მთიანი აჭარა

ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან

30.03.2015 • 1933
ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან

 

შპს „ქედის წყალკანალს“ ქედაში 4 587 მომხმარებელი ჰყავს, წყალკანალი არამარტო დაბის მოსახლეობას აწვდის წყალს, არამედ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობის წყალმომარაგებასაც უზრუნველყოფს. ადგილობრივ ბიუჯეტში აწჰესის, ახოსა და ქედის წყალმომარაგების ქსელში აბონენტთა გამრიცხველიანებისთვის წელს 60 000 ლარია გაწერილი. ჯერჯერობით უცნობია, გამოყოფილი თანხით არსებული 4 587 მომხმარებლიდან, რამდენი გამრიცხველიანდება.

 

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ამბობს, რომ წელს მხოლოდ დაბა ქედისა და აწჰესის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დაუყენებენ მრიცხველს. შესაბამისად, ისინი საფასურს გახარჯული წყლის მიხედვით გადაიხდიან.

 

გამგებლის თქმით, არ აპირებენ სოფლებში მცხოვრები ოჯახების გამრიცხველიანებას, რომლებსაც წყალს წყალკანალი აწვდის – ისინი კვლავაც წყალს უფასოდ ისარგებლებენ.

 

გამრიცხველიანებასთან ერთად ამ დროისთვის არც ის არის გარკვეული, რა ტარიფს დაუწესებს წყლის სარგებლობაზე აბონენტებს წყალკანალი. ქედის გამგებელი იმედოვნებს, რომ წყლის ტარიფი ქედაში, ბათუმთან შედარებით, 20-30%-ით ნაკლები იქნება.
„წყალადინარების სისტემის გამართვისთვის ქედაში სერიოზული თანხა დაიხარჯა, მთლიანად შეიცვალა სისტემა და ევროსტანდარტს მიუახლოვდა, ონკანამდე სუფთა, გაფილტრულ წყალს ვაწვდით მომხმარებელს, იფილტრება როგორც მექანიკურად, ასევე ქიმიურად. გაკეთდა ორი ავზი, ქედაში – 500-ტონიანი და აწჰესში – 300-ტონიანი. არ შეიძლება წყალმომარაგებაზე ამდენი თანხა დახარჯო და ვიღაცამ გაფილტრული წყლით ბოსტანი მორწყოს, სხვას კი სასმელ წყალზე პრობლემა შეექმნას. ჩვენ ვგეგმავთ გავამრიცხველიანოთ მხოლოდ დაბა ქედა და აწჰესის ტერიტორია. რაც შეეხება სოფლების – ახოს, ცხმორისის, წონიარისისა და ვარჯანისის მოსახლეობას, მათ მრიცხველებს არ დავუყენებთ, ისინი კვლავაც უფასო წყლით ისარგებლებენ. გამრიცხველიანებისთვის გამოყოფილი თანხა მრიცხველების დაყენებასთან ერთად არსებული ხარვეზების მოგვარებას მოხმარდება, ხარვეზში ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონოდ მიერთებულ მომხმარებელს ვგულისხმობ, ზოგს მიერთებული აქვს მაგისტრალზე მილი და ბოსტანს რწყავს ამ წყლით, სწორედ გამრიცხველიანება შეგვიწყობს ხელს, წყლის დანაკარგი აღარ გვქონდეს.

 

რაც შეეხება ტარიფს, მას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არეგულირებს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტის უფლება თვითმმართველობამ მოიპოვოს. იმ შემთხვევაში, თუ სემეკი ტარიფის განსაზღვრასთან დაკავშირებით უფლებამოსილებას მოგვანიჭებს, ტონა წყლის სარგებლობის საფასური 20-30 თეთრი იქნება“, – ამბობს დავით დუმბაძე.
აბონენტების გამრიცხველიანება ქედაში ზაფხულში არის დაგეგმილი, სამუშაოების შესრულებას მუნიციპალიტეტი ელექტრონული ტენდერით გეგმავს. შპს „ქედის წყალკანალის~ დირექტორი რამინ ჯიჯავაძე ამბობს, რომ გასამრიცხველიანებელი აბონენტების სიების დაზუსტებაზე მუშაობენ, – ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რამდენი აბონენტი ჰყავს წყალკანალს, აქ მხოლოდ მომხმარებელთა სულადობაა დათვლილი:

 

„აღრიცხული გვყავს 70 არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი და 4 587 საყოფაცხოვრებო მომხმარებელი, მაგრამ კონკრეტულად დაბასა და აწჰესის ტერიტორიაზე რამდენი მომხმარებელია, რომლებიც უნდა გამრიცხველიანდეს, ამის სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, საკითხის დაზუსტებაზე ვმუშაობთ“.

 

შპს „ქედის წყალკანალში“ 35 თანამშრომელი მუშაობს, შპს-ს წლიური დაფინანსება 118 000 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: