მთავარი,სიახლეები

უკრაინელები ზაპოროჟიეში თხრილებისა და “დრაკონის კბილების” მიღმა დაწინაურდნენ – ISW

05.09.2023 • 1165
უკრაინელები ზაპოროჟიეში თხრილებისა და “დრაკონის კბილების” მიღმა დაწინაურდნენ – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] ცნობით, უკრაინულმა მსუბუქმა ქვეითმა ძალებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ დასავლეთ ნაწილში და გადალახეს ტანკსაწინააღმდეგო თხრილები და „დრაკონის კბილები“, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ნაწილია.

ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, აპირებენ ამ პოზიციების დაკავებას.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი ამის შესახებ უახლეს, 4 სექტემბრის ანგარიშში წერს.

ISW-ი წერს, რომ არ არის მზად შეაფასოს, დაარღვიეს თუ არა უკრაინელმა ჯარებმა რუსული თავდაცვითი ხაზი, რადგან ამ რაიონებში უკრაინული მძიმე ტექნიკა არ არის. 4 სექტემბერს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები აჩვენებს უკრაინულ ძალებს, რომლებიც მიიწევენ რუსული ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისა და „დრაკონის კბილების“ ბარიერების აღმოსავლეთით, სამშრიანი თავდაცვის ნაწილში, ვერბოვოეს დასავლეთით.

ანალიტიკოსების ცნობით, გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინულმა მსუბუქმა ქვეითმა ჯარმა ასევე წინ წაიწია რუსული თავდაცვითი პოზიციების სიღრმეში, ჩრდილო-დასავლეთით, ვერბოვოიესკენ მიმავალი გზის გასწვრივ.

გარდა ამისა, უკრაინულმა ძალებმა წინ წაიწიეს რუსეთის თავდაცვითი პოზიციებისკენ რობოტინოსა და ნოვოპროკოპოვკას შორის.

ამავე დროს, ISW-ი წერს, რომ რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს კუპიანსკ-სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ, ბახმუტთან, ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ, დონეცკის აღმოსავლეთით ზაპოროჟიეს ოლქის სასაზღვრო რაიონში და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში და 4 სექტემბერს ზოგიერთ რაიონში დაწინაურდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: