სიახლეები

კერძო სკოლებს ვაუჩერიდან ჟურნალების ღირებულებას ყოველწლიურად დააკლებენ

01.04.2015 • 1586
კერძო სკოლებს ვაუჩერიდან ჟურნალების ღირებულებას ყოველწლიურად დააკლებენ

 

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის გოჩა დავითაძის თქმით, ბათუმის კერძო სკოლებს ბოლო ორი წელია ექვითებათ ჟურნალების თანხა მათთვის გადასაცემი ვაუჩერებიდან: „თვითონ სკოლებია ამაზე თანახმა. ასე გაცილებით იაფიც უჯდებათ და ამასთან, ხდება ჟურნალების რეესტრის წარმოება, ყველა ჟურნალს აქვს თავისი ნომერი, ფორმა დამტკიცებულია სამინისტროს მიერ და ერთიანად იბეჭდება“.

 

ბათუმის რესურსცენტრის ინფორმაციით ქალაქში 18 კერძო სკოლაა. მიმდინარე წელს კი კერძო სკოლებზე გაიცა 173 დაწყებითი [პირველი და მე-4 კლასები] და 282 მაღალი [მე-5 – მე-12 ] კლასების ჟურნალები.

 

შედარებისთვის, ბათუმის საჯარო სკოლებს დაურიგდათ 304 დაწყებითი და 515 მაღალი კლასის ჟურნალები. ბათუმში 27 საჯარო სკოლაა.

 

რაც შეეხება ჟურნალების ღირებულებას – დაწყებითი კლასის ჟურნალი, 1 ცალი, – 1,23 ლარი ღირს, ხოლო მაღალი კლასის ჟურნალი – 2,55 ლარი.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამის დადგენილებაში  სიტყვები – „2014 წელს“ შეიცვალა სიტყვებით – „ყოველ წელს“ და კონკრეტული მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: „ყოველ წელს კერძო  სკოლებზე  გასაცემი ვაუჩერის ოდენობას დააკლდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა  გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების ბეჭდვისა და აკინძვის ღირებულების პროპორციული თანხა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კერძო სკოლას შორის გაფორმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალების მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: