სიახლეები

116 შტატი და ცვლილებები შუახევის კულტურის ცენტრში

01.04.2015 • 1776
116 შტატი და ცვლილებები შუახევის კულტურის ცენტრში

 

ვახტანგ ბერიძე შუახევის გამგებელთან, ტარიელ ებრალიძესთან ერთად
ვახტანგ ბერიძე შუახევის გამგებელთან, ტარიელ ებრალიძესთან ერთად

„შუახევში, კულტურის ცენტრში, 114 თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტს მოვუწოდებთ, რომ გამოცდილი კადრები შეინარჩუნონ და თუ ახალ ხალხს ვერ ასაქმებენ, დასაქმებული ადამიანები  მაინც არ გაუშვან სამსახურიდან“, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ,  აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან „ბათუმელებთან.“ დღეს ასმათ დიასამიძემ ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის ოფისში ბრიფინგიც გამართა. 

 

უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს შუახევის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი.

 

„ხელშეკრულებით, 31 მარტამდე, აყვანილი იყო 116 ადამიანი, ჩემი ჩათვლით. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ყველა ნორმალურ ორგანიზაციაში ხდება ხელშეკრულების გაგრძელება. გვქონდა თათბირი და თანამშრომლებს გავაცანი ის მომავალი გეგმებიც, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. არც არავის ვითხოვ სამსახურიდან და არც არაფერს ვაუქმებ, უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად იგივე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, გამგებლობიდან რომ გაუშვებდნენ და მოყავდათ კლუბებში და ბიბლიოთეკებში, რომლებსაც არც სიმღერა არ შეუძლიათ, არც ცეკვა და არც ლექსის თქმა და სახელოვნებო სივრცისათვის არიან ტვირთი და მეტი არაფერი, მსგავსი ადამიანები ბუნებრივია ვერ დასაქმდებიან. რამდენიმე ანსამბლი იქმნება და ამ ანსამბლებში ადამიანები იქნებიან აყვანილი ნიჭისა და შესაძლებლობების მიხედვით. ის, რომ თითქოს 116 ადამიანი ერთი ხელის მოსმით დავითხოვეთ, დეზინფორმაციაა“,  – ამბობს ვახტანგ ბერიძე „ბათუმელებთან.“


მისი თქმით, შუახევში სოფლის კლუბებს ანსამბლები ჩაანაცვლებს, რომლის წევრებსაც აჭარაში ცნობილი პროფესინალები შეარჩევენ ქასთინგის საფუძველზე. კითხვაზე, რამდენ ადამიანს არ გაუგრძელებს კულტურის ცენტრი ხელშეკრულებას, ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ ამაზე პასუხის გაცემა გაუჭირდება, რადგან  შესაძლოა 116-დან ყველა ადამიანმა დააკმაყოფილოს კულტურის ცენტრის კრიტერიუმები, თუმცა, ცვლილება 43 ადამიანს შეიძლება შეეხოს, რომლებიც სოფლის კლუბებში მუშაობდნენ. 

 

ვახტანგ ბერიძე  „ბათუმელებთან“ აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ  ძველ ხელისუფლებას შუახევის კულტურის ცენტრში ძალიან გაბერილი ჰქონდა შტატები,  ეს „გაასწორეს და ცივილიზებული“ გახადეს:

 

„მაგალითად, კულტურის ცენტრს ჰყავდა რეჟისორი, დირექტორი და ღონისძიებების დამგეგმავი მთავარი სპეციალისტი. ეს აბსურდია, რას აკეთებს აბა რეჟისორი, რომელიც დგამს ღონისძიებებს. კულტურის ცენტრს ჰყავდა სტრუქტურულ ერთეულებთან მუშაობის მთავარი სპეციალისტი, რომლის ფუნქციაც ვერ მივხვდი რა არის, იმიტომ რომ კულტურის ცენტრს ჰყავს ადმინისტრაცია.  ასე ქმნიდნენ  [ნაციონალური მოძრაობის]  შტაბიდან გადმოსროლილი ადამიანებისათვის მთავარი სპეციალისტის შტატებს, რომ ეს ადამიანები არ გაენაწყენებინათ. რთული პერიოდი შემხვდა მე, ვწუხვარ,  ვიღაცებს მართლა უწევთ სამსახურის დატოვება“, – ამბობს ვახტანგ ბერიძე. 

 

ნათელა კეკელიძე სოფელ ნიგაზეულის სოფლის კლუბის გამგეა. იგი კლუბის ერთადერთი თანამშომელია. ნათელა კეკელიძე ამბობს, რომ შუახევის კლუბები ანსამბლების დახმარებით სოფელში მნიშვნელოვან თარიღებს აღნიშნავდნენ, მაგალითად, დედის დღეს და მართავდნენ საახალწლო კონცერტებს.  ნათელა კეკელიძეს ანსამბლების შექნის იდეა მოსწონს, თუმცა ამბობს, რომ სოფელში კლუბის არ არსებობა სოფლისთვის კარგი არ იქნება. 


„ეს სიახლე კი კარგია, მაგრამ გამოყრუვდა სოფელი. კარგი იყო სოფელში კლუბი, დედის დღეა, საახალწლო კარნავალია, სულ სავსე იყო კლუბი, 180 სკამი მაქვს კლუბში და 50 ადამიანი მაინც ფეხზე რჩებოდა იმდენი ხალხი მოდიოდა“, – ამბობს ნათელა კეკელიძე. იგი აპირებს ანსამბლის წევრების შესარჩევ კონკურში მიიღოს მონაწილება. მისი ხელფასი ამ დრომდე 240 ლარი იყო. 

 

შუახევის კულტურის ცენტრის ბიუჯეტი 397 000 ლარია. 

გადაბეჭდვის წესი