სიახლეები

“რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში”

31.03.2015 • 1437
“რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში”

 

მალხაზ ნაკაშიძე
მალხაზ ნაკაშიძე

 3 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს. რამდენი ხნით ირჩევენ მოვალეობის შემსრულებელს და თქვენი ინფორმაციით, ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი? შეიძლება თუ არა კანდიდატები იყვნენ რექტორის არჩევნებში მონაწილე პირები, მათ შორის თქვენც? 


კანონმდებლობა პირდაპირ არ განსაზღვრავს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ მისი არჩევის შემდეგ აკადემიურმა საბჭომ უნდა გამოაცხადოს რექტორის არჩევნები. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღევანდელი მდგომარეობით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი, რექტორის მოქმედი მოადგილე, ბატონი ირაკლი ბარამიძე. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ორშაბათს [30 მარტს] იწურება და შესაძლებელია კანდიდატების რიცხვი გაიზარდოს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების შემდეგ კი, აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს რექტორი ყოფილი რექტორის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, ანუ 2016 წლის მაისამდე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ახლა ავირჩევთ, არ არის რექტორი, ის არ თავმჯდომარეობს აკადემიურ საბჭოს და არის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ეს თანამდებობა მნიშვნელობას იძენს იქედან გამომდინარე, რომ პირდაპირ, მთელი კოლექტივის მიერ აირჩევა. კანდიდატი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე შეიძლება იყოს ჩვენი უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას საარჩევნო კომისიაში.


ეს არის მთავარი პირობა, მაგრამ მე როგორც წინა არჩევნების დროს, ისე ახლა, ყურადღებას ვამახვილებ და მოვითხოვ, რომ დაცული იყოს კანონმდებლობის მოთხოვნა, მოქმედი რექტორის მოადგილე გადადგეს ამ თანამდებობიდან და ისე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რექტორის მოადგილეს, რომელსაც სამსახურებრივად ექვემდებარება ყველა პროფესორი, მეცნიერ-თანამშრომელი ანუ ამომრჩეველი, ასევე საარჩევნო კომისია, აქვს ყველა საშუალება აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. პირადად მე 16 მარტს განვაცხადე, რომ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, როდესაც ის დაინიშნება. რაც შეეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს, მოგეხსენებათ, ვარ აკადემიური საბჭოს წევრი და თუ ამირჩევენ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, უნდა დავტოვო აკადემიური საბჭოს წევრობა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ვარ ჩამოყალიბებული, მივიღებ თუ არა მონაწილეობას ამ არჩევნებში.

 

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე რჩება აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორის დამტკიცებამდე. თქვენ ამბობთ, რომ თუ მოვალეობის შემსრულებელი იყრის კენჭს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რიკს შეიცავს, თუმცა ბოლო არჩევნებმა თქვენი შიში არ დაადასტურა. რას ეყრდნობოდა თქვენი არგუმენტები?

 

 დიახ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკი და შესაძლებლობა, რაც არ გააჩნიათ სხვა კანდიდატებს. აქ უკვე დარღვეულია არჩევნების მთავარი პრინციპი, რომ ყველა კანდიდატი თანასწორ პირობებში უნდა იყოს და ამომრჩეველს შეეძლოს თავისუფლად გააკეთოს თავისი არჩევანი. ამ არგუმენტს ისიც ადასტურებს, რომ არ გაგვაჩნია მოქმედი წესები, რომლებიც დაადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევების გამოვლენის მექანიზმს და კანდიდატის მიმართ სანქციის გამოყენებას. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დასტურდება მხოლოდ არჩევნების შედეგებით და არავინ იცის, თუ რამდენ ხმას მიიღებდა კონკრეტული კანდიდატი, თუ არ იქნებოდა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

 

სოციალურ ქსელში დაწერეთ: „როგორ აქტიურად მოვითხოვდით რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის არჩევას პირდაპირი წესით, მაგრამ საინტერესოა, რომ არც ამომრჩევლები იმჩნევენ არაფერს, არც კანდიდატები ჩანს სადმე, არც საარჩევნო კამპანია, არც კანდიდატთა გეგმებია საჭირო, აღარც ჟურნალისტები, მოქმედი კანდიდატი ადმინისტრაციულ თანამდებობაზე (რატომღაც შვებულებაში არჩევნების წინ), მისდამი დაქვემდებარებული ამომრჩევლები, საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია და ა.შ. რა ხდება, აბა ვის რა მოსაზრება აქვს?! მე კი ვიცი, მაგრამ მაინც..“ რა იცით კონკრეტულად?

 

ეჭვი მაქვს, რომ ადმინისტრაციამ მოქმედი რექტორის მოადგილის სასარგებლო საარჩევნო პირობები დაადგინა. ვგულისხმობ, რომ ადმინისტრაციამ აკადემიურ საბჭოს შესთავაზა ისეთი საარჩევნო პირობები, რომელიც თითქმის არ ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიას. საბუთების მიღება მთავრდება 30 მარტს, ხოლო 3 აპრილს არის დანიშნული არჩევნები. აკადემიურმა საბჭომ მოხსნა ადმინისტრაციულ თანამდებობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. ასევე კანდიდატებს არ მოეთხოვებათ საარჩევნო პროგრამის გაცნობა ამომრჩევლისთვის. ასეთ მოკლე დროში არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი რეალურად ამომრჩევლებმა მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ჩემი ეს მოსაზრებები არ გაითვალისწინა აკადემიურმა საბჭომ და მიიჩნია, რომ ეს იყო რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის არჩევა და არ იყო აუცილებელი მსგავსი მოთხოვნები.


თქვენი, როგორც იურისტის და აკადემიური საბჭოს წევრის მოსაზრებით, რამდენად სწორია, როცა მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ხოლო რექტორს მხოლოდ 8 ადამიანი [აკადემიური საბჭო], არაერთხელ გაისმა ამ არჩევნებზე მოსაზრება, რომ ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. თქვენ ეთანხმებით ამას?

 

ეს წესი (მოვალეობის შემსრულებლის არჩევა პირდაპირ) დადგინდა 2013 წლის 6 სექტემბერს და ამით თითქოს საუნივერსიტეტო დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი კანონმდებელმა. ასეთი პირდაპირი წესით (მთელი კოლექტივის მიერ) რექტორს ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ ირჩევენ. 2005 წლიდან ამ ცვლილებამდე, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ისე რექტორს ირჩევდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის აღნიშნული წესი აშკარად კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში და სერიოზული საფრთხე შეიძლება აღმოჩნდეს უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. წარმოუდგენელია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა ხდებოდეს პირდაპირ კოლექტივის მიერ, ხოლო რექტორს ირჩევდეს აკადემიური საბჭო. აღნიშნული წესით არჩევნების შედეგები შეიძლება გახდეს აკადემიური საბჭოს საქმიანობაზე ზემოქმედების მექანიზმი და ხელი შეუშალოს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასეთ პირობებში აკადემიური საბჭო, რომელმაც რექტორი უნდა აირჩიოს, ვერ იქნება თავისუფალი. ამიტომაც მომავალში აკადემიური საბჭოს შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს, გაიზარდოს მისი როლი უნივერსიტეტის მართვაში და ეს მოხსნის ბევრ პრობლემას. სამომავლოდ კანონმდებლობამ უნდა დაუშვას როგორც რექტორის, ისე დროებითი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის ერთიანი წესი. სხვა შემთხვევაში კონფლიქტს ვერ ავიცილებთ. დღეს უნდა ვიმოქმედოთ მოქმედი კანონის მიხედვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ მომავალში მე პირადად, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, ეს კანონი გავასაჩივრო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

ელოდით თუ არა 16 მარტს რექტორის არჩევნებზე იმ შედეგებს, რაც დაფიქსირდა? იყო რაიმე მოულოდნელი თქვენთვის ამ არჩევნებში?


შესაძლებელია სხვა შედეგებიც დამდგარიყო 16 მარტს არჩევნებზე. დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს აკადემიურ საბჭოში, ნუ მიწყენენ, მაგრამ მათი ნაწილი იყო სუბიექტური, რამაც განაპირობა ეს შედეგები. ფაქტია, რომ კანდიდატთა სტრატეგიული ხედვები, ცოდნა და გამოცდილება არ იყო მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე.

 

 ჩვენი ინფორმაციით 16 მარტს გამართული რექტორის არჩევნების წინ აკადემიური საბჭოს წევრებზე იყო ზეწოლა, მათ ურჩევდნენ ხმა მიეცათ კონკრეტული კანდიდატისთვის. რა იცით ამის შესახებ?


 გავრცელდა ასეთი მოსაზრება, მაგრამ საბჭოს კონკრეტულ წევრებზე ზეწოლის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს უმჯობესია საბჭოს წევრებს ჰკითხოთ.


ერთ-ერთ კანდიდატთან, ანთაზ ქიქავასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომლის სახელსაც აბაშიძის მთავრობის დროს კომენდანტის საათის გამოცხადება უკავშირდება. ამ კანდიდატმა ყველაზე მეტი – სამი ხმა მიიღო. აკადემიურ საბჭოზე განხილული იყო ანთაზ ქიქავას პოლიტიკური წარსული?


აკადემიური საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა. ბოლო თვეების განმავლობაში მე საპატიო მიზეზით მხოლოდ ერთ სხდომას არ ვესწრებოდი და არ ვიცი, ამ დროს თუ განიხილეს. ვფიქრობ, აკადემიური საბჭოს სხდომაზე პოლიტიკური საკითხები არც უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება ამ კანდიდატის მიერ ყველაზე მეტი ხმის მიღებას, ვფიქრობ, ეს ასევე სუბიექტური გადაწყვეტილების შედეგი იყო.

გადაბეჭდვის წესი