მთავარი,სიახლეები

შვილები როცა გაიზარდნენ, დიდი თავისუფლება ვიგრძენი – 44 წლიდან დაწყებული ახალი საქმე

20.02.2024 • 4986
შვილები როცა გაიზარდნენ, დიდი თავისუფლება ვიგრძენი – 44 წლიდან დაწყებული ახალი საქმე

ცოტა ხნის წინ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია, სილამაზის სალონი დახურა. წლობით მუშაობდა იტალიური ბრენდების თავის მოვლის საშუალებების ტრენერად, ბიზნესი მთლიანად მისი იყო და საქმეც მოსწონდა, მაგრამ მიხვდა, რომ ,,გადაიწვა“ და საჭირო იყო სიახლეები, რაღაც სხვა უნდა გაეკეთებინა, რაშიც მთლიანად გადაეშვებოდა და მთელ დროს ისე დაუთმობდა საქმეს, რომ არ დაიღლებოდა:

„ასე დავხურე ჩემი ძველი ბიზნესის ყველა კარი ერთ მშვენიერ დღეს. ყოველთვის ვხატავდი და გადავწყვიტე მეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებდა, მახარებდა და კერამიკის დამუშავება ვისწავლე. ჩემი შვილები გაიზარდნენ და გავთავისუფლდი. აღმოვაჩინე, რომ ეს სწორედ ის დრო იყო, როცა საინტერესო ექსპერიმენტების უფლება შემეძლო მიმეცა საკუთარი თავისთვის“ – იხსენებს 46 წლის იზა სამველიძე, რომელიც კერამიკით 2 წლის წინ დაინტერესდა.

იზა ნამუშევრებს უკვე ინტერნეტით ყიდის. ამბობს, რომ გაყიდვების ტენდენცია მზარდია და ყველა მისი სამომავლო გეგმა კერამიკაზე მუშაობას უკავშირდება. კერამიკის ოსტატისგან ძირითადად ნივთის ტექნიკურად აწყობა ისწავლა, მერე კი საკუთარი იდეების და ფანტაზიის ხორცშესხმა დაიწყო, დაინტერესდა დამუშავების სხვადასხვა ტექნიკით, ახლა სერბი კერამიკოსის ონლაინკურსს გადის. უნდა, რომ მხატვრული კერამიკა აქციოს სამომავლო საქმედ და შემოსავლის წყაროდ, ეს კი გულისხმობს ინტერიერის, შენობის კუთხეების, კედლების დეკორაციას.

იზა სამველიძის ნამუშევრები, კერამიკა.

იზა ამბობს, რომ მის ნამუშევრებს თავიდან ნაცნობ-მეგობრები ყიდულობდნენ, მერე მყიდველების წრე გაფართოვდა. სამომავლოდ საკუთარი ვებგვერდის შექმნას გეგმავს, სადაც ყველა ნივთს განათავსებს:

„ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებლები და წამხალისებლები ჩემი ქმარი და შვილები არიან. ყველაფერი შენს ფანტაზიაზე, იდეებსა და საქმის მიმართ სიყვარულზეა დამოკიდებული.

ვებგვერდი რომ მექნება, ინტერნეტში გაყიდვის პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში კერამიკის ბევრი მოყვარულია“, – ამბობს იზა.

ბათუმში არსად ეგულებოდა ადგილი, სადაც მის მსგავსად კერამიკასა და სხვა მასალებზე მომუშავეებს გაიცნობდა, მაგრამ მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრმა აჭარაში მცხოვრები ის ქალები შეკრიბა, რომლებიც ნამუშევრებს ხელით ქმნიან. სწორედ აქ გაიცნო ბევრი ასეთი ქალი იზამ.

პროექტის ფარგლებში ქალები საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებს აწყობენ და  ერთად გეგმავენ საერთო ვებგვერდის შექმნასაც, სადაც ყველას ხელნაკეთი ნივთი იქნება ონლაინ ხელმისაწვდომი, შესაკვეთად.

ხელნაკეთი ნივთების ავტორებისთვის სწორედ გასაღების ბაზარია ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. თუმცა იზა ამბობს, რომ გაყიდვებთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს ჰქონია, არც მაშინ, როცა სილამაზის სალონი ჰქონდა და არც მერე, როცა კერამიკაზე მუშაობა დაიწყო.

ამბობს, რომ წარსულში, როცა ბიზნესი იყო მისი საქმე, კომუნიკაციის ბევრი წესი ისწავლა, რაც სწორედ პროდუქტის გასაყიდად იყო მნიშვნელოვანი. კერამიკის ნივთების შემთხვევაში კი იზა ამბობს, რომ თუ სიახლეებით ყოველთვის ინტერესდები, ახალ-ახალ ტექნიკას ცდი და ექსპერიმენტებს ატარებ, აუცილებლად განივითარებ ცოდნას და ნამუშევრებიც ორიგინალური ხდება, რაც გაყიდვებზეც აისახება.

იზა სამველიძის ნამუშევრები, კერამიკა.

ახალბედა კერამიკოსი გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას, რას განიცდიან ქალები მას შემდეგ, რაც შვილები იზრდებიან, მოვლა აღარ სჭირდებათ და დამოუკიდებლები ხდებიან. საუბრობს იმაზეც, თუ რამ შეიძლება ამ დროს ქალს გადაალახვინოს ფსიქოლოგიური ბარიერები, რაც ბევრისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად იქცევა:

„როცა ბავშვები გაიზარდნენ მე დიდი თავისუფლება ვიგრძენი. მაგრამ ეს ერთბაშად არ მომხდარა. სანამ პატარები გყავს, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობ პატარების მიმართ და საკუთარ თავს ცოტა ხნით ივიწყებ. როცა იზრდებიან, თავისუფალი ხდები და შეიძლება ეს ,,უფუნქციობად“ ჩათვალო, შეიძლება ფსიქოლოგის დახმარებაც დაგჭიდეს, რომელიც მიგიყვანს აზრამდე, რომ საკუთარი თავი უნდა გაიხსენო და დაიბრუნო, თავი რომელიც დაგეკარგა.

ამაზე დაფიქრების შემდეგ ვიპოვე თავი და ახლა მაქვს შეგრძნება, რომ რაღაც ტიპის მუხტი მიჭირავს კუდით, რომელსაც აღარასდროს გავუშვებ ხელს. მინდა, რომ მთელი ცხოვრება ამ მუხტით ვიცხოვრო. ბავშვივით ლაღი და ცუღლუტი გავხდი მას შემდეგ, რაც შვილები დამოუკიდებლები გახდნენ და გავთავისუფლდი.

მინდა ისე ვიმუშაო კერამიკაზე, რომ ჩემი ნივთების დანახვამ ადამიანები გააბედნიეროს, გააღიმოს. ეს პროცესი მომწონს – ნამუშევრებით დადებითი ემოციების გამოწვევა, იმ ემოციების, რისი მატარებელიც თავად ვარ.

საქართველოში ქალებს ხშირად არასწორად გვასწავლიან, რომ ჩვენი თავის სიყვარული ეგოიზმია. არ არის ეგოიზმი საკუთარი თავის პატივისცემა. ქალებმა ხშირად უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: დღეს რა გაგიხარდება? რა გესიამოვნება? რას გააკეთებდი დღეს საკუთარი თავისთვის, რომ შენც ბედნიერი იყო და გარშემომყოფებიც? ელემენტარული კითხვებია, რაზეც დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს შეიძლება პასუხი არც ჰქონდეს“, – ამბობს იზა სამველიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: