ხუთი თვის წინ გაუჩინარებული ბათუმელი რ.ბ. 31 აგვისტოს სახლში დაბრუნდა. მას ოჯახი და პოლიცია აპრილის შემდეგ ეძებდა. რამდენი ადამიანია ამ დროისთვის საქართველოში გაუჩინარებული? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს მიმართა, თუმცა სამინისტრომ კანონი დაარღვია, სტატისტიკური ინფორმაცია რედაქციას ამ დრომდე არ მიუღია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, რ.ბ. 31 აგვისტოს ცხინვალიდან შემოიყვანეს. „იქედან დაურეკეს და ბიჭი ადმინისტრაციულ საზღვარზე პოლიციამ გადმოიყვანა, მერე საქმეში ჩაერთო ოჯახი. ახლა ის საკუთარ სახლშია, ბათუმში“, – „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ამ ინფორმაციას შს სამინისტროში ნაწილობრივ ადასტურებენ:
„დიახ, ის უკვე თავის სახლშია, მაგრამ არსაიდან არ შემოსულა და არსაიდან არ გასულა… ეს ბიჭი გატაცებული არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთ მონასტერში იმყოფებოდა, ვერ დაგიკონკრეტებთ რომელში. პოლიციამ იპოვა ბიჭი, შეატყობინა თავის მშობლებს და მშობლებმა წაიყვანეს სახლში. ოჯახს არ სურს ამ თემაზე საუბარი“.
აპრილში გაუჩინარებული ახალგაზრდა თბილისში,ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უნივერსიტეტში სწავლობს. ის სწორედ თბილისიდან გაუჩინარდა.
პოლიცია ეძებს კიდევ ერთ 22 წლის ბიჭს – ოთარ ლაზაშვილის. ის 15 მაისს დუშეთის რაიონში დაიკარგა. ოთარ ლაზაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ცხოვრობს. მას დუშეთის რაიონის სოფელ კორშასთან საძოვრებზე საკუთარი ცხვარი ჰყავდა წაყვანილი. 15 მაისს ის კორშადან რამდენიმე დღით სახლში გაემგზავრა, მისი კვალი სწორედ ამ დროს დაიკარგა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მაშველები დაკარგულს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს.
„მკვდარი მაინც ხომ უნდა იპოვნონ? გამომძიებელმა მითხრა, ჩვენ ვერავის ვერ ვაწამებთ და ჩვენებას ძალით ვერ წავართმევთო. იმის მიუხედავად, რომ გამწარებული დედა ვარ და შვილს ვერ ვპოულობ, ვინმეს წამების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. პროფესიონალი გამომძიებლები არ ჰყავთ? ჩართონ საქმეში კვალიფიციური ხალხი და შვილი მაპოვნინონ, მკვდარი მაინც“, – განუცხადა გასულ კვირას გაუჩინარებულის დედამ, მარიამ ლაზაშვილმა მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს.
შს სამინისტროს ცნობით, ოთარ ლაზიშვილი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი და მისი ძებნა ისევ გრძელდება.
არავითარი ახალი ინფორმაცია არ არსებობს 8 აგვისტოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენიდან გაუჩინარებულ დარეჯან დიასამიძის შესახებ. 17 წლის დარეჯან დიასამიძე 8 აგვისტოს დილის 10 საათის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ის ბიძის სახლიდან საკუთარ სახლში ბრუნდებობდა. ამ ორ სახლს შორის მანძილი – დაახლოებით ერთი კილომეტრი, მჭიდროდ დასახლებული მონაკვეთია. დარეჯან დიასამიძე ახალშენის საჯარო სკოლის მე-12-კლასელია.
„2012-2013 – წლებში რამდენი ადამიანი გამოცხადდა დაკარგულად, რა ასაკის ადამიანები გაუჩინარდნენ, რამდენი გაუჩინარებული არის ნაპოვნი, დაბრუნებული, თუ გარდაცვლილი“, – ამ წერილით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს 13 აგვისტოს მიმართა. კანონის მიხედვით, ეს უწყება ვალდებულია 10 დღის ვადაში გასცეს ინფორმაცია. თუმცა, შს სამინისტროში კანონი ამჯერადაც დაარღვიეს – დადგენილ ვადაში ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.