ნეტგაზეთი • RU

„პირობები რომ იყოს, დავბრუნდებოდი“



მხატვრულ ტანვარჯიშში აჭარისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ევროპისა და დსთ ქვეყნების ჩემპიონატის ფინალისტი, მსოფლიო თასის ფინალისტი (V ადგილი), აჭარის წლის საუკეთესო სპორტსმენი (2004 წელს), სპორტის ოსტატიასეთია ბათუმელი ელენა ტიტოვას სპორტული კარიერის შედეგი, რომელმაც აქტიურ სპორტულ კარიერას თავი ნაადრევად დაანება და ამჟამად, მოსკოვის კლუბ დობრინიაში მწვრთნელად მუშაობს. რატომ შეწყდა პერსპექტიული სპორტსმენის კარიერა და რატომ წავიდა რუსეთში, ამის შესახებ ელენა ტიტოვა თავად გვიამბობს

ელენა ტიტოვა: დედაჩემი, ლუდმილა ტიტოვა ბათუმის სპორტსკოლაში მუშაობს მწვრთნელად, პირველი ნაბიჯები მხატვრულ ტანვარჯიშში სწორედ მასთან გადავდგი. მეორე კლასში ვიყავი, როდესაც თბილისში გადავედი, იქაც ვვარჯიშობდი, თუმცა პროფესიონალურ დონეზე არ დავინტერესებულვარ. ბელა კობალაძემ შემამჩნია, რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მასთან გადავედი სავარჯიშოდ და შემდეგ უკვე სხვაგვარად შევხედე ყველაფერს. პირველი წარმატებაც მალე მოვიდა. თანდათან ტურნირებსაც ვიგებდი, აჭარისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, დსთ-ს ქვეყნების ჩემპიონატის ფინალისტი, აგრეთვე ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი ახალგაზრდებს შორის, მსოფლიო თასზე ვიასპარეზე და მეხუთე ადგილი დავიკავე, სპორტის ოსტატი ვარ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ვიყავი. სამწუხარო, ტრავმები სპორტში იშვიათი მოვლენა არაა და მეც ნაადრევად მომიწია აქტიური სპორტისთვის თავის დანებება. ფაქტობრივად, 17 წლისაც არ ვიყავი, არადა ეს ასაკი, როგორც იტყვიან, ტანმოვარჯიშისთვის იდეალური ასაკია.

 

 

მწვრთნელობა როდის გადაწყვიტე

 

 

– მე არც მიფიქრია მწვრთნლობაზე. ჩემი და, ეკატერინე, თავადაც სპორტსმენი იყო და საკმაოდ წარმატებული. ახლა ის მოსკოვში ცხოვრობს და კლუბ „დობრინიაში“ მწვრთნელად მუშაობს. ადრეც მეუბნებოდა მასთან დამეწყო მწვრთნელად მუშაობა, მაგრამ რამდენჯერაც არ ჩავედი, გულმა ბათუმისკენ გამომიწია, მენატრებოდა აქაურობა, სახლი, ახლობლები, დედა… საბოლოოდ გადავწყვიტე დავთანხმებოდი და გადავედი. არც ვნანობ, სიმართლე გითხრათ, აქ პერსპექტივა ვერ დავინახე და იმიტომ.

 

 

პერსპექტივაში რას გულისხმობ?

 

 

– პირველ რიგში, სათანადო პირობების არქონას, ბავშვები შეჯიბრებებზე ვერ დადიან, მეორე ფაქტორი ისაა, რომ თავად ბავშვები არ არიან დაინტერესებულნი, თაობაც ისეთი მოდის, რომ უმეტესობა მხოლოდ გართობის მიზნით დადის. არც გაემტყუნებათ, პროფესიონალის კარიერაზე რომ იფიქრონ, სათანადო პირობები უნდა უნდა ჰქონდეთ. თბილისში არის რამდენიმე გოგონა, რომელთაც შეუძლიათ საერთაშორისო სარბიელზე წარმატების მიღწევა, მაგრამ ორი-სამი ადამიანი სპორტის ამ სახეობისთვის ძალიან ცოტაა, მითუმეტეს, თუ ტანვარჯიშის განვითარება გვინდა.

 

 

მოსკოვში საქმე როგორაა?


ელენა ტიტოვა (მარჯვნივ)
ელენა ტიტოვა (მარჯვნივ)

 

 

– იქ სულ სხვა სიტუაციაა. როგორც თითოეული კლუბის, ასევე თავად ფედერაციის ხელმძღვანელობა დაინტერესებულია, რომ მათმა მოსწავლეებმა რაც შეიძლება მაქსიმალური შედეგი აჩვენონ, ამიტომაცაა რომ რუსეთს სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ჩემს დასთან კლუბში ორი ბავშვი ვარჯიშობს, რომელიც რუსეთის ნაკრებში მიიწვიეს.

 

 

სამომავლოდ რას აპირებ, დაბრუნდები ბათუმში და აქ გააგრძელები მწვრთნელის კარიერას თუ რუსეთში დარჩები?

 

 

– სიმართლე გითხრათ, ნორმალური პირობები რომ იყოს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ბათუმში, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ასე არაა. იქ კი, როგორც გითხარით, პირობებიც ნორმალური მაქვს და ანაზღაურებაც. ასე რომ, ჩემი პასუხიც ესაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე