მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს

21.02.2024
ბათუმის მერია ზღვასთან ახლოს მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაიტანს

ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში ცვლილებები შეაქვს. ამჯერად მერია ნუსხაში გასაყიდ ფართობებს არამხოლოდ დაამატებს ახალ ობიექტებს, არამედ, ათამდე ქონებას ნუსხიდან ამოიღებს კიდეც. ამ გადაწყვეტილებისთვის მერიას საკრებულოს თანხმობა სჭირდება. საკითხი საკრებულოში უკვე გადაგზავნილია და მისი განხილვა 26 თებერვალს, სხდომაზე იგეგმება.

პროექტის მიხედვით, მერია აუქციონზე გაიტანს მცირე ზომის ნაკვეთს თამარის დასახლებაში, ზღვასთან ახლოს, რესტორან მეგრულ-ლაზურის მომიჯნავედ. ამ ნაკვეთის ფართობი 329 კვ.მეტრია. საპრივატიზებო ნუსხაში მითითებული არ არის გასაყიდ ფართობზე არსებული შენობების შესახებ, თუმცა რეესტრის მონაცემების მიხედვით, ფართობზე განთავსებულია მომიჯნავედ მდებარე შენობების ნაწილი.

გასაყიდად გამზადებული ნაკვეთის გვერდით მერია ფლობს ასვე 5644 კვ. მეტრ გამწვანებულ ტერიტორიას, აქ უკვე წლებია პარკია გაშენებული, რომლის რეაბილიტაციაც მერიის შესყიდვის ფარგლებში მიმდინარებს.

რაც შეეხება ათამდე ობიექტის საპრივატიზებო ნუსხიდან ამოღებას, მერიის ქონების მართვის სამსახური განმარტავს, რომ ეს ობიექტები ორჯერ ან მეტჯერ იყო აუქციონზე გატანილი და არ გაიყიდა.

„ასევე შემოსულია განცხადებები, რიგ მიწებზე აუქციონების შეჩერების თაობაზე“, – წერს მერია განმარტებით ბარათში, თუმცა არ აზუსტებს, ვინ მოითხოვა აუქციონების შეჩერება.

მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა ასევე მეორადი უძრავი ქონების ჩამონათვალი, რომლის გაყიდვასაც აუქციონის წესით გეგმავს. მათ შორის არის საბავშვო ატრაქციონები, ბუნებრივი გრანიტის ქვაფენილი და ავტომანქანები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: