კვირის ამბები

„მისტერ ინტელექტის“ მომავალი გეგმები

30.08.2013 • 1947
„მისტერ ინტელექტის“ მომავალი გეგმები

 

 

ერეკლე გურგენიძე: ერთი წელია „ნიუ სთაილის“ მოდელი ვარ, ია ღონიაძის სააგენტოში. უკვე კარგა ხანია არა მარტო მოდელის, არამდე მასწავლებლის ფუნქციაც შევითავსე, ბიჭებს სიარულს ვასწავლი.

 

 ერეკლე, როგორ აღმოჩნდი პოდიუმზე?

 

 სრულიად შემთხვევით, სამოდელო სააგენტო „ნატალი“ სკოლებში არჩევდა ბავშვებს, ჩემდა გასაკვირად მეც ამარჩიეს, მანამდე ნამდვილად არ მიფიქრია მოდელობაზე, ინერტულად ვიყავი რაღაც განწყობილი, მაგრამ როცა ამარჩიეს, ვთქვი _ რატომაც არა, სადღაც ნახევარი წელი დავდიოდი სააგენტოში, მერე კი სააგენტოს შეექმნა პრობლემები და დაიხურა. ჩემი ოჯახის წევრები თავიდან ღიმილით შეხვდნენ ჩემს სურვილს, არასერიოზულად მიიღეს. მერე კი როცა ნახეს, რომ მართლა ვიყავი დაინტერესებული, ჩვეულებრივად მიიღეს.
თავიდან მქონდა დისკომფორტის შეგრძნება, მრცხვენოდა კიდეც, საზოგადოების დამოკიდებულების გამო, როცა გავიზარდე, მივხვდი, რომ სასირცხვილო არაფერი იყო, პირიქით, ვამაყობ კიდეც.

 

 რატომ გახდა შენთვის საინტერესო მოდელის კარიერა?

 

 მარტივი გზაა წარმატებისთვის, მარტივად ხდები ცნობადი სახე, მთავარი გარეგნობაა, რომელიც ან გაქვს, ან არ გაქვს, განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს.

 

 როგორია მოდელის ცხოვრება ბათუმში?

 

ბათუმში არაფერი ხდება ისეთი, რომ განსაკუთრებული მიდგომები სჭირდებოდეს. ჩვენებები იშვიათად ეწყობა. შემოთავაზებები მქონდა თბილისიდან, მართალია იქ შედარებით უკეთესი სიტუაციაა, მაგრამ წასვლა ვერ შევძელი, ჯერ ვსწავლობ. საქართველოში მოთხოვნა ამ სფეროში უფრო გოგონებზეა, თუმცა ძალიან ცოტა აღწევს წარმატებას, ბიჭებზე კი თითქმის არ არის, ბათუმში სულ 3–4 ბიჭი მოდელია.

 

 „მისტერ აჭარის“ კონკურსზე მოგვიყევი…

 

 “შერატონში” ჩვენებაზე ვიყავი, ფლაერები დაარიგეს, საიდანაც გავიგე ამ კონკურსის შესახებ, მომეწონა. საერთოდ ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ორგანიზებაში იყო დიდი პრობლემები. დაპირებული პრიზები თითქმის არ გაცემულა. თხუთმეტ საუკეთესოთა შორის მოვხვდი, „მისტერ ინტელექტუალის“ ტიტულიც მივიღე.

 

 რამ განაპირობა შენი არჩევანი მომავალ პროფესიასთან მიმართებაში?
_ ალბათ უფრო მამამ, მამაჩემიც არქიტექტორია, ბავშვობიდანვე ვხატავდი და ვხაზავდი. სამხატვრო სკოლა მაქვს დამთავრებული. არქიტექტორი პირველ რიგში არის ხელოვანი, რომელსაც აქვს თავისი სამყარო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მუზას მიჰყვეს. მირჩევნია დამოკიდებული არაფერზე ვიყო, საკუთარი თავის გარდა.

 

 როგორი უნდა იყოს შენი წარმოდგენით ბათუმში არქიტექტურა?
 

 

ქუჩაში სეირნობისას პროექტებს ვხაზავ გონებაში. ვფიქრობ, სად რისი გაკეთება შეიძლება. რაღაც მომწონს, რაღაც _ არა. არქიტექტურაში მთავარია არ დაირღვეს შენობათა თანწყობა, ბათუმში კი ეს ხშირად ირღვევა. ფოსტის შენობის მიმართ რაღაცნაირი თბილი დამოკიდებულება მქონდა, დღეს კი მისგან ფასადია დარჩენილი, სადაც სასტუმრო უნდა ააშენონ, ეს ჩემთვის მტკივნეულია. რას შევცვლიდი ბათუმში? პირველ რიგში, მიდგომას შევცვლიდი არქიტექტურის და ურბანიზაციის მიმართ, როგორც ვიცი, ბათუმი ეკოლოგიურად თბილისზე და სხვა დიდ ქალაქებზე უფრო ბინძურია, ამიტომაც გამწვანებას დავუმატებდი ბათუმს, ეკოლოგიური პირობები მნიშვნელოვანია, ამ მხრივ განსაკუთრებულად უჭირს ძველ ბათუმს. ვფიქრობ, უმთავრესია შევინარჩუნოთ ის სიძველეები, რაც დაგვრჩა.

 

 შენი მომავალი გეგმები სამოდელო სფეროს უკავშირდება თუ არქიტექტურას?

 

 საზღვარგარეთ მინდა სასწავლებლად წასვლა, უფრო ევროპაში, სადაც სამოდელო სფეროც კარგადაა განვითარებული და წარმატების მოპოვების შანსიც მაქვს. მე ვფიქრობ, ნიჭს და შესაძლებლობებს ვერ გართმევს სხვა პროფესია, ალბათ არჩევანის გაკეთება არ მომიწევს. მოდელობა უფრო ადვილია, არქიტექტურა კი მთლიანად შენს უნარზეა დამოკიდებული, მით უფრო, რომ დიდია კონკურენცია. თავი რომ დაიმკვიდრო, რაღაც ღირებული უნდა შექმნა.

 

 რა არის შენთვის განტვირთვის საშუალება?

 

 მეგობრებთან ერთად ყოფნა. თუმცა წელს დავიწყე სიარული სამუსიკო სკოლაში, ყველა გაკვირვებულია, აქამდე სად იყავიო. ჩემი პედაგოგია ლია ჯაში, ვოკალის განხრით ვსწავლობ, ძალიან კმაყოფილი ვარ. აქამდე არ წამიმღერია, რომ შეემჩნიათ ჩემთვის ეს ნიჭი, ამიტომაც დამიგვიანდა. მშობლებს უბრალოდ არ ეგონათ, რომ სიმღერის ნიჭი მქონდა, მერე გაკვეთილზეც დამესწრნენ, მაშინ აღმოაჩინეს, რომ მაქვს ეს მონაცემებიც. ჩემი მუსიკით დაინტერესება ჯერჯერობით მხოლოდ გატაცებაა, ჰობი. მე ვფიქრობ, რომ რა შესაძლებლობაც გაქვს ცხოვრებაში, ყველაფერი უნდა გამოიყენო მაქსიმალურად.

 

 საპირისპირო სქესის ყურადღებას ალბათ ხშირად გრძნობ, რა დამოკიდებულება გაქვს ამ საკითხისადმი?

 

 კი ვგრძნობ, მაგრამ ცოტა მეუხერხულება, საერთოდ არ მომწონს, როცა მაქებენ, შინაგანად მორცხვი და კრიტიკული ვარ. თუმცა სხვებისთვის კომპლიმენტს არასოდეს ვიშურებ, შეიძლება ქუჩაში მომეწონოს გოგო და ვუთხრა, რომ საოცრად მშვენიერია.
როგორი გოგოები მომწონს? წითურები :) ჩემი სიმაღლის გამო კი მირჩევნია მაღალი იყოს ჩემი პარტნიორი. მომწონს გულწრფელი ადამიანები, როცა ვინმესთან გაქვს ურთიერთობა, მთავარი ნდობაა, უნდა ვენდობოდე და უნდა მენდობოდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: