სპორტი

`დაიმსახურებენ ნაკრებში მოხვედრას?! _ წავლენ ტურნირზე~

28.08.2013
`დაიმსახურებენ ნაკრებში მოხვედრას?!  _ წავლენ ტურნირზე~

აკაკი ცენტერაძე: პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციის პრესიდენტს სულხან ბაბუაძეს ნდობისათვის. კარგად მესმის, რას ნიშნავს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა და ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დამეკისრა. აქვე მინდა განვმარტო, რომ ამ ფაქტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია სპორტის ამ სახეობის ბევრ წარმომადგენლებს შორის. მინდა ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ ეს არის შანსი, რომელიც მომეცა იმისთვის, რომ საკუთარი თავი საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ამპლუაში წარმომეჩინა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ჩემი კანდიდატურა საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. პორტუგალიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება, დავრჩები მთავარ მწვრთნელად თუ არა. ეს უკვე ფედერაციის ხელმძღვანელობის პრეროგატივაა.

 

 

 როგორ ფიქრობგუნდი მზად გყავთ?

 

 

– ბიჭები მონდომებულები არიან და მაქსიმალურად ემზადებიან. სამწუხაროდ, ყველაზე ამას ვერ ვიტყვი და ვისაც ვგულისხმობ, კარგად მიხვდება. ერთი საწვრთნელი შეკრება უკვე გავიარეთ ქობულეთში, შემდეგ თბილისში გავმართეთ სატესტო სპარინგები, ამ ტურნირმა ნაკრების კანდიდატები წარმოაჩინა, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მეორე შეკრების შემდეგ გადაწყდება, რომელიც 29 აგვისტოს ქობულეთში დაიწყება. თითოეული სპორტსმენის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ უკვე პირადად მათზეა დამოკიდებული ყველაფერი. დაიმსახურებენ ნაკრებში მოხვედრას – წავლენ ტურნირზე, არავინ დაიჩაგრება. ეგრეთ წოდებული „ლიუბიმჩიკების“ დრო დამთავრდა. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა სპორტსმენი ბათუმელი იქნება, თბილისელი, წყალტუბოელი თუ ქუთაისელი. დაიმსახურებს?! – მოხვდება ნაკრებში! არ დაიმსახურებს? – საკუთარ თავს დააბრალოს.

 

 

_ “ლიუბიმჩიკობამ” ეტყობა თქვენც გაზარალათ..

 

 

– მარტო მე?! რამდენი სპორტსმენი დავზარალდით იმის გამო, რომ ნაკრების ყოფილი ხელმძღვანელობა მხოლოდ საკუთარ რჩეულებს ატარებდა ტურნირებზე! აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი. ყველამ ყველაფერი ისედაც კარგად იცის. ჩემს შემთხვევაში მსგავსი რამ გამორიცხულია. ჩემი მოსწავლეც რომ იყოს, თუ არ დაიმსახურებს და არ იქნება სათანადო ფორმაში, არ წავიყვან და მორჩა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩემთვის მხოლოდ შიდა ტურნირზე ნაჩვენებ შედეგს არ ექნება მნიშვნელობა, ანუ შესაძლებელია სპორტსმენმა პირველი ადგილი დაიკავოს, მაგრამ ვარჯიშები გააცდინოს, უპასუხისმგებლოდ მიუდგეს საქმეს და ასე შემდეგ, ასეთ ადამიანს მე ნაკრებში არ ავიყვან. თუ სპორტსმენი ხარ, მარტო შედეგზე და საკუთარ თავზე კი არ უნდა ფიქრობდე, არამედ ქცევითაც უნდა იყო სხვისთვის მისაბაძი.

 

 

 შეკრებას დავუბრუნდეთამბობენრომ თურქეთის ნაკრები ჩამოდის

 

 

– საუბარია თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებზე. თურქეთის ერთ-ერთი რეგიონის ფედერაციის ხელმძღვანელობას შევუთანხმდით, რომ სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებს შეკრებდა და საწვრთნელ შეკრებაზე ჩამოიყვანდა. დაახლოებით 15 სპორტსმენს ველოდებით. ეს შეკრება ორივე მხარეს ძალიან წაგვადგება. როგორც იცით, თურქეთს ტაეკვონდოს საკმაოდ კარგი სკოლა აქვს. ჰყავთ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები.

 

 

 

 ნაკრების კანდიდატებში ბათუმელებიც განიხილებიან?

 

 

– ამ ეტაპზე კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ და მარტო იმას ვიტყვი, რომ ნაკრებში მხოლოდ ღირსეული მოხვდება.

 

 

 მოქმედი სპორტსმენი ხართახლა ნაკრებიც ჩაგაბარეს

 

 

– გაინტერესებს ერთს მეორესთან როგორ შევათავსებ?! როცა საქმეს გულით მიუდგები, გამოგივა. როგორც სპორტსმენი, ბევრს ჩამოწერილი ვგონივარ, მაგრამ ასე იოლად დანებებას არ ვაპირებ. ახალგაზრდებთან ერთად შეკრებას ეროვნული ნაკრების კანდიდატებიც გავივლით. ოქტომბერში უკრაინაში A კლასის საერთაშორისო ტურნირი გველოდება, სადაც ევროპის უძლიერესი მებრძოლები მოიყრიან თავს. ჩვენს შესაძლებლობებსაც იქ გამოვავლენთ. დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა ჩემთვის ახალ ამპლუაში ყოფნა და ვეცდები გავამართლო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: