონტო სამუშაოები თავის დროზე აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა და საკითხს სუს-იც იკვლევდა.

აღნიშნული შენობა საზოგადოებას ყრუ [უკარებო] კედელზე მიდგმული კიბითაც დაამახსოვრდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ამჯერად ტენდერი, 85 ათასი ლარით, ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოაცხადა.

გამარჯვებულმა შენობის რეაბილიტაციის პროექტი და ხარჯთაღრიცხვა მერიის სამმართველოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა წარუდგინოს.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 16 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბერს დასრულდება.

სატენდერო პირობის მიხედვით, „საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებული უნდა იყოს:

  • საკვლევ-საძიებო სამუშაოები; დეტალური არქიტექტურული პროექტი; კონსტრუქციული პროექტი და სქემა [საჭიროების შემთხვევაში]; რეაბილიტაციის ორგანიზების პროექტი; ელ. მომარაგებისა და სუსტი დენების პროექტი [საჭიროების შემთხვევაში]; სანტექნიკის მოწყობის პროექტი [საჭიროების შემთხვევაში] და სახანძრო სისტემის მოწყობის პროექტი“.

ავტორმა ახალ პროექტს ექსპერტიზა უნდა ჩაუტაროს სამხარაულის ბიუროში ან სხვა აკრედიტებულ საექსპერტო ორგანიზაციაში.

ტენდერის აუცილებელი პირობაა – საპროექტო გადაწყვეტილებები შეთანხმდეს დამკვეთთან – ხელვაჩაურის მერიის სამმართველოსთან. ამასთან, ტენდერში აღნიშნულია, რომ „დამატებითი პირობები წარმოდგენილი იქნება ხელშეკრულების სახით“.

რატომ დარჩა საჭირო შენობის რეაბილიტაცია, მაშინ, როცა 800 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა? მთლიანი შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი თუ არა? რატომ დაგვიანდა პროექტის შეძენა? – ამ კითხვებით „ბათუმელები“ ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

„ახალშენის კულტურის ცენტრში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, უკვე დასრულდა მეორე ეტაპის სამუშაოები. კულტურის ცენტრში მოქმედი ჯგუფები მოღვაწეობას აგრძელებენ ახალშენის N1 საჯარო სკოლაში. ამ ეტაპზე ტენდერი გამოცხადებულია კულტურის სახლის მესამე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის სამუშაოებზე, ხოლო კულტურის ცენტრი სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას მესამე ეტაპის სამუშაოების დასრულებისთანავე“, – მოგვწერეს ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურიდან.

ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ხელვაჩაურის მერიამ 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

ახალშენის მუსიკალური სკოლისა და კულტურის სახლის რეკონსტრუქციაზე ხელშეკრულება ხელვაჩაურის მერიამ შპს „ნევ სტაილ ბილდინგთან“ გააფორმა და საბოლოოდ ამ კომპანიას 392 720 ლარი გადაუხადა.

2017 წელს მერიამ ახალშენის კულტურის სახლთან არსებული მინი სტადიონის რესტავრაციისთვის 21 562 ლარი დახარჯა. ამ შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებული შპს „თამუნა“ იყო.

მერიამ ახალშენის კულტურის სახლის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარემონტო სამუშაოები [მეორე ეტაპი] 2018 წელს გააგრძელა და ამჯერად კომპანია „ფელიქსს“ გადაუხადა 468 414 ლარი.

2019 წელს ხელვაჩაურის მერიის საქმიანობის შესწავლა სუს-მა დაიწყო. მაშინ კულტურის სახლის მშენებლობის საკითხით საფინანსო სამსახურიც დაინტერესდა [ხელვაჩაურის მერიას ამ შემოწმებების შედეგებზეც ვკითხეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ].

ახალშენის კულტურის სახლზე საუბარია აუდიტის დასკვნაშიც, რომელიც 2019 წლის თებერვალში გამოქვეყნდა. გამოვლენილ გარემოებებში აღნიშნულია, რომ მშენებლობა მიმდინარეობდა ხარვეზებიანი პროექტით – პროექტში გამორჩენილი იყო შენობის სახურავის და სარეპეტიციო დარბაზის მოწყობა.

ამ თემაზე ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

სუს-ი ხელვაჩაურში ახალშენის კულტურის სახლის საქმეს სწავლობს

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან: სახანძრო კიბე ახალშენის კულტურის სახლის შენობაზე / ფოტო: მიშა ბოლქვაძის ფეისბუქგვერდიდან

კაცი შეშას მოიტანს და დაჯდება, მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში ვაგრძელებ საქმეს – ქალი ხულოდან

„სოფელში ქალები სულ შრომობენ. აი, ახლაც, როცა თქვენ გესაუბრებით, ჟოლოს ბაღში ვარ და ვკრეფ. დღეში 12-15 კილოც მომიკრეფია. ამხელა ბაღს მარტო ვუვლი, ჩემი ქმარი ხანდახან თუ მომეხმარება.

პრეტენზიულია ჟოლო, არ არის ადვილი მოსავლელი“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 32 წლის მადონა ხმალაძე.

ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და ახლა ორი შვილი ჰყავს, – 5 და 12 წლის ბიჭები. მადონა ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ ტაბახმელაში ცხოვრობს.

სოფელში ბავშვთა ბაღი არ აქვთ, ამიტომ იძულებულია, პატარა ბიჭი ყველგან ატაროს, ბაღში იქნება, ყანაში თუ ჭალაში. ბევრჯერ ჩასძინებია პატარას ჭალებში, როცა დედა მოცელილი ბალახის საფოცხავად წასულა და თან წაუყვანია.

„დედამთილ-მამამთილი გარდაცვლილი მყავს, ამიტომ არავინ მყავს სახლში, ვისაც პატარას დავუტოვებ. რადგან საბავშვო ბაღი არ გვაქვს, ასე დავატარებ ხოლმე ყველგან, სადაც მივდივარ.

უბაღობა ქალების შრომას ძალიან ართულებს. მხოლოდ მეზობელ სოფელში შეგვიძლია ბავშვები წავიყვანოთ, მაგრამ რადგან ერთი ბავშვი დადის, ტრანსპორტი არ გვემსახურება.

წელს ისედაც ადრე მოხსნეს ბაღი, მაგრამ როცა არის, მე მაინც დამყავს ხოლმე. ხან „მარშრუტკას“ ვაყოლებ, ხან ფეხით გავიყვან-გამოვიყვან და ასე ვწვალობთ“, – გვეუბნება მადონა.

როცა მადონა ჭალას ფოცხავს, უმცროსი შვილი დედის გვერდით ისვენებს.

მისი თქმით, ქალებს სოფელში ბევრი „სიხლეთი“ (გადაუდებელი საქმე) აქვთ, ამიტომ ყველაფერი რომ მოასწრონ, დილით უთენია უწევთ ადგომა.

დღეს თავს უფლება მივეცი და გვიან ავდექი, – გვეუბნება მადონა. ეს „გვიან“ სოფელში ცხრა საათია.

„ძილის რეჟიმი ძალიან დარღვეული გვაქვს ქალებს სოფელში, ბევრი სიხლეთი გვაქვს, ამიტომ ხან როდის გვიწევს ადგომა და ხან- როდის.

თუ სადმე სოფლის გარეთ ჭალაში არ ვარ წასასვლელი, შემიძლია მივცე ჩემს თავს დასვენების უფლება.

ჟოლოს ბაღის გარდა სხვა საქმეებიც მაქვს. კარტოფილი, კიტრი-პომიდორი, მწვანილი, ლობიო, – ყველაფერი მომყავს. რადგან ორი ძროხა მყავს, მთაში მემთეურად აღარ დავდივარ, მაგრამ კარტოფილი მომყავს და მაინც მიწევს ასვლა. სახლის საქმეებსაც ვაკეთებ – სადილი, ვახშამი, სისუფთავე, მაგრამ მაინც ყველაფერს ვასწრებ.

მადონა ხმალაძე ჟოლოს ბაღში

მე არ ვცელავ, შეშას არ ვჩეხავ, არც ტყიდან მომაქვს, მაგრამ კაცი რომ შეშას მოიტანს, დაჯდება და დაისვენებს და მე რომ მოვალ ჭალიდან, სახლში უნდა გავაგრძელო საქმე. საჭმელი უნდა მოვამზადო, დავალაგო, ბავშვებს მივხედო.

ამით განსხვავდება ქალისა და კაცის შრომა სოფლად.

ჩვენ, ქალები, თითქოს არ ვჩერდებით, სულ რაღაცის კეთებაში ვართ. აჭარაში ქალებს ჰქონდათ სულ ეგ ხვედრი. თითქოს ჩვენ უნდა ვიტრიალოთ ყველგან და ეს აუცილებელია.

„5 წლის ანდრია ყველგან დამყვება – ჭალაშიც, ყანაშიც და ჟოლოს ბაღშიც“.

სულ გადარბენებზე ვარ, თუმცა ვცდილობ არ ჩამოვრჩე ცხოვრებას და იმის დროსაც ვიტოვებ, რომ სადმე გავისეირნო.

აქ სოფელში არაფერია გასართობი. ყანა-ბაღჩა-ჭალა, ესაა ერთგვარი „გასართობი“ ჩვენთვის. ამიტომ ჩვენ ქალები შევიკრიბებით ხოლმე და ჩამოვსხდებით სადმე ერთად და ასე ვირთობთ თავს.

როცა სკოლაა, ხანდახან ექსკურსიაზე დავყვებით ბავშვებს“, – ამბობს მადონა.

ერთ დროს ხულოს სოფელ ტაბახმელაში 70 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა მხოლოდ 30 ოჯახია შემორჩენილი.

ბავშვებიც თითზე ჩამოსათვლელიღა დარჩა სოფელში.

ორი წელია ცხრაკლასიან სკოლას პირველკლასელი არ ჰყოლია. მეზობელი სოფლიდან დადის ერთი პირველკლასელი. მომავალ წელს კი, მადონას უმცროსი შვილი მიუჯდება მარტოდ მერხს, რადგან სოფელში სხვა არავინაა სასკოლო ასაკის.

„უფროსი შვილი მეშვიდეში გადავიდა და იმასაც ერთი კლასელი ჰყავს. 13 ბავშვია მთელ სკოლაში. ყველა სხვადასხვა ასაკისაა, მაგრამ ყველა ერთმანეთთან მეგობრობს“, – გვეუბნება მადონა.

მისი აზრით, რთულია მილევადი სოფლის გამოცოცხლება. მით უმეტეს მაშინ, როცა არც გზა აქვს სოფელს, არც განვითარებისთვის საჭირო რაიმე ძვრები ხდება.

„ერთი წელია სოფელში შემოვლითი გზით დავდივართ, რადგან გზა დაზიანდა და ვერ გააკეთეს. ხან ერთი ტენდერი ჩავარდა, ხან – მეორე. ასე ვწვალობთ ამდენი ხანია.

ვინც წავიდა, ის აქ აღარ დაბრუნდება. 5-ლარიანი ჟოლოს გამო ხომ არ დაბრუნდება ხალხი? ვინც დავრჩით, ჩვენ გვიღირს და ვშრომობთ, მაგრამ რომ დაზამთრდება, ყველა წავა ქალაქში და სოფელი უფრო მოსაწყენი ხდება“ – გვეუბნება ის.

ბათუმის სპორტის სასახლე 1,1 მილიონი ლარის ინვენტარს იყიდის ტანვარჯიშისთვის

ბათუმის სპორტის სასახლემ სპორტული ინვენტარის შესყიდვაზე ტენდერი 1 მილიონ 180 ათასი ლარით გამოაცხადა.

აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სასახლე მხოლოდ ტანვარჯიშის სპორტულ ინვენტარს შეიძენს.

წინადადებების მიღება 2023 წლის 30 სექტემბერს დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება. ინვენტარი კი, სპორტის სასახლეს ამავე წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდონ.

დოკუმენტების მიხედვით, შესასყიდი ინვენტარის ჩამონათვალშია სხვადასხვა რაოდენობის:

  • სტანდარტული და სასწავლო დვირი, დვირის  უსაფრთხოების ბალიშები, ხალიჩების ნაკრები;
  • ორძელები, ტაიჭები, ტანვარჯიშული სოკო, რგოლები, გასაბერი აკრობატული ბილიკი, საშეჯიბრო ბატუტი, დამცავი მაგიდები, სხვადასხვა ლეიბები;
  • ქამარი „ლონჟა“, მხატვრული ტანვარჯიშისთვის ფიცარნაგი, ფოლადის ზამბარა საკონკურსო ბატუტისთვის, საშეჯიბრო ბატუტის ბადე, მწვრთნელის პლატფორმა, TCS – დაძაბულობის კონტროლის სისტემა, სპორტულ ინვენტარზე ასასვლელი პლატფორმა და სხვა.

ტენდერს თან ახლავს შესაძენი საქონლის ტექნიკური აღწერილობაც.

„ტექნიკურ აღწერილობაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. ამასთან, შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი – ექსპლუატაციაში არ მყოფი“, – აღნიშნულია პირობაში.

სპორტის სასახლის სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ შესყიდვის თანხის ოდენობა ბაზრის კვლევის საფუძველზე დაადგინეს.

ბათუმის სასპორტო სკოლა, ლეონიძის ქუჩაზე ახალ შენობაში გადასვლამდე, ფიროსმანის ქუჩაზე [ყოფილი „ბასკოს“ შენობაში] ფუნქციონირებდა.

სასპორტო სკოლას, 2021 წლის დეკემბერში, სპორტსმენის, „ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მუხრან ვახტანგაძის სახელი დაარქვეს. სასწავლებლისთვის „მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის“ დარქმევის შესახებ ბრძანება აჭარის განათლების მინისტრმა გამოსცა.

თუ მიიღებთ SMS-ს გადახდილი თანხის 50%-ით დაბრუნებაზე, ნუ დაიჯერებთ – სემეკი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკ] ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების [Cashback] შესახებ.

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ „აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები.

კომუნალური მომსახურების [ელექტროენერგIის, ბუნებრივი გაზი, წყალი] კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა.

მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შესასწავლად.“

ანალოგიური გაფრთხილება თავის აბონენტებს მოკლე ტექსტური სახით დაუგზავნა „ბათუმის წყალმა“.

„ეს არის თაღლითური ქმედება, გთხოვთ არ ისარგებლოთ გამოგზავნილი ბმულით და გადასახადი გადაიხადოთ მხოლოდ ოფიციალური გვერდების და გადახდის აპარატების საშუალებით“ – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ შეტყობინებაში.

ქალის ცემისთვის მერის წარმომადგენელს სოფელ ლეღვაში ბრალი წარუდგინეს – პროკურატურა

პროკურატურამ ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელს – მას ქალზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

საუბარია 2023 წლის პირველ სექტემბერს მომხდარ შემთხვევაზე – ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, ქობულეთის მერის რწმუნებულმა მაღაზიაში გამყიდველ ქალს სცემა.

საქართველოს პროკურატურის მიერ დღეს, 5 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული ნასვამი იყო. გამოძიება გრძელდება.

პროკურატურამ სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით წარუდგინა ბრალი, რაც გულისხმობს „ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია“.

ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობას 6 თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ.

20 ათასის მითვისება ქობულეთში: ბუღალტერი ყოფილ მეეზოვეებს ხელფასს უწერდა და თავად ირიცხავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, „სანდასუფთავების“ ყოფილმა ბუღალტერმა, საბიუჯეტო თანხები მიითვისა. შემთხვევა 2023 წლის მარტში მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტვ 25-მა გაავრცელა.

„ბათუმელებმა“ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ქობულეთის მერიას მიმართა. თანხების მითვისების ფაქტი, როგორც ქობულეთის მერიაში გვეუბნებიან, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა.

„თინათინ კონცელიძე იყო ბუღალტერი და ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, არის ის, რომ მითვისებული თანხა, დაახლოებით 20 ათასი ლარი უკან დააბრუნა ბიუჯეტში და ახლა, როგორც ვიცით, სასჯელს იხდის.

ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა სახელმწიფო აუდიტმა „სანდასუფთავების“ საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

საბუთების შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ბუღალტერი ყოფილი თანამშრომლების სახელზე წერდა თანხებს და შემდეგ ითვისებდა“, – გვეუბნებიან მერიის პრესსამსახურში.

პრესსამსახურის ცნობით, ზაფხულის სეზონზე კომპანიას ხელშეკრულების საფუძველზე ოთხი თვით აჰყავს მეეზოვეები, ყოფილმა ბუღალტერმა კი, მას შემდეგ, რაც მეეზოვეებს ხელშეკრულება ამოეწურათ, მაინც გააგრძელა ყოფილ თანამშრომლებზე ხელფასის გამოწერა.

„წერდა ხელფასებს და შემდეგ თავის ანგარიშზე რიცხავდა“, – გვეუბნებიან მერიაში.

გამოვლინდა 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული

დღეს, 5 სექტემბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა.

ესენი არიან:

ქამრან აფანდიევი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი

ინა იმედაშვილი თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარინე კვარაცხელია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ნიპარიშვილი – კასპის მუნიციპლაიტეტიდან, შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“, სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

ნინო ფსუტური – გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.

გამარჯვებული დასახელდება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს.

პირველ ადგილზე გასული მასწავლებელი ჯილდოს სახით 15 ათას ლარს მიიღებს.

ხუთეულში გასული მასწავლებლები 5-5 ათასი ლარით დაჯილდოვდებიან. ათეულის წევრები კი 2000 ლარს მიიღებენ საჩუქრად.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში „განათლების კოალიციამ“ დააფუძნა და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსი საქართველოში მეშვიდედ ტარდება.

_________________

ამ თემაზე:

გამოვლინდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეული 2023

 

უკრაინელები ზაპოროჟიეში თხრილებისა და “დრაკონის კბილების” მიღმა დაწინაურდნენ – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ცნობით, უკრაინულმა მსუბუქმა ქვეითმა ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ დასავლეთ ნაწილში და გადალახეს ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და „დრაკონის კბილები“, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ნაწილია.

ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, აპირებენ ამ პოზიციების დაკავებას.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ამის შესახებ უახლეს, 4 სექტემბრის ანგარიშში წერს.

ISW-ი წერს, რომ არ არის მზად შეაფასოს, დაარღვიეს თუ არა უკრაინელმა ჯარებმა რუსული თავდაცვითი ხაზი, რადგან ამ რაიონებში უკრაინული მძიმე ტექნიკა არ არის. 4 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს უკრაინულ ძალებს, რომლებიც მიიწევენ რუსული ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და „დრაკონის კბილების“ ბარიერების აღმოსავლეთით, სამშრიანი თავდაცვის ნაწილში, ვერბოვოეს დასავლეთით.

ანალიტიკოსების ცნობით, გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინულმა მსუბუქმა ქვეითმა ჯარმა ასევე წინ წაიწია რუსული თავდაცვითი პოზიციების სიღრმეში, ჩრდილო-დასავლეთით, ვერბოვოიესკენ მიმავალი გზის გასწვრივ.

გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა წინ წაიწიეს რუსეთის თავდაცვითი პოზიციებისკენ რობოტინოსა და ნოვოპროკოპოვკას შორის.

ამავე დროს, ISW-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს კუპიანსკ-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან, ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ, დონეცკის აღმოსავლეთით ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო რაიონში და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და 4 სექტემბერს ზოგიერთ რაიონში დაწინაურდნენ.

4 ქალაქში ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო – ჯარიმა 100 ლარიდან იწყება

საქართველოს ოთხ ქალაქში: ბათუმში, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში ავტოტრანსპორტის ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო. გამონაბოლქვს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გააკონტროლებს.

აღნიშნული ქალაქების ტერიტორიაზე ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, პირველ შემთხვევაში გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარით.

100 ლარით დაჯარიმდება მძღოლი იმ შემთხვევაშიც, თუ ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოწმებას თავს აარიდებს, ან შემოწმებაზე უარს იტყვის.

საქართველოს კანონმდებლობით, „ხილული გამონაბოლქვის მქონე იმ სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომლის მართვაც თბილისის, ბათუმის, ქუთაისის ან რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება და რომლის გამონაბოლქვიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას არ შეესაბამება, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით.“

დაჯარიმებიდან თუ 15 დღეა გასული და სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვი კვლავ არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ასეთ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უკვე 300 ლარით, ხოლო იურიდიულ პირს 1 500 ლარით დააჯარიმებენ.

იგივე სამართალდარღვევისთვის [თუ მეორე დაჯარიმებიდან ასევე 15 დღეა გასული], ფიზიკურ პირს – 600, ხოლო იურიდიულ პირს – 3 000 ლარით დააჯარიმებენ.

„თუ პირს დაჯარიმებასთან დაკავშირებით პრეტენზია ექნება, უფლება აქვს, ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, თავისი ხარჯით, აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტაროს ექსპერტიზა და თუ დარღვევა არ დაფიქსირდება, გათავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან“ – აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. ამასთან, „ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდებზე, ხოლო ჯარიმის გადახდა კი შესაძლებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის საშუალებით“.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილები 2023 წლის ივლისში შევიდა და ის 2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა.

2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა ასევე „სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის ნორმა და ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის გზაზე შემოწმების წესი“, რომელიც მთავრობამ პირველ სექტემბერს დაამტკიცა.

ამავე თემაზე:

  • მანქანის გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრება 2022 წლიდან იგეგმებოდა თუმცა გადაავადეს
  • მავნე გამონაბოლქვის შემთხვევაში რომ მძღოლებს დააჯარიმებდნენ, შესაბამის კანონპროექტზე საუბარი 2022 წლის ბოლოს დაიწყო
  • საქართველოს ოთხ ქალაქში ხილულ გამონაბოლქვზე კონტროლი 2023 წლის ივნისიდან იგეგმებოდა, თუმცა არ დაიწყო

 

უკანონო ნადირობის 97 ფაქტი 13 დღეში – დაფიქსირდა აკრძალული იარაღით ნადირობაც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან [19 აგვისტოდან] 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოავლინეს.

„უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი – 30 ფაქტი დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთში. 26 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში, 11 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10 – შიდა ქართლში, 7 – კახეთში, ასევე 7 ფაქტია აღკვეთილი სამცხე-ჯავახეთში, 3-3 ფაქტი კი დაფიქსირდა ქვემო ქართლსა და აჭარაში.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 45 ნადირობის წესების დარღვევის ფაქტია, 15 შემთხვევაში მონადირეებმა სანადირო იარაღების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოადგინეს, 3 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობდნენ და ა.შ.

დაფიქსირდა უკანონო საშუალებით, ხელნაკეთი მოწყობილობით [ე.წ. მანოკი] ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 12 დღის განმავლობაში, სულ ამოღებულია 51 „მანოკი“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ნადირობის სეზონის განმავლობაში [მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე], საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებენ.

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ამავე თემაზე:

სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 სექტემბრის 21 საათიდან 6 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 27 – 32 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმში 7 სექტემბერს გაავდრდება და 7-8-9 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა.

უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ ნოვოპროკოპოვკასკენ – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, პაველ კოვალჩუკის ცნობით, უკრაინის ჯარები წინ მიიწევენ სამხრეთ ფრონტზე, ნოვოპროკოპოვკასკენ.

„თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით. ისინი წარმატებული იყვნენ რობოტინო-ნოვოპროკოპოვკას მიმართულებით და მაგრდებიან მიღწეულ ხაზებზე“ – ციტირებს „უკრაინსკაია პრავდა“ კოვალჩუკს.

ასევე, უკრაინელები აგრძელებენ შეტევას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით. კოვალჩუკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ რუსეთი განიცდის დანაკარგებს პერსონალსა და აღჭურვილობაში და იყენებს რეზერვებს.

გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 29 შეტაკება მოხდა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 265 680 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +560]
  • ტანკი – 4 489 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 8 670 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 5 649 ერთეული [+38]
  • MLRS – 747 ერთეული [+6]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 504 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 512 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 447 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 175 ერთეული [+26]
  • სპეცტექნიკა – 851 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 409 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 435 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 653 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 148 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 230 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 715 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინელები ზაპოროჟიეში თხრილებისა და “დრაკონის კბილების” მიღმა დაწინაურდნენ – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინელმა ძალებმა წინ წაიწიეს ბახმუტსა და ზაპოროჟიესთან – ISW

შაქარწყალზეც კი ვიძინებ, ოღონდ ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ – როგორ გააქვს თავი დედა-შვილს ბათუმში

„ყველაზე რთული მარტოობაა, როცა მარტოხელა ხარ და ყველა ზურგს გაქცევს, როცა აღარავის უნდიხარ,“ – თვალზე ცრემლი ადგება ქალს და მზერას გვარიდებს. – „გაჭირვებაა კიდევ უფრო რთული: რამდენჯერ შაქარწყალზე დამიძინია, ოღონდაც ბავშვებს საჭმელი ჰქონოდეთ,“ – გვიყვება მარტოხელა დედა დალი თებიძე.

ის 25 წელია ბათუმში ცხოვრობს, ნაქირავებ ბინაში. 

დალისთან ერთადაა მისი შვილი სოფო, რომელიც ამბობს, რომ მოძალადე ქმარს დაშორდა და ორ შვილს ზრდის. ბავშვები 10 და 12 წლის არიან.

დალი თებიძე ბათუმის მერიასთან გამართული აქციის მონაწილეა – აქციაზე შეკრებულმა უსახლკარო ადამიანებმა მერიას შესაბამისი პროგრამის შემუშავება მოსთხოვეს, როცა სახელმწიფოსგან შემწეობას იღებ, უფასო სასადილოთი სარგებლობ და წლებია ნაქირავებში ცხოვრობ. ამ კატეგორიის ოჯახებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა არ არსებობს.

„დღის პირველ საათზე რომ მომაქვს სადილი: 2 პურია და წვნიანი – მეორე დღის პირველ საათამდე უნდა გვეყოს… მშივრები არ ვართ.

ჩვენი აქცია რომ გააშუქეთ გასულ კვირას, ვიღაცას კომენტარი დაუწერია, უჭმელობის რა ეტყობა ამათო, კი ბატონო, მშივრები არ ვართ, მაგრამ, მაგალითად, გუშინ შვილთან რომ ვიყავი კლინიკაში და უკან ვბრუნდებოდი, ზებრაზე მოულოდნელად ჩავიკეცე, ალბათ ნერვიულობისგან, არ ვიცი, ყველაფერი ერთად დამემთხვა.

მოდით და ნახეთ ჩემი მაცივარი, აქ მხოლოდ ყველია და 3 ცალი კვერცხი, კიდევ დიაბეტური კარაქი, ცოტა მაწონი და ხაჭო,“ – მაცივარშიც გვახედებს დალი თებიძე. იატაკი აქაც დასხმულია. სამზარეულო მისაღებისგან  გამიჯნულია, მაგრამ აქ მეტად იგრძნობა სივიწროვე.

„ექიმთან მისვლის მეშინია, რა ვიცი, რას მეტყვის. ექიმთან რომ მიხვალ, სველი „სალფეთქი“ მაინც ხომ უნდა გქონდეს?“ – კითხულობს დალი თებიძე და ისევ მისაღებში ვბრუნდებით.

„ტანსაცმელს ცელოფნის პარკებში ვინახავ, რომ სინესტისგან არ დასველდეს, ესეც წინა წლის კაბებია, ამით დადიოდნენ სკოლაში, ახალს ვერ ვუყიდი ჩემ გოგოებს,“ – პარკიდან ბავშვების კაბებს იღებს დალი თებიძე და ლოგინზე ალაგებს.

„ლიმონათი რომ მომინდეს, ლიმონათსაც ვერ ვიყიდი, რამდენჯერ ბავშვს უთქვამს, ნაყინი მინდაო და ვერ მიყიდია.

საშინელებაა ნაქირავებში ცხოვრება, ტრაგედიაა, როცა მუდმივად გაშინებს თვის ბოლოს მოახლოება, აღარ შემიძლია… ბოლო დროს განსაკუთრებით გაძვირდა ბინები, სასწაული იყო, ეს ბინა რომ ვნახეთ, ყველაფერი დოლარში იყო და ვიფიქრე, სადმე ქოხს გავშლი,  „ბრეზენტს“ დავაფარებ, ოღონდ ბავშვები ქუჩაში არ დამრჩეს-მეთქი,“ – ხმაურიან ქუჩაზე გამავალ კარს ღიად ტოვებს ქალი და ნაქირავებ ბინაში, საწოლის კიდეზე ჯდება:

„კარი თუ არ გააღე, ან ფანჯარა, 10 წუთი ვერ გაჩერდები აქ, ნესტისგან ისეთი სუნი დადგება, ჭერიდან წყალი ჩამოდის, ზემოთ აივანია დაზიანებული,“ – ამბობს მარტოხელა დედა და ჭერისკენ იყურება, ხელით საწოლის საფარის სიმშრალეს ამოწმებს.

დალი თებიძე შემოსავლებს ითვლის, რასაც მისი ოჯახი ყოველთვიურად იღებს: „640 ლარი სოციალურიდან, 650 ლარი ჩემი გოგოს, სოფოს ხელფასია, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს – მზარეულის თანაშემწეა, 340 ლარი შვილიშვილის პენსია, ის 12 წლისაა…

„ჩვენზე კომენატრებში წერდნენ, მაგათ რა ეტყობათ შიმშილისო“, - მარტოხელობა ბათუმში

სამი თვეა, ჩვეულებრივი შაქრით ვასმევ ჩაის, დიაბეტური შაქრის ფული აღარ გვრჩება, მარტო ბინის ქირაში იმდენია გადასახდელი,“ –  ბავშვებს გაჰყურებს ქალი, მოპირდაპირე საწოლზე რომ ჩამომსხდარან ჩუმად.

ოთახში სივიწროვეა და ნესტის სუნი. რკინის ერთ საწოლთან გოგონებს თოჯინებიც ჩაულაგებიათ, ერთ-ერთთან წიწიბურას ბოთლი დაუტოვებიათ. ბავშვების დედას, სოფოს, საუბარი უჭირს. „ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და დღეს გამომწერეს კლინიკიდანო,“ – ამბობს ის.

„მე მარტოხელა დედა ვარ და ვიცი, რაც გამოვიარე. თავიდან ვხუჭავდი ყველაფერზე თვალს, მერე არც პოლიციისთვის მიგვიმართავს – განქორწინება მოვითხოვეთ და ერთმანეთს დაშორდნენ,“ – გვიყვება ისევ დალი თებიძე და აღწერს, როგორ გაუნაწყენდნენ ახლობლები შვილის მოძალადესთან დაშორების გამო.

როგორია იყო მარტოხელა დედა და წლობით ცხოვრობდე ნაქირავებში? – ვეკითხები ქალს.

„თავს ზემოთ ძალა არ არის, უნდა გაუმკლავდეს ცხოვრებას, რამდენ ხანსაც ძალა შეგწევს… ამ თემაზე ლაპარაკი მიჭირს. ვფიქრობ, არ შეცვლილა საზოგადოება – ახლაც იგივეა. შვილის სიყვარულით უნდა გაძლიერდე და თავი ხელში აიყვანო, თორემ ჩვენთან ყველგან გაჭირვებაა, ვისთან მიხვალ?

მიხვალ მერიაშია და აქეთ გაგლანძღავენ, საიდან მოიტანე, რომ ერთჯერადი დახმარება არისო. შეშას ორი წელია ვითხოვ და არც შეშა მომცეს, ბინაზე განცხადება დავწერე და ეს საიდან მოიტანეთო.

მარიამობაზე ადრე პროდუქტებს მაინც გვირიგებდნენ, წელს არც ეს იყო,“ – გვითხრა დალი თებიძემ.

 

___

მთავარი ფოტო: სოფო შვილებთან ერთად

კენჭები და „სილა“ თირკმელში – რა უნდა ვიცოდეთ კენჭოვანი დაავადების მკურნალობაზე

თირკმელებში კენჭის გავლა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეულია, თუმცა დაავადების დროულად ამოცნობის შემთხვევაში ის სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის უროლოგი, თამაზ ირემაძე ამბობს, რომ მცირე ზომის კენჭის გამოსადევნად შესაძლოა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლისა და ბევრი სითხის მიღება იყოს საკმარისი, მაგრამ სხვა შემთხვევებში, როცა, მაგალითად, კენჭი საშარდე გზებში იჭედება, შეიძლება საჭირო გახდეს სხვა სახის ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ საშარდე გზების ინფექციები და გართულებები.

„ბათუმელები“ ამ თემაზე თამაზ ირემაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თამაზ, რა არის შარდ-კენჭოვანი დაავადება?

შარდკენჭოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებულია უროლოგიაში. ეს დაავადება ძირითადად ცხელი კლიმატის ქვეყნებშია გავრცელებული და უფრო ხშირია კაცებში. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის შედეგადაც ხდება კენჭის წარმოქმნა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.

შარდს აქვს კრისტალიზაციის უნარი, ეს ნორმალურია, მაგრამ როდესაც ეს უნარი შარდში დარღვეულია, ამ შემთხვევაში კრისტალები ერთმანეთს ეწებება და წარმოიქმნება კენჭი. 

არის დაავადებები, რომლებიც იწვევენ კენჭოვან დაავადებას, მაგალითად თირკმლის დაავადებები; მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი მედიკამენტი, საუბარია ხანგრძლივად მიღებულ წამლებზე. ასეთია, მაგალითად: კალციუმი, E ვიტამინი, C ვიტამინი და სხვა.

შარდის ხშირად და ხანგრძლივად შეკავება კენჭოვანი დაავადების განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზია; ხშირია საშარდე სისტემის ანატომიური პათოლოგიებიდან, მაგალითად, შარდსაწვეთის [მილები, რომლებიც აკავშირებს თირკმელებსა და შარდის ბუშტს]  შევიწროების  შედეგად განვითარებული კენჭი თირკმელში, ასევე მიზეზი შეიძლება იყოს თირკმლის ანომალიები, შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი; კენჭოვანი დაავადების მაპროვოცირებელია ადინამია, როცა პაციენტი ნაკლებს მოძრაობს.

  • სად წარმოიშობა კენჭი?

კენჭი წარმოიქმნება როგორც თირკმელში, ისე შარდის ბუშტში. შარდსაწვეთში კენჭის წარმოქმნა არ ხდება, შარდსაწვეთში ხდება თირკმლიდან წამოსული პატარა კენჭის გაჭედვა, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს და გამოვლინდება თირკმლის კოლიკის სახით.

  • რა შეიძლება იყოს კენჭოვანი დაავადების ნიშნები?

შეიძლება ადამიანს თირკმელში კენჭი ჰქონდეს, მაგრამ ტკივილი არ აწუხებდეს და პრობლემა შემთხვევით გამოვლინდეს, სხვა დაავადების კვლევისას; მაგალითად, შარდის ანალიზში შეიძლება გამოჩნდეს ერითროციტები, აქედან უნდა მივიტანოთ ეჭვი, ხომ არ არის შარდკენჭოვანი დაავადება.     

ძირითადი სიმპტომი შარდკენჭოვანი დაავადების არის თირკმლის ჭვალი – კოლიკა. ეს არის ძლიერი ტკივილი, რომელიც თირკმლის საპროექციო არეში ეწყება ადამიანს და თანდათან გადაინაცვლებს ქვემოთ, საზარდულის მიმართულებით.

რაც უფრო ქვევით გადადის კენჭი, ანუ მოძრაობს შარდსაწვეთში, სიმპტომებიც მატულობს, პაციენტს მოშარდვის უფრო ხშირი სურვილი აქვს, ჩნდება მოშარდვის ცრუ შეგრძნება.

შეიძლება პაციენტს აღენიშნებოდეს გულისრევა, ღებინება; შორსწასულ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, რაც უკვე მიანიშნებს, რომ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს საშარდე სისტემაში და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

MayoClinic – შარდკენჭოვანი დაავადების სხვა ნიშნებია: ტკივილი, რომელიც მოდის ტალღებად და იცვლება ინტენსივობით; ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს; ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შარდი; მღვრიე ან უსიამოვნო სუნის მქონე შარდი; შარდვის მუდმივი მოთხოვნილება, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად შარდვა ან მცირე რაოდენობით შარდვა; ცხელება და შემცივნება ინფექციის არსებობის შემთხვევაში.

  • რა მეთოდებით ხდება შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა, კენჭის დაშლა?

შარდკენჭოვანი დაავადების მკურნალობა დღეს არის ძალიან მრავალფეროვანი; ძირითადად გამოიყენება ლითოტრიპსია  – კენჭის დაშლა ლაზერით. ლითოტრიპსია არსებობს ორნაირი – დისტანციური და კონტაქტური. 

დისტანციური ლითოტრიპსია ნიშნავს, რომ გარედან ულტრაბგერის ანუ ლაზერის დარტყმით ხდება თირკმელში არსებული კენჭის დაქუცმაცება, დაშლა და შემდგომ მისი გამოძევება შარდსაწვეთიდან.

კონტაქტური ლითოტრიპსია კეთდება, როდესაც კენჭი გაჭედილია შარდსაწვეთში. ამ დროს შარდსაწვეთში ქვემოდან (ურეთრიდან) შევდივართ ურითერეული ენდოსკოპით, იქ ხდება კენჭის დაშლა ლაზერით და შემდეგ გამოძევება. 

არის კიდევ პერკუტანული ნეფროლითოტომია, როცა თირკმელშია დიდი ზომის კენჭი და თირკმელში შედიხარ გარედან ჩხვლეტით. თირკმელში დაშლი, დააქუცმაცებ და ამოიღებ ამ კენჭს.

შარდკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ დღეს ძალიან იშვიათად გამოიყენება ღია ოპერაცია, ის გამოიყენება ძირითადად მაშინ, როდესაც არის დიდი ზომის კენჭი, მაგალითად, ე.წ. მარჯნისებური კენჭი, ის ნაწილობრივ ან მთლიანად ავსებს მენჯ-ფიალათა სისტემას. ლიტერატურაში მოცემულია, რომ 2 სანტიმეტრზე მეტი ზომის კენჭი არის ერთ-ერთი ჩვენება ღია ოპერაციის, თუმცა არიან ექიმები, რომლებიც ამბობენ, რომ კენჭის ზომას ლითოტრიპიისთვის უკუჩვენება არ აქვს, ანუ დიდი ზომის კენჭიც შეიძლება დავშალოთ.

ღია ოპერაცია კეთდება ასევე ანომალიების დროს, მაგალითად, როცა შარდსაწვეთის შევიწროებაა, ამ შემთხვევაში კენჭის ლითოტრიპსიულად დაშლა ვერ ხერხდება, უნდა გაკეთდეს ღია ოპერაცია, როგორც კენჭის მოსაშორებლად, ისე ანომალიის [შევიწროება იქნება ეს თუ სხვა რამ] გამოსასწორებლად.

  • სხვა რა ფაქტორები განაპირობებს მკურნალობის რომელი მეთოდი შეიჩევა?

კენჭის ზომისა და მისი შემადგენლობის მიხედვით წყდება თუ რომელი სახით მოხდება ჩარევა და კენჭის მოშორება.

თუ კენჭი არის ორ სანტიმეტრამდე და მისი შემადგენლობა არის რბილი, ანუ სიმკვრივე მაღალი არ აქვს, მაშინ შეიძლება ჩატარდეს დისტანციური ლითოტრიპსია. ამ დროს,  ასევე შეიძლება გაკეთდეს პერკუტანული ნეფროლითოტექსია.

ეს ორივე არაინვაზიური [არ ხდება გაჭრა] პროცედურაა, თუმცა დისტანციური ლითოტრიპსია კეთდება ამბულატორიულად, არ სჭირდება ნარკოზი და სტაციონარში დაყოვნება. ორი საათის შემდგომ პაციენტი მიდის სახლში; ხოლო პერკუტანული ნეფროლითოტექსია ნარკოზით უნდა გაკეთდეს და პაციენტს სტაციონარში გაჩერება უწევს 2-3 დღე.

კონტაქტური ლითოტრიპსიას ვიყენებთ ძირითადად მაშინ, როცა კენჭი არის გაჭედილი შარდსაწვეთში ან შარდის ბუშტში, თუმცა თირკმელში როცაა კენჭი, მაშინაც გამოიყენება. 

ესეც მინიინვაზიური ჩარევაა, ბუნებრივი ხვრელით – ურეთრიდან შევდივართ შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში და ხდება  არსებული კენჭის ლაზერით დაქუცმაცება და გამოტანა.

  • რას გულისხმობს შარდკენჭოვანი დაავადების მედიკამენტური მკურნალობა?

მედიკამენტური მკურნალობა ხდება მაშინ, როდესაც კენჭი პატარაა, დაახლოებით 3-7 მილიმეტრამდე. რაც უფრო პატარაა კენჭი, მით უფრო მეტი შანსია, რომ მედიკამენტურად მოხდეს მისი გამოძევება და არა დაშლა.

ამ დროს პაციენტს ეძლევა სპაზმოლიტიკები, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ხდება სითხეებით დატვირთვა. 3-5 მმ.-მდე კენჭის გამოძევების  შანსი უფრო მაღალია ნებისმიერი ჩარევის გარეშე, მხოლოდ მედიკამენტური მკურნალობის ფონზე.

როცა სილა არის თირკმელში, იმისთვის, რომ კენჭი რომ არ ჩამოყალიბდეს, არის არაერთი მედიკამენტი, რომელსაც პაციენტი იღებს ექიმის დანიშნულებით და ხდება პრევენცია.

კრისტალები, იგივე სილა თირკმელში ექოსკოპიური გამოკვლევისას ჩანს და ნიშნავს, რომ პაციენტს ესაჭიროება მკურნალობა. ასეთ დროს ყველაზე მარტივი რაც არის, პაციენტს ვურჩევთ სითხეების მიღებას – პაციენტმა, და ზოგადად ყველა ადამიანმა, დღეში მინიმუმ რვა ჭიქა სითხე უნდა მიიღოს. 

მედიკამენტურად კენჭის დაშლა არ ხდება, ეს მცდარი წარმოდგენაა. თუ პატარა კენჭია, მედიკამენტის საშუალებით შეიძლება გამოძევება.

  • როგორია კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები შარდკენჭოვანი დაავადების დროს?

შარდის მჟავიანობიდან და კენჭის შემადგენლობიდან გამომდინარე შეიძლება დიეტაც დაენიშნოს პაციენტს. თუ ადამიანმა კენჭი ერთხელ გამოდევნა და ჩვენ მისი ქიმიური შემადგენლობა შევისწავლეთ,  აქედან გამომდინარე შესაბამის დიეტას ვუნიშნავთ მას.

მაგალითად, ყველაზე გავრცელებულია კალციუმის ფოსფატური შემადგენლობის კენჭები – ამ შემთხვევაში ადამიანმა დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს მცენარეული ბოჭკო და ნახშირწყლები. ცხოველური ცხიმი უნდა შეზღუდოს და მიიღოს მხოლოდ მცენარეული საკვები.

ვისაც კალციუმის შემცველი კენჭები აქვს, იმათ ეკრძალებათ რძის შემცველი პროდუქტების მიღება, ენიშნებათ დიდი რაოდენობით სითხეები.

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია აუქციონზე ყიდის – საწყისი ფასი 800 ათასი ლარია

ბათუმის ქუჩებში აყრილ ქვაფენილს მერია უპირობო აუქციონზე ყიდის. აუქციონის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 20 000 კვ.მ მეორადი ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი.

ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 800 000 ლარია, ვაჭრობის ბიჯი კი – 24 000 ლარი.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და 11 სექტემბერს დასრულდება.

გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საწყობშია განთავსებული.

გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მერიის საწყობში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

აუქციონის პირობის მიხედვით, „გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვების თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურში და ნასყიდობის ხელშეკრულების დასადებად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულების გადახდა სრულად უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში.“

განახლება: 11 სექტემბერს ელექტრონული აუქციონი არ შედგა.

გრანიტის ქვაფენილი ბათუმის მერიის საწყობში / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ბათუმში ქვაფენილი ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩების ნაწილზე [ასევე მიმდებარე ქუჩების მონაკვეთებში] აყარეს და მის ნაცვლად ასფალტი დააგეს.

„ბათუმელებმა“ ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოში დღეს, 2023 წლის 4 სექტემბერსაც მოიკითხა, იგეგმება თუ არა ქვაფენილის აყრა ქალაქის სხვა ქუჩებზეც. თუმცა, სამმართველოში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტით მსგავსი სამუშაოები დაფინანსებული არ არის.

ამასთან, მიუხედავად ქალაქის მერიის განცხადებისა, რომ არსებულ ქვაფენილიან ქუჩებს უვლის [რაშიც ფულიც იხარჯება ბიუჯეტიდან] ამ ქუჩებზე [მემედ აბაშიძის გამზირი, რუსთაველის, და გოგებაშვილის ქუჩები] ქვაფენილი სავალალო მდგომარეობაშია – არაერთ ადგილზე ქვები ხშირად ამოცვენილია, რაც ხელს უშლის უსაფრთხო მოძრაობას.

ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ რეზო ხარაზი გასულ წელს აცხადებდა, რომ მერიის ქონების მართვის სამსახურში არ იციან, რა რაოდენობის ქვაფენილი აყარა მერიამ და რა ღირებულებისაა ეს ქვაფენილი.

ქვაფენილის აყრა ბათუმში 2022 წლის მაისში დაიწყეს. სამუშაოებზე ქალაქის მერიას ხელშეკრულება 3,6 მილიონ ლარზე ჰქონდა გაფორმებული.

ამ თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ქვაფენილების აყრა გრძელდება – მერიაში აცხადებენ, რომ ეს საცობების პრობლემას მოაგვარებს

მთავარი ფოტო: ქვაფენილის აყრა ბათუმის მერიის შენობის წინ. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მოსწავლეებს FLEX-ის პროგრამაში აპლიკაციის შეტანა სექტემბრის ბოლომდე შეუძლიათ

მომავალ ლიდერთა ამერიკულ პროგრამაზე FLEX-ი, აპლიკაციების მიღება 28 სექტემბრამდე გაგრძელდება.

FLEX-ის პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ერთი წლით, სრული დაფინანსებით ამერიკულ სკოლაში სწავლას სთავაზობს.

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ მოსწავლეებს, რომლებიც დაბადებული არიან 2007 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში.

მონაწილე უნდა იყოს მე-9, მე-10 ან მე-11 კლასელი და უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები აშშ-ში 90 დღეზე მეტი.

მონაწილემ აპლიკაცია უნდა შეავსოს იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეც არის.

კრიტერიუმები შშმ მოსწავლეებისთვის – მოსწავლე უნდა იყოს დაბადებული 2006 წლის 15 თებერვლიდან – 2009 წლის 15 ივლისის ჩათვლით და უნდა სწავლობდეს მე-8, მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასში.

პროგრამა საქართველოში რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

შერჩეული მოსწავლეები აშშ-ში მასპინძელ ოჯახებში იცხოვრებენ.

ამავე თემაზე: 

როგორ გავხდეთ „ფლექსის“ ფინალისტი? – რჩევები პროგრამის 5 გამარჯვებულისგან

რას ამბობენ ბათუმის მერიაში კორპუსებზე, სადაც შუქი და წყალი წლებია არ აქვთ

„თუ დაინტერესებული კომპანია, ან ამხანაგობა იკისრებს ვალდებულებას და  უზრუნველყოფს დაუსრულებელი კორპუსის დასრულებას და სათანადო პირობების შექმნას, პროექტის დარღვევით განხორციელებული მშენებლობის ნაწილში, კანონმდებლობის დადგენილი წესის შესაბამისად, განხორციელდება ამნისტირება და ექსპლუატაციაში მიღება,“ – აცხადებს ნუკრი დეკანაძე, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსი იმ 3 საცხოვრებელ კორპუსზე, სადაც ასობით ადამიანი შუქის და სასმელი წყლის გარეშე ცხოვრობს.

ბათუმში, ანგისის ქუჩა #13 და #20-ში მდებარე სამ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, 4 სექტემბერს, საპროტესტო აქცია გამართა და ანგისის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერიის და საგამოძიებო უწყებების რეაგირება ითხოვეს.

მოქალაქეების თქმით, მშენებელი კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს – იმის გამო, რომ კორპუსებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, კორპუსებში წყლის და ელექტროენერგიის სისტემა კუსტარულად გაუყვანიათ. ბათუმის ამ ნაწილში არც საკანალიზაციო სისტემა არსებობს.

საპროტესტო აქციის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გააკეთა.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, მშენებელი კომპანია რამდენჯერმე დაჯარიმდა სამშენებლო პირობების დარღვევის გამო, „გასამმაგებული ჯარიმები გადაცემულია აღსრულებაში,“ – ამბობს ნუკრი დეკანაძე. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსს არ დაუკონკრეტებია, აქვს თუ არა კომუნიკაცია ამ ეტაპზე ბათუმის მერიას სამშენებლო კომპანიასთან.

აქციის მონაწილეების პროტესტის საგანი კიდევ ერთი ნაწილი საცხოვრებელი ფართების დარეგისტრირების პრობლემაა.

„ეს არის კერძო დავის საგანი, აქ მერია ვერ ჩაერევა, ჩვენ მხოლოდ შუამდგომლობის გაწევა შეგვიძლია,“ – დასძინა ნუკრი დეკანაძემ.

ამ თემაზე:

„ვცხოვრობთ ბათუმში შუქის და წყლის გარეშე“ – მოქალაქეებმა ანგისის ქუჩა გადაკეტეს

ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება – რესურსცენტრი

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით, ახალი 2023-2024 სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება.

„ცვლილების შესახებ სამინისტროდან რაიმე ინფორმაცია არ მიგვიღია, ამიტომ, კანონის მიხედვით, 15 სექტემბერს იწყება სწავლა“, – ამბობს ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე.

მისი თქმით, ამ დროისთვის სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი სკოლებში უკვე შეტანილია, ნაწილს კი შაბათ-კვირამდე მიიღებენ.

რესურსცენტრის თქმით, განსაკუთრებულ სიახლეებს სკოლებში ჯერჯერობით არ ელიან. ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ჭადრაკი, რომელიც აქამდე მხოლოდ პირველ კლასში ისწავლებოდა, წელს მეორე კლასშიც ისწავლიან ბავშვები, ზოგიერთ კლასში კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები ექნებათ მოსწავლეებს.

რაც შეეხება პირველკლასელების რეგისტრაციას, რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სკოლის გარეშე არცერთი ბავშვი არ დარჩება.

„შესაძლოა ვიღაცას გვიან გაახსენდა ბავშვის დარეგისტრირება და ვეხმარებით, ვიღაც ვერ მოხვდა სასურველ სკოლაში, მოგვმართავენ სკოლის შეცვლაზე, თუმცა ამ საკითხს ნელ-ნელა ვარეგულირებთ“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს განათლების სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.

ლეგენდარული Earth, Wind & Fire-ის მეორე კონცერტი ბათუმში

2023 წლის საზაფხულო სეზონზე, ბათუმი განსხვავებული ფორმატის საკონცერტო სივრცემ — „სთეიჯ-17-მა“ გაახმოვანა. 15 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, სცენამ არაერთ მნიშვნელოვან ადგილობრივ და საერთაშორისო შემსრულებელს უმასპინძლა, მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი, ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე Earth, Wind & Fire-ია, ახალი ფორმატით — Earth, Wind & Fire Experience by Al McKay.

Earth, Wind & Fire
Earth, Wind & Fire ბათუმში

დეტროიტული წარმოშობის ბენდი, რომელმაც სახელი გაითქვა ჯაზის, არ’ენ’ბის, სოულის, ფანკის, დისკოს, პოპის, ლათინოსა და აფრო-პოპის ჟღერადობით, ბათუმს 2023 წლის 24 აგვისტოს მეორედ ეწვია, „ისთერნ ფრომოუშენთან“ პარტნიორობით. საკმაოდ ემოციურად დაახასიათა ქართველი მსმენელი ბენდის გიტარისტმა, გრეგ მურმა:

გრეგ მური, Earth, Wind & Fire Experience by Al McKay-ს გიტარისტი: „ბათუმი პირველივე კონცერტზე საოცრად თბილი, ემოციური და ენერგიული მსმენელით დამამახსოვრდა. ასეთ აუდიტორიას ევროპის ქალაქებში ვერ ნახავთ — ადამიანები აეროპორტშიც კი გვცნობდნენ, გვიღიმოდნენ და გვესალმებოდნენ; როდესაც კონცერტი გავმართეთ, სიმღერები ყველამ იცოდა, ჩვენთან ერთად მღეროდნენ! საკუთარ თავს ვეკითხებოდი, სად ვარ-თქო… ძალიან მიყვარს აქაური ადამიანები!“

— თქვენ წარმოადგენთ ბენდს, რომელიც დაარსების დღიდან (1969), ფირფიტების გაყიდვების 90-მილიონზე მეტ მაჩვენებელს ითვლის, 6 გრემი და 4 ამერიკის მუსიკალური დაჯილდოვების პრიზის მფლობელები ხართ; თქვენი სახელი იკითხება „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“, „ვოკალური ჯგუფის დიდების დარბაზში“, დიდების დარბაზ NAACP Image Award-ში, ჰოლივუდის როკის ხეივანზე Hollywood’s Rockwalk, ჰოლივუდის „დიდების ხეივანზე“… მიღებული გაქვთ არაერთი ჯილდო, მათ შორის — ASCAP-ის „რიტმის და სოულის მემკვიდრეობის ჯილდო“, BET-ის და გრემის ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდო, Soul Train Legend-ის ჯილდო, NARAS-ის გუბერნატორის ჯილდო, 2012 წლის „კონგრესის ჰორიზონტის ჯილდო“, კენედის ცენტრის ჯილდო (2019)… თქვენი ბენდის სახელზე, დღესასწაულიც კი დაწესდა 21 სექტემბერს, ლოს-ანჟელესის საკრებულს მიერ (2019 წლიდან). საკმაოდ ემოციურია, ამ 54-წლოვანი მიღწევების შესახებ საუბარი დღეს, თუმცა გვაინტერესებს, რას ფიქრობთ, რა არის Earth, Wind & Fire-ის ყველაზე დიდი დამსახურება ან კვალი მუსიკის ისტორიაში?

— გრეგ მური: ალბათ ის, რომ ადამიანებს დღესაც უყვართ ზოგადად მუსიკა, და ასევე — ის მუსიკა, რასაც ჩვენი ბენდი წლების განმავლობაში ქმნიდა. ამდენი ხნის შემდეგ, შეგიძლიათ, ახსენოთ ჩვენი „სექტემბერი“, ან სხვა რომელიმე ჰიტი და მას დღესაც ყველა მღერის — ეს უდიდესი მადლია, რაც მუსიკოსმა შეიძლება, ინატროს…

— ზოგადად, როგორ დაახასიათებდით ან ხელახლა განმარტავდით მუსიკის მნიშვნელობას და მის როლს თანამედროვე საზოგადოებაში?

— უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით სრულიად განსხვავებულ მუსიკას აკეთებენ. თუმცა, მე ძალიან მომწონს ახლანდელი ტენდენცია, რომ მუსიკოსები უბრუნდებიან წარსულს, უსმენენ ძველ კომპოზიციებს და მათ სემპლინგებს გვთავაზობენ. მიხარია, რომ ადამიანებმა კვლავ „მუსიკის“ დაკვრა დაიწყეს, და ჩემთვის საკმაოდ შთამაგონებელია, ჩვენი კომპოზიციების შესრულებას (სხვების მიერ) რომ ვისმენ ხოლმე…

— რას ნიშნავს Earth, Wind & Fire თქვენთვის? და რა ფორმატში ხედავთ ბენდის მომავალ განვითარებას?

— გპირდებით, რომ არ გავჩერდებით! Earth, Wind & Fire-მა თავიდანვე შეძლო ადამიანების გულში ჩაწვდომა, და საინტერესოა, რომ მეც საკმაოდ სიმბოლოური და ემოციური კავშირი მაქვს ბენდთან: პირველად მათი მუსიკა დეტროიტში სეირნობისას გავიგონე. არ ვიცოდი, ვინ იყვნენ, თუმცა ჟღერადობა საოცრად უხდებოდა დეტროიტს, რადგან, როგორც იცით, ეს მუსიკალური მიმდინარეობა — „მოთაუნი“ (moh-toun / Motown) დეტროიტის მეორე სახელწოდებაცაა, იმდენად ახლოსაა იქაურ შემსრულებლების სტილთან. მე კი, ვსეირნობდი „მოთაუნში“ და ვუსმენდი მოთაუნს, რაც საოცრად ამაღელვებელი იყო…

მას შემდეგ 30 წელი გავიდა და იგივე ემოცია მაქვს როდესაც ჩვენს კომპოზიციებს ვისმენ ან ვასრულებ… ეს კი ნამდვილად ამტკიცებს, რომ Earth, Wind & Fire არასოდეს დასრულდება…

„მოთაუნის“ ჟღერადობა საცეკვაო სტილის მუსიკის — აპბითის/პოპის რიტმის და ბლუზის ნაზავია, რომელიც სწორედ ქალაქ დეტროიტში განვითარდა და იქაური აფრიკული წარმოშობის შემსრულებლების დამსახურებით, 50-იან წლებში და მალე, ქალაქ დეტროიტის მეორე სახელწოდებადაც იქცა.

„კულას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ წარწერას ეტიკეტიდან ამოიღებენ

კომპანია „კულა“, რომელიც ხილის წვენებს ამზადებს, ეტიკეტში რუსული წარწერის გამოყენების გამო მომხმარებელმა გააკრიტიკა. მოქალაქეების თქმით, კომპანიის პროდუქციას პროტესტის ნიშნად აღარ შეიძენენ.

„შეისხით თქვენი იაბლოკო, თქვე რუსებო“, „ეტყობა, ისეთი „გავნო“ ჩამოასხით, რომ მხოლოდ რუსებისთვის გემეტებათ“, „ფორთოხალ-ვაშლის ოყნების ბოიკოტი მოღალატეებს“, – ამ შინაარსის კომენტარებით აპროტესტებენ მოქალაქეები რუსული წარწერების გამოჩენას ხილის წვენების შეფუთვაზე.

როდის გამოჩნდა რუსული წარწერები ხილის წვენების ეტიკეტზე და რატომ გადაწყდა ოკუპანტი ქვეყნის ენა გამოეყენებინათ საქართველოში დამზადებულ პროდუქციაზე?

„ბათუმელები“ ამ საკითხზე კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ივანე გოგლიძეს ესაუბრა. მისი თქმით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები პროვოკაციაა, რადგან შეფუთვაზე არის როგორც ქართული, ასევე ინგლისური წარწერებიც.

„ჩვენი კომპანია არის საერთაშორისო და თითქმის ყველა ენაზე გვიწერია. არის ინგლისური წარწერებიც, მაგრამ მხოლოდ ის მხარე გადაიღეს, რომელიც უნდოდათ.

ეს წარწერა 2012 წლიდან იბეჭდება და გამოყენებულია კირილიცა. ეს ალფავიტი გამოიყენება არა მარტო რუსეთში, არამედ უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში, ევროპის ქვეყნებში, ისეთი როგორიცაა რუმინეთი, სერბეთი და თვითონ შეფუთვაზე, რუსული სიტყვები არ გვაქვს გამოყენებული.

ეტიკეტს ოთხი მხარე აქვს, ერთ მხარეს მხოლოდ ქართულად აწერია, მეორე მხარეს ინგლისურად და მესამე მხარეს აწერია სამ ენაზე – ქართულად, ინგლისურად და აწერია მხოლოდ „Яблоко“, რომელიც ასევე უკრაინელებისთვისაც და ბელორუსებისთვისაც.

ჩვენზე უკეთ ოკუპაციის პრობლემა არავინ იცის, ამიტომ ჩვენი წვენი რუსეთში არ გადის და არც გვქონია გათვლა, რომ რუსეთში გასულიყო. თუმცა, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას“, – ამბობს გოგლიძე.

უკრაინულად ვაშლი იწერება როგორც „Яблуко“ და არა „Яблоко“, როგორც ამას ივანე გოგლიძე ამტკიცებს. თუმცა, მისი თქმით, რადგან მოსახლეობამ მტკივნეულად აღიქვა ეს წარწერა, კომპანია აპირებს, რომ რუსული წარწერა მოხმარებიდან ამოიღოს.

„კი ვაპირებთ ამოღებას და არა იმიტომ, რომ რუსულია, ბევრმა მოგვწერა ამის თაობაზე, რომ პროვოკაციას არ ავყვეთ. რამდენიმე მილიონია ასეთი ეტიკეტი დაბეჭდილი, მაგრამ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ქსელში არ შევიტანოთ, თუ ასე აღიზიანებს მოსახლეობას“, – ამბობს გოგლიძე.

მისი თქმით, უკვე გაცემულია განკარგულება, რომ დღის ბოლომდე დააკვირდნენ პროცესს და შემდეგ ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებენ.

კომპანია „კულა“ გორშია რეგისტრირებული.

„ვცხოვრობთ ბათუმში შუქის და წყლის გარეშე“ – მოქალაქეებმა ანგისის ქუჩა გადაკეტეს

ბათუმში, ანგისის ქუჩა საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. ისინი ბათუმის მერიის და საგამოძიებო უწყებების ყურადღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ანგისი ქუჩა # 13 და # 20 -ში ახალაშენებული სამი კორპუსის მაცხოვრებლები არიან.

„არც შუქი გვაქვს, არც წყალი, დანარჩენზე ლაპარაკი ზედმეტია…. კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები. როგორც ჩანს, ის გარიგებულია მთავრობასთან, რადგან პასუხს არავინ სთხოვს…

იძულებული გავხდით და შემოვსახლდით, უკვე 4 – 5 წელია 300-მდე ოჯახი ვცხოვრობთ აქ.

დარეგისტრირებული ბინები სხვებს გადაუფორმეს, თაღლითური სქემებიც აამოქმედეს,“ – ამბობს მინდია ცეცხლაძე, ის ანგისის ქუჩა #13-ში ცხოვრობს.

ეს კორპუსები კომპანია „თჯ ბათუმს“ აუშენებია. ამ დასახლებაში ამ დრომდე არც საკანალიზაციო სისტემა არსებობს – აქაც კორპუსების ეზოებში შამბოებია მოწყობილი.

„მოსახლეობას კუსტარულად აქვს გაყვანილი წყლის სისტემა, ელექტროენერგიაც კუსტარულად არის შეყვანილი კორპუსებში, რადგან კომპანიამ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ მოაწყო და მერიამ კორპუსები არ ჩაიბარა.

აქციამ შედეგი გამოიღო, კომპანიის ხელმძღვანელი ადგილზე მოვიდა და დაიწყო მოლაპარაკებები. ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს პროცესი,“ – გვითხრა თამაზ ბაკურიძემ, ორგანიზაციის „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

კომპანიაში „თჯ ბათუმი“ კომენტარზე უარი გვითხრეს. აქ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ „მოლაპარაკება მიმდინარეობს“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 100-ვე პროცენტი თურქეთის მოქალაქე საეიდ ნოვროოზია.

ბათუმის მერიაში ამ თემაზე განმარტებას გააკეთებენ. ინფორმაცია განახლდება.

ერთ-ერთი კორპუსი, სადაც წყლის და ელექტროენერგიის გაყვანილობის გარეშე ცხოვრობენ ოჯახები

ერდოღანი პუტინთან შესახვედრად რუსეთში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს, 4 სექტემბერს, ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში გაემგზავრა.

თურქული მედიის ცნობით, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებების დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმება იქნება, საიდანაც მოსკოვი 17 ივლისს გამოვიდა.

„მხარეები ასევე განიხილავენ რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს, თურქეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობას, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას“ – წერს თურქული სააგენტო „ანადოლუ“.

რუსული მედიის ცნობით, პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან.

სოფელ ლეღვაში მერის წარმომადგენელმა ქალს სცემა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, მერის წარმომადგენელმა ჯაბა სტამბოლიშვილმა, მაღაზიაში გამყიდველი ქალი სცემა.

ფაქტის შესახებ „ბათუმელებს“ ქობულეთის მერიაში დაუდასტურეს.

„ქალის ცემის გამო იყო დაკავებული და  ამ დროისთვის გათავისუფლებულია გირაოს სანაცვლოდ. სავარაუდოდ, მერის წარმომადგენელი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ამ დროისთვის ჯაბა სტამბოლიშვილი მერის წარმომადგენლის პოსტიდანაც გათავისუფლებულია“, – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა პირველ სექტემბერს მოხდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვს ყირიმელი რუსტემ უმეროვი შეცვლის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობას ტოვებს – მან უმაღლეს რადას უკვე მიმართა გადადგომის შესახებ განცხადებით.

რეზნიკოვის შეცვლას უკვე რამდენიმე დღეა განიხილავს უკრაინული მედია.

წუხელ, 3 სექტემბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში დაადასტურა, რომ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და მის ადგილს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი დაიკავებს.

„ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები…

ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ კაცს და ბატონ უმეროვს მეტი წარდგენა არ სჭირდება. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას.

შემოდგომა გაძლიერების დროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ რადას უკვე მიმართა გადადგომის მოთხოვნით.

„პატივი იყო უკრაინელი ხალხის მსახურება და მუშაობა ბოლო 22 თვის განმავლობაში, უკრაინის თანამედროვე ისტორიის უმძიმესი პერიოდში“, – წერს რეზნოკოვი.

41 წლის რუსტემ უმეროვი ბიზნესმენია, იგი წარმოშობით ყირიმელი თათარია. მისი ოჯახი გასული საუკუნის 40-იან წლებში ყირიმიდან უზბეკეთში გადაასახლეს, ოჯახი 80-იან წლებში დაბრუნდა ყირიმში.

უმეროვმა უმაღლესი განათლება უკრაინაში მიიღო, ფინანასების მიმართულებით. იგი სამხედრო პირი არ არის. ოფიციალური წყაროების თანახმად, არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ყირიმელი თათრების თემის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო ყირიმის განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე, ყირიმის საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

უკრაინელმა ძალებმა წინ წაიწიეს ბახმუტსა და ზაპოროჟიესთან – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი [ISW] უახლეს ანგარიშში ადასტურებს უკრაინელი ძალების წინსვლა ბახმუტსა და ზაპოროჟიესთან.

ISW-ი ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინის ჯარებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები და 3 სექტემბერს წინ წაიწიეს ბახმუტთან, ასევე ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინული ძალები მელიტოპოლის მიმართულებითაც ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს.

ISW-ი წერს, რომ 2 და 3 სექტემბრის გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები აკონტროლებენ კლეშეევკას სამხრეთ ნაწილს. ასევე, მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პროგრესს ვერბოვოს მიმართულებით (ორეხოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ).

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის ძალების ტაურიდის ჯგუფის მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა თავიანთი დროისა და რესურსების 60 პროცენტი დაუთმეს თავდაცვითი პოზიციების შექმნას, რაც ახლა უკრაინელმა ჯარებმა გაარღვიეს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული ძალები აწარმოებენ შეტევითი ოპერაციებს კუპიანსკ-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ; ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ, ზაპოროჟიეს სასაზღვრო რაიონში, დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და წინ მიიწევენ ზოგიერთ სხვა რაიონში.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 265 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +460]
  • ტანკი – 4 480 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 8 663 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 5 611 ერთეული [+29]
  • MLRS – 741 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 503 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 481 ერთეული [+37]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 447 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 19 ერთეული [+1]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 149 ერთეული [+47]
  • სპეცტექნიკა – 847 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 248 ვერტმფრენი
  • 6 376 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 435 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 643 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 214 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 694 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

 

ღამის თავშესაფარი, ახალი საბავშვო ბაღები და სერვისცენტრები – 14 მილიონი ამჯერად 2 ტენდერში 

ბათუმში სამი ახალი საბავშვო ბაღის, მერიის სერვისცენტრების ოფისების, ჭიდაობის მოედნის მშენებლობაზე, ასევე, ურეხის ყოფილი ინტერნატის შენობის რეკონსტრუქციისა და სხვა სამუშაოებზე ქალაქის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 14 769 915 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

სამმართველომ იგივე მომსახურების შესყიდვაზე ამჯერად 2 ტენდერი გამოაცხადა. თანხა ჯამში წინა ტენდერისგან განსხვავებით თითქმის 29 ათასი ლარითაა გაზრდილი, თუმცა, დამატებულია შესყიდვის ობიექტიც [ადაპტირებული საპარკო სკამების შეძენა-მონტაჟი].

პირველი ტენდერით შეისყიდიან შემდეგ სამუშაოებს: ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას №83-ში და ა. ნანეიშვილის №12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობა, ურეხის ყოფილი ინტერნატის მზრუნველობამოკლებულ ხანდაზმულთა ცენტრად [ღამის თავშესაფარი] რეკონსტრუქცია-ადაპტაცია, თამარ მეფის №20-ში სკვერის მოწყობა.

აღნიშნული ტენდერი 13 686 164 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2023 წლის 10 სექტემბერს დაიწყება და 15 სექტემბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით:

  • ღამის თავშესაფრის შენობის რეკონსტრუქციისა და თამარ მეფის №20-ში სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულების ვადა 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია;
  • აეროპორტის გზატკეცილი №82-ის მიმდებარედ, ვაჟა-ფშაველას №83-ში და ა. ნანეიშვილის №12-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოების დასრულების ვადა კი, 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

მეორე ტენდერით გათვალისწინებულია ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა, კოტე აფხაზის N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა, ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაცია და „საქანელა ყველას“ მოწყობა; ასევე, ქალაქის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის მოედნის მოწყობა ადაპტირებული სკამით [სამმართველო 50 ადაპტირებულ საპარკო სკამის შეძენა-მონტაჟს გეგმავს].

ადაპტირებული საპარკო სკამი / ვიზუალიზაცია პროექტიდან

აღნიშნული ტენდერი 1 112 714 ლარითაა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 2023 წლის 17 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ტენდერში კონკრეტული სამუშაოების დასრულების ვადები თვეების მიხედვით დაკონკრეტებული არ არის და ზოგადად აღნიშნულია, რომ მიწოდების ვადაა „2024 წლის 30 მაისის ჩათვლით პერიოდი“. ამასთან, ვადებთან დაკავშირებით ასევე მითითებულია:

  • „ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვის-ცენტრების ახალი ოფისების მშენებლობა – 2023-2024 წწ.“
  • „კოტე აფხაზის N4ა-ში ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის მოედნის მშენებლობა, ბულვარში არსებული ფრენბურთის მოედნის რეაბილიტაცია და „საქანელა ყველას“ მოწყობა და ბათუმის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის მოედნის მოწყობა, ადაპტირებული სკამით – 2023 წწ.“

„ბათუმელები“ თავის დროზე დაინტერესდა, რით იყო განპირობებული სხვადასხვა შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და 14,7-მილიონიანი ტენდერის გამოცხადება, თუმცა, მერიის სამმართველოში მაშინ მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვების კომისიამ“.

სამმართველოს მაშინ ისიც ვკითხეთ, შესყიდვის ობიექტების გაერთიანება და მოთხოვნების გაზრდა ხომ არ ზრდიდა რისკს, რომ ტენდერი ვერ შედგებოდა.

„აქამდე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ობიექტების გაერთიანების შემდგომ ტენდერი არ ჩავარდნილა და ჩავარდნილა ისეთი ტენდერი, რომელიც ერთ ობიექტზე იყო გამოცხადებული“. – მოგვწერეს მაშინ მერიის სამმართველოდან.

აღნიშნული ტენდერი ჩავარდა, მასში არავინ მიიღო მონაწილეობა. სამმართველომ კი, ტენდერი არა ხელახლა, არამედ, ორი სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა სადაც შესყიდვის ობიექტებიც გადაანაწილა.

მიუხედავად ამისა, ღამის თავშესაფრის შენობა ისევ იმ ტენდერის ფარგლებშია, სადაც პრეტენდენტთა გამოცდილება და მოთხოვნები მათ მიმართ, წინა ტენდერისგან განსხვავებით არ შეცვლილა. ამიტომ, რისკი, რომ ვერც ეს ტენდერი შედგეს, მაღალია.

ტენდერი რომც შედგეს და ხელშეკრულებაც გაფორმდეს, ღამის თავშესაფრის შენობის დასრულება 2023 წლის 26 დეკემბრამდე სათუოა, იქ დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.

ამასთან, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი 50 უსახლკარო ადამიანისთვის ორი კერძო სახლია დაქირავებული და ქალაქის ბიუჯეტიდან მეორე წელია, ყოველთვიურად, ქირა, ჯამში 8 ათასი ლარი იხარჯება.

რატომ და რა პრინციპით დაყო სამმართველომ არშემდგარი ტენდერი ორ ნაწილად? – ამ კითხვით მერიის სამმართველოს ამჯერადაც მივმართეთ, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ. „ორი ტენდერის გამოცხადებაზე გადაწყვეტილება მიიღო სატენდერო კომისიამ.“ – მოგვწერეს სამმართველოდან.

არშემდგარი 14 მილიონიანი ტენდერის დეტალები ნახეთ აქ:

3 ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში, სერვისცენტრები და საქანელები – 14 მილიონიანი ტენდერი

რომელ ეზოებს მოხატავენ ბათუმში – მერია 12 ათას ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიამ „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის [„ფერადი ეზოები“] მიხედვით ეზოების მოსახატად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 12 ათასი ლარია.

ქალაქში ჯამში 200 კვ.მ ფართობის ეზოებს და კედლებს მოხატავენ.

ღონისძიების ორგანიზებისთვის საჭირო ყველა დეტალი [მათ შორის ესკიზები] კი, ტენდერში გამარჯვებულმა მერიას წინასწარ უნდა შეუთანხმოს.

დაგეგმილია ეზოების და კედლების მოხატვა შემდეგ ქუჩებზე:

ალ. პუშკინის N39 [კედელი];
ბესიკის N44 [კედელი];
შავშეთის N6-8 [კედელი];
მელიქიშვილის და ფარნავაზის ქუჩების კვეთა [კედელი];
მელიქიშვილის და ი. ჯინჭარაძის კვეთა [კედელი];
მ.ლერმონტოვის N 103 [კედელი];
მ. ლერმონტოვის N 105 [კედელი];
აღმაშენებლის N 2 გ [კედელი];
აღმაშენებლის N 13 ა [კედელი];
აღმაშენებლის N 20 ა [კედელი];
ტაბიძის N 21 [ეზო];
ტაბიძის N 1 [ეზო];
შ. ხიმშიაშვილის N 35 [ეზო];
აღმაშენებლის N 32 [ეზო];
იოსებ ნონეშვილის N 1 [ეზო].

ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „მხატვარი უნდა ფლობდეს შერეულ ტექნიკას, თხევადი საღებავის, სპრეი-პულივიზატორის, ელექტრო პულივიზატორის, მარკერისა და აეროგრაფის გამოყენებით. ასევე უნდა შეძლოს 3D პროექტირება წინასწარ დასამუშავებელი სივრცის ვიზუალიზაციისთვის.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 სექტემბერს დაიწყება და 8 სექტემბერს დასრულდება. ეზოები კი, 5 დეკემბრამდე უნდა მოიხატოს.

„ეზო და მისი შემოგარენი დიდ როლს თამაშობს ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში და გავლენას ახდენას მის სამომავლო ქცევასა და ხასიათზე. ამასთან, მნიშვნელოვანია ეზომ შექმნას განწყობა… „ფერადი ეზოები ბავშვებს“ ფარგლებში, ბათუმის კორპუსების შიდა ეზოები მოიხატება შემეცნებით-გასართობი ხასიათის ნახატებით, ესკიზებით. მათ შორის თამაშები, ლაბირინთი და სხვა მსგავსი, რაც ხელს შეუწყობს წონასწორობის, ყურადღების, კონცენტრაციის, სისწრაფის, აღქმისა და ფიზიკურ განვითარებას.“ – აღნიშნულია მერიის პროგრამაში.

ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტში „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული პროექტის „ფერადი ეზოები ბავშვებს“ განხორციელებისთვის 15 ათასი ლარია გაწერილი.

სატენდერო კომისიის ოქმში კი აღნიშნულია, რომ შესყიდვის ღირებულება 12 ათასი ლარი შეირჩა ბაზრის კვლევისა და „მერიის 2023 წლის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული თანხის შესაბამისად“. ამავე ოქმის მიხედვით, ბაზრის კვლევის ეტაპზე მერიას ეზოების მოხატვა 15 ათას და 18 ათას ლარად შესთავაზეს].

 

მთავარი ფოტო: პროექტიდან „შენი იდეა ბათუმს“

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 სექტემბრის 21 საათიდან 4 სექტემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით და დილით უმეტეს რაიონში ელვა-ჭექა, წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 5 და 6 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 264 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +600]
  • ტანკი – 4 476 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 8 649 ერთეული [+12]
  • საარტილერიო სისტემა – 5 582 ერთეული [+22]
  • MLRS – 739 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 502 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 444 ერთეული [+11]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 447 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 8 102 ერთეული [+59]
  • სპეცტექნიკა – 841 ერთეული [+6]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 467 თვითმფრინავი
  • 247 ვერტმფრენი
  • 6 352 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 435 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 11 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 147 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 6 197 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 12 660 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„იარაღი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინულია“ – დანილოვი

უკრაინის დროშით სცენაზე გასვლის გამო რუსეთში ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო – მედია

რუსეთში არმიის დისკრედიტაციის მუხლით დაიწყო მოკვლევა რუსი მსახიობის, ლია ახეჯაკოვას წინააღმდეგ – ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია, „ტასი“ წერს წყაროებზე დაყრდნობით.

2023 წლის ზაფხულში ლია ახეჯაკოვა გერმანიაში, ქალაქ ბრემენის თეატრის სცენაზე თამაშობდა სპექტაკლში – „ჩემი შვილიშვილი ბენიამინი”. სპექტაკლის შემდეგ ის სცენაზე უკრაინის დროშით გამოჩნდა, რასაც ოვაციები მოჰყვა დარბაზში.

„ლია ახეჯაკოვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს შემოწმება რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის მუხლით, რის შედეგადაც მიიღება გადაწყვეტილება“, – ციტირებს გამოცემა „ტასი“ თავის წყაროს. აქვე ვკითხულობთ, რომ მსახიობს, შესაძლოა, ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა დაემუქროს.

სოციალურ ქსელებში ლია ახეჯაკოვას ბრემენის სცენაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ რუსეთის უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა სთხოვა რუსეთის გენერალურ პროკურორს, მოეკვლია, დაარღვია თუ არა 85 წლის მსახიობმა კანონი რუსული არმიის დისკრედიტაციის შესახებ და მოითხოვა ცნობილი მსახიობისთვის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების ჩამორთმევა.

ლია ახეჯაკოვა, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, ამჟამად რუსეთის თეატრების სცენებზე არ თამაშობს. 2022 წელს, ომის დაწყების შემდეგ, მისი მონაწილეობით ყველა სპექტაკლი ამოიღეს რეპერტუარიდან.

„იარაღი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინულია“ – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინამ შექმნა საკუთარი რაკეტები და დრონები, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთში დაარტყან სამიზნეებს, 1000-1500 კილომეტრის მანძილზეც კი.

ამის შესახებ დანილოვმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

„იარაღი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინულია.

არის ორი მიმართულება, რომელიც მუშავდება გარკვეული გარკვეული დროის განმავლობაში. ესაა უკრაინული რაკეტების შექმნის პროგრამა, რომელიც დამტკიცდა ჯერ კიდევ 2020 წელს და უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამა, რომელიც დღეს ძალიან ძლიერად არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში, ბევრი კერძო კომპანიის მონაწილეობით“, – განაცხადა მან.

დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა თავს ესხმის მხოლოდ რუსეთის სამხედრო ობიექტებს.

„ჩვენ თავს ვესხმით ქარხნებს ან სამხედრო  წარმოებას, რომლებიც ჩვენს შვილებს კლავენ. ჩვენ ამას წერტილი უნდა დავუსვათ“, – თქვა მან.

დანილოვმა ასევე თქვა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ან სხვა ობიექტების აფეთქების უკან რუსი პარტიზანები არიან, რომლებსაც უკრაინა არ აკონტროლებს.

Exit mobile version