სიახლეები

შეაგროვე ლეგენდები აჭარაში – ახალი პროექტის პრეზენტაცია

01.04.2015
შეაგროვე ლეგენდები აჭარაში – ახალი პროექტის პრეზენტაცია

 

ციალა ქათამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი და სულხან დუმბაძე - აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი
ციალა ქათამიძე -არასამთავრობო ორგანიზაცია ბორჯღალი და სულხან დუმბაძე – აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი

„პროექტი აჭარის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას – კულტურული ტურიზმის განვითარებას ეხება. წლების განმავლობაში დავდიოდით მაღალმთიანეთში და წავაწყდით ბევრ საინტერესო ლეგენდას. გადავწყვიტეთ, რომ ეს ისტორიები, ლეგენდები შევაგროვოთ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების დახმარებით. გვინდა გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მოსწავლეებს, სტუდენტებს და  ყველა მსურველს. გვინდა, ამ ადამიანებმა მოგვითხრონ მათი სოფლის ისტორია და ლეგენდები ნებისმიერი გზით, შეუძლიათ ჩაიწერონ ტექსტი, ვიდეოები, ფოტოები გადაიღონ და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების დახმარებით ჩვენ შევარჩევთ ისტორიებს, რომლებსაც კრეატიულად შევფუთავთ და ვებგვერდზე განვათავსებთ“ – აღნიშნა ციალა ქათამიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორჯღალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში შეეცდებიან აჭარის ყველა სოფელში დაცული ლეგენდა მოიძიონ და განათავსონ ვებგვერდზე, სადაც ასევე იქნება  განთავსებული ინტერაქტიული რუკა და ყველა მსურველს შეეძლება მისდიოს ლეგენდებს ვებგვერდის დახმარებით. ვებგვერდზევე განთავსდება ფოტო და ვიდეომასალაც. ვებგვერდზე – www.geolegends.ge – განთავსებულ რუკას ასევე ექნება თემატური საძიებო სისტემა და შინაარსობრივი თემატიკით ლეგენდების მოძიებისა და გაცნობის შესაძლებლობასაც შექმნის. თითოეული ლეგენდა წარმოდგენილი იქნება სამ ენაზე – ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

 

პროექტის პირველ ეტაპზე, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდება კონკურსი, სახელწოდებით: ,,გააცოცხლე წარსული – მომავლისათვის“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს გამოიკვლიონ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ისტორია, მოიძიონ თავიანთ სოფლებში შემორჩენილი თქმულებები, აიღონ ინტერვიუები უხუცესი ადამიანებისგან, მცირე ესეების სახით აღწერონ საინტერესო ლეგენდები, თან დაურთონ მათ მიერ გადაღებული ფოტოები და წყაროების მითითებით გამოაგზავნონ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.  

 

ახალგაზრდების მიერ გამოგზავნილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური კომისია, გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს გადაეცემათ პრიზები.

 

ისტორიკოსებთან და ეთნოგრაფებთან ერთად დეტალურად იქნება შესწავლილი აღნიშნული თემატიკა და განისაზღვრება „სამიზნე გეოგრაფიული არეალი“ ანუ აჭარის ის კონკრეტული სოფლები, სადაც განხორციელდება საველე გასვლები და მოხდება საინტერესო ხალხური ლეგენდებისა და თქმულებების უკვე დეტალური ფორმით ფიქსირება.

 

ციალა ქათამაძის თქმით, პროექტი აგვისტოში დასრულდება, ორგანიზაცია კი უკვე იწყებს საინფორმაციო შეხვედრებს უმაღლეს სასწავლებლებში და ინფორმაციის გავრცელებას აჭარის სკოლებსა და ახალგაზრდულ ცენტრებში.  



 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.