მთავარი,სიახლეები

„2 წლის ბავშვთან ერთად გამოვიქეცი, ღამით დასარჩენი არ მაქვს“ – რა ჩანს ძალადობაზე ახალ განაჩენებში

19.02.2024 • 3975
„2 წლის ბავშვთან ერთად გამოვიქეცი, ღამით დასარჩენი არ მაქვს“ – რა ჩანს ძალადობაზე ახალ განაჩენებში

ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც უზენაეს სასამართლოს განჩინება 2024 წელს მიუღია, კაცი ცოლს ავტომანქანაში კონდიციონერის ზომის გამო ეჩხუბა – პროკურატურის ვერსიით, სახეში გაარტყა ხელი. მოსამართლემ კაცი ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ მიიჩნია, მეორე ეპიზოდში – დამნაშავედ. მეორე ეპიზოდი სახლში ძალადობას ეხებოდა.

მოძალადეს მოსამართლემ მხოლოდ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა – 100 საათით.

საერთო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ისევ არ ქვეყნდება. რამდენად იცვლება მოსამართლეების მხრიდან ოჯახში ძალადობის მუხლით ბრალდებული კაცების გამართლების ტენდენცია? – „ბათუმელები“ უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ რამდენიმე განჩინებას გაეცნო, რაც ხელმისაწვდომია. [სტატიაში სახელები შეცვლილია]:

 „ღამით დასარჩენი არ მაქვს, მშობლებთან ვერ წავალ“ – ქრისტინეს ამბავი, რომლის ძალადობაში ბრალდებულის ქმარიც მოსამართლემ გაამართლა 

„…ქმარი ჩემზე ძალადობს, 2 წლის ბავშვთან ერთად გამოვიქეცი სახლიდან, ღამით დასარჩენი არ მაქვს, მშობელთან ვერ წავალ… მეუღლე მემუქრება, რომ მომაკითხავს. ვითხოვ თავშესაფარს,“ – უთქვამს ძალადობის მსხვერპლ ქალს 112-ის ოპერატორისთვის.

დაზარალებულად მიჩნეულ ქრისტინეს სასამართლოში დუმილი აურჩევია.

ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია იკვეთება: მსხვერპლი ქალები დუმილს არჩევენ, მოსამართლეები კი, მსხვერპლისკენ მიუთითებენ იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმეში ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, სხეულზე დაზიანებები, ქრისტინეს შემთხვევაში – „ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები“.

ძალადობაში ბრალდებული კაცი ვახტანგ ს. ბრალს არ აღიარებდა – 2022 წელს მას ისევ ოჯახში ძალადობას და მუქარას ედავებოდნენ, მაშინ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. 2023 წელს კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ამ საქმეშია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ქრისტინას აღენიშნებოდა „ნაჭდევი და სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.“

უზენაესი სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შესახებ წერს:

„მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ქ.-ს სხეულზე სისხლნაჟღენთების, ნაჭდევისა და სისხლჩაქცევის სახით არსებობა, თუმცა ის მიჩნეული ვერ იქნება ვ. ს-ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის, მისი რაოდენობის, სიმძიმისა და ლოკალიზაციის, მაგრამ არა ამ დაზიანების მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენა.

საქმეში კი წარმოდგენილი არ არის სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანება ქ. ს-მ ვ. ს-ის მხრიდან ჩადენილი ძალადობრივი ქმედების შედეგად მიიღო,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს მიერ 2024 წელს მიღებულ განჩინებაში.

ამ საქმის პროკურორი ასევე აპელირებდა შეტყობინების ოქმსა და შემაკავებელ  ორდერზე, რაც საკასაციო სასამართლო არ გაიზიარა და მიუთითა, რომ ორივე წერილობითი მტკიცებულების წყარო არის თავად დაზარალებული

„…ქალბატონ ქ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რის გამოც დაინიშნა ექსპერტიზა; გამოიცა შემაკავებელი ორდერი და ოქმი,“ – ეს მოსამართლეს იმ პოლიციელმა უთხრა, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში მოუსმინა ქალს.

„მოწმე თ. ა-ს ჩვენება, რომლებიც ძალადობისა და მუქარის ეპიზოდების ჩადენის შესახებ ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, არის ირიბი და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს,“ – აღნიშნულია განჩინებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი უცვლელი დარჩა.

ქმარი მსაყვედურობდა, რატომ ვერ გავთვალე კონდიციონერის სიგრძე“ – ქალმა სასამართლოს ჩვენება მისცა 

ოჯახში ძალადობის ამ საქმეში დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა – ლია ც.- მ მოსამართლეს უთხრა, რომ ქმართან „ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბა“. იმ დღეს კი, ავტომანქანით წავიდნენ ბათუმში, სავაჭრო ცენტრში, გზაში კონდიციონერთან დაკავშირებით შეკამათდნენ. ჯემალი საყვედურობდა, თუ რატომ ვერ გათვალა კონდიციონერის სიგრძე. მანქანიდან გადასვლისას ქმარმა შეაგინა, რაც ძალიან ეწყინა, ის ისევ მანქანაში ჩაჯდა და განუცხადა, რომ აღარ შევიდოდა მარკეტში მასთან ერთად.

„მარცხენა ლოყაზე გამარტყა ხელი, ძალიან მეტკინა, მერე ხელები დამიჭირა და აღარ მაძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას, სილურჯეებიც მქონდა,“ – უთხრა მოსამართლეს დაზარალებულმა.

„მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება არ არის გამყარებული სხვა, უტყუარი სახის მტკიცებულებით, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა ამ ფაქტის მართებულობა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ამ საქმეში მხოლოდ ირიბი მოწმე იყო: მოძალადის და მსხვერპლის საერთო შვილი. მოწმემ მოსამართლეს დედის მონათხრობი მოუყვა, რაც იმ დღეს მოუყოლია დედას შვილისთვის.

პროკურატურის ვერსიით, ჯემალმა თავდაპირველად მეუღლეზე სახლში იძალადა, „კერძო, გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში და ხელებზე ძლიერ მოქაჩა, რის შედეგად ლ.ც.-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში, შემდეგ კი, სავაჭრო ობიექტის პარკინგზე, ავტომანქანაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 4 მაისს ჯემალ შ. უდანაშაულოდ მიიჩნია პარკინგის ეპიზოდში, თუმცა დამნაშავედ მიიჩნიეს სახლის ეპიზოდში და ოჯახში ძალადობისთვის 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა.

ამ საქმეზე პროკურორმა ნიკა მენთეშაშვილმა ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვა და ჯ.შ-ს დამნაშავედ ცნობა ოჯახში ძალადობის ორივე ეპიზოდში. „საქმეში წარმოდგენილი ობიექტური მტკიცებულებები, დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, ადასტურებს ჯ. შ-ის მიერ ოჯახში ძალადობის ორივე ფაქტის ჩადენას,“ – იწერებოდა პროკურორი.

ეს პოზიცია არც უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა.

„თუ არ შემირიგდები, მოგკლავ“ – გამართლდა ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებულიც 

„ეჭვიანობის ნიადაგზე“ – ფრაზას, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებს, შეხვდებით უზენაესი სასამართლოს განჩინებაში. ამ შემთხვევაში მსხვერპლი ქალია – მარი ზ. მას ყოფილი ქმარი მიუვარდა ბინაში და უთხრა, თუ არ შემირიგდები, მოგკლავო.

ბრალდებული კაცი – ბექა ბ. მოსამართლემ გაამართლა.

გამოძიების ვერსიით კი, ბექა ბ.-მ „გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს მ. ზ-ს, მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა მარჯვენა ლოყის არეში. აღნიშნული დარტყმის შედეგად მ. ზ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი… განუცხადა, რომ მოკლავდა, რაც მ. ზ-მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.

2023 წლის 6 ივნისის განაჩენით ბექა ბ. უდანაშაულოდ მიიჩნიეს, როგორც ოჯახში ძალადობის, ისე მუქარის მუხლებით წარდგენილ ბრალდებებში.

სასამართლოსთვის ჩვენება აღარ მიუცია დაზარალებულად მიჩნეულ ქალს და მასთან მცხოვრებ შვილს, ექსპერტიზით ფიზიკური დაზიანების კვალი არ დადასტურდა.

„ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გამართლებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას დაადასტურებდა,“ – აღნიშნულია განჩინებაში. აქვე წერია შემაკავებელ ორდერზეც, რომელიც პოლიციელებმა მაშინ გამოსცეს, როცა მარიმ 112-ზე დარეკა და შველა ითხოვა.

„ის შეიცავს მწირ ინფორმაციას მუქარის არსებობის თაობაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ოქმში გადმოცემული ინფორმაცია არაა დადასტურებული სხვა რაიმე მტკიცებულებით. ფიზიკურ ძალადობასთან მიმართებაში კი, შემაკავებელი ორდერის ოქმი არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას.

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენზე ბ. ბ-ის მიმართ არ იქნეს დაშვებული განსახილველად,“ – ვკითხულობთ 2024 წლის 24 იანვარს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში.

„ქმარმა მუქარით ამაღებინა სესხი 12 ათასი ლარი“ – კიდევ ერთი საქმე

კიდევ ერთი საქმეში, რომელიც ქალზე ძალადობას ეხება, კაცს ცოლის მიმართ მუქარა 8 სხვადასხვა ეპიზოდში დაუდასტურდა, თუმცა იგი მოსამართლემ გაამართლა ერთ ეპიზოდში: დაზარალებული ქალის მტკიცებით, ქმარმა მას მუქარით ბანკიდან 12 ათასი ლარი სესხიც ააღებინა.

ამ ეპიზოდში კაცი გამართლდა.

პროკურორი პაატა ცეცხლაძე მიიჩნევდა, რომ ამ ეპიზოდში კაცის ბრალეულობა სარწმუნოდ დგინდებოდა: ამის შესახებ მოსამართლეს ჩვენებაში თავად დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმა უამბო. სესხის იძულებით აღების შესახებ ჰყვებოდნენ სხვა მოწმეებიც.

„ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისი ერთობლიობით ვერ დაადასტურა დ. ფ–ს ბრალეულობა,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

არც ამ შემთხვევაში გაუშვიათ მოსამართლეებს მსჯავრდებული კაცი ციხეში – მართალია, დავით ფ.-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ იგი პირობით ჩაეთვალა. მსჯავრდებულს გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

ამ თემაზე:

ზარი პოლიციაში: რატომ ამართლებს სასამართლო ოჯახში მოძალადე კაცებს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: