მთიანი აჭარა

ბრუცელოზის საფრთხე და პრევენცია აჭარაში

01.04.2015 •
ბრუცელოზის საფრთხე და პრევენცია აჭარაში

 

მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო
მაღალმთიანი აჭარა, მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბრუცელოზის სწორი დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული კვლევით არის შესაძლებელი. დაავადების ლიკვიდაციისთვის კი პრევენციული ღონისძიებების გატარება და ვაქცინაცია აუცილებელია. ვეტერინარების თქმით, ამ დაავადებასთნ ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, შესაბამისად, ცხოველთა სრულყოფილი გამოკვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. დაავადების თავიდან ასაცილებლად საქართველოში პირუტყვს ვაქციანცია არ უტარდება, უფრო მეტიც, ვაქცინა საქართველოში არ იყიდება.

 

ბრუცელოზი პირუტყვის დაავადებაა, მაგრამ დაავადების ეს სახეობა ადამიანს დაავადებული საქონლის რძის ნაწარმის ან ხორცის მიღებით გადაეცემა.

 

2014 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, ბრუცელოზის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დაავადების სიხშირით აქ სოფლები – დიდაჭარა და ღორჯომი გამოირჩევა. აჭარის ამ სოფლებში ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და აქ დამზადებული რძის ნაწარმით ბათუმის ბაზარი მარაგდება, ბაზრის დახლებზე კი, რძის პროდუქტები უკონტროლოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე იყიდება.

 

ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გასულ წელს გამოკვლეული 1 248 პირუტყვიდან 92 რქოსანს აღმოაჩნდა ბრუცელოზი.
ის ფერმერები, რომელთა პირუტყვსაც ეს დაავადება აღმოაჩნდა, ამბობენ, რომ ინფიცირებული საქონელი დაკლეს. დაავადებული საქონლის ხორცი ზოგიერთმა ე.წ. გადამყიდველებს მიყიდა, ზოგიერთმაც თავად მოიხმარა. ყველა მათგანი ასევე ამბობს, რომ დაავადების შესახებ კარგად არიან ინფორმირებულები. აქვე იმასაც აღნიშავენ, რომ ძროხის დაკვლით იზარალეს, სახელმწიფომ კი, მათ ზარალი არ აუნაზღაურა.

 

სოფელ ღორჯომში მცხოვრები მარო ირემაძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, ვინც იძულებული გახდა ამ დაავადების გამო მარჩენალი ძროხები დაეკლა.

 

„10 ძროხა მყავდა. შეამოწმეს და მითხრეს – ხუთი ძროხა დაავადებულია და დაკალიო. დავკალი, ძალიან კი ვიზარალე. მაშინ, როცა კილოგრამი ხორცი 8-9 ლარი ღირდა, მე მხოლოდ 6,50 ლარი გადამიხადეს. ვერ გავყიდე, ხორცი არ გამატანეს, მათ კი მხოლოდ ეს თანხა გადამიხადეს“, – ამბობს დიასახლისი.

 

მაროს თქმით, ხორცი ადგილზე უცნობმა ადამიანებმა ჩაიბარეს. მან არც ის იცის, სად წაიღეს გასაყიდად დაავადებული საქონლის ხორცი.
„არ ვიცი, სად გაიყიდა და ვინ იყიდა. მას შემდეგ, რაც სოფელში ძროხები დავკალით, დაზარალებულმა ოჯახებმა გამგეობას მივმართეთ დასახმარებლად, ვუთხარით ჩვენი გასაჭირი, მაგრამ არავინ დაგვეხმარა“, – ამბობს მარო.

 

ერთ-ერთი რესპონდენტი პრობლემის შესახებ მას შემდეგ გვესაუბრა, როცა ანონიმურობის გარანტია მიიღო. ამ ოჯახის მამაკაცმა იცის, სად წავიდა მისგან წაღებული დაავადებული ხორცი. „12 სული პირუტყვი მყავდა, აქედან უმეტესი მეწველი ძროხა იყო, რძის ნაწარმსაც ვყიდდით. მას შემდეგ, რაც საქონელს სინჯები აუღეს, 12-დან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა ბრუცელოზი, ხომ არ გადავაგდებდი – ახალი წელი მოახლოებული იყო, დავკალი და ნათესავმა ბათუმის ცენტრალურ ბაზარში გამიყიდა“.

 

დიდაჭარელი ჯამბულ შავაძე კი ამბობს, რომ ბრუცელოზი მისი ძროხის გარდა სოფელში სხვა ძროხებსაც დაუდგინეს, დაავადებული ძროხა ვეტერინარების რჩევით ხელთათმანებით დაკლა, მეზობლებმა კი სისხლი ხელახლა აუღეს ძროხებს: გადამოწმების გზით დადგინდა, რომ ზოგიერთ პირუტყვს ეს დაავადება არ დაუდასტურდა და ოჯახებიც ზარალს გადაურჩნენ.

 

„დაავადების გამოვლენიდან მესამე დღეს დავკალი ძროხა, როგორც მირჩიეს, ხორცის ნაწილი გავყიდე, ნაწილი დავიტოვე და ნაწილიც ნათესავებს ვაჩუქე, იმხელა თოვლი იყო, წაღებაც რომ მდომოდა, სხვაგან ვერ გადაიტანდი. გვითხრეს, როგორ უნდა დაგვემუშავებინა ხორცი, საკვებად რომ გამოგვეყენებინა. შემდეგ თითქოს ჩემი მეზობლების ძროხებსაც დაუდგინეს ბრუცელოზი, მაგრამ სინჯები ქუთაისში ჩაიტანეს. ზოგიერთ პირუტყვს, რომელსაც ბრუცელოზი დაუდგინდა, დაავადება არ აღმოაჩნდა“, – ამბობს ჯამბული.

 

ჯამბულის თქმით, მას შემდეგ, რაც ოჯახმა დაავადებული პირუტყვი დაკლა, ვეტერინარებმა ბოსელს დეზინფექცია ჩაუტარეს.
ბრუცელოზი გამოვლენილია აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ქედის მუნიციპალიტეტის მხოლოდ ერთ სოფელში გამოკვლეული 306 პირუტყვიდან ბრუცელოზი 18 პირუტყვს აღმოაჩნდა; შუახევში დაავადების შემთხვევები შედარებით მცირეა და გამოკვლეული 321 პირუტყვიდან დაავადება შვიდს დაუფიქსირდა; რაც შეეხება ქობულეთის მუნიციპალიტეტს, 306 პირუტყვიდან – 18-ს, ხოლო ბათუმში 171-დან 12-ს აღმოაჩნდა დაავადება.

 

ბრუცელოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიული გეგმა სახელმწიფომ წელს შეიმუშავა. დოკუმენტს ხელი 2015 წლის თებერვალში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ მოაწერეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის, ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, სტრატეგიულ გეგმაში ბრუცელოზთან ბრძოლის მექანიზმები გაწერილია.

 

„აქ მოიაზრება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების მექანიზმი, ვაქცინის შერჩევა, რომელიც აპრობირებულია ევროპისა და მოწინავე ქვეყნებში“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.

 

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ სტრატეგიულ გეგმაში, რომელზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საუბრობს, კონკრეტული სამუშაოები გაწერილი არ არის. მისი თქმით, უკეთესი იყო სახელმწიფოს ვაქცინაციის ვალდებულება საკუთარ თავზე არ აეღო და რძისა და ხორცის პროდუქციაზე კონტროლი თავიდანვე გაემკაცრებინა.

 

„ბრუცელოზთან ბრძოლის კონკრეტული სტრატეგიული გეგმა არ არსებობს, მხოლოდ არის სურვილი, რომ დავიწყოთ ამ კუთხით მუშაობა, რაც შეეხება ვაქცინაციას, ვფიქრობ, ბრუცელოზის ვაქცინაციის ვალდებულება სახელმწიფოს არ უნდა აეღო საკუთარ თავზე, ეს ფერმერის საქმეა – სწორედ ფერმერი უნდა იყოს დაინტერესებული საკუთარი მეურნეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებით. ადრე რომ დაგვეწყო რძის პროდუქციის კონტროლი, გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნებოდა. დაახლოებით ხუთი წლის წინ ერთ-ერთ კომპანიას შემოჰქონდა ვაქცინა და ფერმერი საფასურს თვითონ იხდიდა. ნიადაგი დაავადებასთან საბრძოლველად მომზადებული იყო, პროცესში ფერმერიც იყო ჩართული, მხოლოდ სახელმწიფოს კონტროლიღა იყო საჭირო, მაგრამ არ გამოვიდა“, – ამბობს რუსუდან გიგაშვილი.

 

ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის თქმით, აპრილის შუა რიცხვებში თბილისს ბუდაპეშტიდან სამუშაო ვიზიტით ბრუცელოზის დაავადების ექსპერტები ეწვევიან, მისივე თქმით, უცხოელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაავადებასთან ბრძოლის კონკრეტული სამოქმედო გეგმა შემუშავდება.

 

„FAO-ს ბუდაპეშტის ოფისის ბრუცელოზის დაავადების სპეცილისტები ჩამოვლენ თბილისში, ქართველ ექსპერტებთან ერთად გადაწყვეტენ იმ ღონისძიებების გეგმას, რომელიც საქართველოში უნდა განხორციელდეს დაავადების საწინააღმდეგო პრევენციული და აღმკვეთი ღონისძიებისთვის“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე და დასძენს, რომ ბრუცელოზთან ბრძოლის პირველი ეტაპი ცხოველთა გამოკვლევას, იდენტიფიცირებას, სისხლის ანალიზის აღებას და შემდგომი პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს. მისივე თქმით, დაავადებულ პირუტყვს ფერმერი ვერ დაკლავს, ის სასაკლაოზე დაიკვლება და მისი რეალიზაციის საკითხსაც ექსპერტიზა გადაწყვეტს.
„დაავადებული პირუტყვი სანიტარული წესების დაცვით სასაკლაოზე დაიკვლება, ხორცი გამოიკვლევა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იქნება გამოყენებული. ფერმერს შესაძლებლობა არ ექნება, ბრუცელოზით დაავადებული პირუტყვი თავად დაკვლას, ექსპერტი გადაწყვეტს ხორცი გაშვებული უნდა იქნას რეალიზაციაში თუ – არა“, – ამბობს ჯამბულ მაღლაკელიძე.

 

ჯამბულ მაღლაკელიძის თქმით, დაავადების სრული ლიკვიდაციისთვის ცხოველთა სრული ვაქცინაცია, პირუტყვთა მონიტორინგი, სადგომების დეზინფექცია და რიგი სხვა სამეურნეო ღინისძიებების გატარებაა საჭირო.

 

„ბრუცელოზთან ბრძოლაში რიგი ღონისძიებების განხორციელებისთვის ერთი-ორი წელი არ არის საკმარისი, ხანგრძლივი პერიოდია საჭირო. რაც შეეხება ფერმერის როლს დაავადებასთან ბრძოლაში, მან უნდა უზრუნველყოს დაავადებული პირუტყვის დაკვლა და პირუტყვის სადგომის იმ დონემდე დასუფთავება, რომ სახელმწიფომ მისი დეზინფექცია მოახდინოს“, – ამბობს ჯამბული.

 

„ასოციაცია მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტერინარი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა ბრუცელოზისგან თავის დასაცავად მოსახლეობას ურჩევს პასტერიზებული რძე მიირთვან, ოჯახის პირობებში ყველის დამზადებისას კი, რძის ამოსვლიდან 15 წუთით ხარშონ ყველი. მისი თქმით, ყველაზე უსაფრთხო სულგუნია, ყველის დანარჩენ სახეობაში კი დაავადების რისკი მაღალია. ვეტერინარი აქვე გვირჩევს, ხორცი კარგად მოხარშული გამოვიყენოთ. მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, ადამიანში ბრუცელოზი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:
„ბრუცელოზს ახასიათებს ცხელება, ტემპერატურა აღწევს 40-41 გრადუსს, შეიძლება ეს გაგრძელდეს 7-10 დღე. აღინიშნება ადინამია, უძილობა, გაღიზიანებადობა, ბოდვა, ტაქიკარდია, ხუთვა, აირების დაგროვება ნაწლავებში, ძლიერი ოფლიანობა და ფაღარათიც კი (მწვავე ფორმა). ახასიათებს ცალკეული კუნთებისა და სახსრების ტკივილი (ქვემწვავე ფორმა), ნევროზი.

 

ბრუცელოზიანი დედების შვილებს შეიძლება გამოყვეთ თანდაყოლილი სიმახინჯეები და ნერვულ-ფსიქოლოგიური აშლილობა. ზიანდება ელენთა, ღვიძლი, საშვილოსნო, სარძევე და სათესლე ჯირკვლები (ქრონიკული ფორმა). ეს ფორმა შეიძლება მიმდინარეობდეს მცირედი გამოვლინებებით 1-2 წელიც კი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: