სპორტი

ველომოგზაური ქედიდან

30.03.2015 • 2004
ველომოგზაური ქედიდან

 

ველომოგზაური ნოდარ ბერიძე ენგურის ხიდზე

 

 

ბატონო ნოდარ, როდის დაიწყეთ ველომოგზაურობა და რატომ?

– ჩვენ 2013 წლის აპრილში გავაკეთეთ 17-დღიანი ველოტური საქართველოს მასშტაბით. ჯუმბერ ლეჟავა აპირებდა უკრაინაში მოგზაურობას, მაგრამ 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა გეგმები, ველოტური უკრაინაში გადაიდო. 2014 წლის 22 ივლისს გადაწყდა, რომ გაემგზავრებოდა. 23 ივლისს მეგობრებმა 75 წლის იუბილე გადავუხადეთ. 25 ივლისს კი გამაგებინეს, რომ გულის სტენდირების ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ჯუმბერ ლეჟავა მსოფლიოში განუმეორებელი პიროვნება იყო. მე როგორც მისმა მეგობარმა, როგორც მისმა მოსწავლემ, როგორც რიგითმა მოქალაქემ მივიჩნიე საჭიროდ, რომ გამეგრძელებინა მისი დაგეგმილი გზა. 2014 წლის 24 აგვისტოს კიევიდან ავიღე სტარტი ველოსიპედით და შემოვუარე მთელს უკრაინას, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა 5 000 კილომეტრი გავიარე ორთვე-ნახევარში. ამის დასრულების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში და დავგეგმე სამშვიდობო ველოტურები. 2014 წლის 20-25 დეკემბერს თბილისიდან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ადმინისტრაციული საზღვრები გავიარე. ვხვდებოდი საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობას. 2015 წლის 25 თებერვლიდან ვიმყოფები ველოტურში – „საქართველო მშვიდობისთვის“. 11 მარტს ძლიერად დავეცი – ქობულეთიდან გავედი, სოფელ ლეღვამდე არ ვიყავი მისული: იქ შემემთხვა ეს ამბავი. არ მახსოვს როგორ წავიქეცი. მარჯვენა ხელის იდაყვი მეღრძო და თავის ქალა დამიზიანდა. ალბათ რამდენიმე ხნით ავიღებ ტაიმ-აუტს.

 

რეაბილიტაციისთვის რა დრო დაგჭირდებათ?

– ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. ცოტა ხანი ჩემს ჯანმრთელობაზე მინდა ვიზრუნო. როცა მოვმჯობინდები, მინდა ამ პროექტს მაქსიმალურად მივხედო. ისევე იმ ადგილიდან განვაგრძობ მოგზაურობას ცოტა ხანში და იმედია ამ მისიას შევასრულებ.

 

რატომ ჰქვია პროექტსსაქართველო მშვიდობისათვის“?

– გვინდა, რომ საქართველო გამოვიყვანოთ მოწინავე რეგიონად კავკასიაში. ჯუმბერ ლეჟავა, ლეგენდარული ველომოგზაური, ჩვენი მოქალაქე იყო და გვინდა მისი სახელით სამშვიდობო ველომოგზაურობა გაგრძელდეს. პროექტის ტური თბილისი-ბაქო-ერევანის შემდეგ იქნება „კავკასია მშვიდობისათვის“.

 

ამ პროექტის ფარგლებში რომელი რეგიონები შემოიარეთ და რამდენი კილომეტრი დაფარეთ?

– 2015 წლის 25 თებერვლიდან გავიარე თბილისი, მცხეთა, დუშეთი, ავედი თიანეთში, ახმეტაში ჩამოვედი, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, საგარეჯო, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, დავბრუნდი ისევ მარნეულში და გადავედი თეთრიწყაროში, იქიდან – წალკაში. წალკიდან გზა ვეღარ განვაგრძე, რადგან ტიკმატაშის უღელტეხილი (იგივე წალკა-ფარავანის უღელტეხილი) ამ დროს მგლებით სავსეა, ჩაკეტილი იყო და არ გამიშვეს. ასევე ჩაკეტილი იყო გოდერძის უღელტეხილი _ სამცხე-ჯავახეთი ამ ეტაპზე გამოვტოვე. დავბურნდი და მოგზაურობა ხულოდან გავაგრძელე. სამცხეჯავახეთს თბილისი-ბაქო-ერევნის ველოტურის ფარგლებში შემოვივლი, ერევნიდან გადმოვალ ქალაქ გიუმრით ნინოწმინდაში. გავლილი მქონდა 800-ზე მეტი კილომეტრი. სამწუხაროდ ასეთი რამ შემემთხვა – არადა, ძალიან მომართული ვიყავი. ეს ერთგვარი გაკვეთილი იქნება, თუ რამდენად საჭიროა ჩემთვის და ყველა ველომოგზაურისთვის უფრო მეტი წინდახედულება.

 

სად დასრულდება პროექტისაქართველო მშვიდობისათვის“?

– საქართველო მშიდობისათვის თბილისში 25 მარტს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებ რეაბილიტაციას.

 

მოგზაურობის ფარგლებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიხვედით. რა არის თქვენი მიზანი, რატომ მიდიხართ ამ საზღვრებთან?

– საზღვრებს მიღმა ხალხი ცხოვრობს. ჩემი მოგზაურობის მიზანია საზოგადოებასთან დაახლოება, კავშირის აღდგენა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ვფიქრობ, ველომოგზაურობა სახალხო დიპლომატიაა.

 

რამდენ ხანს აპირებთ ველომოგზაურობას?

– 45 წლის გავხდები ივნისში. ადამიანმა სიცოცხლის მანძილზე რეალიზება უნდა გაუკეთოს საკუთარ ენერგიას, ცოდნას. ამის მაგალითი იყო ჯუმბერ ლეჟავა. სანამ ცოცხალი ვარ, ვიმოგზაურებ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: