კვირის ამბები

ოთხი ახალი გამგებელი ერთ დღეში

27.08.2013 • 1707
ოთხი ახალი გამგებელი ერთ დღეში

 

 

„ყოფილი გამგებელი შემოვიდა განცხადებით თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. პირად საუბარში მითხრა, რომ  სხვა სამსახურს იწყებს ბათუმში.  ამის უკან თუ რაიმე იმალება, ჩემთვის უცნობია. ადრეც ქონდა მას საუბარი ჩემთან, შეიძლება წავიდეო. სხვა განსაკუთრებული აქ არაფერი ყოფილა.“ – ასე აუხსნა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ იური აბაშიძემ „ბათუმელებს“ ყოფილი გამგებლის თენგიზ დავითაძის თანამდებობიდან  წასვლის მიზეზი.

 

 

თენგიზ დავითაძემ საკრებულოს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე 22 აგვისტოს მიმართა. მეორე დღეს, 23 აგვისტოს საკრებულომ ახალი გამგებელი რიგგარეშე სხდომაზე აირჩია. სხდომას 18 დეპუტატი ესწრებოდა, წარდგენილმა კანდიდატმა ტარიელ ებრალიძემ ყველას მხარდაჭრა მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მის განცხადებას საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის რვა წევრის „გამამაგრებელი“ წერილიც თან ახლდა.

 

ახალი გამგებელი ტარიელ ებრალიძე თანამდებობაზე მოსვლამდე საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა, ის ხიჭაურის უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ მუშაობს. 

 

საკრებულოში  „რაიმე ხელმოსაკიდი“ ვერც ხულოს გამგებლის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით შენიშნეს. გურამ ხოზრევანიძემ განცხადება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე იმავე დღეს 22 აგვისტოს, იმავე მიზეზით, „ბათუმში ახალ სამსახურში გადასვლის გამო,“ დაწერა. მისი ადგილი მეორე დღესვე გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ფინანსისტმა ბესიკ ბაუჩაძემ დაიკავა. ის სხდომაზე საკრებულოს სხდომაზე 22 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს. 

 

ერდროულად ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლის მოსვლის გადაწყვეტილებას ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე ასე ხსნის: „ხანდახან დამთხვევა ხდება.“

 

 

23 აგვისტოს ახალი გამგებლები აირჩიეს ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც. ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის, მალხაზ ფარტენაძის ინფორმაციით, საკრებულოში ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი რექტორის ნადიმ ვარშანიძის გამგებლად დანიშვნაზე დიდი ხანია მსჯელობდნენ და ის ყველასთვის მოსაწონი კანდიდატურა იყო. მის დანიშვნასაც საკრებულომ კენჭი 23 აგვისტოს უყარა და სრული მხარდაჭერით დაამტკიცა. მანამდე კი ხელვაჩაურის საკრებულომ თანამდებობიდან ყოფილი გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე გაათავისუფლა.  ცოტა ხნის წინ მას სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი. ორი კვირის წინ კი, საკუთარი განცხადების საფუძველზე, ის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

 

 

მას შემდეგ რაც სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა, თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა ქობულეთის გამგებელმა თენგიზ ზოიძემაც. ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თენგიზ ზოიძეს სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით ედავებოდნენ. მისი ადგილი საკრებულოს გადაწყვეტილებით გიორგი რომანაძემ დაიკავა. ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, ელგუჯა ბაგრატიონის თქმით „ახალი გამგებლების დანიშვნის გადაწყვეტილება დროში შემთხვევით დაემთხვა და სხვა რაიმე მიზეზი არ არსებობს.“

 

 

ქედის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა ბოლქვაძე კი ამტკიცებს, რომ შვებულებაში „ოჯახური პირობების გამო“ გავიდა. შვებულებაშია ქედის საკრებულოს თავმჯომარე ბადრი დიასამიძეც.

 

ლევან გობაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ხელმძღვანელი, ოთხი გამგებლის ერთ დღეში შეცვლის ფაქტის შემთხვევითობას ეჭვით უყურებს: „მოვლენათა ლოგიკას თუ მივყვებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოთხი საკრებულოს სხდომა გაიმართოს ერთდროულად და ოთხივეზე გატანილი იქნას საკითხი მუნიციპალიტეტების გამგებლების დანიშვნის შესახებ. ნაკლაბად სავარაუდო ასეთი დამთვევა მოხდეს, ეს უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ მითითებები გამგებლების დანიშვნაზე იყო ცენტრალიზებულად მოწოდებული, ალბათ თარიღიც და კანდიდატურებიც. მეტი ლოგიკური ახსნა ამ სიტუაციას, ვფიქრობ, არ გააჩნია. ჩემი აზრით დირექტივას ჰქონდა ადგილი და რადგან ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული გამგებლების გადარჩევაც მოხდა, მე ვფიქრობ, უფრო ცენტრალურ დირექტივას ჰქონდა ადგილი.“

 

„ ეს ნიშნავს, რომ ოთხივე თვითმმართველობის ორგანოში ერთი პოლიტიკის გატარებას აქვს ადგილი.“ – ამბობს ნათია აფხაზავა, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. „თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად უნდა ფუნქციონირებდნენ და ღებულობდნენ გადაწყვეტილებას. წარმოუდგენელია, რომ ყველამ ერთდროულად მოიფიქრა ახალი გამგებლის არჩევა. ის, რომ არჩევნების შემდგომ რაღაც ცვლილებები უნდა ყოფილიყო თვითმმართველობაში, ცხადია, მაგრამ როცა ცვლი გამგებელს, უნდა დადგეს პოლიტიკური პასუხიმგებლობის საკითხი, რატომ მოხდა შეცვლა და ახლის დანიშვნა უნდა იყოს დასაბუთებული. ის, რომ ყოფილმა გამგებლებმა დაწერეს განცხადებები, არასტაბილურ და არასახარბიელო ვითარებაზე მიუთითებს. თუმცა ამ შემთხვევაში განცხადებების დაწერა რომ რაღაც ზეგავლენის გამო მოხდებოდა, ამის რისკები არის.“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: