კვირის ამბები

ბიუჯეტი ხალხის გულის მოსაგებად და დავა სასამართლოში

03.09.2013 • 1181
ბიუჯეტი ხალხის გულის მოსაგებად და დავა სასამართლოში

 

 

საარჩევნო კოდექსის #49 მუხლი არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე ისეთი პროექტების განხორციელებას კრძალავდა, რაც სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტში მანამდე არ იყო გათვალისწინებული. იკრძალებოდა ასევე არჩევნებამდე გათვალისწინებული საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების ზრდა. საქართველოს პარლამენტმა  საარჩევნო კოდექსის ამ მუხლში ჩანაწერი:  „არჩევნების დანიშვნის დღიდან,“ ჩანაწერით –   „არჩევნების დღემდე  მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით“ შეცვალა. რაც იმას ნიშნავს, რომ აკრძალვა საბიუჯეტო ცვლილებებზე მხოლოდ არჩევნების დღემდე დარჩენილი ორი თვის ვადაზე გავრცელდება.

 

„აჭარის უმაღლესმა საბჭომ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა მაშინ, როდესაც  ცვლილება საარჩევნო კოდექსში მიღებული არ იყო. ამიტომ მასზე უკუძალა ვერ გავრცელდება. მან მაინც დაარღვია კანონი. ჩვენ ასე მივიჩნევთ და შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით.“ – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე. 

 

სასამართლო კი საქმის განხილვას არ ჩქარობს. საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე განიხილავს. ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საიას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საიას იურისტი ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომლის ინფორმაციითაც მოსამართლე ერთი თვით შვებულებაში გადის, რის გამოც საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყება. 

 

საიაში მიიჩვევენ, რომ „თუ სასამართლო საქმის განხილვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადას გამოიყენებს, მას იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ წინამდებარე დავის განხილვის ვადა 5 თვემდე გაზარდოს.“

 

საიამ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2013 წლის 30 ივლისს წარადგინა: „ჩვენ მოვითხოვეთ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებამდე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო პერიოდში უკანონოდ გაზრდილი დაახლოებით 14 მილიონი ლარის ხარჯვის შეჩერება.“ 

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში შეტანილი იმ ცვლილებების თანახმად, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები `საქართველოს იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“ აპროტესტებენ სპეციალური ტრანსფერი 13 მილიონ 555 ათასი ლარის ოდენობით ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებსა და ჯანდაცვის პროგრამებზე გადანაწილდება.

 

უმაღლესი საბჭოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც საბიუჯეტო ცვლილებებს მხარი დაუჭირეს, გადაწყვეტილების კანონიერებაში ეჭვი არც საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე ეპარებოდათ: „საარჩევნო კოდექსში არ არის მითითებული აჭარის ბიუჯეტზე, იქ მხოლოდ თვითმმართველობების ბიუჯეტებზეა საუბარი“ – ასე ახსნა უმაღლესი საბჭოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა გადაწყვეტილების კანონიერება. მისივე თქმით, უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების გადახედვას არ გეგმავს: `მით უმეტეს მაშინ, როცა კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა.“

 

კითხვაზე, წინასაარჩევნო  პერიოდში საბიუჯეტო ცვლილებების აკრძალვაზე ვადების შემცირება ხომ არ შეუშლის ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს არსებობას ხელს, საქართველოს პარლამენტის წევრი და ამ ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი ვახტანგ ხმალაძე პასუხობს: „კოდექსში წერია, რომ არჩევნების თარიღი უნდა გამოცხადდეს ამ დღემდე არაუგვიანეს სამოცი დღისა. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების თარიღი შეიძლება დაინიშნოს სამოცი დღით ადრეც და ასოთხმოცი დღით ადრეც, ეს პრეზიდენტზეა დამოკიდებული. თუკი საბიუჯეტო ცვლილებების აკრძალვა მიებმება არჩევნების დანიშვნის თარიღს, მაშინ შეიძლება ხელისუფლება აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში როდესაც ვერაფერს გააკეთებს.

 

მაგალითად, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა შიდა მუნიციპალურ გზებზე ასფალტის დასაგებად, ის დამტკიცებულია. წლის განმავლობაში მზადდება პროექტები ამ გზებთან დაკავშირებით, რომლის კვალობაზეც ხდება გზებთან დაკავშირებული თანხების გადანაწილება უკვე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, ამ გზის რეაბილიტაციის დასაფინანსებლად. ეს ფული უნდა გადაეცეს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ მან გამოაცხადოს ტენდერი და გზა გაიყვანოს. ამაზეა საუბარი, ახალი პროექტების დამატების აკრძალვა კი წინასაარჩევნო პერიოდში ძალაში რჩება.“  

 

იურისტი ნინო რიჟამაძე კი მიიჩნევს, რომ  „როცა არის შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტი მიიმართოს ხალხის გულის მოსაგებად, ეს თავისთავად არაჯანსაღი პროცესია.“   

გადაბეჭდვის წესი