მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რას აზიანებს ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენება

21.02.2024 •
რას აზიანებს ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენება

ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა: გრიპი, მწვავე სურდო, ჰაიმორიტი და სინუსური ინფექციები, გაჭედილი ცხვირის გასახსნელად რეკომენდებულია მყისიერი მოქმედების ე.წ. დეკონგესტანტური სპრეისა თუ წვეთების გამოყენება, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ იმ რისკების შესახებ, რაც ამ საშუალებების ჭარბად მოხმარებას ახლავს. 

მედიკამენტური, იგივე წამლისმიერი რინიტი არის ცხვირის შეშუპების ტიპი, რომელიც ჩნდება ცხვირის სპრეის გადაჭარბებული გამოყენების შედეგად. ეს იწვევს გაღიზიანებას და ანთებას ცხვირის არხებში.

გარდა ამისა, ბათუმის სამედიცინო ცენტრის ოტორინოლარინგოლოგი, ბესიკ კოკობინაძე განმარტავს, რომ ამგვარი სპრეის ჭარბად მოხმარების შედეგად ვითარდება ერთგვარი ტოლერანტობა პრეპარატის მიმართ – ცხვირი აღარ რეაგირებს წამალზე ისე, როგორც თავდაპირველად, მაგრამ მის გარეშე ცხვირი კვლავ შეშუპებულია და სუნთქვა გაძნელებული.

ბესიკ კოკობინაძე მედიკამენტური რინიტის სიმპტომებზე, გართულებებსა და მკურნალობაზე საუბრობს.

  • ბატონო ბესიკ, თავიდან რომ განგვიმარტოთ, რა სახეობის ცხვირის სპრეების ჭარბად მოხმარება შეიცავს ასეთ რისკებს?

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ცხვირის წვეთებზე, რომლებიც შეიცავენ სისხლძარღვთა შემავიწროებელ ნივთიერებებს. ზოგადად, ეს ცხვირის წვეთები, როგორც წესი, მოქმედებს ადგილობრივად, რომ შეავიწროოს ნიჟარაში მდებარე სისხლძარღვები, ნიჟარის მოცულობა და ამის შედეგად ცხვრიდან სუნთქვა გაუუმჯობესდეს პაციენტს.

ამ სახის ცხვირის სპრეები გამოიყენება გაციების, გრიპის, მწვავე სურდოს, ჰაიმორიტის ან სინუსური ინფექციების, შუა ყურის ანთების დროს – ასეთ დროს ამ წვეთების გამოყენება აუცილებელია, რათა დროულად გაიხსნას ცხვირი, მაგრამ მათი რეგულარულად გამოყენება არ შეიძლება.

ეს საშუალებები გამოიყენება ბავშვებთანაც. რა თქმა უნდა, ასაკობრივად პრეპარატის პროცენტული შემადგენლობა სხვადასხვაა, მაგრამ აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. მქონია პრაქტიკაში შემთხვევა, როცა 8 წლის ბავშვი იყო „დამოკიდებული“ ამ წვეთებზე. თავიდან გაცივდა, შემდეგ ალერგიული ფონი დაემთხვა და ისე აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივად აწვეთებდნენ წვეთებს; ბავშვს ჩამოუყალიბდა ნიჟარების ჰიპერტროფია, სუნთქავდა წვეთებით და საბოლოოდ ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.

  • როგორ გვაზიანებს ამ სახის ცხვირის სპრეების ჭარბად მოხმარება?

ყველაზე ხშირად რასაც იწვევს, ეს არის მედიკამენტური, იგივე მეორადი რინიტი. ამ საშუალებების ხანგრძლივი მოქმედება ადგილობრივად იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ვითარდება მუდმივი რინიტის სიმპტომები.

ეს არის ცხვირის მუდმივი გაჭედილობა, შეიძლება ახლდეს გამონადენი ცხვირიდან, პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი;  ასეთი სიმპტომები უფრო გამოხატულია ღამით, როდესაც პაციენტი ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია და იღვიძებს, რომ ჩაიწვეთოს წვეთები.

ClevlandClinic: შესაძლოა გქონდეთ შემდეგი სიმპტომები: ქავილი ცხვირის ღრუში და ცემინება. მედიკამენტური რინიტის დროს პაციენტს არ აღენიშნება გაციების, გრიპის ან ალერგიის სხვა სიმპტომები.

გარდა ამისა, საკმაოდ მაღალია რისკი იმისა, რომ ამ საშუალებების ჭარბი და სისტემატური გამოყენების შედეგად განვითარდეს დამოკიდებულება, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ამ სპრეის გარეშე [გაციების გარეშეც] აქვს სუნთქვის პრობლემა.

ასევე, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ პრეპარატმა დაიწყოს სისტემური მოქმედება, ანუ თავისი მექანიზმი რაც აქვს [სისხლძარღვების შევიწროება], აამუშაოს ნებისმიერი ორგანოს სისხლძარღვებზე, რის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ჰიპერტენზია და გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა ჩივილები.

შესაძლოა ამ სახის სპრეების სისტემატური გამოყენებისას ადგილობრივი ლორწოვანი გარსი ისე გათხელდეს, რომ სისხლძარღვები გაშიშვლდეს, რაც ცხვირიდან მორეციდივე სისხლდენის მიზეზი გახდება; შეიძლება ცხვირის ლორწოვანში განვითარდეს ატროფიული პროცესები, დაზიანება ცხვირში, მაგალითად, მოხდეს ცხვირის ძგიდის პერფორაცია (ნახვრეტი); 

  • რამდენად რეალურია, რომ ეს სპრეები იწვევს დამოკიდებულებას?

უშუალოდ მედიკამენტი არ იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ დამოკიდებულებად შეიძლება განვიხილოთ ის მომენტი, როცა ნაზალური სპრეის სისტემატური გამოყენების შედეგად ცხვირში ირღვევა ფიზიოლოგიური მექანიზმი და პაციენტს მუდმივად გაჭედილი აქვს ცხვირი, რის გამოც მუდმივად იყენებს ამ სპრეის.

საქმე ის არის, რომ ცხვირის ნიჟარას აქვს ფიზიოლოგიური თვისება – პერიოდულად გაიბეროს და შეიკუმშოს. როცა ცხვირში არსებული სისხლძარღვების რეცეპტორები აღიქვამენ ამ სპრეის/მედიკამენტს, ერთი-ორი წუთის შემდეგ იწყება მოქმედება, ანუ ხდება ცხვირის ქვემო ნიჟარების სისხლძარღვოვანი შეკუმშვა. ოღონდ, ეს არის დროებითი ეფექტი, გარკვეული დროის შემდეგ ნიჟარები ისევ იბერება და ცხვირი ისევ გაჭედილია.

რომელიმე ასეთი პრეპარატის სისტემატური გამოყენების დროს, ირღვევა ეს ფიზიოლოგიური მექანიზმი და თუ პრეპარატს აღარ მივაწვდით სისხლძარღვებს, ისინი აღარ შეიკუმშებიან, რჩებიან გაფართოებული, შესაბამისად ცხვირის ნიჟარა რჩება მუდმივად გაბერილი და გადიდებული.

ამას ემატება წამლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ანთებითი პროცესები, ე.წ. წამლისმიერი რინიტი, რაც იწვევს მუდმივ ცხვირგაჭედილობას.

  • როგორია ამ მდგომარეობაში მკურნალობა?

მკურნალობას რაც შეეხება, უნდა შეფასდეს, რა არის ცხვირის ღრუში სუნთქვის გართულების მიზეზი. 

ვიწყებთ აუცილებლად მედიკამენტური მკურნალობით და ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომ მოიხსნას ლორწოვანი გარსის შეშუპება. შეშუპების მოხსნის შედეგად ნიჟარების მოცულობა მცირდება და სუნთქვა უმჯობესდება. შესაბამისად, აღარ ვიყენებთ იმ წვეთებს, რომლებზეც „დამოკიდებული“ ვიყავით.

აქ საუბარია ალერგიის საწინააღმდეგო, ე.წ. სამკურნალო წვეთებზე, ისინი არ მოქმედებენ მყისიერად, მხოლოდ ხანგრძლივი გამოყენების შემდეგად მიიღწევა ეფექტი, ამიტომ ინიშნება ხანგრძლივად და არ იწვევს „დამოკიდებულებას“. ეს ადგილობრივი მოქმედების ჰორმონალური პრეპარატებია, რომლებსაც შეუძლიათ მოხსნან ცხვირში ნიჟარებისა და ლორწოვანის შეშუპება, რის შედეგადაც პაციენტი აღარ იყენებს მეორე, სისხლძარღვების შემავიწროებელ წვეთებს.

თუ კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ იძლევა 2-3 თვეში, მაშინ განიხილება ოპერაციული ჩარევა, თუმცა გააჩნია მიზეზს. ხშირად სუნთქვის გაძნელების მიზეზი არის ცხვირის ძგიდის გამრუდება, რა დროსაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა ცხვირის ძგიდესა და ნიჟარებზე ერთდროულად.

ოპერაციული ჩარევისას უნდა მოიკვეთოს გამრუდებული ნაწილი და ძგიდე გასწორდეს, შესაბამისად გათავისუფლდება ჰაერის გამტარი, სასუნთქი გზები. ნიჟარებს რაც შეეხება, სხვადასხვა ელექტრო ან რადიოაპარატებით ხდება მათი რედუქცია, იგივე შეჭმუხნა. პრინციპი ის არის, რომ ნიჟარების შიგნით მოხდეს სისხლძარღვების კოაგულაცია, შეჭმუხნა, რომ აღარ გაიბეროს შემდგომში და სუნთქვა გაუმჯობესდეს.

Cleveland Clinic: მკურნალობის პირველი ნაბიჯი არის ცხვირის სპრეის გამოყენების თანდათანობით შემცირება. უეცრად შეწყვეტამ შეიძლება გააუარესოს თქვენი სიმპტომები. ექიმი მოგცემთ ზუსტ მითითებებს, როდის შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

არის შემთხვევები, როცა პაციენტი ფსიქოლოგიურად ხდება დამოკიდებული ამ საშუალებებზე. ეს დიდი დისკომფორტია, რადგან მუდმივად ჯიბეში ან ხელმისაწვდომად უნდა ჰქონდეთ ეს სპრეი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ყოველგვარი მკურნალობის გარეშე ძლევს პაციენტი ამ ფსიქოლოგიურ ბარიერს. 

  • რამდენია ამ სპრეების სწორი დოზა? 

როგორც წესი, ინიშნება ერთი კვირით, დღეში დაახლოებით სამჯერ. ექიმის დანიშნულებით იშვიათ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობაა, შეიძლება დაინიშნოს უფრო ხანგრძლივად, მაგალითად, ორ კვირამდე ვადით. ასეთ შემთხვევებად შეიძლება განვიხილოთ ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა სინუსიტები, შუა ყურის ანთება, რა დროსაც ცხვირით სუნთქვა აუცილებლად უნდა გაიხსნას. სხვა შემთხვევაში ერთ კვირაზე მეტ ხანს არ უნდა გამოვიყენოთ ის ნაზალური წვეთები და სპრეები, რომლებიც სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებს შეიცავენ.

პაციენტმა შეიძლება გაციების დროს დღეში ერთხელ ჩაიწვეთოს/შეისხუროს ეს სპრეი და შედეგი არ მისცეს, რის გამოც მეორე და მესამე დღეს უფრო მეტი დასჭირდება. ამიტომ ეფექტურობისთვის უმჯობესია პრეპარატი გამოიყენოთ თავიდანვე ნორმალური დოზებით – დღეში სამ-ოთხჯერ და რამდენიმე დღეში საერთოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.


Clevland Clinic – ის რეკომენდაციები ნაზალური სპრეის გამოყენების ტექნიკასთან დაკავშირებით:

  • არ მიმართოთ სპრეი ცხვირის ძგიდისკენ (სეპტუმისკენ) – როცა სპრეის ასხურებთ პირდაპირ ძგიდეზე, ამ ძალისხმევამ შესაძლოა დააზიანოს ქსოვილი, გამოიწვიოს გაღიზიანება და სისხლდენა.
  • არ გადახაროთ თავი უკან – სპრეების უმეტესობის გამოყენება შესაძლებელია ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, ასე რომ არ გადახაროთ თავი უკან და წვეთები არ ჩაგეღვრებათ ყელში.
  • ნუ შეისუნთქავთ ძლიერად – თუ მედიკამენტს ძლიერად შეიყნოსავთ და მალევე გადაყლაპავთ, ის ვერ მოახერხებს თავისი მისიის შესრულებას – მოხვდეს სინუსურ ღრუში. მსუბუქად შეყნოსვა უფრო ეფექტურია.
  • ნუ მოიწმენდთ ცხვირს მალევე – თქვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი წამალი დარჩეს ცხვირსა და სინუსურ ღრუში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: