დღეს, 12 იანვარს, ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულნი არიან:
გიორგი კირთაძე
ელენე ხოშტარია
გიორგი კაკალაძე
ელიზბარ ჩხიკვაძე
ლუკა ნაცვლიშვილი
შუშანა მაცაბერიძე
გურამ მურვანიძე
ლევან ხორავა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დაკავებულები სავარაუდოდ ფოთში ჰყავთ გადაყვანილი.
„გიორგი კირთაძეს ხელწერილით გამოუშვებენ, როგორც გვითხრეს და ელენე ხოშტარიას ადგილმდებარეობას ვერ ვადგენთ“ – გვითხრეს საიაში.
გუშინ, 11 იანვარს, პოლიციამ 12 ადამიანი დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.
გუშინ დაკავებული პირებიდან მხოლოდ სამმა დატოვა პოლიციის განყოფილება.
ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები კვლავ იმართება.
________________
ფოტოზე: სპეცრაზმი პოლიციის სამმართველოსთან. ფოტო: „ბათუმელები“
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ოცნების“ რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან. ამის შესახებ გახარიამ ფეისბუქზე დაწერა.
„რეჟიმის მთავარი სამიზნე ახალგაზრდები არიან, ვინც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის იბრძვის!
ბათუმში გუშინ და დღეს ჩვენი გუნდის ახალგაზრდები, მათე და ელიზბარი დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა ახალგაზრდები, ჟურნალისტები.
გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!
თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს!
დაინიშნოს ახალი არჩევნები!“ – დაწერა გიორგი გახარიამ.
12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეომასალის გადაღებისას.
აქციაზე დღეს ბათუმში 6 პირი დააკავეს: გურამ მურვანიძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.
მეორე დღეა ბათუმში მიმდინარე აქციებზე მასობრივად აკავებენ აქციის მონაწილეებს. 11-12 იანვარს აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
დღეს, 12 იანვარს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „კოალიცია – ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი კირთაძე. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულია კიდევ 3 პირი.
„ბათუმელების“ ცნობით, დაკავებული არიან: გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე.
„მედიაომბუდსმენი“ განცხადებას ავრცელებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის სისხლის სამართლის კოდექსით დაკავების შესახებ.
განცხადებაში ვკითხულობთ:
„2025 წლის 11 იანვარს, გვიან საღამოს, ბათუმში, აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ უკანონოდ დააკავეს მზია ამაღლობელი, შპს „გაზეთი ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, თავდაპირველად, პლაკატის გაკვრისთვის წარწერით „იფიცება საქართველო“. მანამდე, დღის განმავლობაში, ბათუმში იგივე მიზეზით უკანონოდ დააკავეს ცხრა აქტივისტი. მზია ამაღლობელს სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მალევე, ბათუმში დაკავებული ყველა ქალი გაათავისუფლეს. მათ შორის, მზია ამაღლობელიც.
მეორედ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელთან არ უშვებდნენ ადვოკატს. რამდენიმე საათის განმავლობაში ირღვეოდა მისი უფლება ადვოკატთან კომუნიკაციის ნაწილში. როცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მზია ამაღლობელმა თქვა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
შპს „გაზეთი ბათუმელები“ ორ მედიაგამოცემას – „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს აერთიანებს. „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ გამორჩეულად მაღალპროფესიული გამოცემებია, რომლებიც დაარსების დღიდან უშიშრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, თანმიმდევრულად აშუქებენ ყველა პრობლემას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
თავად მზია ამაღლობელი კი, თავისი სამოქალაქო პოზიციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების სამიზნე. საგანგაშოა ისიც, რომ მისი დაკავება სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მოტივით მოხდა.
მოვითხოვთ:
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ შეისწავლოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მისი უფლებების დარღვევის ფაქტები;
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაისაჯონ მზია ამაღლობელის დაკავების მომენტში მასზე ძალადობის განმახორციელებელი პირები, მათ შორის, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყდეს ბათუმში ძალადობა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებული პირები, მათ შორის, მზია ამაღლობელი“.
_________________
ფოტოზე: მზია ამაღლობელის პირველი დაკავების ამსახველი კადრი, 11 იანვარი.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 12 იანვარს, განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შს სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
განცხადებაში ვკითხულობთ:
„12 იანვარს, ღამით, პოლიციამ ბათუმში უკანონოდ დააკავა ონლაინგამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავება და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არის წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი პროვოკაცია.
ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელიც გუშინ განვითარებული მოვლენების დროს განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, ჯერ კიდევ 16 დეკემბერს დაემუქრა “ბათუმელების” თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, ეთერ თურაძეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ, კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებების უხეში დარღვევით დააკავეს, მაშინ, როცა მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით.
დაკავებისას მზია ამაღლობელისთვის არავის განუმარტავს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები, რასაც პოლიციას კანონმდებლობა ავალდებულებს. მზია ამაღლობელი ხელწერილით მალევე გაათავისუფლეს.
სამმართველოს შენობიდან გამოსვლის შემდეგ მზია ამაღლობელი დარჩა მიმდინარე აქციაზე. მის გვერდით იმყოფებოდა ორი ახლობელი, ორივე მათგანი პოლიციამ სრულიად უკანონოდ დააკავა. თვითმხილველების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაძაბულობის დროს, მზია ამაღლობელი და „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე მოჰყვნენ ჭყლეტაში.
ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს შეაგინა. შემდეგ მოხდა მზიას უკანონო დაკავება. მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითაა დაკავებული, რაც 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, რომელზეც მზია ამაღლობელის დაკავებაა აღბეჭდილი, არ არის სრულყოფილი, დამუშავებულია და არ ასახავს ადგილზე განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენების ნაწილს.
„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციელებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით შეიყვანეს სამმართველოს შენობაში. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რასაც ასევე კრიტიკული მედიის მიმართ ანგარიშსწორებად, სამაგალითო დასჯად მივიჩნევთ. არაერთი მოთხოვნისა და საჯარო მოწოდებების მიუხედავად, დაკავებულთან სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს, რითაც დაარღვიეს მისი დაცვის კონსტიტუციური უფლებები.
საქართველოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოვითხოვთ და მოვუწოდებთ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს – მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას;
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს – მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას;
შინაგან საქმეთა სამინისტროს – ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ამ ეტაპზე სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას; მისი მხრიდან აგრესიული, უკანონო ქმედებების აღკვეთას.
საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს – მზია ამაღლობელის საქმით დაუყოვნებლივ დაინტერესებას, უწყვეტ მონიტორინგს და შესაბამის შეფასებას“.
განცხადებას ხელს აწერენ:
გელა მთივლიშვილი – მთის ამბები / საქართველოს ამბების დამფუძნებელი და რედაქტორი;
ნატა ძველიშვილი – ინდიგოს დირექტორი;
ლია ჩახუნაშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი
ნინო ზურიაშვილი – ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
ნანა ბიგანიშვილი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე, ,,სტუდია მონიტორის” დამფუძნებელი და რედაქტორი
მაია მეცხვარიშვილი, სტუდია მონიტორი, რედაქტორი
ხატია ლომიძე – „მედიაჩეკერის“ რედაქტორი
გულო კოხოძე- ,„მედია სახლი-სამხრეთის კარიბჭეს“ დირექტორი
ლიკა ზაკაშვილი პუბლიკის მთავარი რედაქტორი
ხატია ღოღობერიძე – მედია აპრილის თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
უფლებადამცველებს ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია 11-12 იანვრის აქციებზე სულ რამდენი პირი დააკავა ბათუმში პოლიციამ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს 12 დაკავებულის შესახებ, აქედან 11 პირს – ადმინისტრაციული წესით, ერთს კი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დაკავებულებს შორის ხუთი ქალია, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და 7 კაცი.
სისხლის სამართლის წესით დაკავებულია „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. ის ჯერ 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, გათავისუფლებიდან მოკლე დროში კი, უკვე 12 იანვარს, ის პოლიციის სამმართველოსთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს და პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.
დაკავებულებს შორის არიან სტუდენტი მათე ცენტერაძე, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ვაჟა დარჩია – ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“.
ასევე, დაკავებულებს შორისაა თემურ ქათამაძე, მუჰაჯირების შთამომავალი, რომელსაც ბათუმის აქციების მთავარ მედროშეს უწოდებენ.
თამარ წულუკიძის ინფორმაციით, 11 დაკავებულს პოლიცია ედავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ბათუმელებთან“ საუბარში თამარ წულუკიძე ხაზს უსვამს, რომ გასარკვევია რამდენად კანონიერ მოთხოვნასთან გვქონდა საქმე:
„გვქონია შემთხვევები, როცა მოთხოვნა კანონიერი არ იყო. ამდენად, უკანონო მოთხოვნისადმი დამორჩილების ვალდებულება მოქალაქეებს არ ჰქონდათ. ველოდებით, როდის მოხდება სასამართლოსთვის საქმის მასალების გადაცემა“.
საიას ინფორმაციით, 12 დაკავებულიდან ნაწილი, ქალები, 11 იანვარს ღამით გაათავისუფლეს ხელწერილით, სხვა დაკავებულები კი ოზურგეთის იზოლატორში გადაიყვანეს. ასევე, ნაწილი არის ბათუმის იზოლატორში.
თაკო წულიკიძე ვარაუდობს, რომ დაკავებულებს იზოლატორში, დიდი ალბათობით, 48 საათს გააჩერებენ:
„კანონით გათვალისწინებულია 24 საათი, მაგრამ როგორც წესი 24 საათს ამატებენ, თითქოს მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, მაგრამ რეალურად არაფერს არ აგროვებენ და ფორმალურად ტოვებენ ამ ადამიანებს იზოლატორში. იმედი გვაქვს, რომ ორშაბათს უკვე გადაეცემა საქმის მასალები სასამართლოს და გავიგებთ უკვე დეტალურად, რას ედავებიან და რა მტკიცებულებებია, რა დეტალებზეა არის საუბარი“.
თამარ წულუკიძის თქმით, ადვოკატებს არ მიეცათ დაკავებულების დროულად ნახვის შესაძლებლობა, მზია ამაღლობელთან შეხვედრას კი 3 საათის განმავლობაში ელოდნენ.
„ყველას ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, იმიტომ, რომ ძალიან გაიწელა პროცესი, შეშვების ნაწილი იყო ძალიან რთული, ასე არ გაწელილა არცერთ შემთხვევაში, ყველასთან მიმართებით საათი ან ნახევარი საათი მაინც ველოდებოდით, რომ შევსულიყავით.
ბოლო ორი დაკავებული, გიორგი გაბაიძე და ლაშა გაბაიძე, როდესაც დააკავეს და შესვლა გადავწყვიტეთ, გავიგეთ, რომ ისინი უკვე გადაყვანილი ჰყავდათ იზოლატორში და ფიზიკურად არ გვქონდა საშუალება, რომ გვენახა.
მზია ამაღლობელის შემთხვევაში 3 საათი ველოდებოდით და ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი, ამით ცალსახად შეიზღუდა მისი უფლება, რომ ესარგებლა ადვოკატის დახმარებით.
თითქმის ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, თუმცაღა ოზურგეთში მოინახულებენ ამ ადამიანებს იზოლატორში და გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა, რამდენი ჰყავთ იქ გადაყვანილი. ყოველთვის არის ეს პრობლემა, არ გვაწვდიან დაზუსტებულ ინფორმაციას, ამიტომ იძულებულები ვართ, რომ ყველა იზოლატორში ცალ-ცალკე მივიდეთ და იქ გავარკვიოთ ჰყავთ თუ არა კონკრეტული ადამიანები დაკავებული.
აქ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ ადვოკატს მიაწოდონ ინფორმაცია, არამედ ის რომ ადვოკატებმა იცოდნენ სად ჰყავთ მათი ახლობლები გადაყვანილი. თუმცა ამას სასამართლოში მისვლამდე ვერ არკვევენ ხშირად. ამიტომ უმჯობესია, რომ დაკავებისას ამ ადამიანებმა გააჟღერონ მათი სახელი და გვარი, რომ ირგვლივ მყოფებმა გაიგონონ.“
კითხვაზე, რა გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ პოლიციელების მოთხოვნა უკანონო იყო, რაც შემდეგ დაკავებების საფუძველი გახდა, თამარ წულუკიძე განმარტავს:
„როგორც დაკავებულები ჰყვებიან, აბსოლუტურად კანონიერად იმყოფებოდნენ სამმართველოს ტერიტორიაზე, შესასვლელთან. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სამმართველოს აქვს ალტერნატიული შესასვლელი და დამატებით შეეძლო ამ შესასვლელით ესარგებლა. არ მომხდარა შესასვლელის ბლოკირება და მეორე – სტიკერის დამაგრება ან აქციაზე დგომა არ ითვლება გამოხატვის ფარგლებს გარეთ საქმიანობად, ითვლება გამოხატვის ფარგლებს შიგნით მოქმედებად. ამდენად ვერ ჩაითვლება შემთხვევა, როცა სტიკერს აწებებს ადამიანი, მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული აცხადებს, რომ ის უბრალოდ იდგა აქციაზე, საუბრობდა და წაიყვანეს. სტიკერის გაკვრაც კი არ ყოფილა, დგომა გახდა საფუძველი, რომ ეს ადამიანი გადაეყვანათ სამმართველოში. არაფრის გამო ადამიანის დაკავება კანონიერად ვერ ჩაითვლება.
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა მოუწოდეს, რომელი უკანონო ქმედება დააფიქსირეს მათ. მუხლი გულისხმობს უკანონო ქმედების აღკვეთის შემთხვევას და რეალურად მსგავსი რამ არ ყოფილა. შესაბამისად, მოთხოვნაც კანონიერად ვერ ჩაითვლება და ეს მუხლიც არარელევანტური გვგონია. ეს ინფორმაცია სამმართველოსგან გვაქვს, ჩვენ არ ჩაგვბარებია მასალები. შინაარსს არ გავცნობილვართ და ამიტომ მნიშვნელოვანია ოქმში რა უწერიათ, პატაკში რა უწერიათ რაზე საუბრობენ. მასალები რომ გადმოგვეცემა, შემდეგ შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ ამაზე“ – გამარტავს თამარ წულუკიძე.
რა ხდება?
11 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო ერთი აქტივისტი, თათია აბულაძე დააკავეს. ამის შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.
სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იგივე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.
ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.
ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი.
ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.
სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაკავებები დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ.
კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე, რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები: თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 808 250 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 750]
ტანკი – 9 756 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 20 289 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 21 839 ერთეული [+22]
MLRS – 1 260 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 042 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 22 021 ერთეული [+63]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 018 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 598 ერთეული [+64]
სპეცტექნიკა – 3 694 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
40 077 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 480 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 508 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 412 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 156 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.
ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.
აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.
მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები.
შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.
მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორთან, მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს, თუმცა იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
მზია ამაღლობელმა მას განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
ამასთანავე მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს უამბო, რომ როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.
პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა.
როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე იგი ხელახლა დააკავეს.
შს სამინისტრო არ ამბობს, რა მუხლითაა დაკავებული მზია ამაღლობელი. მასთან არ უშვებენ ადვოკატებს.
დღეს 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს.
ამჯერად უცნობია, რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ მზია ამაღლობელი. მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მას დაკავებულთან შესვლის საშუალებას აძლევენ.
„დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას, თუმცა რეაგირება არ არის.
პირველი დაკავების შემთხვევაშიც შეფერხდა ადვოკატების შესვლა დაკავებულთან და მეორე დაკავების შემდეგაც არ გვიშვებენ.
რა მუხლით დააკავეს, არ ვიცით, ფაქტობრივი გარემოებები უცნობია ჩვენთვის, რადგან შიგნით ვერ შევდივარ, რომ გავარკვიო“- ამბობს პაატა დიასამიძე.
მზია ამაღლობელთან ერთად პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. ასევე უცნობია, რა გახდა მათი დაკავების მიზეზი.
11-12 იანვარს ბათუმში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ჯამში 12 ადამიანი დააკავა. აქედან რამდენიმე დაკავებული: ციალა ქათამიძე, ნანა შავაძე და თეონა ბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს მზია ამაღლობელიც, რომელიც მალევე ხელახლა დააკავეს.
12 იანვარს ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხელახლა დააკავეს „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავა პოლიციამ ბათუმის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციის დროს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო. იგი დაახლოებით 2 საათში გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში მზია ამაღლობელი ისევ დააკავეს. ასევე, დაკავებულია აქციის მინიმუმ 2 მონაწილე.
მზია ამაღლობელთან არ უშვებენ ადვოკატს.
„ბათუმელები“ ცდილობს შს სამინისტროში გაარკვიოს, რა გახდა მზია ამაღლობელის ხელახლა დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით შს სამინისტრო არ გვაწვდის ინფორმაციას, რა მუხლითაა დაკავებული „ბათუმელების“ დამფუძნებელი.
პოლიციის სამმართველო დატოვეს ციალა ქათამიძემ, ნანა შავაძემ, თეონა ბერიძემ და „ბათუმელების“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა, რომელიც პოლიციამ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა.
განახლება: პოლიციამ მოგვიანებით, 12:50 საათზე სამმართველოს წინ კიდევ სამი პირი დააკავა. მათ შორის „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე მალევე დააკავეს.
11 იანვარს, ღამით, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის, ეთერ თურაძის თქმით, რომ „ბათუმელების“ დამფუძნებლის დაკავება აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, ასლან აბაშიძის დროს.
„ეს არის წარმოუდგენელი.
ერთხელ ასლან აბაშიძის დროს დაგვაკავეს მე და მზია ნახევარი საათით და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, გაგვათავისუფლეს. სხვა ასეთი შემთხვევა არ მახსოვს.
როგორც ჩანს, ჩვენ ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ამ ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. ეს არის ის, რასაც ვკითხულობდით რუსულ მედიაში, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან, როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება იყოს თავისუფლებასთან დაკავშირებული.
უნდა გავიგოთ, რა მუხლით არის დაკავებული, ადმინისტრაციულითაა დაკავებული, იმედია“ – განაცხადა ეთერ თურაძემ.
მზია ამაღლობელი პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს პლაკატის/სტიკერის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა -„იფიცება საქართველო“. დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში სწორედ ამ სტიკერის გაკვრას მოჰყვა დაკავებების სერია.
ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.
11 იანვარს, ღამით, ბათუმში დააკავეს გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი, მზია ამაღლობელი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან.
მზია ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც წერია, „იფიცება საქართველო“.
მზია ამაღლობელი დამფუძნებელი და დირექტორია შპს „გაზეთ ბათუმელების“, რომელიც აერთიანებს ორ მედიაგამოცემას: „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთს“.
დღეს, 11 იანვარს, ღამით, ბათუმში დაკავებების სერია მოჰყვა საპროტესტო პლაკატის გაკვრას – „იფიცება საქართველო“.
ბოლო მონაცემებით, დღეს ბათუმში აქციაზე დააკავეს: მზია ამაღლობელი, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე და თათია აბულაძე.
დღეს,11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აბუსერიძის პოლიციამ დააკავა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე.
პოლიციამ დღეს, ამ დრომდე [21:50] ბათუმში აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.
დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცაა დააკავეს აქციის მონაწილე თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ, სადაც დააკავეს ციალა ქათამიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ დააკავეს ვაჟა დარჩია, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს.
ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.
აქციაზე დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი, აქციის მონაწილე. ასევე, პირველადი ინფორმაციით დაკავებულია ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე.
აქციის მონაწილეები ახლაც ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან. აქცია გრძელდება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან: ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე თათია აბულაძე.
დღეს, 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.
როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უთხრეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში აზუსტებს მუხლის შესახებ.
აქციის მონაწილეები აქტივისტის დაკავების შემდეგ მსვლელობით გაემართნენ პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ დღეს, 11 იანვარს, წინასწარ პატიმრობაში დატოვა პროევროპული აქციების 8 მონაწილე.
ხუსკივაძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა დარბაზში, სადაც არც ადვოკატები იმყოფებოდნენ, არც ბრალდებულები და არც მათი ოჯახის წევრები და ახლობლები.
მოსამართლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხმაურიანი და დაძაბული დღე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სასამართლო პროცესი დილას დაიწყო. დარბაზი სხდომაზე დასწრების მსურველთათვის მცირე ზომის იყო, დასწრების მსურველთა დიდი ნაწილი კარს მიღმა დარჩა, სივიწროვე იყო დარბაზშიც, რის გამოც, როგორც ადგილზე მყოფები ამბობდნენ, სუნთქვაც ჭირდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.
მოსამართლემ გადაწყვეტილება არც მას შემდეგ შეცვალა, როცა ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი თორნიკე მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა უჰაერობის გამო და სასამართლოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო. ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა.
ამის შემდეგ ადვოკატებმა, დაკავებულებთან შეთანხმებით, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
„ბრალდებული გახდა ცუდად, ექიმის დასკვნა გიდევთ წინ და წერია – „უჟანგბადობის გამო“. თქვენ არ აძლევთ საშუალებას ბრალდებულებს, რომ პირდაპირი მნიშვნელობით – ისუნთქონ. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს დარბაზი. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება.. ახლაც, მე ლაპარაკი მიჭირს, იმიტომ, რომ ჟანგბადი არ მაქვს, თქვენო ღირსებავ. შესაბამისად, ვეთანხმები ჩემი კოლეგების და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მოწოდებას და ვტოვებთ აღნიშნულ პროცესს“ – უთხრა მოსამართლეს ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ.
ადვოკატების გადაწყვეტილებას დარბაზში ტაში მოჰყვა და შეძახილები სასამართლოს მისამართით – „მონებო!“ ამის შემდეგ ადვოკატებმა, დამსწრეებმა და დაკავებულებმა დატოვეს დარბაზი.
სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდებოდა. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ სხდომა გააგრძელა ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო, ე.წ. სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.
სასამართლო იხილავდა შემდეგ დაკავებულების საქმეებს:
თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ინსაფ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
ვინ არიან დაკავებულები, რომელთა სასამართლო პროცესი იყო დღეს, 11 იანვარს:
ზვიად ცეცხლაძე 19 წლის სტუდენტია, ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ლიდერი. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში.
ირაკლი მიმინოშვილი 19 წლის სტუდენტია, პარალელურად კურიერად მუშაობს. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში. დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმესაათიანი ჩხრეკა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის სტუდენტია. დააკავეს 30 ნოემბერს. ადვოკატის თქმით, მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.
თორნიკე გოშაძე 24 წლისაა, ჰყავს დედა და და. ოჯახი სოციალურად დაუცველია.
გიორგი გიორგაძე 20 წლის სტუდენტია, სწავლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტზე.
ინსაფ ალიევი 34 წლისაა. ის ოჯახთან ერთად სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს და თვითდასაქმებულია. მან ქართული არ იცის. რადიო „თავისუფლება“ მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობას არ იღებდა და რუსთაველზე აქციის მიმდინარეობისას შემთხვევით მოხვდა.
ვეფხვია კასრაძე მსახიობია. იგი პარტია „ლელოს“ წევრია. კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს.
ვასილ კაძელაშვილი ასევე პარტია „ლელოს“ წევრია, იგი 4 დეკემბერს დააკავეს ვეფხია კასრაძესთან ერთად.
11 იანვარს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე განახლდა.
„სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი“, – ამბობს დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა.
ამ სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს ტოვებს თუ არა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დაკავებულებს კვლავ წინასწარ პატიმრობაში.
სხდომა დილით ჩაიშალა, რადგან მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.
როგორც ირკვევა, ბრალდებულები უკვე გადაიყვანეს ციხეში, შესაბამისად ისინი საკუთარ პროცესს ვერ ესწრებიან. პროცესზე არ არიან არც მათი ადვოკატები და ადგილზე მხოლოდ სახაზინო ადვოკატები იმყოფებიან.
ბრალდებულების ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატებს აქვთ განცდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მხოლოდ ფარსია, ის წინასწარაა დაწერილი და ცნობილია, რომ ირაკლი ხუსკივაძე მათ ისევ პატიმრობაში დატოვებს.
ნახეთ ვიდეო, თუ რა გახდა 11 იანვრის დილას სასამართლოს სხდომის ჩაშლის მიზეზი:
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 11 იანვარს, სამეგრელოში, ქალაქ ზუგდიდში იმყოფება.
ზუგდიდის ცენტრში, სადაც საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, მან მოსახლეობას მიმართა.
„მოხარული ვარ, რომ ზუგდიდში იწყება, ასე ვთქვათ, ჩემი რეგიონული ტური. ეს ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და ეს არის ძალიან სწორი, ჩემი აზრით. ზუგდიდი არის ის ადგილი ბოლოს და ბოლოს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროპასთან. თქვენ ხართ ჩვენი ევროპელები და ჩვენი გზა ევროპისკენ იწყება სწორედ იქ, სადაც ჩვენ ახლა გაჩერებულები ვართ, ანაკლიიდან და ძალიან ახლოს არის მეორე მხარე შავი ზღვის და ევროპა, რომელსაც ჩვენ უთუოდ შევუერთდებით.
დღეს არ არსებობს საქართველოში ორი მხარე, არსებობს რეჟიმი და არსებობს საზოგადოება. აქ არ არის ორი საქართველო, არის ერთი საქართველო და ვიღაც ადამიანები, რომლებიც უკვე ამ ფორმით, თავიანთი ლექსიკით, თავიანთი სიძულვილით დაშორდნენ საქართველოს და არიან რეჟიმის წარმომადგენლები. ეს რეჟიმი დასრულდება, რადგან აქ დგას და საქართველოს ყველა ქალაქში დგანან ის ნაწილი საზოგადოების, ის ადამიანები, რომლებმაც ერთხელ და სამუდამოდ არჩიეს, რომ უფრო მეტად უყვართ ქვეყანა, სამშობლო, ვიდრე ნებისმიერი პარტია.
ჩვენ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელიც იქნება უსათუოდ გამარჯვებული, სხვა გზა არ არის, სხვა გზა არ დაუტოვეს არავის. ჩვენ ერთად ვართ, მე ვარ თქვენთან, თქვენ გაქვთ ჩემი იმედი, მაგრამ მე მაქვს არანაკლებად ყველა თქვენგანის, თითოეულის იმედი, იმიტომ, რომ ახლა არის ბრძოლა, რომელიც არ შეიძლება, რომ მოიგო ბელადის ხელით, ვიღაცის იმედით, რომ შენ იჯდე სახლში და დაელოდო, რომ რაღაც თავისით მოხდება. არა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველანი ბოლომდე ვიქნებით ჩართული, როგორც ვართ დღეს და როგორც ვიქნებით ხვალ“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელოვანია საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოში მიმდინარე პროტესტის გამოძახილია:
„მე თქვენ სახელით, ზუგდიდის სახელითაც ჩავალ ვაშინგტონში ინაუგურაციაზე. ჩვენ იქ გვყავს ძალიან ბერი მეგობარი დღეს, რომელსაც გული შესტკივათ საქართველოსთვის და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, იმაზე მეტსაც, რასაც ვთხოვთ, იმისთვის, რომ ქვეყანა დაიცვან იმ ბრჭყალებისგან, რომელიც მოდის ჩვენი ჩრდილოეთ არამეგობრისგან.
იშვიათად ჰყოლია ამ ქვეყანას ამდენი მეგობარი, გინდა აშშ-ში, გინდა ევროპაში, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ იმიტომ გყავს ამდენი მეგობარი, რომ თქვენ დგახართ, სადაც დგახართ. ეს მრავალფეროვანი პროტესტი რომ არ იყოს, მაშინ ისინი არ იგრძნობდნენ თავიანთ ვალდებულებას, რომ რაღაც ფორმით დაგვეხმარონ, როგორც მათ შეუძლიათ. ეს ყველაფერი გადაბმულია“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე მიუსამძიმრა ზუგდიდის მოსახლეობას გალში, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო, სადაც ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგი დღეს ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან მივიდა ზუგდიდში და მის ხსოვნას პატივი მიაგო.
„ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები საზოგადოებაში მწვავე რეაქციას იწვევს. „ოცნების“ ლიდერები გამუდმებით ამახინჯებენ რეალობას, რუსთაველზე მიმდინარე უწყვეტ ფართომასშტაბიან პროტესტს „მცირე ჯგუფის პროტესტად“ მოიხსენიებენ, ხოლო „ოცნების“ დამფუძნებლის და სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირებას შეთქმულების თეორიით ხსნიან „გლობალური ომის პარტიის შესახებ“.
„ქართული ოცნება“ გამუდმებით საუბრობს გლობალური ომის პარტიის, Deep State-ის ან ისეთი საკითხების შესახებ, რომლებიც აშკარად ტყუილია და მარტივად შეიძლება ამ ტყუილის გადამოწმება.
მკვლევრები ამბობენ, რომ კონსპირაციის თეორიების გავრცელებით „ქართული ოცნება“ ცდილობს სიმართლესა და სიცრუეს შორის განსხვავება წაშალო,. ამით კი ის ელის სარგებელს, რომ დააბნევს და დათრგუნავს ქართულ საზოგადოებას.
რა არის გლობალური ომის პარტია
„გლობალური ომის პარტია“ არის „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
„ქართული ოცნება“ ამ ტერმინს აქტიურად იყენებდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე. არჩევნების შემდეგ დროებით „გლობალური ომის პარტია“ ჩაანაცვლეს ახალი ტერმინით Deep State.
თუმცა 8 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში „ოცნების“ პოლიტსაბჭომ ორივე ტერმინი ერთად მოიხსენია. „ოცნების“ კონსპირაციული თეორიის თანახმად, „დიფ სთეითი“ გლობალური ომის პარტიის „არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება“.
„ქართულმა ოცნებამ“ კონსპირაციის თეორია კიდევ უფრო გაართულა და ახლა ამტკიცებს, რომ ე.წ. DeepState-საც გლობალური ომის პარტია მართავს. რატომ გააცოცხლა „ოცნებამ“ ისევ „გლობალური ომის პარტია? – ვკითხეთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს.
„გაცოცხლებაზე მეტად, რატომ ილაპარაკეს ახლა და არა სხვა დროს – ეს არის საკითხავი. „ქართულ ოცნებას“ საქმე არ აქვს საკეთებელი, იმიტომ, რომ ყველა ეტაპირება, რაც მან გააკეთა თავის დროზე, მიბმული იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაზე. ახლა ე.წ. ხელისუფლებაში არის ხალხი, რომელმაც არ იცის რა უნდა გააკეთოს – არ აქვს ლეგიტიმაცია, არანაირი საერთაშორისო ვიზიტები არ იქნება. პოლიტიკურ დღის წესრიგს კი ქმნის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში.
ვფიქრობ, უბრალოდ არ იციან რა უნდა გააკეთონ როგორც პოლიტიკოსებმა და თან შეგვახსენეს, რომ ისინი არსებობენ.
ვფიქრობ, მათი ძირითადი საქმიანობა მომავალშიც ეს იქნება. რიტორიკა იქნება იმ დრომდე, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.
ლევან ღამბაშიძე
ლევან ღამბაშიძის თქმით, ახლა „ოცნება“ ცდილობს, თავისებურად მოუყვეს თავის ამომრჩეველს არსებული სიტუაცია და დაარწმუნოს ისინი, რომ რაღაც პროცესები მიდის.
„სინამდვილეში „ოცნება“, რაღაც დედლაინებს აწესებს თავისი ამომრჩევლისთვის. ჯერ 20 რიცხვი იყო დედლაინი. ახლა შეხედეს, რომ ტრამპი მთლად ისე არ ლაპარაკობს გარკვეულ საკითხებზე, როგორც ივანიშვილის რეჟიმი ლაპარაკობდა თავის დროზე, ამიტომ დაიწყეს ფიქრი, რომ არა, ცოტა მერე იქნება რაღაცა. ბოლო განცხადებაში კი ჩაწერეს, რომ 2030-მდე რაღაცნაირად დიფსთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ევროკავშირი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.
„ქართული ოცნების“ განცხადებების შეფასებისას საზოგადოების ნაწილი ხშირად იყენებს ისეთ ზედსართავებს, როგორიცაა – „აბსურდი“, „ბოდვა“ ან წერენ, რომ „ესენი [ოცნების ლიდერები] ფსიქიატრთან არიან წასაყვანები.
ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილის აზრით, „ქართული ოცნების“ ლიდერების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებად წარმოჩენა კონტრპროდუქტიულია:
„არავითარი ფსიქიატრია. როგორც პირადობის მოწმობების შემთხვევაში დააჯერეს მოსახლეობის ნაწილი, რომ სატანურია (ეს სოციალური ექსპერიმენტი იყო), ისე უნდათ ახლა დააჯერონ ეს გლობალური ღომის პარტია თუ დიფ საცივი. მოსახლეობის ამ სეგმენტზე აქვთ ამჟამინდელი “მესიჯბოქსი” გაანგარიშებული რუსულ სპეცსამსახურებს. როგორც ჩანს, ეს სეგმენტიღაა „ქართული ოცნების“ დღევანდელი ამომრჩეველი (გარდა კორუმპირებული მდიდარი ელიტისა). ამ სეგმენტთან ეს მესიჯბოქსი მუშაობს, ნაცადი ხერხია.
ამიტომ, ჩვენ არ უნდა ავყვეთ, თორემ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზების გარდა, სხვა შედეგს ვერ მოვიმკით. სასურველია, მავანისა და მავანის უწესო ქცევა არ ავხსნათ ფსიქიკური აშლილობით, ამას ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების სტიგმატიზება მოჰყვება,“ – განმარტა ჯანა ჯავახიშვილმა.
ლევან ღამბაშიძის აზრით, ის რა ნარატივსაც ახლა „ოცნება“ ავითარებს, დიქტატორულ რეჟიმებს ახასიათებთ.
„საბჭოთა კავშირს და ფაშისტურ გერმანიასაც ჰქონდა მსგავსი ნარატივი. ვიცით, რა მოდელს იყენებს და რა მოდელზე უნდა გასვლა. ადამიანთა რაღაც ჯგუფი, რომელსაც ოცნება მოიაზრებს საკუთარ ამომრჩევლად, უნდა დაარწმუნოს საკუთარი არსებობის აუცილებლობაში,“ – ამბობს ის.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად ანტიევროპული განცხადებები გააკეთა, ხოლო შემდეგ მთელმა ქვეყანამ ნახა, როგორ იძალადა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, შეიცვალა „ოცნების“ მხარდამჭერთა ქცევა.
„თუ ისინი პროპაგანდას აქამდე ადვილად იჯერებდნენ, ახლა ისე ადვილი აღარაა, როგორც თუნდაც ერთი თვის წინ. ჩვენ შეიძლება გვეშინოდეს, რომ იქ Deep State-მა რამე არ მოგვახვიოს თავზე, მაგრამ ჩვენ უფრო გვეშინია სახელმწიფოსი, რომელიც აქციის მონაწილეებს მოიტაცებს და სისტემურად აწამებს წინასწარ გამზადებულ სივრცეებში. გვეშინია სასამართლოსი, რომელიც ნოტარიუსადაა ქცეული და ადამიანებს ციხეში უშვებს სრულიად უსაფუძვლოდ.
ის, რაც უკვე „ქართული ოცნების“ საქართველოა, ჩვენთვის, თავისუფალი ადამიანებისთვის, არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.
კითხვაზე, თუ რამდენ ხანს შეიძლება გააგრძელოს „ოცნებამ“ კონსპირაციის თეორიებით არსებობა და რა შედეგზე გასვლა აქვთ მიზნად, ფილოსოფოსი პასუხობს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს ეყოფა ძალა პროტესტს.
„არ ვიცი. მთავარია, რამდენი ხანი გვექნება ჩვენ გამძლეობა, რომ სისტემას აღვუდგეთ წინ ყველა მის გამოვლინებაში. ჯერჯერობით ჩვენ დაღლაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენ ხანს გააგრძელებს ამ სისულელეს „ქართული ოცნება“.
ტექნიკურად, კარგი პროპაგანდა შეგიძლია აწარმოო მანამდე, სანამ ხელისუფლებაში ხარ. როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, ახალი არჩევნები იქნება, შემდეგ უკვე აზრი აღარ ექნება პროპაგანდას. პროპაგანდა მუშაობს ძალაუფლებასთან კომბინაციაში,“ – ამბობს ლევან ღამბაშიძე.
მისი თქმით, ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს დაუპირისპირდეს და ებრძოლოს პროპაგანდას.
„ოცნების ომის პროპაგანდამ იმუშავა არამარტო იმიტომ, რომ ოცნებამ კარგად იმუშავა, არამედ იმიტომ, რომ მეორე მხარე აღმოჩნდა თავის დროზე ძალიან უსუსური.
ორი წელია მაგ პროპაგანდას ავრცელებენ და ორი წლის განმავლობაში წესიერი პასუხი არავინ არ გასცა, მცირე ჯგუფებს თუ არ ჩავთვლით. დიდი საინფორმაციო კამპანია არ ყოფილა.
დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, მილიონი სხვადასხვა ადამიანი გაჩნდა, რომელიც ამბობს – აქამდე ვიყავი ჩუმად, მაგრამ მოდი, ახლა ამიხსენი რა გავაკეთო იმისთვის, რომ ეს პროპაგანდა შევაჩერო.
საუბარია ხალხზე, რომელსაც რაღაცა ეთქმის ამ ქვეყანაში. იქნებიან ესენი მწერლები, მსახიობები, უნივერსიტეტის პროფესორები – ისინი, ვისაც ნდობა აქვს საზოგადოების. უკვე იგრძნობა, რომ პროტესტმა დაიწყო ოცნების პროპაგანდის განეიტრალება.“
დღეს, 11 იანვარს, ქობულეთში იგეგმება ევროპული მარში.
მარშის მონაწილეები 17 საათზე შეიკრიბებიან ქობულეთის მერიასთან.
თანაქალაქელებო, დროა, ჩვენი ხმა კვლავ გაიგონონ!
ქობულეთი და მთელი საქართველო იმსახურებს ევროპულ მომავალს – თავისუფლებას, განვითარებას, ღირსეულსა და უკეთეს ცხოვრებას!
ევროპული ღირებულებები ნიშნავს დაცულ უფლებებს, სამართლიანობასა და მნიშვნელოვან შესაძლებლობებს თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ჩვენი შანსია, გავაძლიეროთ ჩვენი ქალაქი და ქვეყანა, გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ, რომ ქობულეთი ევროპისკენ ნაბიჯების გადადგმისთვის მზადაა!
ჩვენ მოვითხოვთ უსამართლოდ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას, რათა ქვეყანაში აღდგეს სტაბილურობა და გაგრძელდეს ევროინტეგრაციის პროცესი.
ვაპროტესტებთ მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების დარღვევას, უკანონო დაკავებებსა და ძალადობას, რომელიც ხორციელდება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან.
ჩვენ ვეწინააღმდეგებით ქვეყნის დემოკრატიული სამყაროსგან იზოლაციას და მისი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას.
ერთად ჩვენ შევძლებთ ცვლილებებს!“ – ნათქვამია ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ მარშის ანონსში.
დღეს, 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩაიშალა საპროტესტო აქციების 8 მონაწილის სასამართლო სხდომა, რომელზეც უნდა განხილულიყო დაკავებულების წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი.
სასამართლო დარბაზი ვერ იტევდა დასწრების მსურველებს. დარბაზი გადაჭედილი იყო, გარეთ ადამიანები მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლებას და უფრო დიდ დარბაზში სხდომის გადატანას. „შეგვიშვით, შეგვიშვით!“ – სკანდირებდნენ დარბაზთან მოქალაქეები.
ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა ჩახუთული ჰაერის გამო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი გამოიძახეს. ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა.
მიუხედავად ამისა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგად ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ გაჰყვნენ დამსწრეებიც, სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს დაკავებულებიც.
სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდება. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლეს შეუძლია სხდომა გააგრძელოს ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო ადვოკატები დაუნიშნოს.
დღეს სასამართლოს უნდა განეხილა შემდეგი დაკავებულების საქმეები: თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს.
დღეს, 11 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი.
საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან.
სასამართლო იხილავს შემდეგი დაკავებულების საქმეებს:
თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით].
დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს.
სასამართლო პროცესზე დასწრება ყველა მსურველმა ვერ შეძლო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 806 500 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 570]
ტანკი – 9 751 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 20 271 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 21 817 ერთეული [+28]
MLRS – 1 260 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 042 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 958 ერთეული [+74]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 017 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 534 ერთეული [+61]
სპეცტექნიკა – 3 692 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
40 077 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 480 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 508 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 412 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 156 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ქეთევან ჯაჭვაძევ! სირცხვილია! და თქვენი სახელი არავის უნდა დაავიწყდეს!
ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც თქვენ და მთლიანად სასამართლო სისტემა აწარმოებთ საქართველოს თითოეული მოქალაქეს წინააღმდეგ. მონობა, იცოდეთ, ცუდად თავდება! კაფკაროგორც ჩანს არ წაგიკითხავთ, მაგრამ ისტორიას მაინც გადახედეთ“ – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი, დღეს 10 იანვარს, მოსამართლე ჯაჭვაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში დატოვა.
დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა.
სასამართლომ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი.
დაცვის მხარე მოითხოვდა აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლას და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, თუმცა მოსამართლე და პროკურორები (გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა) ამას არ დაეთანხმნენ.
„ოცნების“ მიერ ბრალდებული პირები არ აღიარებენ ბრალს.
„ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა, მაგისთვის ვისჯებით? ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს, ამიტომ ვისჯებით?“ — იკითხა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე.
კიდევ ერთმა ბრალდებულმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ არ სურს, ვინმეზე ნაკლები გააკეთოს.
„რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა – ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში, ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე“- განაცხადა სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძემ.
პროკურატურა პატიმრობაში დატოვებულ თერთმეტივე პირს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ედავება. ანუ საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში სდებს ბრალს. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მე ვარ გლობალური ომის პარტიის დამფუძნებელი და Deep State-ის 15-პროცენტიანი წილის მფლობელი ონისე ცხადაძე, იგივე ონისე მალადოი“ – ასე დაიწყო თავისი სიტყვა საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
„თავიდან დავიწყებ ჩემი სამოქალაქო პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ რთულია პატიმრობაში ყოფნა, არავისთვის არ არის მარტივი, არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ პატიმრობაში.
ამ ქვეყნის გულისთვის ადამიანები კვდებოდნენ და მეც არ მინდა ნაკლები გავაკეთო ვინმეზე.
რაც შეეხება პროკურატურის ბრალდებებს, მე მაქვს საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება ნანახი, სადაც ჩანს ბოთლის სროლა და ასევე არის ფერი, კვამლს რომ უშვებს, მხოლოდ ფერს, მაგის პატარა კაფსულის სროლა და ისე ცუდად ვისვრი, ლამის ფეხში გავირტყი და ძალიან გთხოვთ, რომ თვითმკვლელობის მცდელობის გამო 500 ლარით დამაჯარიმოთ.
რაც შეეხება, რამდენ წელს ითვალისწინებს ეს ბრალეულობა – ოთხიდან ექვს წლამდე. ანუ მაქსიმუმი რომ მომისაჯოთ, გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილზე 9 თვით ნაკლები გამომივა ციხეში, ანუ თქვენი აზრით, მე ვიქნები მასზე ძალიან ცოტათი განსხვავებული დამნაშავე.
გირაოზეც მინდა რომ გითხრათ, ეს შეგიძლიათ თქვენ განსაზღვროთ, მაგრამ მე გთხოვთ, რომ გირაო დამიწესოთ 14 ლარის და 60 თეთრის ოდენობით.
თუ ასევე ფიქრობთ, რომ ბოთლის სროლა დანაშაულია, რომელიც ითვალისწინებს ოთხიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, მაშინ მე მაქვს „სპიჩკის“ კოლოფი, რომელსაც პროკურატურის მიმართულებით ვისვრი და 3 თვე დამიმატეთ“- თქვა ონისე ცხადაძემ და ასანთის კოლოფი ისროლა პროკურატურის მხარის მიმართულებით. მოსამართლის შენიშვნას მან უპასუხა, რომ „ამ წამიდან გაითვალისწინებს“.
28 წლის სთენდაფერი, იუმორისტი ონისე ცხადაძე 5 დეკემბერს დააკავეს.
პროკურატურა მას სისხლის სამართლის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დებს ბრალს: ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ელის.
დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გური მირცხულავას, ონისე ცხადაძის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რეზო კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმის განხილვა.
______________
ფოტოზე: ონისე ცხადაძე. თბილისის საქალაქო სასამართლო, 10 იანვარი
პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზადაა, ტრამპს პირობების გარეშე შეხვდეს და ამისთვის აშშ-ის პოლიტიკური ნებაა საჭირო.
„პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ ღიაა კონტაქტისთვის საერთაშორისო ლიდერებთან, მათ შორის, აშშ-ს პრეზიდენტთან და მათ შორის დონალდ ტრამპთან. ამისთვის არ არის საჭირო არავითარი პირობები. საჭიროა ორმხრივი სურვილი და პოლიტიკური ნება პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრისთვის“ – ციტირებს რუსული სააგენტო „ტასი“ პესკოვს.
აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 9 იანვარს განაცხადა, რომ პუტინს მასთან შეხვედრა სურს და ამ შეხვედრას ამზადებენ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში ბრძოლა დემოკრატიისთვის გაგრძელდება ახალ არჩევნებამდე.
„კვლავაც ერთგულად ვემსახურები ქართველ ხალხს, როგორც მათი პრეზიდენტი, ამჯერად ახალი ოფისიდან, რომელიც ატარებს ორბელიანის საპრეზიდენტო სასახლის სულისკვეთებას.
ჩვენი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება და გაგრძელდება მტკიცედ, სანამ საქართველო არ მიაღწევს ახალ არჩევნებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი პრესკონფერენცია გუშინ, 9 იანვარს, გამართა ახალ ოფისში, ჭოველიძის #4-ში მდებარე ბიზნესცენტრში და განაცხადა, რომ აქ გააგრძელებს პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას.
მან დე ფაქტო პრეზიდენტი უწოდა მიხეილ ყაველაშვილს და თქვა, რომ როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი არალეგიტიმურია.
მისი თქმით, ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს, საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის „მატყუარა სურათს“ გვიჩვენებს და ქვეყანაში შექმნილი „ძალიან ღრმა კრიზისიდან“ ერთადერთი გამოსავალი არჩევნებია.
„ოცნების“ არალეგიტიმურმა მთავრობამ ხელფასები გაიზარდა. პარლამენტარების ხელფასი 2025 წლიდან 6 340 ლარით გაიზარდა – პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 14 600, პირველი მოადგილის 13 140 ლარი გახდა. მინისტრების ხელფასი 12 410 იქნება. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ახალი წლიდან 14 500 ლარს აიღებს ხელფასის სახით, მაშინ, როცა პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა.
ცვლილებები არ შეხებია დევნილთა შემწეობას და ისევ 45 ლარია. გაიზარდა სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობაც. რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ხალხი ღარიბია, მთავრობის წევრები კი მდიდრდებიან? – ამ თემაზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელს, მარიამ ჯანიაშვილს ესაუბრა.
ქალბატონო მარიამ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ გაიზარდა ხელფასები მაშინ, როცა მოწყვლადი ჯგუფების შემწეობა მიზერულად იზრდება ან საერთოდ არ იზრდება. რასთან გვაქვს საქმე, რატომ ხდება ასე?
როგორც ვიცით, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე გაცემული ყოველთვიური შემწეობა თვეში 30- 60 ლარია. ავიღოთ ერთი რიგითი პარლამენტარის ხელფასი – 11 680 ლარი და გავყოთ. 60 ლარის შემთხვევაში ამ თანხით სახელმწიფო დაახლოებით 195 ადამიანს უზრუნველყოფს, 30 ლარის შემთხვევაში კი – 390 ადამიანს.
იმ თანხით , რასაც ერთი პარლამენტარი იღებს თვეში ხელფასის სახით, ქვეყანაში 390 ადამიანი არსებობს. რაც ძალიან შემაშფოთებელია.
რატომ ხდება ასე? – აქედანაც ჩანს, თუ რა დამოკიდებულება აქვს არსებულ ხელისუფლებას ქვეყნის მოსახლეობის მიმართ.
მარიამ ჯანიაშვილი
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფ პარტიას ჰქონდა ყველანაირი ბერკეტი შეეცვალათ სიღარიბეში მყოფი ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მაინც ისე დატოვეს ყველაფერი, რაც ადრე იყო და ვერანაირად ვერ უზრუნველყვეს ამ ადამიანებისთვის ღირსეული ცხოვრება.
„ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ არნახული ეკონომიკური ზრდაა ქვეყანაში, რომ სიღარიბეს ამარცხებენ, ეკონომიკა ვითარდება და ასე შემდეგ. ფაქტობრივად კი, საპირისპიროს გვეუბნება რიცხვები, რასაც ჩვენ ვხედავთ.
არა მხოლოდ ის რიცხვები, რაც გვიჩვენებს, თუ რამდენია გასაცემელი, არამედ იზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც ყოველთვიურად საარსებო შემწეობას იღებს.
2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, სახელმწიფო შემწეობის მიმღებთა რეესტრში 690 ათასი ადამიანია რეგისტრირებული. თუ ყოველთვიურად შევხედავთ დინამიკას, სოციალურად დაუცველთა რიცხვი თვეების მიხედვით იზრდება. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი.
დღეს არსებული რეჟიმი ამ ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერს ეუბნება, რომ უნდა იცხოვრო 450 ლარით. მაშინ, როცა ინფლაცია იზრდება და არის ეკონომიკური კრიზისის გაღრმავების პროგნოზიც „ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო. რა ლოგიკით გადაწყვიტა „ოცნებამ“, რომ მათი ხელფასები 6-7 ათასი ლარით უნდა გაზრდილიყო, მოწყვლადი ჯგუფების კი არა?
რა თქმა უნდა, ინფლაცია ყოველწლიურად გვაქვს სახეზე და ეს კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული, მაგრამ ასეთი დრამატული სხვაობა პარლამენტარების ხელფასებსა და იმ ადამიანების შემწეობებს შორის, რომლებიც სიღარიბეში არიან, არ უნდა არსებობდეს.
შშმ ადამიანებს, სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს სასიცოცხლოდ სჭირდებათ დახმარება და ეს არ არის სახელმწიფოს ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის კეთილი ნება, სახელმწიფო ვალდებულია მოწყვლადი ადამიანები უზრუნველყოს შესაბამისი გასაცემლებით.
ასეთი კონტრასტული სხვაობა იმის მაჩვენებელია, რომ არსებულ მმართველებს მოსახლეობის საჭიროებები არ აინტერესებთ. ყველაზე ირონიულია ის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო, რაც გულისხმობს მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას მთელი რიგი სერვისებით.
თვალშისაცემია ასევე ისიც, რომ ცალკეულ ჯგუფებზე დაწესებული გასაცემელი 2025 წელს, საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა.
რომელია ეს ჯგუფები?
მაგალითად, შშმ ბავშვების შემწეობა წლების განმავლობაში მეტ-ნაკლებად იზრდებოდა და დღეს მკვეთრად გამოხატული შშმ პირის სახელმწიფო შემწეობა 425 ლარია, მაგრამ გვყავს სხვა შშმ პირები, რომელთა შემწეობა 230 ლარია. ხოლო ბავშვობიდან ზომიერად გამოხატული შშმ პირების შემწეობა – 190 ლარი.
კითხვები, ცხადია, არსებობს საარსებო მინიმუმთან დაკავშირებითაც, რადგან დღეს 262 ლარია საარსებო მინიმუმი ქვეყანაში. როგორ შეიძლება ადამიანი 262 ლარად გადარჩე?
ამ გამოთვლის ადეკვატურობაზეც არაერთხელ დაწერილა და ჩვენგანაც იყო მითითებები, რომ ეს არ შეიძლება იყოს ადეკვატური, რადგან ვერ ასახავს ადამიანის რეალურ საჭიროებებს, ამ დროს კი ამაზე ნაკლები გასაცემელი აქვთ ადამიანებს სახელმწიფოსგან დაწესებული, რაც წარმოუდგენელია.
შშმ ადამიანებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, სახელმწიფო კი არც შემწეობას სთავაზობს ადეკვატურს და არც დასაქმებას. ეს ადამიანები ფაქტობრივად გარიყულნი არიან შრომითი ბაზრიდან, ზოგი სახლიდანაც კი ვერ გადის გარეთ.
ზუსტად არც იმის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, ჰყავდათ თუ არა შშმ ადამიანები დასაქმებული სახელმწიფო პროგრამით – სახელმწიფო არ აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს ამის შესახებ და არც გვაწვდის.
დევნილებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას, რადგან ამბობენ, რომ მთელი ეს წლები 45 ლარია მათი დახმარება და არასდროს უფიქრია ხელისუფლებას მათზე.
რამდენადაც ვიცი, არც ახლა გაზრდილა დევნილთა შემწეობა და აქ სხვა პრობლემაც იჩენს თავს, რადგან თუ ვარ დევნილი და ვარ სოციალურად დაუცველიც, ორმაგად მოწყვლადი ვარ, არა? თუ 45 ლარს 60 ლარს დავუმატებ, 105 ლარს მივიღებ, მაგრამ სახელმწიფო მათ არჩევანს სთავაზობს, ან დევნილის შემწეობა უნდა აიღონ, ან სოციალური დახმარება.
სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობასაც არ იღებს და ეუბნება, რომ ერთ-ერთი უნდა აირჩიონ.
სახელმწიფოს გამოთვლებით, დღეს ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1 945 ლარია. საკმარისია ეს თანხა ღირსეული ცხოვრებისთვის?
2024 წლის სექტემბრის მონაცემებით, 56 ათასზე მეტმა ადამიანმა 300-ზე ნაკლები ლარი ხელფასი აიღო.
355 ათასზე მეტმა კი აიღო ხელფასი, რომელიც იყო 1200-ზე ნაკლები ლარი.
რეალურად, 300 ლარზე ნაკლები ნიშნავს იმას, რომ 56 ათასზე მეტი ადამიანი ფაქტობრივად საარსებო მინიმუმზე ნაკლებ ხელფასს იღებს.
დღეს სულ ცოტა, 1860 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ერთ ადამიანს იმისთვის, რომ მინიმალური საჭიროებები დაფაროს.
ამ დღეებში „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ნინო წილოსანი ხალხს გუდაურში დასასვენებლად იწვევდა, – ნახეთ, რა კარგია, ამოდითო. ამ მონაცემებით, რაც ახლა განვიხილეთ, შეუძლიათ კი ადამიანებს თუნდაც სამი დღით გუდაურში დასვენება?
იმ სოციალური გასაცემლების გათვალისწინებით, ასევე იმ ანაზღაურებით, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, არათუ დასვენების ხარჯების გაწევაა შეუძლებელი, იმ ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება ფიზიკურად გადარჩენისთვის.
რეალურად, ეს ადამიანები, ყოველდღიურად იბრძვიან იმისთვის, რომ ფიზიკურად გადარჩნენ.
ევროინტეგრაციის მომხრე იმიტომაა ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომ სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად დაძლევს ხალხი სოციალურ უთანასწორობას. ამიტომ „ოცნების“ მიერ ამ პროცესის შეჩერება მოსახლეობამ აღიქვა მათი კეთილდღეობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად. როდის უნდა დაწყებულიყო ამ უსამართლობის წინააღმდეგ მოძრაობა?
დიახ, ასეა ნამდვილად, რადგან დღეს ძალიან დიდია სოციალური უთანასწორობის განცდა ამ ქვეყანაში.
კატასტროფული შედეგები გვაქვს ბავშვების სიღარიბესთან დაკავშირებით და როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სხვა უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს უფლებები ირღვევა სხვადასხვა პროპაგანდის სახელით და იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ მოაგვაროს ხალხის რეალური პრობლემები, ყოველგვარ ზღვარს გადასცდა იმ პოლიტიკური ძალის ქმედებები, რომელიც ფაქტობრივად მართავს დღეს ქვეყანას.
ამ დროს კი ბავშვები და მათი მშობლები ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვიან.
კატასტროფული შედეგები გვაქვს არა მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვებთან მიმართებით, იგივე „იუნისეფის“ მონაცემებით, ბავშვების 38 პროცენტი მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონეა და ეს მონაცემები კიდევ უფრო მაღალია სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში, სადაც ბავშვების 40 პროცენტზე მეტი განიცდის მატერიალურ დანაკლისს.
ასეთ ვითარებაში რომელ კეთილდღეობასა და დასვენებაზე ვლაპარაკობთ, როცა ბავშვების 5 %-ზე მეტს აქვს ხილისა და ბოსტნეულის მიღების დეფიციტი, 14 %-ზე მეტს ბავშვს აქვს ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და სხვა საჭიროებების დანაკლისი.
ელემენტარულად, სათამაშოებიც კი არ აქვს ბავშვების ნაწილს. აღარ ვსაუბრობთ საკვების დანაკლისზე, რაც ძალიან სერიოზულია. ამ ყველაფრის ფონზე კი „ოცნების“ წარმომადგენლები გვიყვებიან იმაზე, რომ ყველაფერი რა ძალიან კარგად არის.
ერთ-ერთი ლექტორი (საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციაზე) ამბობდა, რომ მას 1 ლექციაში სახელმწიფო 6 ლარს უხდის, ანუ ადამიანები იძულებულნი არიან, რამდენიმე სამსახურში დასაქმდნენ იმისათვის, რომ გადარჩნენ. რატომ გვყავს მდიდარი მაღალჩინოსნები მაღალი პრივილეგიებით, თუ სახელმწიფო ხალხისთვის ვერ ქმნის სამართლიან სოციალურ გარემოს?
ეს არის იმის მიმანიშნებელი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალები ვერ აფასებენ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. აიგნორებენ მოსახლეობას და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულნი.
გვყავს დე ფაქტო მმართველი პარტია, რომელიც ხალხის ბიუჯეტიდან იღებს სიკეთეებს, ხალხის საჭიროებებზე კი მინიმალურად არ ზრუნავს.
ვხედავთ იმასაც, როგორ იყენებს „ოცნება“ სოციალურ მოწყვლადობას პარტიული ინტერესებისთვის. მათ შორის, ძალაუფლების კონსოლიდირებისთვის.
ეს გამოჩნდა არჩევნებამდე პერიოდში, ეს გამოჩნდა არჩევნების დროსაც, როდესაც „ოცნებამ“ სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების მოწყვლადობა გამოიყენა მათზე ზეწოლისთვის, შანტაჟისთვის, რომ მათ შეუჩერებდნენ სახელმწიფო დახმარებას, თუ არ მისცემდნენ ხმას.
ამიტომ სიღარიბე ყოველთვის ძალიან დიდ რისკს შეიცავს, რომ პარტია ამას გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის.
დღეს რეალურად ხალხს არა მარტო თვითგადარჩენისთვის, უკვე სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც უწევს ბრძოლა, რადგან როგორც ვხედავთ, ქვეყანას მართავს არაღიარებული ხელისუფლება. თუმცა ამ ქვეყანაში ყოველთვის სუსტი იყო სოციალური თანასწორობისთვის ბრძოლა. რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამ კრიზისის დასაძლევად სამომავლოდ?
როცა სახეზე გვყავს არალეგიტიმური მთავრობა, ამ ტიპის ცვლილებების გატარება და რეალურად ადამიანის უფლებებსა და საჭიროებებზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელება, ცხადია, შეუძლებელია.
სოციალური სისტემაც ისეა მოწყობილი, რომ მარტივად შესაძლებელია სახელმწიფო აპარატი გამოიყენო ადამიანის წინააღმდეგ. ამიტომ, რა ტიპის მოთხოვნები უნდა იყოს ან რა ტიპის ბრძოლა უნდა აწარმოოს საზოგადოებამ ამ უსამართლობის დასაძლევად, ამაზე სამწუხაროდ არ არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრებები საზოგადოებაში. ფაქტია, რომ სამომავლოდ, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დაიწყო მზადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისთვის.
მედიის ცნობით, ტრამპმა ამის შესახებ რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, ფლორიდაში, 9 იანვარს. მან თქვა, რომ პუტინმა გამოთქვა შეხვედრის სურვილი და ახლა ამ შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს.
„მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვამზადებთ“, – თქვა ტრამპმა. მას მოლაპარაკებების კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ დაადასტურა, რომ შეხვედრა განიხილება.
კრემლს ტრამპის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ 20 იანვარის ინაუგურაციის შემდეგ ტრამპი განაგრძობს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებას, ამას მოსკოვში მიესალმებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 11 – 16 გრადუსი სითბო
ღამით: 2 – 7 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 12 და 13 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 804 930 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 830]
ტანკი – 9 741 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 20 253 ერთეული [+32]
საარტილერიო სისტემა – 21 789 ერთეული [+24]
MLRS – 1 260 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 041 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 21 884 ერთეული [+71]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 017 ერთეული [+3]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 33 473 ერთეული [+86]
სპეცტექნიკა – 3 689 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
39 896 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 467 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 507 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
20 385 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 135 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
რადიო „თავისუფლება“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბების“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ.
„თავისუფლების“ ცნობით, სიაშია „ოცნებასთან“ დაკავშირებული 25 პირი, რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“. რუბიოს სწორედ ამ პირების დასანქცირებას სთხოვენ.
სიაში არიან:
ეკატერინა ხვედელიძე – ბიძინა ივანიშვილის ცოლი
ალეკო ივანიშვილი – ბიძინა ივანიშვილის ძმა
უჩა მამაცაშვილი – ივანიშვილის დეიდაშვილი
შმაგი კობახიძე – „ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი“
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი
კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
კახა კალაძე, თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი
ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“
ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი
ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
ირაკლი გილაური, „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი
ვანო ჩხარტიშვილი
სულხან პაპაშვილი
გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
ნოშრევან ნამორაძე
ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი
მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ფლორიდის შტატის სენატორი, მარკო რუბიო ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დაინიშნება, რომელიც 20 იანვარს არის ჩანიშნული.
საპროტესტო მოძრაობის ზუგდიდელი აქტივისტები აცხადებენ, რომ პრინციპულად არ ემორჩილებიან „ოცნების“ ახალ კანონს, რომელიც აქციის მონაწილეებს სახის დაფარვას უკრძალავს.
8 იანვარს ზუგდიდელ აქტივისტს, მარიამ სიჭინავას პოლიციამ მეოთხედ შეუდგინა ოქმი ბალაკლავის [ქუდი, რომელიც სახეს ფარავს] ტარების გამო, ხოლო კერენ ესებუას – მეორედ.
„დაახლოებით 7 საათისთვის მივედით აქციაზე ბალაკლავით. შევამჩნიე, რომ ერთ ჯგუფად იდგნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, რომლებმაც ჩემი გამოჩენისთანავე მწკრივიდან გამოიწვიეს პოლიციის ორი თანამშრომელი. უკვე ვიცოდი, რისთვისაც დაუძახეს და მოვამზადე კამერა.
კერენს მეორედ შეუდგინეს ოქმი გუშინ. ცალსახად სოლიდარობა გამომიცხადა. პოლიციელები უკვე მწკრივში ბრუნდებოდნენ, როცა კერენმა უთხრა, მეც ვიკეთებ, მოდით, ჩაიწერეთო. მისი მხრიდან ეს ძალიან დასაფასებელია“, – გვიყვება 8 იანვრის შემთხვევაზე მარიამ სიჭინავა, „დროას“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მარიამ სიჭინავას, კერენ ესაბუას და ცაბუნია ვართაგავას ბალაკლავის ტარების გამო პირველად ოქმი 30 დეკემბერს შეუდგინეს.
„მე მეორედ 3 იანვარს შემიდგინეს ოქმი. ეტყობა 31 დეკემბერი, 1-2 იანვარი, რადგან სადღესასწაულო დღეები იყო, თავისუფლად სუნთქვის საშუალება მოგვცეს. 3-ში ისევ მოვიდნენ. ჩემგან იგივე პასუხი მიიღეს, რომ მე მათ არ ვემორჩილები, არც სასამართლოში მისვლას ვაპირებ და არც აღსრულების ნაწილში… როცა გადასახადს დამაკისრებენ, არც მის გადახდას ვაპირებ.
ამის შემდეგ იყო მესამედ, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, იმიტომ, რომ მეგონა, უბრალოდ მობეზრდებოდათ და მიხვდებოდნენ, რომ ნამდვილად არ ვემორჩილები და არ ვეთამაშები. სრულიად გასიგრძეგანებული მაქვს, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც არიან არალეგიტიმური მთავრობის მიერ ხელდასხმულები, არ უნდა დავემორჩილო არც მოწოდების ნაწილში, არც აღსრულების ნაწილში და საერთოდ არაფერში.
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. ჩემს წინააღმდეგ ახლა დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება… რადგანაც დაუმორჩილებლობას ვაცხადებთ, ოქმები არ ჩავიბარეთ. არ მივსულვართ ოქმის ჩასაბარებლად [პოლიციის სამმართველოში], არ ვიცნობთ საქმის მასალებს, არ ვიცით, როდის არის სასამართლო დანიშნული. ვიდეო არსებობს, სადაც ამბობენ, რომ 174-ე პირველი პრიმა მუხლით იწყებენ საქმის წარმოებას. ესაა მუხლი დემონსტრაციებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც შეტანილია ის ცვლილებები, რისი მიხედვითაც აქციებზე და დემონსტრაციებზე იკრძალება სახის დაფარვა”, – ამბობს მარიამ სიჭინავა.
მარიამ სიჭინავა
კერენ ესაბუა, არტისტი და სამოქალაქო აქტივისტი 30 დეკემბრის ღამეს იხსენებს.
„რადგან ზუგდიდი პატარა ქალაქია, ყველა იცნობს ერთმანეთს. პოლიციელებს იცნობენ აქციის მონაწილეები და პირიქით.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ბრძანების გარეშეც და ბრძანების შემთხვევაშიც, ძალიან რთული იქნება ზუგდიდის პოლიციისთვის ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდეს. როგორც კი ეს კანონი შემოვიდა და საშუალება მიეცათ ამით საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირების და ჩვენს წინააღმდეგ ამუშავების – გამოიყენეს.
30 დეკემბერს კანონი შევიდა ძალაში, რომელიც გვიზღუდავს და გვიკრძალავს საკუთარი უფლებებისთვის იმ ფორმით ბრძოლას, რაც გარანტირებულად გვქონდა აქამდე. ვგულისხმობ კანონებს, რომლებიც გვიკრძალავს პიროტექნიკის გამოყენებას, სახის დაფარვას, იმიტომ, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი გავხდეთ პოლიციისთვის და მარტივად შეეძლოთ ჩვენი დაჭერა, ჩვენზე შემდგომი ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური.
3 დეკემბერს გვეხურა ბალაკლავები, მოვიდა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი და ცალ-ცალკე მოგვმართა სამივეს. მე და მარიამ სიჭინავას სახელებით მოგვმართავდა, ანუ ჩვენი იდენტიფიცირება მას შეეძლო, იცოდა ვის ესაუბრებოდა. გვაქვს ვიდეოც, სადაც კარგად ისმის, როგორ მოგვმართავს სახელებით. ვუთხარით, რომ ეს ჩვენი პროტესტის ფორმაა, რომ არ ვემორჩილებით და ეს კანონები არალეგიტიმურად, არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია. შემდეგ უკვე გაგვაფრთხილა, რომ ჩვენს წინააღმდეგ იწყებოდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, დაგვიბარებდნენ სასამართლოში და შემდგომ უკვე სასამართლო გამოგვიწერდა ჯარიმას.
ჩვენ პიროტექნიკაც ავუშვით იმავე საღამოს.
როგორც არ უნდა ჟღერდეს, გულწრფელად გვინდოდა, რომ გვეჩვენებინა – ვერ გვაშინებს და არ გვიტოკავს არც ერთი ნერვი არ ყველაფრის დროს, იმიტომ, რომ გაგვაჩნია საკმარისი ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“. როგორც არ უნდა გამომდიოდეს ახლა ეს ფრაზა. მართლა დაჯგუფებადაა უკვე გადაქცეული, რომელიც პარაზიტირებს ქართველი ხალხის სხეულზე, სახელმწიფოზე.
როცა დაგვიკავშირდნენ, ბათუმში მოვდიოდით აქციაზე, სოლიდარობის გამოსახატად. კრიმინალურმა პოლიციამ დაგვირეკა. დაგვიბარეს ოქმისთვის ხელი მოგვეწერა და წაგვეღო, გავცნობოდით. მე უარი ვუთხარი და განვაცხადე, რომ არ მივდივარ სამმართველოში, არ ვაღიარებთ ამ ოქმს და არ ვაწერთ ხელს.
რამდენადაც ვიცი, ახლა გამოგვიძახებენ სასამართლოში. მე პირადად, ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ მივალ, ოღონდ მხოლოდ იმისთვის, რომ სასამართლოშიც მქონდეს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ განვუცხადო მოსამართლეს, რომ არ ვაღიარებთ ამ კანონს, კლანურ სასამართლოს და პოლიციასაც, რომელიც, ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მოქმედებს“, – გვეუბნება კერენ ესებუა.
კერენ ესაბუა
ცაბუნია ვართაგავას აქამდე მხოლოდ ერთხელ, 30 დეკემბერს შეუდგინეს ოქმი ბალაკლავის ტარების გამო.
„მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე მისვლის შემდეგ გავიკეთე, ამასთან მთელი თვის მანძილზე იგივე პოლიციელები ყოველ დღე მხედავდნენ აქციაზე და უმეტესი მათგანი ისედაც მიცნობს, პოლიციელმა განმიცხადა, რომ ჩემს იდენტიფიცირებას ვერ ახდენდა და მომთხოვა ნიღბის მოხსნა. ამაზე გარკვევით ვუპასუხე, რომ არ ვემორჩილებოდი თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ხელმოწერილ კანონს.
რამდენიმე დღის შემდეგ იგივე პოლიციელმა დამირეკა და ამ ჯარიმასთან დაკავშირებით პოლიციაში გამოცხადება მთხოვა.
ამ ჯარიმას არავითარი მიზანი არ აქვს, გარდა აქციის მონაწილეების დაშინებისა. თუმცა, რუსული რეჟიმის მოლოდინები არ გამართლდა, წინააღმდეგობა გრძელდება, არავინ დაშინებულა. მოუწევთ როგორც ამ კანონის (და ჯარიმების) უკან წაღება, ასევე ყველა იმ მოთხოვნის შესრულება, რაც აქციის მონაწილეებს გვაქვს“, – გვეუბნება ცაბუნია ვართაგავა.
ცაბუნია ვართაგავა
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა შეკრებიდანდაახლოებით 2 კვირაში დაჩქარებული წესით განიხილა და შეცვალა არაერთი კანონი. უფლებადამცველების შეფასებით, ცვლილებები რეპრესიული ხასიათისაა და მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას. განსაკუთრებით, გამოხატვის თავისუფლებისა და შრომითი უფლებების ნაწილში.
„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციიდან მალევე ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებულ რეპრესიულ კანონებს. აღნიშნული კანონები ძალაში 30 დეკემბრიდან შევიდა.
თამარ წულუკიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსამართლეს მაინც შეუძლია აქტივისტების დაჯარიმება, იმის მიუხედავად, გამოცხადდებიან ისინი სასამართლოში თუ არა:
„ოქმის ან უწყების ჩაბარებაზე უარი ვერ იქნება პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი.
მოსამართლეს მაინც შეუძლია ჩაატაროს პროცესი მხოლოდ ერთი მხარის დასწრებით. ამ შემთხვევაში ოქმის შემდგენი მხარე დაესწრება პროცესს და მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იქნება საქმეში და წარდგენილი მოწმე – არსებობის შემთხვევაში. გამოვა ისე, რომ მეორე მხარეს მოსამართლე ვერ მოუსმენს.
მოსამართლეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რაც მუხლითაა გათვალისწინებული. მოსამართლეს შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს ადმინისტრაციული წარმოება პირთან მიმართებით, მაგრამ ეს მოლოდინი ნაკლებად მექნება იმის გათვალისწინებით, რაც, მაგალითად, ბათუმში ხდება – მოსამართლეები ან პატიმრობას იყენებენ ან ჯარიმას.
თუ ჯარიმას გამოიყენებს მოსამართლე, თეორიულად შესაძლებელია, რომ ყადაღა დაედოს აქციის მონაწილეების ანგარიშებს და იძულებითი აღსრულების პროცედურა დაიწყოს. სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ მოქალაქეებს მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა არც სააპელაციო სასამართლოსგან მექნებოდა რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი.
საინტერესოა, მოსამართლე როგორ იმსჯელებს, რა სამართლებრივ ლიტერატურას, გადაწყვეტილებების პრაქტიკას გამოიყენებს იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაამართლოს, თუკი ის დააკმაყოფილებს ოქმის შემდგენი მხარის მოთხოვნას, იმიტომ, რომ მსგავსი შემთხვევა არ გვქონია.
პრაქტიკაში პირველად ხდება, როცა მოქალაქეს ეკრძალება რაიმე ფორმით ნიღბის ტარება შეკრების ადგილზე“, – განმარტავს თამარ წულუკიძე.