მთავარი,სიახლეები

უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვს ყირიმელი რუსტემ უმეროვი შეცვლის

04.09.2023
უკრაინის თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვს ყირიმელი რუსტემ უმეროვი შეცვლის

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობას ტოვებს – მან უმაღლეს რადას უკვე მიმართა გადადგომის შესახებ განცხადებით.

რეზნიკოვის შეცვლას უკვე რამდენიმე დღეა განიხილავს უკრაინული მედია.

წუხელ, 3 სექტემბერს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში დაადასტურა, რომ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ და მის ადგილს სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი დაიკავებს.

„ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გაიარა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები…

ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს. უკრაინის უმაღლესი რადა კარგად იცნობს ამ კაცს და ბატონ უმეროვს მეტი წარდგენა არ სჭირდება. ველი, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს მის კანდიდატურას.

შემოდგომა გაძლიერების დროა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა, რომ რადას უკვე მიმართა გადადგომის მოთხოვნით.

„პატივი იყო უკრაინელი ხალხის მსახურება და მუშაობა ბოლო 22 თვის განმავლობაში, უკრაინის თანამედროვე ისტორიის უმძიმესი პერიოდში“, – წერს რეზნოკოვი.

41 წლის რუსტემ უმეროვი ბიზნესმენია, იგი წარმოშობით ყირიმელი თათარია. მისი ოჯახი გასული საუკუნის 40-იან წლებში ყირიმიდან უზბეკეთში გადაასახლეს, ოჯახი 80-იან წლებში დაბრუნდა ყირიმში.

უმეროვმა უმაღლესი განათლება უკრაინაში მიიღო, ფინანასების მიმართულებით. იგი სამხედრო პირი არ არის. ოფიციალური წყაროების თანახმად, არის საზოგადოებრივი ორგანიზაციის – „ყირიმელი თათრების თემის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, იყო ყირიმის განვითარების ფონდის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე, ყირიმის საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: