აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ახლაშენში, კარიერზე ქვის მოპოვების ლიცენზიას შპს „ვესთ გრუფი“ ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ვესთ გრუფი“ 2017 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მისი მფლობელი სოსო დავითაძეა.
სოსო დავითაძე ფლობს ასევე „ჯი ტრანსის“ 70 პროცენტს, ამ კომპანიის თანამესაკუთრეები არიან დავით ჩიქოვანი [20%] და მამუკა ყაჯრიშვილი [10%]. ეს კომპანიაც 2017 წელს დაუფუძნებიათ. ამავე წელს სოსო დავითაძის პარტნიორმა, დავით ჩიქოვანმა „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შესწირა.
სოსო დავითაძე ფლობს ასევე შპს „დ.მ.ჯ გრუფის“ ასივე პროცენტს. კომპანია 2019 წელს არის დაფუძნებული.
ამ დრომდე არ ვიცით, დაიწყო თუ არა მთავრობამ მოლაპარაკება კომპანიასთან ლიცენზიის გაუქმების თაობაზე იმის გამო, რომ ახალშენში ქვის მოპოვების სამუშაოებს მოსახლეობა ეწინააღმდეგება.
ადგილობრივებმა ორჯერ გამართეს საპროტესტო აქცია – ისინი კატეგორიულად ითხოვენ ლიცენზიის გაუქმებას და აცხადებენ, რომ კომპანიის მანქანებს სოფელში გადაადგილების საშუალებას არ მისცემენ.
მოსახლეობის ინფორმაციით, აფეთქებები კარიერზე მათ საცხოვრებელ გარემოს აზიანებს, დაიბზარა სახლები, ზიანდება საავტომობილო გზა, სოფელს აღარ აქვს სასმელი წყალი.
ადგილობრივების ინფორმაციით ახალშენის კარიერზე მოპოვებული ქვით ბათუმში კუნძულს აშენებენ.
გასულ კვირას სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთანაც გამართა. აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, კახა შაშიკაძე შეხვდა და დაჰპირდა, რომ კომპანიას მანამდე არ მისცემდნენ სამუშაოების გაგრძელების საშუალებას, ვიდრე არ მიაღწევდნენ შეთანხმებას.
აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
ადგილობრივების თქმით, დაპირების მიღების შემდეგ არც მთავრობის წარმომადგენელთან ჰქონიათ კომუნიკაცია და არც კომპანიასთან.
ქობულეთის ზღვისპირა ზოლში კომპანია „ვითიქეი“ 40-45-სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავს, რისთვისაც დაწყებული სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა.
სააგენტოდან ქობულეთის მერიაში გაგზავნილ წერილში წერია, რომ სკრინინგის განცხადების მიხედვით, ქალაქ ბათუმის მოსახლეობა ქობულეთში დაგეგმილი მშენებლობის მომხრეა.
პროექტის განხორციელება დაგეგმილია ქალაქ ქობულეთში, ამიტომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს დაზუსტებას – წერს სააგენტოს დირექტორი ქობულეთის მერს, ლევან ზოიძეს, 2024 წლის 20 თებერვლით დათარიღებულ წერილში.
ამავე დოკუმენტში, სადაც ხელისუფლების ორგანოების მოსაზრებებზეა საუბარი, ქობულეთის მერიის ნაცვლად აღნიშნულია, რომ „ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა მოითხოვეს მოსახლეობის მოსაზრებების გათვალისწინება.“
ის, რომ „ქალაქ ბათუმის მოსახლეობა [ქობულეთში] მშენებლობის მომხრეა“, ამას, ამავე დოკუმენტის მიხედვით, „სოციოლოგიური კვლევის ანალიზი გვიჩვენებს“.
სკრინინგის დოკუმენტებში ხშირად გარკვეული ინფორმაციები დაკოპირებული და გადმოტანილია სხვა დოკუმენტებიდან. ახალი დოკუმენტის შემდგენლებს კი დაკოპირებული ინფორმაციის ახალ ტექსტზე მორგებისას ზოგან „ძველი და არასაჭირო ინფორმაცია“ ჩაუსწორებელი რჩებათ.
ახალი დოკუმენტის შემდგენლები რომ ინფორმაციას სხვა დოკუმენტიდან აკოპირებენ და გადმოაქვთ, ეს ქობულეთთან დაკავშირებით იმ დოკუმენტითაც დასტურდება, რომელზეც ახლა ვსაუბრობდით.
იმავე პროექტთან დაკავშირებით სააგენტოს დირექტორი ქობულეთის მერს სწერს, რომ ქობულეთში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებულ სკრინინგის განცხადებაში „ინფორმაციის დიდი ნაწილი გადმოტანილია „ქ. თბილისში, სოფელ შინდისში „ესსი ტაბახმელა დეველოპმენტის“ 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტსა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობასა და ექსპლუატაციის პროექტის“ დოკუმენტაციიდან, რაც არ იძლევა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“.
სკრინინგის პროცედურით სააგენტომ დაგეგმილ სამუშაოებზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროება უნდა განსაზღვროს. ქობულეთის „ტყუპებთან“ დაკავშირებით კი, სააგენტომ ეს პროცედურა ზემოთ აღნიშნული ხარვეზების გამო შეწყვიტა.
აღნიშნული „ხარვეზები“ აჩენს ეჭვს, რომ მსხვილი პროექტებისთვის კანონით დადგენილი აუცილებელი პროცედურები ფიქტიურია და სახელმწიფო თუ მუნიციპალური ორგანოები [მერია, საკრებულო] შესაბამის დოკუმენტებს უბრალოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით ისე „განიხილავენ“, რომ არ კითხულობენ შიგ რა წერია. ამ პროცედურებით კი უნდა დადგინდეს ამა თუ იმ პროექტის ზეგავლენა გარემოზე, ადამიანზე და სხვა.
ანალოგიური მაგალითი ამ ბოლოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროსთან დაკავშირებითაც იყო. სკრინინგის დოკუმენტებში აქაც ბათუმის მერია იყო უადგილოდ მითითებული: „დოკუმენტში დამგეგმავ ორგანოდ განხილულია როგორც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, ასევე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია, რაც საჭიროებს დაზუსტებას“, – წერდა აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო.
ქობულეთში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს სხვა შენიშვნებიც აქვს. კერძოდ:
„ვინაიდან მოსალოდნელია ვიზუალურ-ლანდშაფტური ცვლილებები, წარმოდგენილ უნდა იქნას აღნიშნული ცვლილების შეფასება;
შენობა განთავსდება იმგვარად, რომ არ შექმნის ხელოვნურ ფარდას, რათა არ ჩაკეტოს აერაციისა და ვიზუალური აღქმის არეალები. წარმოდგენას საჭიროებს აღნიშნულის შესახებ დასაბუთება;
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს გადამფრენ ფრინველთა სამიგრაციო მარშრუტზე. საჭიროა დოკუმენტში სათანადოდ აისახოს მრავალსართულიანი შენობების მოწყობით ფრინველებზე მოსალოდნელი ზემოქმედება და ამ ზემოქმედების თავიდან აცილების ქმედითი და ეფექტიანი ღონისძიებები, მათ შორის შეჯახებით გამოწვეული სიკვდილიანობის თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი ქმედებები სათანადო დასაბუთებით;
საჭიროა დოკუმენტში წარმოდგენილ იქნას ინფორმაცია, ზღვისპირა ჰაბიტატებზე მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედების შესახებ, როგორც აღნიშნული პროექტის, ასევე მიმდებარე ტერიტორიებზე დაგეგმილი პროექტების განხორციელებით…
წარმოდგენილ უნდა იქნას სატრანსპორტო ნაკადებზე მოსალოდნელი ზემოქმედების შეფასება, შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
დოკუმენტაცია საჭიროებს სტრუქტურულ გამართვას, კერძოდ, ტექსტური ნაწილისა და გრაფიკული მასალის ზომათა დიდი სხვაობა წარმოშობს ტექნიკურ შეფერხებას, რაც ართულებს დოკუმენტის განხილვას“ და სხვა.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო კანონმდებლობის შესაბამისად სკრინინგის გადაწყვეტილების გაცემის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას დაიწყებს მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული სკრინინგის განცხადების წარმოდგენის შემდეგ“, – წერს სააგენტო ქობულეთის მერიას.
დოკუმენტების მიხედვით, შპს „ვითიქეი“ მრავალსართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას ქობულეთში, აღმაშენებლის 285 ნომერში, თავის საკუთრებაში არსებულ 8 165 კვ.მ მიწის ნაკვეთზე აპირებს.
„ვითიქეის“ მესაკუთრეები ბელარუსისა და ორმაგი – საქართველო-რუსეთის მოქალაქეები არიან.
დაგეგმილი კომპლექსი მოიცავს სასტუმრო/აპარტამენტებს, კაზინოს, სარელაქსაციო სივრცეებს, კომერციულ ობიექტებს, სავაჭრო ცენტრებსა და სხვადასხვა სახის სარესტორნო სივრცეს.
„ტყუპები“ ქობულეთში / ფოტომონტაჟი დოკუმენტიდან, რომელიც ქობულეთის მერიასა და საკრებულოში არ წაიკითხეს და ისე გააგზავნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში / ამ ცათამბჯენების აშენებას შპს „ვითიქეი“ გეგმავს, ქობულეთის მერია და საკრებულო თანახმაა
ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: გრიპი, მწვავე სურდო, ჰაიმორიტი და სინუსური ინფექციები, გაჭედილი ცხვირის გასახსნელად რეკომენდებულია მყისიერი მოქმედების ე.წ. დეკონგესტანტური სპრეისა თუ წვეთების გამოყენება, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ იმ რისკების შესახებ, რაც ამ საშუალებების ჭარბად მოხმარებას ახლავს.
მედიკამენტური, იგივე წამლისმიერი რინიტი არის ცხვირის შეშუპების ტიპი, რომელიც ჩნდება ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. ეს იწვევს გაღიზიანებას და ანთებას ცხვირის არხებში.
გარდა ამისა, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოტორინოლარინგოლოგი, ბესიკ კოკობინაძე განმარტავს, რომ ამგვარი სპრეის ჭარბად მოხმარების შედეგად ვითარდება ერთგვარი ტოლერანტობა პრეპარატის მიმართ – ცხვირი აღარ რეაგირებს წამალზე ისე, როგორც თავდაპირველად, მაგრამ მის გარეშე ცხვირი კვლავ შეშუპებულია და სუნთქვა გაძნელებული.
ბესიკ კოკობინაძე მედიკამენტური რინიტის სიმპტომებზე, გართულებებსა და მკურნალობაზე საუბრობს.
ბატონო ბესიკ, თავიდან რომ განგვიმარტოთ, რა სახეობის ცხვირის სპრეების ჭარბად მოხმარება შეიცავს ასეთ რისკებს?
ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ცხვირის წვეთებზე, რომლებიც შეიცავენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ ნივთიერებებს. ზოგადად, ეს ცხვირის წვეთები, როგორც წესი, მოქმედებს ადგილობრივად, რომ შეავიწროოს ნიჟარაში მდებარე სისხლძარღვები, ნიჟარის მოცულობა და ამის შედეგად ცხვრიდან სუნთქვა გაუუმჯობესდეს პაციენტს.
ამ სახის ცხვირის სპრეები გამოიყენება გაციების, გრიპის, მწვავე სურდოს, ჰაიმორიტის ან სინუსური ინფექციების, შუა ყურის ანთების დროს – ასეთ დროს ამ წვეთების გამოყენება აუცილებელია, რათა დროულად გაიხსნას ცხვირი, მაგრამ მათი რეგულარულად გამოყენება არ შეიძლება.
ეს საშუალებები გამოიყენება ბავშვებთანაც. რა თქმა უნდა, ასაკობრივად პრეპარატის პროცენტული შემადგენლობა სხვადასხვაა, მაგრამ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა 8 წლის ბავშვი იყო „დამოკიდებული“ ამ წვეთებზე. თავიდან გაცივდა, შემდეგ ალერგიული ფონი დაემთხვა და ისე აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად აწვეთებდნენ წვეთებს; ბავშვს ჩამოუყალიბდა ნიჟარების ჰიპერტროფია, სუნთქავდა წვეთებით და საბოლოოდ ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
როგორ გვაზიანებს ამ სახის ცხვირის სპრეების ჭარბად მოხმარება?
ყველაზე ხშირად რასაც იწვევს, ეს არის მედიკამენტური, იგივე მეორადი რინიტი. ამ საშუალებების ხანგრძლივი მოქმედება ადგილობრივად იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ვითარდება მუდმივი რინიტის სიმპტომები.
ეს არის ცხვირის მუდმივი გაჭედილობა, შეიძლება ახლდეს გამონადენი ცხვირიდან, პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი; ასეთი სიმპტომები უფრო გამოხატულია ღამით, როდესაც პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და იღვიძებს, რომ ჩაიწვეთოს წვეთები.
ClevlandClinic: შესაძლოა გქონდეთ შემდეგი სიმპტომები: ქავილი ცხვირის ღრუში და ცემინება. მედიკამენტური რინიტის დროს პაციენტს არ აღენიშნება გაციების, გრიპის ან ალერგიის სხვა სიმპტომები.
გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია რისკი იმისა, რომ ამ საშუალებების ჭარბი და სისტემატური გამოყენების შედეგად განვითარდეს დამოკიდებულება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ამ სპრეის გარეშე [გაციების გარეშეც] აქვს სუნთქვის პრობლემა.
ასევე, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ პრეპარატმა დაიწყოს სისტემური მოქმედება, ანუ თავისი მექანიზმი რაც აქვს [სისხლძარღვების შევიწროება], აამუშაოს ნებისმიერი ორგანოს სისხლძარღვებზე, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა ჩივილები.
შესაძლოა ამ სახის სპრეების სისტემატური გამოყენებისას ადგილობრივი ლორწოვანი გარსი ისე გათხელდეს, რომ სისხლძარღვები გაშიშვლდეს, რაც ცხვირიდან მორეციდივე სისხლდენის მიზეზი გახდება; შეიძლება ცხვირის ლორწოვანში განვითარდეს ატროფიული პროცესები, დაზიანება ცხვირში, მაგალითად, მოხდეს ცხვირის ძგიდის პერფორაცია (ნახვრეტი);
რამდენად რეალურია, რომ ეს სპრეები იწვევს დამოკიდებულებას?
უშუალოდ მედიკამენტი არ იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ დამოკიდებულებად შეიძლება განვიხილოთ ის მომენტი, როცა ნაზალური სპრეის სისტემატური გამოყენების შედეგად ცხვირში ირღვევა ფიზიოლოგიური მექანიზმი და პაციენტს მუდმივად გაჭედილი აქვს ცხვირი, რის გამოც მუდმივად იყენებს ამ სპრეის.
საქმე ის არის, რომ ცხვირის ნიჟარას აქვს ფიზიოლოგიური თვისება – პერიოდულად გაიბეროს და შეიკუმშოს. როცა ცხვირში არსებული სისხლძარღვების რეცეპტორები აღიქვამენ ამ სპრეის/მედიკამენტს, ერთი-ორი წუთის შემდეგ იწყება მოქმედება, ანუ ხდება ცხვირის ქვემო ნიჟარების სისხლძარღვოვანი შეკუმშვა. ოღონდ, ეს არის დროებითი ეფექტი, გარკვეული დროის შემდეგ ნიჟარები ისევ იბერება და ცხვირი ისევ გაჭედილია.
რომელიმე ასეთი პრეპარატის სისტემატური გამოყენების დროს, ირღვევა ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი და თუ პრეპარატს აღარ მივაწვდით სისხლძარღვებს, ისინი აღარ შეიკუმშებიან, რჩებიან გაფართოებული, შესაბამისად ცხვირის ნიჟარა რჩება მუდმივად გაბერილი და გადიდებული.
ამას ემატება წამლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ანთებითი პროცესები, ე.წ. წამლისმიერი რინიტი, რაც იწვევს მუდმივ ცხვირგაჭედილობას.
როგორია ამ მდგომარეობაში მკურნალობა?
მკურნალობას რაც შეეხება, უნდა შეფასდეს, რა არის ცხვირის ღრუში სუნთქვის გართულების მიზეზი.
ვიწყებთ აუცილებლად მედიკამენტური მკურნალობით და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომ მოიხსნას ლორწოვანი გარსის შეშუპება. შეშუპების მოხსნის შედეგად ნიჟარების მოცულობა მცირდება და სუნთქვა უმჯობესდება. შესაბამისად, აღარ ვიყენებთ იმ წვეთებს, რომლებზეც „დამოკიდებული“ ვიყავით.
აქ საუბარია ალერგიის საწინააღმდეგო, ე.წ. სამკურნალო წვეთებზე, ისინი არ მოქმედებენ მყისიერად, მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგად მიიღწევა ეფექტი, ამიტომ ინიშნება ხანგრძლივად და არ იწვევს „დამოკიდებულებას“. ეს ადგილობრივი მოქმედების ჰორმონალური პრეპარატებია, რომლებსაც შეუძლიათ მოხსნან ცხვირში ნიჟარებისა და ლორწოვანის შეშუპება, რის შედეგადაც პაციენტი აღარ იყენებს მეორე, სისხლძარღვების შემავიწროებელ წვეთებს.
თუ კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა 2-3 თვეში, მაშინ განიხილება ოპერაციული ჩარევა, თუმცა გააჩნია მიზეზს. ხშირად სუნთქვის გაძნელების მიზეზი არის ცხვირის ძგიდის გამრუდება, რა დროსაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა ცხვირის ძგიდესა და ნიჟარებზე ერთდროულად.
ოპერაციული ჩარევისას უნდა მოიკვეთოს გამრუდებული ნაწილი და ძგიდე გასწორდეს, შესაბამისად გათავისუფლდება ჰაერის გამტარი, სასუნთქი გზები. ნიჟარებს რაც შეეხება, სხვადასხვა ელექტრო ან რადიოაპარატებით ხდება მათი რედუქცია, იგივე შეჭმუხნა. პრინციპი ის არის, რომ ნიჟარების შიგნით მოხდეს სისხლძარღვების კოაგულაცია, შეჭმუხნა, რომ აღარ გაიბეროს შემდგომში და სუნთქვა გაუმჯობესდეს.
Cleveland Clinic: მკურნალობის პირველი ნაბიჯი არის ცხვირის სპრეის გამოყენების თანდათანობით შემცირება. უეცრად შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი სიმპტომები. ექიმი მოგცემთ ზუსტ მითითებებს, როდის შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
არის შემთხვევები, როცა პაციენტი ფსიქოლოგიურად ხდება დამოკიდებული ამ საშუალებებზე. ეს დიდი დისკომფორტია, რადგან მუდმივად ჯიბეში ან ხელმისაწვდომად უნდა ჰქონდეთ ეს სპრეი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ძლევს პაციენტი ამ ფსიქოლოგიურ ბარიერს.
რამდენია ამ სპრეების სწორი დოზა?
როგორც წესი, ინიშნება ერთი კვირით, დღეში დაახლოებით სამჯერ. ექიმის დანიშნულებით იშვიათ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობაა, შეიძლება დაინიშნოს უფრო ხანგრძლივად, მაგალითად, ორ კვირამდე ვადით. ასეთ შემთხვევებად შეიძლება განვიხილოთ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა სინუსიტები, შუა ყურის ანთება, რა დროსაც ცხვირით სუნთქვა აუცილებლად უნდა გაიხსნას. სხვა შემთხვევაში ერთ კვირაზე მეტ ხანს არ უნდა გამოვიყენოთ ის ნაზალური წვეთები და სპრეები, რომლებიც სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებს შეიცავენ.
პაციენტმა შეიძლება გაციების დროს დღეში ერთხელ ჩაიწვეთოს/შეისხუროს ეს სპრეი და შედეგი არ მისცეს, რის გამოც მეორე და მესამე დღეს უფრო მეტი დასჭირდება. ამიტომ ეფექტურობისთვის უმჯობესია პრეპარატი გამოიყენოთ თავიდანვე ნორმალური დოზებით – დღეში სამ-ოთხჯერ და რამდენიმე დღეში საერთოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
Clevland Clinic – ის რეკომენდაციები ნაზალური სპრეის გამოყენების ტექნიკასთან დაკავშირებით:
არ მიმართოთ სპრეი ცხვირის ძგიდისკენ (სეპტუმისკენ) – როცა სპრეის ასხურებთ პირდაპირ ძგიდეზე, ამ ძალისხმევამ შესაძლოა დააზიანოს ქსოვილი, გამოიწვიოს გაღიზიანება და სისხლდენა.
არ გადახაროთ თავი უკან – სპრეების უმეტესობის გამოყენება შესაძლებელია ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, ასე რომ არ გადახაროთ თავი უკან და წვეთები არ ჩაგეღვრებათ ყელში.
ნუ შეისუნთქავთ ძლიერად – თუ მედიკამენტს ძლიერად შეიყნოსავთ და მალევე გადაყლაპავთ, ის ვერ მოახერხებს თავისი მისიის შესრულებას – მოხვდეს სინუსურ ღრუში. მსუბუქად შეყნოსვა უფრო ეფექტურია.
ნუ მოიწმენდთ ცხვირს მალევე – თქვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წამალი დარჩეს ცხვირსა და სინუსურ ღრუში.
ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები შეაქვს. ამჯერად მერია ნუსხაში გასაყიდ ფართობებს არამხოლოდ დაამატებს ახალ ობიექტებს, არამედ, ათამდე ქონებას ნუსხიდან ამოიღებს კიდეც. ამ გადაწყვეტილებისთვის მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკითხი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და მისი განხილვა 26 თებერვალს, სხდომაზე იგეგმება.
პროექტის მიხედვით, მერია აუქციონზე გაიტანს მცირე ზომის ნაკვეთს თამარის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, რესტორან მეგრულ-ლაზურის მომიჯნავედ. ამ ნაკვეთის ფართობი 329 კვ.მეტრია. საპრივატიზებო ნუსხაში მითითებული არ არის გასაყიდ ფართობზე არსებული შენობების შესახებ, თუმცა რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფართობზე განთავსებულია მომიჯნავედ მდებარე შენობების ნაწილი.
გასაყიდად გამზადებული ნაკვეთის გვერდით მერია ფლობს ასვე 5644 კვ. მეტრ გამწვანებულ ტერიტორიას, აქ უკვე წლებია პარკია გაშენებული, რომლის რეაბილიტაციაც მერიის შესყიდვის ფარგლებში მიმდინარებს.
რაც შეეხება ათამდე ობიექტის საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღებას, მერიის ქონების მართვის სამსახური განმარტავს, რომ ეს ობიექტები ორჯერ ან მეტჯერ იყო აუქციონზე გატანილი და არ გაიყიდა.
„ასევე შემოსულია განცხადებები, რიგ მიწებზე აუქციონების შეჩერების თაობაზე“, – წერს მერია განმარტებით ბარათში, თუმცა არ აზუსტებს, ვინ მოითხოვა აუქციონების შეჩერება.
მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა ასევე მეორადი უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომლის გაყიდვასაც აუქციონის წესით გეგმავს. მათ შორის არის საბავშვო ატრაქციონები, ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი და ავტომანქანები.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ხულოს მუნიციპალიტეტში, რიყეთი-კურორტ გოდერძის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
„თოვლის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ90-კმ106 (რიყეთი-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა;
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.“ – აცხადებს გზების დეპარტამენტი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ხორცპროდუქტების ფალსიფიციკაციის გამო ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთ რეგიონში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, სისტემატურად ახდენდა ხორცპროდუქტების ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების წარმოებას და მის რეალიზაციას, რომელშიც გემოვნური თვისებების შესანარჩუნებლად იყენებდა სოიოს დანამატს.
სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციო ქსელიდან და საამქროდან სრულად ამოღებულია ფალსიფიცირებული პროდუქცია.“
აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 406 080 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
ტანკი – 6 516 ერთეული [+13]
ჯავშანტექნიკა – 12 338 ერთეული [+70]
საარტილერიო სისტემა – 9 826 ერთეული [+53]
MLRS – 992 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 678 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 338 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 560 ერთეული [+39]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 903 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 861 ერთეული [+56]
სპეცტექნიკა – 1 558 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
572 თვითმფრინავი
266 ვერტმფრენი
13 042 უპილოტო საფრენი აპარატი
471 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 149 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 223 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 124 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 900 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„უკრაინა ძირითადად გადასულია მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ამ გამოფიტვას ემსახურება ასეთი მცირე წარმატებებიც, რაც რუსეთს ძალიან დიდი ფასი უჯდება: ცოცხალი ძალა, სხვა დანაკარგები. მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთს რესურსები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე უკრაინას. განსაკუთრებით ცოცხალ ძალაზეა ლაპარაკი,“ – დაკვირვებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი გიორგი სურმავა, რომელსაც ვკითხეთ, რა ჩანს მისთვის ამ გადასახედიდან, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე 2 წელი გადის.
გიორგი სურმავას აზრით, უკან დასახევი ამ ომში არც ერთ მონაწილეს არ აქვს, მათ შორის, დასავლეთს, რადგან მკაფიოა რუსეთის საფრთხის მასშტაბი. გენერლის აზრით, გადამწყვეტი ამ ომში რესურსებია და ამ რესურსების უკრაინისთვის დროული მიწოდება.
„ეს აღჭურვილობა და ტექნიკა უკრაინას უნდა მიაწოდონ დროულად, ვიდრე ადამიანური რესურსები აქვს უკრაინას,“ – მიიჩნევს გადამდგარი გენერალი.
„ბათუმელებმა“ ბრიგადის გადამდგარ გენერალთან, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილე გიორგი სურმავასთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო გიორგი, რა სურათი გვაქვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 წლისთავზე? „ფრონტის რამდენიმე უბანზე სიტუაცია უკიდურესად რთულია“, – განაცხადა 19 თებერვალს ზელენსკიმ.
2 წელი პატარა დრო არ არის – „დიდი სამამულო ომი“ სულ 4 წელი გაგრძელდა და ამდენი ხანი მაგაზე ვლაპარაკობთ.
თავდაპირველად რუსეთს გარკვეული წარმატება კი ჰქონდა, განსაკუთრებით ყირიმის მიმართულებაზე, თუმცა შემდეგ, გაზაფხულის ბოლოსთვის, უკრაინელებმა ხერსონის ოლქი დაიბრუნეს, დნეპრის ზღუდეზე გავიდნენ. ჩრდილოეთის მიმართულებიდან რუსები თავად გავიდნენ, მაგრამ ტყუილად ხომ არა? – იგრძნეს საფრთხე და წარუმატებლობა.
მთლიანობაში რაც დაკარგეს უკრაინელებმა ამ ომის დაწყებიდან, დაახლოებით 50 პროცენტი დაიბრუნეს უკან.
ბოლო მოვლენებს რაც შეეხება, ავდიივკას მიმართულებაზე წარმატება ჰქონდათ რუსებს, მაგრამ ავდიივკა, როგორც ქალაქი, არ არის ისეთი წერტილი, რომელიც გარკვეული კომუნიკაციის გადამჭრელია, ამას ვერ ჩავთვლით ძალიან დიდ მიღწევად.
რა თქმა უნდა, ყველა დანაკარგი მტკივნეულია. ეს უფრო პოლიტიკური საკითხი იყო რუსეთისთვის, როგორც ბახმუტი, სადაც შეალიეს ამდენი ცოცხალი ძალა, ტექნიკა, დრო.
2023 წლის ოქტომბრიდან ცდილობდა რუსეთი ავდიივკას ხელში ჩაგდებას, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, სულ მცირე 400 ტანკი და სხვა ტექნიკა დაკარგა ამისთვის რუსეთმა. რა გამოჩნდა ამ ბრძოლაში?
დიახ, ძალიან ბევრი დახარჯეს რუსებმა. ბახმუტი აიღეს დაახლოებით 8 თვეში. ამდენი თვის განმავლობაში ასეთი პატარ-პატარა ქალაქების აღება დიდი ვერაფერი მიღწევაა რუსეთისთვის.
დონეცკის ოლქის საზღვარზე მაინც ვერ გადიან მხოლოდ ავდიივკით, თუმცა ჩვენ ხომ ბოლომდე რეალურ სურათს ვერ ვხედავთ. ბოლო მონაცემებით, რასაც აშშ-ს ომის შესწავლის ინსტიტუტი აქვეყნებს, უფრო ზაპოროჟიეს მიმართულებაზე მიდის ძალების გადაჯგუფება. მარინკაში აქამდეც მიდიოდა ბრძოლები და გაგრძელდება ალბათ, მაგრამ ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაისროლეს ახლა სადღაც 50 ათასიანი დანაყოფი. 50 ათასი კაცი არის 4 დივიზია. არა მგონია, რომ ამხელა ძალის გადაჯგუფება ხდებოდეს მხოლოდ კონტრპასუხისთვის. შეიძლება, ზაპოროჟიეს მიმართულებაზე იყოს შეტევა. ეს მალე გამოჩნდება.
სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინელებმა შეძლეს პლაცდარმის შექმნა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ეს ამას უკავშირდება?
ეს პლაცდარმი ძალიან პატარაა, მას ვერაფერში გამოიყენებ, თუ არ გააგრძელებ მის მოწყობას და ვერ გააფართოვებ. რომ მოინდომოს მოწინააღმდეგემ, ის პლაცდარმი არის ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ, არაფერი განსაკუთრებული ძალისხმევა არ უნდოდა მაგის განადგურებას. კომუნიკაცია ძნელია: ნავებით მიჰქონდათ საბრძოლო მასალები და გადმოჰქონდათ, ვერ დაასაწყობებ და თავს ვერ მოუყრი, პატარა ტერიტორიაა და, ფაქტობრივად, ცეცხლის ქვეშ ხარ. თუ კონცენტრაცია მაღალი იქნება – შეიარაღების, ან ტექნიკის, გინდა ცოცხალი ძალის – იოლი გასანადგურებელია.
რის მიღწევას ცდილობს ამჯერად რუსეთი? რას იგებს პოლიტიკურად, როცა ამბობს, რომ მსოფლიოში სიძლიერით მეორე არმია ჰყავს და რამდენიმე თვეს ანდომებს პატარა ქალაქების აღებას?
ეს წარმატებები უფრო შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი, რომლის დიდი ნაწილი მოკლებულია სხვა, რეალურ ინფორმაციას. ტელევიზია კი, რუსეთში მხოლოდ იმას აცხადებს, რაც პუტინს აწყობს – ავდიივკა შეიძლება გამოცხადებულია ვაშინგტონის დონის ქალაქად და ეუბნებიან ხალხს, აი, ავიღეთ ავდიივკაო. რუსეთის შიგნით ეს შეიძლება გაიყიდოს, როგორც ძალიან დიდი წარმატება.
უკრაინა ძირითადად გადასულია მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ამ გამოფიტვას ემსახურება ასეთი მცირე წარმატებებიც, რაც რუსებს ძალიან დიდი ფასი უჯდებათ: ცოცხალი ძალა, სხვა დანაკარგები. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ რუსეთს რესურსები ბევრად მეტი აქვს, ვიდრე უკრაინას. განსაკუთრებით ცოცხალ ძალა. უკრაინას უფრო ადრე ამოეწურება ეს რესურსები, ვიდრე რუსეთს. კრიტიკულ წერტილამდე უკრაინა უფრო მალე მივა, თუ არ შეიცვალა რამე.
საითკენ მიდის პროცესი? რამდენად ელოდებით სტრატეგიულ ცვლილებას უკრაინის ახალი მთავარსარდლის, სირსკის პირობებში?
მთავარსარდლები და სარდლები ნაკლებად ცვლიან სტრატეგიას. ნაკლებად ველი ცვლილებებს სტრატეგიულ მიდგომებში. რესურსებზეა ყველაფერი დამოკიდებული. ეს ყოველთვის ასეა. თავიდან უკრაინას მიაწოდეს საცეცხლე და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები და გამოიღონ ამან შედეგი ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებზე. შემდეგი ეტაპი იყო „ჰაიმარსის“ რაკეტების მიწოდება და ამანაც შედეგი გამოიღო. ბევრი კი არ მიუციათ, სულ 4 ერთეული მისცეს, მაგრამ „ჰაიმარსი“ უკვე სწვდებოდა ვერტმფრენების მოქმედების რადიუსს და იძულებულები გახდნენ, გაეყვანათ.
შემდეგი ეტაპია F-16. გასულ წელს იყო ლაპარაკი, რომ ამ დროისთვის უკვე უკრაინას უნდა ჰქონოდა F-16. ამბობენ, რომ ივნისისთვის იქნება. ავდიივკის შემთხვევაში დიდი როლი ითამაშა რუსების ავიაციამ. F-16 თუ გამოჩნდა, კიდევ ერთი გარდატეხა იქნება, რომ თვითმფრინავები ამ მანძილზე ვერ მიუახლოვდებიან ობიექტებს.
ამ დროს, როცა უკრაინა პარტნიორებისგან F 16-ს ელოდება, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები როგორ გამოიყურება?ესპანეთში მოკლული იპოვეს რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც წინა წელს ვერტმფრენი „მი-8“ მოიპარა და უკრაინას გადასცა. უკრაინელებმა რუსების 337 სამხედრო თვითმფრინავი 325 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ეს მონაცემები ალბათ ცოტა გაზვიადებულია, თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენი დარჩა რუსეთს. რაც დარჩა რუსეთს, ამით დიდი უპირატესობა აქვთ, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი კუთხით.
რუსებს უმეტესობა აქვთ სუ-35, სუ-34, ნაკლები აქვთ სუ-24 და სუ-25. უკრაინელებს კი, სულ ეს აქვთ. შესაბამისად, რუსებს ჯერ კიდევ საგრძნობი უპირატესობა აქვთ ჰაერში. ამის განეიტრალება შეიძლება, როგორც მრავალფუნქციური თვითმფრინავებით, რაც, პირველ რიგში, გამანადგურებელია. რუსეთის ამ უპირატესობის განეიტრალება თუ არ მოხდება, ძალიან გაუჭირდება უკრაინას.
რამდენად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ უკრაინამ საკუთარი სამხედრო მრეწველობა შექმნას? ბოლო მონაცემებით 33 კომპანია გადაამზადა ამისთვის.
არის ამის რესურსი, მაგრამ უფრო იმ საშუალებების, რაც ნაკლებ რესურსს მოითხოვს. თვითმფრინავების დამზადებას ასე უცებ ვერ დაიწყებს უკრაინა, რაც დღეს ასე სჭირდება. უკრაინაში პერსპექტიულია დღეს დრონების და უპილოტოების წარმოება, როგორც წყალზედა, ისე წყალქვეშა. ამას აწარმოებენ კიდეც, მაგრამ უნდა გაიზარდონ წარმოება. ასევე, უნდა აწარმოებდნენ დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს.
მნიშვნელოვანია დასავლეთიდან მიღებული სამხედრო საშუალებების მომსახურების შექმნა, რაც ამ დრომდე პრობლემაა. მაგალითად, „ლეოპარდები“ რაც გამოდის მწყობრიდან და რემონტი სჭირდება, მიჰყავთ უკან გერმანიაში. ამაში ძალიან დიდი დრო და რესურსი იხარჯება.
რამდენად ჩანს სტრატეგიული პარტნიორებისგან, რომ ისინი ნაკლებად ემხრობიან კონტრშეტევას და მხარს უჭერენ ე.წ. სიღრმისეულ თავდაცვას, ანუ კონფლიქტის გაყინვას იმ პირობებში, როცა უკრაინის უმთავრეს მიზნად რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა ტერიტორიის დაბრუნება?
პირიქით იყო შარშან, როცა დასავლეთში მოლოდინი ძალიან დიდი იყო უკრაინის მხრიდან კონტრშეტევაზე, მაგრამ კონტრშეტევა შესაბამისი საცეცხლე უზრუნველყოფის გარეშე, არის პირადი შემადგენლობის ძალიან დიდი დანაკარგი. ამ მოცემულობაში განწირული ხარ წარუმატებლობისთვის.
ჩემი აზრით, დასავლეთში ყველა თავის ელექტორატზე მუშაობს და პრობლემად აღიქვამენ უკვე არა ომს უკრაინაში, არამედ პერსპექტივას: მსგავსი რამ რუსეთმა სხვა ქვეყანასთან ვეღარ შეძლოს.
დასავლეთში, მათ შორის, მაგალითად, გერმანიის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს რუსეთი რამდენიმე წელში ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას რომ დაესხას თავს. რა სტრატეგიული მიდგომა ჩანს დასავლეთის მხრიდან: როგორ წარმოუდგენიათ რუსეთის დამარცხება ამ ომში?
ეს არის რუსეთის დასუსტების გზა უკრაინაში, მისი გამოფიტვა. დასუსტება მოიცავს, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური სანქციების გატარებას. რუსეთის პოლიტიკური რესურსები დაყვანილია მინიმუმამდე და ურთიერთობა აქვთ ძალიან ოდიოზურ ქვეყნებთან, დიდი ქვეყნებიდან ნეიტრალურ სტატუსს ინარჩუნებენ მხოლოდ ჩინეთი და ინდოეთი. ვიცით ასევე, რომ ჩინეთზე აქვს გავლენა აშშ-ს.
ინფორმაციული ბერკეტი რუსეთს აქვს მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე, გარეთ ის სრულიად შეზღუდულია. ეს ოთხი ინსტრუმენტი მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ: დიპლომატია, ინფორმაცია, სამხედრო და ეკონომიკა. მთავარია, ამ ინსტრუმენტების ეფექტურად ამოქმედება.
რა შემთხვევაში იმოქმედებს ეს მიდგომა უფრო ეფექტურად?
უკრაინას უნდა დაეხმარონ დროულად, რომ მისი საშუალებით მოხერხდეს რუსეთის დასუსტება… დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკოსების ამოცანაა მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ რუსეთი მათთვისაც საფრთხეა. ელექტორატისთვის ცოტა ძნელად ასახსნელია, რატომ გაძვირდა, მაგალითად, გაზი ახლა, რადგან რუსეთი 10 წლის შემდეგ შეიძლება ჩვენც დაგვესხას თავს.
ამერიკაშიც რესპუბლიკელებს არჩევნების მოგება უნდათ და ამიტომ სჭირდებათ ეს ყველაფერი, თორემ რუსეთი კი არ უყვართ. რესპუბლიკელები ყოველთვის უფრო მეტად ანტირუსული და ანტისაბჭოთა პოლიტიკური ძალა იყო, ვიდრე დემოკრატები, მაგრამ დღეს პირიქით – ხელს უშლიან დახმარების გამოყოფას.
გადაგორდება ეს არჩევნები და ჩვეული რეჟიმი დაბრუნდება, მაგრამ ეს აყოვნებს პროცესს. თანაც, დასავლეთის ქვეყნებში რთულია გადაწყვეტილებების მიღება: აქ ხომ ერთი კაცი არ იღებს გადაწყვეტილებას, საჭიროა კონგრესი თანხმობა და ასე შემდეგ. ამ პროცედურების გავლაში ბევრი დრო იხარჯება, დრო კი, ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.
თქვენი აზრით, რაზე აქვს გათვლა პუტინს? – 2 წლის თავზეც ჩანს, რომ არ გამოდის გათვლა უკრაინის მოსახლეობის გადაღლასა და დანებებაზე.
პუტინს უკან დაბრუნების წერტილი უკვე გავლილი აქვს. აშკარად მოჩანს, რომ უკან ვერ მობრუნდება. ახლა უკან დაბრუნება ნიშნავს, რომ ყველაფერს დაკარგავს. თუ უკრაინა ვერ მიიღებს დროულად დახმარებას, რუსეთი გაძლიერდება და ცხადია, საფრთხეა ყველასთვის. შესაბამისად, დასავლეთს და არცერთ მხარეს უკან დასახევი გზა აღარ აქვს.
რა მოკლა რუსეთში ნავალნის სიკვდილმა ამ საომარ მოცემულობაში? რამდენად შეიძლება ამ ამბავმა კიდევ უფრო შეამციროს რუსეთში სისხლისღვრის გაპროტესტების სურვილი?
არა მგონია, ამან დიდი გავლენა მოახდინოს, რადგან პუტინის პირობებში რუსეთში არაფერი იცვლება, თუ არ იქნება დიდი გაჭირვება, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, ნიკოლოზ მეორის დროს: 1916 წელს ზარ-ზეიმით შეხვდნენ, წარმატებული მონარქი იყო, ერთ წელში კი ოჯახიანად დაცხრილეს.
ნავალნის სიკვდილი არის გზავნილი, რომ ეს ადამიანი შეიძლება ყველაფერზე წავიდეს.
ამ გადასახედიდან, რამდენად ჩანს 2024 წელს ამ ომში გარდამტეხი პირობები გამოჩნდეს?
ავიაციის კუთხით უკრაინის მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ეს აღჭურვილობა და ტექნიკა უკრაინას უნდა მიაწოდონ დროულად, ვიდრე ადამიანური რესურსები აქვს უკრაინას. ადამიანი იღლება, თანაც უკვე 2 წელია ომია, შეიძლება სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს ადამიანი.
კონტრდარტყმა რამდენად გამოვა, არ ვიცი, რადგან ყოველთვის ეს დიდ დანაკარგებთან არის დაკავშირებული. მაგრამ როგორც თავად უკრაინელები ამბობენ, ისინი უფრო მუშაობენ მოწინააღმდეგის გამოფიტვაზე. ეკონომიკური სანქციები მუშაობს ასევე რუსეთის დასუსტებაზე.
ამასობაში, შესაძლოა ყველაფერი მოხდეს – პუტინი გადაბრუნდეს და მოკვდეს.
მთავარი პრობლემა რესურსებია, რაც ამ გათვლებით დიდხანს ეყოფა რუსეთს, მაგრამ მან თუ წარუმატებლობა განიცადა უკრაინაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები რუსეთში.
ერთ მხარეს რესურსების კუთხით არის რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი, მეორე მხარეს – დასავლეთი. რამშტაინის ჯგუფი რომ ავიღოთ სამხედრო თვალსაზრისით, რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით დიდია რუსეთთან განსხვავება, ამ რესურსებმა უნდა მოიგოს.
ძალიან მნიშვნელოვანია, უკრაინას თუ ეყოფა ადამიანური რესურსი. უკრაინა რუსეთისგან განსხვავებით მგრძნობიარეა ადამიანური დანაკარგების მიმართ. რუსეთის რომელიღაც პროვინციაში, მაგალითად, ცოლს ურჩევნია ქმარი ომში წავიდეს და ბენეფიტი მიიღოს. სხვა ხალხია რუსეთში. მთელი ქვეყანა ასეა, დიდ ქალაქებს თუ არ ჩავთვლით.
„ვინ იყო იმერეთის უკანასკნელი მეფე? – სწორი პასუხია „ბ“, სოლომონ მეორე“ – 14 წლის მუჰამედ აბდინი საქართველოს ისტორიაში დედას ამეცადინებს.
მუჰამედის დედა, მეისუნ ალტაჰერ ავდალა სუდანის მოქალაქეა. მშობლიური ქვეყანა 14 წლის წინ დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა ქმართან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად.
მეისუნ ავდალა საქართველოში 11 წლიანი ცხოვრების და ქართული ენის სწავლის შემდეგ, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს. სურს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო გამოცდები ჩააბაროს და საქართველოს მოქალაქე გახდეს.
„პოლიტიკის და ომის გამო წამოვედით ქვეყნიდან. მეც, ჩემს მეუღლესაც და ბავშვებსაც 11 წელია გვაქვს ლტოლვილის სტატუსი. გვინდა ვიყოთ საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ ახლა მოქალაქეობის განაცხადს ვამზადებთ,“ – ამბობს მეისუნი.
სუდანიდან გაქცევის შემდეგ სამი წელი მალაიზიაში ცხოვრობდა, საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია.
„განცდა, რომ უცხოელი ხარ, მძაფრი იყო მალაიზიაში. საქართველოში ჩამოსვლისას არ მიგრძვნია, რომ აქ უცხო ვარ. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. თავიდან ენა არ ვიცოდი, ძალიან რთული იყო კომუნიკაცია ხალხთან, მაგრამ ენობრივი ბარიერის მიუხედავად სულ მეხმარებოდნენ.
თბილისში ორი წელი ვცხოვრობდი. რთული დრო იყო – სხვა ქვეყანა, სხვა ენა. სამსახური არ გვქონდა, ფული არ გვქონდა, მძიმე დღეები გამოვიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა,“ – იხსენებს მეისუნი საქართველოში ცხოვრების დაწყების პირველ წლებს.
მეისუნი ოჯახთან ერთად ახლა ბათუმში ცხოვრობს. პირველად თბილისიდან ბათუმში თურქეთში წასასვლელად ჩამოვიდა. თბილისში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა ცხოვრება ახალ ქვეყანაში, თურქეთში გაეგრძელებინა.
მეისუნი ამბობს, რომ ბათუმში ერთკვირიანი ცხოვრებისას მიხვდა, რომ სხვაგან წასვლა არ უნდოდა. მერვე წელია ბათუმში ცხოვრობს. მისი სამი შვილი ქართულ სკოლაში დადის, ქართულად თავისუფლად საუბრობს და თავს ქართული საზოგადოების წევრად თვლის.
„ჩემი შვილების კლასელების მშობლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი – ყველა მეხმარებოდა იმაში, რომ ჩემი შვილების საქართველოში ინტეგრაცია მომხდარიყო.
ინტეგრაცია ჩემთვის მხოლოდ სიტყვა არ არის. ჩემი აზრით, ეს არის ცხოვრების სტილი. თუ მე მეზობლებთან ურთიერთობა არ მაქვს, ან არ მყავს დაქალები, უკვე ღარიბი ვარ.
ამიტომ ვამბობ, რომ ინტეგრაცია ჩემი ცხოვრების სტილში ჩანს. აქ არ მყავს არაბი დაქალები. ჩემი მეგობრები ქართველები არიან. მათი დარდი, ჩემი დარდია. მათით ვგრძნობ, რომ ბათუმის საზოგადოების ნაწილი ვარ.
ქართული ენის სწავლა ჩემი მეზობლებისგან დავიწყე. ასევე ჩემი შვილების თანაკლასელების მშობლები მეხმარებოდნენ სწავლაში. თვითონაც მინდოდა სწავლა, რადგან ხალხთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია. ბავშვებს დავალებების გაკეთებაში ვეხმარებოდი. საბოლოოდ ამ ყველაფერმა მასწავლა ქართული,“ – ამბობს მეისუნი.
მეისუნს სამი შვილი ჰყავს – ნურანი, მუჰამედი და ნუნი.
სამივე განათლებას ქართულ ენაზე იღებს, ქართულ სკოლაში. სამივე კარგად სწავლობს. ნურანს არქიტექტორობა უნდა, მუჰამედი ფეხბურთს თამაშობს, ოცნებობს ან კარგი ფეხბურთელი გამოვიდეს ან პილოტი და სამყაროს შემოუფრინოს. ნუნი ჯერ სასურველი პროფესიის ძიებაშია. განსაკუთრებით უყვარს ცეკვა. მისი პირველი იმედგაცრუებაც ცეკვას უკავშირდება.
„ძალიან მიყვარდა ქართული ცეკვა. წრეზე დავდიოდი. ერთ დღეს გვითხრეს, რომ გასტროლებზე უნდა წასულიყო ანსამბლი თურქეთში. ძალიან, ძალიან გამიხარდა. თუმცა იმის გამო, რომ სუდანის მოქალაქე ვარ, ქვეყნის დატოვება არ შემიძლია. ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო ჩემთვის. ისე დამწყდა გული, ცეკვიდან გამოვედი.
ახლა დავდივარ თეატრალურ სტუდიაში. აგვისტოში პოლონეთში მიდიან ჩემი სტუდიის ბავშვები. ძალიან მინდა წასვლა. დედა მოქალაქეობის მისაღებად გამოცდებს აბარებს. არ ვიცი რა იქნება, იმედია შევძლებ წასვლას,“ – გვიყვება ნუნი აბდინი.
ნუნი და მუჰამედ აბდინები
ნუნის ბედი გაიზიარა მისმა ძმამ, მუჰამედმაც, როცა მისი ფეხბურთის გუნდი სათამაშოდ თურქეთში წავიდა, ვერ გაჰყვა, რადგან საზღვრის კვეთა არ შეუძლია.
მუჰამედი ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს გეოგრაფია და ისტორია. დედას ყოველდღე ამეცადინებს ისტორიის ტესტებში, რომ მან საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეძლოს.
„სულ ვამბობ – მინდა ვიყო საქართველოს მოქალაქე. პირველი იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. ცოტა კი მეშინია, ბევრს ეუბნებიან უარს, მაგრამ ჩემთან მიმართებაში ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მითხრან უარი. ენა ვიცი. ვამზადებ ჩემ თავს ისტორიისა და სამოქალაქოს ტესტებისთვის.
ჩემი ბავშვები აქ არ დაბადებულან, მაგრამ თვითონ ასე ამბობენ, რომ ქართველები არიან. თუ ბავშვმა არ იცის მშობლიური ენა [არაბული] და სხვა ქვეყნის ენა იცის [ქართული], ისინი უკვე იმ ქვეყნის შვილები იციან, რომელ ენაზეც ლაპარაკობენ.
ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე. როგორ ვთქვა – ნაწილი მინდა ვიყო ამ საზოგადოების. ემოციურ დონეზე ამის შეგრძნება მაქვს, მაგრამ იურიდიულადაც მინდა ეს ასე იყოს. მინდა მთავრობიდან ოფიციალური დასტური იმის, რომ – კი, შენც ამ საზოგადოების ნაწილი ხარ,“ – ამბობს მეისუნ ავდალა.
მეისუნი World Vision-ში მუშაობს, ასევე თარჯიმანია სასამართლოში. მეისუნის მეუღლე ავადაა და ვეღარ მუშაობს. შესაბამისად, ოჯახის მთელი სიმძიმე – ბინის ქირა, კვების თანხა, გადასახადები, ბავშვების სწავლა-განათლება, მეისუნს აწევს მხრებზე.
გასულ წელს, როცა მისი ქმარი ავად გახდა, მეისუნს სურდა მისი სამკურნალოდ თურქეთში წაყვანა, მაგრამ ვერ შეძლო.
„სუდანის მოქალაქეებს თურქეთში გვჭირდება ვიზა, რომელიც ასი დოლარი ღირს. ვიცით, რომ თურქეთი ვიზას არ მოგვცემდა, რადგან სუდანის მოქალაქეები ვართ. ორასი დოლარი უნდა დაგვეკარგა ტყუილუბრალოდ. საქართველოში ლტოლვილის სტატუსით ვცხოვრობთ, მოქალაქეობა რომ გვქონოდა, სამკურნალოდ წასვლას შევძლებდით,“ – ამბობს მეისუნი.
მეისუნი ამბობს, რომ 14 წელია არ უნახავს საკუთარი ოჯახი. მისი და ნიდერლანდებში ცხოვრობს, მამა, საუდის არაბეთში. თუმცა რადგან დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში, ვერ ახერხებს ქვეყნის დატოვებას.
„ადვილი გადაწყვეტილება არ იყო ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, იძულებულები ვიყავით. 500 დოლარი მქონდა სულ, როცა სუდანი დავტოვე და სამი ბავშვით ჩავედი მალაიზიაში. ურთულესი გზა გავიარეთ, როგორც მიგრანტებმა. ნუნი ერთი წლის იყო მაშინ. შენი ქვეყნიდან მიდიხარ, ეს ადვილი არაა.
14 წლის შემდეგ ჩემი შვილები ქართულად საუბრობენ, ქართულ გარემოში იზრდებიან, სკოლაში დადიან. ჩემი და მათი მეგობრები ქართველები არიან.
მაქვს იმის შეგრძნება, რომ სახლში ვარ. აღარ ვგრძნობ აქ თავს უცხოდ. ბავშვებიც თავის თავს აქ ხედავენ. მგონია მზად ვარ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე გავხდე. ბავშვები ყოველდღე კითხულობენ – როდის იქნება, როდის იქნება…?
მეც ჩემი შვილების მომავალს აქ ვხედავ, საქართველოში. აქ მშვიდად ვართ. შიში არ მაქვს, როგორც დედას.
არ ვიცი, სად გააგრძელებენ ჩემი შვილები სწავლას – ბათუმში თუ თბილისში, მაგრამ ვიცი, რომ მათ საქართველოში უნდათ დარჩენა და ცხოვრება“.
2023 წელს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ამ ცვლილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა შეუძლია სრულწლოვან პირს, თუკი იგი საქართველოში უწყვეტად ცხოვრობს ბოლო 5 წლის განმავლობაში და დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა. ასევე, დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.
საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.
რაც შეეხება არასრულწლოვნებს, იმ შეთხვევაში თუკი არასრულწლოვნის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა, არასრულწლოვანმა შეიძლება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.
„იმ ღამით ძალიან აფორიაქებული იყო, შფოთავდა. ამბობდა მომბეზრდა ყველაფერიო. შემდეგ მითხრა – მე უნდა გავიდე. შემდეგ ბავშვს აკოცა. ალბათ ემშვიდობებოდა.
გვიანი იყო, როცა მეორე ოთახიდან ხმაური შემომესმა და გავედი. არასდროს ამოვა ის წუთები ჩემი თვალებიდან… არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ თოკი გადავჭერი… სახეზე ხელი შემოვარტყი და მოვასულიერე. შემდეგ მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“, – გვეუბნება 40 წლის ნონა, რომელმაც სიღარიბისგან სასოწარკვეთილი მეუღლე იმ ღამით ბეწვზე გადაარჩინა.
მეორე დღეს კი, საავადმყოფოდან დაბრუნებულს სოციალური დახმარების სააგენტოსგან დატოვებული შეტყობინების ფურცელი დახვდა – რომ სახელმწიფო მათ ოჯახს სოციალური დახმარების დანიშვნაზე და უფასო სასადილოზე ისევ უარს ეუბნება.
სახელმწიფომ ამ ოჯახს შემწეობა გასული წლის ზაფხულიდან შეუწყვიტა. ოჯახში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა ამის შემდეგ კიდევ გაუარესდა.
ცოლ-ქმარი ბათუმში, ერთ ძველ, ნახევრად მორყეული სახლის ორ ოთახში ცხოვრობს 7 წლის შშმ შვილთან ერთად.
მძიმე სოციალური ფონი სახლის ყველა კუნჭულიდან გიყურებს. ბაწრით დამაგრებული, გატეხილი მინა, დაბზარული კედლები, მორყეული და ნახევრად ჩავარდნილი იატაკი, თითქმის ცარიელი მაცივარი, სადაც რამდენიმე ქილაში ჯერ კიდევ შემორჩენილია საკვების ნამცეცები და ისიც იმიტომ, რომ ოჯახის ერთი ახლობელი დროებით მათთან ერთად ცხოვრობს. ამიტომ მშიერ ოჯახს საკუთარ ლუკმას უყოფს ჯერჯერობით.
მეუღლისგან განსხვავებით, ნონა ცდილობს არ დაკარგოს იმედი, არ მიეცეს სასოწარკვეთას, რადგან როცა 7 წლის ბონდო სარეაბილიტაციო ცენტრიდან სახლში დაბრუნდება, შეძლოს რაღაც მაინც დაახვედროს საკვებად.
ახლაც იმაზე ფიქრობს, საიდან მოიტანოს დღეს პური, ისევ მაღაზიას მიაკითხოს და ვალს ვალი დაამატოს, თუ ათასგზის შეწუხებულ ახლობელ-ნათესავებს სთხოვოს ისევ დახმარება.
სახელმწიფომ ოჯახს ის მცირედი დახმარებაც შეუწყვიტა, რასაც ნონას შშმ შვილი იღებდა.
7 წლის ბონდოსთან ამჟამად სპეცმასწავლებელი მუშაობს
რატომ დატოვა სახელმწიფომ სამსულიანი ოჯახი ულუკმაპუროდ?
„ცოტა ხნის წინ დედამთილი გარდამეცვალა და მე თვითონ მივედი სააგენტოში. ვიკითხე, ხომ არ შეუწყდება ამის გამო ჩემს შვილს დახმარება-მეთქი. მითხრეს, რომ მოვიდოდნენ და გადაგვამოწმებდნენ“, – გვეუბნება ნონა.
კანონის მიხედვით, თუ სოციალური შემწეობის მიმღებ ოჯახში რაიმე იცვლება – მაგალითად, ბავშვის დაბადება, ოჯახის წევრის გარდაცვალება, მისამართის შეცვლა და სხვა, სახელმწიფომ ოჯახის სოციალური მდგომარეობა ხელმეორედ უნდა გადაამოწმოს.
„მოვიდნენ, გადაგვამოწმეს და დახმარება შეგვიწყვიტეს. სარეიტინგო ქულა კი იმაზე გაცილებით მაღალი დაგვიწერეს, რაც მანამდე გვქონდა. არ ვიცი, რატომ.
გვითხრეს, რომ თურმე ჩემს ქმარს მიწა და სახლი აქვს სოფელში და ეს იყო მიზეზი, მაგრამ ეს არ იყო ახალი ამბავი სახელმწიფოსთვის, რადგან ეს ყველაფერი ჩემი დედამთილის სახელზე იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემს მეუღლეს არც კი გადმოუფორმებია უსახსრობის გამო.
ამიტომ რატომ გახდა ეს მიწა სოციალური დახმარების შეჩერების მიზეზი, არ ვიცი. ეს ქონება, სოციალურ შემწეობას როცა ვიღებდი, მაშინაც ფიგურირებდა ჩემი დედამთილის სახელზე.
მიწა გაქვთო, რომ გვეუბნებიან, მიწას ხომ ვერ შევჭამთ? მიწას დამუშავება ხომ უნდა. მე და ჩემს მეუღლეს ფიზიკური შრომა არ შეგვიძლია. რომც შეგვეძლოს, მაინც ვერ ვიცხოვრებდით სოფელში, რადგან იქ ვერ მოვახერხებთ შვილის გამოკვებას და მკურნალობას. ჩვენი შვილი ჯანმრთელობის პრობლემებით დაიბადა და წლებია ვცდილობთ მის გადარჩენას.
ოთახი, სადაც ნონა შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს
მძიმე დაავადება ჰქონდა, ვერ ჭამდა, ვერ ლაპარაკობდა. რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა და ახლაც ყოველ წელს სჭირდება გამოკვლევები და ექიმის მეთვალყურეობა.
ვერც სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვას ვახერხებდით სოფელში. ბოლო პერიოდია, რაც ლოგოპედთან დაგვყავს და ძლივს დაიწყო საუბარი და ჭამა. ახლაც სპეცმასწავლებელი მუშაობს მასთან.
იმუნიტეტი დაბალი აქვს, ხშირად ცივდება. სჭირდება ფსიქოლოგის დახმარებაც.
ახლაც თბილისშია წასაყვანი გამოკვლევებზე, მაგრამ ვერ ვახერხებთ უფულობის გამო“, – გვეუბნება ნონა.
მისი შვილი სახელმწიფო შემწეობის ფარგლებში 200 ლარს იღებდა თვეში, ახლა ეს დახმარებაც შეუჩერეს. მანამდე კი დედამთილის ავადმყოფობის გამო, რომელსაც მძიმე სენი ჰქონდა, ოჯახს ეს დახმარებაც წინსწრებით ჰქონდა გამოტანილი.
„როცა ჩემს შვილს ოპერაცია დასჭირდა, ხან ვინ დაგვეხმარა და ხან ვინ. სოციალურ ქსელებშიც ვითხოვდი დახმარებას. საკვების ფულსაც მირიცხავდნენ ხოლმე, რადგან 200 ლარი საკმარისი არ არის ბავშვის გამოკვებისთვის. ისეა გაძვირებული ცხოვრება, ასი ლარი 10 ლარს უდრის. ბავშვს კი უამრავი საჭიროება აქვს“, – ამბობს ნონა.
მის მეუღლეს ბანკის ვალიც აქვს. ამბობს, რომ 400 ლარი იყო ბოლოს შესატანი, მაგრამ ვერ შეიტანეს და ჯარიმებიც დაემატათ. „გვემუქრებოდნენ, სახლს დაგიყადაღებთო და ამასაც ძალიან განვიცდიდით“-ამბობს ნონა.
ნონას ვალი აქვს საავადმყოფოშიც, სადაც ბავშვი ეწვა რამდენიმე დღით, თუმცა მკურნალობის საფასურის გადახდა ვერ შეძლო.
„როცა სტატუსი გვქონდა, სოციალური სასადილოთი ვსარგებლობდით და ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იყო. საახალწლოდ ვეღარ ავიღეთ საკვები. იქ ვინც გვიცნობდა, სთხოვეს სასადილოს ხელმძღვანელს, ცოდვა არიან, იქნებ ერთი-ორი ცალი კანფეტი მაინც გაატანოთ ბავშვისთვისო. ასე გამოგვიშვეს იქიდან.
ზაფხულიდან მოყოლებული გაზი გათიშული მქონდა. ვერც შუქის გადასახადს ვიხდიდი. ამ ზამთარში ბავშვი სიცივეში მყავდა და სულ გაცივებული იყო. ახლობელმა ნახა, რომ გაზი არ გვქონდა და დავალიანება დაგვიფარა. რამდენიმე დღეა, რაც ოთახი გათბა, მაგრამ რა ვქნათ მომდევნო თვეში? პატარა ბავშვი მშიერი და გაყინული უნდა მყავდეს?“ – ეკითხება ნონა სახელმწიფოს.
ნონას სახლში ფანჯრები ძველია, მინები – ჩამტვრეული
ნონას მეუღლესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. როგორც ქალი ამბობს, ამის გამო მას მძიმე სამუშაოს შესრულება არ შეუძლია. „ბოლო პერიოდში ახლობელი დაგვეხმარა და რაღაც სამუშაო გამოუძებნა. 600-700 ლარი შემოგვდიოდა ოჯახში ერთჯერადად, თუმცა ესეც არ იყო საკმარისი ვალების გამო.
მეც ანემია მაქვს, მკურნალობა მესაჭიროება, მაგრამ ვერ ვახერხებ. ვცდილობ, თუ რამე შემოვა ოჯახში, ისევ ჩემს შვილს მოვახმარო“, – ამბობს ნონა.
2024 წლის თებერვალში ნონას ოჯახი სახელმწიფომ 103 580 ქულით შეაფასა.
ეს მაშინ, როცა სოციალურ სააგენტოს კითხვები გაუჩნდა იმაზე, თუ რატომ ვერ იხდიდა ის კომუნალურ გადასახადებს. ანუ სახელმწიფო ხედავდა, რომ ოჯახი ვერც გაზის თანხას იხდიდა და ვერც შუქის.
დედამთილის გარდაცვალებით კი ოჯახს შემოსავალი კიდევ შეუმცირდა, რადგან შეწყდა მისი პენსია, რომელსაც ოჯახი სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებდა.
ოჯახს უფიქსირდებოდა საბანკო და სხვა დავალიანებებიც, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე სახელმწიფომ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ოჯახის სარეიტინგო ქულა გაეზარდა და სიღარიბეში მყოფი სამი დაუცველი ადამიანისთვის დახმარება შეეწყვიტა.
სარეიტინგო ფურცლის მიხედვით, სადაც ოჯახის გადამოწმების თარიღებია მითითებული, სახელმწიფოს დაფიქსირებული აქვს ფინანსური შემოსავლები, რომელიც ნონას თქმით, ის თანხებია, რომელსაც მისი შვილი სახელმწიფო დახმარების ფარგლებში იღებდა, შვიდ თვეში 1400 ლარი.
„ამით როგორ უნდა ეარსება ოჯახს? ახლა კი ესეც აღარ გვაქვს“, – ამბობს ნონა.
მისთვის გაუგებარია, თუ რა ნიშნით უზრდიდა სახელმწიფო მას სარეიტინგო ქულას, როცა ოჯახის მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა წლიდან წლამდე.
ნონას სოციალური რეიტინგის ქულა წლების მიხედვით:
2018 – 56 440
2019 – 61 840
2023 – 87 720
2024 – 103 580
„მართლა ვერ ვხვდები, არ მესმის, რის საფუძველზე გაზარდეს ქულები“ – ამბობს ნონა.
რა იქნება ახლა? – ვეკითხებით მას.
„არ ვიცი. ისევ ახლობლებს უნდა ვთხოვო დახმარება, მაგრამ როდემდე?
ჩემი მეუღლე ისევ კლინიკაში წევს. მძიმე მდგომარეობა აქვს. არ ვიცი, როდის გამოწერენ. ისიც არ ვიცი, ისევ შეძლებს თუ არა მუშაობას. ვნახოთ“, – ამბობს ნონა და გაჰყურებს ცივი და ძველი ოთახის მინაჩამტვრეულ კარს, რომლის ზედა ნაწილს ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს დანით გადაჭრილი ბაწრის ნარჩენი, რომლითაც მისმა მეუღლემ რამდენიმე დღის წინ სუიციდი სცადა.
იმისათვის, რომ უკიდურესად ღარიბი ოჯახები ეგრეთ წოდებულ გადამოწმების პერიოდში ან შემდეგ, სისტემური ხარვეზების გამო არ აღმოჩნდნენ ნონას ოჯახის მსგავს მდგომარეობაში, აუცილებელია მუნიციპალურ დონეზე მოქმედებდეს სასწრაფო დახმარების პროგრამები – ამბობს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, მკვლევარი, მარიამ ჯანიაშვილი.
მარიამი მიიჩნევს, რომ ქულათა მინიჭების სისტემა პრობლემურ. ზოგადად, პრობლემაა ოჯახების გადამოწმების პროცედურა, რადგან დროშია გაწელილი და ადამიანები რჩებიან ყოველგვარი სერვისების და შემწეობის გარეშე, რაზეც აღნიშნული ისტორიაც მეტყველებს.
„ადამიანს, რომელსაც არ აქვს საკვები სახლში, ვერ ეტყვი – „მოდით დამელოდეთ“ ორი ან თუნდაც ერთი თვე. როგორ უნდა გადარჩეს ადამიანი, როცა სხვა შემოსავალი არ აქვს? მით უმეტეს, როცა ოჯახში არიან ბავშვები, შშმ პირები ან ხანდაზმულები.
ქულების დათვლის ელექტრონული სისტემა ვერასოდეს იქნება უნაკლო, ადამიანის სიღარიბის რეალური მდგომარეობა რომ ასახოს სიზუსტით. ამიტომ, მეთოდოლოგიის არასენსიტიურობის გამო შეიძლება სისტემაში ვერ მოხვდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც რეალურად აქვს პრობლემა.
თუ სისტემაში დავაფიქსირებთ, რომ ესა თუ ის ოჯახი ფლობს, მაგალითად, მიწას სოფელში, ისევე როგორც ნონას შემთხვევაში, სისტემამ ეს შეიძლება აღიქვას პოზიტიურად, რადგან ის ვერ შეაფასებს, რა ხდება რეალურად ამ მიწაზე, შეუძლია თუ არა ოჯახს მისი დამუშავება, გამოყენება და აქედან ეკონომიკური სარგებლის მიღება.
სისტემა აღიქვამს იმას, რამდენი აქვს კომუნალურებში გადახდილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ აღიქვამს იმას, ოჯახმა სესხი აიღო, ნათესავმა გადაუხადა თუ შემოსავლები ჰქონდა.
სისტემა ხედავს, რომ ადამიანს სახლში აქვს პარკეტი და ამას ენიჭება ქულა, მაშინ, როცა ეს პარკეტი შეიძლება იყოს ძველი და შელახული. ამიტომ არის პრობლემა ეს მეთოდოლოგიური გამოწვევები“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.
მარიამ ჯანიაშვილი. მკვლევარი
მისი თქმით, ან სისტემა უნდა შევცვალოთ, ან სულ იქნება ასეთი შეცდომები. სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ადამიანები მინიმალური მხარდაჭერის გარეშე არ დარჩნენ სიღარიბეში.
„ქულათა მინიჭების ეს სისტემა იმიტომ არის პრობლემური, რომ ამაზეა მიბმული ყველა სოციალური სერვისი, მათ შორის მუნიციპალური სასადილოს სერვისიც. თუ სისტემა მაღალ ქულას მიანიჭებს ოჯახს, ეს ოჯახი ყველა სოციალური სერვისის გარეშე რჩება.
საერთაშორისო დონეზე ამბობენ, რომ სოციალური დაცვა უნდა იყოს უნივერსალური და რაღაც შეფერხებების თუ ოჯახების გადამოწმების პროცესში უნდა მუშაობდეს ე.წ. სასწრაფო დახმარების სერვისები, რომ ადამიანები არ დარჩნენ საარსებო მინიმუმის გარეშე“, – ამბობს მარიამი.
რა არის სასწრაფოდ გადასახედი და შესაცვლელი სახელმწიფოს სოციალურ პოლიტიკაში? – მარიამ ჯანიაშვილის თქმით, უნდა ვილაპარაკოთ იმაზეც, როგორია სოციალური სერვისები როგორც ცენტრალურ, ასევე მუნიციპალურ დონეზე.
„ხშირად, ყველა სოციალური სერვისი თავმოყრილია ცენტრში და მუნიციპალურ დონეზე ადამიანებს არ შეუძლიათ სარგებლობა. თუნდაც იგივე სასადილოს სერვისის მიღება.
საარსებო შემწეობას, ჩვენ რამდენიმე კვლევა მივუძღვნით. ერთი მხრივ საკმაოდ შემაშფოთებელი ის რიცხვები, რომელიც დაკავშირებულია საარსებო შემწეობასთან. 1 მილიონ 200 000-ზე მეტი ადამიანია სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული, 600 000-ზე მეტი ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს – ეს საკმაოდ დიდი მაჩვენებელია და იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ადამიანი ითხოვს გარკვეული სახის სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან.
ყველაზე პრობლემურია ის, რომ ადამიანები თვიდან თვემდე იღებენ ძალიან მწირ ფულად დახმარებას. 16 წელს ზემოთ 30-დან 60 ლარამდე (გააჩნია რა ქულას აიღებენ), რაც მინიმალურადაც კი ვერ უზრუნველყოფს საჭიროებებს, რადგან ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმზე – 255 ლარზე ნაკლებ თანხას იღებენ.
ადამიანმა როგორ უნდა იარსებოს ამით? როგორ შეიძლება ადამიანი გადარჩეს თვეში 30-60 ლარამდე დახმარებით.
ბოლო წლებში შედარებით გაიზარდა ბავშვებზე დახმარება და თვეში 200 ლარი გახდა, თუმცა ესეც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.
მისი თქმით, სოციალური სისტემის არაეფექტურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ადამიანები, რომლებიც წლებია სარგებლობენ სახელმწიფო შემწეობით, ვერ ამოდიან სიღარიბიდან.
„ეს ძალიან კარგად ჩანს სტატისტიკაში. საარსებო შემწეობის მიმღებთა 47%-ი, 5 წელზე მეტია იღებს სახელმწიფო შემწეობას. არიან ისეთი ოჯახებიც, რომლებიც 11-15 წლის განმავლობაში იღებენ დახმარებას. ეს ძალიან შემაშფოთებელია და მიუთითებს იმაზე, რომ ეს სისტემა ამ ადამიანების ეკონომიკურ გაძლიერებას ვერ უზრუნველყოფს.
ამიტომ, ამ ადამიანების მხარდამჭერი სისტემები გადასახედია.
ის, რაც არის, მაგალითად, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, ესეც ბევრ კითხვას და ბუნდოვანებას აჩენს, რადგან არსად წერია, რა კრიტერიუმებით ხვდებიან ადამიანები ამ პროგრამაში, ყველას ასაქმებენ თუ არა და რამდენი ხანი იარსებებს ეს პროგრამა.
რა იქნება შემდეგ, როცა ეს პროგრამა დასრულდება, იქნებიან კი ეს ოჯახები ეკონომიკურად უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე?
სჯობდა, ეს ადამიანები ეკონომიკურად გააქტიურებულიყვნენ, თუმცა დასაქმების ეს პროგრამა არ ითვალისწინებს იმას, რომ ვთქვათ პროფესიულად გადაამზადონ ადამიანები. ასევე, პროგრამა ნაკლებადაა გათვლილი შშმ პირების დასაქმებასა და იმ ბარიერების დაძლევაზე, რასაც ისინი აწყდებიან არსებულ გარემოში“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.
ბათუმში, კობალაძისა და ინასარიძის ქუჩების გადაკვეთაზე კურიერს ავტომანქანა დაეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, კურიერი საავადმყოფოში გადაყვანისას კონტაქტური იყო.
დაშავებულია 21 წლის კაცი და როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღმოაჩნდა:
„ამოვარდნილი აქვს მარჯვენა ხელი და მცირე ჭრილობა აქვს ფეხზე“.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.
ცოტა ხნის წინ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, სილამაზის სალონი დახურა. წლობით მუშაობდა იტალიური ბრენდების თავის მოვლის საშუალებების ტრენერად, ბიზნესი მთლიანად მისი იყო და საქმეც მოსწონდა, მაგრამ მიხვდა, რომ ,,გადაიწვა“ და საჭირო იყო სიახლეები, რაღაც სხვა უნდა გაეკეთებინა, რაშიც მთლიანად გადაეშვებოდა და მთელ დროს ისე დაუთმობდა საქმეს, რომ არ დაიღლებოდა:
„ასე დავხურე ჩემი ძველი ბიზნესის ყველა კარი ერთ მშვენიერ დღეს. ყოველთვის ვხატავდი და გადავწყვიტე მეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, მახარებდა და კერამიკის დამუშავება ვისწავლე. ჩემი შვილები გაიზარდნენ და გავთავისუფლდი. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როცა საინტერესო ექსპერიმენტების უფლება შემეძლო მიმეცა საკუთარი თავისთვის“ – იხსენებს 46 წლის იზა სამველიძე, რომელიც კერამიკით 2 წლის წინ დაინტერესდა.
იზა ნამუშევრებს უკვე ინტერნეტით ყიდის. ამბობს, რომ გაყიდვების ტენდენცია მზარდია და ყველა მისი სამომავლო გეგმა კერამიკაზე მუშაობას უკავშირდება. კერამიკის ოსტატისგან ძირითადად ნივთის ტექნიკურად აწყობა ისწავლა, მერე კი საკუთარი იდეების და ფანტაზიის ხორცშესხმა დაიწყო, დაინტერესდა დამუშავების სხვადასხვა ტექნიკით, ახლა სერბი კერამიკოსის ონლაინკურსს გადის. უნდა, რომ მხატვრული კერამიკა აქციოს სამომავლო საქმედ და შემოსავლის წყაროდ, ეს კი გულისხმობს ინტერიერის, შენობის კუთხეების, კედლების დეკორაციას.
იზა სამველიძის ნამუშევრები, კერამიკა.
იზა ამბობს, რომ მის ნამუშევრებს თავიდან ნაცნობ-მეგობრები ყიდულობდნენ, მერე მყიდველების წრე გაფართოვდა. სამომავლოდ საკუთარი ვებგვერდის შექმნას გეგმავს, სადაც ყველა ნივთს განათავსებს:
„ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები და წამხალისებლები ჩემი ქმარი და შვილები არიან. ყველაფერი შენს ფანტაზიაზე, იდეებსა და საქმის მიმართ სიყვარულზეა დამოკიდებული.
ვებგვერდი რომ მექნება, ინტერნეტში გაყიდვის პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში კერამიკის ბევრი მოყვარულია“, – ამბობს იზა.
ბათუმში არსად ეგულებოდა ადგილი, სადაც მის მსგავსად კერამიკასა და სხვა მასალებზე მომუშავეებს გაიცნობდა, მაგრამ მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრმა აჭარაში მცხოვრები ის ქალები შეკრიბა, რომლებიც ნამუშევრებს ხელით ქმნიან. სწორედ აქ გაიცნო ბევრი ასეთი ქალი იზამ.
პროექტის ფარგლებში ქალები საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ და ერთად გეგმავენ საერთო ვებგვერდის შექმნასაც, სადაც ყველას ხელნაკეთი ნივთი იქნება ონლაინ ხელმისაწვდომი, შესაკვეთად.
ხელნაკეთი ნივთების ავტორებისთვის სწორედ გასაღების ბაზარია ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. თუმცა იზა ამბობს, რომ გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს ჰქონია, არც მაშინ, როცა სილამაზის სალონი ჰქონდა და არც მერე, როცა კერამიკაზე მუშაობა დაიწყო.
ამბობს, რომ წარსულში, როცა ბიზნესი იყო მისი საქმე, კომუნიკაციის ბევრი წესი ისწავლა, რაც სწორედ პროდუქტის გასაყიდად იყო მნიშვნელოვანი. კერამიკის ნივთების შემთხვევაში კი იზა ამბობს, რომ თუ სიახლეებით ყოველთვის ინტერესდები, ახალ-ახალ ტექნიკას ცდი და ექსპერიმენტებს ატარებ, აუცილებლად განივითარებ ცოდნას და ნამუშევრებიც ორიგინალური ხდება, რაც გაყიდვებზეც აისახება.
იზა სამველიძის ნამუშევრები, კერამიკა.
ახალბედა კერამიკოსი გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას, რას განიცდიან ქალები მას შემდეგ, რაც შვილები იზრდებიან, მოვლა აღარ სჭირდებათ და დამოუკიდებლები ხდებიან. საუბრობს იმაზეც, თუ რამ შეიძლება ამ დროს ქალს გადაალახვინოს ფსიქოლოგიური ბარიერები, რაც ბევრისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევა:
„როცა ბავშვები გაიზარდნენ მე დიდი თავისუფლება ვიგრძენი. მაგრამ ეს ერთბაშად არ მომხდარა. სანამ პატარები გყავს, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ პატარების მიმართ და საკუთარ თავს ცოტა ხნით ივიწყებ. როცა იზრდებიან, თავისუფალი ხდები და შეიძლება ეს ,,უფუნქციობად“ ჩათვალო, შეიძლება ფსიქოლოგის დახმარებაც დაგჭიდეს, რომელიც მიგიყვანს აზრამდე, რომ საკუთარი თავი უნდა გაიხსენო და დაიბრუნო, თავი რომელიც დაგეკარგა.
ამაზე დაფიქრების შემდეგ ვიპოვე თავი და ახლა მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ტიპის მუხტი მიჭირავს კუდით, რომელსაც აღარასდროს გავუშვებ ხელს. მინდა, რომ მთელი ცხოვრება ამ მუხტით ვიცხოვრო. ბავშვივით ლაღი და ცუღლუტი გავხდი მას შემდეგ, რაც შვილები დამოუკიდებლები გახდნენ და გავთავისუფლდი.
მინდა ისე ვიმუშაო კერამიკაზე, რომ ჩემი ნივთების დანახვამ ადამიანები გააბედნიეროს, გააღიმოს. ეს პროცესი მომწონს – ნამუშევრებით დადებითი ემოციების გამოწვევა, იმ ემოციების, რისი მატარებელიც თავად ვარ.
საქართველოში ქალებს ხშირად არასწორად გვასწავლიან, რომ ჩვენი თავის სიყვარული ეგოიზმია. არ არის ეგოიზმი საკუთარი თავის პატივისცემა. ქალებმა ხშირად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: დღეს რა გაგიხარდება? რა გესიამოვნება? რას გააკეთებდი დღეს საკუთარი თავისთვის, რომ შენც ბედნიერი იყო და გარშემომყოფებიც? ელემენტარული კითხვებია, რაზეც დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს შეიძლება პასუხი არც ჰქონდეს“, – ამბობს იზა სამველიძე.
6 სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალი აჭარიდან ერთ სივრცეში თავიანთმა ნამუშევრებმა შეკრიბა. ბათუმში, ჟორდანიას 4 ნომერში, სოციალურ კაფე „სოციუმში“ დაგხვდებათ აჭარაში მცხოვრებ ქალთა, მათ შორის შშმ პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტექნიკით დამზადებული დეკორატიული თუ ყოველდღიური მოხმარების ნივთები.
იზა, ნათია, თეონა, მარია, მზიური, ნათია – მათ 17 თებერვალს გამართულ პრეზენტაციაზე შევხვდით და ვთხოვეთ მოეყოლათ, თუ რატომ და როდის დაიწყეს ხელნაკეთი ნივთების შექმნით თავიანთი ემოციებისა და სათქმელის გამოხატვა.
იზა სამველიძე ბათუმიდანაა, ის კერამიკულ ნივთებს ამზადებს და სურს თავისი ხაზი განავითაროს:
იზა სამველიძე
„სტერეოტიპის დარღვევასავით გამომივიდა, რადგან გარკვეულ ასაკში კლიშეა, რომ თითქოს ვერ შეცვლი ცხოვრებას. მე ყოველთვის რევოლუციური განწყობით ვიყავი, სკოლაშიც კი და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ასე ერთფეროვანი ცხოვრება აღარ შეიძლება, მინდა ხელოვნება.
ბევრი ლოდინი აღარ მინდოდა, მსურდა ეგრევე დამეწყო ჩემი იდეების განვითარება და ასე მოვედი კერამიკაში. მიყვარს ხატვა და ეს დავაკავშირე კერამიკას. საბოლოოდ, ჩემი მიზანი და ოცნებაა მხატვრული კერამიკით ვიყო დაკავებული და მქონდეს საავტორო ნამუშევრები. აქ, „სოციუმში“ მოსვლით მაქვს ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოვხვდი ჩემიანებში, ჩემს გარემოში, სადაც გვაერთიანებს ერთი დიდი იდეა – შენი ნიჭი, იდეა გადმოსცე ხელნაკეთი ნივთების სახით“, – ამბობს იზა.
მარია დავითაძე შუახევიდანაა: „ბავშვობიდან მიყვარდა ქსოვა, ქარგვა.. დიდი ხანია ვმუშაობ ამ მიმართულებით. ასევე ვასწავლი ბავშვებს, ვმუშაობ მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში, სადაც ბავშვები დაინტერესებულნი არიან ხელსაქმით. ვატარებთ გამოფენებსაც“.
მარია დავითაძე
„სოციუმში“ ასევე ნახავთ ნათია მელაძის ნაქსოვ ნივთებს, ის ხულოში ცხოვრობს: „ვარ მარტოხელა დედა, ორი შშმ სტატუსის მქონე შვილი მყავს. წამოვიწყე ქსოვა, რათა ჩემი შვილებისთვის შემოსავლის წყარო გამეჩინა. ჩემ მოქსოვილ ნივთებს ვყიდი როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე ფოსტითაც შემიძლია გაგზავნა. აჭარული ხელნაკეთი ნივთები მუდამ დაფასებულია და მიხარია, რომ ამ სივრცეში გამოიფინება“.
ნათია მელაძე
თეონა ლანჩავა ქედის რაიონში ცხოვრობს. ის ეპოქსიდის დახმარებით ამზადებს სხვადასხვა ფიგურასა და ნივთს: „დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც დავინტერესდი ამ მასალით, თავიდან სოციალურ ქსელში ვპოულობდი ნამუშევრების ფოტოებს, მერე უკვე თვითონ დავიწყე ნივთების დამზადება. სახლში, ძირითადად, ბავშვის აღზრდით ვარ დაკავებული და ეს ხელსაქმე ძალიან მეხმარება. ეპოქსიდი ორი ელემენტისგან შედგება, ცხრილის მიხედვით ვაზავებ და შემდეგ ვაძლევ სასურველ ფორმებს“.
თეონა ლანჩავა
„აქ ყოფნა სასიხარულოა. ვფიქრობ, მაღალმთიან აჭარაში ძალიან ბევრს სჭირდება ნივთების რეალიზაცია და ხელშეწყობა. ამ მხრივ ეს პროექტი ბევრს დაეხმარება და წარმატებულიც იქნება“, – ამბობს თეონა.
ნათია ნაგერვაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთიდანაა: „მას შემდეგ, რაც ტურიზმის განვითარებასთან ერთად ტრადიციული ხელსაქმე – რეწვა, აჭარული ნაქარგობა წინ წამოვიდა, ჩვენს სოფელშიც დაიწყო მათი ძიება, ვინც დაამზადებდა ისეთ ნივთებს, რომლებიც იქნებოდა ძველ, ტრადიციულ მოტივებზე და თანამედროვე აქსესუარებით. მივიღე ამ ინიციატივაში მონაწილეობა და გავხდი საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის წევრი. მქონდა ბევრი გამოფენაც“.
ნათია ნაგერვაძე
„შთაგონებას ვიღებ ძველი ნაკეთობებიდან, მცენარეებიდან. მაგალითად, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში ვნახე მოჩუქურთმებული კარი, რომლის ორნამენტიც შემდგომში გადავიტანე ნაქარებში“, – ამბობს ნათია.
მზიური მელაძე
მზიური მელაძე ხულოს სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობს: „როცა ლამაზ ორნამენტს, სურათს ვხედავდი, ბავშვობიდან ნაქარგებში გადამქონდა. ქსოვას დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა თავიდან, შემდეგ, როცა მივხვდი, რომ ამით შემეძლო დამატებითი შემოსავლის წყარო გამეჩინა, უფრო მონდომებული გავხდი. ჩემი შვილი არის 8 წლის და მე რომ მხედავს, გაკვეთილების მომზადების შემდეგ თვითონაც ძაფი და საქსოვი ჩხირები უჭირავს. თუმცა მინდა, რომ ჯერ ისწავლოს, ხელსაქმის დრო მუდამ ექნება“.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა „აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენელი ნინო დიასამიძე, რომელმაც ქალებს მაღალმთიანი აჭარიდან ხელსაქმისთვის საჭირო მასალები გადასცა საჩუქრად:
„ჩვენი კომპანია – „აჭარისწყალი ჯორჯია“ მხარს უჭერს ადგილობრივი ქალი მეწარმეების გაძლიერებას. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებთან ერთად განვახორციელეთ ადგილობრივი ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროექტი და დღევანდელი შეხვედრაც ერთგვარი გაგრძელებაა ამ ინიციატივისა. მოხარული ვარ და მინდა წარმატება ვუსურვო მონაწილეებს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს“, – გვითხრა ნინო დიასამიძემ.
ეს ღონისძიება სწორედ „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
თავად პროექტი – „ქალთა, მათ შორის შშმ პირთა გაძლიერება“ ხორციელდება „პური მსოფლიოსთვის“ (bread for the world) ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი ახორციელებს. ორგანიზებას კი „მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი“ უწევს, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში დაფუძნდა.
ორგანიზაციის წარმომადგენლის, ციალა ქათამიძის თქმით, ეს არ არის ერთჯერადი გამოფენა და სამომავლოდ დაგეგმილია უფრო ფართომასშტაბიანი ღონისძიებები:
„ამ პროექტის და დღევანდელი ღონისძიების მიზანი არის ის, რომ ქალებს, მათ შორის შშმ პირებს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ და არ აქვთ შესაძლებლობა თავიანთი ნამუშევრები წარუდგინონ შედარებით ფართო საზოგადოებას, ვეხმარებით, ჰქონდეთ ხელმისაწვდომი, როგორც სოციალური ქსელები, ასევე სივრცე, სადაც განათავსებენ პროდუქციას და მოსინჯონ საკუთარი ძალები ამ სოციალურ-ეკონომიკურ მოცემულობაში. ვთვლით, რომ ქალების გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი სწორედ ეკონომიკური მდგრადობა და სტაბილურობაა.
ეს გამოფენა მეორედ ჩატარდა ამ სივრცეში, რომელსაც ჰქვია „სოციუმი“, მარტში ვგეგმავთ უფრო დიდ გამოფენა-გაყიდვას, რომლის მიზანია, როგორც ამ ქალებისა და შშმ პირების შესაძლებლობების ჩვენება, ასევე ბაზის შექმნა, რომელიც მათ მისცემთ სამომავლო კოლაბორაციის საშუალებას. შეიქმნება ასევე საიტი, სადაც მათი ნამუშევრები განთავსდება და გაიყიდება“.
თიბისი თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად მათზე მორგებული სესხი გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით მიიღონ.
თუ ხართ დასაქმებული ან თვითდასაქმებული და ბოლო 6 თვეში გაქვთ მინიმუმ 5, არანაკლებ 300 ლარიანი ჩარიცხვა ნებისმიერი დანიშნულებით, ნებისმიერი პირისგან, შეგიძლიათ სწრაფი სამომხმარებლო სესხით ისარგებლოთ.
სესხი შეგიძლიათ აიღოთ თქვენი ნებისმიერი სურვილისთვის, მიზნობრიობა შეუზღუდავია – მოგზაურობა, დასვენება, ნივთების შეძენა და ა.შ.
სესხის თანხა შეადგენს 500-დან 30,000 ლარს და დამოკიდებულია ყოველთვიურ შემოსავალზე. ნომინალური განაკვეთი იწყება 12.25%-დან, ხოლო ეფექტური – 15.5 %-დან.
გაითვალისწინეთ, რომ სესხის აღება შესაძლებელია 6-დან 48 თვემდე ვადით, 20-დან 65 წლამდე პირებისთვის.
სესხის აღება შეუძლიათ თვითდასაქმებულ სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის მქონე ადამიანებს, ვისაც ანაზღაურება თიბისის ანგარიშზე ერიცხება ნებისმიერი დანიშნულებით, ნებისმიერი პირისგან.
სესხის ასაღებად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ფილიალში ან დარეკვით კონტაქტ-ცენტრში *2727
ბათუმში, გაგარინის ქუჩის #1-ში, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ახალი სივრცის გახსნასთან ერთად, კომპანიამ ტოიოტას განახლებული, მეორე თაობის C-HR-ის პრეზენტაციაც გამართა.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ სამღებრო-სათუნუქე სივრცეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთება, უახლესი დანადგარებისა და ტექნოლოგიების საშუალებით. მომხმარებლები ადგილზე მიიღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა ავტომობილის დაშლა-აწყობა, სათუნუქე სერვისები, სამღებრო სამუშაოები, ფირის გადაკვრა ავტომობილზე და სხვა.
გოდერძი სურმანიძე,„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენს მომხმარებელს ძალიან საჭირო და სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებთ. ტოიოტას სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეში ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ქარხნული სიზუსტის მისაღწევად გამოიყენებენ მწარმოებლის მიერ დადგენილ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინსტრუმენტებს.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ახალი სამღებრო-სათუნუქე საამქრო სხვადასხვა სერვისს აერთიანებს. გამორჩეულია შეღებვისა და ფერთა შეზავების მიმართულება, ცალკეა გამოყოფილი თვლების შეყრის სივრცე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილზე ფირების გადაკვრის სერვისი. ამ სივრცის გახსნით მომსახურების სრული ჯაჭვი იკვრება – ავტომობილის შეძენა-სერვისიდან შეკეთებამდე. ჩვენი მომხმარებელი ნებისმიერ მომსახურებას, რომლებიც შეიძლება ავტომობილთან დაკავშირებით დასჭირდეს, უკვე სრულყოფილად მიიღებს“.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმში“ პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელიც წარუდგინეს. მეორე თაობის C-HR განახლებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური პარამეტრებით.
გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი:„ჩვენს მომხმარებლებთან ერთად, მოუთმენლად ველოდით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის ახალ თაობასთან პირველ შეხვედრას – შთაბეჭდილებამ, დარწმუნებული ვარ, მოლოდინს გადააჭარბა. გარანტირებული ხარისხი, სანდოობა, ეკონომიურობა და დიზაინი, რომელიც არასდროს დარჩება შეუმჩნეველი – ეს ავტომობილი ნამდვილად შექმნილია მიზანსწრაფული და თავდაჯერებული ინდივიდებისთვის, რომლებიც თამამად ხვდებიან თანამედროვე გამოწვევებს. „
ექსპრესიული დიზაინით, მართვის სიმსუბუქითა და საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამორჩეული ახალი მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით. სტანდარტულ 1.8 და 2.0 ძრავაზე მომუშავე ორი წამყვანი თვლის მქონე მოდელებს დაემატა 2.0 ძრავაზე მომუშავე ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ავტომობილი. სიმძლავრეც, შესაბამისად, 140 და 196 ცხენის ძალაა. განახლებული მოდელი მაქსიმალურად ეკომეგობრულია, ინტერიერის ძირითადი ნაწილი ვეგანური მასალისაგანაა დამზადებული.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ ღონისძიება Courtyard by Marriott Batumi-ს, „თიბისი დაზღვევისა“ და სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ კომპანიის ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად „ტოიოტას“ მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ს
ერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 თებერვლის 21 საათიდან 21 თებერვლის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 22 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 23 თებერვალს ღამით და დილით – დროგამოშვებით წვიმა, დღისით და მომდევნო 2 დღეს [24-25 თებერვალს] კი უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 404 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
ტანკი – 6 503 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 12 268 ერთეული [+36]
საარტილერიო სისტემა – 9 773 ერთეული [+40]
MLRS – 988 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 675 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 338 ერთეული [+2]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 521 ერთეული [+61]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 902 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 805 ერთეული [+38]
სპეცტექნიკა – 1 551 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
572 თვითმფრინავი
266 ვერტმფრენი
12 943 უპილოტო საფრენი აპარატი
471 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 123 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 118 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 860 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძულის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ბარცხანის სანაპიროსთან ამ ეტაპზე ხელოვნურ ნახევარკუნძულს აშენებს. კიდევ ერთ ნახევარკუნძულს კომპანია თამარის დასახლებაში [„ბათუმი ცენტრალის“ მოპირდაპირედ] ააშენებს.
ორივე ნახევარკუნძული კი, ერთიანი პროექტის ნაწილია, რომლითაც ბათუმში „ამბასადორმა“ ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს.
მშენებარე ნახევარკუნძული ჩანს სატელიტურ ფოტოებზე. 2022 და 2023 წელს გადაღებული ფოტოებით ნათლად ჩანს, როგორ შეიცვალა ბარცხანის სანაპირო ზოლის კონტურები:
ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში, ბარცხანის სანაპიროზე
პროექტის განხორციელებით მთლიანად შეიცვლება ბარცხანისა და თამარის დასახლებების გასწვრივ არსებული სანაპირო ზოლი და არსებული პლაჟი გაქრება. სამუშაოები დღესაც გრძელდება და მშენებარე ხელოვნური კუნძულის ფართობი გაცილებით მეტია, ვიდრე შარშან სატელიტიდან გადაღებულ ფოტოზე.
ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობა ბათუმში, ბარცხანის სანაპიროსთან / 15.02.2024 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“
ხელოვნური ნახევარკუნძულის, როგორც „ნაპირდამცავი ჯებირის“ მშენებლობა „ამბასადორმა“ 2022 წელს გზშ-ს გარეშე დაიწყო.
რაც შეეხება უშუალოდ კუნძულს, მისი მოწყობის პროექტთან დაკავშირებით, კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] ანგარიში აქვს წარდგენილი.
გზშ-სთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდანინო ჩხობაძეს, ექსპერტს გარემოსდაცვით საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელს.
ექსპერტის კითხვებს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გამოეხმაურა. 2024 წლის 12 იანვარს კი, გზშ-ს განხილვა ოფიციალურად ჩაატარეს ბათუმის მერიის შენობაში.
2024 წლის თებერვლის დასაწყისში „ბათუმის თავისუფლების მოედნის“ აქტივისტებმა ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროექტზე პასუხისმგებელ ყველა საჯარო უწყებას საჯაროდ მიმართეს.
აქტივისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ გააანალიზონ პროექტის რისკები – ეკოლოგიური, ეკონომიკური, ურბანული, სტრატეგიული, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით, დათვალონ პროექტის სარგებელი გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩაატარონ კვალიფიციური, მიუკერძოებელი, სრულყოფილი კვლევები და მოაწყონ საჯარო განხილვები ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის შესახებ.
„შემოგვთავაზონ უფრო კვალიფიციური, სანდო კვლევები, რაც მთავარია, შემოგვთავაზონ საჯარო განხილვა, რომელიც იქნება ნამდვილად საჯარო“, – აღნიშნეს აქტივისტებმა:
შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების მოსაწყობად კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ სახელმწიფომ ზღვაში 1 443 223 კვ/მ ტერიტორია 65 წლით, აღნაგობის უფლებით გადასცა.
ხელშეკრულებით, კომპანიას აღებული აქვს ვალდებულება, პროექტის ფარგლებში შექმნას ორი ხელოვნური ნახევარკუნძული და ერთი ხელოვნური კუნძული და მოაწყოს მათზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ამავე ხელშეკრულებით, „ამბასადორმა“ არანაკლებ 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„ამბასადორს“, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაბამისად, ხელოვნურ კუნძულს და ნახევარკუნძულებს საქართველოს მთავრობა საბოლოოდ საკუთრებაში სიმბოლურ 1 ლარადგადასცემს.
ბარცხანისა და თამარის დასახლებების სანაპირო ზოლი ხელოვნური ნახევარკუნძულის მშენებლობის დაწყებამდე. წარწერებით მინიშნებულია ზღვის აკვატორია სადაც ხელოვნური ნახევარკუნძულები და კუნძული მოეწყობა. ფოტო: Oleksandr Yurko / Google Map
ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმა / ესკიზი გზშ-დან
„400-მდე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. გეოლოგებმა დაასრულეს მუშაობა და მალე გვექნება დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, – ეს ინფორმაცია აჭარის მთავრობამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ აჭარის მუნიციპალიტეტებიდან ყველა ოჯახი, ვისი ერთადერთი საცხოვრებელიც მეწყერსაშიშ ზონაშია, მთავრობამ უკვე გაიყვანა, თუ ამ 400 ოჯახში არ შედიან ისინი, რომლებიც მთავრობამ ჯერ ვერ გაიყვანა? – ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი არ გვაქვს.
თუმცა ვიცით, რომ მეწყერსაშიშ ზონებში ჯერ კიდევ რჩებიან ოჯახები, რომლებიც ამბობენ, რომ ეშინიათ და „ღამეებს ათენებენ“. მაგრამ იმ ფასად, რაც მერიამ მათ უსაფრთხო საცხოვრებლის დასაქირავებლად შესთავაზა, ბინების პოვნა ვერ შეძლეს.
„მთავრობამ ქირის ფულს მოგცემთ 300 ლარს და გადითო, სად გავიდე-მეთქი, რომ ვეუბნები, ჩვენ არ ვიცითო. ათწევრიანი ოჯახი ვართ, სოფელ ოქტომბერში ვცხოვრობთ. დიახ, საშიშ ზონაში ვართ. გვეშინია, ღამეებს ვათენებთ, მაგრამ სახლში ვრჩებით. სად წავიდე 300 ლარად? თუ არის, მიქირავონ და წავალ“, – გვითხრა იმედა შერვაშიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში.
იმედა შერვაშიძის თქმით, ქედის მერიამ მას ბინის დაქირავება შესთავაზა იმ პირობით, რომ ბინა 10 -წევრიანი ოჯახისთვის 300 ლარად თავად უნდა იპოვოს, მერია კი ამ ხარჯს ბიუჯეტიდან დაფარავს.
იმედა ამბობს, რომ არათუ ამ ფასად, თავადაც რომ დაამატოს თანხა, ქედაში საქირავებელ ბინას მაინც ვერ იპოვის: „არ არის გასაქირავებელი ბინები ქედაში.“
იმედას თქმით, შესთავაზეს ასევე 50 000 ლარი კომპენსაციის სახით, თუ სახლს იყიდის, მაგრამ უსაფრთხო საცხოვრებელს ვერც ამ ფასად იპოვი და „მთავრობამ ესეც კარგად იცის“. ოჯახს კი დანაზოგი არ აქვს, რომ ამ თანხას დაამატოს და ასე შეიძინოს უსაფრთხო საცხოვრებელი, ამიტომაც ამბობს უარს ამ კომპენსაციის მიღებაზე.
„ისიც მიკვირს, რანაირია, როცა 2-წევრიან ოჯახსაც და ათწევრიანსაც 300 ლარს სთავაზობენ ბინის დასაქირავებლად. ეს სწორია?“
იმედას ვკითხეთ, ცუდი ამინდისა და შესაბამისი გაფრთხილების შემთხვევაში შეუძლია თუ არა თავი შეაფაროს ნათესავს ან მეზობელს, იციან თუ არა სოფლებში საფრთხისშემცველ ზონებში მცხოვრებლებმა ასეთი უსაფრთხო ადგილების შესახებ.
„20 მეზობელი მყავს, ოცივე ჩემ მდგომარეობაშია და ვისთან წავიდე“, – გვიპასუხა იმედა შერვაშიძემ. მისივე ინფორმაციით, იმავე მდგომარეობაშია სოფლის კიდევ ერთი უბანი, რომელსაც გოგინიძეებს ეძახიან:
„ნახევრად დაცლილია ის უბანი, ზოგს ადრე უქირავეს. ზოგი სხვაგან წავიდა.“
მოქალაქეებს კი, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრობდნენ და ბინების დაქირავება მოახერხეს, ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენ ხანს მოუწევთ ქირით ცხოვრება და კონკრეტულად რა სახის მხარდაჭერას მიიღებენ მთავრობისგან.
მთავრობის ინფორმაციით, კომპენსაციების საკითხს განიხილავენ მას შემდეგ, როცა გეოლოგების დასკვნების გაცნობის საშუალება მიეცემათ.
„მალე გვექნება დასკვნები, რომელთა საფუძველზეც ყველა დაზარალებული ოჯახი მიიღებს შესაბამის კომპენსაციას“, – დაწერეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფეისბუქის გვერდზე 2 დღის წინ.
საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცის, კომპენსირების რა ვერსიებზე მუშაობს სამთავრობო კომისია. მხოლოდ უსაფრთხო ადგილების დაქირავება განიხილება მათთვის, ვისი საცხოვრებელიც არამდგრად, სიცოცხლისათვის სახიფათო ზონაში მოექცევა, სოციალური სახლების აშენებას გეგმავენ, მთავრობის საბინაო ფონდის შეთავაზებას, თუ სხვა რამეს.
„დაითვლება ზარალი და მოხდება კომპენსაციების გაცემა. ამ ეტაპზე განხორციელდა მოსახლეობის ქირით გაყვანა“, – დამატებით მხოლოდ ეს განმარტება მივიღეთ დღეს, 19 თებერვალს, მთავრობის პრესსამსახურისგან.
დაზუსტებით არც ის ვიცით, რამდენმა ოჯახმა მოახერხა შეთავაზებულ ფასად სასურველი ფართობის დაქირავება.
ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებთა უსაფრთხო ადგილზე გასაყვანად ქირის სახით 500 ლარია განსაზღვრული და ამ დროისთვის ხელვაჩაურის სოფლებიდან 4 ოჯახი გაიყვანეს.
ლუკა დიასამიძის ინფორმაციით კი, რომლის სახლიც მეწყერსაშიშ ზონაშია, მთავრობა დაქირავებულ ფართობში 320 ლარის გადახდას დაუფინანსებს, 100 ლარს კი თავად დაამატებს.
„გადავედით უსაფრთხო ადგილზე, ბინა ვიქირავეთ. ქირის ნაწილს – 320 ლარს მერია იხდის, 100 ლარს მე ვამატებ“, – გვიყვება ლუკა დიასამიძე. სტიქიური მოვლენების დროს საკუთარ სახლთან ჩამოსულ მეწყერზე ვიდეოკადრები მან სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
ლუკას თქმით, მის საცხოვრებელთან დაკავშირებით გეოლოგიური დასკვნა ჯერ მზად არ არის, თუმცა უთხრეს, რომ „საშიშროებაა”, ამიტომაც უსაფრთხო ადგილზე გადავიდა, ბინა დაიქირავა.
ლუკას ინფორმაციით, მეწყრის მიერ ჩამოტანილი მასა ჯერ ისევ სახლის ეზოშია:
„იმ დონეზე გაწმინდეს, რომ მანქანა გამოსულიყო. ველოდებით, რომ ჩვენს ეზოსაც გაწმენდს ტექნიკა. ამ ეტაპზე მერიამ დაიქირავა ჩვენთვის ბინა. ჯერ არ მოსულა გეოლოგების დასკვნა, თუმცა ნათქვამი ჰქონდათ, რომ არის საშიშროება.“
ქედის მერიის პრესსამსახურში დაგვიზუსტეს, რომ მერია ბინების დასაქირავებლად მოქალაქეებს 350 ლარის გადახდას სთავაზობს. რა უნდა ქნან მათ, ვინც ამ ფასად საცხოვრებელს ვერ ქირაობს? – ამ თემაზე დღეს კითხვები ქედის მერს ვერ დავუსვით, მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. მოგვიანებით დაგვიკავშირდა პრესსამსახურის თანამშრომელი, რომელმაც გვირჩია, მერიას წერილობით მივმართოთ.
ანალოგიური ვითარებაა სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ქედაში, შუახევში, ხულოში, ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები ოჯახები შესაბამის დასკვნებსა და მერიის პასუხებს ჯერ ისევ ელიან.
მათ შორის რამდენიმე ოჯახი კი, როგორც თავად გვიყვებიან, მიუხედავად გაფრთხილებისა, კარგ ამინდში ისევ საკუთარ სახლში ცხოვრობს – წვიმიან ამინდში კი სახლს ტოვებენ და ნათესავთან მიდიან.
ლუკა დიასამიძის ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში მანამდე დარჩებიან, ვიდრე მთავრობა ქედაში სოციალურ სახლებს არ ააშენებს. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ სახიფათო ადგილებში მცხოვრებლებს სოციალურ სახლებში შესთავაზებენ ბინებს.
სტიქიის შემდეგ ქედაში რიგგარეშე სხდომის მოწვევას და სხდომაზე მერის დაბარებას ითხოვს ქედის საკრებულოს ოპოზიცია. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, დავით სირაბიძის ინფორმაციით, მათ მოთხოვნა დღეს, 19 თებერვალს, ოფიციალურად დაარეგისტრირეს.
„ჩვენ გვაინტერესებს, რამდენი ოჯახია რისკის ქვეშ და რამდენს სჭირდება დახმარება. ჩვენი ინიციატივაა ერთად ვიმსჯელოთ ბიუჯეტზე, რომ შევიდეს შესაბამისი ცვლილება. მართალია, ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გასწვდება იმ გამოწვევებს, რაც აქვს მუნიციპალიტეტს და საჭირო იქნება ტრანსფერი, მაგრამ შეიძლებოდა გადანაწილებით ოპტიმალური თანხის გამოთავისუფლება.“
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ფრაქციას მიმართეს მოქალაქეებმაც, რომლებსაც მერიიდან შესაბამისი დახმარება არ მიუღიათ.
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში სტიქიამ სახლი დაანგრია, დაიღუპა ქალი.
დაღუპული ქალის ორი შვილი თავიანთი ოჯახებით სახელდახელოდ აშენებულ ქოხებში, „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას ელიან – მათ დაზუსტებით ჯერ არ იციან, რა კომპენსაცია ეკუთვნით და მიიღებენ თუ არა ოჯახის წევრის დაღუპვის გამო დახმარებას. ერთადერთი, რასაც თავად ვარაუდობენ არის ის, რომ შესაძლოა მიიღონ ბინები „ოცნების ქალაქში“ მთავრობის მიერ აშენებულ კორპუსებში.
„ბათუმელები“ ხვიჩა ბოლქვაძეს ტელეფონით ესაუბრა.
„ოცნების ქალაქში“ ცხოვრობენ ასევე ისეთი ოჯახებიც, რომლებმაც სახელმწიფოსგან კომპენსაცია გასულ წლებში მიიღეს, თუმცა ამ კომპენსაციით მათ უსაფრთხო ადგილზე, ვერც ბათუმთან ახლოს და ვერც სოფლებში საკუთრების შეძენა ვერ შეძლეს. ამიტომაც სახელდახელოდ ააშენეს სახლები „ოცნების ქალაქში“ .
„ამ სახლებში ვცხოვრობთ ზამთარში, როცა მეწყერი აქტიურდება. ზაფხულში მიწის დასამუშავებლად ავდივართ. აბა რა უნდა ჭამო, ბავშვებს რა უნდა აჭამო?“ – გვეუბნება ქალი სოფელ გელაძეებიდან.
ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილზე 56 ოჯახია გაყვანილი.
ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც უზენაეს სასამართლოს განჩინება 2024 წელს მიუღია, კაცი ცოლს ავტომანქანაში კონდიციონერის ზომის გამო ეჩხუბა – პროკურატურის ვერსიით, სახეში გაარტყა ხელი. მოსამართლემ კაცი ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ მიიჩნია, მეორე ეპიზოდში – დამნაშავედ. მეორე ეპიზოდი სახლში ძალადობას ეხებოდა.
მოძალადეს მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა – 100 საათით.
საერთო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ისევ არ ქვეყნდება. რამდენად იცვლება მოსამართლეების მხრიდან ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალდებული კაცების გამართლების ტენდენცია? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ რამდენიმე განჩინებას გაეცნო, რაც ხელმისაწვდომია. [სტატიაში სახელები შეცვლილია]:
„ღამით დასარჩენი არ მაქვს, მშობლებთან ვერ წავალ“ – ქრისტინეს ამბავი, რომლის ძალადობაში ბრალდებულის ქმარიც მოსამართლემ გაამართლა
„…ქმარი ჩემზე ძალადობს, 2 წლის ბავშვთან ერთად გამოვიქეცი სახლიდან, ღამით დასარჩენი არ მაქვს, მშობელთან ვერ წავალ… მეუღლე მემუქრება, რომ მომაკითხავს. ვითხოვ თავშესაფარს,“ – უთქვამს ძალადობის მსხვერპლ ქალს 112-ის ოპერატორისთვის.
ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია იკვეთება: მსხვერპლი ქალები დუმილს არჩევენ, მოსამართლეები კი, მსხვერპლისკენ მიუთითებენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, სხეულზე დაზიანებები, ქრისტინეს შემთხვევაში – „ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები“.
ძალადობაში ბრალდებული კაცი ვახტანგ ს. ბრალს არ აღიარებდა – 2022 წელს მას ისევ ოჯახში ძალადობას და მუქარას ედავებოდნენ, მაშინ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. 2023 წელს კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამ საქმეშია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ქრისტინას აღენიშნებოდა „ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.“
უზენაესი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ წერს:
„მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ქ.-ს სხეულზე სისხლნაჟღენთების, ნაჭდევისა და სისხლჩაქცევის სახით არსებობა, თუმცა ის მიჩნეული ვერ იქნება ვ. ს-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის, მისი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა.
საქმეში კი წარმოდგენილი არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ქ. ს-მ ვ. ს-ის მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედების შედეგად მიიღო,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ განჩინებაში.
ამ საქმის პროკურორი ასევე აპელირებდა შეტყობინების ოქმსა და შემაკავებელ ორდერზე, რაც საკასაციო სასამართლო არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ორივე წერილობითი მტკიცებულების წყარო არის თავად დაზარალებული
„…ქალბატონ ქ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რის გამოც დაინიშნა ექსპერტიზა; გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ოქმი,“ – ეს მოსამართლეს იმ პოლიციელმა უთხრა, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში მოუსმინა ქალს.
„მოწმე თ. ა-ს ჩვენება, რომლებიც ძალადობისა და მუქარის ეპიზოდების ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს,“ – აღნიშნულია განჩინებაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დარჩა.
„ქმარი მსაყვედურობდა, რატომ ვერ გავთვალე კონდიციონერის სიგრძე“ – ქალმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ოჯახში ძალადობის ამ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა – ლია ც.- მ მოსამართლეს უთხრა, რომ ქმართან „ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბა“. იმ დღეს კი, ავტომანქანით წავიდნენ ბათუმში, სავაჭრო ცენტრში, გზაში კონდიციონერთან დაკავშირებით შეკამათდნენ. ჯემალი საყვედურობდა, თუ რატომ ვერ გათვალა კონდიციონერის სიგრძე. მანქანიდან გადასვლისას ქმარმა შეაგინა, რაც ძალიან ეწყინა, ის ისევ მანქანაში ჩაჯდა და განუცხადა, რომ აღარ შევიდოდა მარკეტში მასთან ერთად.
„მარცხენა ლოყაზე გამარტყა ხელი, ძალიან მეტკინა, მერე ხელები დამიჭირა და აღარ მაძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას, სილურჯეებიც მქონდა,“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულმა.
„მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა ამ ფაქტის მართებულობა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
ამ საქმეში მხოლოდ ირიბი მოწმე იყო: მოძალადის და მსხვერპლის საერთო შვილი. მოწმემ მოსამართლეს დედის მონათხრობი მოუყვა, რაც იმ დღეს მოუყოლია დედას შვილისთვის.
პროკურატურის ვერსიით, ჯემალმა თავდაპირველად მეუღლეზე სახლში იძალადა, „კერძო, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში და ხელებზე ძლიერ მოქაჩა, რის შედეგად ლ.ც.-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში, შემდეგ კი, სავაჭრო ობიექტის პარკინგზე, ავტომანქანაში.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 4 მაისს ჯემალ შ. უდანაშაულოდ მიიჩნია პარკინგის ეპიზოდში, თუმცა დამნაშავედ მიიჩნიეს სახლის ეპიზოდში და ოჯახში ძალადობისთვის 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა.
ამ საქმეზე პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვა და ჯ.შ-ს დამნაშავედ ცნობა ოჯახში ძალადობის ორივე ეპიზოდში. „საქმეში წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულებები, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ადასტურებს ჯ. შ-ის მიერ ოჯახში ძალადობის ორივე ფაქტის ჩადენას,“ – იწერებოდა პროკურორი.
ეს პოზიცია არც უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა.
„თუ არ შემირიგდები, მოგკლავ“ – გამართლდა ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულიც
„ეჭვიანობის ნიადაგზე“ – ფრაზას, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს, შეხვდებით უზენაესი სასამართლოს განჩინებაში. ამ შემთხვევაში მსხვერპლი ქალია – მარი ზ. მას ყოფილი ქმარი მიუვარდა ბინაში და უთხრა, თუ არ შემირიგდები, მოგკლავო.
ბრალდებული კაცი – ბექა ბ. მოსამართლემ გაამართლა.
გამოძიების ვერსიით კი, ბექა ბ.-მ „გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს მ. ზ-ს, მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში. აღნიშნული დარტყმის შედეგად მ. ზ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი… განუცხადა, რომ მოკლავდა, რაც მ. ზ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.
2023 წლის 6 ივნისის განაჩენით ბექა ბ. უდანაშაულოდ მიიჩნიეს, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე მუქარის მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლოსთვის ჩვენება აღარ მიუცია დაზარალებულად მიჩნეულ ქალს და მასთან მცხოვრებ შვილს, ექსპერტიზით ფიზიკური დაზიანების კვალი არ დადასტურდა.
„ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამართლებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა,“ – აღნიშნულია განჩინებაში. აქვე წერია შემაკავებელ ორდერზეც, რომელიც პოლიციელებმა მაშინ გამოსცეს, როცა მარიმ 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა.
„ის შეიცავს მწირ ინფორმაციას მუქარის არსებობის თაობაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ოქმში გადმოცემული ინფორმაცია არაა დადასტურებული სხვა რაიმე მტკიცებულებით. ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებაში კი, შემაკავებელი ორდერის ოქმი არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას.
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ბ. ბ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად,“ – ვკითხულობთ 2024 წლის 24 იანვარს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.
„ქმარმა მუქარით ამაღებინა სესხი 12 ათასი ლარი“ – კიდევ ერთი საქმე
კიდევ ერთი საქმეში, რომელიც ქალზე ძალადობას ეხება, კაცს ცოლის მიმართ მუქარა 8 სხვადასხვა ეპიზოდში დაუდასტურდა, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა ერთ ეპიზოდში: დაზარალებული ქალის მტკიცებით, ქმარმა მას მუქარით ბანკიდან 12 ათასი ლარი სესხიც ააღებინა.
ამ ეპიზოდში კაცი გამართლდა.
პროკურორი პაატა ცეცხლაძე მიიჩნევდა, რომ ამ ეპიზოდში კაცის ბრალეულობა სარწმუნოდ დგინდებოდა: ამის შესახებ მოსამართლეს ჩვენებაში თავად დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა უამბო. სესხის იძულებით აღების შესახებ ჰყვებოდნენ სხვა მოწმეებიც.
„ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით ვერ დაადასტურა დ. ფ–ს ბრალეულობა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.
არც ამ შემთხვევაში გაუშვიათ მოსამართლეებს მსჯავრდებული კაცი ციხეში – მართალია, დავით ფ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ იგი პირობით ჩაეთვალა. მსჯავრდებულს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.
პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და სხეულის ნაწილებზე, რომლებსაც ნერვები აკონტროლებს. დაავადების სიმპტომები ნელა იწყება. პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს ძლივს შესამჩნევი ტრემორი (კანკალი) მხოლოდ ერთ ხელში.
გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება კლინიკურად ხასიათდება მოძრაობის პროგრესირებადი ასიმეტრიული შენელებით, რიგიდობით/დაჭიმულობით, სიარულის დარღვევით და არამოტორული სიმპტომების ფართო სპექტრით.
მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადება ვერ იკურნება, მედიკამენტებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მისი სიმპტომები. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ნევროლოგი, მზია ბერიძე პარკინსონის ადრეულ ნიშნებსა და დაავადების მართვის მეთოდებზე საუბრობს.
როგორ განისაზღვრება პარკინსონის დაავადება, რა ხდება ამ დროს?
პარკინსონი ეს არის ნეიოროდეგენერაციული დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაავადების დროს თანდათანობით კვდება და ზიანდება ნერვული უჯრედები, ნეირონები.
ამ დაავადების დებიუტი ძირითადად ხდება 50-55 წლის და უფრო ასაკის ადამიანებში. შეიძლება უფრო ახალგაზრდა ასაკშიც დაიწყოს, მაგალითად, 40 წლის ასაკში. აღწერილია 20 წლამდე გამოვლენილი შემთხვევებიც.
გამომწვევი მიზეზები რა არის?
მიიჩნევა, რომ პარკინსონის დაავადების განვითარებაზე ზემოქმედებენ გენები და გარემო ფაქტორები, მაგალითად მანგანუმის მაღაროებში მომუშავე ხალხს ემართებოდა ჩვენთან.
MayoClinic: ტოქსინების ზემოქმედებამ, კერძოდ ჰერბიციდების და პესტიციდების მუდმივმა ზემოქმედებამ შეიძლება ოდნავ გაზარდოს პარკინსონის დაავადების რისკი.
მართალია, პარკინსონის დაავადების დროს, ერთეული შემთხვევები აღწერილია ოჯახური ანამნეზიც, მაგრამ ეს გენეტიკური დაავადება არ არის.
MayoClinic: მკვლევრებმა დაადგინეს კონკრეტული გენეტიკური ცვლილებები, რამაც შეიძლება გაზარდოს პარკინსონის დაავადების რისკი და გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება. მაგრამ ეს იშვიათია, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის მრავალი წევრია დაავადებულია პარკინსონის დაავადებით.
არსებობს პარკინსონის დაავადება და მეორადი პარკინსონიზმი, როცა პარკინსონის სიმპტომების მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა, მედიკამენტით ან ტოქსიკური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია, ასევე ტრავმული ან სისხლძარღვოვანი გენეზის ენცეფალიტი.
MayoClinic: პარკინსონის დაავადების დროს, გარკვეული ნერვული უჯრედები, რომლებსაც ტვინის ნეირონები ეწოდება, თანდათან იშლება ან კვდება. პარკინსონის დაავადების მრავალი სიმპტომი გამოწვეულია ნეირონების დაკარგვით, რომლებიც ტვინში წარმოქმნიან ქიმიურ მესინჯერს – დოფამინს. როდესაც დოფამინის დონე მცირდება, ეს იწვევს ტვინის არარეგულარულ აქტივობას, რაც იწვევს მოძრაობის პრობლემებს და პარკინსონის დაავადების სხვა სიმპტომებს.
როგორია პარკინსონის დაავადების სიმპტომატიკა?
პარკინსონის დაავადების სიმპტომები ყველასთვის შეიძლება განსხვავებული იყოს. ადრეული სიმპტომები შეიძლება იყოს რბილი და შეუმჩნეველი. სიმპტომები ხშირად იწყება სხეულის ერთ მხარეს.
პარკინსონის დაავადება, პირველ რიგში, ასოცირდება კანკალთან, იგივე ტრემორთან და ხშირად, სხვა მდგომარეობით გამოწვეული ტრემორიც პაციენტებს პარკინსონი ჰგონიათ. კანკალი არ არის აუცილებელი და კარდინალური სიმპტომი პარკინსონის დაავადების, თუმცა პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება.
პირველი საკვანძო ნიშანი, რაც პარკინსონის დაავადებისთვის სახასიათოა, არის მოძრაობის გაღარიბება, მოძრაობათა შენელება; კუნთების რიგიდულობა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. კუნთების დაჭიმულობა შეიძლება იყოს მტკივნეული და შეზღუდოს თქვენი მოძრაობის დიაპაზონი.
პაციენტები მხრებში მოხრილები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში სხეული შეიძლება გადახრილი იყოს მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
კანკალი, იგივე ტრემორი თავიდან იწყება ცალი მხრიდან, როგორც წესი ხელიდან და თითებიდან, იშვიათადაა ქვედა კიდურში.
შესამჩნევია, რომ ასეთი პაციენტების გადაადგილებისას, იმ კიდურში, რომელშიც იწყება ტრემორი, სიარულის დროს, აღარ აღენიშნებათ რხევა; როგორც წესი, ეს ექიმისთვის უფროა თვალშისაცემი.
პარკინსონის დაავადება მოსვენებითი ტრემორია, მოსვენებულ მდგომარეობაში აქვთ პაციენტებს ტრემორის ამპლიტუდა უფრო ძლიერი, ესენციური [არ არის დაკავშირებული გარკვეულ მიზეზთან] ტრემორის დროს კი პირიქით – როცა ნატიფ მოძრაობას აკეთებენ, მაგალითად ყავა მიაქვთ, ღილს იკრავენ, ფულს იღებენ ჯიბიდან – ამ დროს შეიმჩნევა ტრემორი. ამით განსხვავდება პარკინსონის კანკალი სხვა ტრემორისგან.
სამწუხაროდ, პარკინსონი მხოლოდ ფიზიკური სიმპტომატიკით არ შემოიფარგლება, ეს პროგრესირებადი დაავადებაა და უფრო გვიან ეტაპზე აისახება კოგნიტიურ უნარებზეც: შეიძლება გამოიწვიოს აზროვნებისა და მეტყველების შენელება, მეხსიერების პრობლემები, არტიკულაციის პრობლემები, ხმის ტემბრის ცვლილებაც კი – მეტყველება უფრო მონოტონური უხდება პაციენტს.
პარკინსონის დაავადების გართულებაა დემენცია, რომელიც დაავადების უფრო მოგვიანებით ეტაპზე, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.
დიაგნოსტიკა ხდება ექიმის მიერ კარგად შეკრებილი ანამნეზით. გასინჯვითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით. სამწუხაროდ, რაიმე ინსტრუმენტული მეთოდი, რომელიც დაგვიდასტურებს პარკინსონის ავადმყოფობას, შემოღებული არ არის.
რას მოიცავს პარკინსონის მკურნალობა?
სამწუხაროდ, ეს დაავადება არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა და არ იკურნება. თუმცა არსებობს მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ის ვმართოთ.
ამ დაავადების დროს ფერხდება ტვინში დოფამინის გამოყოფა. შესაბამისად, მკურნალობის პროცესში ხდება დოფამინის ჩანაცვლებითი თერაპია, ანუ ეს ნივთიერება გარედან მიეწოდება ტვინს და ხდება მისი დეფიციტის კომპენსაცია.
პარკინსონის დაავადება არსებობს კეთილთვისებიანი და სწრაფად პროგრესირებადი. კეთილთვისებიანის მიმდინარეობის დროს, ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე სიმპტომები თითქოს საერთოდ არ ჩანს; მაგრამ სწრაფად პროგრესირებადი მიმდინარეობის დროს, მკვეთრად გამოხატულია სიმპტომებით.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია არ არის საკმარისი. ამ დროს მედიკამენტიდან მედიკამენტის მიღებამდე პერიოდში პაციენტი საერთოდ შრომისუუნაროა.
მიმდინარეობა აბსოლუტურად ინდივიდუალურია, ზოგიერთი ადამიანი ცოტა მოგვიანებით ერთვება მკურნალობაში, მაგრამ მედიკამენტების ფონზე, წლები ისე გადის, რომ საერთოდ არ ეტყობა სიმპტომები. ამავდროულად არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც დაავადება თავიდანვე დიაგნოსტირებულია და საწყის ეტაპზევე იწყებენ მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა ხდება ისე, რომ დაავადება მაინც პროგრესირებს და ჩანაცვლებითი თერაპია არ არის ეფექტური.
აღსანიშნავია, რომ ასევე არსებობს მკურნალობის ქირურგიული მეთოდი, რომელიც საქართველოშიც ტარდება – ეს არის თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) ელექტროდების საშუალებით. როცა მედიკამენტური მკურნალობის რესურსი ამოეწურება პაციენტს, მაშინ მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად შეიძლება ამ ღრმა სტრუქტურების სტიმულაცია ქირურგიული ჩარევით.
აქვე მინდა აღვნიშნო რეკომენდაციის სახით, რომ მკურნალობის პროცესში არ შეძლება მედიკამენტების თვითნებურად შეწყვეტა. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა პაციენტები წყვეტენ თვითნებურად მედიკამენტებს ან თვითნებურად ზრდიან დოზას. ეს არ უნდა მოხდეს.
პრევენცია: ვინაიდან პარკინსონის დაავადების მიზეზი უცნობია, დაავადების პრევენციის დადასტურებული გზები არ არსებობს. თუმცა Mayo Clinic წერს: „ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარული აერობული ვარჯიში ამცირებს პარკინსონის დაავადების რისკს.
ასევე, ზოგიერთმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ჩაისა და ყავაში შემავალ კოფეინს – პარკინსონის დაავადებით უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე ისინი, ვინც არ სვამენ მას. მწვანე ჩაი ასევე დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარების რისკის შემცირებასთან. თუმცა, ამჟამად არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ კოფეინირებული სასმელების დალევა იცავს პარკინსონის დაავადებისგან.
Mayo Clinic-ის რეკომენდაციები:
არ არის დადასტურებული, რომ რომელიმე საკვები ან საკვების კომბინაცია ეხმარება პარკინსონის დაავადებას. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა საკვებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქებას. მაგალითად, ბოჭკოვანით მდიდარი საკვების მიღება და ბევრი სითხის დალევა დაგეხმარებათ შეკრულობის თავიდან აცილებაში, რაც ხშირია პარკინსონის დაავადების დროს.
პარკინსონის დაავადებამ შეიძლება დააქვეითოს წონასწორობის დაცვის უნარი, რაც ართულებს ჩვეული რიტმით სიარულს. ვარჯიშს კი შეუძლია გაზარდოს თქვენი კუნთების ძალა, მოქნილობა და წონასწორობის დაცვის უნარი. ვარჯიშს ასევე შეუძლია შეამციროს დეპრესია ან შფოთვა; თქვენთვის შესაფერისი სავარჯიშო პროგრამის შემუშავებაში შესაძლოა დაგეხმაროთ ფიზიოთერაპევტი. თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ ისეთი ვარჯიშები, როგორიცაა სიარული, ცურვა, ცეკვა, წყლის აერობიკა ან იოგა და გაჭიმვები.
საჯარო სკოლის პედაგოგებმა განათლების მინისტრს წერილობით მიმართეს. ისინი სკოლებში დირექტორების არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს ბუნდოვანს უწოდებენ და მინისტრს დიალოგისკენ მოუწოდებენ.
„ბატონო მინისტრო, თქვენ ბრძანებთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების მიზეზი არის ძველი, 2011 წლის დირექტორების შერჩევის წესი და შემოგვთავაზეთ ახალი წესი 15 თებერვალს. აცხადებთ, რომ ახალი წესი არანაირ სპეკულაციას არ გამოიწვევს. ახალ წესში გაცილებით მეტი ბუნდოვანებაა, ვიდრე ძველში იყო.
ჩვენ, განათლების დამცველთა ასოციაციამ, 17 თებერვალს, გავმართეთ კონფერენცია კონკურსების შესახებ სახელწოდებით – „ადამიანური რესურსების შერჩევა და განათლების მომავალი“.
პირადად გადმოგეცით მოსაწვევი თქვენ და სახალხო დამცველს. არცერთმა, არათუ არ მობრძანდით, წარმომადგენელიც კი არ გამოგზავნეთ“, – წერენ დირექტორობის კანდიდატები.
მათი განცხადებით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, არ სურს მოისმინოს სამართლიანად გაჩენილი კითხვები.
დირექტორობის კანდიდატებმა ხაზი გაუსვეს რამდენიმე პუნქტს, რის გამოც დირექტორების არჩევის ახალი წესი აჩენს კითხვებს და ბუნდოვანებას.
აქამდე არსებობდა ორი რეგისტრაცია, ერთი ტესტირებამდე, მეორე – სკოლებში ვაკანსიების გამოცხადებისას, როცა აპლიკანტი ირჩევდა სკოლებს. ახლა ერთი რეგისტრაციაა და როდის რეგისტრირდება უკვე სერტიფიცირებული აპლიკანტი, რა მიზანი გქონდათ ამ ცვლილებისას და რა გააუმჯობესა ამან? ბუნდოვანია და აგვიხსენით.
დავუშვათ, გაქვთ პასუხი და ორშაბათს იწყებთ რეგისტრაციას, სადაა ვაკანტური სკოლების ჩამონათვალი რეგისტრაციის დაწყებამდე, რომ აპლიკანტმა იფიქროს და შეარჩიოს სასურველი სკოლა?
გააუქმეთ პირველი გასაუბრება და მივესალმებით, მაგრამ სერტიფიკატიც გააუქმეთ? არსებობს ამ ეტაპზე სერტიფიკატის ცნება, თუ აღარ არსებობს? ეს ამ წესიდან არ ჩანს.
თუ ან გასაუბრება და ან სერტიფიკატი, ერთ-ერთი მაინც გააუქმეთ, მაშინ რატომ უნდა გაიაროს 2023 წელს გამოცდაჩაბარებულმა ტესტი? თუ თვლით, რომ ძველი წესია დამნაშავე, თუ თვლით, რომ ეს გასაუბრება ზედმეტი იყო, ჩვენ რომ დაგვბლოკეს და მოხსენით, ტესტი იმავე სირთულისა დატოვეთ, რას ემსახურება თავიდან ტესტირება? იმას ხომ არა, რომ ტესტირებაზევე შექმნით დაბლოკვის მექანიზმს?
თუ გასაუბრების ზედმეტობა აღიარეთ, გარდამავალ დებულებაში უნდა ჩაგეწერათ არა მოქმედი სერტიფიკატის მქონე, არამედ ტესტგადალახული ყველა აპლიკანტი დაიშვება წარდგენის კონკურსზე. ეს ლოგიკურია, დღეს მოქმედი სერტიფიკატის მქონეა ის სუბიექტიც, რომელსაც 2013 წელსაც კი არ გაუვლია ტესტირება, რადგან მოქმედი სერტიფიკატი ჰქონდა უკვე, გახდა ან დარჩა დირექტორი და სერტიფიკატის განახლებისთვის ტესტირება აღარასოდეს გაუვლია. გაგახსენებთ, რომ 2023 წლის ტესტი შეიცვალა და ჩვენ განსხვავებული დავწერეთ უკვე. მას არ სჭირდება ტესტი და ჩვენ გვჭირდება 2023 წელს რომ გავიარეთ იმათ?
თქვენ წერთ მეათე მუხლში, რომ მონიტორინგი ევალება ზოგადი განათლების დეპარტამენტს და არაა დაზუსტებული, რომელი ეტაპის მონიტორინგი ევალება. გასაუბრებების კომისიებში დღემდე ეს ადამიანები იყვნენ და რანაირად ხდება ეს, რომ თვითონ ატარებენ კონკურსს და თვითონ ევალებათ მონიტორინგიც? თქვენი ბრძანებით სხვა ხალხი შევა იმ კომისიებში, წარდგენის ეტაპზე რომ იმუშავებენ, თუ ისევ ქალბატონები: ლალი კალანდაძე, ეკა ხუციშვილი მარიამ ძიძიგური და სხვები, გასაუბრებაზე რომ სხვას შემოუშვებენ და ხელს მოაწერენ ჩვენს შეფასებაზე?
გარდა ამისა, რა ადამიანური და ფინანსური რესურსით გააკეთებს მონიტორინგს ზოგადი განათლების დეპარტამენტი? როგორ გასწვდება 1500-მდე სკოლას? ამას ვერ ჩაწერდით წესში, მაგრამ წარმოუდგენელია და განმარტებას საჭიროებს.
ჩვენ ვითხოვდით წარდგენის გასაუბრების გაუქმებასაც სავსებით სამართლიანად, რადგან სრულიად ზედმეტია. ექსპერტები აცხადებენ, რომ შეუძლებელია კომისიაში მყოფი 4-5 ადამიანი საქართველოს ყველა სკოლის საჭიროებას ერთნაირად კარგად ხვდებოდეს და სამინისტროსგან საკმარისი იქნებოდა, აპლიკანტის შემოწმება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაგალითად, შემოწმება ნასამართლევია თუ არა, ნარკოტიკულ საშუალებებს მოიხმარს თუ არა და მსგავსი… ამას სკოლაც ძალიან კარგად შეძლებდა და ესეც ზედმეტად მიგვაჩნია, მაგრამ მაინც. დაუსაბუთებელი წარდგენის გასაუბრების დატოვებით თქვენ დაიტოვეთ, თუნდაც თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, პოლიტიკური სპეკულაციების შესაძლებლობა და ჩვენი რვათვიანი პროტესტი არაფრად ჩააგდეთ.
კანდიდატების განცხადებით, იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემები აღმოიფხვრას, ხელმეორე ტესტირება არ უნდა მოსთხოვოს სამინისტრომ იმ კანდიდატებს, ვინც 2023 წელს გადალახა ტესტირების ეტაპი.
„ეს დაზოგავს დროს, რესურსს, ემოციებს. ამასთან, უნდა შეიქმნას ნამდვილად ინკლუზიური კომისია და კანდიდატებს მიეცეთ გასაუბრების გადაღების შესაძლებლობა.
პასუხი არ გაწელოთ დროში და მაშინვე ეცნობოს აპლიკანტს შედეგი, გასაუბრებაზე რომ გავა. დღის განმავლობაში მაინც.
ასევე, კომისიამ განმარტოს, რატომ ეთქვა თანხმობა ან უარი აპლიკანტს და არ დასჭირდეს მას თვეები ელოდოს შედეგს, განმარტება კი მაინც ვერ მოისმინოს.
კრიტერიუმები და კომისიის წევრების ვინაობა გაცხადდეს გასაუბრების დაწყებამდეც.
შესაძლებელი გახდეს კომისიის წევრის აცილება.
ტესტირების შემდეგ აპელაციაზე მიეცეს აპლიკანტს შესაძლებლობა, გაესაუბროს უშუალოდ სააპელაციო კომისიას და მიიღოს განმარტებები.
ყოველთვის, ყველა ეტაპზე, გახსოვდეთ, რომ თქვენ არჩევთ სკოლის ლიდერს და არა თქვენი აშენებული სასტუმროს მენეჯერს“, – წერენ დირექტორობის კანდიდატები წერილში.
ისინი ასევე დასძენენ, რომ უნდა მოიხსნას „საეჭვო და არაფრისმომცემი წარდგენის გასაუბრებაც, სკოლის დირექტორი აირჩიოს მთლიანად სასკოლო საზოგადოებამ და აპლიკანტს არ უწევდეს, მანამდე მოქმედი დირექტორის მიერ შერჩეულ და არა სასკოლო საზოგადოების მიერ არჩეულ სამეურვეო საბჭოსთან წყლის ნაყვა.
დაღლილი და გაწამებული დირექტორი არცერთ სკოლას არ გამოადგება, გაუფრთხილდით დირექტორობის კანდიდატის ჯანმრთელობას, მას სკოლაში გზავნით და არა ფრონტზე, ნერვების წვრთნა შეწყვიტეთ“, – წერენ კანდიდატები მინისტრს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 403 720 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 232]
ტანკი – 6 498 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 12 232 ერთეული [+34]
საარტილერიო სისტემა – 9 733 ერთეული [+24]
MLRS – 986 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 674 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 336 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 460 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 898 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 767 ერთეული [+31]
სპეცტექნიკა – 1 545 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
571 თვითმფრინავი
266 ვერტმფრენი
12 819 უპილოტო საფრენი აპარატი
471 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 107 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 102 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 837 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„მთელი წელია მაქვს განცდა, რომ „ცისფერ მთებში“ ვთამაშობ და ფოიეში ველოდები კიდევ ერთ უარყოფას სხდომასთან დაკავშირებით“, – გვიყვება მარიამ ქვარიანი, „საქართველოს დემოკრატიულიინიციატივის“ კანონის უზენაესობის პროგრამის იურისტი. ის საიას და „სასამართლოს გუშაგის“ მონიტორებთან ერთად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომებს აკვირდება.
მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, ევროინტეგრაციის პროცესში იუსტიციის საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ ფუნდამენტური რეფორმის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტ კარჩაკეტილობას ირჩევს.
„ბიუროკრატიულ ორგანოდ იქცა იუსტიციის საბჭო, სადაც დისკუსია არ არის,“ – მარიამ ქვარიანს ვთხოვეთ შეეჯერებინა, რა ორგანოა იუსტიციის საბჭო. – „უბრალოდ, ხმას აძლევენ და ერთმანეთს ეთანხმებიან. შეიძლება, 3-4 საათი ელოდო სხდომას და შემდეგ სხდომა 15 წუთში სრულდება. საგრძნობია, რომ სხდომამდე ყველაფერი წინასწარ განხილულია, ერთხმად მიიღება გადაწყვეტილებები.
სხდომებს ესწრება ლევან მურუსიძე და პოზიციებსაც გამოხატავს, თუმცა ძირითადად ეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მაგალითად, მოსამართლეთა ტრენინგი და ასე შემდეგ.
მე ვაკვირდები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პანდემიის პერიოდიდან, სისტემატურად დავიწყე 2022 წლის ნოემბრიდან. ქაოსური იყო ეს სხდომები ადრეც, ლოდინი გვიწევდა, მაგრამ ასე ხშირად არ ხდებოდა გადადება. თუ ასახელებდნენ კონკრეტულ დღეს, მეტი შანსი იყო, რომ სხდომა ჩატარებულიყო. ახლა უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო სხდომების გაცდენამ, გადადებამ და ღამით ჩატარებამ. მაგალითად, ერთ-ერთი სხდომა დაახლოებით 10 საათისთვის ჩაატარეს, არასამთავრობო ორგანიზაციები წამოვედით 9 საათის შემდეგ, რადგან ჩავთვალეთ, რომ არაგონივრული მოლოდინი გვქონდა.
საბჭოს თანამშრომლებმაც არ იციან, რამდენ ხანს მოუწევთ დარჩენა. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე, როცა ღამის საათებში ტარდება სხდომები, 2023 წლის ოქტომბერში გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მიგვიღია პასუხი,“ – გვითხრა მარიამ ქვარიანმა.
მარიამ ქვარიანის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეები ასევე ხშირად მიმართავენ ბინის ქირასთან დაკავშირებით – რომ ქირა გაძვირდა და დახმარება სჭირდებათ. ეს საკითხიც განუხილავს გასულ წელს იუსტიციის საბჭოს და ქალაქების მიხედვით ქირის ხარჯები გაუზრდია.
ახალი მოსამართლეების შერჩევის ნაცვლად, მონიტორის დაკვირვებით, იუსტიციის საბჭო ამჯობინებს, სადაც გამოუვალი მდგომარეობაა, მივლინებით გაუშვას მოსამართლე.
„ძირითადად ერთსა და იმავეს საკითხს განიხილავენ, იღებენ ნორმატიულ აქტებს, მაგრამ ამას არსებითი გავლენა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებაზე არ აქვს. იშვიათია, რომ რეალურ პრობლემასთან დაკავშირებით რაიმე არსებითი ნაბიჯი გადადგას საბჭომ,“ – ამბობს მარიამ ქვარიანი. მას მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზეც ვკითხეთ. მონიტორი განმარტავს, რომ მსგავს საკითხებს საბჭო დახურულ ფორმატში განიხილავს და მისთვის უცნობია, რეალურად რამდენი მსგავსი შემთხვევა განიხილა საბჭომ.
„გამჭვირვალედ არ მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. თუ ადრე მინიმუმ იმას მაინც აკეთებდა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებებს ოფიციალურ ვებგვერდზე ტვირთავდა, ამ მინიმუმსაც აღარ აკმაყოფილებენ.
ეს აჩვენებს, რამდენად იკეტება იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებისთვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს ნდობით საზოგადოებაში, ჩაკეტვა კი აუარესებს ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის აღქმას,“ – მიიჩნევს მარიამ ქვარიანი.
რას აკეთებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო?
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების ორგანოა, რომელიც კანონით დადგენილი წესით არჩევს მოსამართლეებს გამოსაცდელი ვადით, ამ ვადის დასრულების შემდეგ კი, უვადოდ ამწესებს.
იუსტიციის საბჭო, სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, განიხილავს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ აგრძელებს სხდომათა გადადების მავნე პრაქტიკას. 2023 წელს გამოცხადებული 71 სხდომიდანჩატარდამხოლოდ 33, აქედან 20-სარესწრებოდასაბჭოსთავმჯდომარენინოქადაგიძე [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე]“, – ვკითხულობთ „დემოკრატიული ინიციატივის“ GDI-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ეს ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას 2023 წელს აკვირდებოდა.
ვლინდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან კანონის დარღვევაც: უკვე 7 თვეა იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვეყნებს.
იმის მიუხედავად, რომ სასამართლო გადატვირთულია, 2023 წელს მხოლოდ ერთი ახალი მოსამართლე დაუნიშნავთ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით – ქრისტინე კოპალიანი.
„თუმცა იგი სასამართლო სისტემაში ახალი კადრი არ არის, 2011 წლიდან იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა ქუთაისის საქალაქო, თბილისის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებში,“ – აღნიშნულია GDI-ის მონიტორინგის ანგარიშში.
2023 წელს სულ 33 მოსამართლე გამწესდა უვადოდ, ამავდროულად, უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა: მოსამართლეების დეფიციტის პირობებში, გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეს – ნინო გიორგაძეს [ბოლნისის რაიონული სასამართლო] უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრეს.
ნინო გიორგაძე მოსამართლეა, ვისაც ერთხელ სასამართლო სისტემა გაუკრიტიკებია:
„შემფასებელთა მიერ მომზადებული ანგარიშების საფუძველზე ნინო გიორგაძემ ვერ დააგროვა ქულათა საკმარისი რაოდენობა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ განმწესების საკითხის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხილვაზე უარის თქმის შესახებ. მოსამართლე, ნინო გიორგაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაასაჩივრა, თუმცა მის საჩივარს მხარი საბჭოს არცერთმა წევრმა არ დაუჭირა.
უნდა აღინიშნოს, რომ სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა, თავად გადაწყვეტილების მიმღები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო ქადაგიძე.
ნინო გიორგაძე არის პირველი მოსამართლე, რომელიც გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ უვადოდ არ გამწესდა,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
„სასამართლოს გუშაგმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება ნინო გიორგაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ მოსამართლის დასჯად შეაფასა. ნინო გიორგაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილმა. მან თქვა, რომ სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების დროს, ნინო გიორგაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე, რომელმაც სამოსამართლოს დამოუკიდებლობის საფრთხეზე მოსაზრება ღიად დააფიქსირა.
კიდევ რა გამოჩნდა იუსტიციის საბჭოს მონიტორინგით?
„გაცდენების სიხშირით უპირობო ლიდერს წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რომელიც 33 სხდომიდან 20-ს [60%] არ ესწრებოდა [2 შემთხვევაში უცნობია ესწრებოდა თუ არა ნინო ქადაგიძე სხდომას, მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან ვერცერთი წარმომადგენელი ვერ დაესწრო],“ – აღნიშნულია „დემოკრატიული ინიციატივის“ ანგარიშში.
სხდომები მიმდინარეობდა ქაოსურად: ანგარიშის მიხედვით, სხდომების შესახებ დღის წესრიგი ვადის დარღვევით ქვეყნდება. პრობლემაა საკითხების ფორმულირება, უკანასკნელ თვეებში ასევე გახშირდა სხდომათა არასამუშაო საათებში ჩატარების პრაქტიკა. „დემოკრატიული ინიციატივის“ დაკვირვებით, სხდომა ხშირად უქმდება სხდომის დაწყებამდე 1 საათით, ან 30 წუთით ადრე. „საბჭოს ცხელ ხაზსა და საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე დარეკვისას [თუ ოპერატორმა ტელეფონს უპასუხა], ოპერატორს ხშირ შემთხვევაში არ აქვს ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, მათ შორის, არც სხდომის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.
სხდომები ძირითადად 10-15 წუთს გრძელდება: „იშვიათ შემთხვევებში, როცა სხდომა 40 წუთი გრძელდება. სხდომა არაორგანიზებულად იმართება, ან კონკრეტულ პირებთან გასაუბრება იმართება. საბჭოს წევრთა ძირითადი ნაწილი სხდომის მიმდინარეობისას კვლავ არააქტიურია.
განსხვავებული აზრი არ ფიქსირდება, ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად: „დემოკრატიული ინიციატივის“ მონიტორინგის მიხედვით, ფარული კენჭისყრის პროცესში განსხვავებული ხმა ძალიან იშვიათია.
იმის მიუხედავად, რომ საბჭო სხდომების ჩატარებას ხშირად ვერ ახერხებს, ეს ხელს არ უშლის ყველა დონის სასამართლო ინსტანციაში მოსამართლეებისთვის დანამატის განსაზღვრას.
2023 წელს იუსტიციის საბჭომ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო მართლმსაჯულების სისტემის თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოსთან დაკავშირებით, მაგალითად, იანვრის თვეში თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიური დანამატი განისაზღვრა შემდეგი ოდენობით:
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე – 4100 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – 4025 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე – 3885 ლარი;
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე – 3745 ლარი;
თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე – 4170 ლარი;
თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე –
4170 ლარი
თბილისის / ბათუმის / ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე – 4030 ლარი;
სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს თავმჯდომარე – 3540 ლარი;
სხვა რაიონული [საქალაქო] სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე –
3260 ლარი ;
2023 წლის ივლისში საერთო სასამართლოების მოსამართლეებისთვის თანამდებობრივი სარგოს 70%-იანი დანამატი განისაზღვრა. ნოემბერში კი საბჭომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა დანამატის სახით თანხის განსაზღვრა: პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებს დანამატის სახით განესაზღვრათ თანამდებობრივი სარგოს 30%-ი. დეკემბერში კი, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს კვლავ განესაზღვრათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით [გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული].
იუსტიციის საბჭოს უმსჯელია ხულოს მაგისტრატ სასამართლოზეც:
„საბჭომ განიხილა ხულოს მაგისტრატი სასამართლოსთვის ფართის დაქირავებაზე, რადგან სასამართლოს შენობა ავარიულია. ასევე რამდენიმე რეგიონული სასამართლოს სახურავის/ოთახების რეაბილიტაციასა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ავტომობილების ჩამოწერაზე…“ – აღნიშნულია ანგარიშში.
____
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მუშაობაზე გასაუბრება „ბათუმელებმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ვთხოვეთ. თუმცა საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ გასაუბრება რომელიმე წევრთან ვერ მოხერხდება. პრესცენტრში ვერც ის გვითხრეს, რატომ არ ქვეყნდება საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, 18 თებერვალს, დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული სუ-34 თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
რუსული სუ-34 არის ავიაგამანადგურებელი, რომელიც შექმნილია სახმელეთო სამიზნეებზე სარაკეტო და ბომბდამშენით თავდასხმებისთვის.
ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეოთხე რუსული ავიაგამანადგურებელია, რომელიც უკრაინამ ჩამოაგდო. 17 თებერვალს უკრაინის საჰაერო ძალებმა ერთდროულად გაანადგურეს რუსეთის სამი თვითმფრინავი – ორი სუ-34 და ერთი სუ-35.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი – ISW – უახლეს ანგარიშში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში ქალაქ ავდიივკას დაპყრობა საჰაერო უპირატესობის გამო მოახერხა. რუსულმა ძალებმა შეძლეს სახმელეთო ძალების საჰაერო მხარდაჭერით უზრუნველყოფა შეტევის ბოლო დღეებში.
ეს ალბათ პირველი შემთხვევაა ასეთი შემთხვევაა ამ სრულმასშტაბიანი ომის დროს – წერენ ინსტიტუტის ექსპერტები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან რუსულმა ჯარებმა გაზარდეს რუსული საავიაციო ბომბების გამოყენების მაჩვენებელი და ავდიივკაში რუსმა სამხედროებმა მსგავსი ბომბები პირველად გამოიყენეს ქვეითებისთვის ფართომასშტაბიანი საჰაერო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს საკმარისად კარგად დაეკეტათ საჰაერო სივრცე ავდიივკას თავზე.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ბოლო დღეებში რუსებმა ამ ტერიტორიაზე 500-მდე ასეთი ბომბი გამოიყენეს.
ISW ექსპერტები ამბობენ, რომ კიევისთვის დასავლური დახმარების შეფერხებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები, ხოლო საჰაერო უპირატესობა რუსეთის ჯარებს საშუალებას მისცემს უფრო აგრესიულად წავიდნენ წინ.
17 თებერვალს უკრაინის სარდლობამ და პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გამოაცხადეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ ავდიივკიდან, რომლის აღებასაც რუსული ჯარები ოთხი თვის განმავლობაში ცდილობდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 თებერვლის 21 საათიდან 19 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ზოგან თოვა.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
ღამით: 3 გრადუსი ყინვა – 2 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 20-21 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
ქართველი შერეული ორთაბრძოლების [MMA], მებრძოლი ილია თოფურია UFC-ას ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
დღეს, თბილისის დროით 18 თებერვალს, მან მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდერ ვოლკანოვსკი.
ილია თოფურიამ MMA-ში 15 ბრძოლა ჩაატარა დღევანდელის ჩათვლით და ყველა მოიგო.
UFC-ში დღეს გამარჯვება ორმა ქართველმა მებრძოლმა იზეიმა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ილია თოფურია კი პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.;
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 402 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
ტანკი – 6 487 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 12 198 ერთეული [+53]
საარტილერიო სისტემა – 9 709 ერთეული [+40]
MLRS – 984 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 674 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 335 ერთეული [+3]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 7 449 ერთეული [+36]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 898 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 25 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 12 736 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 1 540 ერთეული [+7]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 18 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
571 თვითმფრინავი
266 ვერტმფრენი
12 723 უპილოტო საფრენი აპარატი
470 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 098 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 222 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
8 091 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
18 801 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
რეინოს დაავადება სისხლძარღვოვანი პრობლემაა, რომელიც იწვევს სხეულის ზოგიერთი ნაწილის, უხშირესად კი ხელისა და ფეხის თითების დაბუჟებასა და მოყინვას, სიცივის ან სტრესის საპასუხოდ.
რეინოს დაავადების დროს ვიწროვდება მცირე სისხლძარღვები, რომლებიც კანს სისხლით ამარაგებს. ამ დაავადებას ძალიან სახასიათო სიმპტომი აქვს, ხელის ან ფეხის თითებზე ფერი იცვლება.
„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ სისხლძარღვთა ქირურგი, შალვა გლახოშვილი განმარტავს, რომ ასეთივე სიმპტომატიკა შესაძლოა თან სდევდეს სხვა ძირითად დაავადებას. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეინოს სინდრომთან და არა რეინოს დაავადებასთან.
ბატონო შალვა, რა არის რეინოს დაავადება?
რეინოს სინდრომი და რეინოს დაავადება სხვადასხვა მდგომარეობაა; რეინოს დაავადება არის წმინდად [პერიფერიული] სისხლძარღვოვანი წარმოშობის პრობლემა; რეინოს სინდრომსაც და დაავადებასც, ერთი და იგივე ობიექტური მონაცემები აქვს, მაგრამ რეინოს სინდრომის დროს პერიფერიული წვრილი სისხლძარღვების შევიწროება შეიძლება მოხდეს ნევროლოგიური ან ენდოკრინული სტატუსით და ამის შედეგად ხდება პერიფერიების სისხლით მომარაგების მოშლა.
ასეთ დროს მკურნალობის პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს შესაბამის სპეციალისტი; რეინოს დაავადების დროს პრობლემა წმინდად სისხლძარღვოვანია და მკურნალობს მხოლოდ სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი.
ძირითადად პრობლემა ვლინდება ზამთარში, როცა ცივა; ან თუ ადამიანს ცივ წყალთან უწევს შეხება, ცივ და ტენიან გარემოშია.
ასევე არსებობს რეინოს სინდრომის გარდამავალი ფორმა, რომელიც ძირითადად მოზარდობისას, გარდატეხის ასაკში ვლინდება, ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების გამო. შემდეგ კი ეს სიმპტომი გადადის და საერთოდ ქრება.
MayoClinic: მდგომარეობის ორი ძირითადი ტიპი არსებობს. რეინოს დაავადება, რომელიც პირველადი და ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის არ არის სხვა სამედიცინო მდგომარეობის შედეგი, [არის დამოუკიდებელი დაავადება, განვითარებული გაღიზიანების საპასუხოდ] – შეიძლება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობდეს და თავისითაც გადავიდეს; მეორადირეინო, იგივე რეინოს სინდრომი – ვითარდება ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობის გამო. ის შედარებით იშვიათია, მაგრამ უფრო სერიოზულია, ვიდრე რეინოს პირველადი ფორმა.
როგორია სიმპტომატიკა?
სიმპტომატიკა სტადიების მიხედვით ვლინდება, თავიდან პრობლემა შედარებით უსიმპტომოა, ახასიათებს მხოლოდ დაბუჟება და შესაძლოა ოდნავი ფერის შეცვლა თითებზე. მეორე სტადიაზე, უკვე სიცივეში, დაბოლოებების ფერი პრაქტიკულად მკვეთრად იცვლება, სიცივისა და დაბუჟების შეგრძნებასთან ერთად; ეს, ძირითადად, ეხება კიდურის – ფეხისა და თითებს [ფრჩხილის ფალანგები და ბალიშები] ტრანზიტულ ნაწილებს, შემდეგ ცხვირის წვერს, ტუჩებს, ყურების ბიბილოებს;
MayoClinic: რეინოს დაავადების სიმპტომებია
ფეხის ან ხელის თითების სიცივე;
კანის უბნები, რომლებიც ფერმკრთალდება, შემდეგ მოლურჯო ხდება. თქვენი კანის ფერიდან გამომდინარე, ფერის ცვლილებები შეიძლება უფრო რთული ან ადვილად შესამჩნევი იყოს;
გათბობისას [შეტევის გადასვლის პროცესში] დაბუჟების შეგრძნება ან ტკივილი.
MayoClinic: თუ მეორადი რეინო მწვავეა, ხელისა და ფეხის თითებში სისხლის ნაკადის შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება. მაგრამ ეს იშვიათია. მთლიანად დაბლოკილმა არტერიამ შეიძლება გამოიწვიოს კანის წყლულები ან ნეკროზი. ამის მკურნალობა შეიძლება რთული იყოს. იშვიათად, ძალიან მწვავე არანამკურნალევმა შემთხვევებმა შეიძლება მოითხოვოს სხეულის დაზიანებული ნაწილის ამპუტაცია.
რამ შეიძლება პრობლემის პროვოცირება გამოიწვიოს?
გარდა იმ ძირითადი მიზეზებისა, რაზეც ვისაუბრეთ, მცირე კალიბრის სისხლძარღვების დაზიანება გადაცივების დროსაც შეიძლება მოხდეს. ეს უფრო რეინოს დაავადება [ვიდრე სინდრომი], რადგან ეს გადაცივების შედეგად განვითარებულის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით არის გამოწვეული.
სისხლძარღვოვანი პრობლემები, მათ შორის რეინოს სინდრომი ან/და რეინოს დაავადება, ძირითადად მწვავდება ადამიანებში, რომლებიც მოიხმარენ თამბაქოს ან/და ალკოჰოლს; ეს იმიტომ, რომ ამ დროს ისედაც შევიწროებულია მათი სისხლძარღვები, თამბაქო და ალკოჰოლი კი კიდევ უფრო სპაზმავს და ავიწროებს მათ.
როგორია მკურნალობა?
ძირითადი მკურნალობა მედიკამენტურია, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია ადამიანმა გაითვალისწინოს გარკვეული რეკომენდაციები – მოერიდოს იმ გარემოს, რომელშიც უმწვავდება პრობლემა, უნდა მოერიდოს ცივ გარემოს, მისთვის საჭიროა მშრალი სითბო. ეს ნიშნავს, რომ ზამთარში ატაროს ხელთათმანები და ხელები ჰქონდეს მშრალად, ნაცვლად იმისა, რომ ცხელ წყალს შეუშვიროს ხოლმე.
თუ რეინოს დაავადებაა, მკურნალობა მიდის ანგიოლოგიური მედიკამენტებით, თუ რეინოს სინდრომია, მაშინ კომპლექსური გამოკვლევაა საჭირო და მკურნალობა ხდება ენდოკრინოლოგის ან ნევროლოგის დანიშნულებასთან ერთად ანგიოლოგიური დანიშნულებით.
რეკომენდაციები: პაციენტმა ზამთრის პერიოდში უნდა ატაროს არა ის ხელთათმანი, რომელსაც ყველა თითი აქვს ცალკე, არამედ ე.წ. ვარიშკები, რომელსაც ცერა თითი აქვს ცალკე და ოთხი ერთად, რადგანაც ასეთ ხელთათმანში თითები ახლოსაა ერთმანეთთან და უკეთ თბება. მოწოდებულია, რომ ხელთათმანი იყოს შალის.
„ჩემნაირ ხალხს მოსამართლე ყურადღებას არ აქცევს,“ – ეს ხელვაჩაურში, მაჭახლისპირში მცხოვრები ზურაბ ბერიძის განცდაა სასამართლოზე – მეხუთე წელია სასამართლო ზურაბ ბერიძის სარჩელს „გადატვირთულობის მოტივით“ არ განიხილავს.
ზურაბ ბერიძე სახლიდან 4.5 მეტრის დაშორებით მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები გაიყვანეს. მოქალაქე მოსამართლესთან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით მივიდა, სადაც წერია: „ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები… საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება“.
ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ ამ ოჯახის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ქონებას საფრთხე ემუქრება, საქმის სხვა მასალებთან ერთად, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მეხუთე წელია აქვს თაროზე შემოდებული. ეს საქმე მოსამართლე ნუგზარ მგელაძეს აწერია.
„მეუბნებოდნენ თვალი გატყუებსო, მერე ექსპერტიზამ დაადგინა სიმართლე, მაგრამ სამართალო არ მაქცევს ყურადღებას“ – მოქალაქე
„თავიდან მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, არ იქნება ასე დაბლაო, რომ თქვენ პრობლემა შეგექმნათო. მერე მითხრეს, თვალი გატყუებსო და აჰა, მე ხომ არ ვიძახი ახლა მარტო, ექსპერტიზამ დაადგინა. პირდაპირ არ დაუწერიათ, მაგრამ დაღუპული ხარ მაგ ადგილზეო, მაგას ნიშნავს ხომ? ექსპერტიზამ გაგვამართლა, მაგრამ სასამართლო არ მაქცევს ყურადღებას,“ – გვიყვება ზურაბ ბერიძე, რომელმაც ხელვაჩაურის სასამართლოს სარჩელით 2019 წელს მიმართა.
ზურაბ ბერიძე ხელვაჩაურის მერიას, ენერგეტიკის მაშინდელ სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იმას ედავება, რომ ამ სახელმწიფო უწყებებმა ჰესის მფლობელ კომპანიას – „აჭარა ინვესტ 2007-ს“ მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მისი სახლის თავზე გაყვანის თანხმობა მისცეს.
ზურაბ ბერიძის თქმით, მას მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული „მესაკუთრის თანხმობა“ არასდროს გაუცია და არც კომპენსაცია მიუღია.
ისევ ამ სახლში ვცხოვრობ, სად წავიდეთ აბა? აივანზე გამოსვლისაც გვეშინია, არ აგვიტაციოს დენმა.
თანაც ორი პატარა შვილიშვილი მყავს, ერთი 6 წლისა, მერე – 5 წლის. 780 კვადრატული მეტრია ჩემი სახლი. რაზე უნდა მომელაპარაკონ, ან რა უნდა გადამიხადონ? მე არ მინდა საერთოდ ეს ხაზები აქ,“ – კატეგორიულია ზურაბ ბერიძე და ექსპერტიზის დასკვნასაც გვაჩვენებს.
„ზურაბ ბერიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობისას დარღვეულია ელექტრორადარების მოწყობის წესები. საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ტერიტორია მოქცეულია ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში და დარღვეულია მანძილები ეგხ-ს სადენებიდან, როგორც საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ტერიტორიის საზღვრამდე, ასევე შენობა ნაგებობამდე,“ – ვკითხულობთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს გაცემულ დასკვნაში.
დასკვნის მიხედვით, ზურაბ ბერიძის სახლიდან ელექტროგადამცემ ხაზამდე დისტანცია მხოლოდ 4,5 მეტრია, რაც კანონით განსაზღვრულ ნორმას არღვევს. დასკვნაში საუბარია საფრთხეებზეც.
„110 კვ ძაბვის ეგხ-ს ექსპლუატაციის პირობებში საჰაერო ელექტროხაზების დაზიანების, კერძოდ, სადენების გაწყვეტისა და ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია, სადენებმა დააზიანონ, როგორც ადამიანის ჯანმრთელობა, ასევე ქონება,“ – აღნიშნულია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში.
რატომ ვერ იცლის მოსამართლე ასეთი საქმეებისთვის? – მოსარჩელის მოსაზრებით დავინტერესდით.
„ალბათ რაღაც ზეწოლა აქვთ, არ ვიცი.
მოსამართლეც თუ უსამართლოდ მომექცევა, ესაა, თორემ მე ნორმალურად მაქვს ყველაფერი. თურქებს როცა დაველაპარაკეთ შორიდან, თქვენს მთავრობას მოსთხოვეთ პასუხი, ჩვენ ყველაფერი გადახდილი გვაქვსო. ხუთი წელი გავიდა, კაციშვილი არ მოსულა და არ უკითხავს არაფერი,“- გვითხრა ზურაბ ბერიძემ.
„ვითხოვთ გაცემული ნებართვის გაუქმებას და მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებას, კომპენსაციაზე საუბარი არც ყოფილა, რადგან ზიანი დათვლილი არ არის,“ – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი. ის ზურაბ ბერიძის და შოთა გვარიშვილის ინტერესებს იცავს სასამართლოში.
იურისტი განმარტავს, რომ ზიანი ამ შემთხვევაში შეუფასებელია, რადგან სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა საფრთხე.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს საჯარო დაწესებულებების მხრიდან კანონის დარღვევაზე: მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნებართვის გასაცემად სავალდებულო იყო მესაკუთრის თანხმობა.
„არსებობდა მემორანდუმი ამ უწყებებს და კომპანიას შორის, მაგრამ მესაკუთრეები ჩართული არ ყოფილან ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში. ეს დაუშვებელია. სახელმწიფომ არაფრად ჩააგდო საკუთრების უფლება, სასამართლომ კი დუმს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“.
„სასამართლოების გადატვირთულობას“ იშველიებს ლევან მურუსიძე, როცა ის სასამართლოში საქმეების განხილვის გაჭიანურებას ადასტურებს. ახალი მოსამართლეები ზუსტად ლევან მურუსიძემ და იუსტიციის საბჭომ უნდა შეარჩიოს. GDI-ის კვლევით, 2023 წელს საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ერთი მოსამართლე დანიშნეს გამოსაცდელი ვადით.
„სასამართლოს გუშაგის“ მონაცემებით კი, სასამართლოების ტოტალური გადატვირთულობის ფონზე, 100-ზე მეტი მოსამართლის ვაკანსიაა.
გარემოს ეროვნული საანგეტოს ცნობით, დღეს, 17 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი.
„მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა ინტერსიურმა თოვლის დნობამ და მოსალოდნელმა თანდართულმა ძლიერმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – იუწყება სააგენტო.
ამჟამად მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები მიმდინარეობს. ათობით ოჯახი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა და ათეულობით – კვლავაც სტიქიის ზონაში რჩება. მეწყრული პროცესები აჭარაში 6 თებერვალს განვითარდა, ძლიერი ნალექის შედეგად.