კვირის ამბები

“ჩემმა პაციენტებმა უანგარო სიყვარული იციან”

31.08.2013 • 1943
“ჩემმა პაციენტებმა უანგარო სიყვარული იციან”



გიორგი ცხოველთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის “მეგობრის ხმის” დამფუძნებელია. ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტია ვეტერინარიის დარგში, თან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია, მიკრობიოლოგიაში იცავს ხარისხს.

“არასამთავრობო ორგანიზაციაში ჩვენი ენთუზიაზმის ხარჯზე, ყოველგვარი გრანტის გარეშე, ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ, ამ ეტაპზე, მაგალითად, სკოლებში დავდივართ და ვაკეთებთ პრეზენტაციებებს, ცნობიერებას ვუღრმავებთ ცხოველთა უფლებების შესახებ. მომავალ თაობას ვუნერგავთ ცხოველების სიყვარულს.” – ამბობს გიორგი.

 

დროის უმეტეს ნაწილს პაციენტებს უთმობს. “ძალიან კარგი პაციენტები მყავს, უანგაროდ იციან ცხოველებმა სიყვარული. მათთან ურთიერთობა ნამდვილად სასიამოვნოა ჩემთვის. ვეტერინარობა ბავშვობაში მიღებული გადაწყვეტილებაა, თუმცა არ ვიცი, ეს არჩევანი რატომ გავაკეთე, უბრალოდ გადავწყვიტე, რომ უნდა გავმხდარიყავი ცხოველების ექიმი” – იხსენებს გიორგი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარია, სახლში ცხოველი არ ჰყავს. პატარა რომ იყო, სარდაფში მალავდა ფრინველებს და მაწანწალა ცხოველებს: “ჩემი სარდაფი იყო მათი თავშესაფარი, ვუვლიდი და ვაჭმევდი. ყოველდღიურად მაქვს შეხება ცხოველებთან, ამით სიყვარულს მათ მიმართ მაინც ვივსებ. ჩემი საყვარელი ცხოველი ძაღლია, რომელიც არის ერთგულების ეტალონი. თავისი იდუმალებით საოცრად მიზიდავენ კატებიც. ვფიქრობ, ცხოველის სახლში ყოლა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.”

 

ძაღლები განსაკუთრებით კი უყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს გადაწყვიტა სახლში შინშილა იყოლიოს: “შინშილა პატარა ცხოველია, ციყვს ჰგავს, არსებობს თეთრი და ნაცრისფერი, 20 წელს ცოცხლობს. შინშილები ადამიანებთან კარგად შედიან კონტაქტში, თუ შინშილას მიატოვებ, შეიძლება გული გაუსკდეს და მოკვდეს. სახლში ბევრნი ვართ, იმედია ჩვენთან არ მოიწყენს.”

 

როგორც ყველა ექიმს, გიორგისაც არ აქვს კონკრეტული გრაფიკი, თუმცა მეგობრებისთვის დროის გამონახვას მაინც ახერხებს: “საღამოობით ვიკრიბებით მეგობრები და მივდივართ კაფეში, ვსაუბრობთ, ვსვამთ ყავას ან ალკოჰოლს, მუსიკას ვუსმენთ. ბათუმში სხვა რამის კეთება ძნელია, თუმცა მე ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი ზაფხულის გარდა, რადგან ზაფხულში ირღვევა ბათუმის მყუდროება. სასწავლებლად მინდა საზღვარგარეთ წასვლა, თუმცა უკან აუცილებლად დავბრუნდები, უბრალოდ არ შემიძლია ბათუმის გარეშე.” 

 

გიორგი მეგობრებთან ერთად კინოჩვენებებსაც ხშირად აწყობს, ნაქირავებ ბინაში მეგობრებთან ერთად კინოსეანსები აქვთ, პროექტორის დახმარებით საყვარელ ფილმებს უყურებენ: `შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ფანტასტიკა მომწონს, ჩემი საყვარელი ფილმია “ბეჭდების მბრძანებელი”.

 

გარდა ფილმებისა, გიორგის განტვირთვის საუკეთესო საშუალება პოეზიაა, საყვარელი ავტორი – მურმან ლებანიძე: “სამწუხაროდ მე არ ვწერ, სხვის ლექსებს ვკითხულობ, დროის დეფიციტი რადგან მაქვს, რომანებს ვერ ვკითხულობ, მხოლოდ ლექსებს. პოეტებიდან ჩემთვის ყველაზე ახლო მურმან ლებანიძეა.”

 

გიორგი ამბობს, რომ გოგონებთან მიმართებაში აუცილებელ პირობად ცხოველების სიყვარული არ უდევს: “გოგო რომ მომეწონოს, ის აუცილებლად კარგად მოაზროვნე უნდა იყოს და განათლებული, თუ ადამიანი არის შეგნებული, მას აუცილებლად ეყვარება ცხოველებიც.”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: