სიახლეები

ხუთთეთრიანი ჩითილების მოსავალი – „პომიდორი გახმა, კიტრი კი მცირე ზომის მოვიდა“

02.09.2013 • 5240
ხუთთეთრიანი ჩითილების მოსავალი – „პომიდორი გახმა, კიტრი კი მცირე ზომის მოვიდა“

 

 

„აქამდე სახლში გამომყავდა ნერგი, წელს ნერგები შემოიტანეს, თქვეს, ავადმყოფობას უძლებს ეს ნერგებიაო. მეც ვიფიქრე, დავრგავ, რას წავაგებმეთქი. ვიყიდე პომიდვრის ნერგი, მაგრამ სანამ ნაყოფს გაიკეთებდა მანამდე გახმა მცენარე და დავრჩი მოსავლის გარეშე. ეს რომ მცოდნოდა, არ ვიყიდდი, მაგრამ ვინ იცოდა, მარტო ჩემთან კი არა, ყველგან გაფუჭდა პომიდორი, მეზობლებიც ამას ჩივიან“ – ამბობს ომარ ბოლქვაძე.

 

ქედელი ფერმერი ამირან დიასამიძე კი ნაყიდი ჰიბრიდული ჩითილებიდან მხოლოდ ბადრიჯნის მოსავლითაა კმაყოფილია. როგორც იგი ამბობს, პომიდორი ადრე გაფუჭდა, კიტრმა კი მცირე ზომის ნაყოფი მოისხა.

 

 

„ჩითილები ადგილზე, სოფელში შემოიტანეს, კიტრის, პომიდვრისა და ბადრიჯნის ჩითილები ვიყიდე, მართალია კიტრი ადრე მოვიდა, მაგრამ ისეთი კარგი ნაყოფი არ მოისხა, როგორსაც ადგილზე გამოყვანილი ნერგები იძლევა. პიკულები მოისხა, არც წონა აქვს და არც იყიდება, იაფია ასეთი ჯიშის კიტრის ფასი, ადგილზე გამოყვანილი კიტრი და პომიდორი ბაზარზე კარგად ფასობს, ქედის პომიდორს ყოველთვის მაღალი ფასი აქვს, მაგრამ ჩითილების შემხედვარე დარჩა ხალხი მოსავლის გარეშე“ – ამბობს ფერმერი.

 

 

ხულოს გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის დარგში, ნოდარ მიქელაძე ამბობს, რომ ჰიბრიდულმა ჯიშებმა ხულოში ზოგან გაამართლა, ზოგან – არა.

 

„სათბურში გამოყვანილ კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნისა და წიწაკის ჩითილს კლიმატთან შეგუების პრობლემა შეექმნა, ზოგ ადგილს შეეგუა, ზოგან ვერ დაიხარა, შესაბამისად, მოსავალიც ზოგან არის, ზოგან არა. მაგალითად მე ნაყიდი ჩითილიდან კარგი მოსავალი მივიღე და კმაყოფილიც ვარ, მაგრამ ჩემმა მეზობლებმა მოსავალი ვერ მიიღეს. ზოგადად ბარში მოყვანილი ჩითილს მთაში უჭირს, ადგილზე გამოყვანილი ჩითილი უფრო ამართლებს. აქვე მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი შხამ-ქიმიკატებია, რის გარეშეც ვერანაირ მოსავალს ვერ მიიღებ,  რაც არ უნდა გამძლე ჰიბრიდი იყოს“ –  ამბობს ნოდარ მიქელაძე.

 

 

პროგრამას წარმატებულად აფასებს შუახევის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ავთანდილ კაკალაძე. მისი თქმით ჩითილების პროგრამამ შუახევში გაამართლა და ამბობს, რომ ვიღაც უკმაყოფილო ყოველთვის იქნება.

 

 

„მოსახლეობა კმაყოფილია. გვინდა მომავალშიც განხორციელდეს პროგრამა, ჩითილმა გაამართლა. პომიდორი ადგილზე გამოყვანილიც გაფუჭდა, დაავადებებს ჰიბრიდული ჯიშები უფრო უძლებს, ვიდრე ადგილზე გამოყვანილი ნერგი. კიტრი საადრეო ჯიში იყო, ადრე მოვიდა და ხშირი მოსავალი მოგვცა, ვეგეტაციის მოკლე პერიოდი ჰქონდა და დაასრულა მოსავლის მიღება. პომიდორიც ნორმალურადაა, ბადრიჯანს კი არანაირი პრობლემა არ აქვს“ –  ამბობს ავთანდილ კაკალაძე.

 

 

ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი სოსო შერვაშიძის განცხადებით მოსახლეობამ ქედაში ნაყიდი ჩითილებიდან კიტრის, ბადრიჯნისა და წიწაკის კარგი მოსავალი მიიღო, პომიდორი კი ნაადრევად გაფუჭდა. იგი შესაბამისი პრეპარატების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს:

 

„იმისთვის, რომ კარგი მოსავალი მივიღოთ, აუცილებელია აგრონომიული წესების დაცვა და შესაბამისი პრეპარატების გამოყენება. ჩვენი სამსახური მონიტორინგს აწარმოებს, მონიტორინგიდან გამოიკვეთა, რომ არ ხდება აგრონომიული წესების დაცვა, რაც მცენარეს ვნებს. პომიდორზე გამოვლენილი ავადმყოფობის გამოსაკვლევად დაავადებული მცენარე ლაბორატორიაში გამოსაკვლევად გავაგზავნეთ, პასუხს ველოდებით, რამ გამოიწვია მცენარის ნაადრევად განადგურება.“

 

 

სოსო შერვაშიძის თქმით მათი სამსახური შესაბამის რეკომენდაციებს უწევდა მოსახლეობას: „თუმცა მოსახლეობა არ გიჯერებს, შაბსა და კირს იყენებს, მედიცინა განვითარდა, ახალი პრეპარატებია, სოფელ ჯალაბაშვილებში მოსახლეობა ძირითადად პომიდორი გამოჰყავს, წელს კი 80% გაფუჭდა. ადგილობრივი მოსახლეობა წერილობით თხოვს ხელისუფლებას დახმარებას, აგროწესების დაუცველობამ გამოიწვია ნაყოფის გაფუჭება, ძირითადად ფტოტოქტოროზი ემართება მცენარეს, ყვითლდება, ავდდება და ხმება, ჯერ შემოტანილი გაფუჭდა და შემდეგ ადგილობრივი ჯიშის პომიდორი. კარგი მოსავალი მოგვცა წიწაკამ, თუმცა მწვანეა, არ წითლდება, მწვანე წიწაკა კი ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნადია“.

 

 

ქედელი აგრონომი ლევან ბერიძე ამბობს, რომ საჭიროა ჯიშების შეცვლა. მისი თქმით არსებული ჩითილებიდან მოწეული ნაყოფის საბაზრო ღირებულება ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით გაცილებით დაბალია: „მე მხოლოდ წიწაკის ჩითილი დავრგე, საუკეთესო მოსავალი მოგვცა კიტრის ჩითილმა, მაგრამ კიტრის ამ ჯიშის საბაზრო ღირებულება დაბალია, ნაკლები მყიდველი ჰყავს. ფერმერთა  ჩითილებით  მომარაგების პროგრამა აუცილებელია, მაგრამ საჭიროა ჯიშის შეცვლა, უნდა შემოიტანონ ის ჩითილები, რომლებსაც ექნება მაღალი კვებითი და საბაზრო ღირებულება. ადგილზე არსებული ჯიშები საუკეთესოა, ჩვენი მოთხოვნაა ჩვენი მოსახლეობიდან წაიღოს პომიდვრის კიტრის თესლი და იქედან იქნეს გამოყვანილი ჩითილი“ – აცხადებს ქედელი აგრონომი.

 

 

მიზნობრივი პროგრამის დაფინასებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 521 000 ლარი გამოიყო, რითაც 3 მილიონი ჩითილი იქნა გამოყვანილი.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: