კვირის ამბები

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 5 კანდიდატი დარეგისტრირდა

30.03.2015 • 1815
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 5 კანდიდატი დარეგისტრირდა

 

ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე – ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლობა სურთ. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ საარჩევნო სიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 312 ამომრჩეველი მიიღებს.

 

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 2016 წლის 21 მაისამდე (ბსუ-ს ყოფილი რექტორი, ალეკო ბაკურიძე ვადაზე ადრე რომ არ გადამდგარიყო თანამდებობიდან, მისი უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 21 მაისს იწურებოდა – ავტ.) აირჩევს ბსუ თუ აკადემიური საბჭო კიდევ ერთ არჩევნებს გამოაცხადებს რექტორის ასარჩევად. ეს უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს პრეროგატივაა, თუმცა საჯარო ამის შესახებ საბჭოს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია. უნივერსიტეტის წინასწარი განწყობები კი ასეთია – მოვალეობის შემსრულებლად არჩეულმა პირმა თანამდებობაზე შემდეგ 14 თვეს, ანუ შემდგომ არჩევნებამდე უნდა იმუშავოს.

 

რაც შეეხება 3 აპრილის არჩევნებს – „არჩევნები შედგება, თუკი არჩევნების დღეს გამოცხადდება და ხმას მისცემს საარჩევნო სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. თუკი არჩევნების შედეგად გამოვლინდა თანაბრად საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს, ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს. მეორე ტური შედგება, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა არანაკლებ 1/3. თუ მეორე ტურშიც არ გამოვლინდა გამარჯვებული, მისი დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, ცხადდება და ტარდება ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელახალი არჩევნები“.

 

ალეკო ბაკურიძის გადადგომის შემდეგ რექტორის არჩევა ბსუ-მ 2015 წლის 16 მარტს სცადა. მაშინ უნივერსიტეტის 8 წევრიან აკადემიურ საბჭოს 6 კანდიდატს შორის უნდა აერჩია რექტორი (რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური პერსონალი – ავტ). მაშინ ხმების საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

 

ეს რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ნაწილს. არაოფიციალურად კი არსებობს ინფორმაცია, მათ შორი ურთიერთგამომრიცხავიც, რომ აჭარის ხელისუფლება ცდილობს თავისი კანდიდატი აარჩევინოს უნივერსიტეტს, ისე როგორც ცალკეული პოლიტიკური პარტიები. თუმცა, პოლიტიკური ძალების მხრიდან ჩარევის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას, ჯერჯერობით არც ერთი წყარო არ თანხმდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: