სიახლეები

უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის გადაყენებაზე იმსჯელებენ

30.03.2015
უნივერსიტეტში ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანის გადაყენებაზე იმსჯელებენ

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი ირაკლი მანველიძე, რომელიც გასულ წელს დეკანობისთვის იბრძოდა, „ბათუმელებთან“ ამბობს:

 

„ფაკულტეტის საბჭომ უნდა განიხილოს დარღვევები, რომელიც გამოვლინდა ფაკულტეტზე და უნდა იმსჯელოს დასვას თუ არა საკითხი, დეკანის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.  საბჭოს წევრთა ერთმა მესამედმა მოითხოვა, ფაკულტეტზე არსებული დარღვევების გამო გაიმართოს ფაკულტეტის საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც იმსჯელებს აღნიშნული დარღვევების შესახებ. ამის შემდეგ გაიმართება ფარული კენჭისყრის საკითხი. თუ ფაკულტეტის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული დარღვევები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დაისვას დეკანის უფლებამოსილების საკითხი, საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას დეკანის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“.

 

უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ 2014 წელს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი კანონის სრული დაცვით აირჩიეს.

 

„არ ვიცი ხვალ რა პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი – დეკანი არის არჩეული სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, როგორც იყო გათვალისწინებული. არის ამაზე ოქმი და შესაბამისად ძალაშია. მოქმედი დეკანი ქეთევან ბერიძე კანონმდებლობის სრული დაცვით არის არჩეული. რაც შეეხება ხვალინდელ პროცედურას, ეს დამოკიდებულია თვითონ ფაკულტეტის შემადგენლობაზე. აქ არის საჭირო არის ფაკულტეტის საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობა, რომ მიიღონ რაიმე გადაწყვეტილება“, –  ამბობს გიორგი დიასამიძე.  

 

ბათუმის უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები 2014 წლის  დეკემბერში სამ ფაკულტეტზე ჩატარდა. მათგან მხოლოდ ერთ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო კონკურენცია. დეკანის არჩევნებში  ორი კანდიდატი, ირაკლი მანველიძე და დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ბერიძე მონაწილეობდნენ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.