116 შტატი და ცვლილებები შუახევის კულტურის ცენტრში

 

ვახტანგ ბერიძე შუახევის გამგებელთან, ტარიელ ებრალიძესთან ერთად
ვახტანგ ბერიძე შუახევის გამგებელთან, ტარიელ ებრალიძესთან ერთად

„შუახევში, კულტურის ცენტრში, 114 თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტს მოვუწოდებთ, რომ გამოცდილი კადრები შეინარჩუნონ და თუ ახალ ხალხს ვერ ასაქმებენ, დასაქმებული ადამიანები  მაინც არ გაუშვან სამსახურიდან“, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან „ბათუმელებთან.“ დღეს ასმათ დიასამიძემ ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგიც გამართა. 

 

უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

„ხელშეკრულებით, 31 მარტამდე, აყვანილი იყო 116 ადამიანი, ჩემი ჩათვლით. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ყველა ნორმალურ ორგანიზაციაში ხდება ხელშეკრულების გაგრძელება. გვქონდა თათბირი და თანამშრომლებს გავაცანი ის მომავალი გეგმებიც, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. არც არავის ვითხოვ სამსახურიდან და არც არაფერს ვაუქმებ, უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, გამგებლობიდან რომ გაუშვებდნენ და მოყავდათ კლუბებში და ბიბლიოთეკებში, რომლებსაც არც სიმღერა არ შეუძლიათ, არც ცეკვა და არც ლექსის თქმა და სახელოვნებო სივრცისათვის არიან ტვირთი და მეტი არაფერი, მსგავსი ადამიანები ბუნებრივია ვერ დასაქმდებიან. რამდენიმე ანსამბლი იქმნება და ამ ანსამბლებში ადამიანები იქნებიან აყვანილი ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით. ის, რომ თითქოს 116 ადამიანი ერთი ხელის მოსმით დავითხოვეთ, დეზინფორმაციაა“,  – ამბობს ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან.“


მისი თქმით, შუახევში სოფლის კლუბებს ანსამბლები ჩაანაცვლებს, რომლის წევრებსაც აჭარაში ცნობილი პროფესინალები შეარჩევენ ქასთინგის საფუძველზე. კითხვაზე, რამდენ ადამიანს არ გაუგრძელებს კულტურის ცენტრი ხელშეკრულებას, ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან  შესაძლოა 116-დან ყველა ადამიანმა დააკმაყოფილოს კულტურის ცენტრის კრიტერიუმები, თუმცა, ცვლილება 43 ადამიანს შეიძლება შეეხოს, რომლებიც სოფლის კლუბებში მუშაობდნენ. 

 

ვახტანგ ბერიძე  „ბათუმელებთან“ აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ  ძველ ხელისუფლებას შუახევის კულტურის ცენტრში ძალიან გაბერილი ჰქონდა შტატები,  ეს „გაასწორეს და ცივილიზებული“ გახადეს:

 

„მაგალითად, კულტურის ცენტრს ჰყავდა რეჟისორი, დირექტორი და ღონისძიებების დამგეგმავი მთავარი სპეციალისტი. ეს აბსურდია, რას აკეთებს აბა რეჟისორი, რომელიც დგამს ღონისძიებებს. კულტურის ცენტრს ჰყავდა სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის მთავარი სპეციალისტი, რომლის ფუნქციაც ვერ მივხვდი რა არის, იმიტომ რომ კულტურის ცენტრს ჰყავს ადმინისტრაცია.  ასე ქმნიდნენ  [ნაციონალური მოძრაობის]  შტაბიდან გადმოსროლილი ადამიანებისათვის მთავარი სპეციალისტის შტატებს, რომ ეს ადამიანები არ გაენაწყენებინათ. რთული პერიოდი შემხვდა მე, ვწუხვარ,  ვიღაცებს მართლა უწევთ სამსახურის დატოვება“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე. 

 

ნათელა კეკელიძე სოფელ ნიგაზეულის სოფლის კლუბის გამგეა. იგი კლუბის ერთადერთი თანამშომელია. ნათელა კეკელიძე ამბობს, რომ შუახევის კლუბები ანსამბლების დახმარებით სოფელში მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავდნენ, მაგალითად, დედის დღეს და მართავდნენ საახალწლო კონცერტებს.  ნათელა კეკელიძეს ანსამბლების შექნის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ სოფელში კლუბის არ არსებობა სოფლისთვის კარგი არ იქნება. 


„ეს სიახლე კი კარგია, მაგრამ გამოყრუვდა სოფელი. კარგი იყო სოფელში კლუბი, დედის დღეა, საახალწლო კარნავალია, სულ სავსე იყო კლუბი, 180 სკამი მაქვს კლუბში და 50 ადამიანი მაინც ფეხზე რჩებოდა იმდენი ხალხი მოდიოდა“, – ამბობს ნათელა კეკელიძე. იგი აპირებს ანსამბლის წევრების შესარჩევ კონკურში მიიღოს მონაწილება. მისი ხელფასი ამ დრომდე 240 ლარი იყო. 

 

შუახევის კულტურის ცენტრის ბიუჯეტი 397 000 ლარია. 

როცა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარს გეუბნებიან

 

 

– რას ნიშნავს როცა „შავი დეკლარაციების“ გამო დაუბეგრავი მინიმუმის გაცემაზე მოქალაქეს [დასაქმებულ პირს] უარი ეთქვა?

 

 

– დამქირავებლის მიერ წარმოდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული  გადასახადების დეკლარაციისა და  საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და  დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს, შეუსაბამობის შემთხვევაში ფიზიკური პირი ვერ ისარგებლებს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.

 

– როგორ უნდა მოიქცეს დაქირავებული პირი, თუ დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაზე უარი ეთქვა დამქირავებლის მიერ არასწორად წარდგენილი დეკლარაციების გამო?


– თუ პირს უარი ეთქვა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით  სარგებლობაზე დამქირავებლის მიერ არასწორად წარდგენილი მონაცემების საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში დაქირავებულმა უნდა მიმართოს დამქირავებელს. თუ დამქირავებელი წარდგენილ ინფორმაციაში განახორციელებს ცვლილებას,  პირს  საშუალება მიეცემა ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით და

წარმოადგინოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაცია.

 

– როგორ უნდა მოიქცეს დასაქმებული, თუ არ ემთხვევა დარიცხული ხელფასი დამსაქმებლის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში წარდგენილ ხელფასს?


– ამ კითხვასთან დაკავშირებით, დაქირავებულმა უნდა მიმართოს დამქირავებელს (ხოლო თავად ნორმა ზემოთ ნახსენები საკითხის მსგავსად რეგულირდება).

 

– გადამხდელი ორგანიზაცია თუ აზუსტებს დეკლარაციებს – თვის განაცემთა ინფორმაციას საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე – 31 მარტამდე შესწორებული საგადასახადო დეკლარაცია ჩაითვლება თუ არა თავდაპირველად წარდგენილად?


– როგორც გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციის, ისე  განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარდგენა უნდა  განხორციელდეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა, ამდენად, სავადო თარიღამდე წარდგენილი დეკლარაცია/ინფორმაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად, ხოლო სავადო თარიღის შემდგომ – დაზუსტებულად. ამასთან, კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი დეკლარაცია/ინფორმაცია იწვევს საგადასახადო ჯარიმას.

 

– რა ხდება თუ გადამხდელმა ორგანიზაციამ დაზუსტებული დეკლარაცია ჩააბარა საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 31 მარტის შემდეგ? რა საურავებია გათვალისწინებული და რა ოდენობით?

 


– თუ თქვენ გულისხმობთ საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას, რომლის წარდგენის ვადა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე (31 მარტის ჩათვლით), აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სავადო თარიღამდე წარდგენილი დეკლარაცია ჩაითვლება თავდაპირველად წარდგენილად,  ვადის გასვლის შემდგომ – დაზუსტებულად, ხოლო საურავები გათვალისწინებულია გადაუხდელ თანხაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,06 პროცენტი.

 

 

დღეს, 1 აპრილს, დაიწყო და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება დეკლარაციების წარდგენა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით. დღესვე, დღის 16 საათსა და 33 წუთისთვის ფინანსთა სამინისტროში დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციების რაოდენობამ 111 690 შეადგინა [მათ შორის ბანკებიდან 5 747]. 






 

 

 


კერძო სკოლებს ვაუჩერიდან ჟურნალების ღირებულებას ყოველწლიურად დააკლებენ

 

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის თქმით, ბათუმის კერძო სკოლებს ბოლო ორი წელია ექვითებათ ჟურნალების თანხა მათთვის გადასაცემი ვაუჩერებიდან: „თვითონ სკოლებია ამაზე თანახმა. ასე გაცილებით იაფიც უჯდებათ და ამასთან, ხდება ჟურნალების რეესტრის წარმოება, ყველა ჟურნალს აქვს თავისი ნომერი, ფორმა დამტკიცებულია სამინისტროს მიერ და ერთიანად იბეჭდება“.

 

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით ქალაქში 18 კერძო სკოლაა. მიმდინარე წელს კი კერძო სკოლებზე გაიცა 173 დაწყებითი [პირველი და მე-4 კლასები] და 282 მაღალი [მე-5 – მე-12 ] კლასების ჟურნალები.

 

შედარებისთვის, ბათუმის საჯარო სკოლებს დაურიგდათ 304 დაწყებითი და 515 მაღალი კლასის ჟურნალები. ბათუმში 27 საჯარო სკოლაა.

 

რაც შეეხება ჟურნალების ღირებულებას – დაწყებითი კლასის ჟურნალი, 1 ცალი, – 1,23 ლარი ღირს, ხოლო მაღალი კლასის ჟურნალი – 2,55 ლარი.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამის დადგენილებაში  სიტყვები – „2014 წელს“ შეიცვალა სიტყვებით – „ყოველ წელს“ და კონკრეტული მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „ყოველ წელს კერძო  სკოლებზე  გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა  გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე“.

უსარგებლო პანდუსისთვის დახარჯული ფული

 

კულტურის ცენტრის გარდა შპს „საბა-555-მა“ პანდუსები ქედის მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში: დაბა ქედის, პირველ მაისის, ახოს, გოგიაშვილების, მერისისა და ვაიოს საჯარო სკოლებში მოაწყო, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1905 ლარი დაიხარჯა.

 

ქედის გამგეობის კომისიამ ობიექტები ისე ჩაიბარა, არ გადაუმოწმებია, რამდენად აკმაყოფილებდა მოთხოვნას პანდუსები. მიღება-ჩაბარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ კი ახლადმოწყობილი პანდუსების მოსაპირკეთებლად ქედის გამგეობამ 2 330 ლარი გამოყო და ტენდერი ისევ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას საჯარო სკოლებში გაკეთებულ პანდუსებზე ბეტონის ფილები უნდა დაეგო, ქედისა და გოგიაშვილების საჯარო სკოლისა და ქედის კულტურის სახლის პანდუსებზე კი, ლითონის მოაჯირები დაემონტაჟებინა.

 

22 სექტემბერს გამოცხადებულ ტენდერში ისევ შპს „საბა-555-მა“ გაიმარჯვა და ხელშეკრულება მასთან 1974 ლარზე გაფორმდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, ამ დრომდე არც ბეტონის ფილა დაუგია და არც ლითონის მოაჯირები გაუკეთებია.

 

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ, რადგან კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მას თანხა არ ჩაერიცხა და ქედის გამგეობამ კომპანია შავ სიაში ჩასვა.

 

„უპატიოსნო აღმოჩნდა მშენებელი, არ შეასრულა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები და ეს კომპანია ქედაში სხვა სამუშაოს ვეღარ შეასრულებს – შავ სიაში ირიცხება. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გააკეთა მოსაცდელი და სამუშაოებში თანხა არ გადაუხადა დასაქმებულებს. რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესების საკითხს, არ ვაპირებ ვიღაცამ სამუშაოები არ შეასრულა და ეს ასე დავტოვოთ, პანდუსები ისე გაკეთდება, როგორც პროექტითაა გათვლილი. გარდა ამისა, ევროსტანდარტის შესაბამის პანდუსს პარკშიც გავაკეთებთ და გამგეობის შემოსასვლელშიც. მე არ ვამბობ, რომ კულტურის ცენტრის შენობაზე გაკეთებული პანდუსი სტანდარტს აკმაყოფილებს, მაგრამ იმ პირობებში სხვანაირად ვერც გაკეთდებოდა“, – ამბობს გამგებელი.


„ბათუმელებმა“ შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის შავ სიაში კომპანია „საბა-555“ ვერ აღმოაჩინა. კომპანიის დირექტორს, ვაჟა ანანიძეს კი, მითითებული ნომერი გამორთული აქვს.

 

ბათუმის ბულვარში ვეტერანები ერთმანეთს დარტსში შეეჯიბრებიან

 

ვეტერან ქალთა – 50 წელს გადაცილებულები და მამაკაცთა – 60 წელს გადაცილებულები,  რეგისტრაცია 4 აპრილს, 11:00 საათიდან დაიწყება. დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ბათუმელსა და ქალაქის სტუმარს.


საქალაქო პირადი პირველობა დარტსში მიზნად ისახავს აჭარაში ახალი სპორტის სახეობის დანერგვასა და პოპულარიზაციას, ვერეტანებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მათ კიდევ უფრო დამეგობრებას. 

გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.


აღნიშნული ღონისძიება აჭარაში პირველად იმართება. 

შეაგროვე ლეგენდები აჭარაში – ახალი პროექტის პრეზენტაცია

 

ციალა ქათამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი და სულხან დუმბაძე - აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი
ციალა ქათამიძე -არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი და სულხან დუმბაძე – აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი

„პროექტი აჭარის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას – კულტურული ტურიზმის განვითარებას ეხება. წლების განმავლობაში დავდიოდით მაღალმთიანეთში და წავაწყდით ბევრ საინტერესო ლეგენდას. გადავწყვიტეთ, რომ ეს ისტორიები, ლეგენდები შევაგროვოთ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებით. გვინდა გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და  ყველა მსურველს. გვინდა, ამ ადამიანებმა მოგვითხრონ მათი სოფლის ისტორია და ლეგენდები ნებისმიერი გზით, შეუძლიათ ჩაიწერონ ტექსტი, ვიდეოები, ფოტოები გადაიღონ და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების დახმარებით ჩვენ შევარჩევთ ისტორიებს, რომლებსაც კრეატიულად შევფუთავთ და ვებგვერდზე განვათავსებთ“ – აღნიშნა ციალა ქათამიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეეცდებიან აჭარის ყველა სოფელში დაცული ლეგენდა მოიძიონ და განათავსონ ვებგვერდზე, სადაც ასევე იქნება  განთავსებული ინტერაქტიული რუკა და ყველა მსურველს შეეძლება მისდიოს ლეგენდებს ვებგვერდის დახმარებით. ვებგვერდზევე განთავსდება ფოტო და ვიდეომასალაც. ვებგვერდზე – www.geolegends.ge – განთავსებულ რუკას ასევე ექნება თემატური საძიებო სისტემა და შინაარსობრივი თემატიკით ლეგენდების მოძიებისა და გაცნობის შესაძლებლობასაც შექმნის. თითოეული ლეგენდა წარმოდგენილი იქნება სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

 

პროექტის პირველ ეტაპზე, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდება კონკურსი, სახელწოდებით: ,,გააცოცხლე წარსული – მომავლისათვის“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს გამოიკვლიონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორია, მოიძიონ თავიანთ სოფლებში შემორჩენილი თქმულებები, აიღონ ინტერვიუები უხუცესი ადამიანებისგან, მცირე ესეების სახით აღწერონ საინტერესო ლეგენდები, თან დაურთონ მათ მიერ გადაღებული ფოტოები და წყაროების მითითებით გამოაგზავნონ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  

 

ახალგაზრდების მიერ გამოგზავნილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები.

 

ისტორიკოსებთან და ეთნოგრაფებთან ერთად დეტალურად იქნება შესწავლილი აღნიშნული თემატიკა და განისაზღვრება „სამიზნე გეოგრაფიული არეალი“ ანუ აჭარის ის კონკრეტული სოფლები, სადაც განხორციელდება საველე გასვლები და მოხდება საინტერესო ხალხური ლეგენდებისა და თქმულებების უკვე დეტალური ფორმით ფიქსირება.

 

ციალა ქათამაძის თქმით, პროექტი აგვისტოში დასრულდება, ორგანიზაცია კი უკვე იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს უმაღლეს სასწავლებლებში და ინფორმაციის გავრცელებას აჭარის სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში.  



 

 

 

ბრუცელოზის საფრთხე და პრევენცია აჭარაში

 

მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი. დაავადების ლიკვიდაციისთვის კი პრევენციული ღონისძიებების გატარება და ვაქცინაცია აუცილებელია. ვეტერინარების თქმით, ამ დაავადებასთნ ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, შესაბამისად, ცხოველთა სრულყოფილი გამოკვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადების თავიდან ასაცილებლად საქართველოში პირუტყვს ვაქციანცია არ უტარდება, უფრო მეტიც, ვაქცინა საქართველოში არ იყიდება.

 

ბრუცელოზი პირუტყვის დაავადებაა, მაგრამ დაავადების ეს სახეობა ადამიანს დაავადებული საქონლის რძის ნაწარმის ან ხორცის მიღებით გადაეცემა.

 

2014 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბრუცელოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დაავადების სიხშირით აქ სოფლები – დიდაჭარა და ღორჯომი გამოირჩევა. აჭარის ამ სოფლებში ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და აქ დამზადებული რძის ნაწარმით ბათუმის ბაზარი მარაგდება, ბაზრის დახლებზე კი, რძის პროდუქტები უკონტროლოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე იყიდება.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გასულ წელს გამოკვლეული 1 248 პირუტყვიდან 92 რქოსანს აღმოაჩნდა ბრუცელოზი.
ის ფერმერები, რომელთა პირუტყვსაც ეს დაავადება აღმოაჩნდა, ამბობენ, რომ ინფიცირებული საქონელი დაკლეს. დაავადებული საქონლის ხორცი ზოგიერთმა ე.წ. გადამყიდველებს მიყიდა, ზოგიერთმაც თავად მოიხმარა. ყველა მათგანი ასევე ამბობს, რომ დაავადების შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები. აქვე იმასაც აღნიშავენ, რომ ძროხის დაკვლით იზარალეს, სახელმწიფომ კი, მათ ზარალი არ აუნაზღაურა.

 

სოფელ ღორჯომში მცხოვრები მარო ირემაძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, ვინც იძულებული გახდა ამ დაავადების გამო მარჩენალი ძროხები დაეკლა.

 

„10 ძროხა მყავდა. შეამოწმეს და მითხრეს – ხუთი ძროხა დაავადებულია და დაკალიო. დავკალი, ძალიან კი ვიზარალე. მაშინ, როცა კილოგრამი ხორცი 8-9 ლარი ღირდა, მე მხოლოდ 6,50 ლარი გადამიხადეს. ვერ გავყიდე, ხორცი არ გამატანეს, მათ კი მხოლოდ ეს თანხა გადამიხადეს“, – ამბობს დიასახლისი.

 

მაროს თქმით, ხორცი ადგილზე უცნობმა ადამიანებმა ჩაიბარეს. მან არც ის იცის, სად წაიღეს გასაყიდად დაავადებული საქონლის ხორცი.
„არ ვიცი, სად გაიყიდა და ვინ იყიდა. მას შემდეგ, რაც სოფელში ძროხები დავკალით, დაზარალებულმა ოჯახებმა გამგეობას მივმართეთ დასახმარებლად, ვუთხარით ჩვენი გასაჭირი, მაგრამ არავინ დაგვეხმარა“, – ამბობს მარო.

 

ერთ-ერთი რესპონდენტი პრობლემის შესახებ მას შემდეგ გვესაუბრა, როცა ანონიმურობის გარანტია მიიღო. ამ ოჯახის მამაკაცმა იცის, სად წავიდა მისგან წაღებული დაავადებული ხორცი. „12 სული პირუტყვი მყავდა, აქედან უმეტესი მეწველი ძროხა იყო, რძის ნაწარმსაც ვყიდდით. მას შემდეგ, რაც საქონელს სინჯები აუღეს, 12-დან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა ბრუცელოზი, ხომ არ გადავაგდებდი – ახალი წელი მოახლოებული იყო, დავკალი და ნათესავმა ბათუმის ცენტრალურ ბაზარში გამიყიდა“.

 

დიდაჭარელი ჯამბულ შავაძე კი ამბობს, რომ ბრუცელოზი მისი ძროხის გარდა სოფელში სხვა ძროხებსაც დაუდგინეს, დაავადებული ძროხა ვეტერინარების რჩევით ხელთათმანებით დაკლა, მეზობლებმა კი სისხლი ხელახლა აუღეს ძროხებს: გადამოწმების გზით დადგინდა, რომ ზოგიერთ პირუტყვს ეს დაავადება არ დაუდასტურდა და ოჯახებიც ზარალს გადაურჩნენ.

 

„დაავადების გამოვლენიდან მესამე დღეს დავკალი ძროხა, როგორც მირჩიეს, ხორცის ნაწილი გავყიდე, ნაწილი დავიტოვე და ნაწილიც ნათესავებს ვაჩუქე, იმხელა თოვლი იყო, წაღებაც რომ მდომოდა, სხვაგან ვერ გადაიტანდი. გვითხრეს, როგორ უნდა დაგვემუშავებინა ხორცი, საკვებად რომ გამოგვეყენებინა. შემდეგ თითქოს ჩემი მეზობლების ძროხებსაც დაუდგინეს ბრუცელოზი, მაგრამ სინჯები ქუთაისში ჩაიტანეს. ზოგიერთ პირუტყვს, რომელსაც ბრუცელოზი დაუდგინდა, დაავადება არ აღმოაჩნდა“, – ამბობს ჯამბული.

 

ჯამბულის თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა დაავადებული პირუტყვი დაკლა, ვეტერინარებმა ბოსელს დეზინფექცია ჩაუტარეს.
ბრუცელოზი გამოვლენილია აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ქედის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ სოფელში გამოკვლეული 306 პირუტყვიდან ბრუცელოზი 18 პირუტყვს აღმოაჩნდა; შუახევში დაავადების შემთხვევები შედარებით მცირეა და გამოკვლეული 321 პირუტყვიდან დაავადება შვიდს დაუფიქსირდა; რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, 306 პირუტყვიდან – 18-ს, ხოლო ბათუმში 171-დან 12-ს აღმოაჩნდა დაავადება.

 

ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა სახელმწიფომ წელს შეიმუშავა. დოკუმენტს ხელი 2015 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მოაწერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, სტრატეგიულ გეგმაში ბრუცელოზთან ბრძოლის მექანიზმები გაწერილია.

 

„აქ მოიაზრება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მექანიზმი, ვაქცინის შერჩევა, რომელიც აპრობირებულია ევროპისა და მოწინავე ქვეყნებში“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.

 

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიულ გეგმაში, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საუბრობს, კონკრეტული სამუშაოები გაწერილი არ არის. მისი თქმით, უკეთესი იყო სახელმწიფოს ვაქცინაციის ვალდებულება საკუთარ თავზე არ აეღო და რძისა და ხორცის პროდუქციაზე კონტროლი თავიდანვე გაემკაცრებინა.

 

„ბრუცელოზთან ბრძოლის კონკრეტული სტრატეგიული გეგმა არ არსებობს, მხოლოდ არის სურვილი, რომ დავიწყოთ ამ კუთხით მუშაობა, რაც შეეხება ვაქცინაციას, ვფიქრობ, ბრუცელოზის ვაქცინაციის ვალდებულება სახელმწიფოს არ უნდა აეღო საკუთარ თავზე, ეს ფერმერის საქმეა – სწორედ ფერმერი უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარი მეურნეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებით. ადრე რომ დაგვეწყო რძის პროდუქციის კონტროლი, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა. დაახლოებით ხუთი წლის წინ ერთ-ერთ კომპანიას შემოჰქონდა ვაქცინა და ფერმერი საფასურს თვითონ იხდიდა. ნიადაგი დაავადებასთან საბრძოლველად მომზადებული იყო, პროცესში ფერმერიც იყო ჩართული, მხოლოდ სახელმწიფოს კონტროლიღა იყო საჭირო, მაგრამ არ გამოვიდა“, – ამბობს რუსუდან გიგაშვილი.

 

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის თქმით, აპრილის შუა რიცხვებში თბილისს ბუდაპეშტიდან სამუშაო ვიზიტით ბრუცელოზის დაავადების ექსპერტები ეწვევიან, მისივე თქმით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაავადებასთან ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

 

„FAO-ს ბუდაპეშტის ოფისის ბრუცელოზის დაავადების სპეცილისტები ჩამოვლენ თბილისში, ქართველ ექსპერტებთან ერთად გადაწყვეტენ იმ ღონისძიებების გეგმას, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული და აღმკვეთი ღონისძიებისთვის“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე და დასძენს, რომ ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი ცხოველთა გამოკვლევას, იდენტიფიცირებას, სისხლის ანალიზის აღებას და შემდგომი პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს. მისივე თქმით, დაავადებულ პირუტყვს ფერმერი ვერ დაკლავს, ის სასაკლაოზე დაიკვლება და მისი რეალიზაციის საკითხსაც ექსპერტიზა გადაწყვეტს.
„დაავადებული პირუტყვი სანიტარული წესების დაცვით სასაკლაოზე დაიკვლება, ხორცი გამოიკვლევა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იქნება გამოყენებული. ფერმერს შესაძლებლობა არ ექნება, ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი თავად დაკვლას, ექსპერტი გადაწყვეტს ხორცი გაშვებული უნდა იქნას რეალიზაციაში თუ – არა“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.

 

ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, დაავადების სრული ლიკვიდაციისთვის ცხოველთა სრული ვაქცინაცია, პირუტყვთა მონიტორინგი, სადგომების დეზინფექცია და რიგი სხვა სამეურნეო ღინისძიებების გატარებაა საჭირო.

 

„ბრუცელოზთან ბრძოლაში რიგი ღონისძიებების განხორციელებისთვის ერთი-ორი წელი არ არის საკმარისი, ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. რაც შეეხება ფერმერის როლს დაავადებასთან ბრძოლაში, მან უნდა უზრუნველყოს დაავადებული პირუტყვის დაკვლა და პირუტყვის სადგომის იმ დონემდე დასუფთავება, რომ სახელმწიფომ მისი დეზინფექცია მოახდინოს“, – ამბობს ჯამბული.

 

„ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ბრუცელოზისგან თავის დასაცავად მოსახლეობას ურჩევს პასტერიზებული რძე მიირთვან, ოჯახის პირობებში ყველის დამზადებისას კი, რძის ამოსვლიდან 15 წუთით ხარშონ ყველი. მისი თქმით, ყველაზე უსაფრთხო სულგუნია, ყველის დანარჩენ სახეობაში კი დაავადების რისკი მაღალია. ვეტერინარი აქვე გვირჩევს, ხორცი კარგად მოხარშული გამოვიყენოთ. მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, ადამიანში ბრუცელოზი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
„ბრუცელოზს ახასიათებს ცხელება, ტემპერატურა აღწევს 40-41 გრადუსს, შეიძლება ეს გაგრძელდეს 7-10 დღე. აღინიშნება ადინამია, უძილობა, გაღიზიანებადობა, ბოდვა, ტაქიკარდია, ხუთვა, აირების დაგროვება ნაწლავებში, ძლიერი ოფლიანობა და ფაღარათიც კი (მწვავე ფორმა). ახასიათებს ცალკეული კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ქვემწვავე ფორმა), ნევროზი.

 

ბრუცელოზიანი დედების შვილებს შეიძლება გამოყვეთ თანდაყოლილი სიმახინჯეები და ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა. ზიანდება ელენთა, ღვიძლი, საშვილოსნო, სარძევე და სათესლე ჯირკვლები (ქრონიკული ფორმა). ეს ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს მცირედი გამოვლინებებით 1-2 წელიც კი“.

გაცვლითი პროგრამა თურქეთში სტუდენტებისა და დოქტორანტებისთვის

 

Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლას თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სხვა ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებს შორის. Mevlana-ს გაცვლითი პროგრამა ფინანსდება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ.


სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი (მინიმუმ) ან ორი (მაქსიმუმ) სემესტრის განმავლობაში. აკადემიურ პერსონალს შეუძლია ლექციების ჩატარება თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთი კვირიდან (მინიმუმ) სამი თვის განმავლობაში (მაქსიმუმ).


იმისათვის, რომ სტუდენტებმა Mevlana – ში  მიიღონ მონაწილეობა, ისინი უნდა იყვნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტები, უნდა ჰქონდეთ კარგი აკადემიური მოსწრება (ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 2,5 და მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, რომელთა მოსწრების საშუალო ქულაა (GPA) მინიმუმ 3 და ფლობდნენ ინგლისურ ან თურქულ ენას. კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭო დაუნიშნავს ყოველთვიურ სტიპენდიას.


სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ პროგრამაში, არ იხდიან სწავლის გადასახადს მიმღებ უნივერსიტეტში, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან გადაიხადონ გადასახადი მშობლიურ უნივერსიტეტში, თუ ისინი სწავლობენ ფასიან სექტორზე.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

აპლიკაცია;
პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ნიშნების ფურცელი.
ინგლისური ან თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა/სერტიფიკატი)
საბუთების მიღება იწარმოებს 30 მარტიდან – 15 აპრილამდე;


ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 16 აპრილს. დაინტერესებულმა პირებმა 30 მარტიდან რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარებისა სამსახურში. ინგლისური ენის ინსტიტუციური ტესტის ჩაბარება არ მოუწევთ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 

სწავლა საზღვარგარეთ – რაში ეხმარება სამინისტრო სტუდენტებს

 

საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად აჭარის განათლების სამინისტროს შეუძლია მხოლოდ აჭარაში მცხოვრებმა მოქალაქემ მიმართოს. უცხოეთში მაგისტრატურაზე, დოქტორანტურასა და ბაკალავრიატზე სწავლის მსურველები ასაკობრივ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ: სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 21-დან 35 წლამდე, სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 25-დან 45 წლამდე, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი 18-დან 25 წლამდე ასაკის უნდა იყოს.

 

აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ კონკურსში უპირატესობა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულებს მიენიჭებათ, რადგან ამ პროგრამებზე სწავლა უფრო მოკლევადიანია.

 

„როდესაც აპლიკანტს ვუშვებთ და ორი სემესტრის შემდეგ ბრუნდება რეგიონში, მასში ჩადებული ფული უფრო მიზანმიმართულია სამინისტროს მხრიდან“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე, განათლების დეპარტამენტის თანამშრომელი.

 

ერთი სასწავლო სემესტრისთვის გათვალისწინებული თანხა მაქსიმუმ 12 500 ლარია, თუმცა ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ სამინისტრო დაფინანსებას გაუგრძელებს იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური შეფასება ექნებათ.

 

უცხოურ უნივერსიტეტს თავად სტუდენტი ირჩევს. მისივე საზრუნავია უნივერსიტეტში შესაბამის პროგრამაზე ჩარიცხვა, აჭარის განათლების სამინისტრო ამ ნაწილში მხოლოდ რეკომენდაციებს აძლევს მსურველებს. „ჩვენ შეგვიძლია გავუწიოთ რეკომენდაციები, როგორ ჩაირიცხონ, როგორ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, მივცეთ მიმართულებები, მაგრამ უნივერსიტეტი თვითონ უნდა მოიძიოს, თვითონ განსაზღვროს, რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ჩვენ ხელს ვუწყობთ სწავლის დაფინანსებაში და ეს არ არის მხოლოდ სწავლის დაფინანსება, იქედან გამომდინარე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში სწავლა თითქმის უფასოა, სტუდენტს შეუძლია სამინისტროსგან მიღებული თანხა გამოიყენოს საცხოვრებელი ფართობის ქირაში, სასწავლო რესურსის შეძენაში, ტრანსპორტირებაში, სამედიცინო დაზღვევაში და ა.შ. მაგრამ ეს ხარჯვა უნდა იყოს მიზანმიმართული და სემესტრის დასრულების შემდეგ ხარჯების დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინოს სამინისტროში“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე.

 

აჭარის განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულია იმ უცხოური უმაღლესი სასწავლებლების სია, სადაც ჩარიცხულ სტუდენტებს აჭარის განათლების სამინისტრო უპირატესობას მიანიჭებს. ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებია, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო იყენებს. „თუ სტუდენტი ჩააბარებს რომელიმე აღნიშნულ უნივერსიტეტში, მას მიენიჭება პრიორიტეტი შეფასების დროს, მაგრამ თუ სტუდენტმა ჩააბარა უნივერსიტეტში, რომელიც ჩამონათვალში არ არის, მას ასევე შეუძლია მონაწილეობის მიღება კონკურსში, მაგრამ 5-10 ქულით ნაკლები დაეწერება“, – განმარტავს ნინო ნაკაშიძე.

 

უნივერსიტეტების ჩამონათვალში მოცემულია ისეთი ცნობილი უმაღლესი სასწავლებლები, როგორიცაა: ჰარვარდის, სტენფორდის, ოქსფორდისა და სხვა ცნობილი უნივერსიტეტები, სადაც სწავლა ძვირადღირებულია. რამდენად საკმარისია სამინისტროს დაფინანსება ასეთ უნივერსიტეტებში სწავლისათვის?

 

ნინო ნაკაშიძე ამბობს, რომ ბევრ, ძვირადღირებულ, პრესტიჟულ უნივერსიტეტში უცხოელი, წარმატებული სტუდენტებისთვის დაფინანსების პროგრამებიც მოქმედებს და იმ ოთხი სტუდენტიდან, რომელიც გასულ წელს სამინისტრომ დააფინანსა, სამს სწორედ უნივერსიტეტის შიდა გრანტი ჰქონდა მიღებული. „მაგალითად, ერთ-ერთ სტუდენტს, ანა ქასრაშვილს, რომელიც სწავლობს ბერკლიში სამუსიკო მიმართულებით, იმდენად კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდა, რომ უნივერსიტეტმა სწავლის 70 პროცენტი დაუფინანსა. ასევე იყო მეორე აპლიკანტის შემთხვევაშიც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამართლის სკოლაში სწავლობს. თუ აპლიკანტი კარგად შეავსებს სააპლიკაციო ფორმას, კარგი ქულები ექნება, თითქმის ყველა უნივერსიტეტს აქვს შიდა დაფინანსება და სტუდენტს შეუძლია მოხვდეს ძალიან ავტორიტეტულ უნივერსიტეტში, პლუს ჩვენგან ექნება ხელშეწყობა 12500 ლარის ოდენობით, რომელიც შეუძლია დახარჯოს არა მხოლოდ სწავლაში, არამედ სხვა მიმართულებით, რაც სჭირდება მას სწავლის პროცესში“, – ამბობს ნინო ნაკაშიძე.

 

იმისათვის, რომ სამინისტრომ აპლიკანტი დააფინანსოს, ორი საფეხურის გავლაა საჭირო: დოკუმენტაციის წარდგენა და კომისიასთან გასაუბრება, ორივე ტურის შედეგების შეჯამების საფუძველზე კი კომისია, რომელიც 11 წევრისგან შედგება, გადაწყვეტილებას იღებს.
გასულ წელს აჭარის განათლების სამინისტრომ უცხოეთში სასწავლებლად ოთხი სტუდენტი დააფინანსა. აკაკი ბერიძე, რომელიც ილინოისის ტექნიკური უნივერსიტეტის ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის (აშშ) მაგისტრანტია, ანა ქასრაშვილი – ბერკლის სამუსიკო კოლეჯის (აშშ) მაგისტრანტი, ზურაბ თანდილავა – ფრიდრიხ ალექსანდერის ერლანგენ – ნიურბერგის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის (გერმანია) სტუდენტი და ერეკლე მუჯირი, ჯონ კაბოტის უნივერსიტეტის (იტალია) მარკეტინგის ფაკულტეტის სტუდენტი.

 

სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ბათუმში

 

სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივი პროექტის – „სამართლებრივი განათლების პროგრამა“ ფარგლებში, ბათუმის საჯარო სკოლებში რამდენიმე თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ტარდება. გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს, რაც მოსწავლეებს უადვილებს სამართალდამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სწორ და ეფექტურ აღქმას. შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს პერმანენტულად ატარებენ, აღნიშული პროგრამისთვის ტრენინგების მეშვეობით სპეციალურად არიან გადამზადებული.


პროექტი მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების, პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას და მოზარდებში დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა – ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება.


აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები ამ დროისთვის თბილისის, ახალციხის, რუსთავის და ქუთაისის 20 საჯარო სკოლაში ტარდება.

 

ბათუმში რეფერენდუმის და პირველი პრეზიდენტის დაბადების 76-ე წელი აღნიშნეს

 

 

შეხვედრის მონაწილეებმა,  ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ზვიად გამსახურდიას წვლილზე და რეფერენდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

„მართლაც განუზომლად დიდია ზვიად გამსახურდიას როლი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში და სახელმწიფოს  დამოუკიდებლობის აღდგენაში. მის სახელს უკავშირდება საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქემ მისცა ხმა, მათ შორის ჩვენმა აფხაზმა და ოსმა ძმებმაც.  ამიტომ,  ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ვალია, გავიხსენოთ ზვიად გამსახურდიას სახელი და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“.   

 

შეხვედრის მონაწილეებმა  ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საკითხზეც გააკეთეს აქცენტი:

 

„2011 წელს, საქართველოს პარლამენტთან შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ ზვიად გამსახურდია მოკლულია, თუმცა, ამ დანაშაულისთვის პასუხი არავის მოეთხოვა“.

 

 

 

სან დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების პრეზენტაცია ბათუმში

ათასწლეულის კორპორაციამ საქართველოს განათლების პროექტის ფარგლებში 140 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო გრანტის სახით,  ამ პროექტის ფარგლებში ხორციელდება აღნიშნული პრიექტიც.

უნივერსიტეტის პროფესორმა კენ უოლშმა, დღეს სწორედ ამ პროგრამების პრეზენტაცია გამართა.  პროგრამების განხორციელებას სან დიეგოს უნივერსიტეტი მომავალი წლიდან იწყებს საქართველოში.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეს ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა რომ  სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა 20-წლიანია და პროექტი ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

სან-დიეგოს უნივერსიტეტი 1897 წელს დაარსდა,  რომელიც ძირითადად საინჟინრო ტექნოლოგიური პროგრამებით არის გამორჩეული.  უნივერსიტეტში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვლევებს და როგორც პროფესორმა აღნიშნა, მარტო გასულ წელს, უნივერსიტეტმა 150 მილიონზე მეტი დოლარი მოიძია კვლევებისთვის. „უნივერსიტეტში ძალიან პოპულარულია ამერიკაში, წელს 84 ათასი განაცხადი შემოვიდა ადგილი კი მხოლოდ 6 ათასი იყო“-აღნიშნა კენ უოლშმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, გარდა აღნიშნული პროექტისა, უზრუნველყოფს სოციალური და გენდერული ასპექტების, გარემოსდაცვითი და სოციალური გრანტების, მდგრადი განვითარების საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების ინტეგრაციას და განხორციელებას  საქართველოში.

Tbilisi JAM! Fest 2015 – როკ-ფესტივალი ძალადობის წინააღმდეგ

 

 

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როკ-ჯგუფები მსოფლიოს 11 ქვეყნიდან. 24 აპრილს მსმენელის წინაშე წარსდგება შვედური ჯგუფი DEAD BY APRIL და THE FADING ისრაელიდან. 25 აპრილს DIARY OF DREAMS გერმანიიდან, ხოლო 26 აპრილს ჯგუფი СЛОТ რუსეთიდან და VADER პოლონეთიდან.


გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობენ: HIGHLAND [აშშ], DJ & VJ INDIAN [თურქეთი], DISMORIAL [Georgia], TAEKKRA [გერმანია]. DUCKTAPE [საქართველო], THE JETBIRD [საქართველო], PERFECT LEGACY [სომხეთი], SILENCE LIES FEAR [აზერბაიჯანი], STORMY ATMOSPHERE [ისრაელი], SCRATCH THE FLOOR [საქართველო], DIVAHAR [სომხეთი], ILLUMINATED [საქართველო]. P.I.LIGHT [საქართველო], NAIRI [სომხეთი] და სხვები.


ფესტივალი სამი დღის განმავლობაში ე.წ. ნონ–სტოპ რეჟიმში გაგრძელდება – დღის 3 საათიდან ღამის 12 საათამდე მსმენელის წინაშე წარსდგებიან ცოცხალი შემსრულებლები, ხოლო ღამის 12 საათიდან დილამდე ფესტივალზე ელექტრონულ მუსიკას მოუსმენენ. 


 

 

ორგანიზატორების შეფასებით, ფესტივალის ტერიტორიაზე, სამხრეთ კავკასიის ”მუსიკალური დედაქალაქი” მოეწყობა: გასართობი ზონები, ბაიკერების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, სპორტული შეჯიბრებები და კონკურსები, lounge-ზონა დასასვენებლად და ღამის დისკოთეკები. მსმენელებისთვის მოეწყობა ავტოგრაფ-სესიები ფესტივალში მონაწილე ჯგუფებთან.


გარდა ამისა ფესტივალის ტერიტორიაზე იქნება უფასო, დაცული კემპინგ-ზონა, სადაც მსურველებს ფესტივალის სამივე დღის განმავლობაში შეეძლებათ დარჩენა.

  

ფესტივალის ერთ დღეზე დასასწრები ბილეთის ფასია – 26 ლარი (კონცერტის დღეებში – 35 ლარი), კომბინირებული ანუ სამი დღის ბილეთის ფასი კი 55 ლარია. მათი შეძენა შესაძლებელია მუსიკალურ მაღაზია “ტიტანში” (ათონელის 29, “მშრალ” ხიდთან), 10 საათიდან 19 საათამდე (კვირას – 17 საათამდე). ელექტრონული ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია შემდეგ ბმულზე


ფესტივალის ორგანიზატორია როკ მუსიკის ნაციონალური ასოციაცია RMNA, რომელიც 2007 წელს შეიქმნა და რომელიც სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებს კავკასიის რეგიონსა (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) და თურქეთში. 



 

რა შეიცვალა სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგიაში

 

ახალი მეთოდოლოგიის თანახმად, ქულის განსაზღვრისას აღარ გაითვალისწინებენ ოჯახში შემდეგი საყოფაცხოვრებო ნივთების არსებობას: საბჭოთა ავტომობილები, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, წყლის გამათბობელი ავზი, გაზის წყლის გამათბობელი, გაზის გამათბობელი, ვიდეო ან ციფრული ფოტოკამერა, ვიდეომაგნიტოფონი ან DVD ფლეერი, დენის გენერატორი, კონდიციონერი, სამზარეულოს კომბაინი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გათბობისა თუ ცხელი წყლით მომარაგების ინდივიდუალური სისტემა. სააგენტოს ინფორმაციით, სტატუსის განსაზღვრისას ახალი მეთოდოლოგია ორიენტირებული იქნება ოჯახების შემოსავლებზე ან მხოლოდ შემოსავლის მომტან ქონებაზე და სოციალურად დაუცველის სტატუსის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს დამატებითი ბინა, მიწის ნაკვეთი სახნავ-სათესად და ა.შ.

 

სტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგიის გარდა, იცვლება შემწეობის გაცემის სისტემაც, კერძოდ კი, ქულათა მაჩვენებელი ხუთ კატეგორიად დაიყო. თუ აქამდე შემწეობის გასაცემად მაქსიმალური ქულა 57 000 იყო, ახლა მას კიდევ ორი ჯგუფი 60 000-მდე და 65 000-მდე ქულის მქონე ოჯახები დაემატება. გარდა ამისა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის გაიოზ თალაკვაძის თქმით, იქნება კიდევ ერთი ჯგუფი 65 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ოჯახებისა, რომლებიც უფრო დაბალი ქულის მქონე ოჯახების მსგავსად, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 10- ლარიან დანამატს მიიღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კატეგორია არ იქნება ბენეფიტის მიმღები.

 

გაიოზ თალაკვაძე ამბობს, რომ შემწეობის გაცემისას მოხდება სოციალურად დაუცველების დიფერენცირება, ანუ ქულების მიხედვით რამდენიმე ჯგუფად დაყოფა. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტად გაჭირვებული ოჯახები, მეტ დახმარებას მიიღებენ. ოჯახებს, რომლებსაც 30 000-მდე ქულა ექნებათ, 60 ლარი დახმარება დაენიშნებათ, 60 000 – 65 000 ქულის მქონე ოჯახები კი 30 ლარ დახმარებას მიიღებენ. ასევე, ამჟამინდელი მეთოდისგან განსხვავებით, როცა ოჯახის პირველი წევრი 60 ლარს იღებს და დანარჩენი – 48 ლარს, ახალი მეთოდით ოჯახის ყველა წევრი ყველა დონეზე თანაბარ დახმარებას მიიღებს.

 

ოჯახები, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი და იღებენ დახმარებას, 2015 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მათ მიერ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით გადამოწმდებიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ეს 120 000-ზე მეტი ოჯახია, ამიტომ მათ გადამოწმებას დრო დასჭირდება და პროცესი, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველი კვარტალისთვის დასრულდება.

 

იმ ოჯახებმა, რომელთაც წარსულში მაღალი ქულები მიენიჭათ და ახალი მეთოდით სურთ შეფასება, ხელმეორედ უნდა დაწერონ განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოში.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს წინასწარი გათვლით, ახალი მეთოდოლოგიის ამუშავება რამდენიმე ასეული ათასით გაზრდის სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოსახლეობას.

 

სტატუსის მინიჭების ახალ მეთოდზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) დაახლოებით ორი წელი მუშაობდა.

გია სურამელაშვილი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იმღერებს

 

როგორ შეარჩიეს ფესტივალში მონაწილე მომღერლები? მუსიკალური ცენტრის თანამშრომლის, აიდა აბუსერიძის განცხადებით, გია სურამელაშვილის ჩამოყვანა მსმენელის გემოვნების გათვალისწინებით გადაწყდა.

 

„ეს კონცერტი ტარდება ტრადიციული ფესტივალების ფარგლებში. ახლა გაზაფხულის ფესტივალი მოდის და ამის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე კონცერტი. მათ შორის გია სურამელაშვილის. მაყურებლის გემოვნებაზე მოხდა გათვლა, სხვადასხვა მსმენელია და ეს გავითვალისწინეთ“, – აცხადებს ის.  

 

რა თანხაა გამოყფილი ბიუჯეტიდან „გაზაფხულის ფესტივალისთვის“, გია სურამელაშვილის გარდა კიდევ რომელი მომღერლების კონცერტი გაიმართება და რა ჰონორარია მათთვის გათვალისწინებული? – ამის შესახებ ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის წარმომადგენლებს ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვთ.

 

„ჩვენ  6 ან 8 აპრილს გვექნება პრესკონფერენცია და ამ კითხვებზე პასუხს მაშინ მოგაწვდით“, – ამბობს ცენტრის  პიარ-ხელმძღვანელი სალომე ცეცხლაძე. 

დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლეებისთვის შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

 

„დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი საკადრო პოლიტიკაზე

რაულ თავართქილაძის განცხადებით, აჭარაში ძალოვანი უწყებების თანამდებობზე  თბილისიდან 15 კადრი დაინიშნა, რაც მისი თქმით, დისკრიმინაციული პოლიტიკაა.

„აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი  ბესიკ  ამირანაშვილი თბილისიდან დანიშნეს. მის მოადგილედ მირიან თოფურიძეც დაინიშნა, რომელიც ასევე თბილისელია. არაადგილობრივი კადრები არიან,  ბათუმის სამმართველოს უფროსი ლაშა გოგინაშვილი, ქობულეთის სამმართველოს უფროსი ზაქარია გურჩიანი, ხელვაჩაურის სამმართველოს უფროსად კვილცეცხლაშვილი და კიდევ სხავ თანამდებობის პირები, ვფიქრობ, ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა “- აცხადებს, რაულ თავართქილაძე.

რაულ თავართქილაძის თქმით, პატრულის თანამშრომლებს ახალმა უფროსმა გეგმაც დაუწესა: „დღეში მინიმუმ 20 ოქმი უნდა დაიწეროს, რაც აისახა კიდეც ჯარიმებზე“- აცხადებს ის.

„ეს მარტივია-იზრუნე გარემოზე“ – ფლაერები მოქალაქეებისთვის

 

 

ზვიად ჩიხლაძემ ქუჩებში საინფორმაციო ფლაერები დაარიგა, სადაც გარდა ჯარიმების ოდენობისა, მითითებულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელი ხაზის ნომერი – 153. მოქალაქეებს საშუალება აქვთ გარემოს დანაგვიანების ფაქტის დაფიქსირებისას ცხელ ხაზზე შეტყობინება დატოვონ, რაზეც დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ჯგუფი დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

 

ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ახალი რეგულაციები ძალაში მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შევიდა.  

 

 

ფლეიერების დარიგებისას

დაპირისპირება ქედის საკრებულოში: “ამას უყურე ერთი!“

სიტყვიერი დაპირისპირება “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დეპუტატს ბაქარ ბარამიძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გურამ ანანიძეს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა გურამ ანანიძემ ბაქარ ბარამიძეს წინა მოწვევის საკრებულოს მუშაობა შეახსენა.

„რას შედარებას მეუბნები, რა გაქვს გაკეთებული, კაი რა ახლა, გაჩუმდი ძალიან გთხოვ…..გაჩუმდი-მეთქი გეუბნები…“ –  ამ სიტყვებით მიმართა ბაქარ ბარამიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გურამ ანანიძეს.

ანანიძემ დეპუტატს ურჩია „ადამიანურად მოქცეულიყო“: „შენს გარდა შეურაცმყოფელი სიტყვებით იჭიმება აქ ვინმე?! ვერ გევიგე, რა გამიხდი იმისთანა, ადამიანი ხარ და ადამიანურად მოიქეცი!“

ბაქარ ბარამიძე: „ შენ გეშლება რაღაც ლაპარაკი… რა უნდა გელაპარაკო შენ… რომელი იყობ შერაცხმყოფელი სიტყვა, გეკითხები? რომელი იყო-მეთქი? ცოტა ხმა ჩაიგდე, მე შენ გეუბნები, ამას უყურე ერთი!“

გურამ ანანიძე: “მიყურე მერე!“

ბაქარ ბარამიძე: „რა უნდა გიყურო, მაგარი შესახედავი ხარ, რომ გიყურო!“

ამის შემდეგ ბაქარ ბარამიძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა.  გურამ ანანიძემ კი განაცხადა, რომ დეპუტატს „სერიოზულ პრობლემებს“ შეუქმნიან: „ბევრ შეცდომას უშვებს მაგი და სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით“.

 „საკრებულოს დარბაზში როცა ვართ საკრებულოს წევრები, პირველ რიგში იმ სივრცეს უნდა ვსცეთ პატივი და საკითხი ისე დაისვას, რომ შეურაცხყოფა არავის მიაყენო, ეს არ უნდა იყოს პირადი ანგარიშსწორების ადგილი, ან კიდევ ვიწრო პარტიული ნიშნით რაიმეს გარჩევა“ – განაცხადება საკრებულოს წევრმა უშანგი ბერიძემ „ბათუმელებთან“.

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე კი ამბობს, რომ ჩხუბი და კამათი პარლამენტშიც კი ხდება და აქ გასაკვირი არაფერია:  „ჩხუბი და კამათი პარლამენტშიც ხდება და აქ თუ მოხდება მერე რა მაგით? მე არ გამიგია შეურაცმყოფელი სიტყვები, შეგინება და ზედმეტი რამე არ ყოფილა, საქმეზე კამათი იყო და იქნება ყოველთვის“ –  აცხადებს ქედის საკრებულოს თავმჯდომარე.  

 


ოთხჯერ ჩაშლილი ტენდერი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების დამონტაჟებაზე

 

შპს „ელიტ პროდაქშენის“ დირექტორი რუსლან ირემაძე ამბობს, რომ „სანდასუფთავებამ“ მისი კომპანია არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო დაიწუნა. „ხიდები, გზები და რაღაც არხები მაქვს სოფლებში გაკეთებული და ვფიქრობ, შევძლევდი კონტეინერების დამონტაჟებასაც“, – გვეუბნება ის. 

 

„სანდასუფთავების“ ხელმძღვანელი დავით ასამბაძე „ბათუმელებთან“ ამბობს: „ოთხჯერ ჩავარდა და ხელახლა გვაქვს გამოცხადებული. ჩაშლის მიზეზი ის იყო, რომ არც ერთი განცხადება რა შემოვიდა. თუ კიდევ არ გამოჩნდა მსურველი, რა უნდა  ვქნათ, კიდევ უნდა გამოვაცხადოთ“.

 

ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლებიც მიწის ქვეშ უნდა დამონტაჟდეს, „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელის თქმით, ანტისეპტიკური მასალითაა დამზადებული და გარემოს არ აზიანებს. მისი განთავსება ძირითადად ხიმშიაშვილის დასახლებაში იგეგმება. 50 კონტეინერი გასულ წელს შეისყიდეს, რაშიც 455 ათასი ლარი დაიხარჯა. ერთი კონტეინერის ფასი 9100 ლარია.

 

კონტეინერების დამონტაჟების სატენდერო ფასი 65 ათასი ლარია.  მეხუთედ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 1 აპრილს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება.

მარინე გიორგაძეს – გილოცავთ!

 

მარინე გიორგაძე
მარინე გიორგაძე

გვინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატოთ მის მიმართ, ვუსურვოთ ჯანმრთელობა და შემდგომი წინსვლა, ასევე საჯაროდ გამოვთქვათ ჩვენი გულწრფელი დამოკიდებულება და გვინდა ვუამბოთ ჩვენი ქალაქის საზოგადოებას, მისი წვლილის შესახებ როგორც უნივერსიტეტის ასევე, ქალაქის, ქვეყნის, კულტურულ საგანმანათლებლო ცხოვრებაში.

მარინე გიორგაძე თითქმის სამი ათეული წელია მოღვაწეობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის წარმატებით ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობს სტუდენტებსა და კოლეგებში, როგორც აკადემიური დონის ინტელექტუალი, პროფესიონალი, გულისხმიერი კოლეგა, შესანიშნავი დეკანი და საიმედო მეგობარი. ნიჭიერებით, გამჭრიახი გონებით, დახვეწილი იუმორით, უშუალობითა და გაწონასწორებული ხასიათით გამორჩეულ ქალბატონს არასოდეს ღალატობს ზომიერების გრძნობა, პრინციპული, უაღრესად შრომისმოყვარე და ობიექტურია.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მარინე გიორგაძის ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭი. მისი ხელმძღვანელობით არაერთი საინტერესო და მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიება ჩატარებულა უნივერსიტეტში, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციე-ბი – „ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში“ და ორი სიმპოზიუმი ლექსიკოლოგიაში.

მარინე გიორგაძე 30-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის, მონოგრაფიისა და რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია. ის ათი მოგებული საგრანტო პროექტის ავტორი და მონაწილეა, ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში. ქალბატონმა მარინემ დიდროს სტიპენდიით სტაჟირება გაიარა საფრანგეთში. მისი ძალისხმევით უნივერსიტეტში გაიხსნა ნეოგრეცისტიკის კაბინეტი, რომელიც მდიდარია ანტიკური ლიტერატურით.

მარინე გიორგაძეს კარგად იცნობენ და დიდ პატივს სცემენ ქართულ და უცხოურ სამეცნიერო წრეებში. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ  ის არის ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს კავშირის გამგეობის წევრი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის – IEMC-UNESCO (Intercultural Euro-Mediterranean Center (IEMC) for Unesco), – ვიცე-პრეზიდენტი.

რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ქალბატონი მარინე გიორგაძე, იქნება ეს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერთი რამ ცხადია, ის ერთ-ერთი თვალსაჩინო სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეა, რომელიც ქვეყნის, ჩვენი ქალაქისა და უნივერსიტეტის ღირსეული წარმომადგენელია.

ევროპეისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები

SMS და ვიდეო ზარის სერვისის პრეზენტაცია ბათუმშიც გაიმართება

 

პროექტის პრეზენტაციაზე

 

 

 

ახალი სერვისი, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ხელს შეუწყობს სმენადაქვეითებული პირების დამოუკიდებლობას და ინტეგრაციას საზოგადოებაში. მსგავსი კომპლექსური მომსახურება – SMS და ვიდეო ზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაშია დანერგილი. 

 

112-ის ახალი მომსახურება, როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.  

 

დღევანდელ პრეზენტაციაზე, რომელიც აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში 12 საათზე გაიმართება წარმოდგენილი იქნება დეტალური ინფორმაცია 112-ის ახალი სერვისის შესახებ, მათ შორის, ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალები, რომლებიც მარტსა და აპრილში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება. პრეზენტაციის დროს სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების გამართულობა.

 

112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, 112“-ის უფასო SMS და ვიდეო ზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge. ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში აქვთ შესაძლებლობა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მიმტანების გადამზადება დაიწყო

 

2015 წლის ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში არსებული ტურისტული ობიექტების თანამშრომელთა გადამზადების კურსებს სერვისის სამი მიმართულებით ახორციელებს. ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ რეგიონის ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს, განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებსა და მენეჯერებს.


დეპარტამენტის ცნობით, წელს პირველად გადამზადების კურსებში ჩართული არიან ტურისტული კომპანიები. ტრენინგი ტურისტული ობიექტების მენეჯერების როგორც მმართველ, ასევე საშუალო რგოლს ჩაუტარდებათ. ამ ეტაპზე სულ 155 კადრი გადამზადდება.

“რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში”

 

მალხაზ ნაკაშიძე
მალხაზ ნაკაშიძე

 3 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს. რამდენი ხნით ირჩევენ მოვალეობის შემსრულებელს და თქვენი ინფორმაციით, ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი? შეიძლება თუ არა კანდიდატები იყვნენ რექტორის არჩევნებში მონაწილე პირები, მათ შორის თქვენც? 


კანონმდებლობა პირდაპირ არ განსაზღვრავს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ მისი არჩევის შემდეგ აკადემიურმა საბჭომ უნდა გამოაცხადოს რექტორის არჩევნები. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღევანდელი მდგომარეობით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი, რექტორის მოქმედი მოადგილე, ბატონი ირაკლი ბარამიძე. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ორშაბათს [30 მარტს] იწურება და შესაძლებელია კანდიდატების რიცხვი გაიზარდოს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების შემდეგ კი, აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს რექტორი ყოფილი რექტორის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, ანუ 2016 წლის მაისამდე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ახლა ავირჩევთ, არ არის რექტორი, ის არ თავმჯდომარეობს აკადემიურ საბჭოს და არის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ეს თანამდებობა მნიშვნელობას იძენს იქედან გამომდინარე, რომ პირდაპირ, მთელი კოლექტივის მიერ აირჩევა. კანდიდატი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე შეიძლება იყოს ჩვენი უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას საარჩევნო კომისიაში.


ეს არის მთავარი პირობა, მაგრამ მე როგორც წინა არჩევნების დროს, ისე ახლა, ყურადღებას ვამახვილებ და მოვითხოვ, რომ დაცული იყოს კანონმდებლობის მოთხოვნა, მოქმედი რექტორის მოადგილე გადადგეს ამ თანამდებობიდან და ისე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რექტორის მოადგილეს, რომელსაც სამსახურებრივად ექვემდებარება ყველა პროფესორი, მეცნიერ-თანამშრომელი ანუ ამომრჩეველი, ასევე საარჩევნო კომისია, აქვს ყველა საშუალება აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. პირადად მე 16 მარტს განვაცხადე, რომ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, როდესაც ის დაინიშნება. რაც შეეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს, მოგეხსენებათ, ვარ აკადემიური საბჭოს წევრი და თუ ამირჩევენ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, უნდა დავტოვო აკადემიური საბჭოს წევრობა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ვარ ჩამოყალიბებული, მივიღებ თუ არა მონაწილეობას ამ არჩევნებში.

 

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე რჩება აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორის დამტკიცებამდე. თქვენ ამბობთ, რომ თუ მოვალეობის შემსრულებელი იყრის კენჭს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რიკს შეიცავს, თუმცა ბოლო არჩევნებმა თქვენი შიში არ დაადასტურა. რას ეყრდნობოდა თქვენი არგუმენტები?

 

 დიახ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკი და შესაძლებლობა, რაც არ გააჩნიათ სხვა კანდიდატებს. აქ უკვე დარღვეულია არჩევნების მთავარი პრინციპი, რომ ყველა კანდიდატი თანასწორ პირობებში უნდა იყოს და ამომრჩეველს შეეძლოს თავისუფლად გააკეთოს თავისი არჩევანი. ამ არგუმენტს ისიც ადასტურებს, რომ არ გაგვაჩნია მოქმედი წესები, რომლებიც დაადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევების გამოვლენის მექანიზმს და კანდიდატის მიმართ სანქციის გამოყენებას. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დასტურდება მხოლოდ არჩევნების შედეგებით და არავინ იცის, თუ რამდენ ხმას მიიღებდა კონკრეტული კანდიდატი, თუ არ იქნებოდა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

 

სოციალურ ქსელში დაწერეთ: „როგორ აქტიურად მოვითხოვდით რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის არჩევას პირდაპირი წესით, მაგრამ საინტერესოა, რომ არც ამომრჩევლები იმჩნევენ არაფერს, არც კანდიდატები ჩანს სადმე, არც საარჩევნო კამპანია, არც კანდიდატთა გეგმებია საჭირო, აღარც ჟურნალისტები, მოქმედი კანდიდატი ადმინისტრაციულ თანამდებობაზე (რატომღაც შვებულებაში არჩევნების წინ), მისდამი დაქვემდებარებული ამომრჩევლები, საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია და ა.შ. რა ხდება, აბა ვის რა მოსაზრება აქვს?! მე კი ვიცი, მაგრამ მაინც..“ რა იცით კონკრეტულად?

 

ეჭვი მაქვს, რომ ადმინისტრაციამ მოქმედი რექტორის მოადგილის სასარგებლო საარჩევნო პირობები დაადგინა. ვგულისხმობ, რომ ადმინისტრაციამ აკადემიურ საბჭოს შესთავაზა ისეთი საარჩევნო პირობები, რომელიც თითქმის არ ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიას. საბუთების მიღება მთავრდება 30 მარტს, ხოლო 3 აპრილს არის დანიშნული არჩევნები. აკადემიურმა საბჭომ მოხსნა ადმინისტრაციულ თანამდებობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. ასევე კანდიდატებს არ მოეთხოვებათ საარჩევნო პროგრამის გაცნობა ამომრჩევლისთვის. ასეთ მოკლე დროში არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი რეალურად ამომრჩევლებმა მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ჩემი ეს მოსაზრებები არ გაითვალისწინა აკადემიურმა საბჭომ და მიიჩნია, რომ ეს იყო რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის არჩევა და არ იყო აუცილებელი მსგავსი მოთხოვნები.


თქვენი, როგორც იურისტის და აკადემიური საბჭოს წევრის მოსაზრებით, რამდენად სწორია, როცა მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ხოლო რექტორს მხოლოდ 8 ადამიანი [აკადემიური საბჭო], არაერთხელ გაისმა ამ არჩევნებზე მოსაზრება, რომ ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. თქვენ ეთანხმებით ამას?

 

ეს წესი (მოვალეობის შემსრულებლის არჩევა პირდაპირ) დადგინდა 2013 წლის 6 სექტემბერს და ამით თითქოს საუნივერსიტეტო დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი კანონმდებელმა. ასეთი პირდაპირი წესით (მთელი კოლექტივის მიერ) რექტორს ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ ირჩევენ. 2005 წლიდან ამ ცვლილებამდე, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ისე რექტორს ირჩევდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის აღნიშნული წესი აშკარად კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში და სერიოზული საფრთხე შეიძლება აღმოჩნდეს უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. წარმოუდგენელია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა ხდებოდეს პირდაპირ კოლექტივის მიერ, ხოლო რექტორს ირჩევდეს აკადემიური საბჭო. აღნიშნული წესით არჩევნების შედეგები შეიძლება გახდეს აკადემიური საბჭოს საქმიანობაზე ზემოქმედების მექანიზმი და ხელი შეუშალოს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასეთ პირობებში აკადემიური საბჭო, რომელმაც რექტორი უნდა აირჩიოს, ვერ იქნება თავისუფალი. ამიტომაც მომავალში აკადემიური საბჭოს შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს, გაიზარდოს მისი როლი უნივერსიტეტის მართვაში და ეს მოხსნის ბევრ პრობლემას. სამომავლოდ კანონმდებლობამ უნდა დაუშვას როგორც რექტორის, ისე დროებითი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის ერთიანი წესი. სხვა შემთხვევაში კონფლიქტს ვერ ავიცილებთ. დღეს უნდა ვიმოქმედოთ მოქმედი კანონის მიხედვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ მომავალში მე პირადად, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, ეს კანონი გავასაჩივრო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

ელოდით თუ არა 16 მარტს რექტორის არჩევნებზე იმ შედეგებს, რაც დაფიქსირდა? იყო რაიმე მოულოდნელი თქვენთვის ამ არჩევნებში?


შესაძლებელია სხვა შედეგებიც დამდგარიყო 16 მარტს არჩევნებზე. დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს აკადემიურ საბჭოში, ნუ მიწყენენ, მაგრამ მათი ნაწილი იყო სუბიექტური, რამაც განაპირობა ეს შედეგები. ფაქტია, რომ კანდიდატთა სტრატეგიული ხედვები, ცოდნა და გამოცდილება არ იყო მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე.

 

 ჩვენი ინფორმაციით 16 მარტს გამართული რექტორის არჩევნების წინ აკადემიური საბჭოს წევრებზე იყო ზეწოლა, მათ ურჩევდნენ ხმა მიეცათ კონკრეტული კანდიდატისთვის. რა იცით ამის შესახებ?


 გავრცელდა ასეთი მოსაზრება, მაგრამ საბჭოს კონკრეტულ წევრებზე ზეწოლის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს უმჯობესია საბჭოს წევრებს ჰკითხოთ.


ერთ-ერთ კანდიდატთან, ანთაზ ქიქავასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომლის სახელსაც აბაშიძის მთავრობის დროს კომენდანტის საათის გამოცხადება უკავშირდება. ამ კანდიდატმა ყველაზე მეტი – სამი ხმა მიიღო. აკადემიურ საბჭოზე განხილული იყო ანთაზ ქიქავას პოლიტიკური წარსული?


აკადემიური საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა. ბოლო თვეების განმავლობაში მე საპატიო მიზეზით მხოლოდ ერთ სხდომას არ ვესწრებოდი და არ ვიცი, ამ დროს თუ განიხილეს. ვფიქრობ, აკადემიური საბჭოს სხდომაზე პოლიტიკური საკითხები არც უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება ამ კანდიდატის მიერ ყველაზე მეტი ხმის მიღებას, ვფიქრობ, ეს ასევე სუბიექტური გადაწყვეტილების შედეგი იყო.

ბათუმში ჰეროინის შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას 16 შეკვრად დაფასოებული 25,95 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 6,496 გრ ჰეროინს შეიცავს. მამუკა ბ-ს ნარკოტიკი ჯინსის შარვლებში ჩაკერებული სპეციალური სამალავებით უკანონოდ გადაჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262 -ე მუხლის 4-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.)

 

ველომოგზაური ქედიდან

 

ველომოგზაური ნოდარ ბერიძე ენგურის ხიდზე

 

 

ბატონო ნოდარ, როდის დაიწყეთ ველომოგზაურობა და რატომ?

– ჩვენ 2013 წლის აპრილში გავაკეთეთ 17-დღიანი ველოტური საქართველოს მასშტაბით. ჯუმბერ ლეჟავა აპირებდა უკრაინაში მოგზაურობას, მაგრამ 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა გეგმები, ველოტური უკრაინაში გადაიდო. 2014 წლის 22 ივლისს გადაწყდა, რომ გაემგზავრებოდა. 23 ივლისს მეგობრებმა 75 წლის იუბილე გადავუხადეთ. 25 ივლისს კი გამაგებინეს, რომ გულის სტენდირების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ჯუმბერ ლეჟავა მსოფლიოში განუმეორებელი პიროვნება იყო. მე როგორც მისმა მეგობარმა, როგორც მისმა მოსწავლემ, როგორც რიგითმა მოქალაქემ მივიჩნიე საჭიროდ, რომ გამეგრძელებინა მისი დაგეგმილი გზა. 2014 წლის 24 აგვისტოს კიევიდან ავიღე სტარტი ველოსიპედით და შემოვუარე მთელს უკრაინას, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა 5 000 კილომეტრი გავიარე ორთვე-ნახევარში. ამის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავგეგმე სამშვიდობო ველოტურები. 2014 წლის 20-25 დეკემბერს თბილისიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ადმინისტრაციული საზღვრები გავიარე. ვხვდებოდი საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობას. 2015 წლის 25 თებერვლიდან ვიმყოფები ველოტურში – „საქართველო მშვიდობისთვის“. 11 მარტს ძლიერად დავეცი – ქობულეთიდან გავედი, სოფელ ლეღვამდე არ ვიყავი მისული: იქ შემემთხვა ეს ამბავი. არ მახსოვს როგორ წავიქეცი. მარჯვენა ხელის იდაყვი მეღრძო და თავის ქალა დამიზიანდა. ალბათ რამდენიმე ხნით ავიღებ ტაიმ-აუტს.

 

რეაბილიტაციისთვის რა დრო დაგჭირდებათ?

– ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ცოტა ხანი ჩემს ჯანმრთელობაზე მინდა ვიზრუნო. როცა მოვმჯობინდები, მინდა ამ პროექტს მაქსიმალურად მივხედო. ისევე იმ ადგილიდან განვაგრძობ მოგზაურობას ცოტა ხანში და იმედია ამ მისიას შევასრულებ.

 

რატომ ჰქვია პროექტსსაქართველო მშვიდობისათვის“?

– გვინდა, რომ საქართველო გამოვიყვანოთ მოწინავე რეგიონად კავკასიაში. ჯუმბერ ლეჟავა, ლეგენდარული ველომოგზაური, ჩვენი მოქალაქე იყო და გვინდა მისი სახელით სამშვიდობო ველომოგზაურობა გაგრძელდეს. პროექტის ტური თბილისი-ბაქო-ერევანის შემდეგ იქნება „კავკასია მშვიდობისათვის“.

 

ამ პროექტის ფარგლებში რომელი რეგიონები შემოიარეთ და რამდენი კილომეტრი დაფარეთ?

– 2015 წლის 25 თებერვლიდან გავიარე თბილისი, მცხეთა, დუშეთი, ავედი თიანეთში, ახმეტაში ჩამოვედი, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, საგარეჯო, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, დავბრუნდი ისევ მარნეულში და გადავედი თეთრიწყაროში, იქიდან – წალკაში. წალკიდან გზა ვეღარ განვაგრძე, რადგან ტიკმატაშის უღელტეხილი (იგივე წალკა-ფარავანის უღელტეხილი) ამ დროს მგლებით სავსეა, ჩაკეტილი იყო და არ გამიშვეს. ასევე ჩაკეტილი იყო გოდერძის უღელტეხილი _ სამცხე-ჯავახეთი ამ ეტაპზე გამოვტოვე. დავბურნდი და მოგზაურობა ხულოდან გავაგრძელე. სამცხეჯავახეთს თბილისი-ბაქო-ერევნის ველოტურის ფარგლებში შემოვივლი, ერევნიდან გადმოვალ ქალაქ გიუმრით ნინოწმინდაში. გავლილი მქონდა 800-ზე მეტი კილომეტრი. სამწუხაროდ ასეთი რამ შემემთხვა – არადა, ძალიან მომართული ვიყავი. ეს ერთგვარი გაკვეთილი იქნება, თუ რამდენად საჭიროა ჩემთვის და ყველა ველომოგზაურისთვის უფრო მეტი წინდახედულება.

 

სად დასრულდება პროექტისაქართველო მშვიდობისათვის“?

– საქართველო მშიდობისათვის თბილისში 25 მარტს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ რეაბილიტაციას.

 

მოგზაურობის ფარგლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიხვედით. რა არის თქვენი მიზანი, რატომ მიდიხართ ამ საზღვრებთან?

– საზღვრებს მიღმა ხალხი ცხოვრობს. ჩემი მოგზაურობის მიზანია საზოგადოებასთან დაახლოება, კავშირის აღდგენა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ვფიქრობ, ველომოგზაურობა სახალხო დიპლომატიაა.

 

რამდენ ხანს აპირებთ ველომოგზაურობას?

– 45 წლის გავხდები ივნისში. ადამიანმა სიცოცხლის მანძილზე რეალიზება უნდა გაუკეთოს საკუთარ ენერგიას, ცოდნას. ამის მაგალითი იყო ჯუმბერ ლეჟავა. სანამ ცოცხალი ვარ, ვიმოგზაურებ.

15 წლის საქართველოს ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში

 

ანა ნიკოიანი ვარჯიშისას | ბათუმის #10 საჯარო სკოლა

 

ანა როდის დაიწყე მაგიდის ჩოგბურთის თამაში?

– 10 წლის ვიყავი, როდესაც მაგიდის ჩოგბურთის თამაში დავიწყე. გიორგი სარხაიანმა მასწავლა. ის დღემდე მავარჯიშებს და ჩემი მწვრთნელია. ერთ დღეს მამაჩემი მოვიდა სახლში და მითხრა – ხვალ წახვალ ვარჯიშზე. ასე დავიწყე მაგიდის ჩოგბურთზე სიარული.

ადრე მამაც თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთს, იცნობდა გიორგი სარხაიანს. მან შესთავაზა, რომ მივსულიყავი და მესწავლა. მახსოვს ჩემი პირველი შეჯიბრება. მაშინ ჩემზე ძლიერებიც იყვნენ და ძალიან მინდოდა მოგება, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელი. თუმცა შემდეგში

უფრო და უფრო ვუმატებდი ვარჯიშს და გავხდი საქართველოს ჩემპიონი. პირველად ჩოგანი რომ დავიჭირე ხელში, არც ისე მომწონდა ეს სპორტი, ახლა კი ყოველდღე უფრო და უფრო მომწონს.

 

რა შედეგიც მოგიპოვებია, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელი?

– ჩემს ასაკში სამჯერ გავხვდი საქართველოს ჩემპიონი. თურქეთში ამხანაგურ შეხვედრაზე გავხდი აბსოლუტური ჩემპიონი პირადში და წყვილებშიც გავედი პირველ

ადგილზე. ჩემთვის ყველა ეს მოპოვებული შედეგი ერთნაირად მნიშვნელოვანია.

 

როდის ვარჯიშობთ, რა დრო გაქვს გამოყოფილი სწავლისთვის, გართობისთვის, მეგობრების?

– სკოლის მერე სახლში მივდივარ 5-ის ან 6-ის ნახევარზე, შემდეგ – ვარჯიშზე, სახლში გვინ ვბრუნდები. თითქმის დრო არ მაქვს გართობისთვის. თუმცა ვარჯიში ჩემთვის გართობაცაა და ყველაფერი.

 

2015 წლის თამაშებზე რომ გვითხრათ, რა ტურნირებში გაქვთ მონაწილეობა დაგეგმილი?

– მალე მივდივართ ერევანში შეკრებაზე. შემდეგ აჭარის პირველობაა და აჭარის გუნდი მიდის საქართველოს ჩემპიონატზე. შემდეგ კი, ვაპირებ მონაწილეობა მივიღო 2015 წლის ევროპის ჩემპიონატში.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრო [ფოტო]

ფოტო: ნათია როყვა

 

მილოცვა ორ არქიტექტორს

 

მე მადლობას ვუხდი ყველას – პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და ასევე ამ ორ ერს.

ილდირიმ აჯარი
ილდირიმ აჯარი

მე საქართველოში საზღვრის გახსნის დღიდან შემოვედი საქართველოში. დღეს უკვე აღარ არის საზღვარზე ბიუროკრატიული დაბრკოლებები. აჭარა ჩემი წინაპრების სამშობლოა. აქ მე თავს თავისუფლად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ, როცა აჭარის ჰაერით ვსუნთქავ.  აჭარის და თურქეთის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდა – ბათუმში თურქეთის კონსულის იასინ თემიზხანისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის მეშვეობით. ამიტომ დავიწყე ამ ორი არქიტექტორის მიმართ მილოცვით.

 

მათ ხელი მოაწერეს უამრავ ხელშეკრულებას ბევრ შეთანმებას… ბათუმმა მონაწილეობა მიიღო სტამბულიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (EMİTT2015.) ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმისთვის, რომ კარგად გაეცნო ამ სფეროს სიახლეებს, ხალხებს, სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებს, სასტუმროებს. გაიცნო ამ ქვეყნების კულტურა, წეს-ჩვეულებები და დააგემოვნო მათი სამზარეულო.  

მე მინდა მივმართო აჭარის ავტონომიის მთავრობას – რადგან მე კომპეტენტური სპეციალისტი ვარ ტურიზმის სფეროში, მინდა 2015 წლის დეკემბერში ან 2016 წლის იანვრში შემდეგი ტურისტული სფეროს გამოფენა ჩავატარო ბათუმში. უფრო დიდ მასშტაბებისა და უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტამბულში გამართული ღონისძიება. მე მაქვს კონტრაქტები ყველგან: ამერიკაში, ევროპაში, რუსეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, თურქეთში…

 

ყველაფერს, რასაც გამოვიმუშავებთ ამ გამოფენის ორგანიზებით, მე გადავცემ მთავრობას საავადმყოფოს ასაშენებლად და ასევე იმისთვის, რომ აშენდეს სასწავლებელი სასტუმრო პერსონალის მოსამზადებლად.

 

და თუ ჩემი შეთავაზება მისაღები იქნება აჭარის მთავრობი პასუხისმგებელ პირთათვის, მე ასევე მინდა ორგანიზება გავუკეთო ტექსტილისა და მოდის ფესტივალს, აგრარული სფეროს, ავეჯის გამოფენას…

მე ახლა ბევრს ვმუშაობ, რომ მოვაწყო „სელიმობა“ 2015 წლის. 2 ივნისს ჩემი დიდი ბაბუის, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადების დღეა, 200 წლისთავია. მე მისი მე-7 თაობის მემკვიდრე ვარ, მისი სისხლი და ხორცი.

 

მე ორგანიზებას ვუწევ სტუმრების ჩამოსვლა-დახვედრას. ბევრი სტუმარი გვეყოლება. მათ უნდათ დაესწრონ სელიმ ხიმშიაშვილის ძეგლის გახსნას, რომელიც 3 ივნისს არის დაგეგმილი. იმედი მაქვს, ძეგლი საპატიო ადგილზე დაიდგმება.

 

გულთბილი მოკითხვა ყველას.

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი დაზიანებული ფრესკების საკითხს ეხმაურება

„არ არის ფრესკები კარგ მდგომარეობაში. ჩვენ არ გვინდა რომ ის წაიშალოს. არის ხალხი, რომელიც ამბობს რომ ახლა ყველაფერი ბუნებრივად უნდა წაიშალოს, რომ მერე ახალი მხატვრობა შეასრულონ. მე ვფიქრობ რომ იმ ფრესკებს, რომელიც ტაძარშია ჭირდება რესტავრაცია. არ უნდა დაიკარგოს ის სახე, რაც ჰქონდა ეკლესიას. ერთ-ერთი ძვირფასი ძეგლი, რაც  არის ეს ეკლესია, უნდა შენარჩუნდეს.

ფრესკებზე გამოხატული არის იესო ქრისტეს ცხოვრების სხვადასხვა მომენტები. თუ რესტავრაცია გაკეთდება, უნდა შენარჩუნდეს ის რაც იყო,“ – ამბობს პადრე გაბრიელე ბრაგანტინი.

პადრე გაბრიელე ბრაგანტინი

„ბათუმელების“ კითხვაზე, მიმართა თუ არ კათოლიკურმა ეკლესიამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ან საქართველოს საპატრიარქოს, პადრე გაბრიელი პასუხობს რომ არა.

„არ მიგვიმართავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ საკითხზე ხმამაღლა ვსაუბრობთ. ჩვენ ვფიქრობდით რადგანაც უკვე მიდის მართლმადიდებლური მსახურება ამ ეკლესიაში, ამასთან არის მნიშვნელოვანი ძეგლი  ბათუმში, თვითონ უნდა ფიქრობდნენ და ზრუნავდნენ მასზე.  ჩვენი ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო ჩამოსული ერთი თვის წინ, შევიდა დაათვალიერა ეკლესია და თქვა, მე დავწერ წერილს რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცესო. მე მგონი ყველამ იცის, რომ როგორც არსებობდა და არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე არსებობს კათოლიკური ეკლესია საქართველოში. კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა დიდი ისტორია, დიდი მნიშვნელობა. კათოლიკურ ეკლესიას ნელ-ნელა ეკარგება თავისი რეალური შანსი, არსებობდეს საქართველოში. ეს იქნება ძალიან ცუდი, იქნება ძალიან არასასიამოვნო მომენტი, მთელი ქართული ისტორიისათვის. ფაქტი არის რომ კათოლიკური კვალი საქართველოში იკარგება და ყურადღება არ არის. სახელმწიფო სტრუქტურებიდან ყურადღება არის, მაგრამ არა ისეთი რაც უნდა იყოს“.

ბათუმში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი 1897-1902 წლებში აიგო. ტაძრის აგება ბათუმელი კათოლიკე მრევლის მიერ შეგროვებული თანხით და მეცენატ სტეფანე ზუბალაშვილის მეშვეობით მოხდა. სამი გუმბათითა და ჩუქურთმებით შემკული გოტიკური სტილის ეკლესია  1903 წელს ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა.  საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა, მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორიაც იყო განთავსებული. რესტავრაცია, რომლის დროსაც კედლების მოხატულობა პირვანდელი სახით აღდგა, ტაძარში 80-იანი  წლების ბოლოს ჩატარდა.  მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული კათოლიკური ეკლესია 1989 წლიდან მართლმადიდებელი მრევლის საკუთრებაშია და მას საქართველოს საპატრიარქო მართავს.

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი

საკათედროს ტაძრის წინ განთავსებული იყო საინფორმაციო დაფა, რომელზეც ტაძრის შესახებ მცირე ინფორმაცია იყო დატანილი. ამჟამად აბრა აღებულია. ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი პადრე გაბრიელე ბრაგანტინი ამბობს რომ აუცილებელია საინფორმაციო დაფა ტაძართან განთავსდეს.

„ჩემი აზრით კარგი იყო სანფორმაციო დაფა. მართალია სრული ინფორმაცია არა, მაგრამ მცირე ინფორმაცია იყო და ამასთან მნიშვნელოვანი. ტურისტებისთვის ან ქალაქისთვის, ჩემი აზრით მაინც უნდა იყოს საინფორმაციო  დაფა განთავსებული, ვინაიდან ტაძარი ძეგლია. იმ დაფაზე უნდა იყოს მინიშნებული რომ ეკლესია აშენებულია ზუბალაშვილების მიერ. არ უნდა რცხვენოდეთ იმის დაწერა რომ ისინი კათოლიკეები იყვნენ. რომ ეს ეკლესია აშენდა როგორც კათოლიკური და რამოდენიმე წელი იქ კათოლიკური ეკლესია ფუნქციონირებდა. დღეს რომ იქ მართლმადიდებლები არიან ეს არის ერთ-ერთი ფურცელი ამ ეკლესიის ისტორიის. კარგია თუ ცუდი ეს, ამას მომავალი გვეტყვის“.

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში

 

“ეს ის შენობაა სადაც ასლანი იჯდა?” – ჰკითხა პრეზიდენტმა გიორგი პაპუაშვილს და მას შემდეგ რაც დადებითი პასუხი მიიღო, სასამართლოს შენობის დათვალიერება დაიწყო. 

 

პრეზიდენტი დღეს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას ფიცის დადების ცერემონიალს დაესწრება. ბათუმში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. 

 

1 აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება იწყება

 

გარდა შემოსავლების სამსახურისა, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვემოთ ჩამოთვლილ ბანკთაგან ნებისმიერს, სადაც გახსნილი აქვს ანგარიში, ან გახსნის პირად ანგარიშს: ბანკი „რესპუბლიკა“; „პრივატბანკი“; „თიბისი ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „ლიბერთი ბანკი“; „ბაზისბანკი“; „ქართუ ბანკი“; „კორსტანდარტ ბანკი“; „ბანკი კონსტანტა“; „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებში თქვენ დაგეხმარებიან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის დეკლარაციის შევსებაში. დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 30 სექტემბერია.

 

დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და 2014 წელს გადახდილი გადასახადის დაბრუნების უფლება შესაბამის პირებს მიმდინარე წელსაც ექნებათ. თუმცა, ეს უფლება 2015 წლის შემოსავლებზე აღარ გავრცელდება. ანუ, 2016 წლიდან დაუბეგრავი მინიმუმი აღარ გაიცემა. დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის მოთხოვნით მოქალაქეებმა შესაბამისი დეკლარაცია საგადასახადოში 2015 წლის 1-ელი აპრილიდან უნდა წარადგინონ. ისევე, როგორც გასულ წელს, 1-ელი აპრილიდან დეკლარაციის ფორმების შევსება შესაძლებელი იქნება კომერციულ ბანკებშიც.

 

1-ელი აპრილიდან დაუბეგრავი მინიმუმის მოთხოვნით დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვთ იმათაც, რომლებსაც შარშან არ აუღიათ წინა (2013 წლის) ხელფასის მიხედვით დასაბრუნებელი დაუბეგრავი მინიმუმი.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 5 კანდიდატი დარეგისტრირდა

 

ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე – ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლობა სურთ. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ საარჩევნო სიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 312 ამომრჩეველი მიიღებს.

 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 2016 წლის 21 მაისამდე (ბსუ-ს ყოფილი რექტორი, ალეკო ბაკურიძე ვადაზე ადრე რომ არ გადამდგარიყო თანამდებობიდან, მისი უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 21 მაისს იწურებოდა – ავტ.) აირჩევს ბსუ თუ აკადემიური საბჭო კიდევ ერთ არჩევნებს გამოაცხადებს რექტორის ასარჩევად. ეს უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს პრეროგატივაა, თუმცა საჯარო ამის შესახებ საბჭოს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია. უნივერსიტეტის წინასწარი განწყობები კი ასეთია – მოვალეობის შემსრულებლად არჩეულმა პირმა თანამდებობაზე შემდეგ 14 თვეს, ანუ შემდგომ არჩევნებამდე უნდა იმუშავოს.

 

რაც შეეხება 3 აპრილის არჩევნებს – „არჩევნები შედგება, თუკი არჩევნების დღეს გამოცხადდება და ხმას მისცემს საარჩევნო სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. თუკი არჩევნების შედეგად გამოვლინდა თანაბრად საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს, ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს. მეორე ტური შედგება, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა არანაკლებ 1/3. თუ მეორე ტურშიც არ გამოვლინდა გამარჯვებული, მისი დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, ცხადდება და ტარდება ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელახალი არჩევნები“.

 

ალეკო ბაკურიძის გადადგომის შემდეგ რექტორის არჩევა ბსუ-მ 2015 წლის 16 მარტს სცადა. მაშინ უნივერსიტეტის 8 წევრიან აკადემიურ საბჭოს 6 კანდიდატს შორის უნდა აერჩია რექტორი (რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური პერსონალი – ავტ). მაშინ ხმების საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

 

ეს რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ნაწილს. არაოფიციალურად კი არსებობს ინფორმაცია, მათ შორი ურთიერთგამომრიცხავიც, რომ აჭარის ხელისუფლება ცდილობს თავისი კანდიდატი აარჩევინოს უნივერსიტეტს, ისე როგორც ცალკეული პოლიტიკური პარტიები. თუმცა, პოლიტიკური ძალების მხრიდან ჩარევის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას, ჯერჯერობით არც ერთი წყარო არ თანხმდება.

16 კორპუსი სახურავის შეკეთებას ითხოვს

 

 

 

 

ამ თექვსმეტი სახლის „ამხანაგობამ“ განცხადება ჯერ კიდეც 2014 წელს შემოიტანა „ბათუმის კორპუსში“, მაგრამ რადგან წლის ბოლო იყო, ფინანსური რესურსები აღარ გვქონდა. ყველა ეს სახურავი ავარიულია და გამოცვლას საჭიროებს“, – აცხადებს „ბათუმის კორპუსის“ თავმჯდომარის მოადგილე, თომა ხალვაში.

 

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს სახურავების შეკეთებაზე 900 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, რითაც 43 საცხოვრებელი კორპუსის სახურავი შეკეთდა. მიმდინარე წელს კი 600 ათასი ლარია გამოყოფილი. „მოგვიანებით, ალბათ შეიცვლება ბიუჯეტი და თანხები კიდევ დაგვემატება“, – ამბობს თომა ხალვაში.

 

2015 წელს სახურავების გადახურვაზე მხოლოდ სამი ტენდერია ჩატარებული. ამ ტენდერით, როგორც „ბათუმის კორპუსში“ აცხადებენ, სახურავები შეუკეთდება ახმეტელის 1-ელ და 9 ნომერში არსებულ და კახაბრის 34 ნომერში არსებულ კორპუსებს. ტენდერში სამი გამარჯვებული კომპანიაა გამოვლენილი.

 

რაც შეეხება ბათუმზე შემოერთებულ ტერიტორიებს, როგორც თომა ხალვაში ამბობს, განცხადებების შეტანის უფლება მათაც აქვთ – „თუ დროულად წარმოადგენენ ხარჯთაღრიცხვას, რიგითობის გათვალისწინებით გამოაცხადებენ ტენდერს. ამ ეტაპზე პრიორიტეტი ავარიულ სახლებს ენიჭებათ“.
„ბათუმის კორპუსის“ ინფორმაციით, გასულ წელს გამოცხადებული ტენდერები ჩაიშალა მაღლივ კორპუსებში არსებული საკანალიზაციო სისტემის აღდგენაზე. „სულ ოთხ კორპუსზე იყო საუბარი, რომელიც მემედ აბაშიძის, ხიმშიაშვილის, ტაბიძისა და მამია ვარშანიძის ქუჩებზე მდებარეობს. იმედი გვაქვს წელს ამ სახლების პრობლემაც მოგვარდება“.

 

თომა ხალვაშის ინფორმაციით, 2015 წლისთვის მაღლივ კორპუსებთან 17 დისტანციური პულტით მართვადი ბარიერების მოწყობაცაა დაგეგმილი. რვა მისამართზე მსგავსი ბარიერი უკვე არსებობს, ამ დროისთვის კი ხუთ სახლთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის პაკეტი მზადაა და ტენდერის გამოცხადებას „ბათუმის კორპუსი“ კვირის ბოლოს გეგმავს.

 

დისტანციური პულტით მართვადი ბარიერების დასაყენებლად ბიუჯეტში 80 ათასი ლარია გათვალისწინებული: „დანარჩენ 25 პროცენტს კი „ამხანაგობა“ გადაიხდის“.

ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან

 

შპს „ქედის წყალკანალს“ ქედაში 4 587 მომხმარებელი ჰყავს, წყალკანალი არამარტო დაბის მოსახლეობას აწვდის წყალს, არამედ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობის წყალმომარაგებასაც უზრუნველყოფს. ადგილობრივ ბიუჯეტში აწჰესის, ახოსა და ქედის წყალმომარაგების ქსელში აბონენტთა გამრიცხველიანებისთვის წელს 60 000 ლარია გაწერილი. ჯერჯერობით უცნობია, გამოყოფილი თანხით არსებული 4 587 მომხმარებლიდან, რამდენი გამრიცხველიანდება.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ წელს მხოლოდ დაბა ქედისა და აწჰესის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დაუყენებენ მრიცხველს. შესაბამისად, ისინი საფასურს გახარჯული წყლის მიხედვით გადაიხდიან.

 

გამგებლის თქმით, არ აპირებენ სოფლებში მცხოვრები ოჯახების გამრიცხველიანებას, რომლებსაც წყალს წყალკანალი აწვდის – ისინი კვლავაც წყალს უფასოდ ისარგებლებენ.

 

გამრიცხველიანებასთან ერთად ამ დროისთვის არც ის არის გარკვეული, რა ტარიფს დაუწესებს წყლის სარგებლობაზე აბონენტებს წყალკანალი. ქედის გამგებელი იმედოვნებს, რომ წყლის ტარიფი ქედაში, ბათუმთან შედარებით, 20-30%-ით ნაკლები იქნება.
„წყალადინარების სისტემის გამართვისთვის ქედაში სერიოზული თანხა დაიხარჯა, მთლიანად შეიცვალა სისტემა და ევროსტანდარტს მიუახლოვდა, ონკანამდე სუფთა, გაფილტრულ წყალს ვაწვდით მომხმარებელს, იფილტრება როგორც მექანიკურად, ასევე ქიმიურად. გაკეთდა ორი ავზი, ქედაში – 500-ტონიანი და აწჰესში – 300-ტონიანი. არ შეიძლება წყალმომარაგებაზე ამდენი თანხა დახარჯო და ვიღაცამ გაფილტრული წყლით ბოსტანი მორწყოს, სხვას კი სასმელ წყალზე პრობლემა შეექმნას. ჩვენ ვგეგმავთ გავამრიცხველიანოთ მხოლოდ დაბა ქედა და აწჰესის ტერიტორია. რაც შეეხება სოფლების – ახოს, ცხმორისის, წონიარისისა და ვარჯანისის მოსახლეობას, მათ მრიცხველებს არ დავუყენებთ, ისინი კვლავაც უფასო წყლით ისარგებლებენ. გამრიცხველიანებისთვის გამოყოფილი თანხა მრიცხველების დაყენებასთან ერთად არსებული ხარვეზების მოგვარებას მოხმარდება, ხარვეზში ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონოდ მიერთებულ მომხმარებელს ვგულისხმობ, ზოგს მიერთებული აქვს მაგისტრალზე მილი და ბოსტანს რწყავს ამ წყლით, სწორედ გამრიცხველიანება შეგვიწყობს ხელს, წყლის დანაკარგი აღარ გვქონდეს.

 

რაც შეეხება ტარიფს, მას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არეგულირებს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება თვითმმართველობამ მოიპოვოს. იმ შემთხვევაში, თუ სემეკი ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით უფლებამოსილებას მოგვანიჭებს, ტონა წყლის სარგებლობის საფასური 20-30 თეთრი იქნება“, – ამბობს დავით დუმბაძე.
აბონენტების გამრიცხველიანება ქედაში ზაფხულში არის დაგეგმილი, სამუშაოების შესრულებას მუნიციპალიტეტი ელექტრონული ტენდერით გეგმავს. შპს „ქედის წყალკანალის~ დირექტორი რამინ ჯიჯავაძე ამბობს, რომ გასამრიცხველიანებელი აბონენტების სიების დაზუსტებაზე მუშაობენ, – ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რამდენი აბონენტი ჰყავს წყალკანალს, აქ მხოლოდ მომხმარებელთა სულადობაა დათვლილი:

 

„აღრიცხული გვყავს 70 არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი და 4 587 საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მაგრამ კონკრეტულად დაბასა და აწჰესის ტერიტორიაზე რამდენი მომხმარებელია, რომლებიც უნდა გამრიცხველიანდეს, ამის სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, საკითხის დაზუსტებაზე ვმუშაობთ“.

 

შპს „ქედის წყალკანალში“ 35 თანამშრომელი მუშაობს, შპს-ს წლიური დაფინანსება 118 000 ლარია.

უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის გადაყენებაზე იმსჯელებენ

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი ირაკლი მანველიძე, რომელიც გასულ წელს დეკანობისთვის იბრძოდა, „ბათუმელებთან“ ამბობს:

 

„ფაკულტეტის საბჭომ უნდა განიხილოს დარღვევები, რომელიც გამოვლინდა ფაკულტეტზე და უნდა იმსჯელოს დასვას თუ არა საკითხი, დეკანის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.  საბჭოს წევრთა ერთმა მესამედმა მოითხოვა, ფაკულტეტზე არსებული დარღვევების გამო გაიმართოს ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც იმსჯელებს აღნიშნული დარღვევების შესახებ. ამის შემდეგ გაიმართება ფარული კენჭისყრის საკითხი. თუ ფაკულტეტის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული დარღვევები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დაისვას დეკანის უფლებამოსილების საკითხი, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“.

 

უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ 2014 წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი კანონის სრული დაცვით აირჩიეს.

 

„არ ვიცი ხვალ რა პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი – დეკანი არის არჩეული სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, როგორც იყო გათვალისწინებული. არის ამაზე ოქმი და შესაბამისად ძალაშია. მოქმედი დეკანი ქეთევან ბერიძე კანონმდებლობის სრული დაცვით არის არჩეული. რაც შეეხება ხვალინდელ პროცედურას, ეს დამოკიდებულია თვითონ ფაკულტეტის შემადგენლობაზე. აქ არის საჭირო არის ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა, რომ მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება“, –  ამბობს გიორგი დიასამიძე.  

 

ბათუმის უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები 2014 წლის  დეკემბერში სამ ფაკულტეტზე ჩატარდა. მათგან მხოლოდ ერთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო კონკურენცია. დეკანის არჩევნებში  ორი კანდიდატი, ირაკლი მანველიძე და დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ბერიძე მონაწილეობდნენ.

 

Exit mobile version