ამ ეტაპზე ქედის გამგებლის მოვალეობას გამგებლის მოადგილე ბადრი სურმანიძე ასრულებს. ვინ იქნება ქედის მომავალი გამგებელი, კონკურსის წესით შეირჩევა თუ საკრებულოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად დანიშნავს – ამ საკითხის განხილვას საკრებულოს თავმჯდომარე დღეს დაანონსებულ ბიუროს სხდომაზე გეგმავს.
,,ბიუროს სხდომაზე შევთანხმდებით ვინ იქნება ქედის მომავალი გამგებელი, კონკურსით დაინიშნება თუ უკონკურსოდ,“ – აცხადებს ბადრი დიასამიძე.
იმ შემთხვევაში თუ საკრებულოს თავმჯდომარე ქედის გამგებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურს გამოაცხადებს , კონკურსში მონაწილეობის მიღებას აპირებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ შარაძე, რომელიც ამავდროულად ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედი საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეა.
იმისთვის, რომ ჯემალ შარაძემ კონკურსში მონაწილეობა მიიღოს საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობიდან უნდა გათავისუფლდეს, რისთვისაც ბიუროს თანხმობაა საჭირო.
ჯემალ შარაძე არ გამორიცხავს, რომ ბიურო მის მოთხოვნას, საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობიდან წასვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილებს, და შესაბამისად მისი კანდიდატურა ავტომატურად დაიბლოკება.
ვაჟა ბოლქვაძემ წასვლის თაობაზე განცხადება 27 აგვისტოს დაწერა, წერილობით განცხადებაში წასვლის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა, თუმცა დღეს გამართულ სხდომაზე მან საჯაროდ განაცხადა, რომ იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა.
,,იქედან გამომდინარე რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული და მე რადგან ნაციონალი ვარ ვიმედოვნებ, რომ მომავალში ფინანსებში დავიბლოკები, ჩემი აქ ყოფნით არმინდა რომ ჩემი ერთი მოქალაქე დაზარალდეს, გარდა ამისა ის დაპირებები, რაც კოალიაციამ მოსახლეობას დაპირდა და ვერ შესრულდა არ მინდა ამ დაპირების თანამონაწილე გავხდე,“ – განაცხადა ვაჟა ბოლქვაძემ ბათუმელებთან.
„აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე, ჰესის მშენებლობის ზონიდან 100 ათას კუბურ/მეტრ ქვიშა-ხრეშს საკუთარი ხარჯებით მოიპოვებს. მოპოვებულ ბუნებრივ რესურსს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ ადგილზე დაასაწყობებს, რომელიც შემდგომ ნაპირდაცვით სამუშაოებს მოხმარდება.
„ტერიტორია, საიდანაც შპს აჭარ ენერჯი-2007-ის ინერტული მასალა უნდა მოეპოვებინა, ბუნებრივი რესურსების ჭარბი აკუმულირების ზონას წარმოადგენდა, რომელიც სამშენებლო პროექტის მიხედვით, მშენებარე ჰესის დატბორვის ზონაში მდებარეობს და პროექტის დასრულების შემდეგ წყლის ქვეშ მოექცევა. შეთანხმების რეალიზაციის შედეგად კი განხორციელდება წყლის ქვეშ მოქცევისთვის გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსის მოპოვება და მისი საჯარო მიზნისთვის გამოყენება. ამით დაცული იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისადმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი მოთხოვნები: გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინება და გარემოს პოტენციურ შესაძლებლობებზე და მდგრად განვითარებაზე დაფუძნებული, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა.
ასევე, სამინისტროების ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის შედეგად შეჩერდება ზღვის სანაპირო ზოლის ჩარეცხვა; მნიშვნელოვნად დაიზოგება სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრები; რაციონალურად იქნა გამოყენებული ზღვის სანაპირო ზოლის მიმდებარედ არსებული ბუნებრივი რესურსი“, – ნათქვამია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსგან მიიღო.
შპს „აჭარ ენერჯი 2007“ მდინარე ჭოროხზე სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ახორციელებს. შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის (100 000 მ3 ქვიშა-ხრეში) მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება თავად ითხოვა.
კომპანიის წარმომადგენლის სოფო ვარშალომიძის ინფორმაციით ქვიშა-ღორღს კომპანია განსაზღვრულ ადგილებში მდინარეების – ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავთან ჭოროხის კალაპოტიდან ამოიღებს.
საქართველოს გიდების ასოციაცია, რომელიც გიდს სერტიფიკატს აძლევს, ამ დროისათვის 120 გიდს აერთიანებს. გიდების გადამზადება ხორციელდება ბათუმშიც. ეკა ჭანიშვილი, ბათუმის ტურიზმის სააგენტოს დირექტორი ამბობს, რომ გიდების გადამზადების პროგრამა აჭარაში ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო. წელს სააგენტომ სულ 35 გიდი გადაამზადა ორკვირიანი კურსებით.
ეკა ჭანიშვილი გიდების კვალიფიკაციის დონეზე საუბრისას ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე უცხო ენის ცოდნა არ განაპირობებს გიდის პროფესიონალიზმს:
„ნებისმიერი ადამიანი გიდი ვერ გახდება. მსურველს გარკვეული უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს. გიდმა უმაღლეს დონეზე უნდა იცოდეს გეოგრაფია, საქართველოს ისტორია. უნდა ჰქონდეს გადმოცემის უნარი. გიდობის მსურველებს გარკვეული შესამოწმებელი ეტაპების გავლა უწევთ. ტრენინგებსა და მასტერკლასებს ექსპერტები ატარებენ“.
ქეთი მელაძე, საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში კვალიფიციური გიდების ნაკლებობაა. საკმარისია თუ არა ორი კვირა კვალიფიციური გიდის მოსამზადებლად? ქეთი მელაძე პასუხობს: „ჩვენი ასოციაციის კურსდამთავრებულების 90 პროცენტი დასაქმებულია. ორკვირიანი ტრენინგები შეიძლება ეცოტავოს ვინმეს, მაგრამ ეს ცოტა არ არის, დღეში 6 საათი გრძელდება მასტერკლასი, სამოცი საათი გამოდის. მეც რომ სააგენტოს ვხსნიდე, გეტყოდით, რომ არ იქნება ორი კვირა საკმარისი, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კარგად მუშაობენ ეს გიდები. სხვა ქვეყნებში შეიძლება უფრო მეტი დრო ეთმობა სწავლებას, მაგრამ სტანდარტები, რითაც ჩვენ ვასწავლით, იდენტურია“.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე, გიდის სპეციალობა ცალკე არ ისწავლება, თუმცა აქ ისწავლება საექსკურსიო საქმე. ფაკულტეტის დეკანი როსტომ ბერიძე ეთანხმება იმას, რომ ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გიდის ინსტიტუტის განვითარება:
„გიდი არის სავიზიტო ბარათი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ იმ მოთხოვნებს, რაც ტურიზმის ბაზარს გააჩნია, აკმაყოფილებს გიდების კვალიფიკაციის დონე, ამიტომ ვცდილობთ საგანმანათლებლო პროგრამაში კურსად გვქონდეს საექსკურსიო საქმე. ამ ინსტიტუტის განვითარებას ხელს უწყობს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ დაწყებული გიდების გადამზადების პროგრამა. ასევე მუშაობს ამ კუთხით უნივერსიტეტის მეცნიერებათა ჯგუფი, რომელიც წლის ბოლოსთვის სახელმძღვანელოს გამოუშვებს სახელწოდებით – „მხარეთმცოდნეობა“. წიგნში აღწერილი იქნება მთლიანად აჭარა, მისი ეთნოგრაფია, ღირსშესანიშნაობები, მნიშვნელოვანი ტურისტული ადგილები და ასე შემდეგ. ეს სახელმძღვანელო გიდებისთვის საფუძვლიანი ცოდნის მიღების საშუალება იქნება“.
მიმართავენ თუ არა ქართველ გიდებს უცხოელი ტურისტული სააგენტოები? ქეთი მელაძე ამბობს, რომ მათ ხშირად უკავშირდებიან: „ჩვენს საიტზე განთავსებულია ჩვენ მიერ გადამზადებული გიდების მონაცემები, ნებისმიერს შეუძლია ტურისტული კომპანიების გარეშე მათი არჩევა, ამ შემთხვევაში ანაზღაურებაც უფრო მეტი აქვთ გიდებს. ძირითადი პრობლემა თურქულ ტურებთან გვაქვს, გიდის მომსახურებით არ სარგებლობენ. ეს ჯგუფები, ძირითადად, ტურლიდერებს ქირაობენ, ალბათ, ამიტომაც ჩივიან, რომ ტურისტებს სწორ ინფორმაციას არ აწვდიან. ჩვენ სწორედ ამიტომ სპეციალურად თურქული ენის მცოდნეების გადამზადება დავიწყეთ“.
ანიჭებენ თუ არა მნიშვნელობას სერტიფიკატის ქონას ტურისტულ სააგენტოში? „ბათუმელებმა“ ეს კითხვა რამდენიმე ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს დაუსვა. სააგენტოებში ამბობენ, რომ კი. „გიდებს სერტიფიკატის გარეშე არ ვიღებთ. ისინი ჩვენთან მოსვლამდე გადიან სპეციალურ მოსამზადებელ კურსებს. აუცილებლად მოეთხოვებათ რუსული და ინგლისური ენის ცოდნა. ასევე გვყავს გერმანულენოვანი გიდები. მათ გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი“, – ამბობს ტურისტული კომპანია „ფრეშტურის“ წარმომადგენელი ჯონი საბაშვილი. რაც შეეხება გიდების დატვირთვას, ჯონი საბაშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია ტურისტების ნაკადზე.
თემურ შავაძე 14 წელია გიდია. ამბობს, რომ პროფესიით ეკონომისტია, თუმცა სხვა სამსახური რომ ჰქონდეს, გიდობით მაინც იქნებოდა დაკავებული. მას მუშაობა უკრაინელ, რუს და თურქ ტურისტებთან უწევს: „ძირითადად უცხოელები მომმართავენ. საქართველოში ქართველებზე გიდობის გაწევა ცოტა უხერხულიც კია. იშვიათად ხდება, როცა გიდობისთვის მომმართავენ ადგილობრივები აღმოსავლეთ საქართველოში: კახეთში, თუშეთში…“
რამდენად დაკავებულნი არიან გიდები, არის თუ არა ეს საქმიანობა მათი შემოსავლის ძირითადი წყარო? გიდი არჩილ ტოტოჩავა ამბობს, რომ გიდების სამუშაო სეზონი დაახლოებით ოთხთვენახევარს გრძელდება: „დანარჩენ დროს სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული. უცხოურ ტურისტებს ვუწევ გიდობას, ძირითადად, ისრაელიდან ჩამოსულებს. ადგილობრივ კომპანიებთან იშვიათად ვმუშაობ, ამ პრინციპს შეკვეთა განსაზღვრავს“.
ია ამიროვასათვის კი გიდობა მეორადი პროფესიაა, თუმცა მისი ძირითადი საქმიანობა ტურიზმს უკავშირდება: „სარფში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში და ბათუმის ტურიზმის სააგენტოში ვმუშაობ. მეორე წელია პარალელურად გიდობით ვარ დაკავებული. მუშაობის სიხშირე დამოკიდებულია ჩემს დროზე, როცა დრო მაქვს, მაშინ ვახერხებ გასვლას. საინტერესოა გიდობა. როცა სხვადასხვა ადამიანს ხვდები, უწევ პოპულარიზაციას შენს ქვეყანას, აცნობ შენს კულტურას, ისტორიას“, – ამბობს ია.
რა არის საჭირო კარგი გიდისათვის? როსტომ ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, გარდა კარგი განათლებისა, გამოყოფს გიდისთვის აუცილებელ დამახასიათებელ თვისებებს: ადამიანებთან ურთიერთობის ხერხებსა და კომუნიკაბელურობას: „მნიშვნელოვანია გიდს ჰქონდეს კარგი კომუნიკაციის უნარი, იყოს მომღიმარი, ფლობდეს ენებს და ჰქონდეს მოცემული ტურის საფუძვლიანი ცოდნა“.
ეკა ჭანიშვილი, ბათუმის ტურიზმის სააგენტოს დირექტორი, ამბობს, რომ გასულ წელს აჭარაში გიდები გრანტის ფარგლებში გადაამზადეს: „წელს კი მინიმალური თანხის – 150 ლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხას ისინი ორ-სამ ტურში უკან იბრუნებენ. ვაპირებთ მომავალშიც გავაგრძელოთ გიდების გადამზადება. პროგრამის გავლის შემდეგ მონაწილეები იღებენ სერტიფიკატებს. გამორჩეულებს საქართველოს გიდების ასოციაცია გადასცემს სპეციალურ ბარათს, რომელიც მოქმედებს ორი წლის განმავლობაში. ამ ბარათის მფლობელი სერტიფიცირებული გიდია და უფრო მეტი უპირატესობა აქვს. თუმცა, ამისთვის დამატებითი გამოცდა უნდა ჩააბარო“.
„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ რამდენიმე სერიოზულ ბრალდებას უყენებენ უკვე გაჩერებული თუ გასაჩერებლად გამზადებული კონკურენტები – „სოკარის“ მიერ ფასების ხელოვნურად გაზრდა, ჟანგმოდებული მილებით ქსელის მშენებლობა, ქსელში რკინის მილების ნაცვლად წყლის მილებისა და ონკანების გამოყენება, განვადების უფლების შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მონოპოლია ბაზარზე – თავად აპროექტებს, ამონტაჟებს და თავადვე ამოწმებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს, რაც სემეკის დადგენილებით დაუშვებელია, კონკურენტების მიერ შესრულებული ობიექტების ქსელთან არმიერთება, წილებში ჩაჯდომის სურვილი… ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რასაც „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ უყენებენ.
საპროექტო კომპანიის – „პროექტსერვისის“ დირექტორს, ლაშა წულუკიძეს ხელთ აქვს ბათუმში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახისთვის მომზადებული ხარჯთაღრიცხვის ორი ვერსია – „სოკარი“ მომავალ აბონენტს გაზის შეყვანისთვის 1782 ლარს სთხოვს, მეორე კომპანია – 1354 ლარს. „აბონენტებს ატყუებენ, რომ, მაგალითად, ის კომპანია, რომელიც უფრო იაფად სთავაზობს გაზის შეყვანას, არის არალიცენზირებული ან სამუშაოს ასრულებს უხარისხოდ. სინამდვილეში პირიქით ხდება. მოქალაქე კი, რომელსაც ერთხელ შეჰყავს გაზი, იღლება სიტუაციის გარკვევით, მას აღარ უნდა 200-300 ლარის გამო გაიხლართოს დაუსრულებელ ინტრიგებში, ამიტომ იგი ემორჩილება „სოკარის“ მოთხოვნას – იხდის უფრო ძვირს, ვიდრე მას სხვა კომპანია სთავაზობს“.
ლაშა წულუკიძე
ერთი თვის წინ გაჩერებული ლაშა წულუკიძის „პროექტსერვისი“ პირველად 2011 წელს, თენგიზ ქოქოლაძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიღების შემდეგ გაჩერდა.
„კომპანია „სოკარის“ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს მის პარტნიორ ორგანიზაციასთან. ამდენად ჩვენ ვერ შევითანხმებთ თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს“, – აცნობეს ლაშა წულუკიძეს, რომელიც ამბობს, რომ `მაშინ დავას აზრი არ ჰქონდა“.
ეს იყო საპარლამენტო არჩევნებამდე.
ლაშა წულუკიძე იხსენებს, თუ როგორ მისცეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მუშაობის უფლება, – „გაზის მშენებელ და საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს „სოკარის“ გენერალური დირექტორი ანარ მამმადოვი შეგვხვდა ბათუმში. ვითომ არ იცოდა, რომ ვერ ვმუშაობდით და გვითხრა – თქვენ გაქვთ მუშაობის უფლებაო“.
ანარ მამმადოვის სიტყვიერი ნებართვის შემდეგ ლაშა წულუკიძის 7-კაციანმა ჯგუფმა სამი თვე – მარტი, აპრილი და მაისი იმუშავა. „თავიდან ნორმალურად ვთანამშრომლობდით „სოკართან“. ჩვენს პროექტებს სამ დღეში ამტკიცებდნენ, მაგრამ მერე, როცა დაინახეს, რომ კარგად ავაწყვეთ საქმე, ისევ დაიწყეს ჩემი კომპანიის პროექტების დამტკიცების გაჭიანურება, იმის მომიზეზებით, რომ მათ ამის უფლებას სემეკი არ აძლევს“, – ამბობს ლაშა წულუკიძე და კითხულობს, როდის არღვევდა სემეკის მოთხოვნებს „სოკარი“ – მაშინ, როცა მის კომპანიას მუშაობის უფლებას აძლევდნენ, თუ მაშინ, როცა მის კომპანიას მუშაობის უფლებას არ აძლევენ.
ლაშა წულუკიძის ამ კითხვას „სოკარის“ იურისტები ცალსახად პასუხობენ, რომ მაშინ არღვევდნენ სემეკის მოთხოვნებს, როცა ლაშა წულუკიძესა და სხვებსაც მისცეს მუშაობის უფლება. „ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ამის გამო სემეკმა შეიძლება დაგვაჯარიმოს“, – ამბობს სოკარის იურისტი შალვა ფხალაძე და კითხულობს სემეკის დადგენილების მე-191 მუხლს: „განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის გაზიფიცირებულ ქსელზე მიერთებისთვის საჭირო ყველა სამუშაო და ხარჯი, მათ შორის, ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძისა და საცხოვრებელში ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა“. – ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის წინაშე გაზთან დაკავშირებულ ყველა ვალდებულებას, ყველა საფეხურის სამუშაოს შესრულებას სახელმწიფო ჩვენ გვაკისრებს“.
შალვა ფხალაძე „სოკარის“ და მისი კონკურენტების ურთიერთობას ასე აფასებს – „წარმოიდგინეთ, თქვენ სახლი აიშენეთ და ვიღაცა ითხოვს ახლა ერთ ოთახს“.
შალვა ფხალაძის აზრით, „სოკარს“ სახელმწიფომ საკმაოდ დიდი ვალდებულება დააკისრა: „სემეკის დადგენილებით, განაწილების ლიცენზიანტი („სოკარი“) ვალდებულია, აბონენტს შეუსრულოს ყველა სამუშაო, გასწიოს ყველა ხარჯი, შეუყვანოს ერთ წერტილზე ბუნებრივი აირი და მხოლოდ ამის შემდგომ ამოიღოს მოქალაქისგან მაქსიმუმ 600 ლარი, ისიც განვადებით – 25 ლარი ორ წელზე გადანაწილებით. 600 ლარს ზემოთ ხარჯების დაფარვაც „სოკარის“ ვალდებულებაა. ეს კომპანიისთვის ძალიან მძიმეა, აბანდებ თანხას და ორი წლის განმავლობაში 25 ლარებად იბრუნება. არანაირი პროცენტი, სარგებელი იმ თანხას არ ერიცხება. შეიძლება მსოფლიოში ასეთი სისტემა არსად იყოს“.
შალვა ფხალაძის თქმით, მოსახლეობისგან თანხის ამოღების ეს წესი მათთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია: „ეს არის ჩვენი ხარჯი. პატარა თანხა ნამდვილად არ არის. ათეულობით მილიონი ლარია უკვე ჩადებული. მინიმუმ 10 წელი ეს ბიზნესი არ იქნება მომგებიანი. ამ პროცესში კი ვიღაცები ცდილობენ სარგებლის ნახვას“.
„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორის, თენგიზ ქოქოლაძის ინფორმაციით, „სოკარს“ 3200 ისეთი აბონენტი ჰყავს, ვისაც 600 ლარს ზემოთ ხარჯები კომპანიამ უკვე დაუფინანსა. `ისინი ყოველთვიურად 25 ლარს იხდიან. სიაში კიდევ 3000 ასეთი აბონენტი გვყავს. სემეკის დადგენილებით, ახალი აბონენტების 40 პროცენტის ხარჯებს ჩვენ ვაფინანსებთ. ამ ეტაპზე სულ 25 ათასი აბონენტი გვყავს“, – ამბობს თენგიზ ქოქოლაძე.
„სოკარის“ კონკურენტების თქმით, აჭარაში ბუნებრივი აირი ოჯახებამდე თენგიზ ქოქოლაძის ახლო გარემოცვის მიერ დაფუძნებულ კომპანიებს შეჰყავს. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის – „ენერჯი ინვესტი 2009-ის“ დამფუძნებელი, თენგიზ ქოქოლაძის დის შვილი გოჩა გოგიტიძეა. გოჩა გოგიტიძეს ამ პროფილით კიდევ ერთი კომპანია – „ენერჯი 2006“ აქვს დაფუძნებული. ლაშა წულუკიძის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე თენგიზ ქოქოლაძის ახლობლების კომპანიებიც – „გაზინსტალ კომპანი“ და „გაზჰეათინგ კომპანი“ დამკვიდრდნენ.
ლაშა წულუკიძის აზრით, „სოკარი“ თვალს ხუჭავს თენგიზ ქოქოლაძის ნათესავების კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმების პროცესში. „არც თუ იშვიათად, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სიცოცხლისათვის საშიში“, – ირწმუნება ლაშა წულუკიძე.
თენგიზ ქოქოლაძე კი ამბობს, რომ თავისი დისშვილების კომპანიებთან „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა„ არ თანამშრომლობს: „გოგიტიძეს აქვს ცენტრალურ ოფისთან ხელშეკრულება, რომელიც აკეთებს მიწისქვეშა და მიწისზედა სამუშაოებს. აჭარაში მის კომპანიას არც ერთი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული. „სოკარი“ მუშაობს თავისი საპროექტო და სამშენებლო კომპანიებით – „სოკარ ჯორჯია გაზაჭარა“ და „სოკარ ჯორჯია აჭარის საპროექტო“. ერთი ოფისი ბაგრატიონზეა, მეორე – ჭავჭავაძეზე“.
თენგიზ ქოქოლაძის თქმით, „როცა წავიდა მაგაზე ლაპარაკი – ჩემი კომპანიები… ყველა კომპანია გაუქმდა“. „სოკარის“ დირექტორი ამბობს, რომ არც კი ახსოვს მასთან დაკავშირებული და უკვე გაუქმებული კომპანიების სახელები.
რაც შეეხება ხარისხის კონტროლს, ამ ბრალდებაზე თენგიზ ქოქოლაძის არგუმენტი ასეთია: „ყველა შესრულებულ სამუშაოს ცენტრალური ოფისის ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს. გარდა ამისა, „სოკარი“ თურქეთიდან იწვევს სპეციალისტებს ხარისხის შესამოწმებლად“.
ამის მიუხედავად, ლაშა წულუკიძემ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში გადაღებული ფოტოსურათები, რომელზეც ჩანს, რომ ბუნებრივი აირის შესაყვანად გამოყენებულია როგორც დაჟანგული და შეუღებავი მილები, ისე წყლის მილები თუ წყლის ონკანები. ერთ-ერთ სადარბაზოში გადაღებულ ფოტოზე კი აღბეჭდილია გამათბობელი „კარმის“ უკანა კორპუსი.
„ამ კორპუსში არ არის სათანადო ვინტილაცია. შესაბამისად, სადარბაზოში გროვდება გაზის გამონაბოლქვი, რაც გაზის გაჟონვაზე გაცილებით საშიშია – გამონაბოლქვი ადამიანს ერთ წუთში კლავს. მართალია, ეს გაყვანილობა „სოკარს“ არ დაუმონტაჟებია, ეგ ობიექტი ექსპლოატაციაში მიიღო კომპანია „ბუნებრივმა აირმა“, რომლის დირექტორიც თენგიზ ქოქოლაძის კიდევ ერთი დისშვილი – ზაზა გოგიტიძე იყო. სიცოცხლისათვის საშიში მონაკვეთის გამოსწორების ვალდებულება „სოკარს“ აქვს, მაგრამ ჩვენი დევნით ისეა დაკავებული, რომ მსგავსი პრობლემების მისახედად ვერ იცლის“, – ამბობს ლაშა წულუკიძე.
ლაშა წულუკიძის მიერ დაფიქსირებული „სიცოცხლისთვის სახიფათო ზონის“ თაობაზე „სოკარშიც“ არიან ინფორმირებულები, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ამ კორპუსში არსებულ გაზგაყვანილობასთან მათ შეხება არ ჰქონიათ.
„ჩვენ სერტიფიცირებული მასალებით ვმუშაობთ, მკაცრი ზედამხედველობა გვაქვს. ვიყენებთ მილებს, რომლის ერთი მეტრი 11 ლარი ღირს. სხვა კომპანიები 2-ლარიან მილებს იყენებენ. არც თუ იშვიათად ყოფილა, რომ ოჯახს უხარისხო მილების გამო კაფელი და მეტლახი ამოუყრია“, – ამბობს თენგიზ ქოქოლაძე, რომელიც დასძენს, რომ „სოკარის“ მაღალ ფასებს, სხვებთან შედარებით, სწორედ მილების ხარისხიც განაპირობებს.
„თუ სხვები უხარისხოდ მუშაობენ, მაშინ რატომ არ წერს „სოკარი“ აქტებს?“, – კითხულობს ლაშა წულუკიძე. ის ბაზარზე არსებული კომპანიების კომპეტენტურობის სადემონსტრაციოდ საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ერთ-ერთ ფაქტს ყვება: „თუ არ ვიცოდით საქმის კეთება, ბენზეში დევნილების დასახლებაში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებაზე რატომ დაგვიძახა „სოკარმა“. თავის დროზე დევნილების დასახლების გაზიფიცირების ტენდერი თბილისურმა კომპანიამ მოიგო. ერთ დღესაც გაირკვა, რომ პრეზიდენტს დევნილები უნდა ჩამოეყვანა… საოცარი ამბავი მოხდა, ყველა ბინაში 7-10 გაჟონვა დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ გაზს ჩართავდნენ, მთელი დასახლება აფეთქდებოდა. არ ვიცი ვინ, მაგრამ „სოკარს“ დაავალეს ამის გამოსწორება. „სოკარმა“ ჩვენ გვთხოვა. იმის იმედით, რომ შემდეგში არ შეგვიქმნიდნენ პრობლემებს, ყველა კომპანიამ იმუშავა – 18 ბრიგადა მუშაობდა დღე და ღამე უფასოდ. ამ ამბიდან ერთ კვირაში გაგვაჩერეს… ანარ მამმადოვთან შეხვედრის დროს, როცა ამაზე სამშენებლოებმა თქვეს, გაუკვირდა – უფასოდ რატომ იმუშავეთ, ჩვენ „სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ამ საქმისთვის რამდენიმე მილიონი გადმოვურიცხეთო“.
თენგიზ ქოქოლაძე ადასტურებს ლაშა წულუკიძის მონათხრობს, ოღონდ აზუსტებს, რომ „სოკარს“ ამაში არც ერთი თეთრი არ დაუხარჯია და სხვებმაც უფასოდ იმუშავეს. „ნადში რომ სთხოვოს კაცმა ერთი დღით მომეხმარეთ, ისეთი ამბავი იყო“, – აზუსტებს თენგიზ ქოქოლაძე.
თენგიზ ქოქოლაძის იურისტი, შალვა ფხალაძე კი კატეგორიულად არ ეთანხმება „აქტების საკითხს“. „ბევრი აქტი გვაქვს დაწერილი. ერთ-ერთს მოგაწვდით – ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ ისეთი ობიექტი, როცა ლაშას საპროექტომ და თამაზ ბედინაძის „აირმშენსერვისმა“ ყოველგვარი ნებართვის გარეშე აბონენტს შეუყვანეს გაზი. როცა ვკითხეთ, თუ რატომ მუშაობენ სემეკის მიერ დადგენილი წესების გვერდის ავლით, გვითხრეს, რომ ამ აბონენტთან შეხება არ აქვთ. აი, მსგავსი ფაქტების აღმოჩენის შემდეგ გაგვიჭირდა თანამშრომლობის გაგრძელება მაგ კომპანიებთან“.
შალვა ფხალაძემ „ბათუმელებს“ წარმოუდგინა დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ X აბონენტმა ნამდვილად გადაურიცხა „აირმშენსერვისსა“ და „პროექტსსერვისს“ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის თანხა, ჯამში 924,38 ლარი. X აბონენტს დღემდე არ ჩაურთეს ბუნებრივი აირი.
ამის მიუხედავად „სოკარი ჯორჯია გაზი აჭარას“ დირექტორი თენგიზ ქოქოლაძე განაწყენებულ კომპანიების წარმომადგენლებს თანამშრომლობას სთავაზობს, ოღონდ ინდივიდუალურად. თენგიზ ქოქოლაძე: „ლაშას და სხვებსაც მაშინაც შევთავაზე, რასაც გიხდიან პროექტირებაზე, იმ თანხით ჩვენთან იმუშავე-მეთქი. არა, ჩემი კომპანიით უნდა ვიმუშავოო. სემეკის დადგენილება არ გვაძლევს საშუალებას, რომ მაგათ მივცეთ ამის უფლება. ყველას შევხვდი და შევთავაზე თანამშრომლობა, დღესაც მზად ვართ“.
ლაშა წულუკიძე, თავის მხრივ, საზოგადოებას კიდევ ერთი დამატებითი უკანონო გადასახადის შესაძლო ამოქმედებაზე აფრთხილებს. ბათუმში მოქმედ ხუთ კომპანიას ამის შესახებ სემეკისთვისაც შეუტყობინებია. `სხვა კომპანიების მიერ დამონტაჟებულ სისტემაზე აღრიცხვის კვანძის (მრიცხველი თავისი ატრიბუტიკით) მოწყობის სანაცვლოდ… მუდმივად იღებენ [სოკარი] 43 ლარს“, – წერია სემეკისთვის გაგზავნილ განცხადებაში, რომელსაც ხელს ხუთი კომპანიის დირექტორი აწერს.
ლაშა წულუკიძე ამბობს, რომ დაახლოებით 1000 აბონენტისთვის აქვს „სოკარს“ 43 ლარი გამოძალული. მისი ინფორმაციით, მრიცხველის საფასურის ამოღებაზე „სოკარმა“ უარი მას შემდეგ თქვა, რაც კიდურებდაკარგულმა ომის მონაწილემ სემეკში იჩივლა.
თენგიზ ქოქოლაძე ამბობს, რომ „ამ მოსაკრებლის შემოღებას არ აპირებენ და თავის დროზეც სულ 2-3 ფაქტი იყო“.
„აღნიშნული კომისია ჯერ კიდევ ზაფხულში უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს საკითხი ორი თვის შემდეგაც არ განხილულა. არჩევნებამდე უმაღლეს საბჭოს მხოლოდ ერთი სხდომის ჩატარება შეუძლია, ამიტომ კომისიის საკითხი 19 სექტემბრის სხდომაზე აუცილებლად უნდა იქნეს გამოტანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომისიის დაკომპლექტება კიდევ რამდენიმე თვით გადაიწევს. საკითხი არ გამოიტანეს საშემოდგომო სხდომის გახსნის დროსაც, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ კომისიის ამოქმედებას ხელოვნურად აფერხებენ. კომისია აუცილებლად უნდა დაკომპლექტდეს და გამოიყოს კვოტები“ – აცხადებს პეტრე ზამბახიძე.
დეპუტატის აზრით, კომისიის წევრები კონკურსის წესით უნდა შეირჩეს: „ეს საკითხი ჯერ კიდევ უმაღლესი საბჭოს პირველივე სხდომაზე უნდა გადაწყვეტილიყო, რადგან ამას რეგლამენტი ითვალისწინებს. თუმცა იმის გამო, რომ ვერ ხერხდება საკადრო საკითხებზე შეთანხმება, ირღვევა რეგლამენტი. ეს პროცესი დაემსგავსა ასლან აბაშიძის დროინდელ სიტუაციას, როცა საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ ქაღალდზე ჰქონდა შექმნილი, მოსამართლეები კი დანიშნული არ ჰყავდა“. – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის მხრიდან გავრცელებას იწყებს ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებული ციკლონი და მასთან დაკავშირებული შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები.
დაკვირვების პუნქტები ბათუმის მიმდებარედ, სოფელ სახალვაშოსა და ჩაისუბანშია. ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასამდე მეცნიერი და უცხოელი ტურისტი ჩამოვიდა. მიმდინარე წელს კი სულ 1000-მდე უცხოელს უმასპინძლეს, რომლებიც ფრინველებზე დაკვირვებით იყვნენ დაინტერესებულნი.
წლევანდელი ფესტივალის მხარდამჭერი და ორგანიზატორი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია. დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით ტურიზმის ამ სახეობის განვითარება რეგიონისათვის მნიშვნელოვანია. ფრინველების ფესტივალი პირველად 2012 წელს ჩატარდა. წელს ფესტივალი გაიმართება კრაზანაჭამიას მიგრაციის კულმინაციის პერიოდში, როცა დღიურად 170 000-ზე მეტი კრაზანაჭამიას დაფიქსირებაა შესაძლებელი. გადამფრენი ფრინველების მიგრირების სეზონი 17 აგვისტოს დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაცია მიმდინარეობს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2014 წლის მიზნობრივი პროგრამების ბიუჯეტი 6 789 300 ლარით განისაზღვრება. აქედან ჯანდაცვის პროგრამისთვის განკუთვნილია 5 173 700 ლარი, სოციალური დაცვის პროგრამისთვის 943 100 ლარი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამა 529 500 ლარს მიიღებს, ხოლო დასაქმების სააგენტოს პროგრამა 143 000 ლარს.
პრეზენტაციაზე მოხსენებით გამოდიან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, მისი პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მარო ჩხაიძე.
სამინისტროს 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტი 6 073 970 ლარია, აქედან 5 362 180 ლარი გამოყოფილია ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე, ხოლო 403 890 ლარი სოციალური დაცვის პროგრამებზე ნაწილდება. დასაქმების სააგენტოს ბიუჯეტი 48 000 ლარი აქვს.
პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორის წევრები ესწრებიან.
კვლევა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. მასში მოცემულია ბიუჯეტის ხარჯები, საჯარო მოხელეთა ხელფასები, პრემიები, მუნიციპალიტეტის ორგანოების ხარჯი და პროგრამული პრიორიტეტები.
ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის პროგრამების ნაწილს დადებითად აფასებს, ნაწილი კი საეჭვოდ და ხარჯები პროგრამის მიზანთან შედარებით არაადეკვატურად მიაჩნია:
„40 ათასზე მეტი ლარია დახარჯული „უმწეო გარდაცვლილის ოჯახებზე ერთჯერადი დახმარების პროგრამისთვის“. ჩვენი ძირითადი რეკომენდაცია არის მთავრობამ სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები, რადგან ყოველწლიურად ერთი და იგივე პროგრამის განხორციელება არ არის საჭირო . იქნებ მართლაც მიზნობრივია არსებული პროგრამები, მაგრამ ეს უნდა დაასაბუთოს მმართველმა ორგანომ. ბიუჯეტით გათვალისწინებულ არც ერთ პროექტს არ ახლავს ფინანსური საჭიროების დასაბუთება“ – ამბობს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.
კვლევის თანახმად 2012 წელს საკრებულოს საჯარო მოხელეებზე პრემიის სახით გაცემულია 116 ათას 770 ლარი. არჩილ კაიკაციშვილი გარდა პრემიებისა, კიდევ რამდენიმე პრობლემაზე, კერძოდ სატენდერო გარემოსა და ბიუჯეტის დაგეგმარებაში მოსახლეობის ჩაურთველობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მარტო საკრებულოს თავმჯდომარეს 12 ათას ლარზე მეტი პრემია აქვს მიღებული. ტენდერები დახურულია. ტენდერში გამარჯვებული არც ერთი კომპანიის შესახებ ინფორმაცია არ დევს. ჩვენ გვაინტერესებს, არის თუ არა მონოპოლისტური კომპანიები ამ ტენდერებში და სად იხარჯება თანხა. ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. არამარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ადგილობრი მოსახლეობა უფლებამოსილია იცოდეს მის მიერ გადახდილი მოსაკრებლით რას აკეთებს თვითმმართველობა“.
კვლევა, რომელსაც „გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება – 2012“ ეწოდება, ორგანიზაციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტს გადაუგზავნა. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას ეს კვლევა არ მიუღია და შესაბამისად ვერაფერს იტყვის.
დღეს დილით ქედის საკრებულოში სხდომა 12-დან ხუთმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა, მათი პროტესტის მიზეზი საკრებულოს თავჯდომარის, ბადრი დიასამიძის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.
სხდომა 12 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა საკრებულოს თავჯმდომარემ სხდომა არ დაიწყო. მისი განცხადებით, საკრებულო ტელევიზიას უნდა დალოდებოდა. რათა გაშუქებულიყო, რომ ქვორუმი შედგა. დეპუტატები ნახევარ საათს ელოდნენ ტელევიზიას.
ტელევიზიის მოსვლის შემდეგ კი, სხდომის დაწყებამდე დეპუტატმა ზეინაბ წულუკიძემ განაცხადა, რომ სხდომას ტოვებდნენ პროტესტის ნიშნად. სხდომა ავტომატიურად ჩაიშალა.
დეპუტატები ზეინაბ წულუკიძე, ინგა ბერიძე, რამაზ ბალაძე, გურამ ქობულაძე და შოთა სამნიძე, მოითხოვენ, რომ სხდომა წაიყვანოს ბადრი დიასამიძემ. „ბათუმელების“ ინფორმაციით საკრებულოს თავმჯდომარე შვებულებიდან გუშინ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მან ჯამრთელობის გაუარესების გამო, შვებულება 20 სექტემბრამდე აიღო.
საარჩევნო კოდექსის #49 მუხლი არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ისეთი პროექტების განხორციელებას კრძალავდა, რაც სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტში მანამდე არ იყო გათვალისწინებული. იკრძალებოდა ასევე არჩევნებამდე გათვალისწინებული საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების ზრდა. საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ამ მუხლში ჩანაწერი: „არჩევნების დანიშვნის დღიდან,“ ჩანაწერით – „არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით“ შეცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალვა საბიუჯეტო ცვლილებებზე მხოლოდ არჩევნების დღემდე დარჩენილი ორი თვის ვადაზე გავრცელდება.
„აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა მაშინ, როდესაც ცვლილება საარჩევნო კოდექსში მიღებული არ იყო. ამიტომ მასზე უკუძალა ვერ გავრცელდება. მან მაინც დაარღვია კანონი. ჩვენ ასე მივიჩნევთ და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით.“ – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე.
სასამართლო კი საქმის განხილვას არ ჩქარობს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საიას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საიას იურისტი ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომლის ინფორმაციითაც მოსამართლე ერთი თვით შვებულებაში გადის, რის გამოც საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყება.
საიაში მიიჩვევენ, რომ „თუ სასამართლო საქმის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადას გამოიყენებს, მას იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ წინამდებარე დავის განხილვის ვადა 5 თვემდე გაზარდოს.“
საიამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 30 ივლისს წარადგინა: „ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვის შეჩერება.“
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შეტანილი იმ ცვლილებების თანახმად, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები `საქართველოს იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ აპროტესტებენ სპეციალური ტრანსფერი 13 მილიონ 555 ათასი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდება.
უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვი არც საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ეპარებოდათ: „საარჩევნო კოდექსში არ არის მითითებული აჭარის ბიუჯეტზე, იქ მხოლოდ თვითმმართველობების ბიუჯეტებზეა საუბარი“ – ასე ახსნა უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა გადაწყვეტილების კანონიერება. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს: `მით უმეტეს მაშინ, როცა კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა.“
კითხვაზე, წინასაარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო ცვლილებების აკრძალვაზე ვადების შემცირება ხომ არ შეუშლის ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას ხელს, საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი ვახტანგ ხმალაძე პასუხობს: „კოდექსში წერია, რომ არჩევნების თარიღი უნდა გამოცხადდეს ამ დღემდე არაუგვიანეს სამოცი დღისა. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება დაინიშნოს სამოცი დღით ადრეც და ასოთხმოცი დღით ადრეც, ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუკი საბიუჯეტო ცვლილებების აკრძალვა მიებმება არჩევნების დანიშვნის თარიღს, მაშინ შეიძლება ხელისუფლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში როდესაც ვერაფერს გააკეთებს.
მაგალითად, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა შიდა მუნიციპალურ გზებზე ასფალტის დასაგებად, ის დამტკიცებულია. წლის განმავლობაში მზადდება პროექტები ამ გზებთან დაკავშირებით, რომლის კვალობაზეც ხდება გზებთან დაკავშირებული თანხების გადანაწილება უკვე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, ამ გზის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. ეს ფული უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ მან გამოაცხადოს ტენდერი და გზა გაიყვანოს. ამაზეა საუბარი, ახალი პროექტების დამატების აკრძალვა კი წინასაარჩევნო პერიოდში ძალაში რჩება.“
იურისტი ნინო რიჟამაძე კი მიიჩნევს, რომ „როცა არის შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტი მიიმართოს ხალხის გულის მოსაგებად, ეს თავისთავად არაჯანსაღი პროცესია.“
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილი უარს ამბობს დებატებში მონაწილეობა მიიღოს გიორგი კირთაძესთან, ბათუმის საკრებულოს წევრთან და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან. სწორედ ამიტომ, დღეს, 3 სექტემბერს, სტუდენტების მიერ დაგეგმილი გადაცემა თემაზე – „ბათუმობა 2013“, ვეღარ გავა ეთერში.
ბათუმობის ღონისძიებისთვის მერიის ბიუჯეტიდან 250 ათასი ლარი დაიხარჯა. სტუმრების ნაწილის ბინადრობისა და მგზავრობის ხარჯებიც მერიამ დააფინანსა; ასლან აბაშიძის ვაჟი, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი აბაშიძე, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენები – დავიდოვები, შალვა ბრეუსი, რუსეთის უშიშროების პოლკოვნიკი ოთარ არშბა – ეს იმ პირთა არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ბათუმობასთან“ დაკავშირებით ორგანიზატორებმა შეტყობინება გაუგზავნეს.
გასულ, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი ყრილობა და სახალხო დღესასწაული ბათუმობა ერთდროულად გაიმართა.
გადაცემის მომზადება დაგეგმილი იყო „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პიპულარიზაცია“.
პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (ამერიკული ორგანიზაციის NED) მხარდაჭერით.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რ.ბ. 31 აგვისტოს ცხინვალიდან შემოიყვანეს. „იქედან დაურეკეს და ბიჭი ადმინისტრაციულ საზღვარზე პოლიციამ გადმოიყვანა, მერე საქმეში ჩაერთო ოჯახი. ახლა ის საკუთარ სახლშია, ბათუმში“, – „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ამ ინფორმაციას შს სამინისტროში ნაწილობრივ ადასტურებენ:
„დიახ, ის უკვე თავის სახლშია, მაგრამ არსაიდან არ შემოსულა და არსაიდან არ გასულა… ეს ბიჭი გატაცებული არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მონასტერში იმყოფებოდა, ვერ დაგიკონკრეტებთ რომელში. პოლიციამ იპოვა ბიჭი, შეატყობინა თავის მშობლებს და მშობლებმა წაიყვანეს სახლში. ოჯახს არ სურს ამ თემაზე საუბარი“.
აპრილში გაუჩინარებული ახალგაზრდა თბილისში,ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უნივერსიტეტში სწავლობს. ის სწორედ თბილისიდან გაუჩინარდა.
ოთარ ლაზაშვილი
პოლიცია ეძებს კიდევ ერთ 22 წლის ბიჭს – ოთარ ლაზაშვილის. ის 15 მაისს დუშეთის რაიონში დაიკარგა. ოთარ ლაზაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. მას დუშეთის რაიონის სოფელ კორშასთან საძოვრებზე საკუთარი ცხვარი ჰყავდა წაყვანილი. 15 მაისს ის კორშადან რამდენიმე დღით სახლში გაემგზავრა, მისი კვალი სწორედ ამ დროს დაიკარგა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მაშველები დაკარგულს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს.
„მკვდარი მაინც ხომ უნდა იპოვნონ? გამომძიებელმა მითხრა, ჩვენ ვერავის ვერ ვაწამებთ და ჩვენებას ძალით ვერ წავართმევთო. იმის მიუხედავად, რომ გამწარებული დედა ვარ და შვილს ვერ ვპოულობ, ვინმეს წამების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. პროფესიონალი გამომძიებლები არ ჰყავთ? ჩართონ საქმეში კვალიფიციური ხალხი და შვილი მაპოვნინონ, მკვდარი მაინც“, – განუცხადა გასულ კვირას გაუჩინარებულის დედამ, მარიამ ლაზაშვილმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
შს სამინისტროს ცნობით, ოთარ ლაზიშვილი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და მისი ძებნა ისევ გრძელდება.
დარეჯან დიასამიძე
არავითარი ახალი ინფორმაცია არ არსებობს 8 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენიდან გაუჩინარებულ დარეჯან დიასამიძის შესახებ. 17 წლის დარეჯან დიასამიძე 8 აგვისტოს დილის 10 საათის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ის ბიძის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებობდა. ამ ორ სახლს შორის მანძილი – დაახლოებით ერთი კილომეტრი, მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთია. დარეჯან დიასამიძე ახალშენის საჯარო სკოლის მე-12-კლასელია.
„2012-2013 – წლებში რამდენი ადამიანი გამოცხადდა დაკარგულად, რა ასაკის ადამიანები გაუჩინარდნენ, რამდენი გაუჩინარებული არის ნაპოვნი, დაბრუნებული, თუ გარდაცვლილი“, – ამ წერილით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს 13 აგვისტოს მიმართა. კანონის მიხედვით, ეს უწყება ვალდებულია 10 დღის ვადაში გასცეს ინფორმაცია. თუმცა, შს სამინისტროში კანონი ამჯერადაც დაარღვიეს – დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
„სახურავი პროექტში სხვა ფერია და ახლა რაცაა, ის სხვა ფერია. მივეცით გაფრთხილება და 10 ათასი ლარით დავაჯარიმეთ. იყო კიდევ წვრილმანები, 6 თვე აქვთ ვადა, რომ ხარვეზი გამოასწორონ და მერე ჩავიბარებთ შენობას,“ – აცხადებს ბიძინა აფხაზავა.
მისივე თქმით, თოჯინების თეატრის სახურავის ფერი, რომელიც ამჟამად შინდისფერია, პროექტის მიხედვით ვერცხლისფერი უნდა იყოს. კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს ხარვეზის გამოსწორება, ბიძინა აფხაზავა პასუხობს: „ახადონ, ან ფერი შეცვალონ“.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნებართვა 2012 წლის 27 თებერვალს გაიცა. სამუშაოები 2012 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო. ძეგლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს „თაკევ ინშაათი“ აწარმოებს.
ლევან ლორთქიფანიძე შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საპატრულო კატარღა „ივერიის“ ბორტის წამყვან სპეციალისტად (უფროსი მექანიკოსი) 2009 წელს დაინიშნა. ის ამბობს, რომ ამ სამსახურში 15 წელი აქვს გატარებული და არავისთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია: „პირველ ივლისს მთლიანი სამსახური შემოწმდა მინისტრის ბრძანებით. ჩემთან დაფიქსირდა ნარკოტიკი, სხვებთან რა ხდება არ ვიცი, არ მიკითხავს“.
ლევან ლორთქიფანიძე დასძენს, რომ არ ეწევა, იშვიათად იღებს ალკოჰოლს და ნარკოტიკთან შეხებაც კი არ ჰქონია.
2 ივლისს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე არ დაინტერესებულა, ჰქონდა შეხება თუ არა ნარკოტიკთან ლევან ლორთქიფანიძეს, როდესაც მისი საქმე განიხილა. როგორც ლევან ლორთქიფანიძის ადვოკატი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის იურისტი, ჟანა ჩიქოვანი ამბობს, „მოსამართლემ ყოველგვარი დამატებითი შესწავლის გარეშე დააკისრა ლევან ლორთქიფანიძეს 500-ლარიანი ჯარიმა. ლორთქიფანიძემ გადაიხადა ჯარიმა, რადგან ეს კანონით იყო სავალდებულო“.
ვიოლეტა ფორჩხიძის დადგენილების საფუძველზე ლევან ლორთქიფანიძე 5 ივლისს სამსახურიდან დაითხოვეს.
ადვოკატის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის გაცნობის შემდეგ, ლევან ლორთქიფანიძე სწორად მოიქცა – ბიომასალის დალუქვა მოითხოვა. შემდეგში კი იგივე საექსპერტიზო მასალა თბილისში გადააგზავნეს.
ჟანა ჩიქოვანი: „იმდენად იყო ბატონი ლევანი თავის თავში დარწმუნებული, რომ ჩვენ მოვითხოვეთ დალუქული ბიომასალა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის გადაეგზავნათ. იქედან მივიღეთ პასუხი, რომ `აღნიშნული ბიომასალა არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება სინთეზური კანაბინოიდს~, ანუ სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, განსხვავებით აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურისგან, სრულიად საპირისპირო რამ წერია“.
ლევან ლორთქიფანიძე თავისი უფლებებისთვის დავას სასამართლოში აგრძელებს. ერთ-ერთი ეპიზოდი – ვიოლეტა ფორჩხიძის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმა ქუთაისის სააპალაციო სასამართლო უკვე გააუქმა.
ლევან ლორთქიფანიძემ კიდევ ერთი სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა – ის სამსახურში დაბრუნებას ითხოვს.
რითი აიხსნება, რომ ერთი და იგივე ბიომასალაზე ორი ექსპერტი ორ განსხვავებულ დასკვნას გასცემს? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის იმ თანამშრომელს მიმართა, რომელმაც ლევან ლორთქიფანიძის ბიომასალის მიხედვით მოამზადა დასკვნა. ასმათ თავართქილაძე: „არ ვიცი იქ (სამხარაულის ბიუროში) რა მეთოდით ტარდება ექსპერტიზა. ჩვენთან ტესტები ჩვეულებრივ შემოწმდა და დაფიქსირდა დადებითი პასუხი. გამოსაკვლევი პირიც იქ იყო. ყველაფერი ნორმალურადაა ჩვენს სამსახურში, აღჭურვილობის თვალსაზრისით. ყველა შემთხვევაში ჩვენს მიმართ პრეტენზია არავის აქვს, ყველას ყველაფერს დაწვრილებით ვუხსნი“.
შეკითხვაზე, 2013 წლის განმავლობაში რამდენი პირის ნარკომანობაზე გასცა დასკვნა აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა, ასმათ თავართქილაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მის უშუალო ხელმძღვანელს, როლანდ გაბაიძეს უნდა ვკითხოთ.
როლანდ გაბაიძე თავის მხრივ უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე. „შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს მიმართეთ“, – ეს როლანდ გაბაიძის პასუხია ზემოთ აღნიშნულ კითხვაზე.
ელენატიტოვა: დედაჩემი, ლუდმილა ტიტოვა ბათუმის სპორტსკოლაში მუშაობს მწვრთნელად, პირველი ნაბიჯები მხატვრულ ტანვარჯიშში სწორედ მასთან გადავდგი. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც თბილისში გადავედი, იქაც ვვარჯიშობდი, თუმცა პროფესიონალურ დონეზე არ დავინტერესებულვარ. ბელა კობალაძემ შემამჩნია, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მასთან გადავედი სავარჯიშოდ და შემდეგ უკვე სხვაგვარად შევხედე ყველაფერს. პირველი წარმატებაც მალე მოვიდა. თანდათან ტურნირებსაც ვიგებდი, აჭარისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, დსთ-ს ქვეყნების ჩემპიონატის ფინალისტი, აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო თასზე ვიასპარეზე და მეხუთე ადგილი დავიკავე, სპორტის ოსტატი ვარ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვიყავი. სამწუხარო, ტრავმები სპორტში იშვიათი მოვლენა არაა და მეც ნაადრევად მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ფაქტობრივად, 17 წლისაც არ ვიყავი, არადა ეს ასაკი, როგორც იტყვიან, ტანმოვარჯიშისთვის იდეალური ასაკია.
–მწვრთნელობაროდისგადაწყვიტე?
– მე არც მიფიქრია მწვრთნლობაზე. ჩემი და, ეკატერინე, თავადაც სპორტსმენი იყო და საკმაოდ წარმატებული. ახლა ის მოსკოვში ცხოვრობს და კლუბ „დობრინიაში“ მწვრთნელად მუშაობს. ადრეც მეუბნებოდა მასთან დამეწყო მწვრთნელად მუშაობა, მაგრამ რამდენჯერაც არ ჩავედი, გულმა ბათუმისკენ გამომიწია, მენატრებოდა აქაურობა, სახლი, ახლობლები, დედა… საბოლოოდ გადავწყვიტე დავთანხმებოდი და გადავედი. არც ვნანობ, სიმართლე გითხრათ, აქ პერსპექტივა ვერ დავინახე და იმიტომ.
–პერსპექტივაშირასგულისხმობ?
– პირველ რიგში, სათანადო პირობების არქონას, ბავშვები შეჯიბრებებზე ვერ დადიან, მეორე ფაქტორი ისაა, რომ თავად ბავშვები არ არიან დაინტერესებულნი, თაობაც ისეთი მოდის, რომ უმეტესობა მხოლოდ გართობის მიზნით დადის. არც გაემტყუნებათ, პროფესიონალის კარიერაზე რომ იფიქრონ, სათანადო პირობები უნდა უნდა ჰქონდეთ. თბილისში არის რამდენიმე გოგონა, რომელთაც შეუძლიათ საერთაშორისო სარბიელზე წარმატების მიღწევა, მაგრამ ორი-სამი ადამიანი სპორტის ამ სახეობისთვის ძალიან ცოტაა, მითუმეტეს, თუ ტანვარჯიშის განვითარება გვინდა.
–მოსკოვშისაქმეროგორაა?
ელენა ტიტოვა (მარჯვნივ)
– იქ სულ სხვა სიტუაციაა. როგორც თითოეული კლუბის, ასევე თავად ფედერაციის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ მათმა მოსწავლეებმა რაც შეიძლება მაქსიმალური შედეგი აჩვენონ, ამიტომაცაა რომ რუსეთს სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ჩემს დასთან კლუბში ორი ბავშვი ვარჯიშობს, რომელიც რუსეთის ნაკრებში მიიწვიეს.
– სიმართლე გითხრათ, ნორმალური პირობები რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ბათუმში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არაა. იქ კი, როგორც გითხარით, პირობებიც ნორმალური მაქვს და ანაზღაურებაც. ასე რომ, ჩემი პასუხიც ესაა.
აკაკიცენტერაძე, საქართველოსახალგაზრდულინაკრებისმწვრთნელი: ერთობლივი შეკრების ჩატარება ჩვენი იდეა იყო. თავდაპირველად მხოლოდ ქართველი სპორტსმენებით ვაპირებდით შეკრებას, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ თურქულ მხარესთან კარგი კავშირები მქონდა. დავუკავშირდი ჩვენს მეზობლებს და ახლა უკვე ჩვენთან არიან. საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჩამოვიდა, რაც ძალიან წაადგება ჩვენს ბიჭებს.
–იქნებ, გაგვაცნოთვინარიან?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელია ილჰამ აშკანი, რომელიც სიხარულით დათანხმდა ჩვენს მოწვევას. ის თურქეთის ტაეკვონდოს ფედერაციის ტექნიკური დირექტორია. მწვრთნელი კი ჯენგიზ ანგინია, რომელიც ვეტერანებს შორის თურქეთის ჩემპიონი გახლავთ. კიდევ ერთი გოგონაა, რომელიც თურქეთის 18-გზის ჩემპიონია, გარდა ამისა, ის ახალგაზრდებს შორის 2004 წლის ევროპის ჩემპიონია, ასევე, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. მათ გარდა არიან იაქულ ემირჯი – 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი 21 წლამდელთა შორის და თურქეთის ორგზის ჩემპიონი; გექან ბუჰანი – ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი და თურქეთის სამგზის ჩემპიონი; ოზალფ ანგინი – თურქეთის სამგზის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული; აჰმედ აივაზი – თურქეთის ორგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 13 ჩამოსული სპორტსმენიდან 9 თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატია სხვადასხვა წონით კატეგორიაში. გარდა ამისა, ქობულეთში იმყოფებოდა მსოფლიო ტაეკვონდოს ფედერაციის საერთაშორისო კლასის არბიტრი ადნან ემიროღლუ, რომელმაც მოკლე სემინარი ჩაუტარა სპორტსმენებს ახალ წესებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, კარგი შეკრება გამოგვივა.
– ცვლილებები განხორციელდა. პირდაპირ გეტყვით, რომ დისციპლინის დარღვევის გამო ჩემი ორი სპორტსმენი სახლში დავტოვე და შეკრებაზე არ წამოვიყვანე. ამჯერად მხოლოდ ერთის, გურამ კუტუბიძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც 68 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს. ნაკრებში არიან და პორტუგალიაში წამოვლენ თორნიკე ქავთარაძე (59 კგ.), მერაბ შუკაკიძე (63 კგ.) და ნიკა ღონღაძე (73 კგ.).
–თქვენიპროგნოზი?
– ევროპის ჩემპიონატი დიდი ტურნირია. ჩვენი პროგრამა მინიმუმ საუკეთესო ათეულში მოხვედრაა, მაქსიმუმ კი – ორი საპრიზო ადგილის მოპოვება. ყველაფერი ტატამზე გამოჩნდება.
ასიფბაირამოვი: ბათუმში ჩამოსვლა გადაწყვეტილი გვქონდა. სპორტსკოლის დირექციას მოველაპარაკეთ და ბათუმელ სპორტსმენებთან ერთად ერთობლივი საწვრთნელი შეკრება გავიარეთ. ეს გოგონები ბაქოს „ნეფთჩის“ სპორტულ საზოგადოების წევრები არიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული საზოგადოებაა აზერბაიჯანში. ქვეყნის მასშტაბით 15 სპორტული კომპლექსი გვაქვს, სადაც სპორტის 40 სახეობის, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური წარმომადგენლები ვარჯიშობენ, 200 მწვრთნელი მუშაობს ჩვენთან და ყოველდღიური დასწრება 5 ათასს სპორტსმენს აღემატება. ბათუმში ორი მწვრთნელი ვიახლეთ, ნურხაჯან ასკეროვა და ნარგიზ ჯალილოვა. ორივე სპორტის ოსტატია, ნურხაჯანი აზერბაიჯანის დამსახურებული მწვრთნელი და რესპუბლიკის სამგზის ჩემპიონია მხატვრულ ტანვარჯიშში. ამ შეკრების შემდეგ, ბაქოში რესპუბლიკის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ნაკრების კანდიდატები შეირჩევიან. ბათუმში 10-11 წლის ასაკის 15 ბავშვი ჩამოვიყვანეთ. დღეში სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს.
–ბათუმელსპორტსმენებსროგორშეაფასებდით?
– თავად თქვენი მწვრთნელები ამბობენ, რომ კლასი ჩვენებს უფრო მაღალი აქვს და ეს გასაკვირი არცაა, იმიტომ რომ ჩვენთან სპორტი სახელმწიფო დონეზეა აყვანილი და მას დიდი ყურადღება ექცევა. ისე კი პერსპექტიული ბავშვები გყავთ და მინდა მათ წარმატება ვუსურვო, ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სპორტსკოლის დირექციას გულთბილი მიღებისათვის.
„აქამდე სახლში გამომყავდა ნერგი, წელს ნერგები შემოიტანეს, თქვეს, ავადმყოფობას უძლებს ეს ნერგებიაო. მეც ვიფიქრე, დავრგავ, რას წავაგებმეთქი. ვიყიდე პომიდვრის ნერგი, მაგრამ სანამ ნაყოფს გაიკეთებდა მანამდე გახმა მცენარე და დავრჩი მოსავლის გარეშე. ეს რომ მცოდნოდა, არ ვიყიდდი, მაგრამ ვინ იცოდა, მარტო ჩემთან კი არა, ყველგან გაფუჭდა პომიდორი, მეზობლებიც ამას ჩივიან“ – ამბობს ომარ ბოლქვაძე.
ქედელი ფერმერი ამირან დიასამიძე კი ნაყიდი ჰიბრიდული ჩითილებიდან მხოლოდ ბადრიჯნის მოსავლითაა კმაყოფილია. როგორც იგი ამბობს, პომიდორი ადრე გაფუჭდა, კიტრმა კი მცირე ზომის ნაყოფი მოისხა.
„ჩითილები ადგილზე, სოფელში შემოიტანეს, კიტრის, პომიდვრისა და ბადრიჯნის ჩითილები ვიყიდე, მართალია კიტრი ადრე მოვიდა, მაგრამ ისეთი კარგი ნაყოფი არ მოისხა, როგორსაც ადგილზე გამოყვანილი ნერგები იძლევა. პიკულები მოისხა, არც წონა აქვს და არც იყიდება, იაფია ასეთი ჯიშის კიტრის ფასი, ადგილზე გამოყვანილი კიტრი და პომიდორი ბაზარზე კარგად ფასობს, ქედის პომიდორს ყოველთვის მაღალი ფასი აქვს, მაგრამ ჩითილების შემხედვარე დარჩა ხალხი მოსავლის გარეშე“ – ამბობს ფერმერი.
ხულოს გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში, ნოდარ მიქელაძე ამბობს, რომ ჰიბრიდულმა ჯიშებმა ხულოში ზოგან გაამართლა, ზოგან – არა.
„სათბურში გამოყვანილ კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნისა და წიწაკის ჩითილს კლიმატთან შეგუების პრობლემა შეექმნა, ზოგ ადგილს შეეგუა, ზოგან ვერ დაიხარა, შესაბამისად, მოსავალიც ზოგან არის, ზოგან არა. მაგალითად მე ნაყიდი ჩითილიდან კარგი მოსავალი მივიღე და კმაყოფილიც ვარ, მაგრამ ჩემმა მეზობლებმა მოსავალი ვერ მიიღეს. ზოგადად ბარში მოყვანილი ჩითილს მთაში უჭირს, ადგილზე გამოყვანილი ჩითილი უფრო ამართლებს. აქვე მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი შხამ-ქიმიკატებია, რის გარეშეც ვერანაირ მოსავალს ვერ მიიღებ, რაც არ უნდა გამძლე ჰიბრიდი იყოს“ – ამბობს ნოდარ მიქელაძე.
პროგრამას წარმატებულად აფასებს შუახევის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ავთანდილ კაკალაძე. მისი თქმით ჩითილების პროგრამამ შუახევში გაამართლა და ამბობს, რომ ვიღაც უკმაყოფილო ყოველთვის იქნება.
„მოსახლეობა კმაყოფილია. გვინდა მომავალშიც განხორციელდეს პროგრამა, ჩითილმა გაამართლა. პომიდორი ადგილზე გამოყვანილიც გაფუჭდა, დაავადებებს ჰიბრიდული ჯიშები უფრო უძლებს, ვიდრე ადგილზე გამოყვანილი ნერგი. კიტრი საადრეო ჯიში იყო, ადრე მოვიდა და ხშირი მოსავალი მოგვცა, ვეგეტაციის მოკლე პერიოდი ჰქონდა და დაასრულა მოსავლის მიღება. პომიდორიც ნორმალურადაა, ბადრიჯანს კი არანაირი პრობლემა არ აქვს“ – ამბობს ავთანდილ კაკალაძე.
ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სოსო შერვაშიძის განცხადებით მოსახლეობამ ქედაში ნაყიდი ჩითილებიდან კიტრის, ბადრიჯნისა და წიწაკის კარგი მოსავალი მიიღო, პომიდორი კი ნაადრევად გაფუჭდა. იგი შესაბამისი პრეპარატების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს:
„იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, აუცილებელია აგრონომიული წესების დაცვა და შესაბამისი პრეპარატების გამოყენება. ჩვენი სამსახური მონიტორინგს აწარმოებს, მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ არ ხდება აგრონომიული წესების დაცვა, რაც მცენარეს ვნებს. პომიდორზე გამოვლენილი ავადმყოფობის გამოსაკვლევად დაავადებული მცენარე ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გავაგზავნეთ, პასუხს ველოდებით, რამ გამოიწვია მცენარის ნაადრევად განადგურება.“
სოსო შერვაშიძის თქმით მათი სამსახური შესაბამის რეკომენდაციებს უწევდა მოსახლეობას: „თუმცა მოსახლეობა არ გიჯერებს, შაბსა და კირს იყენებს, მედიცინა განვითარდა, ახალი პრეპარატებია, სოფელ ჯალაბაშვილებში მოსახლეობა ძირითადად პომიდორი გამოჰყავს, წელს კი 80% გაფუჭდა. ადგილობრივი მოსახლეობა წერილობით თხოვს ხელისუფლებას დახმარებას, აგროწესების დაუცველობამ გამოიწვია ნაყოფის გაფუჭება, ძირითადად ფტოტოქტოროზი ემართება მცენარეს, ყვითლდება, ავდდება და ხმება, ჯერ შემოტანილი გაფუჭდა და შემდეგ ადგილობრივი ჯიშის პომიდორი. კარგი მოსავალი მოგვცა წიწაკამ, თუმცა მწვანეა, არ წითლდება, მწვანე წიწაკა კი ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნადია“.
ქედელი აგრონომი ლევან ბერიძე ამბობს, რომ საჭიროა ჯიშების შეცვლა. მისი თქმით არსებული ჩითილებიდან მოწეული ნაყოფის საბაზრო ღირებულება ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით გაცილებით დაბალია: „მე მხოლოდ წიწაკის ჩითილი დავრგე, საუკეთესო მოსავალი მოგვცა კიტრის ჩითილმა, მაგრამ კიტრის ამ ჯიშის საბაზრო ღირებულება დაბალია, ნაკლები მყიდველი ჰყავს. ფერმერთა ჩითილებით მომარაგების პროგრამა აუცილებელია, მაგრამ საჭიროა ჯიშის შეცვლა, უნდა შემოიტანონ ის ჩითილები, რომლებსაც ექნება მაღალი კვებითი და საბაზრო ღირებულება. ადგილზე არსებული ჯიშები საუკეთესოა, ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი მოსახლეობიდან წაიღოს პომიდვრის კიტრის თესლი და იქედან იქნეს გამოყვანილი ჩითილი“ – აცხადებს ქედელი აგრონომი.
მიზნობრივი პროგრამის დაფინასებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 521 000 ლარი გამოიყო, რითაც 3 მილიონი ჩითილი იქნა გამოყვანილი.
სარეკონსტრუქციო სამუშაოები შ.პ.ს. „გზამ“ შეასრულა. ხელშეკრულების მიხედვით შ.პ.ს. „გზას“ სამშენებლო ვადა 25 ნოემბრამდე აქვს განსაზღვრული, თუმცა რეალურად სამუშაოები უკვე დასრულებულია.
შემოსავლების სამსახურის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ახლად დაგებულ ასფალტზე რამდენიმე მცირე მონაკვეთი დაზიანებულია.
„ბათუმელებმა“ ამის დამადასტურებელი ფოტოც აჩვენა შ.პ.ს „გზას“. კომპანიის ტექნიკური დირექტორი ალექსანდრე ბაღათურია განმარტავს, რომ: „სურათზე ნაჩვენები ასფალტის დაზიანება აშკარად გამოწვეულია JCB ტიპის ექსკავატორის წინა კოვშის დარტყმის გამო. ამას ადასტურებს დაზიანებული წერტილებს შორის მანძილი. შესაბამისად აქ არ დგას ასფალტის დაგების ხარისხის საკითხი და საქმე გვაქვს განზრახ ან დაუდევრობის გამო ასფალტის საფარის დაზიანებასთან, რომელიც გამოწვეულია მძიმე ტექნიკით“.
ნომერ 24 სამარშტო ტაქსის მძღოლი ჯუმბერ კოშორაძე კმაყოფილია ქუჩის განახლებით: „შემოვლითი გზებით დავდიოდით. ხალხი წვალობდა და ფეხით უხდებოდათ ქუჩებზე გადასვლა.“ მას ჯერჯერობით შეკეთებული ქუჩისთვის წუნი არ შეუმჩნევია. იგი ახლა ბათუმში გაუმართავსი გზის სხვა მონაკვეთზე წუხს:
„ავტოსადგურიდან ბონამდე გზა შესაკეთებელია, ბევრი იამებია, საცობია და ჭირს მოძრაობა, კარგი იქნება ეს მონაკვეთიც თუ გაკეთდება“ – ამბობს სამარშუტო ტაქსის მძღოლი.
მერიის პრესსამსახურის ცნობით ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციის ღირებულება 2 მლნ 349 ათას 500 ლარი დაჯდა.
„პროექტის ფარგლებში რეკონსტრუქციამ 1036 მეტრი გზის მონაკვეთი მოიცვა, რომელშიც ასევე შედის ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი დამაკავშირებელი ჩიხის გაკეთება. გამოიცვალა ასწლიანი საკანალიზაციო სისტემა, დამონტაჟდა განათება და ბორდიურები, გამოიცვალა ტროტუარის ფილები და დაიგო ასფალტი“, – ამბობენ მერიის პრესსამსახურში.
ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ ქუჩაზე გაკეთებულია ავტობუსის გაჩერების ნიშნულები, თუმცა არ არის დამონტაჟებული მოსაცდელები. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ერთი საინფორმაციო დაფის დადგმა 220 ლარამდე ჯდება, მოსაცდელების დამონტაჟება კი გაცილებით ძვირიო, ამბობს ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი გიორგი ლორია.
„იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმი წვიმიანი ქალაქია, რთულია ქუჩაში ათი წუთი დგომა, ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა მოსაცდელების გაკეთება, თუმცა ეს ქალაქის საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, გამოყოს თანხები და გამოაცხადოს ტენდერი“ – აცხადებს გიორგი ლორია.
გარდა იმისა, რომ ქუჩას რესტავრაცია ჩაუტარდა, გაკეთდა სავალი გზის გამყოფი ზოლიც, სადაც 64 პალმაა დარგული.
პალმებით გალამაზებული ქუჩა ასევე მოსწონს ფიროსმანზე მცხოვრებ ნინო თურმანიძესაც, თუმცა უფრო მეტის გაკეთების სურვილს გამოთქვამს, იგი ამბობს, რომ ეს ცვლილება არ ეხება იმ ოჯახებს, ვისი ოთახებიც ქუჩის მხარეს არ მდებარეობს:
„მოგვწონს ახალი სტილის გზა, ის რომ რაღაც კეთდება, მაგრამ ეს არის ქუჩის მხარე. ბინის იქით კი არ გვივარგა ეზო, არ გვაქვს ბავშვებისთვის გასართობი და დასაჯდომი ადგილი, რომ ჩახვიდე, დაჯდე და დაილაპარაკო. ახალი ასფალტი მხოლოდ კორპუსის შემოსასვლელთანაა დაგებული, შუაზეა გაჩერებული და იმის იქით არაფერი არ გაკეთებულა“,– ამბობს ნინო.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ეზოების ასფალტირება–კეთილმოწყობა სულ სხვა პროექტია და ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას არ ეხება:
„ფიროსმანის ქუჩის რეკონსტრუქციის ფარგლებში იქ მცხოვრებ მოსახლეობას რომ ეზოები და სკვერები მოუწესრიგო, ასე არ ხდება. იმიტომ, რომ რეკონსტრუქცია თავისი სახელშეკრულებო ნორმებით მიმდინარეობს და მისი დარღვევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და დასჯადია“ – განმარტავენ მერიაში.
ქედის საკრებულოში გასული კვირა დაძაბული იყო. 29 აგვისტოს დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ქედის ახალი გამგებლის ვინაობა უნდა გარკვეულიყო, საკრებულოს 19 დეპუტატიდან მხოლოდ 8 დეპუტატი გამოცხადდა. კვორუმის არარსებობის გამო სხდომა ერთი საათით გადაიდო, თუმცა კვორუმი ვერც ერთი საათის შემდეგ შედგა.
საკრებულოს სხდომის დაწყებას და გადაწყვეტილების მიღებას დილიდანვე ელოდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მოსული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მათი ჯგუფი კი პარალელურად ქედის 9 აპრილის პარკში აქციას მართავდა, ისინი ვაჟა ბოლქვაძის გადადგომას, გამგებლად დავით ანანიძის დანიშვნას მოითხოვდნენ და საკრებულოს მოუწოდებდნენ, გამგებლად დავით დუმბაძის კანდიდატურა არ წარედგინათ.
ქართული ოცნების მხარდამჭერთა აქცია ქედაში
სანამ ქედის საკრებულოში არსებულ მდგომარეობაში გარკვევასა და საკრებულოს წევრებთან დაკავშირებას ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებს შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი (ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე შვებულებაშია) ჯემალ შარაძე. მან „ოცნების აქტივისტებს“ არსებული მდგომარეობა გააცნო და ძალოვანებს მოუწოდა გაერკვიათ სიტუაცია, სად იმყოფებოდნენ დეპუტატები. მანვე აღნიშნა, რომ საკრებულოს წევრებს ვერ უკავშირდებოდა, რადგან მათი ტელეფონები გამორთული იყო.
რამდენიმე წუთში აქცია დაიშალა, თუმცა დაანონსებული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ისევ ჩაიშალა და 30 აგვისტოს, 12 საათისთვის გადაიდო.
რატომ არ შედგა კვორუმი? ქედის საკრებულოს დეპუტატებმა არც „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს უპასუხეს, თავისი პოზიცია მხოლოდ საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ დეპუტატმა გააჟღერა: „საკრებულოს პროტესტს ვუცხადებთ, როგორც დანიშნეს გამგებლად ვაჟა ბოლქვაძე, ისე გაათავისუფლონ“- განაცხადა ასლან შაქარაძემ.
30 აგვისტოს ქედის საკრებულოს სხდომათა დარბაზში დეპუტატთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა, სხდომაზე მხოლოდ 6 დეპუტატი მივიდა. საკრებულოს ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში შეიკრიბნენ დეპუტატები: გურამ ქობულაძე, როსტომ ბერიძე, ინგა ბერიძე, ზეინაბ წულუკიძე, ამირან დიასამიძე, შოთა ბერიძე და შორენა შერვაშიძე, თუმცა კომენტარის გაკეთება პრესასთან არც ერთმა მათგანმა არ ისურვა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ჯემალ შარაძის თქმით, ეს დეპუტატები გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავით დუმბაძის დანიშვნას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.
„მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი, მოქმედი გამგებლის წასვლის შემდეგ კონკურსს ვაცხადებ, მანამდე მოვალეობის შესრულებას გამგებლის მოადგილეს, ბადრი სურმანიძეს ვაკისრებ. მათი მოთხოვნაა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დავით დუმბაძე დაინიშნოს, დავით დუმბაძეს არ ვიცნობ, იმ ადამიანს, რომელსაც მუნიციპალიტეტთან შეხება არ ჰქონია, ვერ ვენდობი“ – უთხრა ჯემალ შარაძემ „ბათუმელებს“.
ამ დროისათვის ქედის გამგებლობის სამი სავარაუდო კანდიდატი სახელდება: დავით დუმბაძე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის ნათესავია, დავით ანანიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო საპარლამენტო არჩევნებზე და ბადრი სურმანიძე, რომელიც ქედის გამგებლის მოადგილეა 2009 წლიდან.
შედგება თუ არა კვორუმი დღეს, 2 სექტემბერს? საკრებულოში იმედოვნებენ, რომ შედგება და ქედის ახალი გამგებლის ვინაობაც გაირკვევა.
„ორშაბათს გამოვცხადდები და გამგებლის განცხადებას მხარს დავუჭერ. პარასკევს შეუძლოდ ვიყავი, ამიტომაც ვერ მივედი. ამ ეტაპზე გამგებლობის კანდიდატი არ არის, ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მოქმედი გამგებლის განცხადება წასვლის თაობაზე, რის შემდეგაც საკრებულოს თავმჯდომარე წარმოადგენს კანდიდატურას, ჩვენთვის თუ მისაღები იქნება კანდიდატი, მხარს დავუჭერთ“ – ამბობს ქედის საკრებულოს წევრი ამირან დიასამიძე „ბათუმელებთან”.
რაც შეეხება სტატიაზე მუშაობის დროს ჯერ ისევ მოქმედ გამგებელს, ვაჟა ბოლქვაძეს, მან განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნის შესახებ კვირის დასაწყისში დაწერა. იგი პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს და გამგებლის პოსტის დატოვების მიზეზად იმას ასახელებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბს უხელმძღვანელებს ქედაში: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალე იყო. ზეწოლას ჩემზე ვერ განახორციელებენ, იმიტომ, რომ მე ქედაში სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია. ამ ეტაპზე საარჩევნო შტაბში ვარ საჭირო და შტაბს ვუხელმძღვანელებ. რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებს, პოლიტიკური დატვირთვა არა მგონია იყოს, თითქმის 11 თვე ვიმუშავე“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.
იგი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების დაკმაყოფილებას ელის. „იმედია, ორშაბათს მიიღებს საკრებულო საბოლოო გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, კვორუმი შეიკრიბება“- უთხრა ვაჟა ბოლქვაძემ „ბათუმელებს”.
გიორგი ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის “მეგობრის ხმის” დამფუძნებელია. ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტია ვეტერინარიის დარგში, თან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, მიკრობიოლოგიაში იცავს ხარისხს.
“არასამთავრობო ორგანიზაციაში ჩვენი ენთუზიაზმის ხარჯზე, ყოველგვარი გრანტის გარეშე, ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ, ამ ეტაპზე, მაგალითად, სკოლებში დავდივართ და ვაკეთებთ პრეზენტაციებებს, ცნობიერებას ვუღრმავებთ ცხოველთა უფლებების შესახებ. მომავალ თაობას ვუნერგავთ ცხოველების სიყვარულს.” – ამბობს გიორგი.
დროის უმეტეს ნაწილს პაციენტებს უთმობს. “ძალიან კარგი პაციენტები მყავს, უანგაროდ იციან ცხოველებმა სიყვარული. მათთან ურთიერთობა ნამდვილად სასიამოვნოა ჩემთვის. ვეტერინარობა ბავშვობაში მიღებული გადაწყვეტილებაა, თუმცა არ ვიცი, ეს არჩევანი რატომ გავაკეთე, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ უნდა გავმხდარიყავი ცხოველების ექიმი” – იხსენებს გიორგი.
მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარია, სახლში ცხოველი არ ჰყავს. პატარა რომ იყო, სარდაფში მალავდა ფრინველებს და მაწანწალა ცხოველებს: “ჩემი სარდაფი იყო მათი თავშესაფარი, ვუვლიდი და ვაჭმევდი. ყოველდღიურად მაქვს შეხება ცხოველებთან, ამით სიყვარულს მათ მიმართ მაინც ვივსებ. ჩემი საყვარელი ცხოველი ძაღლია, რომელიც არის ერთგულების ეტალონი. თავისი იდუმალებით საოცრად მიზიდავენ კატებიც. ვფიქრობ, ცხოველის სახლში ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.”
ძაღლები განსაკუთრებით კი უყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს გადაწყვიტა სახლში შინშილა იყოლიოს: “შინშილა პატარა ცხოველია, ციყვს ჰგავს, არსებობს თეთრი და ნაცრისფერი, 20 წელს ცოცხლობს. შინშილები ადამიანებთან კარგად შედიან კონტაქტში, თუ შინშილას მიატოვებ, შეიძლება გული გაუსკდეს და მოკვდეს. სახლში ბევრნი ვართ, იმედია ჩვენთან არ მოიწყენს.”
როგორც ყველა ექიმს, გიორგისაც არ აქვს კონკრეტული გრაფიკი, თუმცა მეგობრებისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებს: “საღამოობით ვიკრიბებით მეგობრები და მივდივართ კაფეში, ვსაუბრობთ, ვსვამთ ყავას ან ალკოჰოლს, მუსიკას ვუსმენთ. ბათუმში სხვა რამის კეთება ძნელია, თუმცა მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი ზაფხულის გარდა, რადგან ზაფხულში ირღვევა ბათუმის მყუდროება. სასწავლებლად მინდა საზღვარგარეთ წასვლა, თუმცა უკან აუცილებლად დავბრუნდები, უბრალოდ არ შემიძლია ბათუმის გარეშე.”
გიორგი მეგობრებთან ერთად კინოჩვენებებსაც ხშირად აწყობს, ნაქირავებ ბინაში მეგობრებთან ერთად კინოსეანსები აქვთ, პროექტორის დახმარებით საყვარელ ფილმებს უყურებენ: `შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ფანტასტიკა მომწონს, ჩემი საყვარელი ფილმია “ბეჭდების მბრძანებელი”.
გარდა ფილმებისა, გიორგის განტვირთვის საუკეთესო საშუალება პოეზიაა, საყვარელი ავტორი – მურმან ლებანიძე: “სამწუხაროდ მე არ ვწერ, სხვის ლექსებს ვკითხულობ, დროის დეფიციტი რადგან მაქვს, რომანებს ვერ ვკითხულობ, მხოლოდ ლექსებს. პოეტებიდან ჩემთვის ყველაზე ახლო მურმან ლებანიძეა.”
გიორგი ამბობს, რომ გოგონებთან მიმართებაში აუცილებელ პირობად ცხოველების სიყვარული არ უდევს: “გოგო რომ მომეწონოს, ის აუცილებლად კარგად მოაზროვნე უნდა იყოს და განათლებული, თუ ადამიანი არის შეგნებული, მას აუცილებლად ეყვარება ცხოველებიც.”
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამა “მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა” გულისხმობს. არჩილ ხაბაძის განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს რეგიონში მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას და მეფუტკრეობის საკვები ბაზის ათვისებას, რომლის შედეგადაც გაიზრდება ფუტკრის პროდუქტების წარმოება, სამომხმარებლო ბაზარზე ადგილს დაიმკვიდრებს ეკოლოგიურად სუფთა თაფლის პროდუქტები, ასევე გაუმჯობესდება მეფუტკრეობით დასაქმებული მოსახლეობის შემოსავალი.
“მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის” პროგრამა ითვალისწინებს რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის და ბათუმის თვითმმართველობაში ფერმერებზე სკების გაცემას თანადაფინანსების პრინციპით (ღირებულების 40%-ის გადახდით) რაც შეადგენს ერთ სკაზე 82,40 თეთრს.
მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში შესყიდულია 960 პენოპოლისტირული სკა. პენოპოლისტირული სკას, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ფუტკრის ჩვეულებრივი ხის სკებისგან განსხვავებით აქვს ბევრი უპირატესობა, დამზადებულია მსუბუქი და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, უძლებს გარემო პირობების მკვეთრ ცვლილებებს, იცავს მწერებს ხმაურისგან. სკების წარმოება ხორციელდება ფინეთში, პოლონეთში, გერმანიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. პროგრამას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა “აგროინვესტი”.
ერეკლე გურგენიძე: ერთი წელია „ნიუ სთაილის“ მოდელი ვარ, ია ღონიაძის სააგენტოში. უკვე კარგა ხანია არა მარტო მოდელის, არამდე მასწავლებლის ფუნქციაც შევითავსე, ბიჭებს სიარულს ვასწავლი.
ერეკლე, როგორ აღმოჩნდი პოდიუმზე?
სრულიად შემთხვევით, სამოდელო სააგენტო „ნატალი“ სკოლებში არჩევდა ბავშვებს, ჩემდა გასაკვირად მეც ამარჩიეს, მანამდე ნამდვილად არ მიფიქრია მოდელობაზე, ინერტულად ვიყავი რაღაც განწყობილი, მაგრამ როცა ამარჩიეს, ვთქვი _ რატომაც არა, სადღაც ნახევარი წელი დავდიოდი სააგენტოში, მერე კი სააგენტოს შეექმნა პრობლემები და დაიხურა. ჩემი ოჯახის წევრები თავიდან ღიმილით შეხვდნენ ჩემს სურვილს, არასერიოზულად მიიღეს. მერე კი როცა ნახეს, რომ მართლა ვიყავი დაინტერესებული, ჩვეულებრივად მიიღეს. თავიდან მქონდა დისკომფორტის შეგრძნება, მრცხვენოდა კიდეც, საზოგადოების დამოკიდებულების გამო, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ სასირცხვილო არაფერი იყო, პირიქით, ვამაყობ კიდეც.
რატომ გახდა შენთვის საინტერესო მოდელის კარიერა?
მარტივი გზაა წარმატებისთვის, მარტივად ხდები ცნობადი სახე, მთავარი გარეგნობაა, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს.
როგორია მოდელის ცხოვრება ბათუმში?
ბათუმში არაფერი ხდება ისეთი, რომ განსაკუთრებული მიდგომები სჭირდებოდეს. ჩვენებები იშვიათად ეწყობა. შემოთავაზებები მქონდა თბილისიდან, მართალია იქ შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ წასვლა ვერ შევძელი, ჯერ ვსწავლობ. საქართველოში მოთხოვნა ამ სფეროში უფრო გოგონებზეა, თუმცა ძალიან ცოტა აღწევს წარმატებას, ბიჭებზე კი თითქმის არ არის, ბათუმში სულ 3–4 ბიჭი მოდელია.
„მისტერ აჭარის“ კონკურსზე მოგვიყევი…
“შერატონში” ჩვენებაზე ვიყავი, ფლაერები დაარიგეს, საიდანაც გავიგე ამ კონკურსის შესახებ, მომეწონა. საერთოდ ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ორგანიზებაში იყო დიდი პრობლემები. დაპირებული პრიზები თითქმის არ გაცემულა. თხუთმეტ საუკეთესოთა შორის მოვხვდი, „მისტერ ინტელექტუალის“ ტიტულიც მივიღე.
რამ განაპირობა შენი არჩევანი მომავალ პროფესიასთან მიმართებაში? _ ალბათ უფრო მამამ, მამაჩემიც არქიტექტორია, ბავშვობიდანვე ვხატავდი და ვხაზავდი. სამხატვრო სკოლა მაქვს დამთავრებული. არქიტექტორი პირველ რიგში არის ხელოვანი, რომელსაც აქვს თავისი სამყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მუზას მიჰყვეს. მირჩევნია დამოკიდებული არაფერზე ვიყო, საკუთარი თავის გარდა.
როგორი უნდა იყოს შენი წარმოდგენით ბათუმში არქიტექტურა?
ქუჩაში სეირნობისას პროექტებს ვხაზავ გონებაში. ვფიქრობ, სად რისი გაკეთება შეიძლება. რაღაც მომწონს, რაღაც _ არა. არქიტექტურაში მთავარია არ დაირღვეს შენობათა თანწყობა, ბათუმში კი ეს ხშირად ირღვევა. ფოსტის შენობის მიმართ რაღაცნაირი თბილი დამოკიდებულება მქონდა, დღეს კი მისგან ფასადია დარჩენილი, სადაც სასტუმრო უნდა ააშენონ, ეს ჩემთვის მტკივნეულია. რას შევცვლიდი ბათუმში? პირველ რიგში, მიდგომას შევცვლიდი არქიტექტურის და ურბანიზაციის მიმართ, როგორც ვიცი, ბათუმი ეკოლოგიურად თბილისზე და სხვა დიდ ქალაქებზე უფრო ბინძურია, ამიტომაც გამწვანებას დავუმატებდი ბათუმს, ეკოლოგიური პირობები მნიშვნელოვანია, ამ მხრივ განსაკუთრებულად უჭირს ძველ ბათუმს. ვფიქრობ, უმთავრესია შევინარჩუნოთ ის სიძველეები, რაც დაგვრჩა.
შენი მომავალი გეგმები სამოდელო სფეროს უკავშირდება თუ არქიტექტურას?
საზღვარგარეთ მინდა სასწავლებლად წასვლა, უფრო ევროპაში, სადაც სამოდელო სფეროც კარგადაა განვითარებული და წარმატების მოპოვების შანსიც მაქვს. მე ვფიქრობ, ნიჭს და შესაძლებლობებს ვერ გართმევს სხვა პროფესია, ალბათ არჩევანის გაკეთება არ მომიწევს. მოდელობა უფრო ადვილია, არქიტექტურა კი მთლიანად შენს უნარზეა დამოკიდებული, მით უფრო, რომ დიდია კონკურენცია. თავი რომ დაიმკვიდრო, რაღაც ღირებული უნდა შექმნა.
რა არის შენთვის განტვირთვის საშუალება?
მეგობრებთან ერთად ყოფნა. თუმცა წელს დავიწყე სიარული სამუსიკო სკოლაში, ყველა გაკვირვებულია, აქამდე სად იყავიო. ჩემი პედაგოგია ლია ჯაში, ვოკალის განხრით ვსწავლობ, ძალიან კმაყოფილი ვარ. აქამდე არ წამიმღერია, რომ შეემჩნიათ ჩემთვის ეს ნიჭი, ამიტომაც დამიგვიანდა. მშობლებს უბრალოდ არ ეგონათ, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა, მერე გაკვეთილზეც დამესწრნენ, მაშინ აღმოაჩინეს, რომ მაქვს ეს მონაცემებიც. ჩემი მუსიკით დაინტერესება ჯერჯერობით მხოლოდ გატაცებაა, ჰობი. მე ვფიქრობ, რომ რა შესაძლებლობაც გაქვს ცხოვრებაში, ყველაფერი უნდა გამოიყენო მაქსიმალურად.
საპირისპირო სქესის ყურადღებას ალბათ ხშირად გრძნობ, რა დამოკიდებულება გაქვს ამ საკითხისადმი?
კი ვგრძნობ, მაგრამ ცოტა მეუხერხულება, საერთოდ არ მომწონს, როცა მაქებენ, შინაგანად მორცხვი და კრიტიკული ვარ. თუმცა სხვებისთვის კომპლიმენტს არასოდეს ვიშურებ, შეიძლება ქუჩაში მომეწონოს გოგო და ვუთხრა, რომ საოცრად მშვენიერია. როგორი გოგოები მომწონს? წითურები :) ჩემი სიმაღლის გამო კი მირჩევნია მაღალი იყოს ჩემი პარტნიორი. მომწონს გულწრფელი ადამიანები, როცა ვინმესთან გაქვს ურთიერთობა, მთავარი ნდობაა, უნდა ვენდობოდე და უნდა მენდობოდეს.
ჩემპიონატში 14-17 წლამდე ასაკის სულ 109 მოზარდი მონაწილეობს. აჭარის წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ფანცხავას თქმით „შეჯიბრი მომავალში უფრო მაშტაბურ ფორმატს მიიღებს. მსგავსი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში და არა მარტო წყალბურთის განვითარებისთვის.“
ჩემპიონატი სამი დღის განმავლობაში იახტკლუბის ტერიტორიაზე გაიმართება. ჩემპიონატი მერიის დაფინანსებითა და აჭარის წყალბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. თამაშს დაესწრო ცნობილი წყალბურთელის შვილი, შალვა ბრეუსიც.
პეტრე ბრეუსის თასს გამარჯვებული გუნდი ბათუმობაზე, 1 სექტემბერს მიიღებს.
თავისი სახლის ეზოში სულხანმა დღეს გამოფენა, სახელად „ლაზიკა“ გამართა. სათამაშო მოედანზე საკუთარი ფანტაზიით რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის, ავტომობილების, ორი რესტორნის, ფეხბურთის სტადიონის, მაკეტით არაშენებული ქალაქი „ლაზიკა“ მოაწყო. ის ხუმრობით ამბობს, რომ სულხან შაქარაძემ ამით მიხეილ სააკაშვილს ოცნება აუსრულა.
„ბავშვების თხოვნით მოვაწყე ეს გამოფენა. მათ ინტერნეტის მეშვეობით ნახეს ჩემი ნამუშევრები და სურვილი გაუჩნდათ დღევანდელი გამოფენის ნახვის.“
ქალაქ ლაზიკის სულხან შაქარაძისეული მაკეტი ირგვლივ ყვავილებითაა მორთული. ცარცით დახატულ გზებზე მუყაოს მანქანები აწყვია. ერთ მხარეს მუყაოს რესტორანი, სახელად „მსოფლიო თანამეგობრობა“ დევს, მეორე მხარეს – „მარანი“, ცენტრში აღმართულია ფეხბურთის სტადიონი და წითელი ნაძვის ხე, მასთან ახლოს კი საქორწინო მანქანა. სულხანი მასზე აღფრთოვანებით საუბრობს და სურს, რომ ბულვარში ამ მანქანის სკულპტურა დაიდგას. სულხანი ამბობს, რომ ეს იდეა ბათუმის მერიასაც შესთავაზა, მაგრამ 2014 წლამდე გადაიდო მისი განხილვა.
პროფესიით ბუღალტერს სურს მთელი თავისი დრო და ენერგია მუყაოს ქმნილებებს მოახმაროს.
ამჟამად ის მუყაოს ყვავილების 80 დიზაინის შექმნაზე მუშაობს.
აკაკიცენტერაძე: პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციის პრესიდენტს სულხან ბაბუაძეს ნდობისათვის. კარგად მესმის, რას ნიშნავს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა და ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დამეკისრა. აქვე მინდა განვმარტო, რომ ამ ფაქტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სპორტის ამ სახეობის ბევრ წარმომადგენლებს შორის. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ ეს არის შანსი, რომელიც მომეცა იმისთვის, რომ საკუთარი თავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ამპლუაში წარმომეჩინა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ჩემი კანდიდატურა საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. პორტუგალიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება, დავრჩები მთავარ მწვრთნელად თუ არა. ეს უკვე ფედერაციის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა.
–როგორფიქრობ, გუნდიმზადგყავთ?
– ბიჭები მონდომებულები არიან და მაქსიმალურად ემზადებიან. სამწუხაროდ, ყველაზე ამას ვერ ვიტყვი და ვისაც ვგულისხმობ, კარგად მიხვდება. ერთი საწვრთნელი შეკრება უკვე გავიარეთ ქობულეთში, შემდეგ თბილისში გავმართეთ სატესტო სპარინგები, ამ ტურნირმა ნაკრების კანდიდატები წარმოაჩინა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მეორე შეკრების შემდეგ გადაწყდება, რომელიც 29 აგვისტოს ქობულეთში დაიწყება. თითოეული სპორტსმენის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ უკვე პირადად მათზეა დამოკიდებული ყველაფერი. დაიმსახურებენ ნაკრებში მოხვედრას – წავლენ ტურნირზე, არავინ დაიჩაგრება. ეგრეთ წოდებული „ლიუბიმჩიკების“ დრო დამთავრდა. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა სპორტსმენი ბათუმელი იქნება, თბილისელი, წყალტუბოელი თუ ქუთაისელი. დაიმსახურებს?! – მოხვდება ნაკრებში! არ დაიმსახურებს? – საკუთარ თავს დააბრალოს.
_ “ლიუბიმჩიკობამ” ეტყობათქვენცგაზარალათ..
– მარტო მე?! რამდენი სპორტსმენი დავზარალდით იმის გამო, რომ ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელობა მხოლოდ საკუთარ რჩეულებს ატარებდა ტურნირებზე! აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად იცის. ჩემს შემთხვევაში მსგავსი რამ გამორიცხულია. ჩემი მოსწავლეც რომ იყოს, თუ არ დაიმსახურებს და არ იქნება სათანადო ფორმაში, არ წავიყვან და მორჩა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემთვის მხოლოდ შიდა ტურნირზე ნაჩვენებ შედეგს არ ექნება მნიშვნელობა, ანუ შესაძლებელია სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ვარჯიშები გააცდინოს, უპასუხისმგებლოდ მიუდგეს საქმეს და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანს მე ნაკრებში არ ავიყვან. თუ სპორტსმენი ხარ, მარტო შედეგზე და საკუთარ თავზე კი არ უნდა ფიქრობდე, არამედ ქცევითაც უნდა იყო სხვისთვის მისაბაძი.
– საუბარია თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებზე. თურქეთის ერთ-ერთი რეგიონის ფედერაციის ხელმძღვანელობას შევუთანხმდით, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს შეკრებდა და საწვრთნელ შეკრებაზე ჩამოიყვანდა. დაახლოებით 15 სპორტსმენს ველოდებით. ეს შეკრება ორივე მხარეს ძალიან წაგვადგება. როგორც იცით, თურქეთს ტაეკვონდოს საკმაოდ კარგი სკოლა აქვს. ჰყავთ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.
–ნაკრებისკანდიდატებშიბათუმელებიცგანიხილებიან?
– ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ და მარტო იმას ვიტყვი, რომ ნაკრებში მხოლოდ ღირსეული მოხვდება.
–მოქმედისპორტსმენიხართ, ახლანაკრებიცჩაგაბარეს…
– გაინტერესებს ერთს მეორესთან როგორ შევათავსებ?! როცა საქმეს გულით მიუდგები, გამოგივა. როგორც სპორტსმენი, ბევრს ჩამოწერილი ვგონივარ, მაგრამ ასე იოლად დანებებას არ ვაპირებ. ახალგაზრდებთან ერთად შეკრებას ეროვნული ნაკრების კანდიდატებიც გავივლით. ოქტომბერში უკრაინაში A კლასის საერთაშორისო ტურნირი გველოდება, სადაც ევროპის უძლიერესი მებრძოლები მოიყრიან თავს. ჩვენს შესაძლებლობებსაც იქ გამოვავლენთ. დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა ჩემთვის ახალ ამპლუაში ყოფნა და ვეცდები გავამართლო.
სხდომის განახლებამდე უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან ჟურნალისტებს აუხსნა, თუ რატომ ეწინააღმდეგება სარაგბო სტადიონის მშენებლობის დაფინანსებას და დოკუმენტებიც წარადგინა.
„ბათუმის საკრებულომ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს მთავრობას გადასცა ტერიტორია იმისათვის, რომ მთავრობას ეს მიწა გადაეცა რაგბის კავშირისთვის სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. საქართველოს რაგბის კავშირი კი ფონდი „ქართუს“ დახმარებით ააშენებდა რაგბის მოედანს. თავის მხრივ აჭარის მთავრობამ საქართველოს რაგბის კავშირს თვითონაც გადასცა მიწა, რომელიც მის საკუთრებაში იყო. შემდეგ ეს ტერიტორია გაერთიანდა და რაგბის კავშირს სტადიონისათვის საჭირო ადგილი გამოეყო. ამის შემდეგ რაგბის კავშირმა ქალაქ ბათუმის მერიას წარუდგინა პროექტი და სთხოვა მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაცემულია 2012 წლის პირველ ივნისს. მშენებლობის დასრულების თარიღად მითითებულია 2014 წლის პირველი ივნისი. დამკვეთია საქართველოს რაგბის კავშირი, ხოლო პროექტის ავტორი შპს „ქართუ მენეჯმენტი“.
შეთანხმება იყო, რომ ფონდი „ქართუ“ გამოყოფდა თანხას, რაგბის კავშირი კი „ქართუ მენეჯმენტს“ დაუკვეთავდა სტადიონის აშენებას. ორივე შპს არის ბიძინა ივანიშვილის. ამის შემდეგ ირაკლი ჩავლეიშვილი ხდება რაგბის კავშირის ხელმძღვანელი და ის აგზავნის წერილს პრემიერთან.“
წერილში, რომელიც დღეს ჟურნალისტებს გიორგი კირთაძემ გააცნო, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიმართავს: „იმის გამო რომ მშენებლობის დაწყების პროცესში შეიქმნა ტექნიკური ხასიათის პრობლემები, კერძოდ საკანალიზაციო კოლექტორთან დაკავშირებით, აღნიშნული მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა.
მოგმართავთ თხოვნით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროგრამიდან გამოგვიყოთ 3 მილიონ 600 ათასი ლარი ბათუმში სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის და დააყენოთ საკითხი საქართველოს მთავრობის წინაშე, რათა აღნიშნული თანხით სამუშაოების წარმართვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის ფორმით- ერთ პირთან მოლაპარაკების წესით.“
ამას მოყვა პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის 2013 წლის 19 აგვისტოს განკარგულება #1083, რომლის თანამხმადაც საკრებულომ სარაგბო სტადიონის მშენებლობისათვის მოთხოვნილი თანხა მიიღო. პრემიერმა საკრებულოს თანხმობა მისცა სამუშაოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებითაც.
გიორგი კირთაძე კი აცხადებს, რომ ფონდ „ქართუს“ ჰქონდა ამ სტადიონის მშენებლობაზე ვალდებულება აღებული და ჯერ კიდევ არსებობს მშენებლობის ვადები, ამიტომ ამ კუთხით თანხის ხარჯვა ბიჯეტიდან „არ არის გამართლებული. გარდა ამისა, იმისათვის, რომ მერიამ მშენებლობა კანონიერად წამოიწყოს, ტერიტორია, რომელიც საქართველოს მთავრობაზეა გადაცემული, ჯერ ბათუმს უნდა დაუბრუნდეს. “
ირაკლი ჩავლეიშვილი
„მცირედი იურიდიული ნიუანსია, რაც დაიხვია ხელზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა. უახლოეს დღეებში ეს საკითხი იურიდიულად გაიმართება. გარწმუნებთ, რომ საკანონმდებლო ჩარჩოებში ჩავჯდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ დაველოდეთ „ქართუს“. მოგეხსენებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა მსგავს პროექტებს, მაგრამ ბათუმის სარაგბო სტადიონის მშენებლობა დროში ძალიან გაიწელა. იქ შეიქმნა კოლექტორის პრობლემა. შემდგომში რაც მოხდა ბანკ „ქართუსთან“ და ამ კომპანიებთან დაკავშირებით, ეს საზოგადოებამ იცის, ამიტომ ეს პროექტი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ბათუმში რაგბის განვითარების ხელშეწყობის საჭიროების გამო ეს პროექტი ვეღარ გაჩერდება. ჩვენი გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს და აქვს პერპეტივაც. საჭიროა ხელშეწყობა, ამიტომაც ჩამოირიცხა თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან სტადიონის მშენებლობის დასაფინანსებლად.“- განმარტავს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი.
დღეს საკრებულოს განახლებულ სხდომაზე იმ მოტივით, რომ პროგრამაში სტადიონის მშენებლობის ადგილი ვერ ჩაიწერებოდა „რადგან ტერიტორია, სადაც სტადიონი უნდა აშენებულიყო აღარ არის ბათუმის შემადგენლობაში“, ოპოზიციის მოთხოვნით, პროგრამა დღის წესრიგიდან, ასევე შესყიდვების დოკუმეტიდან ამოიღეს. თუმცა მხარი დაუჭირეს ბიუჯეტის დამტკიცებას, რომელშიც სარაგბო მოედნის მშენებლობის თანხაცაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში შემდგომში მის დამტკიცებას საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვა ხელს ვეღარ შეუშლის.
მოედნის მშენებლობისათვის ბათუმის ბიუჯეტმა 3 მილიონ 600 ათასი ლარი მიიღო.
განახლებულ სხდომაზე დასწრების გადაწყვეტილების მიზეზად გიორგი კირთაძემ, რომელმაც დილით სხდომა პროტესტის ნიშნად ფრაქციის წევრებთან ერთად დატოვა, „ბავშვთა ბაღების დაფინანსებისა და ბათუმობასთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების აუცილებლობა“ დაასახელა.
ირაკლი ჩავლეიშვილი კი ამტკიცებს, რომ „ისინი სხდომას დაესწრნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ქვორუმი მაინც შედგებოდა.“ განახლებულ სხდომას დამატებით კიდევ ორი წევრი შეემატა, რომლებიც დილით სხდომას არ ესწრებოდნენ. პირად საუბარში საკრებულოს წევრები იმასაც ამბობდნენ, რომ მათ შორის ერთ-ერთი, კობა ზაქარია „ქვორუმის შედგენისა და ბიუჯეტის დამტკიცების ხათრით“ ბათუმში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომიდან, სადაც ის სამსახურიდან იყო მივლინებული, საგანგებოდ ჩამოიყვანეს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, უნივერსიტეტში ამჟამად დაკავებულია 216 აკადემიური თანამდებობა. კონკურსის კრიტერიუმების დაკმაყოფილება ვერ შეძლო 83 აპლიკანტმა.
უნივერსიტეტის რექტორის, ალეკო ბაკურიძის განცხადებით, დარჩენილია 6 ვაკანტური ადგილი. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, თუ როდის გამოცხადდება კონკურსი ვაკანტური ადგილების დასაკავებლად.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის შედეგებს სასამართლოში დაახლოებით 30 აპლიკანტი ასაჩივრებს.
ბათუმის უნივერსიტეტში სულ 261 აკადემიური თანამდებობაა. აქედან უნივერსიტეტს კონკურსი გამოცხადებული ჰქონდა 222 თანამდებობაზე. კონკურსანტთა რაოდენობა კი 305 იყო.
ირაკლი ბარამიძე ცენტრალურ ხელისუფლებას რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვაში ადანაშაულებს:
„ეს არის ქვეყნისათვის ძალიან სახიფათო, დამანგრეველი ფაქტი. საქართველოს მთავრობამ ვერ შეასრულა მასზე დამოკიდებული მინიმალური პასუხისმგებლობა და ვერ დაიცვა ადამიანების კონსტიტუციური უფლება. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვაქცევდით მსგავს ფაქტებს, რადგან საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა.“ – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.
იგი თანადგომას უცხადებს ადიგენში მცხოვრებ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსა და თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ვითარება და დასაჯოს დამნაშავეები.
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის „ბათუმის მომავლისათვის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე კატეგორიულად ითხოვდა განმარტებას იმის თაობაზე, თუ რატომ გახდა ბათუმში რაგბის მოედნის მშენებლობის ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსება საჭირო, მაშინ როცა მის დაფინანსებას გასულ წელს ფონდი „ქართუ“ გეგმავდა. მან ამ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ შესყიდვის გამარტივებული „ერთ პირთან მოლაპარაკების“ წესის გამოყენებაც გააპროტესტა, რის შემდეგაც პროტესტის ნიშნად მან და მისმა მხარდამჭერებმა სხდომა დატოვეს.
იმ შემთხვევაში თუ ქვორუმისათვის საჭირო რაოდენობის საკრებულოს წევრები (მინიმუმ 13 წევრი) სხდომას არ დაესწრებიან, იმ ცვლილებების შეტანა ბიუჯეტში, რომლის დამტკიცებასაც საკრებულო დღეს გეგმავდა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პერიოდამდე გადაიწევს, რადგან ხვალიდან უკვე წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შეზღუდვა ამოქმედდება.
საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, გიორგი კირთაძეს სწორედ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე აქვს გათვლილი „სხდომის ჩაშლა, შესაბამისად ბიუჯეტის ჩავარდნა, რაც ქალაქს დააზარალებს.“
„ყოფილი გამგებელი შემოვიდა განცხადებით თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. პირად საუბარში მითხრა, რომ სხვა სამსახურს იწყებს ბათუმში. ამის უკან თუ რაიმე იმალება, ჩემთვის უცნობია. ადრეც ქონდა მას საუბარი ჩემთან, შეიძლება წავიდეო. სხვა განსაკუთრებული აქ არაფერი ყოფილა.“ – ასე აუხსნა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ იური აბაშიძემ „ბათუმელებს“ ყოფილი გამგებლის თენგიზ დავითაძის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი.
თენგიზ დავითაძემ საკრებულოს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე 22 აგვისტოს მიმართა. მეორე დღეს, 23 აგვისტოს საკრებულომ ახალი გამგებელი რიგგარეშე სხდომაზე აირჩია. სხდომას 18 დეპუტატი ესწრებოდა, წარდგენილმა კანდიდატმა ტარიელ ებრალიძემ ყველას მხარდაჭრა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მის განცხადებას საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის რვა წევრის „გამამაგრებელი“ წერილიც თან ახლდა.
ახალი გამგებელი ტარიელ ებრალიძე თანამდებობაზე მოსვლამდე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, ის ხიჭაურის უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ მუშაობს.
საკრებულოში „რაიმე ხელმოსაკიდი“ ვერც ხულოს გამგებლის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით შენიშნეს. გურამ ხოზრევანიძემ განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე იმავე დღეს 22 აგვისტოს, იმავე მიზეზით, „ბათუმში ახალ სამსახურში გადასვლის გამო,“ დაწერა. მისი ადგილი მეორე დღესვე გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ფინანსისტმა ბესიკ ბაუჩაძემ დაიკავა. ის სხდომაზე საკრებულოს სხდომაზე 22 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.
ერდროულად ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლის მოსვლის გადაწყვეტილებას ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე ასე ხსნის: „ხანდახან დამთხვევა ხდება.“
23 აგვისტოს ახალი გამგებლები აირჩიეს ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ ფარტენაძის ინფორმაციით, საკრებულოში ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორის ნადიმ ვარშანიძის გამგებლად დანიშვნაზე დიდი ხანია მსჯელობდნენ და ის ყველასთვის მოსაწონი კანდიდატურა იყო. მის დანიშვნასაც საკრებულომ კენჭი 23 აგვისტოს უყარა და სრული მხარდაჭერით დაამტკიცა. მანამდე კი ხელვაჩაურის საკრებულომ თანამდებობიდან ყოფილი გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე გაათავისუფლა. ცოტა ხნის წინ მას სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი. ორი კვირის წინ კი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
მას შემდეგ რაც სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა, თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა ქობულეთის გამგებელმა თენგიზ ზოიძემაც. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თენგიზ ზოიძეს სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით ედავებოდნენ. მისი ადგილი საკრებულოს გადაწყვეტილებით გიორგი რომანაძემ დაიკავა. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით „ახალი გამგებლების დანიშვნის გადაწყვეტილება დროში შემთხვევით დაემთხვა და სხვა რაიმე მიზეზი არ არსებობს.“
ქედის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა ბოლქვაძე კი ამტკიცებს, რომ შვებულებაში „ოჯახური პირობების გამო“ გავიდა. შვებულებაშია ქედის საკრებულოს თავმჯომარე ბადრი დიასამიძეც.
ლევან გობაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელი, ოთხი გამგებლის ერთ დღეში შეცვლის ფაქტის შემთხვევითობას ეჭვით უყურებს: „მოვლენათა ლოგიკას თუ მივყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოთხი საკრებულოს სხდომა გაიმართოს ერთდროულად და ოთხივეზე გატანილი იქნას საკითხი მუნიციპალიტეტების გამგებლების დანიშვნის შესახებ. ნაკლაბად სავარაუდო ასეთი დამთვევა მოხდეს, ეს უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ მითითებები გამგებლების დანიშვნაზე იყო ცენტრალიზებულად მოწოდებული, ალბათ თარიღიც და კანდიდატურებიც. მეტი ლოგიკური ახსნა ამ სიტუაციას, ვფიქრობ, არ გააჩნია. ჩემი აზრით დირექტივას ჰქონდა ადგილი და რადგან ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული გამგებლების გადარჩევაც მოხდა, მე ვფიქრობ, უფრო ცენტრალურ დირექტივას ჰქონდა ადგილი.“
„ ეს ნიშნავს, რომ ოთხივე თვითმმართველობის ორგანოში ერთი პოლიტიკის გატარებას აქვს ადგილი.“ – ამბობს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. „თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდნენ და ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. წარმოუდგენელია, რომ ყველამ ერთდროულად მოიფიქრა ახალი გამგებლის არჩევა. ის, რომ არჩევნების შემდგომ რაღაც ცვლილებები უნდა ყოფილიყო თვითმმართველობაში, ცხადია, მაგრამ როცა ცვლი გამგებელს, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი, რატომ მოხდა შეცვლა და ახლის დანიშვნა უნდა იყოს დასაბუთებული. ის, რომ ყოფილმა გამგებლებმა დაწერეს განცხადებები, არასტაბილურ და არასახარბიელო ვითარებაზე მიუთითებს. თუმცა ამ შემთხვევაში განცხადებების დაწერა რომ რაღაც ზეგავლენის გამო მოხდებოდა, ამის რისკები არის.“ – ამბობს ნათია აფხაზავა.
„შვებულებიდან სამსახურში დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ შემოიტანა, დავაბრუნე და დღეს მომმართა, გამათავისუფლეთო. განაცხადში წასვლის მიზეზი არ წერია, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალი გამგებელი არ დაინიშნება, მანამ, სანამ არ შეირჩევა კანდიდატი კონკურსის წესით. მოქმედი გამგებლის განცხადება წასვლის თაობაზე არ დამიკმაყოფილებია, თუმცა, თუ წავა, მოვალეობის შესრულებას სავარაუდოდ მოადგილეს დავაკისრებ“ – აცხადებს ჯემალ შარაძე.
მოქმედმა გამგებელმა ვაჟა ბოლქვაძემ შვებელება 22 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე აიღო. შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს ქედის გარდა, აჭარის ოთხივე მუნიციპალიტეტში შეიცვალნენ გამგებლები.
რა გახდა ვადამდე ადრე სამსახურში დაბრუნებისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნის მიზეზი, ამის გარკვევა გამგებელთან ვცადეთ, თუმცა ვაჟა ბოლქვაძის ტელეფონი გამორთულია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ვაჟა ბოლქვაძეძე ზეწოლა განხორციელდა, იმ შემთხვევაში თუ გამგებელი სამსახურში დაბრუნებასა და წავლაზე უარს იტყოდა ქედის გამგეობაში აუდიტის სამსახური შევიდოდა, რასაც რიგი საჯარო მოხელეების გათავისუფლება და დაკავება მოჰყვებოდა.
გამგებლის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადებას საკრებულო მომავალი კვირიდან გეგმავს.
ხალხის პარტიის აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე პრესკონფერენციას მართავს და ადიგენში ჩატარებულ სპეც-ოპერაციას ეხმაურება. თავართქილაძე გმობს სამართალდამცავების მხრიდან მსგავს მოქმედებას და ცენტრალურ ხელისუფლებას რელიგიური უმცირესობების უფლებების შელახვაში ადანაშაულებს.
„ჩემი აზრით, ეს არის ვანდალური ფაქტი, რომლის აღკვეთა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ მოახერხა. შესაძლებელია ამ ფაქტს უარესი გართულებები მოჰყვეს, როგორიცაა რელიგიური უმცირესობების დაპირისპირება ხელისუფლებასთან და დომინანტი აღმსარებლობების მატარებელ მოსახლეობასთან“, – აცხადებს თავართქილაძე.
ის თანადგომას უცხადებს ადიგენში მცხოვრებ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსა და თხოვნით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიოს ვითარება და დასაჯოს დამნაშავეები.
მარგინალები – ადამიანთა ერთობა, ამ თუ იმ სოციალური ჯგუფის ან ქვეჯგუფის წარმომადგენლები, რომელთა ცნობიერება, მოქმედება და სტატუსი ზღვარზე, შუალედურ მდგომარეობაში იმყოფება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მარგინალებმა არ იციან, როგორ მოხდეს მათი ადაპტირება რომელიმე სოციალურ ჯგუფთან ან კულტურასთან. ჩვეულებრივ მარგინალები ის ადამიანები არიან, რომლებიც მოწყვეტილი აღმოჩნდნენ წარსული სოციალურ-კულტურული სისტემიდან და ვერ შეძლეს ახალში – არსებულში ჩართვა, ამიტომაც მათი სტატუსი შუალედურ, გარდამავალ ხასიათს ატარებს და ერთგვაროვან თვითიდენტიფიკაციას არ ექვამდებარებიან (უცხო სიტყვათა ლექსიკონი).
დიანა დუმბაძე
მარგინალი – ტერმინი პირველად გამოიყენა რ. პარკმა 1982 წელს „კულტურული ჰიბრიდის“ აღსანიშნავად, რომელიც ორ განსხავევბული ჯგუფის ცხოვრების წესსა და ტრადიციებს მისდევს. სტიგმა შეიძლება იყოს ფიზიკური, სოციალური ან რასობრივი და ა.შ. სტიგმა და მარგინალობის პრობლემა დაკავშირებულია იდენტობასთან. იდენტობა, პასუხობს კითხვას თუ ვინა ვარ მე და გვაძლევს კონკრეტულ ადგილს კონკრეტულ სოციალურ გარემოში. თავის მხრივ საზოგადოება რთული ფენომენია, ამიტომაც პრობლემატურია თვითდამკვიდრება და ინტეგრაცია. ხშირია საზოგადოების მიღმა აღმოჩენა რელიგიური, ეთნიკური თუ სოციალური სტატუსის გამო. ამის თანმდევია გარკვეული იარლიყის მიწებება – მაგალითად, „ზანგი“, „იაღოველი“, „მათხოვარი“ და ა.შ.
ბოლო პერიოდის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ მოკლე ინტერვალში, ადგილობრივ დონეზე, რელიგიური კონფლიქტის არა ერთი კერა გაჩნდა და დომინანტი რელიგიური ჯგუფის მხრიდან რელიგიური უმცირესობის, განსაკუთრებით აჭარელი მუსლიმების შევიწროების შემთხვევებმა (სოფელი ნიგვზიანი, წინწყარო, ციხისძირის ინციდენტი) იმატა. ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის პირველი დაპირისპირება 24 მაისს მოხდა, როცა სალოცავად შეკრებილ მუსლიმურ თემს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რიტუალისთვის აუცილებელი ნივთები შენობიდან თვითნებურად გაიტანეს და აიძულეს დაეტოვებინათ სამლოცველო. ქცევის ნორმების მიხედვით, საზოგადოება ვალდებულია არ გამოჰყოს ადამიანები მათი აღმსარებლობის, სქესისაა და რასობრივი ნიშნის მიხედვით. მეტიც, ეს კონსტიტუციითაც გარანტირებულია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავის, მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ხოლო, მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია.
ამ გარემოებიდან გამომდინარე ჩნდება საფრთხე, რომელიც რელიგიური ჯგუფის, როგორც მარგინალის რაობაში მდგომარეობს. როგორც წესი, უმრავლესობისთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გამაღიზიანებელია განსხვავებული რეელიგისა და ეთნიკურობის მქონე ადამიანი. უმარავლესობა მათ თავიანთი კულტრურისათვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
ყოველი ინდივიდი ესწრაფვის თავისნაირს, იქმნება ადამიანთა გაერთიანებები საერთო ნიშნით, რამაც საზოგადოების დიფერენციაცია გამოიწვია. საზოგადოება რთული ფენომენია და მასთან დაკავშირებული თითოეული მოვლენა პრობლემატურია. ძნელია იქონიო პროგნოზი მოსალოდნელ საფრთხეებზე.
სტიგმატიზაცია ყველა დროში ნებისმიერი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი, სტერეოტიპებიდან შექმნილი ხელოვნური იარლიყია. სტიგმა მრავალგანზომილებიანი ცნებაა – შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური, იურიდიული, სოციალური.
ადვილად შეგვიძლია განვსაჯოთ და გავრიყოთ სხვა იმიტომ, რომ ის ჩვენ არ გვგავს, ან მისი რატომღაც გვეშინია, ან მას არ ვთვლით საზოგადოების ღირსეულ წევრად. სტიგმა შეიძლება განისაზღვროს, როგორც სოციალური დამღა, დადაღვა, რომელსაც პიროვნებას საზოგადოება ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ადებს; ასეთ ადამიანებს მით უფრო უგულებელყოფენ, რაც უფრო განსხვავდება მათი ყოფაქცევა ე.წ. „ნორმისაგან“.
უძლურების, მოცემულ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვის განცდა ამ ეპოქაში პრობლემატურია არაა, თუმცა არსებობს იმის საფრთხეც, რომ საზოგადოებაში დამკვიდრდდეს ახლებური სტიგმები თუ გაჩნდეს მარგინალი ჯგუფები.
დღეს ბათუმის ხელოვნების ცენტრში კლასიკური მუსიკისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
ქართველი მსმენელის წინაშე ბელორუსიის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრს სოლისტები წარსდგებიან. პროგრამაშია უვერტიურები და არიები მოცარტის, ვებერის, ჯაკომო პუჩინის, ბიზეს, ვერდის და ლეონკავალოს ოპერებიდან.
კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბათუმის საელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი.