Batumelebi | ბათუმის საკრებულოს დილემა ბათუმის საკრებულოს დილემა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის საკრებულოს დილემა

ლელა დუმბაძე


 ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის ოფიციალური წერილი საკრებულოს 12 წევრის ხელმოწერით გასულ კვირას დარეგისტრირდა. საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მიმდინარე კვირას უნდა დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, სადაც გიორგი კირთაძის გადადგომის საკითხი დაისმება.

„თუ გიორგი კირთაძემ არ დანიშნა სხდომა, მაშინ საკრებულო თვითონ იკრიბება და სხდომას წარმართავს თავმჯდომარის მოადგილე. თუ არც მოადგილე გამოცხადდა, მაშინ სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ჩაატარებს” – აცხადებს ირაკლი ჩავლეიშვილი. თუ საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა 12 დეპუტატი და მიიღო თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, მაშინ გიორგი კირთაძე თავმჯდომარის პოსტს დატოვებს. თუ 12-დან ერთი დეპუტატი მაინც არ მისცემს ხმას გიორგი კირთაძის გადადგომას, მაშინ გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და იმავე საკითხის გატანა მხოლოდ სამი თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ირაკლი ჩავლეიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ რიგგარეშე სხდომაზე ის თორმეტი დეპუტატი, რომლებმაც წერილობით დაუჭირეს მხარი გიორგი კირთაძის გადადგომას, საკრებულოს სხდომაზეც იმავე პოზიციაზე იქნება: „ვერ გეტყვით, როცა შეიკრიბება საკრებულო, იმ წუთში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი, ამის გარანტია არავის აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხდომაზე თორმეტი კაცი მოვა. დანარჩენი წევრებიც მოვლენ და მათი ხმაც იქნება გადამწყვეტი.“

საკრებულოს წევრთა პოზიციის მიუხედავად, გიორგი კირთაძე ირწმუნება, რომ მისი გადადგომის საკითხი საკრებულომ ერთი თვის წინ ჩატარებულ რიგგარეშე სხდომაზე ჩააგდო, „შესაბამისად, მათ აღარ აქვთ უფლება, ჩემი გადადგომის საკითხი კვლავ დააყენონ“ _ აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, მთვარისა ცივაძის განცხადებით, პირველი სხდომა, რომელზეც გიორგი კირთაძე საუბრობს, კვორუმის არარსებობის გამო არ ჩატარებულა. შესაბამისად, საკითხი არ ჩაითვლება ჩავარდნილად და საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ (33-ე მუხლი), ითვალისწინებს ამ საკითხის ხელმეორედ დაყენებას. „საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხს მხარს დაუჭერს საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი“ – განმარტავს იურისტი.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე კი დარწმუნებულია, რომ საკრებულოს მისი გადადგომა 16 თებერვლამდე მაინც არ შეუძლია: „19 ნოემბრის სხდომაზე მათ მიეცათ ჩემი გადადგომის შესაძლებლობა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენეს. კანონში წერია, „თუ საკრებულომ ვერ შეძლო გადაყენებაო“. კვორუმი რომ არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ საკრებულომ ვერ შეძლო გადაყენება. მაგრამ ეს არ არის მთავარი, ამ საკითხის გამოტანა შეუძლიათ 19 თებერვალსაც. უბრალოდ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ხელი უნდა აწიონ ჩემ გადადგომაზე, ალბათ მეტი კითხვა უნდა დაუსვან საკუთარ თავს“.

საკრებულოში ამჟამად 23 წევრია, აქედან 12-მა წევრმა გიორგი კირთაძის გადადგომას წერილობით უკვე დაუჭირა მხარი.
ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით, საკრებულოს ნაციონალ წევრებს, რომლებიც სულ 14 იყო დარჩენილი, სამი დეპუტატი კიდევ გამოაკლდა. ესენი არიან: ბესო ჭოხონელიძე, თამაზ გორგილაძე და გია გაბაიძე. „რამდენადაც მე ვიცი, წინა ხელისუფლების პირობებში ისინი იყვნენ წნეხის ქვეშ, ახლა გათავისუფლდნენ და უნდათ თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღონ, ამიტომ დატოვეს ნაციონალური მოძრაობა“ – ამბობს ჩავლეიშვილი.

ირაკლი ჩავლეიშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ გიორგი კირთაძის გადადგომის შემთხვევაში თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურა იქნება განხილული.

ამ თემას გიორგი კირთაძე გუშინ, 29 იანვარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"