2023 წლის საზაფხულო სეზონზე, ბათუმი განსხვავებული ფორმატის საკონცერტო სივრცემ — „სთეიჯ-17-მა“ გაახმოვანა. 15 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, სცენამ არაერთ მნიშვნელოვან ადგილობრივ და საერთაშორისო შემსრულებელს უმასპინძლა, მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი, ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე Earth, Wind & Fire-ია, ახალი ფორმატით — Earth, Wind & Fire Experience by Al McKay.
დეტროიტული წარმოშობის ბენდი, რომელმაც სახელი გაითქვა ჯაზის, არ’ენ’ბის, სოულის, ფანკის, დისკოს, პოპის, ლათინოსა და აფრო-პოპის ჟღერადობით, ბათუმს 2023 წლის 24 აგვისტოს მეორედ ეწვია, „ისთერნ ფრომოუშენთან“ პარტნიორობით. საკმაოდ ემოციურად დაახასიათა ქართველი მსმენელი ბენდის გიტარისტმა, გრეგ მურმა:
გრეგ მური, Earth, Wind & Fire Experience by Al McKay-ს გიტარისტი: „ბათუმი პირველივე კონცერტზე საოცრად თბილი, ემოციური და ენერგიული მსმენელით დამამახსოვრდა. ასეთ აუდიტორიას ევროპის ქალაქებში ვერ ნახავთ — ადამიანები აეროპორტშიც კი გვცნობდნენ, გვიღიმოდნენ და გვესალმებოდნენ; როდესაც კონცერტი გავმართეთ, სიმღერები ყველამ იცოდა, ჩვენთან ერთად მღეროდნენ! საკუთარ თავს ვეკითხებოდი, სად ვარ-თქო… ძალიან მიყვარს აქაური ადამიანები!“
— თქვენ წარმოადგენთ ბენდს, რომელიც დაარსების დღიდან (1969), ფირფიტების გაყიდვების 90-მილიონზე მეტ მაჩვენებელს ითვლის, 6 გრემი და 4 ამერიკის მუსიკალური დაჯილდოვების პრიზის მფლობელები ხართ; თქვენი სახელი იკითხება „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში“, „ვოკალური ჯგუფის დიდების დარბაზში“, დიდების დარბაზ NAACP Image Award-ში, ჰოლივუდის როკის ხეივანზე Hollywood’s Rockwalk, ჰოლივუდის „დიდების ხეივანზე“… მიღებული გაქვთ არაერთი ჯილდო, მათ შორის — ASCAP-ის „რიტმის და სოულის მემკვიდრეობის ჯილდო“, BET-ის და გრემის ცხოვრებისეული მიღწევების ჯილდო, Soul Train Legend-ის ჯილდო, NARAS-ის გუბერნატორის ჯილდო, 2012 წლის „კონგრესის ჰორიზონტის ჯილდო“, კენედის ცენტრის ჯილდო (2019)… თქვენი ბენდის სახელზე, დღესასწაულიც კი დაწესდა 21 სექტემბერს, ლოს-ანჟელესის საკრებულს მიერ (2019 წლიდან). საკმაოდ ემოციურია, ამ 54-წლოვანი მიღწევების შესახებ საუბარი დღეს, თუმცა გვაინტერესებს, რას ფიქრობთ, რა არის Earth, Wind & Fire-ის ყველაზე დიდი დამსახურება ან კვალი მუსიკის ისტორიაში?
— გრეგ მური: ალბათ ის, რომ ადამიანებს დღესაც უყვართ ზოგადად მუსიკა, და ასევე — ის მუსიკა, რასაც ჩვენი ბენდი წლების განმავლობაში ქმნიდა. ამდენი ხნის შემდეგ, შეგიძლიათ, ახსენოთ ჩვენი „სექტემბერი“, ან სხვა რომელიმე ჰიტი და მას დღესაც ყველა მღერის — ეს უდიდესი მადლია, რაც მუსიკოსმა შეიძლება, ინატროს…
— ზოგადად, როგორ დაახასიათებდით ან ხელახლა განმარტავდით მუსიკის მნიშვნელობას და მის როლს თანამედროვე საზოგადოებაში?
— უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით სრულიად განსხვავებულ მუსიკას აკეთებენ. თუმცა, მე ძალიან მომწონს ახლანდელი ტენდენცია, რომ მუსიკოსები უბრუნდებიან წარსულს, უსმენენ ძველ კომპოზიციებს და მათ სემპლინგებს გვთავაზობენ. მიხარია, რომ ადამიანებმა კვლავ „მუსიკის“ დაკვრა დაიწყეს, და ჩემთვის საკმაოდ შთამაგონებელია, ჩვენი კომპოზიციების შესრულებას (სხვების მიერ) რომ ვისმენ ხოლმე…
— რას ნიშნავს Earth, Wind & Fire თქვენთვის? და რა ფორმატში ხედავთ ბენდის მომავალ განვითარებას?
— გპირდებით, რომ არ გავჩერდებით! Earth, Wind & Fire-მა თავიდანვე შეძლო ადამიანების გულში ჩაწვდომა, და საინტერესოა, რომ მეც საკმაოდ სიმბოლოური და ემოციური კავშირი მაქვს ბენდთან: პირველად მათი მუსიკა დეტროიტში სეირნობისას გავიგონე. არ ვიცოდი, ვინ იყვნენ, თუმცა ჟღერადობა საოცრად უხდებოდა დეტროიტს, რადგან, როგორც იცით, ეს მუსიკალური მიმდინარეობა — „მოთაუნი“ (moh-toun / Motown) დეტროიტის მეორე სახელწოდებაცაა, იმდენად ახლოსაა იქაურ შემსრულებლების სტილთან. მე კი, ვსეირნობდი „მოთაუნში“ და ვუსმენდი მოთაუნს, რაც საოცრად ამაღელვებელი იყო…
მას შემდეგ 30 წელი გავიდა და იგივე ემოცია მაქვს როდესაც ჩვენს კომპოზიციებს ვისმენ ან ვასრულებ… ეს კი ნამდვილად ამტკიცებს, რომ Earth, Wind & Fire არასოდეს დასრულდება…
„მოთაუნის“ ჟღერადობა საცეკვაო სტილის მუსიკის — აპბითის/პოპის რიტმის და ბლუზის ნაზავია, რომელიც სწორედ ქალაქ დეტროიტში განვითარდა და იქაური აფრიკული წარმოშობის შემსრულებლების დამსახურებით, 50-იან წლებში და მალე, ქალაქ დეტროიტის მეორე სახელწოდებადაც იქცა.