„სამიზნე ვინ არის? – ყველა, აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს ამ მომენტში“ – ასე გვიპასუხა ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ კითხვაზე – როგორ და რატომ ხდება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მსახიობს, პოეტს, პედაგოგს, სცენარისტს, სტუდენტს იჭერს და სჯის. „ოცნება“ სჯის ადამიანებს, რომელთა სახელთანაც, ამ დრომდე, მხოლოდ წარმატებული როლის, ჯილდოს, განათლებისა და სასარგებლო საქმეების ასოციაცია ჩნდებოდა და არაფერი დანაშაულებრივი „მათ საქმეში“ არ ფიქსირდებოდა.
როგორ აქციეს კეთილსინდისიერი მოქალაქეები ისეთ „დამნაშავეებად“, რომ მათ რამდენიმე წლით პატიმრობა ემუქრებათ? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ მოსაზრებები ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ გაუზიარა.
- ბატონო გიორგი, გასული წლის ნოემბრის შემდეგ, უწყვეტი პროტესტის ფონზე დააკავეს და უმკაცრესად დასაჯეს ან სასჯელის მოლოდინში არიან სტუდენტი, მსახიობი, ექიმი, სცენარისტი, ინფლუენსერი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, პოეტი ზვიად რატიანი, რომელსაც ასევე უმკაცრესი სასჯელით, 4-დან 7 წლამდე უპირებენ დაპატიმრებას… მათ შორის ბევრი წარმატებული, ცნობილი ადამიანი, თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალია. რას გვაჩვენებს ეს, ვინ ამოიღო რეჟიმმა მიზანში?
ძალიან ძნელია თქვა, რა პრინციპით არჩევენ, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელი ჰყავდეთ: ცნობილი ჟურნალისტი, მსახიობი, პოეტი და ასე შემდეგ, ყველა კატეგორიის ადამიანი, ახალგაზრდები…
ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს, ვერ ვიტყვით, რომ შენდება და დგება, პროცესში ვიმყოფებით, სახეზეა უკვე ავტორიტარიზმი, დემოკრატიული უფლებები, თავისუფლებები მაქსიმალურად იზღუდება, ყოველდღიურად იღებს მმართველი პარტია ახალ კანონებს, რომელიც უკვე დემოკრატიაში კი არა მიმსგავსებულშიც აღარ ჯდება, ეს არის ტიპური დიქტატურა, დიქტატურისკენ სვლა.
სამიზნე ალბათ არის ყველა ის ადამიანი, ვინც მათ უპირისპირდება, არ ემორჩილება, არ იზიარებს მათ შეხედულებებს. რა შეხედულებების გაზიარებაზეა აქ ლაპარაკი, ძნელია, იმიტომ, რომ ეს არ არის რაღაც ღირებულებითი ერთობა, რაც აერთიანებს ავტორიტარულ რეჟიმს დღევანდელ საქართველოში, ეს არის მათ მიერ შეთხზული შეთქმულების თეორია.
ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს იდეოლოგიური გაერთიანებაა და მათ დიდი მიზნები აქვთ, სამომავლო მიზნები, იქნება კომუნიზმის აშენება თუ არიული რასის გაბატონება და ასე შემდეგ. ეს არის ახლახან შეთხზული შეთქმულების თეორიები, რომლის მიზანია მოახდინონ როგორც შიდა ინტეგრაცია, ასევე განეიტრალება, ლიკვიდაცია ყველა იმ ადამიანის, ვინც მათ არ ემორჩილება, ან რაღაც ფორმით წინააღმდეგობას უწევს.
აქ მნიშვნელოვანი მგონია ერთი ასპექტი, რომ რეალურად დიქტატურა და ავტორიტარიზმი ყველას წინააღმდეგ არის მიმართული, მათ შორის თავად მათ წინააღმდეგაც.
შიდა ტერორი, შიდა წმენდები არის დიქტატურის შიდა განზომილება. ის ხალხი, ვინც დღეს ყველაზე აქტიურად გამოდის რეპრესიების მომხრედ, მათივე სისტემის მიერ აუცილებლად იქცევიან თვითონ დამნაშავეებად და არა ის, რომ დემოკრატია რომ გაიმარჯვებს, მერე მოხდება მათი გასამართლება… თვითონვე დაერევიან, ჩვენ ამ სიმპტომებს ვხედავთ.
ადამიანებს, რომლებსაც აქებდნენ, ადიდებდნენ და ზეცაში აჰყავდათ, დღეს თვითონ აცხადებენ მტრებად, დამნაშავეებად და იწყებენ მათ დევნას.
საბოლოო ჯამში, ყველა დიქტატურა საკუთარ თავს ჭამს, არ გვაქვს სხვანაირი შემთხვევა.
ნუ მოიტანენ მაინც და მაინც ჩრდილო კორეას მაგალითად, ცალკე სამყაროებს, რომელიც მართლაც რაღაც ისტორიულ კურიოზებს წარმოადგენს.
ასე რომ, სამიზნე ვინ არის? – აბსოლუტურად ყველა, აქ გამონაკლისი არ არსებობს, ჩემი და შენი არ არსებობს.
აი, დღეს, ვთქვათ, რომელიღაცა კომისიის თავმჯდომარე არის მათიანი, ზუსტად ის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც იდეალურად შეასრულებს დავალებებს, ხვალ თვითონ დაჯდება ბრალდებულის სკამზე, მათ მიერვე, ამას არ სჭირდება რეჟიმის შეცვლა, ეს არის ავტორიტარიზმის და დიქტატურების შიდა სტრუქტურა და ამას ვერ შეცვლი.
- და ეს შიდა წმენდის პროცესი, თუ სიმპტომებს მართლაც უკვე ვხედავთ, დიქტატურისკენ სვლას რატომ არ აფერხებს?
დიქტატურას სჭირდება მუდმივი პროცესი შიდა წმენდების, არა იმიტომ, რომ ვიღაცას გონება გადაუბრუნდა და შეიცვალა რამე, არა.
როდესაც ჩვენ ვქმნით პარანოიდულ სისტემას, შეთქმულებებზე, მოჩვენებებსა და ბოდვებზე აგებულს, ამის სამიზნე ხდება ყველა, გამონაკლისების გარეშე. აქ ერთგული და არაერთგული არ არსებობს, ბოლო-ბოლო საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ. ახლო წარსულია. ხალხი, ვინც ამას მოესწრო, ჯერ კიდევ ცოცხალია, გავიხსენოთ როგორ ხდება – იქ კარგი და ცუდი, ჩემიანი და სხვისიანი არ არსებობს.
გავიხსენოთ, იაგოდა [სსრკ-ს სახალხო კომისარი, დახვრიტეს 1938 წელს] იქნება თუ ეჟოვი [სსრკ-ის სახალხო კომისარი, დახვრიტეს 1940 წელს]. ეჟოვისნაირი ერთგული შემსრულებელი ვერც წულუკიანი იქნება და ვერც კობახიძე. შემდგომში ყველა ხდება სამიზნე, მსხვეპლი საკუთარივე ხელით შექმნილი სისტემების, ეს არის დიქტატურების, ავტორიტარიზმების არსი.
- დიქტატურაზე ვსაუბრობთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. მაგალითად, პედაგოგი რამდენად საშიში შეიძლება იყოს, რომ მას 7 წლამდე პატიმრობა დაემუქროს და ეს მაშინ, როცა მკვლელებს გირაოთი უშვებენ? ეს ემსახურება პროტესტის ჩახშობას, დაშინებას თუ ორივეს ერთად?
თუ ჩვენ პროტესტის ნიმუშად ავიღებთ ქუჩაში გამოსვლა იქნება ეს თუ მანიფესტაციებში მონაწილეობა, ეს ისეთი ფორმებია, რომელიც მაინც და მაინც პერმანენტული ვერ იქნება… განწყობა ხომ არ შეცვლილა?! ის ასობით ათასი ადამიანი და მეტიც, არ გამქრალა და არც პოზიცია შეუცვლია.
ვიღაც წავიდა, ვიღაც დააპატიმრეს, დაასუსტეს, მაგრამ პოზიციები არ შეცვლილა.
ვხედავთ რაც ხდება, ვხედავთ რა ფატალური ნგრევის კურსზე არიან თვითონაც.
აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ავტორიტარიზმის და დიქტატორის – როდესაც ვქმნით პარანოიდულ სისტემას, ის საკუთარ მსხვერპლებს, საკუთარ მტრებს ქმნის, აუცილებლად მუდმივი მტრების გარემოცვაშია… პარანოია ამას ნიშნავს – ირგვლივ ყველა მტერია, მუდამ შეთქმულებაში იმყოფებიან, შესაბამისად თავის თავს დაერევიან, ეს არ დამთავრდება არასდროს, სანამ ეს რეჟიმი იარსებებს, ისინი მუდამ იქნებიან თვითნგრევასა და განადგურებაში.
არ ვიცი რამდენად გაუძლებს ეს პატარა, სუსტი ქვეყანა ასეთ ნგრევას.
- „ოცნება“ აღარ ფრთხილობს, არ განიხილავს, რომ შეიძლება ერთ დღესაც ხალხი უფრო მეტად გაბრაზდეს ძალადობის, ჩაგვრის გამო?
ერთ წელზე მეტია არანაირი უკან გადადგმული ნაბიჯი არ მინახავს.
ხომ არის – ვაიმე, რას ვაკეთებო – ადამიანი რომ გაჩერდება, დაფიქრდება. აქ უკვე მანქანა მუშაობს, ეს არის განსხვავება.
პარანოიდული მდგომარეობიდან უკან დასახევი აღარ არსებობს, ეს არის მანქანა, რომელიც ანადგურებს ყველაფერს და საკუთარ თავს. ანუ ყველა მტერია, მათ შორის ისინი, ვინც დღეს მთავარი ჯალათები არიან და ბრწყინვალედ ასრულებენ დიქტატურის დაკვეთებს. ისინი არიან პოტენციური მტრები თავად ამავე სისტემის.
წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ირგვლივ მხოლოდ შეთქმულებას და მტრებს ხედავს. ეს ხომ არ დამთავრდება არასდროს, მისთვის სიცოცხლის ბოლომდე ყველა პოტენციური მტერია.
ეს ვიცით ისტორიიდანაც და არაფერ განსაკუთრებულს და ორიგინალურს არ გვთავაზობს ეს ძალა. ეს რეჟიმი იმეორებს ავტორიტარიზმის და დიქტატურების მოდელებს.
ნუ წარმოვიდგენთ, რომ აქ ვიღაც „ზე ბრძენი ადამიანები“ სხედან, რომელთა გონებაც ისეთი მაღალია, რომ ადამიანურ ნორმებს სცილდება. ეს არის ავტო დესტრუქციის გზაზე მყოფი სისტემა, რომელიც აუცილებლად საკუთარ თავს ჭამს.
კიდევ ვიმეორებ, ეჟოვისნაირი საუკეთესო ჯალათი სტალინს არ ჰყოლია, ბერიაც, რამდენ ხანს იყო – დაახოცვინა 3 მილიონი ადამიანი და მერე დახვრიტა. დღეს რომელიღაც კომისია, რომელიც წარმატებით სჯის ხალხს, იჭერს, პოტენციურად უკვე მზად არის იმისთვის, რომ შემდეგი დასასჯელი თვითონ გახდეს.
- რამდენად შორს წავლენ?
რასაც ვხედავთ, ეს არის მუდმივი გრადაცია, მატება, მატება, უარესი, უარესი, არაფერი ოდნავ უმჯობესობისკენ არ გამოჩენილა და ჩვენ ამაში ვიმყოფებით წელიწად-ნახევარია უკვე, აი, ამ დაჩქარებული ტემპით გაუარესებაში.
- გარე ფაქტორებზე მინდა გკითხოთ, ბევრი საუბრობს მეთოდებზე, ანალოგებზე… „ოცნება“ რუსული დირექტივებით მოქმედებს?
თუ ფატები არ გვაქვს ხელში, ძნელია რამის თქმა. ფაქტია, რომ დღეს ამის დიდოსტატი მსოფლიოში, წამყვანი და ნიმუშის მიმცემი, არის რუსეთი, მაგრამ რამდენად მათი დირექტივებია, ამას ალბათ ოდესმე ისტორიკოსები თუ გამოიძიებენ, ისინი თუ აღმოაჩენენ და დაგვიდასტურებენ ამ ყველაფერს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამათ არ გამოუგონიათ დიქტატურა და ავტორიტარიზმი არსებულის ნიმუშით. ეს გვაქვს ბელარუსში, აზერბაიჯანში, ირანში და რუსეთია, რა თქმა უნდა, მთავარი წყარო ავტორიტარიზმის.
ბუნებრივია, რომ ვიღაცის მიბაძვით ხდება. დღევანდელი ანალოგიები რომ ავიღოთ, ისინიც თვითონ იღებენ სხვა ანალოგიებს ახლო ისტორიიდან, ამას შორს წასვლა არ სჭირდება, თუმცა ერთი ერთზე, იგივე საბჭოთა რეჟიმთან შედარება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ანალოგიაც შეიძლება ვნახოთ… იქ არსებობდა რაღაც რწმენა, ძლიერი იდეოლოგია, მე სტალინის პერიოდს ვგულისხმობ, კომუნიზმის მშენებლობა იქნება თუ ასე შემდეგ… ანუ, რაღაც მიზნები არსებობდა.
აქ კი არანაირი მიზანი არ არსებობს.
- თქვენი აზრით, პოეტ ზვიად რატიანის სილა სოლიდარობის აქტი იყო?
ზვიად რატიანი არის ჩემთვის ძვირფასი, ახლობელი ადამიანი. მე მის მიმართ, რა თქმა უნდა, ვარ ძალიან სუბიექტური პიროვნულ დონეზეც და მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ის არის საუკეთესო ქართველი პოეტი, უზარმაზარი ლიტერატურის შემქმნელი, მთარგმნელი, გამორჩეული ადამიანია, რომლის დევნაც 2019 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს. შეურაცხყოფები, წამებები, დაკავებები… დოკუმენტური კადრია გადაღებული, როგორი ხდება მისი დაკავება, როგორ ურტყამს მთელი რაზმი პოლიციელების, როგორ უსწორდებიან და ძალადობენ…
რამდენჯერ დახვდნენ ტიტუშკები… როგორც ჩანს, რაღაცნაირად ხდება გამოკვეთა სამიზნის, ვისზეც უნდა იძალადო, ძალიან ძნელია აქ რაღაცა რაციონალური მიზეზის მოძებნა, რატომ მაინც და მაინც ეს ადამიანი ამოიჩემეს, გაუგებარია.
ანდრო ჭიჭინაძე, რომ იტყვიან, ბუზს არ ააფრენსო, ისეთი ადამიანია, გამორჩეული თავისი ჰუმანურობით, კეთილშობილებით და ასე შემდეგ. აი, რაღა მაინც და მაინც ის, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ლოგიკას… ხომ შეიძლებოდა ვიღაც „ძველი ბიჭი“ დაეჭირათ, ბუნებრივად რომ არის ადამიანში რაღაც აგრესიის პოტენციალი, მაგრამ ზუსტად საპირისპიროს რომ არჩევ და მას აბრალებ ძალადობას, ძალადობრივი ჯგუფის შექმნას და არ გაქვს არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცება, ვერავინ ვერ ასახელებს რა ჩაიდინა…
- ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?
საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას თავისი პოზიცია. საზოგადოება ამას აკეთებს. მთავარი რაც არ უნდა გააკეთოს, მე მგონია, არის ის, რომ თვითონ არ უნდა გახდეს ისეთი, რის მაგალითსაც იძლევა მმართველი ძალა.






