მთავარი,სიახლეები

ოჯახი სუდანიდან – როგორ ამეცადინებს 14 წლის შვილი დედას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

20.02.2024 • 6888
ოჯახი სუდანიდან – როგორ ამეცადინებს 14 წლის შვილი დედას საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად

„ვინ იყო იმერეთის უკანასკნელი მეფე? – სწორი პასუხია „ბ“, სოლომონ მეორე“ – 14 წლის მუჰამედ აბდინი საქართველოს ისტორიაში დედას ამეცადინებს.

მუჰამედის დედა, მეისუნ ალტაჰერ ავდალა სუდანის მოქალაქეა. მშობლიური ქვეყანა 14 წლის წინ დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა ქმართან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

მეისუნ ავდალა საქართველოში 11 წლიანი ცხოვრების და ქართული ენის სწავლის შემდეგ, ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას გეგმავს. სურს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო გამოცდები ჩააბაროს და საქართველოს მოქალაქე გახდეს.

„პოლიტიკის და ომის გამო წამოვედით ქვეყნიდან. მეც, ჩემს მეუღლესაც და ბავშვებსაც 11 წელია გვაქვს ლტოლვილის სტატუსი. გვინდა ვიყოთ საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ ახლა მოქალაქეობის განაცხადს ვამზადებთ,“ – ამბობს მეისუნი.

სუდანიდან გაქცევის შემდეგ სამი წელი მალაიზიაში ცხოვრობდა, საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია.

„განცდა, რომ უცხოელი ხარ, მძაფრი იყო მალაიზიაში. საქართველოში ჩამოსვლისას არ მიგრძვნია, რომ აქ უცხო ვარ. ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. თავიდან ენა არ ვიცოდი, ძალიან რთული იყო კომუნიკაცია ხალხთან, მაგრამ ენობრივი ბარიერის მიუხედავად სულ მეხმარებოდნენ.

თბილისში ორი წელი ვცხოვრობდი. რთული დრო იყო – სხვა ქვეყანა, სხვა ენა. სამსახური არ გვქონდა, ფული არ გვქონდა, მძიმე დღეები გამოვიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა,“ – იხსენებს მეისუნი საქართველოში ცხოვრების დაწყების პირველ წლებს.

მეისუნი ოჯახთან ერთად ახლა ბათუმში ცხოვრობს. პირველად თბილისიდან ბათუმში თურქეთში წასასვლელად ჩამოვიდა. თბილისში ორწლიანი ცხოვრების შემდეგ ოჯახს გადაწყვეტილი ჰქონდა ცხოვრება ახალ ქვეყანაში, თურქეთში გაეგრძელებინა.

მეისუნი ამბობს, რომ ბათუმში ერთკვირიანი ცხოვრებისას მიხვდა, რომ სხვაგან წასვლა არ უნდოდა. მერვე წელია ბათუმში ცხოვრობს. მისი სამი შვილი ქართულ სკოლაში დადის, ქართულად თავისუფლად საუბრობს და თავს ქართული საზოგადოების წევრად თვლის.

„ჩემი შვილების კლასელების მშობლები, მასწავლებლები, სკოლის დირექტორი – ყველა მეხმარებოდა იმაში, რომ ჩემი შვილების საქართველოში ინტეგრაცია მომხდარიყო.

ინტეგრაცია ჩემთვის მხოლოდ სიტყვა არ არის. ჩემი აზრით, ეს არის ცხოვრების სტილი. თუ მე მეზობლებთან ურთიერთობა არ მაქვს, ან არ მყავს დაქალები, უკვე ღარიბი ვარ.

ამიტომ ვამბობ, რომ ინტეგრაცია ჩემი ცხოვრების სტილში ჩანს. აქ არ მყავს არაბი დაქალები. ჩემი მეგობრები ქართველები არიან. მათი დარდი, ჩემი დარდია. მათით ვგრძნობ, რომ ბათუმის საზოგადოების ნაწილი ვარ.

ქართული ენის სწავლა ჩემი მეზობლებისგან დავიწყე. ასევე ჩემი შვილების თანაკლასელების მშობლები მეხმარებოდნენ სწავლაში. თვითონაც მინდოდა სწავლა, რადგან ხალხთან ურთიერთობის გარეშე არ შემიძლია. ბავშვებს დავალებების გაკეთებაში ვეხმარებოდი. საბოლოოდ ამ ყველაფერმა მასწავლა ქართული,“ – ამბობს მეისუნი.

მეისუნს სამი შვილი ჰყავს – ნურანი, მუჰამედი და ნუნი.

სამივე განათლებას ქართულ ენაზე იღებს, ქართულ სკოლაში. სამივე კარგად სწავლობს. ნურანს არქიტექტორობა უნდა, მუჰამედი ფეხბურთს თამაშობს, ოცნებობს ან კარგი ფეხბურთელი გამოვიდეს ან პილოტი და სამყაროს შემოუფრინოს. ნუნი ჯერ სასურველი პროფესიის ძიებაშია. განსაკუთრებით უყვარს ცეკვა. მისი პირველი იმედგაცრუებაც ცეკვას უკავშირდება.

„ძალიან მიყვარდა ქართული ცეკვა. წრეზე დავდიოდი. ერთ დღეს გვითხრეს, რომ გასტროლებზე უნდა წასულიყო ანსამბლი თურქეთში. ძალიან, ძალიან გამიხარდა. თუმცა იმის გამო, რომ სუდანის მოქალაქე ვარ, ქვეყნის დატოვება არ შემიძლია. ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო ჩემთვის. ისე დამწყდა გული, ცეკვიდან გამოვედი.

ახლა დავდივარ თეატრალურ სტუდიაში. აგვისტოში პოლონეთში მიდიან ჩემი სტუდიის ბავშვები. ძალიან მინდა წასვლა. დედა მოქალაქეობის მისაღებად გამოცდებს აბარებს. არ ვიცი რა იქნება, იმედია შევძლებ წასვლას,“ – გვიყვება ნუნი აბდინი.

ნუნი და მუჰამედ აბდინები

ნუნის ბედი გაიზიარა მისმა ძმამ, მუჰამედმაც, როცა მისი ფეხბურთის გუნდი სათამაშოდ თურქეთში წავიდა, ვერ გაჰყვა, რადგან საზღვრის კვეთა არ შეუძლია.

მუჰამედი ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს გეოგრაფია და ისტორია. დედას ყოველდღე ამეცადინებს ისტორიის ტესტებში, რომ მან საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეძლოს.

„სულ ვამბობ – მინდა ვიყო საქართველოს მოქალაქე. პირველი იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები. ცოტა კი მეშინია, ბევრს ეუბნებიან უარს, მაგრამ ჩემთან მიმართებაში ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა მითხრან უარი. ენა ვიცი. ვამზადებ ჩემ თავს ისტორიისა და სამოქალაქოს ტესტებისთვის.

ჩემი ბავშვები აქ არ დაბადებულან, მაგრამ თვითონ ასე ამბობენ, რომ ქართველები არიან. თუ ბავშვმა არ იცის მშობლიური ენა [არაბული] და სხვა ქვეყნის ენა იცის [ქართული], ისინი უკვე იმ ქვეყნის შვილები იციან, რომელ ენაზეც ლაპარაკობენ.

ჩემი ოცნებაა, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე. როგორ ვთქვა – ნაწილი მინდა ვიყო ამ საზოგადოების. ემოციურ დონეზე ამის შეგრძნება მაქვს, მაგრამ იურიდიულადაც მინდა ეს ასე იყოს. მინდა მთავრობიდან ოფიციალური დასტური იმის, რომ – კი, შენც ამ საზოგადოების ნაწილი ხარ,“ – ამბობს მეისუნ ავდალა.

მეისუნი World Vision-ში მუშაობს, ასევე თარჯიმანია სასამართლოში. მეისუნის მეუღლე ავადაა და ვეღარ მუშაობს. შესაბამისად, ოჯახის მთელი სიმძიმე – ბინის ქირა, კვების თანხა, გადასახადები, ბავშვების სწავლა-განათლება, მეისუნს აწევს მხრებზე.

გასულ წელს, როცა მისი ქმარი ავად გახდა, მეისუნს სურდა მისი სამკურნალოდ თურქეთში წაყვანა, მაგრამ ვერ შეძლო.

„სუდანის მოქალაქეებს თურქეთში გვჭირდება ვიზა, რომელიც ასი დოლარი ღირს. ვიცით, რომ თურქეთი ვიზას არ მოგვცემდა, რადგან სუდანის მოქალაქეები ვართ. ორასი დოლარი უნდა დაგვეკარგა ტყუილუბრალოდ. საქართველოში ლტოლვილის სტატუსით ვცხოვრობთ, მოქალაქეობა რომ გვქონოდა, სამკურნალოდ წასვლას შევძლებდით,“ – ამბობს მეისუნი.

მეისუნი ამბობს, რომ 14 წელია არ უნახავს საკუთარი ოჯახი. მისი და ნიდერლანდებში ცხოვრობს, მამა, საუდის არაბეთში. თუმცა რადგან დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში, ვერ ახერხებს ქვეყნის დატოვებას.

„ადვილი გადაწყვეტილება არ იყო ემიგრაციაში წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, იძულებულები ვიყავით. 500 დოლარი მქონდა სულ, როცა სუდანი დავტოვე და სამი ბავშვით ჩავედი მალაიზიაში. ურთულესი გზა გავიარეთ, როგორც მიგრანტებმა. ნუნი ერთი წლის იყო მაშინ. შენი ქვეყნიდან მიდიხარ, ეს ადვილი არაა.

14 წლის შემდეგ ჩემი შვილები ქართულად საუბრობენ, ქართულ გარემოში იზრდებიან, სკოლაში დადიან. ჩემი და მათი მეგობრები ქართველები არიან.

მაქვს იმის შეგრძნება, რომ სახლში ვარ. აღარ ვგრძნობ აქ თავს უცხოდ. ბავშვებიც თავის თავს აქ ხედავენ. მგონია მზად ვარ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე გავხდე. ბავშვები ყოველდღე კითხულობენ – როდის იქნება, როდის იქნება…?

მეც ჩემი შვილების მომავალს აქ ვხედავ, საქართველოში. აქ მშვიდად ვართ. შიში არ მაქვს, როგორც დედას.

არ ვიცი, სად გააგრძელებენ ჩემი შვილები სწავლას – ბათუმში თუ თბილისში, მაგრამ ვიცი, რომ მათ საქართველოში უნდათ დარჩენა და ცხოვრება“.

2023 წელს საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ამ ცვლილების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა შეუძლია სრულწლოვან პირს, თუკი იგი საქართველოში უწყვეტად ცხოვრობს ბოლო 5 წლის განმავლობაში და დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა. ასევე, დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, იმ შეთხვევაში თუკი არასრულწლოვნის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა, არასრულწლოვანმა შეიძლება მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: