მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშნები – ექიმის რჩევები

19.02.2024 •
პარკინსონის დაავადების ადრეული ნიშნები – ექიმის რჩევები

პარკინსონის დაავადება პროგრესირებადი აშლილობაა, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემასა და სხეულის ნაწილებზე, რომლებსაც ნერვები აკონტროლებს. დაავადების სიმპტომები ნელა იწყება. პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს ძლივს შესამჩნევი ტრემორი (კანკალი) მხოლოდ ერთ ხელში.

გარდა ამისა, პარკინსონის დაავადება კლინიკურად ხასიათდება მოძრაობის პროგრესირებადი ასიმეტრიული შენელებით, რიგიდობით/დაჭიმულობით, სიარულის დარღვევით და არამოტორული სიმპტომების ფართო სპექტრით.

მიუხედავად იმისა, რომ პარკინსონის დაავადება ვერ იკურნება, მედიკამენტებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მისი სიმპტომები. „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ ნევროლოგი, მზია ბერიძე პარკინსონის ადრეულ ნიშნებსა და დაავადების მართვის მეთოდებზე საუბრობს.

  • როგორ განისაზღვრება პარკინსონის დაავადება, რა ხდება ამ დროს?

პარკინსონი ეს არის ნეიოროდეგენერაციული დაავადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაავადების დროს თანდათანობით კვდება და ზიანდება ნერვული უჯრედები, ნეირონები.

ამ დაავადების დებიუტი ძირითადად ხდება 50-55 წლის და უფრო ასაკის ადამიანებში. შეიძლება უფრო ახალგაზრდა ასაკშიც დაიწყოს, მაგალითად, 40 წლის ასაკში. აღწერილია 20 წლამდე გამოვლენილი შემთხვევებიც.

  • გამომწვევი მიზეზები რა არის?

მიიჩნევა, რომ პარკინსონის დაავადების განვითარებაზე ზემოქმედებენ გენები და გარემო ფაქტორები, მაგალითად მანგანუმის მაღაროებში მომუშავე ხალხს ემართებოდა ჩვენთან. 

MayoClinic: ტოქსინების ზემოქმედებამ, კერძოდ ჰერბიციდების და პესტიციდების მუდმივმა ზემოქმედებამ შეიძლება ოდნავ გაზარდოს პარკინსონის დაავადების რისკი.

მართალია, პარკინსონის დაავადების დროს, ერთეული შემთხვევები აღწერილია ოჯახური ანამნეზიც, მაგრამ ეს გენეტიკური დაავადება არ არის.

MayoClinic: მკვლევრებმა დაადგინეს კონკრეტული გენეტიკური ცვლილებები, რამაც შეიძლება გაზარდოს პარკინსონის დაავადების რისკი და გამოიწვიოს პარკინსონის დაავადება. მაგრამ ეს იშვიათია, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის მრავალი წევრია დაავადებულია პარკინსონის დაავადებით.

არსებობს პარკინსონის დაავადება და მეორადი პარკინსონიზმი, როცა პარკინსონის სიმპტომების მიზეზი შეიძლება გახდეს ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა, მედიკამენტით ან ტოქსიკური ნივთიერებებით ინტოქსიკაცია, ასევე ტრავმული ან სისხლძარღვოვანი გენეზის ენცეფალიტი.

MayoClinic: პარკინსონის დაავადების დროს, გარკვეული ნერვული უჯრედები, რომლებსაც ტვინის ნეირონები ეწოდება, თანდათან იშლება ან კვდება. პარკინსონის დაავადების მრავალი სიმპტომი გამოწვეულია ნეირონების დაკარგვით, რომლებიც ტვინში წარმოქმნიან ქიმიურ მესინჯერს – დოფამინს. როდესაც დოფამინის დონე მცირდება, ეს იწვევს ტვინის არარეგულარულ აქტივობას, რაც იწვევს მოძრაობის პრობლემებს და პარკინსონის დაავადების სხვა სიმპტომებს.

  • როგორია პარკინსონის დაავადების სიმპტომატიკა?

პარკინსონის დაავადების სიმპტომები ყველასთვის შეიძლება განსხვავებული იყოს. ადრეული სიმპტომები შეიძლება იყოს რბილი და შეუმჩნეველი. სიმპტომები ხშირად იწყება სხეულის ერთ მხარეს.

პარკინსონის დაავადება, პირველ რიგში, ასოცირდება კანკალთან, იგივე ტრემორთან და ხშირად, სხვა მდგომარეობით გამოწვეული ტრემორიც პაციენტებს პარკინსონი ჰგონიათ. კანკალი არ არის აუცილებელი და კარდინალური სიმპტომი პარკინსონის დაავადების, თუმცა პაციენტების დიდ ნაწილს აღენიშნება.

პირველი საკვანძო ნიშანი, რაც პარკინსონის დაავადებისთვის სახასიათოა, არის მოძრაობის გაღარიბება, მოძრაობათა შენელება; კუნთების რიგიდულობა შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილში. კუნთების დაჭიმულობა შეიძლება იყოს მტკივნეული და შეზღუდოს თქვენი მოძრაობის დიაპაზონი.

პაციენტები მხრებში მოხრილები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში სხეული შეიძლება გადახრილი იყოს მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.

კანკალი, იგივე ტრემორი თავიდან იწყება ცალი მხრიდან, როგორც წესი ხელიდან და თითებიდან, იშვიათადაა ქვედა კიდურში. 

შესამჩნევია, რომ ასეთი პაციენტების გადაადგილებისას, იმ კიდურში, რომელშიც იწყება ტრემორი, სიარულის დროს, აღარ აღენიშნებათ რხევა; როგორც წესი, ეს ექიმისთვის უფროა თვალშისაცემი.

პარკინსონის დაავადება მოსვენებითი ტრემორია, მოსვენებულ მდგომარეობაში აქვთ პაციენტებს ტრემორის ამპლიტუდა უფრო ძლიერი, ესენციური [არ არის დაკავშირებული გარკვეულ მიზეზთან] ტრემორის დროს კი პირიქით – როცა ნატიფ მოძრაობას აკეთებენ, მაგალითად ყავა მიაქვთ, ღილს იკრავენ, ფულს იღებენ ჯიბიდან – ამ დროს შეიმჩნევა ტრემორი. ამით განსხვავდება პარკინსონის კანკალი სხვა ტრემორისგან.

სამწუხაროდ, პარკინსონი მხოლოდ ფიზიკური სიმპტომატიკით არ შემოიფარგლება, ეს პროგრესირებადი დაავადებაა და უფრო გვიან ეტაპზე აისახება კოგნიტიურ უნარებზეც: შეიძლება გამოიწვიოს აზროვნებისა და მეტყველების შენელება, მეხსიერების პრობლემები, არტიკულაციის პრობლემები, ხმის ტემბრის ცვლილებაც კი – მეტყველება უფრო მონოტონური უხდება პაციენტს.

პარკინსონის დაავადების გართულებაა დემენცია, რომელიც დაავადების უფრო მოგვიანებით ეტაპზე, ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება.

დიაგნოსტიკა ხდება ექიმის მიერ კარგად შეკრებილი ანამნეზით. გასინჯვითა და სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით. სამწუხაროდ, რაიმე ინსტრუმენტული მეთოდი, რომელიც დაგვიდასტურებს პარკინსონის ავადმყოფობას, შემოღებული არ არის.

  • რას მოიცავს პარკინსონის მკურნალობა?

სამწუხაროდ, ეს დაავადება არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა და არ იკურნება. თუმცა არსებობს მედიკამენტი, რომლითაც შეიძლება ის ვმართოთ.

ამ დაავადების დროს ფერხდება ტვინში დოფამინის გამოყოფა. შესაბამისად, მკურნალობის პროცესში ხდება დოფამინის ჩანაცვლებითი თერაპია, ანუ ეს ნივთიერება გარედან მიეწოდება ტვინს და ხდება მისი დეფიციტის კომპენსაცია.

პარკინსონის დაავადება არსებობს კეთილთვისებიანი და სწრაფად პროგრესირებადი. კეთილთვისებიანის მიმდინარეობის დროს, ჩანაცვლებითი თერაპიის ფონზე სიმპტომები თითქოს საერთოდ არ ჩანს; მაგრამ სწრაფად პროგრესირებადი მიმდინარეობის დროს, მკვეთრად გამოხატულია სიმპტომებით.

სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია არ არის საკმარისი. ამ დროს მედიკამენტიდან მედიკამენტის მიღებამდე პერიოდში პაციენტი საერთოდ შრომისუუნაროა.

მიმდინარეობა აბსოლუტურად ინდივიდუალურია, ზოგიერთი ადამიანი ცოტა მოგვიანებით ერთვება მკურნალობაში, მაგრამ მედიკამენტების ფონზე, წლები ისე გადის, რომ საერთოდ არ ეტყობა სიმპტომები. ამავდროულად არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც დაავადება თავიდანვე დიაგნოსტირებულია და საწყის ეტაპზევე იწყებენ მედიკამენტურ მკურნალობას, თუმცა ხდება ისე, რომ დაავადება მაინც პროგრესირებს და ჩანაცვლებითი თერაპია არ არის ეფექტური.

აღსანიშნავია, რომ ასევე არსებობს მკურნალობის ქირურგიული მეთოდი, რომელიც საქართველოშიც ტარდება – ეს არის თავის ტვინის ღრმა სტიმულაცია (DBS) ელექტროდების საშუალებით. როცა მედიკამენტური მკურნალობის რესურსი ამოეწურება პაციენტს, მაშინ მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად შეიძლება ამ ღრმა სტრუქტურების სტიმულაცია ქირურგიული ჩარევით.

აქვე მინდა აღვნიშნო რეკომენდაციის სახით, რომ მკურნალობის პროცესში არ შეძლება მედიკამენტების თვითნებურად შეწყვეტა. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, როცა პაციენტები წყვეტენ თვითნებურად მედიკამენტებს ან თვითნებურად ზრდიან დოზას. ეს არ უნდა მოხდეს. 

პრევენცია: ვინაიდან პარკინსონის დაავადების მიზეზი უცნობია, დაავადების პრევენციის დადასტურებული გზები არ არსებობს. თუმცა Mayo Clinic წერს: „ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რეგულარული აერობული ვარჯიში ამცირებს პარკინსონის დაავადების რისკს.

ასევე, ზოგიერთმა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ჩაისა და ყავაში შემავალ კოფეინს – პარკინსონის დაავადებით უფრო იშვიათად ავადდებიან, ვიდრე ისინი, ვინც არ სვამენ მას. მწვანე ჩაი ასევე დაკავშირებულია პარკინსონის დაავადების განვითარების რისკის შემცირებასთან. თუმცა, ამჟამად არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმის დასამტკიცებლად, რომ კოფეინირებული სასმელების დალევა იცავს პარკინსონის დაავადებისგან.


Mayo Clinic-ის რეკომენდაციები:

არ არის დადასტურებული, რომ რომელიმე საკვები ან საკვების კომბინაცია ეხმარება პარკინსონის დაავადებას. ამის მიუხედავად, ზოგიერთმა საკვებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ზოგიერთი სიმპტომის შემსუბუქებას. მაგალითად, ბოჭკოვანით მდიდარი საკვების მიღება და ბევრი სითხის დალევა დაგეხმარებათ შეკრულობის თავიდან აცილებაში, რაც ხშირია პარკინსონის დაავადების დროს.

პარკინსონის დაავადებამ შეიძლება დააქვეითოს წონასწორობის დაცვის უნარი, რაც ართულებს ჩვეული რიტმით სიარულს. ვარჯიშს კი შეუძლია გაზარდოს თქვენი კუნთების ძალა, მოქნილობა და წონასწორობის დაცვის უნარი. ვარჯიშს ასევე შეუძლია შეამციროს დეპრესია ან შფოთვა; თქვენთვის შესაფერისი სავარჯიშო პროგრამის შემუშავებაში შესაძლოა დაგეხმაროთ ფიზიოთერაპევტი. თქვენ ასევე შეგიძლიათ სცადოთ ისეთი ვარჯიშები, როგორიცაა სიარული, ცურვა, ცეკვა, წყლის აერობიკა ან იოგა და გაჭიმვები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: