მიზნობრივი პროგრამები დასაქმებისათვის

 

 „პროფესიული გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში სამი ქვე პროგრამა – „სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება“,  „35 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება“ და „ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება“ განხორციელდება.

 

სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტო „სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში აჭარაში რეგისტრირებულ 0_დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის წარმომადგენლებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებს,  შვიდ სხვადასხვა პროფესიაში (მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმის მწარმოებელი, სასტუმროს საქმის მწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი) გადაამზადებს.

 

მართლმადიდებლური სამყარო 12 აპრილს უფლის აღდგომას აღნიშნავს

 

 

 

 

სააღდგომო წირვა ბათუმში ფოტო:თედო ჯორბენაძე

 

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

 

“დღეს აღდგომისა დღე არს, განვბრწყინდებოდეთ აწ, ერნო…” (ზატიკი)
უფალი, ,,რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, აღსდგა ჩვენს განსამართლებლად. (რომ.4.25) და სიკვდილიცა მოკლულ იქმნა მის მიერ (პარაკლ.), გიხაროდეთ!

 

ქრისტე აღდგა!
სად არის სიკვდილო საწერტელი შენი?
ქრისტე აღდგა!
სად არის ჯოჯოხეთო ძლევაი შენი? (I კორ.15,55)

 

“აღდგა ქრისტე და დაირღვიე შენ; აღდგა ქრისტე და დაეცნენ ეშმაკნი; აღსდგა ქრისტე და ცხოვრება მოქალაქობს” (წმ. იოანე ოქროპირი).

 

როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცოტას თუ ვინმეს შეუძლია სიცოცხლის გაწირვა მართალთათვის, ქრისტემ კი თავი დადო ჩვენთვის, რომელნიც ვიყავით უცხონი, მტრები და მოწინააღმდეგეები მისთვის (შდრ. რომ. 5; 6-8).

– და რატომ ვიყავით მტრები და უცხონი?

ღმერთი სიყვარული არს და ამ გრნობით შექმნა და განმსჭვალა მან მთელი ხილული და უხილავი სამყარო.
ღვთაებრივი სიყვარული ვლინდება სხვისთვის მსახურებაში, სიკეთეში, სიმართლეში, მშვიდობაში, სიწმინდეში, მოწყალებაში, სიხარულში…

ასეთი მადლით იყო მოცული ცოდვით დაცემამდე მთელი კოსმოსი, დედამიწა და მკვიდრნი მას შინა. 
როდესაც გველის ცდუნებით ადამმა და ევამ ღვთის მცნება დაარღვიეს, ამით შემომქმედზე და მისი მცნებებით ცხოვრებაზე თქვეს უარი. უარი თქვეს იმ სიყვარულზე, რომელიც სხვისთვის გასცემს ყველაფერს და არ ეძებს თავისას; მადლდაკარგულებს ამპარტავნების ვნება დაეუფლათ, ეგოისტური აზრები და თავის თავზე ორიენტირებული სიყვარული გაუჩნდათ.

ადამის მთელი მოდგმა ამ სენით დაავადდა და საღვთო დიდებისათვის განმზადებულმა თავი წარწყმედისთვის გაწირა.
ამიტომაც ვიყავით განშორებული ღვთისგან.

_ როგორ გვიხსნა ქრისტემ და რას ვზეიმობთ მისი აღდგომით?

ყველა ადამიანის სული, ადამის ცოდვის გამო, გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთს იმკვიდრებდა. მამა ღმერთმა ჩვენს გამოსახსნელად მოავლინა თვისი მხოლოდშობილი ძე, რომელმაც მიიღო სრული ადამიანური ბუნება და თავის ჰიპოსტასში განუყოფლად და შეურევლად შეუერთა საღვთო ბუნებას, რითაც განაღმრთო კაცება.

იესო ქრისტემ ყოვლისმომცველი, მსხვერპლშეწირული სიყვარულის ძალით ბოროტების საკრველნი დაამსხვრია, დაამხო ეშმაკის მეუფება, მართალთა სულები გამოიხსნა და კაცობრიობისათვის ზეცის კარიბჭენი განახვნა.

დიახ, ამიერიდან მართალთათვის გარდაცვალება იქცა არა წარწყმედის, არამედ ცხონების, სიხარულისა და მარადიულ ნეტარებაში დამკვიდრების საშუალებად.

ამიტომაც წერია ფსალმუნში: ,,პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა~, ამიტომაც აღნიშნავს ეკლესია წმინდანთა გარდაცვალების დღეს ზეიმით.

უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც რწმენითა და სინანულით აღესრულება, უფლის მადლითა და მოწყალებით, წმინდათა შორის დაემკვიდრება (რა თქმა უნდა, თავისი ამქვეყნიური ღვაწლის შესაბამისად, სხვადასხვა სავანეში), ამიტომაც მოძღვარი წესის აგების ლოცვაში ასე ავედრებს უფალს გარდაცვლილს: ,,წმიდათა თანა განუსვენე, ქრისტე, მონასა (ან მხევალსა) შენსა…”
სწორედ ეს აღთქმა, წმინდათა შორის მარადიული თანამყოფობისა, არის აღდგომის ზეიმის არსი, თითოეული ადამიანის იმედისა და სიხარულის საფუძველი.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს:

უფლის ჯვარცმისას იხილეს მრავალი სასწაული: დაბნელებული და ხელახლა გაბრწყინებული მზე, განპობილი კრეტსაბმელი, მაცხოვრის გვერდიდან გადმოღვრილი სისხლი და წყალი, მიწისძვრა, საფლავთაგან მკვდართა აღმოსვლა, სასწაული უფლის საფლავად დადების ჟამს… მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ შეედრება ჩემი ცხონების სასწაულს!

ხოლო ვისაც ეს არა აქვს გაცნობიერებული, ფუჭია მისი სარწმუნოება. აი, როგორ გვაფრთხილებს მოციქული: ,,თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოსავნი, კაცთა შორის უსაწყალობესნი ვართ”. . . ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქმედება და ამაოა თქვენი რწმენა” (I.კორ.15,14,19).

_ თუ სიკვდილი განქარდა, რატომღა კვდებიან ადამიანები, რატომ დარჩა გარდაცვალება ყველასათვის აუცილებელ მოვლენად?
სამოთხეში ადამს და ევას სხვაგვარი სხეული ქონდათ, შემდეგ კი ხრწნადობა შეიმოსეს და მოკვდავნი გახდნენ. აქედან მოყოლებული ადამიანი ამ მოკვდავი სხეულისა და უკვდავი სულის ერთობას წარმოადგენს, რომელთა განცალკევებაც სიკვდილისთანავე ხდება. მართალთა სულები ქრისტეს აღდგომის შემდეგ უფლის წიაღს იმკვიდრებენ, ცოდვით დამძიმებულთა კი, – კვლავ ბნელეთის ანგელოზთა დასს უერთდებიან. სხეული კი იხრწნება და უერთდება მიწას, რომლისგანაც შეიქმნა. როგორც მარცვალი ხნულში ითესება და იხრწნება, რათა აღდგეს უხრწნელებით, ასევე `ითესება სხეული მშვინვიერი და აღდგება სხეული სულიერი, ითესება დამცირებაში და აღდგება დიდებაში~ I-კორ. 15. 44, 45).

ეს მოხდება მეორედ მოსვლის ჟამს. ყოველი გარდაცვლილის სული (ცოდვილთა თუ მართალთა) შეიერთებს თავის უხრწნელ სხეულს. 
ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი სული და სულიერი სხეული მარადიული ნეტარებისათვის აღდგეს და არა მარადიული სატანჯველისა და გეენიისათვის.

ზოგიერთს სიკვდილისადმი აქვს ერთგვარი ზერელე დამოკიდებულება, ზოგს კი – ავადმყოფური შიში. ხშირად ერთნიც და მეორენიც ამიტომ არ ფიქრობენ ამ საკითხზე, რაც არ არის სწორი.

ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გარდაცვალება აუცილებლად გველის და ყოველი დღე უნდა გავატაროთ ისე, როგორც უკანასკნელი. მაშინ მეტი დაკვირვება გვექნება საკუთარ თავზე, მეტი გულისყურით მოვეპყრობით მოყვასს და ღვთის სათნოდ მოვიქცევით ამა თუ იმ ვითარებაში.

_ როგორ მივხვდეთ, რა არის მართებული ქმედება?

მთავარი ორიენტირი ჩვენთვის უნდა იყოს მაცხოვარი, რომლის მიერაც განგვეცხადა ადამიანის სიდიადე; უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ შეგვიძლია, ზიარების მადლით, ძალისამებრ ჩვენისა დავიტიოთ იგი და შევუერთდეთ მას, რათა განვიღმრთოთ და მივაღწიოთ იმ სისრულეს, რისთვისაც ვართ მოწოდებულნი.

თუმცა, ეს შეერთება ვერ შედგება, თუ არ მოხდა პიროვნული შეხვედრა მაცხოვართან, _ შეხვედრა ცოცხალ ღმერთთან!
ეს არის ყველაზე დიდებული ჟამი ადამიანის ამქვეყნიურ ცხოვრებაში; ეს არის ჭეშმარიტ სიყვარულთან დაბრუნების და მისით აღვსების საოცარი განცდა, რომელიც სრულიად გარდაქმნის ჩვენს შინაგან სამყაროს და მადლით აღავსებს სულს;

არის მადლი მომხმობი, მომწოდებელი, რომელიც კაცს განაცდევინებს სასუფევლის ნეტარებას და სინანულისთვის განაწყობს. მერე კი იწყება გამოცდის ჟამი, ანუ ის ეტაპი, როდესაც შენ შენი შრომით, სინანულითა და ჭირთა დათმენით უნდა ააღორძინო და განამრავლო იგი.
ღმერთი ყველგან სუფევს, მაგრამ ეკლესიაა სულიერი სხეული მისი, სადაც საღვთო სიდიადე სრულად ვლინდება კაცთა წინაშე. ეს არის ის სივრცე, სადაც აღესრულება საღვთო საიდუმლოებები, სადაც ყოველ წირვაზე უხილავად მყოფობს უფალი და წმინდა ზიარებით მასთან შეერთების საშუალებას გვაძლევს.

 

მაგრამ ღმერთთან კავშირი ორმხრივი მოვლენაა, შენ ვერ ჰპოვებ უფალს, თუ არ შეიცანი იგი, თუ არ აღივსე ღვთისმსგავსი უშურველი სიყვარულით. ასეთი სიყვარულის უნარი ადამიანს აქვს და იგი ვლინდება მაგ.შვილების, მშობლების, მეუღლის, დედ-მამიშვილების, მეგობრებისა და ახლობლებისადმი უსაზღვრო სიყვარულსა და, საჭირო შემთხვევაში, თავგანწირვაშიც.

ამგვარი სიყვარულით, პირველ რიგში, უნდა შევიყვაროთ იესო ქრისტე, რომლისგანაც მოგვეცა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მასზე წინ არ უნდა დავაყენოთ არავინ და არაფერი. ეს არის ყოვლად აუცილებელი პირობა ჩვენი გადარჩენისა; წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შეცდომებისა და არასწორი აზროვნებისაგან არაფერი დაგვიცავს.

ხოლო ვისაც ამგვარი განცდა და ცოცხალი სარწმუნოება არა აქვს, მისთვის საეკლესიო მსახურება, უფლის სწავლანი და საიდუმლოებები გაუბრალოებულია, მხოლოდ რიტუალია და სიღრმისეულ აზრს მოკლებული სიტყვები. ამ მდგომარეობაში შეიძლება იყოს როგორც მრევლის წევრი, ისე სასულიერო პირი.

ამგვარი ადამიანის აღსარება და სინანული არაგულწრფელია, შედეგი – უღირსი ზიარება და სულის გაუხეშება. ეს არის ნელ-თბილი სარწმუნოება, რომელიც მეტად საშიშია და მიუღებელი ღვთისთვის.

სინანულს ბერძნულად “მეტანია” ქვია, რაც სიტყვა-სიტყვით თარგმანში `გონების შეცვლას~ ნიშნავს. აი, ეს უნდა მოხდეს ჩვენში! მაგრამ ამას ვერ მივაღწევთ, თუ მუდმივად არ ვაკვირდებით საკუთარ თავს, თუ აღსარებიდან აღსარებამდე ჩვენში უკეთესობისაკენ მცირედი ცვლილება მაინც არ ხდება, თუ ცოდვას არ ვუპირისპირდებით და არ ვებრძვით.

ეშმაკის გავლენით ზოგიერთი, პატივმოყვარეობის ან სირცხვილის გამო, ბოლომდე არ აღიარებს ცოდვას, ან შელამაზებული სახით ამბობს სათქმელს და ამით ხელს უშლის საკუთარ განწმენდას.

ამ დროს პირიქითაა, მძიმე დანაშაულის ჩამდენის გულწრფელი სინანული სასულიერო პირს მისდამი თანალმობით განაწყობს და სწორი რჩევის მიცემის საშუალებას აძლევს; ადამიანს კი უფალი წყალობას მაშინვე ანიჭებს.

დიდ პრობლემას ქმნის ორიენტირების აღრევაც, _ როდესაც ზოგიერთი საშუალებას მიზნად მიიჩნევს, მიზანს კი, _ საშუალებად. 
საერთოდაც, ბევრი რამ არის ჩვენს ყოფაში გაუკუღმართებული: ხშირად ადამიანის სიცოცხლეს იოლად ხელყოფენ, არადა, ადამიანის მკვლელობა უდიდესი ცოდვაა. უფლება არა გვაქვს, ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლე წავართვათ ვინმეს.

ასევე უმძიმესი და მკვლელობის ტოლფასი ცოდვაა აბორტი. ამ მომაკვდინებელი დანაშაულის ჩამდენნი არა მხოლოდ მშობლები არიან, არამედ ისინიც, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქმედებაში.

დიდად ვწუხვართ თვითმკვლელთა რიცხვის ზრდის გამო. სიცოცხლე ღვთის უდიდესი წყალობაა და დაუშვებელია ვინმემ თავისი ნებით მოისწრაფოს იგი. ამ ცოდვის ჩამდენთ ტყუილად გონიათ, რომ სიკვდილით პრობლემებისგან გათავისუფლდებიან და ვერ აცნობიერებენ, რომ თავს მარადიული სატანჯველისთვის წირავენ.

 

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომას გადაეჩვია. არადა, შრომა აუცილებელია როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი და სულიერი.

მშობლებმა ბავშვობიდანვე უნდა შეაყვარონ შვილებს ეს საქმე. ამასთან, უნდა აღზარდონ ისე, რომ ღვთის სიყვარულთან ერთად სამშობლოს და მოყვასის სიყვარული ასწავლონ. ასწავლონ სირთულეების დაძლევა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ახალგაზრდებს; მართალია, მრავალი მათგანი სერიოზულ შეცდომებს უშვებს ემონება-რა ნარკომანიას, ლოთობას, გარყვნილებას.., მაგრამ გვჯერა, ღვთის მადლით, ისინი შეიცნობენ ამ ცოდვათა დამღუპველობას და ღმერთს დაუბრუნდებიან; მიხვდებიან, ცხოვრებისეული ჯვარი იმიტომ მოგვეცა, რომ იგი რწმენითა და სიყვარულით ღირსეულად ვატაროთ და ჩვენი ჯვარცმა, _ განსაცდელები და პრობლემები, _ ჩვენს აღდგომად და ამაღლებად გადავაქციოთ.

 

არასწორმა ცხოვრების წესმა დაარღვია ტრადიციული ურთიერთობებიც.

მაგალითად, ქართული სუფრა ყოველთვის იყო სამშობლოს, მეგობრობის, სიყვარულის, თანადგომის, ვაჟკაცობის სადიდებელი, ჭირის სუფრა კი, – გარდაცვლილთა მოსაგონარი და შესანდობარი. როგორც ერთი, ისე მეორე სერობა იწყებოდა და მთავრდებოდა ღვთის დიდებით. ახლა კი, ასეთი შეკრებები ხშირად დაუსრულებელ ქეიფად და ღრეობად იქცა, სადღეგრძელოები კი, – ფარისევლურ ქება-დიდებად, რაც უნდა გამოსწორდეს.

რაკი ღვინისა და, საერთოდ, პურობის საკითხს შევეხეთ, აღვნიშნავთ იმასაც, რომ საუკუნეების მანძილზე მევენახეობა და მეხორბლეობა ჩვენი ყოფის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენდა. ქართველი კაცი მასში განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც დებდა და ზიარების საიდუმლოს აღსასრულებელ შესაწირად აღიქვამდა. ამიტომაც ამ კულტურებზე ზრუნვა საუფლო საქმედ მიიჩნეოდა.

ათეისტური რეჟიმის დროს ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, _ უნიკალური ქართული ხორბლის და სავენახე ზოგი ჯიში მთლიანად განადგურდა და მათი ადგილი ჰიბრიდულმა, ნაკლებად შრომატევადმა ჯიშებმა დაიკავა. ამას დაემატა ღვინის შაქრით ფალსიფიცირება, რაც ადრე ყოვლად წარმოუდგენელი რამ იყო. ასე შეილახა და გაუბრალოვდა საკრალური დატვირთვის მქონე ვენახისა და ხორბლის მნიშვნელობა.

მადლობა ღმერთს, დღეს მდგომარეობა უკეთესობისაკენ იცვლება და ამაში გულანთებული უანგარო ადამიანების დიდი ღვაწლია ჩადებული.

მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ_თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე: ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, _ მწარედ ცდებიან.

თუ გავაანალიზებთ, აღმოვაჩენთ, რომ მკვლელობებისა და თვითმკვლელობების ძირითადი მიზეზი არის ვიღაცის გაბოროტებული სიტყვა. ხშირად ოჯახებიც შელაპარაკების ნიადაგზე ინგრევა; უხეში სიტყვის გამოყენების პრაქტიკამ ჩვეულებრივი ხასიათი მიიღო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში, მასმედიაში. . .

სიტყვა უდიდესი ძალაა. ღმერთი არის სიტყვა; ავი სიტყვა კი, – ეშმაკისეულია. თითოეული ჩვენი ნათქვამი ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. შეგახსენებთ მაცხოვრის დარიგებას: ,,მე გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას (ანუ მოყვასს), სამართალში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა (უგუნურო), სინედრიონის (სამსჯავროს) უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო (ცოფო, უსინდისო), ცეცხლის გეენიაში უნდა ჩავარდეს (მათე. 5,22).

იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: ,,პატარა ცეცხლი რამხელა ტყეს ჰბუგავს, ენაც ცეცხლია, სიცრუის სამკაული. ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოთა შორის, ბილწავს მთელ სხეულს და ცეცხლად აქცევს სიცოცხლის ჩარხს.” (იაკობ.3, 5-6)

ამიტომაც მეტყველებისას ყველას დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს.

შევეხები მეტად საშიშ და სერიოზულ პრობლემას, – სათამაშო ბიზნესს. ეს საქმიანობა, მართალია, ბიუჯეტისთვის, ალბათ, მომგებიანია, მაგრამ იგი იმდენად უარყოფითი მოვლენაა, რომ ბევრ ქვეყანაში საერთოდ აკრძალულია. ჩვენთან კი მას ბოლო დროს ინტერნეტ-სამორინეც (კაზინო) დაემატა.

თუ ჩვეულებრივ სამორინეში (კაზინოში) ასაკს ყურადღებას აქცევენ და გარკვეული თანხის ქონა აუცილებელია, ინტერნეტ-სივრცეში ეს შეზღუდვა არ არსებობს; ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელთაც ისედაც მცირე ფინანსები აქვთ, ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და დიდ ვალში და დიდ პრობლემებში ვარდებიან.
კატასტროფულად იზრდება მათი რიცხვი, რომელნიც მიჯაჭვულნი გახდნენ ამ საცდურზე; ბევრმა ქონება დაკარგა, მრავალი ოჯახი დაინგრა, ზოგმა თავიც მოიკლა. . .  ვფიქრობთ, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა უნდა თქვას ამ მიმართულებით, და შესაძლებლობისამებრ, დაიცვას ქვეყნის აწმყო და მომავალი.

აქამდე იმათ შესახებ ვისაუბრეთ, რომელთაც ღმერთის არსებობა სწამთ; რაც შეეხება ურწმუნოთ, ადრეც მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ მატერიალურ-ტექნიკურმა წინსვლამ და სულიერ განვითარებაზე ნაკლებმა ზრუნვამ დიდად შეუწყო ხელი ადამიანში ამპარტავნებისა აღზევებასა და ათეისტური ცნობიერების ჩამოყალიბებას, იმ აზრის განმტკიცებას, თითქოს მისთვის საიდუმლო აღარ არსებობს, რომ თვითონ შეუძლია ყველაფერი მართოს და განაგოს.

მაგრამ უღმერთო კაცმა დღემდე ვერ იპოვა უმთავრესი, _ სიცოცხლის საზრისი, და ვერც სიკვდილის საიდუმლო ამოხსნა. აქედან გამომდინარე, ცუდი და კარგი, ცოდვა და მადლი, მისთვის ფარდობითი და პირობითი ცნებები გახდა. ამიტომაც ასე მოაზროვნე საზოგადოება ადვილად მივიდა ცოდვის და გაუკუღმართებული ურთიერთობების დაკანონებამდე.

მართლაც, თუ არ არსებობს ღმერთი, რა თქმა უნდა, არ არსებობს არაფერი მიუღებელი, არ არსებობს არანაირი სულიერი მიზანი, რომლისკენაც იგი უნდა ისწრაფვოდეს, ანუ სიცოცხლეს, ფაქტობრივად, არ აქვს აზრი.

რჩება მხოლოდ წარმავალი მიწიერი ყოფა და ამქვეყნიური ვნებები, სიმდიდრითა და პატივით მიღებული დროებითი სიამოვნება, რომლის შედეგი სასოწარკვეთა და დეგრადაციაა, დასასრული კი, – არარაობა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ქვეცნობიერად ყველამ, მორწმუნემაც და ურწმუნომაც, – მეტ-ნაკლებად იცის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მაინც გრძელდება. ამას იგი გრძნობს იმ წარუშლელი ღვთიური ნაპერწკალით, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული შემომქმედისაგან და რომლის საშუალებითაც სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რჩება შესაძლებლობა სინანულის, მოქცევისა და ღმერთთან შერიგებისა.

გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში.

ჩვენ ვცხოვრობთ რელიგიური აზროვნებისა და იდეოლოგიების ზეობის ეპოქაში;

როგორც ერთ-ერთი ცნობილი თეოლოგი ამბობს, რელიგიასა და იდეოლოგიას შორის უდიდესი განსხვავება იმაშია, რომ რელიგია და რწმენა ყოველთვის ძალზედ პირადულია და ღრმა შინაგანი გამოცდილებით მიიღწევა, მაშინ როცა ნებისმიერი იდეოლოგია ყოველგვარ პირადს, როგორც უსარგებლოს, უარყოფს.

ამიტომაც არის, რომ არც ძველი და არც რომელიმე თანამედროვე იდეოლოგია, პიროვნებას არ სცნობს.

ადამიანი ყველაფერზე მაღლა იესო ქრისტემ დააყენა და იგი გახადა თავისი უდიდესი სიყვარულის ობიექტი. ამასთან, მას უდიდესი ნიჭი, _ თავისუფლება უბოძა და მისცა არჩევანის საშუალება. თითოეული ჩვენგანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად დღესაც ყოველწუთს აკეთებს არჩევანს კეთილსა და ბოროტს, ღმერთსა და ეშმაკს შორის და ეს ჩვენი უფლებაა.

ჩვენი ნება ღვთის ნების შესაბამისი უნდა გახდეს, მაგრამ, არა იმიტომ, რომ ასე ვინმემ გვიბრძანა, არამედ იმიტომ, და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენს დიდ სურვილად და სწრაფვად უნდა იქცეს; იმიტომ, რომ ჩვენ მოვინდომეთ, გავხდით ადამიანები, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, იეზიდნო, ქისტნო, ასირიელნი, სხვანო ყოველნო, ჩვენ ხატად და მსგავსად ღვთისა ვართ შექმნილნი და თითოეული ჩვენგანის სულშია ის ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც დღეს ღაღადებს, – ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

 

მართლაც, ყველასთვის აღდგა ქრისტე, ყველა ადამიანს შეუძლია შეცვლა და ფერისცვალება, რადგან, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ბრძანებს, ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია.

 

მაშ, ვმადლობდეთ უფალს, რომელიც სიხარულით შეგვიძღვა თავისი აღდგომის ნავთსაყუდელში, ვმადლობდეთ ყოველნი, რომელთაც კეთილად განვვლეთ სარბიელი მარხვისა; ვმადლობდეთ ისინიც, რომელნიც უძლურ ვიქმენით ამგვარი ღვაწლისა” (სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი). ამიერიდან ნუღარავინ სძრწის და ეშინის, ჭეშმარიტი სიყვარული და მარადიული სიცოცხლე დაუბრუნდა კაცობრიობას; იხარებს ადამის მოდგმა და მთელი სამყარო!

 

ქრისტე აღდგა!
აღსდექით თქვენც და მასთან ერთად ეგეთ უკუნისამდე!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II

აღდგომა ქრისტესი
თბილისი, 2015 წელი”

ბათუმის ”დინამოს” ფანები დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ვერ დაესწრებიან

 

ბათუმის ”დინამოს” ფანკლუბი ქომაგებს აფრთხილებს, რომ სტადიონზე შესვლა აკრძალულია

 

 

ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი „შავი ზღვის მეკობრეები“ სამი სამგზავრო მიკროავტობუსით უკვე გაემგზავრა ქობულეთში ჩელე-არენაზე.

 

ფანკლუბის ხელმძღვანელის გივი გაგუას, თქმით დაახლოებით 70 ფანკლუბელი გაემგზავრა დინამოს საგულშემატკივროდ ჩელე-არენაზე. „ჩვენ სტადიონზე არ ვიქნებით. ჩვენ კლუბის საზიანოს არაფერს გავაკეთებთ“უბრალოდ ადგილს შევიცვლით და ჩვენ ხმას მაინც გავაგონებთ „დინამოელებს“.

 

„პირატები“ მაინც გავემგზავრებით ქობულეთში მატჩზე და როგორც შევძლებთ ისე დავუდგებით გუნდს მხარში“ – წერდა 8 აპრილს ფანკლუბი Black Sea Pirates – Dinamo Batumi Fan-Club თავის facebook გვერდზე. „არ დავტობებთ დინამოს ასეთ მდგომარეობაში“, „ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიდგებით“, „ვერასდროს ვერავინ, ვერ შეგვაჩერებს!“ – წერენ „დინამოს“ სხვა გულშემატკივრები.

 

 

ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრის გარეშე კიდევ ორი თამაში დარჩება – 15 აპრილს ლანჩხუთის „გურიასთან“ და 9 მაისს თბილისის „დინამოსთან“.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბათუმის „დინამო“ 8 000 ლარიანი ჯარიმითა და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით „ტორპედოსა“ და „დინამოს“ თამაშისას მომხდარი ინციდენტის გამო დააჯარიმა. მატჩის ბოლოს გულშემატკივრებმა მსაჯებს აგინეს.

 

დღევანდელი მატჩი:

11.04.2015 – 16:00
უმაღლესი ლიგა, ოცდამესამე ტური

 

ქობულეთი, “ჩელე არენა”
„დინამო“ ბათუმი – „სამტრედია“ სამტრედია

 

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ი. უკლება, ზვ. ერქვანია, გ. დოგრაშვილი, გ. ავაზაშვილი, ვ. ბასილაია (სათადარიგო)

სკარლეტი, მელანი, ეშლი და სხვა ქარწაღებულები

 

ვიდრე უშუალოდ რომანზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მიტჩელის დამოკიდებულება მისი შექმნილი პერსონაჟის მიმართ – მწერალი საშინლად ღიზიანდებოდა, როცა მას სკარლეტს ადარებდნენ, უხეში სიტყვებით მოიხსენიებდა და მიიჩნევდა, რომ მისი მორალური პრინციპები სკარლეტისაზე ბევრად უფრო მტკიცე იყო.

 

მარგარეტი მიიჩნევდა, რომ სკარლეტს არ ჰქონდა დადებითი თვისებები და მასთან გაიგივება შეურაცხმყოფელი უნდა ყოფილიყო ნებისმიერი კარგად აღზრდილი ქალბატონისთვის. მაგრამ, ავტორის სურვილისგან დამოუკიდებლად, სკარლეტ ო’ ჰარა ეროვნულ გმირად იქცა, ამერიკის სიმბოლოდ, პოპკულტურის პოპულარულ პერსონაჟად, მისაბაძ მაგალითად.

 

 

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ომის ხაზი წიგნში იმდენად დიდი ცოდნითაა დაწერილი, რომ საუკეთესო ისტორიის სახელმძღვანელოს მაგივრობას გასწევსო.

 

მარგარეტი წლების განმავლობაში გულმოდგინედ სწავლობდა ომთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, ამიტომაცაა, რომ წიგნში საოცრად რეალისტურად, სკრუპულოზურად და საქმის ცოდნითაა აღწერილი კონფედერატებისა და იანკების ომი. თუმცა მიტჩელი ვერ ინარჩუნებს ობიექტურობას და ეს სრულიად დასაშვებია – ეს ხომ მხატვრული ლიტერატურაა. ამ წიგნში მედლის მეორე მხარე – სამხრეთელების პოზიციაა ნაჩვენები და ამ მეორე მხარის გაცნობის შემდეგ ბევრი საინტერესო საკითხი სრულიად სხვაგვარად ჩანს. მაგალითისთვის კუ-კლუკს კლანი გამოდგება, სრულიად მიუღებელი, ცივილიზებულ სამყაროსთან შეუთავსებელი, რასისტული ორგანიზაცია, რომლის შექმნის აუცილებლობას მიჩელი იმით ხსნის, რომ სამხრეთელ მამაკაცებს რამენაირად უნდა დაეცვათ ოჯახები გათავისუფლებული მონების შურისძიებისგან. სასამართლოს მეშვეობით კი ეს გამორიცხული იყო.

 

ომის პარალელურად წიგნი სკარლეტ ო’ჰარას ცხოვრებას ეძღვნება, ქალის, რომლის ცხოვრება საოცრად ტრაგიკული გახადა ეშლის უპასუხო სიყვარულმა. სკარლეტი ხარბი, კეკლუცი, პატივმოყვარე, დაუნდობელი, გაუნათლებელი გოგოა, ზოგჯერ შემაძრწუნებლად ბოროტი და ამორალური, მაგრამ მისი შეჯავრება შეუძლებელია, იმიტომ, რომ საოცრად ნამდვილია. სკარლეტი ყველა ქალშია, ვინც მარტო ეჭიდება პატრიარქალურ სამყაროს, ვინც ცდილობს, თამაშის წესები თვითონ დაადგინოს და არა მამაკაცებმა. აბა, როგორ გაიტანდა თავს სკარლეტი სინაზით და დაუცველობით იმ საზოგადოებაში, სადაც დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ქალმა თუ მათემატიკა იცოდა. სკარლეტიც ადგა და შუბლით დაიწყო კლდის განგრევა.

 

ამიტომაცაა საყვარელი ეს მწვანეთვალება ქალი, ეს ამერიკელი ნატაშა როსტოვა – მას ის გამოსდის, რაზეც ყველა ოცნებობს, მაგრამ ბევრი ვერ ბედავს – საკუთარი წესებით თამაში პატრიარქალურ, ფიზიკური ძალის გამფეტიშებელ საზოგადოებაში.

 

მარი კორინთელი ირაკლი ბაკურიძე

 

 მაღაზია „წიგნები ბათუმში.“ მისამართი: აბაშიძის (ყოფილი სტალინის) #60 

რა უნდა გაკეთდეს ჯილეხისგან თავდასაცავად

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯილეხის საფრთხეების შემცირებაზე თითქოს ორი წლის წინ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, როდესაც 850 ათასი ლარი გამოყო დანადგარის შესაძენად, რომლითაც დაინფიცირებული პირუტყვის კრემაცია შეიძლებოდა. მსხვილი ცხოველების კარკასისა და ბიოლოგიურად სახიფათო ნარჩენების გასანადგურებელი ღუმელის შესყიდვაზე 2013 წლის 2 დეკემბერს სააგენტო შპს „ორიენტირს“ შეუთანხმდა – საბოლო ჯამში, ტენდერის პირობით, კერძო კომპანია და სახელმწიფო შეთანხმდნენ, რომ ინსინერატორის შესაძენად 817 900 ლარი იყო საჭირო.

 

 

სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება არაეფექტურია, რადგან ძვირადღირებული აღჭურვილობა სტატიკური დანადგარია, ანუ ინსინერატორამდე დაღუპული პირუტყვის მიტანას კიდევ სხვა სპეციალიზებული ტრანსპორტი სჭირდება, რაც საქართველოში დღემდე არ არსებობს. გარდა ამისა, უკვე ნაყიდი ინსინერატორით ერთი პირუტყვის განადგურებას თითქმის 300 ლარის საწვავი სჭირდება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ 800 ათას ლარად გაცილებით ეფექტური ინსინერატორის შეძენა შეიძლებოდა.

 

სად ინახება ინსინერატორი და გამოუყენებია თუ არა დღემდე სააგენტოს დანადგარი? დაავადებული ცხოველი, რომლის გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს ინსინერატორით როგორ ან რანაირად უნდა მიიტანო ინსინერატორამდე? ამ კითხვით სურსათის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, რაზეც გვიპასუხეს: „ინსინერატორების განთავსება გათვალისწინებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. მის განსათავსებლად გამოყოფილია შესაბამისი ტერიტორია და მიმდინარეობს შესაბამისი კეთილმოწყობისა და უსაფრთხოების დაცვის სამუშაოები. ლეშის გადასაზიდად შერჩეულია ბიოუსაფრთხოების წესებით აღჭურვილი სპეციალური დანიშნულების მაღალი გამავლობის ავტომანქანა, რომლის შეძენაც გათვალისწინებულია უახლოეს ხანებში“.

 

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ მთავარი ვეტკონსულტანტი და ბიოლოგიის დოქტორი მიხეილ ჭიჭაყუა გვიხსნის, რომ ჯილეხი, იგივე ციმბირული წყლული, საშიში ინფექციური დაავადებაა – ჯილეხით არამარტო მსხვილფეხა საქონელი, ადამიანიც ავადდება. დაავადების ძირითადი ამთვისებელი მსხვილი და წვრილი რქოსანი პირუტყვი, ცხენი და ყველა სახის ბალახისმჭამელი ცხოველია. ნაკლებად ავადდება ღორი.

 

ჯილეხით ცხოველის დასნებოვნება საკვებით ან წყლით ხდება, საკვების გარდა პირუტყვი შესაძლოა დაინფიცირდეს ჩასუნთქვით, ასევე მწერების საშუალებითაც. ბიოლოგიის დოქტორი ამბობს, რომ ჯილეხი სწრაფად ვრცელდება და ცხოველის უეცრად სიკვდილს კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე იწვევს.

 

„ჯილეხის შემთხვევაში ზოგჯერ შეიმჩნევა ცხოველებში კანკალი, კრუნჩხვები, პირისა და ცხვირის ღრუდან სისხლიანი გამონადენი, ტემპერატურის მომატება და ცხოველი 2-3 დღეში იღუპება“, – ამბობს მიხეილ ჭიჭაყუა.

 

წინა წლებში ჯილეხის გამოვლენის ადგილზე სააგენტო კარანტინს აცხადებდა, კერებს დეზინფექციას უტარებდა და ამთვისებელ ცხოველებს ვაქცინაციას უტარებდა. 2014 წელს იძულებით ვაქცინა  5774, წელს კი 220 დაავადების ამთვისებელ ცხოველს ჩაუტარდა.

 

ადამიანი ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან შეხებით ინფიცირდება, დაინფიცირებას იწვევს ხორცპროდუქტების დამუშავება, ლეშის აღება, ავადმყოფი ცხოველის რძის მიღება, ადამიანი ასევე შეიძლება დაავადდეს საქონლის ტყავის ქურქისგანაც.

 

მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, ჯილეხისგან თავის დასაცავად ცხოველის ვაქცინაცია აუცილებელია:

 

„ყველა სახეობის მოზარდი ცხოველები, გარდა კვიცებისა, პირველად უნდა აიცრას სამი თვის ასაკში, კვიცები – 9 თვის ასაკში. განმეორებით ვაქცინა პირველი აცრიდან 6 თვის შემდეგ უნდა გაკეთდეს, ზრდასრულ ცხოველებს კი, წელიწადში ერთხელ უკეთდება ვაქცინა“.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წელს 1 508 000 პირუტყვის ვაქცინაცია აქვს დაგეგმილი. დაგეგმილი ღონისძიებით 500 000 სულ მსხვილფეხა პირუტყვს, 650 000 წვრილფეხასა და 10 000 კენტჩლიქიან ცხოველს ვაქცინაცია წელიწადში ერთხელ, 150 000 სულ მოზარდ მსხვილფეხა პირუტყვს, 195 000 მოზარდ წვრილფეხასა და 3000 მოზარდ ცხენს კი რევაქცინაცია ჩაუტარდება. ჯილეხის საწინააღმდეგო  1 168 100 დოზა ვაქცინის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 127080,75  ლარზე გამოცხადდა.

 

მიხეილ ჭიჭაყუას თქმით, იმ ადგილზე, სადაც ჯილეხი გამოვლინდება, კარანტინი უნდა გამოცხადდეს: „ჯილეხის გამოვლენის შემთხვევაში დასახლებულ პუნქტში ან მეურნეობაში, საძოვრის მონაკვეთზე კარანტინი უნდა გამოცხადდეს, ავადმყოფ და ავადმყოფობაზე საეჭვო ცხოველები იზოლატორში მოთავსდეს და მკურნალობა გაეწიოს. 14 დღის შემდეგ, მათი კლინიკური გამოჯანმრთელებიდან აიცრას ცხოველი ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით, აქვე გასათვალისწინებელია, რომ დაავადებული ცხოველის მომვლელმა  მკაცრად უნდა დაიცვას პირადი ჰიგიენა. მეცხოველეობის ყველა მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ხოლო ის, ვისაც ხელებზე, სახესა და სხეულის სხვა ღია ადგილებზე გამონაკაწრი, ჭრილობა და კანის სხვა დაზიანება აქვს, ავადმყოფი ცხოველის მოსავლელად, დაინფიცირებული ადგილების გასაწმენდად და დეზინფექციის ჩასატარებლად არ შევიდეს.“

 

ბიოლოგიის დოქტორი ჯილეხის გამოვლენის შემთხვევებში ფერმერებს ურჩევს ვეტერინარებს მიმართონ, მოულოდნელად დავარდნილ საქონელს კი, ხელით არ შეეხონ, აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადგილი, სადაც ჯილეხით დაავადებული ცხოველი ან მისი რომელიმე ნაწილი მოხვდება, სათანადო დამუშავების გარეშე დაავადების კერად და ადამიანისთვის საშიშ ზონად მიიჩნევა, თუ საქონელი ჯილეხით დაიღუპება, მისი დამარხვა არ შეიძლება.

 

„იმ შემთხვევაში, თუ სოფელში ჯილეხის შემთხვევა გამოვლინდა, ეს არ გულისხმობს სხვა ცხოველების დაინფიცირებას, რადგან ვაქცინირებული პირუტყვი დაცულია დაავადებისაგან. ნებისმიერი ადგილი, სადაც ჯილეხით დაავადებული ცხოველი ან მისი რომელიმე ნაწილი მოხვდება, სათანადო დამუშავების გარეშე ითვლება დაავადების კერად, ადამიანისთვის საშიშად. თუ საქონელი ჯილეხით დაიღუპა, მისი დამარხვა არ შეიძლება, უნდა დაიწვას ცხოველის ლეში, დაინფიცირებული ნაკელიც და გაკეთდეს სპეციალური სანაცია“.

 

156 ლარი ოჯახს ძველ ფიცრულში საარსებოდ

 

„როცა დაზამთარდება, პარკებს ვაკრავ ფანჯრებზე, რომ ძალიან არ ციოდეს, უკვე გაიხა. აი, ასე ღია იქნება დაზამთრებამდე, ვიდრე ყინვები არ მოგვისწრებს… იატაკი ნახეთ“, – მეუბნება დიასახლისი და  სამზარეულოში მორყეულ იატაკზე დაფენილ ძველ ხალიჩებს იღებს, ხალიჩებს ქვეშ ღრიჭოები და დამპალი ფიცრები მოჩანს. „იატაკს ნათესავებისა და მეზობლების ნაჩუქარი ძველი ხალიჩებით ასე ვმალავ“, – ამბობს თინა. ამ იატაკზე გავლა საშიშია.

 

სამნიძეების სამსულიანი ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი სახელმწიფო შემწეობა – 156 ლარია. ამ თანხით ყიდულობენ პურის ფქვილს, შაქარს, ბრინჯს, მაკარონს, მარილს და თუ რამე მორჩა, ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებს – ციტრამონს, ანალგინსა და წნევის წამალს.

 

„ასე გაგვაქვს თავი. უნდა იკმარო 156 ლარი. როცა სხვა გზა არ გაქვს, იმას შეჭამ, რაც გექნება – რძე, მაწონი, ხორცი ჩვენთვის ვარსკვლავზე უფრო შორსაა. ავად ვარ მეც და ავადაა ჩემი ქმარიც, მე ფეხები მტკივა, მესაჭიროება მკურნალობა, თუმცა წამლები ძვირი ღირს და ვერ ვმკურნალობ, ქმარს კი ყურების პრობლემა აქვს, რამდენი წელია ჩირქი სდის და ვერც ის მკურნალობს, ამის საშუალება არ გვაქვს“, – ამბობს თინა.

 

თინა სამნიძე

 

სამნიძეების ფიცრულს ორი საძინებელი, მისაღები ოთახი და სამზარეულო აქვს. სამზარეულოში დგას საბჭოთა წარმოების გაზქურა და მაცივარი. გაზქურა არ მუშაობს, მაცივარი – ცარიელია, ამიტომ ის გამორთული აქვთ. 

 

„რასაც ხედავთ, ესაა – ტელევიზორი, საწოლები, ძველი კარადა და სკამები. ესეც არაფერია, სახლი რომ იყოს ნორმალურ მდგომარეობაში… იქნებ, თქვენ მიიტანოთ ჩვენი ამბავი ხელისუფლებამდე. მეზობლებმა კი იციან, მაგრამ ვერავინ დამეხმარა დღემდე. მინისტრებს კი ვეტყოდი ჩემს გასაჭირს, მაგრამ მათ ჩამოსვლას მე ვინ გამაგებინებს“, – ამბობს თინა.

 

გეოლოგიურ დასკვნაში, რომელიც სამნიძეების სახლზე გასულ წელს არის შედგენილი, წერია, რომ სახლს დეფორმაცია სიძველით აქვს მიღებული, დასკვნაში აგრეთვე მითითებულია, რომ სახლის ხის საყრდენმა სვეტებმა შესაძლოა ვერ გაუძლოს თოვლის საფარის სიმძიმეს, ამიტომ შენობა უნდა გამაგრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლი სიცოცხლისთვის სახიფათოა“.

 

ამ დასკვნის დაწერიდან ერთი წელი უკვე გავიდა, სახლი კი დღემდე არ გაუმაგრებიათ. ამ ქოხმა ზამთარს წელსაც გაუძლო. სამნიძეები ისევ სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში მომავლის იმედით იცხოვრებენ.

 

სუნი და ანტისანიტარია ღია არხებიდან

 

„47 წელია აქ ვცხოვრობ და ილია წულუკიძე რომ იყო მერი, მაშინ გაწმინდეს არხი.   დაგვპირდა დავლუქავთო, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა. არც გაწმენდილა. ბაგრატიონის ქუჩიდან კობალაძემდე მონაკვეთში არხი გვირაბში შევარდნაძის დროს, გასული საუკუნის 70-იან წლებში მოაქციეს, ეგ იყო და ეგ“ – გვეუბნება გრიგოლ ხიბაია, რომელიც კობალაძის ქუჩის შესახვევში ცხოვრობს.

 

ჟილინის არხი მის ეზოში, სახლსა და ჭიშკარს შორის გადის და ბეტონის ფილებითაა   დახურული: „ეს ფილები ჩემი დალაგებულია, მაგრამ არხი ეზოს ორთავე მხარეს ღიაა. როცა რეაბილიტაცია დაიწყო, მუშაობის პერიოდში კეტავდნენ არხს, ქვემოთ  სამუშაო პირობები რომ ჰქონოდათ. გაწვიმდებოდა და სანამ დავრეკავდით, სანამ ტრაქტორი მოვიდოდა და მათ ჩაყრილ ქვებს თუ ღორღს ამოიღებდა, წყალი სახლში  კიბის მესამე საფეხურამდე აღწევდა. საერთოდ, ამ ბოლოს ოთხჯერ წამოიწყეს სამუშაოები და ოთხივეჯერ შეაჩერეს. ახლაც, ხელახლა გაიმარჯვა ვიღაცამ ტენდერშიო და ველოდებით“.

 

ჟილინის არხი

 

ჟილინის არხის მიმდებარედ მცხოვრებლებს „ახალი გამარჯვებულისა“ და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა, ადრე რასაც ეუბნებოდნენ, იმის გათვალისწინებით, დღეს პრობლემა მოგვარებული უნდა ყოფილიყო.

 

გრიგოლ ხიბაიას ეზომდე ვერ მივიდა, მაგრამ მის მეზობლად, მამია აბაშიძეს, როგორც თავად ამბობს, მერიის ტენდერში შარშან გამარჯვებულმა კომპანიამ ეზოს დამცავი ჯებირები დაუნგრია და ბეტონის ფილები, რომლითაც არხი იყო დახურული, ეზოში დაულაგა.

 

„როცა სახლი ავაშენე 1999 წელს, შევისყიდე სამშენებლო ბლოკები და მოვაწყვე ჯებირები, რკინაბეტონის ფილებით დავფარე არხი, რაც 6 ათასი ლარი დამიჯდა. კი ხედავთ აგერ, ბავშვები გამოდიან და როგორი მდგომარეობაცაა დღეს. ეს  ანტისანიტარია რომ არ ყოფილიყო სახლის წინ, ამიტომ გავიღე ხარჯი“, – ამბობს მამია აბაშიძე.

 

მისი თქმით, 2013 წლის ზაფხულში არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ზღვისპირიდან, თუმცა გაკეთდა პატარა მონაკვეთი და სამუშაოები შეჩერდა: „ჩაიშალა იმის გამო, რომ კომპანიამ, რომელსაც ხუთმილიონიანი ტენდერი ჰქონდა მოგებული, სამუშაოები დროზე ვერ შეასრულა. როგორც ჩვენ ვიცით, 1 მილიონ 100 ათასი ლარი თანხა გაქრა და დანარჩენი გადმოვიდა 2014 წლის ბიუჯეტში. 2014 წელი კი ისე დასრულდა, არაფერი. გამოვლინდა გამარჯვებული, მოვიდა ნოემბრის ბოლოს, თუ არ ვცდები ქუთაისელები იყვნენ. მითხრეს, ავიღებთ შენს ფილებსო. ვუთხარი, გაკეთებული მაქ და ნუღარ დამიშლით-მეთქი. მერე ტექნიკა სად ვეძებოთო, ხელი არ შეგვიშალოო და მეც დავთანხმდი – თუ გააკეთებთ, ხელს როგორ შეგიშლით-მეთქი. დაშალეს და სამუშაოებიც შეწყდა. აქვე მეზობლად იქირავეს ბინაც, მუშები ცხოვრობდნენ. ბინის ქირა არ მიუციათ, მაღაზიაში ნისიად გამოჰქონდათ პროდუქტი, კომპანიას უნდა გადაეხადა, თუ იმ მუშებს ეს აღარ ვიცი“.

ჟილინის არხი

 

 

სამუშაოების შეჩერების მიზეზი მამია აბაშიძემ მერიაში მოიკითხა: „გიორგი ერმაკოვთან მინდოდა შეხვედრა, მაგრამ არ შემახვედრეს და გამიშვეს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან. არ შევხვედრივარ, სატელეფონი საუბარი მქონდა. მოვიდნენ ამ სამსახურიდან – ერთი ბაგრატიონი იყო გვარად, მეორე არ ვიცი. ავუხსენი რა მდგომარეობაც იყო და მითხრეს – ამ ფილების ხელახლა ჩაწყობას აზრი არ აქვს, დაახლოებით ერთ თვეში შემოდის ახალი კომპანია და მაისის პირველ რიცხვამდე დასრულდება სამუშაოებიო. აპრილი დაიწყო და არავინ გამოჩენილა“.

 

„ზაფხულში ტურისტრები შემოდიან, ერთ-ორ კაპიკს ვაკეთებდით. ახლა მაისიდან სეზონი დაიწყება და აქ ვინმე მოვა? თუ შენ არ აკეთებ, ჩემს გაკეთებულს ნუღარ მიშლი. მაისის ბოლომდე ეს თუ არ გაკეთდა – სასამართლოს უნდა მივმართო და ზარალის ანაზღაურება მოვითხოვო. მერია იქნება თუ კომპანია, არ ვიცი… ან მოვიდნენ და ჩემი გაკეთებული მაინც აღადგინონ“, – ამბობს მამია აბაშიძე.

 

ჟილინის არხის რეაბილიტაციაზე მესამედ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ ბათუმის მერიამ ხელშეკრულება შპს „მშენებელი 80“-თან 30 მარტს გააფორმა. ხელშეკრულება 6 მილიონ 317 ათას 776 ლარსა და 90 თეთრზე გაფორმდა.

 

„ეს სერიოზული კომპანიაა და არ გაგვაწვალებს ისე, როგორც წინა ორმა გაგვაწვალა“, – ამბობენ მერიის კეთილმოწყობის სამსახურში.

 

სამუშაოები 6 აპრილიდან უნდა დაიწყოს და 2017 წლამდე უნდა დასრულდეს. შედეგად, ჟილინის არხი მთლიანად დახურულ სისტემაზე გადავა.

 

 

 

არხის გაწმენდას ელოდებიან ხახულის ქუჩაზეც, ასევე ხახულის მეორე შესახვევშიც.   მდგომარეობა აქაც ანალოგიურია (სხვათა შორის, ჟილინის არხს „ოფიციალურად” ჰქვია სანიაღვრე, თორემ არხში ფეკალიებიც ხვდება, რადგან მასში მიმდებარე უბნებიდან საკანალიზაციო წყლებიც ჩაედინება. ეს არხი ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ზღვას ახალ ბულვართან უერთდება. რეაბილიტაციის პარალელურად ფეკალური კანალიზაციები უნდა მიუერთდეს ქალაქის საკანალიზაციო ქსელს).

 

„ანტისანიტარიაა, სუნი… ნაგავი. წვიმის დროს ეზოებიც იტბორება. აგერ, მეზობელი, მაგალითად, არხთან ახლოს მიწას ვერ ამუშავებს – მერიიდან მოვლენ და უნდა ამოწმინდონო. ამოღებული შლამი რომ მის დამუშავებულ ნაკვეთში დაიყაროს, დაზარალდება. როდის გაწმენდენ, კონკრეტულად არაფერი ვიცით“, – გვითხრა ხახულის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

 

„ხახულის ქუჩა, მეჯინა – ამ მონაკვეთის პროექტი მუშავდება, დაახლოებით დათვლილია თანხაც, სადღაც 1 მილიონ 700 ათას ლარამდე დასჭირდება (შლამის ამოღებას და გატანას). თუმცა ბევრი პრობლემაა – მათ შორის დაშენებები ზედ არხზე, ზოგი უკანონოა, ზოგმა დააკანონა კიდეც. ამოღებული შლამი და ნაგავი აუცილებლად უნდა იქნეს გატანილი, რაც ასევე პრობლემაა. ამ ეტაპზე, ჯერ არც ადგილი გვაქვს მითითებული, მაგრამ გატანის დროს, ერთ მანქანას რომ მიაქვს ამოღებული ტალახი, მეორე უნდა მიყვებოდეს და წყლით გზას ასუფთავებდეს. ამ არხის გაწმენდაზე, სავარაუდოდ, „ბათუმის წყალი“ გამოაცხადებს ტენდერს“, – ამბობს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბახტაძე.

 

ბათუმის მერია ღია სანიაღვრე არხების მოვლა-ექსპლუატაციისთვის სპეციალურ ქვეპროგრამასაც ახორციელებს, რისთვისაც წელს ჯამში 870 800 ლარია გათვალისწინებული.

 

სანიაღვრე ქსელების მოვლა-ექსპლუატაციის ფარგლებში დაგეგმილია: 2400 სანიაღვრე ჭის გაწმენდა, შლამის ამოღება და გატანა (ყოველთვიურად); დახურული სანიაღვრე არხების გაწმენდა; ღია სანიაღვრე არხების გაწმენდა (50 000 გრძივი მეტრი); ასევე სანიაღვრე მილების გაწმენდა ჭურვის გატარებით; სანიაღვრე ჭების მიმდინარე შეკეთება; ზღვაში გასასვლელი არხების გაწმენდა; გადახურვის ფილის გამოცვლა; სანიაღვრე არხების სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავება; მდინარეების ფსკერების გაწმენდა.

 

ქალაქის მერია 96 100 ლარს დახარჯავს ასევე წელს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობაში, ხოლო თამარის დასახლებაში, სახლი N1 და სახლი N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემის რეკონსტრუქციაში – 62 800 ლარს.

 

ჟილინის არხი

როგორ ასრულებს აჭარის მთავრობა ხელმძღვანელის დავალებას

 

 

აჭარის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე – Ajara.gov.ge გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში საზოგადოების ინტერესის შემცველი მხოლოდ ერთი აქტი გამოუცია. ეს არის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულება, რაც გონიოს ყოფილი მეურნეობის ტერიტორიაზე სადავო მიწის ნაკვეთების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. განკარგულება 2014 წლის 17 აპრილით თარიღდება. სხვა რაიმე სახის დოკუმენტი აჭარის მთავრობის ერთიან ელექტრონულ პორტალზე გრაფაში -„საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები“ – გამოქვეყნებული არ არის.

 

მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსისა და ამავდროულად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, დავით გაბაიძის განმარტებით, აჭარის მთავრობის ვებპორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთავრობის თავმჯდომარეს ერთის გარდა საზოგადოებისთვის სიკეთის მომტანი სხვა აქტი არ გამოუცია. დავით გაბაიძის თქმით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ფორმულირება საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი სამართლებრივი აქტი ინდივიდუალურია და სხვადასხვაგვარად შეიძლება გავიგოთ: „ინდივიდუალურია ვინ რას ჩათვლის საზოგადოებისთვის საინტერესოდ. შეიძლება თქვენთვის სხვა საკითხია საინტერესო, სხვისთვის – სხვა. თუ ვინმე კონკრეტული გადაწყვეტილებით, ან სხვა კონკრეტული დოკუმენტითაა დაინტერესებული, ჩვენგან ინფორმაციის გაცემის პრობლემა არ არის. შეიძლება გამოითხოვოთ ის და დადგენილ ვადაში მიიღებთ პასუხს“.

 

დავით გაბაიძის თქმით, მისი მუშაობის პერიოდში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გონიოსთან სადავო ნაკვეთების შემსწავლელი კომისიის შექმნის გარდა კიდევ ბევრი განკარგულება გამოსცა.

 

კითხვაზე, საზოგადოებისთვის საინტერესო აქტი გარდა ერთისა, აჭარის მთავრობას არ გამოუცია და ამიტომ სხვები ვებგვერდზე არ ატვირთეთ? – დავით გაბაიძე პასუხობს, რომ „ასე არ არის“.

 

აჭარის მთავრობის ერთიანი ვებპორტალი

 

აჭარის მთავრობამ დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების შესახებ 2013 წლის ოქტომბერში გამოსცა. დადგენილება სამთავრობო სტრუქტურებს გარკვეული ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში გამოქვეყნებას ავალდებულებს.

 

დადგენილების მიხედვით, ის ნორმატიული აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობასთანაა დაკავშირებული და ინფორმაციები, რომლებიც საზოგადოების ინტერესის შემცველია, მათი ძალაში შესვლიდან ათ დღეში უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა ვინ უნდა განსაზღვროს რომელი ნორმატიული აქტია საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი, ეს მთავრობის დადგენილებაში არ წერია.

 

აჭარის მთავრობის აპარატის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ  ჩამონათვალში სუფთაა დასათაურება: „სამსახურის წლიური ანგარიში“, „სამსახურის მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმა“, საქართველოს პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრისთვის ყოველწლიურად წარდგენილი ანგარიში“. სხვა ბევრ გრაფაში ინფორმაცია არასრულია და განახლებას საჭიროებს. არის გრაფებიც, სადაც ინფორმაცია განახლებულია.

 

სამთავრობო ვებპორტალის მიხედვით, მაგალითად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუშაობის შესახებ ანგარიშების გრაფაში დღემდე მხოლოდ 2013 წლის მუშაობის ანგარიშია ატვირთული. სუფთაა „სტრატეგიებისა და კონცეფციების, სამოქმედო გეგმის“  შესახებ, ასევე საზოგადოებისთვის ინტერესის შემცველი აქტების გრაფა. სხვა თავები მეტ-ნაკლებად განახლებულია. იგივე შეიძლება ითქვას აჭარის სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებზეც.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო გამონაკლისია. ამ უწყებას დავალება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე ზედმიწევნით კარგად აქვს შესრულებული. სამინისტროს ყველა ინფორმაცია მითითებულ ვადებშია განახლებული.

 

ჯანდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა მელაშვილია. ანას თქმით, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება დამატებით ძალისხმევას ითხოვს, თუმცა „გამოუსვლადი არ არის“: „მე ვუკავშირდები ქვემდებარე უწყებებს, ვაგროვებ ამ ინფორმაციას, ვამუშავებ და გადავცემ მას, ვისაც ვებზე ატვირთვა ევალება. ამას დადგენილებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად ვაკეთებ.“

 

საიტს აქტიურად ანახლებს ბათუმის საკრებულოც. ამ უწყების საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები დადგენილებით მითითებულ ვადებს ხშირად არღვევენ.

 

ინფორმაციას არასრულად და ხშირად ვადების დარღვევით ათავსებს ვებგვერდზე ბათუმის მერიაც. 

 

მთავრობის დადგენილება უწყებას მის მიერ გამოცემული აქტების, დადგენილებებისა და საზოგადეობისათვის საინტერესო ინფორმაციის ატვირთვას მათი გამოცემიდან 14 დღის ვადაში ავალდებულებს. ინფორმაციის ნაწილი კი ნახლდება კვარტალურად ან წელიწადში ერთხელ.

 

მთავრობის აპარატს ევალება გააკონტროლოს, თუ როგორ ასრულებენ ზემდგომის დავალებას პროაქტიულ გამოქვეყნებაზე სამთავრობო უწყებები.

როდის ექნებათ ბუკნარში წყალი?

 

 

სულხან ევგენიძე

ბატონო სულხან, იცნობთ თუ არა ბუკნარის პრობლემას და რატომ არ აღდგა ერთი წლის განმავლობაში წყლის მიწოდება?

 

– ბუკნარელებს წყალი მიეწოდება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ მილებს ჰაერი ხეთქავს და ეს არის მოსაგვარებელი. ახლა გამარტივებული ტენდერი გვაქვს გამოცხადებული და დამთავრდება ყველაფერი.

 

რა ხეთქავს მილებს, შეგიძლიათ აგვიხსნათ?

– თავიდან ეს წყლის სისტემა ჩინურმა კომპანიამ დააზიანა. თუმცა, ამ კომპანიამ გადაიხადა თანხა და დაზიანებული ადგილები გაკეთდა. აქ არის ორი ავზი, როცა წყლის მოხმარება იზრდება, მილში ჰაერი იპარება და ის აზიანებს მილებს. სპეციალისტები აყვანილი მყავდა სათავეში, დავაკვირდით და ავზიდან მეორე ავზამდე მონაკვეთში არსებობს პრობლემა. ტენდერის შემდეგ, წყლის მოსახლეობასთან მისვლამდე, უნდა გაკეთდეს 300-400-ლიტრიანი წყალშემკრები ავზი, რომ წყალი მუდმივად იყოს მასში და ჰაერი აღარ შევიდეს მილებში. ავზის გაკეთება 2 996 ლარი ჯდება და დაველოდებით ტენდერს.

 

როგორც მოსახლეობა გვეუბნება, წყლის მილები უხარისხოა და ამიტომ ზიანდება. ვინ ჩასვა წყლის მილები და რამდენად ხარისხიანია ის?

– მოსახლეობამ რა იცის წყლის სპეციფიკა, რადგან სკდება, ყველა ფიქრობს, რომ მილია უხარისხო. გავაკეთებთ წყალშემკრებს, დავამონტაჟებთ და აღარ იქნება პრობლემა. ხარჯთაღრიცხვა მზადაა, სამდღიანი ტენდერი გამოცხადდება და ვინც მოიგებს, ის გააკეთებს. თუ არ გამოჩნდება მსურველი, მაშინ ერთ პირთან მოლაპარაკებით გადავწყვეტთ.

 

დაზიანებული მილების აღდგენა საიდან დაფინანსდა, გამგეობის ბიუჯეტიდან?

– რაც დაზიანდა, იმის აღდგენაზე ჩინურმა კომპანიამ გადაიხადა თანხა, თუ არ ვცდები, 370 ათასი ლარი იყო იმ მონაკვეთზე, სადაც მაგისტრალი გავიდა. მაგისტრალის ქვეშ მოექცა მილი და რომ არ დარჩენილიყო, გარეთ გამოვიტანეთ.

 

ეს კონკრეტული მონაკვეთი ზიანდება?

– არა. მაქედან მილი მიდის პირველ ავზთან, შემდეგ წყალი მეორე ავზთან გადადის. ამ ორ ავზს შორის მონაკვეთში ზიანდება მილები, რადგან ავზი ძველია და გამოვცვლით ალბათ მაგასაც.

 

შეგიძლიათ გვითხრათ, რა დროში მომარაგდება ბუკნარი წყლით, შეფერხების გარეშე?

– მაქსიმუმ მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს სამუშაოები.

 

ერთი წელი გავიდა უკვე და ამდენ ხანს რატომ არ გადაწყდა ეს პრობლემა?

– ერთი წლის წინ მე არ ვიყავი გამგებელი და ხომ უნდა გამეგო რაში იყო პრობლემა. მილის გამო იყო დაზიანება თუ სხვა რამის, ხომ უნდოდა შესწავლა. მეც ადვილი მეგონა, მაგრამ ბევრი პროცედურა სჭირდება.

124 223 სტუდენტი და 8 389 პროფესორ-მასწავლებელი საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში 124 223 სტუდენტიდან 86 247 უმაღლეს სახელმწიფო, დანარჩენი კი კერძო სასწავლებლებში სწავლობს. ქვეყანაში 20 სახელმწიფო და 53 კერძო უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს.

 

2014-2015 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ გაგზავნილ სტუდენტთა რაოდენობაა 434, ხოლო საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 4 780 უცხოელი სწავლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან სტუდენტებს სასწავლებლად, ძირითადად, გერმანიაში, ესპანეთში, ესტონეთში თურქეთსა და პოლონეთში აგზავნიან.

 

საქართველოს უნივერსიტეტებში კი უცხოელ სტუდენტებს შორის სჭარბობს აზერბაიჯანის [1 372 სტუდენტი], ერაყის [657], ინდოეთის [1 104], თურქეთის [492], ნიგერის [335], ნიგერიისა [143] და შრი-ლანკას [219] მოქალაქეები. საქართველოში 157 სტუდენტი კი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

 

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით [2014-2015 სასწავლო წლის დასაწყისისთვის],  ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე 8 389 პროფესორ-მასწავლებლიდან 5 359 სახელმწიფო სასწავლებელში ასწავლიდა, რომელთაგან 1 229 სრული პროფესორია, ხოლო 2 065 კი ასოცირებული პროფესორი.

 

კერძო უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებული 3030 პროფესორ-მასწავლებლიდან კი სრული პროფესორი იყო 722, ხოლო ასოცირებული პროფესორი – 1313.

გურია – ერთადერთი რეგიონი უმაღლესი სასწავლებლის გარეშე

 

საქართველოში დღეს მოქმედი 73 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 20 სახელმწიფოა, ხოლო დანარჩენი 53 – კერძო. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რეგიონების მიხედვით ქვეყანაში ყველაზე მეტი უმაღლესი სასწავლებელი დედაქალაქშია განთავსებული.

 

თბილისში 46 უმაღლესი სასწავლებელია [აქედან 9-სახელმწიფო და 37-კერძო];  შვიდი უმაღლესი სასწავლებელია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში [3 სახელმწიფო და 4 კერძო]; ოთხ-ოთხი უმაღლესია იმერეთსა და ქვემო ქართლში; სამ-სამი – კახეთსა და შიდა ქართლში; ორი უმაღლესი სასწავლებელია სამეგრელო-ზემო სვანეთში და თითო სასწავლებელი სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში და აფხაზეთის არ-ში [უნივერსიტეტი ფუნქციონირებს თბილისის ტერიტორიაზე].

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი /ფოტო: თედო ჯორბენაძე/

ქობულეთში ქუჩების დაზიანებული მონაკვეთები მოასფალტდება

 

სატენდერო პირობების მიხედვით,  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ქუჩების დაზიანებულ მონაკვეთებზე,  მთლიანობაში 800 მეტრზე უნდა დააგოს ასფალტი.

 

ელეტრონული ტენდერი 28 აპრილს დასრულდება, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩების დაზიანებული მონაკვეთები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის განმავლობაში უნდა გამართოს.

 

სოფელ ქობულეთში ბაგა-ბაღი აშენდება

 

შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 1-ელ მაისს დასრულდება, შესაბამისად ამის შემდეგ  გახდება ცნობილი ვინ ააშენებს ბაგა-ბაღს სოფელ ქობულთში.

 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპნიამ საბავშვო ბაღის შენობა შპს „ხობი-2015“ პროექტის მიერ დამუშავებული პროექტით სამი თვის განმავლობაში უნდა ააშენოს.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე

 

 

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის, ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

 

 

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ვადით, ან/და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით იმავე ვადით.

 

რატომ არ უნდა დაუმალო ბავშვს, რომ ის ნაშვილებია

ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა ახალი მოსწავლის შესახებ ბავშვებს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა: „ბავშვებო, ის ნაშვილებია და ამის შესახებ არაფერი წამოგცდეთ“. მსგავსი „დარიგების“ თუ სხვადასხვა „კეთილმოსურნის“ დაუფიქრებლობის შედეგად, ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც იგებს სიმართლეს იმის შესახებ, რომ ის ბიოლოგიურ ოჯახში არ იზრდება. ასეთი ინფორმაცია ტრაგიკულ შედეგებს განსაკუთრებით მაშინ იღებს, როცა ადამიანი არასრულწლოვანია და მისი გონება ასეთი ინფორმაციის გასააზრებლად მოუმწიფებელია.

გასულ კვირას სწორედ თანატოლების მხრიდან შვილად აყვანის წამოძახება გახდა 11 წლის მოზარდის ტრაგედიის მიზეზი კახეთში, – მან თავი მოიკლა.
ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად

სახელმწიფომ კანონის რეფორმა უნდა დაიწყოს: „რა ინფორმაციას იღებს ადამიანი, როცა შეიტყობს რომ აყვანილია? პირველ რიგში, მას უჩნდება განცდა, რომ ის ვიღაცამ უარყო, მიატოვა. ყველაზე მთავარი, რაც ადამიანს განვითარებაში, სიცოცხლის სიყვარულში ეხმარება, არის მშობლის, ოჯახის სიყვარული. გარდა ამისა, ეს ყველაფერი რაღაცნაირად უკავშირდება პიროვნების იდენტობასაც. ბავშვი იზრდება, უჩნდება წარმოდგენები საკუთარ იდენტობაზე, გარემოცვაზე, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. ყველაზე ღრმა კრიზისი ასეთ დროს არის იდენტობის კრიზისი. ამიტომ არის ეს ტრავმა მძიმე და მთავრდება ფატალური შედეგებით“.

ფსიქოლოგის აზრით, ადამიანები, რომლებიც მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ, ბავშვის ყურამდე მიაქვთ, უნდა დაფიქრდნენ, რის წინაშე აყენებენ მას.

„პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება დანაშაულია და მისი დაცვა სკოლასაც მოეთხოვება, რასაც ხშირად არღვევენ მასწავლებლები. ის, რომ მასწავლებელმა „გააფრთხილა“ მოსწავლეები, ნიშნავს, რომ ბავშვი მანიპულაციის საფრთხის წინაშე პირდაპირ დააყენა. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“.

რის საფუძველზე გადაწყვიტა სახელმწიფომ, რომ შვილად აყვანის ფაქტი საიდუმლოდ დარჩეს? მაია ცირამუა ამბობს, რომ ამის თაობაზე ფსიქოლოგთა კვლევებს ან დასკვნებს არ იცნობს, რასაც შესაძლებელია სახელმწიფო ეყრდნობოდეს. „მაგრამ თუ ბავშვის უფლებებიდან ამოვალთ, აუცილებელია, რომ შვილად აყვანის შესახებ ბავშვს ინფორმაცია ჰქონდეს. ამის უფლება აქვს ყველას და თანაც ყველა დრამას თავიდან ავიცილებთ“, – ამბობს ის.

პრევენცია იმისა, რომ შვილად აყვანის შესახებ ინფორმაცია ტრაგედიის მიზეზი აღარ გახდეს, არის კანონის ცვლილება. „გარდა კანონისა, საზოგადოებამაც უნდა გადააფასოს ღირებულებები, რათა „აყვანილი“ ბავშვი აღარ გახდეს გულგრილობის სამიზნე. „ხშირად, როცა მემკვიდრეობაზე მიდგება საქმე, ამბობენ  – „ქონებას ვიღაც უცხოს აძლევს“. ეს არის პრობლემა. აყვანილი ბავშვი არ უნდა განიხილებოდეს საზოგადოების მხრიდან როგორც „უცხო“. კარგად უნდა დადგინდეს შვილად აყვანის მოტივიც, რადგან ხშირად ბავშვის აყვანის საფუძველი ისიც ხდება, რომ ადამიანებს სიბერეში მომვლელი სჭირდებათ. თუმცა, მინახავს მშობლები, ვისაც ისეთივე განცდები ჰქონია ბავშვის აყვანის დროს, როგორც ბიოლოგიურ მშობლებს“.

სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ დაუმალო ბავშვს მისი გაშვილების შესახებ ინფორმაცია, შეცდომაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის ანა აბაშიძის მოსაზრებით, აუცილებელია სახელმწიფომ შვილად აყვანის შესახებ კანონის რეფორმა დაიწყოს.

„პრობლემა არ არის მხოლოდ სკოლაში, ან კონკრეტულ მასწავლებელში, ან მეზობელში, მთავარი პრობლემა არის ის, რომ შვილად აყვანა ლამის სახელმწიფო საიდუმლოებაზე მაღლაც დადგეს. საკითხი არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ შვილად ამყვანის ნებით, რადგან თემა ეხება მინიმუმ სამ ადამიანს. არავინ ფიქრობს იმაზე, რა არის ბავშვის სურვილი. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი ვერ იქნება ის გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად მას აზიანებს შემდგომში“.

ანა აბაშიძის აზრით, შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, რაც ძალიან რეალისტურია, ზიანი ადგება მშობელსაც, თუმცა ყველაზე მეტად – ბავშვს. ამიტომ, სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია მაღალი სტანდარტით დაიცვას ბავშვის უფლება, კანონის სრულყოფა უნდა დაიწყოს.

„სახელმწიფო მალავს დოკუმენტაციას და შლის ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის კვალს, მაშინ როცა შვილად აყვანის ფაქტი ფაქტად რჩება და ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბევრი ადამიანისთვის. დამალვა, ეს არის უსუსური მცდელობა, რადგან არაგონივრულია იმის მალვა, რაც არ დაიმალება. გარდა ამისა, სახელმწიფოს ავიწყდება, რომ ბავშვს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია, ვინ არის მისი ბიოლოგიური მშობელი“.

„გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ინფორმაციის გასაიდუმლოებას მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევების დროს უშვებს, როცა სიმართლემ შესაძლებელია გაცილებით დიდი ზიანი მიაყენოს ბავშვს, ვიდრე მისმა დამალვამ. საქართველოში კანონი არ მოდის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან“, – აცხადებს ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე, იურისტი

შვილად აყვანის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება სსსკ-ით დასჯადი ქმედებაა, თუმცა ანას აზრით, „ეს მუხლიც უნდა გაქრეს, რადგან კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ამ ინფორმაციის გამჟღავნებას. კონკრეტული მაგალითები ვიცი, როცა ფულის გამოძალვის მიზნით აშანტაჟებდნენ ადამიანებს შვილად აყვანის საიდუმლოს გამჟღავნებით… ბავშვის შვილად აყვანაში არაფერია სამარცხვინო, თუ არა საგმირო და ძალიან ჰუმანური რამ, ამიტომ, საზოგადოებამ, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. სიმართლე არ აზიანებს ბავშვს, ბავშვს აზიანებს ტყუილი“.

რომელ ასაკშია სასურველი ბავშვისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება? როგორც მაია ცირამუა ამბობს, სასურველია ეს ინფორმაცია ბავშვმა ადრეული ასაკიდანვე, ეტაპობრივად მიიღოს.

„ყველა შემთხვევა არის უნიკალური, ამიტომ არ შეიძლება მშობელზე კონკრეტული რეცეპტის მიწოდება, რადგან ერთი კონკრეტული რჩევა შეიძლება ყველა სიტუაციას არ წაადგეს და პირიქით, ავნოს კიდეც. ამიტომ, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად არის შესასწავლი“.

როგორც ფსიქოლოგი ამბობს, ადრეულ ასაკში ბავშვისთვის ინფორმაციის წყარო ზღაპარიც შეიძლება იყოს: „შეგვიძლია მოვუყვეთ ბავშვს, რომ ერთ ქალს ძალიან უნდოდა ჰყოლოდა შვილი, მაგრამ რადგან მისი არ ჰყავდა, იპოვა ერთი ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგო ან ბიჭი და წამოიყვანა სახლში, რომელსაც ზრდის და ბედნიერია. ანუ ასეთი ისტორიებით მშობელი აჩვევს ბავშვს იმ აზრს, რომ შეიძლება გაგაჩინოს სხვამ, მაგრამ გაიზარდო სხვაგან და ამაში არ არის ტრაგედია, პირიქით, ეს ნორმალურია. დედა ხომ მარტო ის არ არის, ვინც გაგაჩინა, არამედ ისიც, ვინც შენზე ზრუნავს, უყვარხარ და გეფერება… თუკი ერთ მშვენიერ დღეს ბავშვი სიმართლეს გაიგებს, ეს მისთვის აღარ იქნება ტრავმა“.

სწორი ნაბიჯების გადასადგმელად, როგორც მაია ცირამუა ამბობს, მშობლებს აუცილებლად სჭირდებათ როგორც ფსიქოლოგის, ასევე იურისტის კონსულტაციები, სწორი პასუხი რომ გასცენ ყველა იმ კითხვას, რომელიც შვილისგან წამოვა.

„შვილად აყვანის დროს აუცილებელია არა მარტო მშობლების მატერიალური, არამედ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ცოდნაც – არიან თუ არა ისინი მზად გამოწვევებისთვის და რამდენად სწორად მოახდენენ რეაგირებას ამაზე“.

როგორია უცხოური პრაქტიკა და აქვს თუ არა მას დადებითი შედეგები? – მაია ცირამუას თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ამ პროცესს კანონი არეგულირებს:

„საქართველოში რადგან ეს თემა დახურულია, ამ მიმართულებით ფსიქოლოგებიც ნაკლებად მუშაობენ. მშობლები ფსიქოლოგს მხოლოდ მაშინ აკითხავენ, როცა ბავშვი სიმართლეს იგებს და პრობლემები იქმნება. ამიტომ, კანონი უნდა იყოს მორგებული ბავშვის უფლებებზე და მშობელს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული ის, რომ ოდესღაც დადგება ეს მომენტი და ბავშვი არ აცხოვროს ტყუილში. მშობელი კი ამ ყველაფრისთვის შვილის აყვანამდე უნდა მოემზადოს“.

 

 

ბათუმის მერია ჩოგბურთში ტურნირის ჩატარებას შეისყიდის

ამ თანხით, მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს:

  • ტურნირის ორგანიზება ბათუმში არსებულ გრუნტის საფარიან მოედანზე;
  • ტურნირში 5 კადეტთა გუნდის ჩართულობა (გუნდში 3 ვაჟი, 3 გოგონა, 1 წარმო- მადგენელი); აქედან 2 უცხოური, 1 ადგილობრივი და 2 საქართველოს რომელიმე რეგიონიდან;
  • საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის 2 დელეგატისა და ევროპის ჩოგბურთის ფედერაციის 1 დელეგატის ტურნირში ჩართულობა;
  • მოწვეული უცხოური გუნდების წარმომადგენლების, საქართველოს რეგიონიდან მოწვეული გუნდის წარმომადგენლების განთავსება სასტუმროში (საჩოგბურთო კორტებთან ახლოს) სამჯერადი კვებით;
  • მოწვეული დელეგატების განთავსება მაღალი კლასის სასტუმროში (საჩოგბურთო კორტებთან ახლოს) სამჯერადი კვებით;
  • ადგილობრივი გუნდის წევრების კვება (დღეში ერთხელ), მენიუს და კვების ადგილმდებარეობის შეთანხმება მოხდეს შემსყიდველ ორგანიზაციასთან ;
  • ბანერები ტურნირისათვის (სოლვენტური ფართო ფორმატიანი ბეჭვდით შესრუ- ლებული);
  • ტურნირის მონაწილეთათვის (1-3 ადგილი) დიპლომების გადაცემა. (დიპლომი – ლამინირებული ან ჭავლური მეთოდით შესრულებული);
  • ტურნირის მონაწილეთათვის (1-3 ადგილი) მედლების გადაცემა. მედალი დამზადებული უნდა იყოს მეტალის მასალით, რომელიც მოთავსებული იქნება ჩასადებ ყუთში;
  • გამარჯვებულთათვის (1 ბიჭისათვის, 1 გოგონასათვის) თასების გადაცემა. თასი დამზადებული უნდა იყოს მეტალის მასალით. (თასი – არაუმცირეს 38 სმ-სა);
  • ტურნირის მონაწილეთათვის ექსკურსიის მოწყობა (ქალაქის გაცნობა, ღირშესა- ნიშნაობების დათვალიერება, ვიზიტი ბოტანიკურ ბაღში ან დელფინარიუმში);
  • მოწვეული გუნდების ტრანსპორტირება (სასტუმრო-კორტები-სასტუმრო), ასევე ბათუმის ღირშესანიშნაობების დათვალიერება ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში;
  • მთავარი მსაჯის, მსაჯების, დამხმარე პერსონალის, მედ. პერსონალის მომსა- ხურეობის ანაზღაურება (რომლებიც უზრუნველყოფენ ტურნირის მიმდინარე- ობის პერიოდში დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას);
  • 18 (თვრამეტი) ცალი ფასიანი საჩუქარი საპრიზო ადგილზე გასულ სპორტსმენე- ბისათვის, (წიგნები ან ალბომები, სადაც ასახული იქნება ბათუმის ისტორია და ღირშესანიშნაობები, დაბეჭდილი უნდა იყოს, როგორც ქართულ ასევე ერთ-ერთ ევროპულ ენაზე);
  • ვახშამი ტურნირის დასრულებისას;
  • აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ჩართულობა ტურნირში

წიგნები მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს

 

 

ღონისძიება ხორციელდება საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა მაკულატურის შეგროვებას და მის გადაცვლას ახალ წიგნებში.

 

აქციაში ჩართული იყო, როგორც უბრალო მოქალაქეები ისე სხვა და სხვა ორგანიზაციები მათ გაზეთი ”ბათუმელები“, შორის ტვ 25, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სენაკის მე–7 საჯარო სკოლა, არასამთვარობო ორგანიზაცია „ბორჯღალი“ და სხვა.

 

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს წინასააღდგომოდ პასკებს გადასცემს სუპერმარკეტების ქსელი „ვილმარტი“ და პატარებს პასკებს გადასცემს საჩუქრად.

 

 

სასჯელი ფანების გამო

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, რომელიც მსგავს საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, სადისციპლინო კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლების შესაბამისად, ბათუმის „დინამო“ 8 000 ლარით დააჯარიმა და სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ „დინამო“ საშიანო სამ მატჩს გულშემატკივრის გარეშე ჩაატარებს.

სადისციპლინო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება 8 მარტს მიიღო და კლუბს აცნობა. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვიგებთ, კომიტეტის სხდომას ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი ოთარ ფედიჩკინი და სპორტული დირექტორი მალხაზ მახარაძე ესწრებოდნენ, რომლებსაც კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმშერ ტყებუჩავამ, წევრებმა _ ზვიად ქორიძემ და ზვიად დარასელმა განუმარტეს სანქციის მოტივი: „ბათუმის `დინამოს~ ქომაგებმა „ტორპედოსთან“ მატჩის დამთავრების შემდეგ აგინეს და აფურთხეს თანამსაჯებს, ხოლო შემდეგ ერთ-ერთმა ქომაგმა არბიტრ გიორგი ყრუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა – ფეხი ამოარტყა“.

„დინამოს“ ფანკლუბის „შავი ზღვის მეკობრეების“ ხელმძღვანელის გივი გაგუას თქმით, ინციდენტის დროს ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა.

„ხელის დარტყმა, ჩხუბი და სტადიონზე შეჭრა არ ყოფილა. გულშემატკივრებმა მსაჯს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს, რაც ფეხბურთის თამაშის დროს ხშირია, ამიტომ ვფიქრობ, არ ვიმსახურებდით ასეთ სასჯელს. იმედია, დისკვალიფიკაციას ერთ თამაშზე მაინც მოგვიხსნიან“.

გივი გაგუას განმარტებით, გულშემატკივართა უკმაყოფილება მსაჯის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია: „მსაჯს ხუთი შეცდომა ჰქონდა. რომელსაც აშკარად ხედავდა და არ დააფიქსირა. ამან იმოქმედა შედეგზე. 1:0 ვიგებდით. ჩვენს კარში პირველი და მეორე გოლი დარღვევით გავიდა, რაც მსაჯს არ დაუფიქსირებია“.

ბათუმის „დინამომ“ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება ფეხბურთის ფედერაციის ზემდგომ ინსტანციაში სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა. როგორც კლუბის პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა „ბათუმელებს“ უთხრა, კლუბმა სააპელაციო კომიტეტს გადაუგზავნა საჩივარი, რითაც სასჯელის შემსუბუქებას, კონკრეტულად კი, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემცირებას მოითხოვს.

„ვაპროტესტებთ ამ ჯარიმას. გამოძიება უნდა ჩატარდეს რა მოხდა. ვიღაცა თუ გადავიდა მოედანზე, კლუბი რა შუაშია?! ამდენი გულშემატკივარი საქართველოში არც ერთ თამაშზე არ დადის. ხალხი ძლივს დაბრუნდა სტადიონზე და ახლა ამ ხალხს ეუბნებიან, რომ არ მოვიდნენ თამაშზე“ – განაცხადა ფედიჩკინმა.

საქართველოს ფეხბუთის ეროვნულ ფედერაციაში განმარტეს, რომ კლუბს გასაჩივრების უფლება მხოლოდ ფინანსურ ნაწილში აქვს, სამთამაშიანი დისკვალიფიკაცია კი, ძალაში დარჩება.

ბათუმის „დინამოს“ გულშემატკივრის გარეშე ორი თამაში დარჩა – 15 აპრილს ლანჩხუთის „გურიასთან“ და 9 მაისს თბილისის „დინამოსთან“.

”მაწანწალა ზღაპარი” – პრემიერა ბათუმში

 

სპექტაკლის რეჟისორია დავით მაცხონაშვილი; მხატვარი – თამარ ჭავჭანიძე; კომპოზიტორი – შალვა მაცხონაშვილი; რეჟისორის თანაშემწე – თეონა ლორთქიფანიძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურაბ ქავთარაძე, ანი ცეცხლაძე, დიმა მელია, ინგა ღირდალაძე, ნინო კვიტაიშვილი, მერი ნაკაშიძე, ნანა კიკვაძე და ქეთევან სამხარაძე.

სპექტაკლში გამოყენებულია სკოტ ჯოპლინის მუსიკა, ტერენტი გრანელისა და ტარიელ ჭანტურიას ლექსები.

შრომის არასავალდებულო მონიტორინგი

“2014 წლის 8 მაისს ხელვაჩაურში, სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათისა და კედლების ჩამონგრევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი; 2014 წლის 2 ივნისს ბათუმში, რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, შპს „ტამ ჯეოს” მიერ მაღლივი კორპუსის მშენებლობაზე, ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას დაიღუპა ელექტროტექნიკოსი; 2014 წლის 3 ივლისს ბათუმში, ასათიანისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში სამშენებლო კომპანია “აკმე ჯორჯიას” მაღლივი კორპუსის მშენებლობისას, გარე ფასადის მიშენების პროცესში ჩამოვარდა 45 წლის მშენებელი, რომელმაც მიიღო თავის ტვინის მძიმე ტრავმა; 2014 წლის 13 ნოემბერს დაბა ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო დარბაზის მშენებლობისას დაიღუპა 47 წლის მამაკაცი, რომელსაც ბეტონის გადასატუმბი მოწყობილობა დაეცა. შემთხვევის შედეგად მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს მშენებლობის მეპატრონე და მშენებლობაზე დასაქმებული კიდევ ერთი ადამიანი; 2014 წლის 7 დეკემბერს ხოფის ბაზრობაზე, მე-5 რიგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი…” – პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე ილია ვერძაძე “ბათუმელებთან” გასულ წელს სამშენებლო და ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ადამიანების გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევებს იხსენებს. ამ შემთხვევებს ერთი რამ აერთიანებს – შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რომლის შედეგიც ბევრი ოჯახისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა.

ილია ვერძაძე ამბობს, რომ სათანადო კონტროლის არარსებობის გამო საქართველოში შრომის უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებსაც კი არ იცავენ, რის გამოც 2013 წელს მხოლოდ აჭარაში შრომის საფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 5 ადამიანი გარდაიცვალა და 32 დასახიჩრდა, 2014 წელს კი, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 მძიმედ დაშავდა. “არ გამოვრიცხავ, რომ ეს რიცხვები ბევრად მეტი იყოს, ვიდრე რეგისტრირებულია. იქ, სადაც პროფკავშირები არ არის და სადაც დახურული სისტემებია, იმისთვისაც კი ვერ შევაღწიეთ, რომ მუშებს დაველაპარაკოთ”, – ამბობს ის.

ილია ვერძაძის თქმით, შრომის პირობების უსაფრთხოება ბევრგან ირღვევა, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო მაინც მშენებლობებია: “ხილული და აშკარა დარღვევები მშენებლობებზეა. იქ ჩანს, რამდენად უსაფრთხოდაა ხარაჩოები დამონტაჟებული, რომ არ ახურავს დამცავი ჩაფხუტი მშენებელს, არ აქვს დამცავი ღვედი, არ არის პერიმეტრის შემომსაზღვრელი ლენტები, ჯანმრთელობის პრევენციისთვის სანიტარული კუთხეები, მავნე და საშიშ პირობებში არ ანიავებენ ოთახს, არ ატარებენ პირბადეებს და ა.შ. მშენებლობაზე დაშავებული ადამიანის ზარალი ეგრევე ჩანს. აი ის ადამიანები კი, რომლებიც წლებია ჩახურულ სივრცეში, მტვერსა და ნესტში, არქივებსა და დოკუმენტებში მუშაობენ, უფრო ნაკლებად ჩანან, არადა, მათ ჯანმრთელობასაც სერიოზული ზიანი ადგება”.

შრომის მონიტორინგი საქართველოს მთავრობამ რვა წლის შემდეგ განაახლა და სახელმწიფო პროგრამაც შექმნა, რომლის მიზანი შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციაა, თუმცა საწარმოებში შრომის უსაფრთხოების ინსპექტირება 2015 წელსაც არ იქნება სავალდებულო.

შრომის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განმარტებით, შრომის ინსპექტირება სავალდებულო გახდება, თუმცა ამ ეტაპზე სპეციალისტების არარსებობა ამის საშუალებას არ იძლევა: “პროგრამა ითვალ ისწინებს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მონიტორინგის ჩასატარებლად კადრების გადამზადებას, რის შემდეგაც შემოწმება სავალდებულო იქნება ყველასთვის, იქამდე კი მხოლოდ სასამართლოს გზით მოპოვებული ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი, კვალიფიციური ინსპექტორი შევიდეს და განახორციელოს ინსპექტირება საწარმოში.”

ელზა ჯგერენაიას თქმით, განაცხადები შრომის მონიტორინგის ნებაყოფლობით მსურველი კომპანიებიდან მათთან უკვე შევიდა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში რაც შეიძლება მალე უნდა აღდგეს შრომის ინსპექცია, მაგრამ არა მხოლოდ ერთ სტრუქტურას დაქვემდებარებული. შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა და მისი შემცვლელი სამსახური აქამდე არ შექმნილა. “ჩვენ არ ვითხოვთ შრომის ინსპექციის აღდგენას იმ სახით, რა სახითაც ის არსებობდა 2006 წლამდე, რადგან ასეთ შემთხვევაში კორუფციის რისკი მაღალი იქნება და ყველაზე მეტად ისევ დასაქმებული დაზარალდება; არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი ურიგდებოდა არაკეთილსინდისიერ ინსპექტორს და დასაქმებულის საწინააღმდეგოდ წერდნენ დასკვნებს. ბუნებრივია, ამის აღდგენის მომხრე არ ვართ”, – ამბობს ის.

იმისთვის, რომ შრომის ინსპექციამ გამართულად იმუშაოს, ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საჭიროა მასზე სამმხრივი კონტროლი – როგორც მთავრობის, ისე პროფკავშირებისა და დამსაქმებლებთა გაერთიანებების: “ეს სამი ინსტიტუტი იმუშავებს ერთად. შუბლის ძარღვი უნდა გაიწყვიტონ, რომ ერთმანეთს რამეზე გაურიგდნენ. ამ შემთხვევაში არც კორუფციას ექნება ადგილი და ის სანქციებიც, რასაც ისინი დააწესებენ, დარღვეული უფლებების ადეკვატური იქნება”.

ელზა ჯგერენაიას თქმით, შრომის დეპარტამენტმა გაითვალისწინა ბიზნესსექტორის ინტერესებიც. პროცესი ბიზნესისთვის უმტკივნეულო რომ ყოფილიყო და ინვესტორები არ დამფრთხალიყვნენ, პროგრამაზე მუშაობისას რეკომენდაციები მათგანაც მიიღეს: “სამუშაო ჯგუფში წევრის სახით არის დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი. ეს პროცესები ბიზნესსექტორთან შეთანხმებული იქნება. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისთვის, რომ არ დაზარალდეს ბიზნესი. ფაქტია, რომ არსებული გამოცდილების მიხედვით, შრომის ინსპექცია არც ერთ ქვეყანაში არ აფერხებს ბიზნესს, პირიქით დამსაქმებლებს ხელს უწყობს მიიღოს პროდუქტიული მუშაობა, რაც პოზიტიურად აისახება მის ფინანსურ ინტერესზე”.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ სავალდებულო ინსპექტირება და დარღვევების შემთხვევაში დაკისრებული სანქციები შეაფერხებს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, აბსურდულია, რადგან ბიზნესმა უნდა იმოქმედოს იმ საკანონმდებლო სივრცეში, რომელიც ქვეყანაში არსებობს: “შრომის ინსპექციამ უნდა იმუშაოს შრომის კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე და მეორე მხრივ, შრომის უსაფრთხოებაზე, თუ სახელმწიფოს არ უნდა, რომ ხალხი პანტა-პუნტად იხოცებოდეს საწარმოებში. ხოლო თუ ბიზნესს არ აწყობს ის საკანონმდებლო სივრცე, რომელიც არის საქართველოში, მაშინ ისინი არიან მონათმფლობელები და ბიზნესთან მათ არაფერი ესაქმებათ”.

პროგრამის პირველ ეტაპზე განისაზღვრება საკვალიფიკაციო ნუსხა, ანუ იმ სპეციალისტების ჩამონათვალი, რომლებიც შრომის ინსპექტორებად უნდა გადამზადდნენ.

პროგრამის ბიუჯეტი 1 000 000 ლარია.

ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა ხუთი თამაშიდან ერთი მოიგო

 

საქართველო – ჩრდილოეთ კერეას შეხვედრა | ფოტო: IIHF

 

 

9 აპრილს გამართულ შეხვედრაში ქვეყნის ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები 4:1 დაამარცხა.

 

მანამდე კი ოთხი თამაში ჩაატარა, რომელიც ზედიზედ წააგო. მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონი მატჩები, რომელიც ყინულის საერთაშორისო ფედერაციის (International Ice Hockey Federation – IIHF) ორგანიზებით იმართება, თურქეთის ქალაქ იზმირში მიმდინარეობს და 12 აპრილს დასრულდება.

 

პირველი თამაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 3 აპრილს ლუქსემბურგთან გამართა და 15:3 დამარცხდა. 4 აპრილს ჩრდილოეთ კორეამ 12:4 სძლია, 13:1 წააგო 6 აპრილს თურქეთთან, 7 აპრილს კი 11:3 – ჰონგ-კონგთან.

 

მომდევნო, და ტურნირის ბოლო თამაში არაბეთის გაერთიანებული საამირობის ნაკრებთან 12 აპრილს არის დაგეგმილი.

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები შინ 13 აპრილს დაბრუნდება.

 

 

 

საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები | მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონი | თურქეთი, იზმირი

დაუბეგრავი მინიმუმის სახით 20 მილიონზე მეტია დაბრუნებული

2015 წლის 9 აპრილის საღამოს 11 საათისთვის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების მოთხოვნით შევსებული დეკლარაციების რაოდენობამ 341 ათასს გადააჭარბა. აქედან ამ დროისთვის თანხა 63 177 მოქალაქეს დაუბრუნდა.

საკადრო პოლიტიკის დეტალები აჭარის შს სამმართველოში

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილს, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს – მირიან თოფურია. ეს ის პოლიციელია, რომლის მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა 2012 წლის ნოემბერში დააკავეს ნარკოტიკის მოხმარებისა და იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით. `გუნავას საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც ხმამაღალი განცხადებით გაუშვეს სამსახურიდან თენგიზ გუნავას საქმის გამო, თუმცა, არ მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დაწინაურებულია… ის დროებით იყო ჩამოშორებული სამსახურებრივ მოვალეობას და მერე დააწინაურეს”, – განაცხადა დავით საყვარელიძემ მირიან თოფურიასთან დაკავშირებით 2013 წლის 29 მაისს, `რუსთავი 2″-ის ეთერში.

 

მაშინ თენგიზ გუნავა აცხადებდა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, ნარკოტიკი კი დაკითხვისას იძულებით მიაღებინეს. საქმის გამოძიება დაიწყო იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამაც და დაადგინა, რომ პოლიციელების მიერ გუნავასთვის იარაღის ჩადება არ დადასტურდა.

დარღვევად დაფიქსირდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების არასწორად შევსება, დროს არასწორად მითითება. პროკურატურამ გუნავას წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. გამოძიების შეწყვეტის დადგენილებაში წერია, თუ რა როლი ჰქონდა გუნავას საქმეში მირიან თოფურიას.
დოკუმენტის მიხედვით, მირიან თოფურიამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, შეადგინა პატაკი, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავა უნდა ყოფილიყო თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე; თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია დაადო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი კიკალიშვილმა. მირიან თოფურიას პატაკისა და გიორგი კიკალიშვილის რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო საქმის გამოძიება. მირიან თოფურიას დავალებით შეიქმნა ჯგუფი დეტექტივ-გამომძიებლების: ბესიკ შარაშენიძის, ნიკა არგანაშვილის, გიორგი ბლიაძის, თევდორე შონიას და ნიკოლოზ შატაკიშვილის შემადგენლობით.

 

შს სამინისტრომ მაშინ განმარტა, რომ იმ პოლიციელებს შორის, რომლებიც შს სამინისტრომ გაათავისუფლა გუნავას საქმეში არსებული დარღვევების გამო, მირიან თოფურია არ იყო.
2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თოფურია ბათუმში ჩამოსვლამდე შს სამინისტროს კახეთის სამხარეო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა. მანამდე თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მიწის ნაკვეთი (1400 კვ.მ) და სახლი (105 კვ.მ) აქვს სოფელ ზემო ნიჩბისში, საცხოვრებელი სახლი (70 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (1000 კვ.მ) – წაღვერში, სახლი (80 კვ.მ) და მიწის ნაკვეთი (800 კვ.მ) – სოფელ ვაქირიში. მის ცოლს – ნინო ყანჩაველს საცხოვრებელი სახლი აქვს თბილისში, აღმაშენებლის გამზირი, №116, ფართობი – 160 კვ.მ.
აჭარის მთავარ სამმართველოში ახალი უფროსი ჰყავს დეტექტივების დეპარტამენტს. ეს თანამდებობა გიორგი რევაზიშვილს ჩააბარეს. მანამდე რევაზიშვილი შსს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყვარლის რაიონული სამმართველოს უფროსი იყო. 2015 წლის 5 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციით, რევაზიშვილს 10 000 ლარი აუღია სესხის სახით.


“კახეთის საინფორმაციო ცენტრის” ინფორმაციით, რევაზიშვილი გამოირჩევა აგრესიულობით: 2013 წლის 21 ოქტომბერს მან საგარეჯოს პოლიციის უფროსის მოადგილის რანგში “სახალხო დამცველის რწმუნებულები პოლიციის შენობიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაყარა”. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა რევაზიშვილის ქმედება ასე ახსნა: ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ უჩვენებიათ სამსახურებრივი მოწმობები და არც სიტყვიერად განუმარტავთ ვინაობა, რის გამოც ისინი სამორიგეოდან გააძევეს. სინამდვილეში, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები რევაზიშვილს სიტყვიერად უმარტავენ თავიანთ ვინაობას და აჩვენებენ სახალხო დამცველის რწმუნებას, რომლითაც უფლება აქვთ, დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერი დაწესებულების ტერიტორიაზე და შეამოწმონ ყველა საჭირო დოკუმენტი.

 

ხელვაჩაურის რაიონული სამმართვლოს უფროსად მამუკა კბილცეცხლაშვილი დაინიშნა. 2011 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის შს სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე და ასევე დეტექტივების განყოფილების უფროსი იყო. მას გურიაში, კერძოდ ოზურგეთში, სოფელ შეკვეთილში აქვს მიწის ნაკვეთი (600 კვ.მ) და სახლი დუშეთში, ტაბიძის ქუჩა #12-ში (100 კვ.მ); მიწის ნაკვეთი აქვს ასევე დუშეთში (400 კვ.მ), მის ცოლს კი ბინა – თბილისში.

 

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ქობულეთის პოლიციის სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ზაქარია გურჩიანია. გასული წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გურჩიანი შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა.  

 

აჭარის პოლიციაში ჩატარებული ყველა ცვლილება ბესიკ ამირანაშვილს უკავშირდება, როცა ის პოლიციის უფროსად გაამწესეს, ითქვა, რომ 15 ადამიანი ჩამოიყვანა კახეთიდან სხვადასხვა თანამდებობაზე დასანიშნად. თავის დროზე გავრცელებული ეს ინფორმაცია შს სამინისტრომ არც უარყო და არც დაადასტურა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის უფროსები არ გამოუცვლიათ ქედის, შუახევისა და ხულოს სამმართველოებში.

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს

 

ამისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. საჩუქარი  სამი ათას 42 ბენეფიციარს ერგო. სწორედ ამდენი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს ბათუმში. 


სააღდგომოდ გაცემული ამ საჩუქრისთვის ბიუჯეტიდან 13 000 ლარი დაიხარჯა. 

 

თბილისი ბათუმის მიმართულებით ღამის მატარებელი დაინიშნა

 

ფოტო: საქართველოს რკინიგზა

როგორც საქართვლოს რკინიგზაში “ბათუმელებს” განუცხადეს  ღამის მატარებელი   15  აპრილამდე იმოძრავებს. კენტ რიცხვებში ბათუმიდან თბილისის მიმართულებით, ლუწ რიცხვებში კი პირიქით  თბილისიდან მახინჯაურის მიმართულებით.


პირველი კლასის ვაგონში ბილეთის ფასი 25 ლარია, მეორე კლასის ვაგონში კი 18 ლარი.

შიდა ტურნირი ჩოგბურთში

შიდა ტურნირის შედეგად გამოვლინდა ასაკობრივ კატეგორიების მიხედვით პირველ მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები და დაკომპლექტდა აჭარის ნაკრები.

გამარჯვებულებს საჩოგბურთო კომპლექსმა სამახსოვრო თასები სიგელები და მედლები გადასცა.

საჩოგბურთო კომპლექსის მთავარი მწვრთნელის მარტინ ხუმარიანის თქმით აჭარის ნაკრები სამომავლოდ დაგემილ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

ტურნირის დასრულებისას საჩუქარი გადასცე და იუბილე მიულოცეს მთავარ მწვრთნელს მარტინ ხუმარიანს. მას 8 აპრილს 70 წელი შეუსრულდა.

აჭარის ნაკრები:

I ადგილი – ელენე იმნაიშვილი

II ადგილი – ნიკა ჟორდანია

III  ადგილი – დანიელ რახმატულაევი

2000-2001 წლიანებში

 

ბიჭები

I ადგილი – გურამ გაგუა

II ადგილი – მიხეილ ქობამაძე

III ადგილი – ირაკლი ბერიძე

გოგოები

I ადგილი – მარიამ მესხი

II ადგილი – მარიამ ჩინკაძე

III ადგილი –  ნატო ტარიელაძე

2002-2003 წლიანებში

 

ბიჭები

I ადგილი – ვანო ჯაიანი

II ადგილი – ლუკა ნაჩიკიანი

III ადგლი – მიხეილ ბერიძე

გოგოები

I  ადგილი – ანა ბრუნჭაძე

II ადგილი – დიანა ირემაძე

III ადგილი – ქეთი ცინცაძე

2004-2005 წლიანებში

 

ბიჭები

I  ადგილი – გუგა დევაძე

II   ადგილი – სანდრო კალანდარიშვილი

III  ადგილი – გიორგი ბრუნჭაძე

გოგოები

I  ადგილი – თეკლა ჯიხვაშვილი

II   ადგილი – ლელა დუმბაძე

III  ადგილი – ჯულიეტა ჯიხვაშვილი

2006-2007 წლიანებში

 

I ადგილი – დიმიტრი აბაშიძე

II ადგილი – არჩილ ჯორბენაძე

III ადგილი – ანრი ჯორბენაძე

 

2008-2009 წლიანებში

 

I  ადგილი – ირაკლი ელიაშვილი

II  ადგილი – ლუკა კანდოიანი

III ადგილი – ანრი მებონია

მაქმანების სამოთხის საიდუმლო

თავის დარდებსა და ფიქრებს აქსოვენო, ძნელი იყო ემიგრაცია, უცხო მხარეში დასახლება, არც გარემო იყო მშობლიური, ვერც გარეთ დადიოდნენ, თავს ქსოვაში ირთობდნენ და დარდებსა და ფანტაზიებსაც ამ ძაფებში ართავდნენ…

„ქალები სახლში იყვნენ სულ და სახლში ქალმა დაიწყო გრძნობების ძაფითა და ნემსით გამოხტვა, მათი ემიგრანტობის სევდიან ცხოვრებას აჩვენებს ეს მაქმანები, მათი გრძნობა, მათი სიხარული, მათი ბედნიერება, მათი დარდი, ყველაფერი ამ მაქმანში ჩაქსოვილია, მე ასე ვფიქრობ“, – ამბობს გონენიდან წამოსული ანკარელი მწერალი ქალბატონი ქევსერ რუჰი.

გონენის მხარეში ექვსი სოფელია ქართველი მუხაჯირების შთამომავლებით დასახლებული, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გადმოსახლებულან. ბრძოლის ველზე ცხოვრებისგან დაღლილი და გათანგული ათიათასობით ქართველი ოჯახი ცენტრალური ანატოლიისაკენ  ახალი სამშობლოს საძიებლად აყრილა. ვიღაცამ ხელი მოითბო, ვიღაცამ კარიერა შეიქმნა, ვიღაცა კი განწირული იყო ახალი გამოცდებისა და განსაცდელისთვის – განშორება სამშობლოსთან, მშობლიურ სახლთან, ზოგჯერ ოჯახთან, ქმართან თუ მშობლებთან, რასაც გზაზე ოჯახის წევრების, ზოგჯერ მცირეწლოვანი შვილების დაკარგვაც ემატებოდა.

მარმარილოს მხარე მათი ახალი სამშობლო გახდა. გონენში ქართველების გარდა ჩრდილოკავკასიელი და ბალკანელი ემიგრანტების შთამომავლებიც ცხოვრობენ.

ნემსით ქსოვა აქაური ქალების საყვარელი საქმეა, ჯერ თუ თავს ირთობდნენ, ახლა ხელსაქმე ბიზნესად უქცევიათ და საკმაოდ კარგი შემოსავლის წყაროც გამხდარა.

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული გონენში მაქმანების ბაზრობა იმართება. ყოველ სამშაბათს ქალბატონები თავისი ხელსაქმით ხელში ბაზარში გამოდიან და მაქმანებს ყიდიან. ახლა უკვე ინტერნეტითაც შეიძლება ნიმუშების არჩევა და შეძენა. გარდა ტრადიციული ნივთებისა, როგორიც არის გასამზითვი ბოხჩები, სუფრები, ფარდები, ქალის ლეჩაქები, თაროების დეკორაციები თუ ლარნაკების დასაფენი ვარდულები, გონენელებმა ახალი მიმართულებაც განავითარეს – ქალის აქსესუარები. ჭრელ-ჭრელი და ფერად-ფერადი ყვავილები ფილიგრანული ქსოვითაა შესრულებული. ტრადიციული ტექნიკით შექმნილი თანამედროვე დიზაინის სამკაულები კი ქალბატონებისთვის ნამდვილი ცდუნებაა და გონენელებიც კარგ კომერციას ეწევიან.

ჯერ კიდევ ანკარაში ჩვენი პირველი მისიის დროს ქუჩაში ერთი მოხუცი ქალბატონისგან ხელით ნაქარგი საოცარი ოიები, ვარდულები ვიყიდე. სადაც არ წავედი თან დამქონდა, ოფიციალური ვახშმებისთვის აუცილებელი ეტიკეტის დაცვით ეს ვარდულები ჩემს ვერცხლის თეფშებს ეფინება ხოლმე და საოცარ ზღაპრულ სამყაროს უშლის სტუმარს. ანკარაში დაბრუნებული ისევ იმ მოხუცი ქალბატონის საძებნელად გავემართე. საოცარია, ქალი ისევ იმ ქუჩის კუთხეზე დამხვდა, მაგრამ ოიები აღარ ჰქონდა, მეხვეწებოდა ბავშვის ფაჩუჩების ყიდვას სანაცვლოდ, მაგრამ მე ოიები მჭირდებოდა…

ფეისბუქი, პოსტი ფოტოთი და თხოვნა ანკარელ მეგობრებთან, მაშოვნინეთ ოიები. გამომეხმაურა ისევ ძველი მეგობარი ქევსერი.

ქევსერ რუჰი, იგივე ქეთევან ხანთაძე, წარმოშობით გონენიდანაა, როცა დედა სამზითვო ოიებს მიქსოვდა, მე ვეუბნებოდი, ჩემი მზითვი ჩემი ცოდნააო. ქევსერმა ჯერ ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით ანკარის ჰაჯეთეპეს უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო.  ქევსერი მწერალია, თურქეთსა და საქართველოში ცნობილი ქალი მწერალი, ხუთი წიგნის ავტორი, რამდენიმე წიგნის რედაქტორი და არაერთი პრემიის მფლობელი. მისი მოთხრობების გმირები ქალები არიან, მუხაჯირი ქალები, ქალები დიდი განცდებით, დიდი ენერგიით, ძალითა და დიდსულოვნებით გამორჩეულები. მისი გმირები ორი ქვეყნის საზღვრის პირას მოქმედებენ, საზღვრებზე, რომელიც ოჯახის, მათი უფლებების, მათი გრძნობებისა და მოგონებების ზღვარზე გადის. ქევსერ რუჰის მოთხრობების კრებული „ქარვის ქალები“ ქართულად უკვე თარგმნილია და მალე უნდა გამოიცეს კიდეც.

სულ ახლახან კი, იყო ქევსერ რუჰის მიერ თარგმნილი გალაქტიონის რამდენიმე ლექსი თურქულად, რომელიც პოეზიის საერთაშორისო დღეზე წარადგინა ქ. სტამბოლში, მანამდე კიდევ იყო ოქროს საწმისის ორდენი, რომელიც ქართულ-თურქულ კულტურულ და საგანმანათლებლო საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილისათვის 2014 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე გადაეცა, მანამდე კი ქართული ენის სწავლების პროგრამაზე ინტენსიური მუშაობა, რაც თურქეთის საგანმანათლებლო სისტემაში ქართული ენის სასწავლო პროგრამაში დამტკიცებით დაგვირგვინდა.

მანამდე კი, იყო ორენოვანი ჟურნალი „ფიროსმანი“, სადაც ქევსერთან ერთად თანამშრომლობის ბედნიერება მეც მხვდა წილად, თურქული ჟურნალი „მაჭახელი“, მანამდე კიდევ ქართული ენის კურსები ანკარის ახლაგახსნილი საელჩოს სკოლაში.

ბევრად ადრე კი ახმედ მელაშვილის ნაჩუქარი „დედა ენა“ და საქართველოსა და ქართულ კულტურაზე თურქეთში გამოცემული პირველი წიგნი ყოფილა. მაშინ დაწყებულა ქევსერის ინტერესიც ისტორიული სამშობლოს შესაცნობად.

2013 წელს მარმარილოს რეგიონის ქართველთა შთამომავლებთან შესახვედრად გავეშურეთ. ცხადია, გონენის საზოგადოებასაც ვეწვიეთ, პატარა გოგო-ბიჭები, ქართული ენა რომ აღარ იციან, მაგრამ კოხტა თეთრი სახე და ღრმა თვალები რომ უხმოდ გეუბნება ჩვენებურები ვართო, ცეკვა-ცეკვითა და მუხლებზე ბზრიალით შეგვეგებნენ. გონენში სტუმრობისას გადავწყვიტეთ, რომ მაქმანების გამოფენა მოგვეწყო. ქევსერთან მოვილაპარაკეთ, იდეას პროექტის სახე მივეცით და გამოფენაც დავგეგმეთ. მარტი ქალბატონების თვეა და ვიფიქრეთ, რომ საუკეთესო დრო იყო ქალის მიერ შექმნილი ხელოვნების წარმოსაჩენად და მათი შრომის დასაფასებლად.

გამოფენა საქართველოს საელჩოში მოეწყო და ექსპოზიცია სამ დარბაზში გადანაწილდა. ცენტრალურ დარბაზში წარმოდგენილი ქალის აქსესუარები ორდენებივით იმზირებოდნენ, ყვითელ დარბაზში შევეცადეთ გონენის ბაზრობის იმიტირება გაგვეკეთებინა და დიდი რაოდენობით ექსპონანტები როგორც კედლებზე, ისე იმიტირებულ დახლებზე გამოიფინა.

ცისფერ ოთახში კი დამთვალიერებელს სურპრიზი ელოდა… მინების ქვეშ ძველი ნივთები იყო წარმოდგენლი.

მაქმანების ნემსით ქსოვის ტექნიკა მთიან აჭარაშიც იყო გავრცელებული, ეტყობა აჭარელმა ქალებმა ოსმალობის პერიოდში ისწავლეს ნემსით ქსოვა. ყველა ოჯახში იყო ასეთი მაქმანები, ოჯახში ქალიშვილი დაიბადებოდა თუ არა, მის გასამზითვად ქალები ქსოვას იწყებდნენ. თითქოს ჩვეულებრივ ნივთად ქცეული ეს არაჩვეულებრივი მაქმანები მივიწყებას მიეცა და ბევრ ოჯახში გაფანტულა და მიკარგულა კიდეც. ამ ხელსაქმის კომერციალიზაცია კი საქართველოში არავის უფიქრია.

ბათუმელმა ექიმმა მურად ცინცაძემ როცა შეიტყო ჩვენი გამოფენის გეგმები, დედის მზითვის სკივრი გახსნა და წინაპრის, აჭარელი ქალბატონის ემინე ტეტემაძის ნახელავები სპეციალურად საგამოფენოდ გამოგვიგზავნა. დედა თავდგირიძის ქალი ჰყოლია და იმისგან უსწავლია ეს კეთილშობილური ხელსაქმეო. მადლობა ამ ოჯახს, რომ ასე სათუთად შეინახეს ეს ურთულესი ნახატით შესრულებული მაქმანები.

ბათუმსა თუ აჭარაში ბევრ ტრადიციულ ოჯახს ექნება ნემსითა და ძაფით მოქსოვილი მაქმანები, ბევრი იმასაც იფიქრებს ეს რა გამოსაფენია, ეს ხომ ყველას სახლშიაო…

ამ გამოფენის მიზანიც ეს იყო, შეგვეხსენებინა ყოველდღიური რუტინული ცხოვრების ხლართებში არსებული მშვენიერება, რომ მაქმანების ზღაპრული სამყაროს საშუალებით მოგვეყოლა ჩვენი წინაპარი ქალების ერთი მხრივ რთული, ჩახვეულ-ჩახლართული და მეორე მხრივ, მაქმანივით გამჭვირვალე და ფაქიზი ცხოვრების გზა, რომელიც მათ აჭარიდან გონენამდე გაიარეს, შეიძლება ვიღაცებმა დაივიწყეს კიდეც, მაგრამ ემოციები და გრძნობები თავის ნახელავში ჩააქსოვეს და თაობიდან თაობას გადასცეს; გვინდოდა  მოგვეყოლა აჭარასა და ბათუმში დარჩენილი ქალების შესახებ, რომელთა წინაპრებმაც გაუძლეს სამშობლოს დაკარგვის წნეხს, თუმცა დაკარგეს ღვიძლი დები, დედები, შვილები, გაიყვნენ ორ სახელმწიფოს შორის, მაგრამ მიუხედავად საუკუნოვანი განშორებისა, მათ მაქმანების ენით მოყოლილი განშორების საერთო ზღაპარი დარჩათ – საერთო კულტურული ტრადიცია. ალბათ ეს ზღაპარია ქევსერ რუჰის მოთხრობებშიც ჩაქსოვილი…

„როცა მეკითხებიან, თუ სადაური ვარ, ბათუმიდან გადმოსახლებული ჩემი ქართველი წინაპრები რომ არ მოვიგონო, ასე მგონია, კავკასიის მთებს ვაწყენინებ. ეს ჩემი ფიქრი იმ მთებმა არ იციან, თორემ მე კი ვიცი“, – ამბობს „ქარვის ქალების“ მესაიდუმლე.

 

9 აპრილი ბათუმში

მემორიალთან შეკრებილებს შორის იყვნენ ბათუმის მერი და მერიის თანამშრომლები, საკრებულოს წევრები, აჭარის მთავრობის წევრები, უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები და პროფესორ მასწავლებლები.

1989 წლის 9 აპრილს 21 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სტუდენტები და სამი 16 წლის ახალგაზრდა. ისინი თბილისში ყოფილი პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებთან ერთად იმყოფებოდნენ. მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფასა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა. მომიტინგეები საბჭოთა არმიამ ხელკეტებითა და მხუთავი აირით დაშალა, რამაც 21 ადამიანი იმსხვერპლა.

დეპუტატი: მთავრობა აჭარის ტელევიზიის სარედაქციო საქმიანობაში ერევა

 

თემასთან დაკავშირებით, დღეს მედეა ვასაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც შემდეგი განაცხადა: “თემა პირდაპირ უკავშირდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ხაბაძეს, მის მამას – სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის განყოფილების უფროსს, თამაზ ხაბაძესა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს – ბალაძეს.

გადაცემა, რომელიც უნდა გასულიყო 7 აპრილს, ანუ გუშინ, საინფორმაციო პროგრამა „მთავარის“ დასრულებისთანავე, მოხსნილი იქნა პროგრამიდან. სანდო წყაროს ინფორმაციით, დაანონსებული გადაცემა, მას შემდეგ, რაც ე.წ. ცენზურა გაიარა ბალაძესთან, მოიხსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უშუალო მითითებით. ვგმობ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის ამ ფაქტს”.

 

ევროპის ჩემპიონი: ”არ უნდა დასჯერდე მედალს”

 

ლაშა გობაძე

 

 

ლაშა, როგორ შეაფასებთ ევროპის ჩემპიონატს?

 

ჩემპიონატზე ევროპის უძლიერესი სპორტსმენები გამოვიდნენ. იოლი არ ყოფილა გამარჯვება. სულ ოთხი შეხვედრა მქონდა. პირველად შევხვდი თურქ მოჭიდავეს, საკმაოდ ძლიერ სპორტსმენს, რომელიც ბოლო წუთს „მოგვერდით“ მოპოვებული ქულით მინიმალური სხვაობით დავამარცხე. მეორე შეხვედრაში ბერძენს ვეჭიდავე და 32 წამში მოვიპოვე გამარჯვება. ნახევარფინალში უნგრელს ვძლიე 2:0. ფინალში შემხვდა სომეხი – წარსულში ევროპის ჩემპიონი სერგის კოჩარიანი, მინიმალური სხვაობით – 3:2 დავამარცხე.

 

ყველაზე მეტად რომელი შერკინება იყო უფრო რთული, უფრო საინტერესო?

– გამოვყოფდი პირველ შეხვედრას თურქთან და ფინალს. ფინალი თავისთავად ყველასთვის მოსალოდნელია, რომ რთული იქნება. მასთან ფრთხილად ვჭიდაობდი, რადგან ერთი ზედმეტი მოძრაობა რომ მქონოდა, გამარჯვება შეიძლება ვეღარ მომეპოვებინა.

 

რას ფიქრობთ, რა შეცდომები დაუშვით?

– შეცდომები იყო. ბევრი მუშაობა მჭირდება ილეთებზე, რადგან ყველა ჩემს დაწყებულ ილეთზე თვითონ დავეცი. ფინალს რაც შეეხება, დაიწყო თუ არა შეხვედრა, დაახლოებით 20 წამში გავედი ორი ქულის უპირატესობით. ხუთი წუთის მერე ორი ქულა დავკარგე. მართალია, ერთი ქულით მაინც ვუსწრებდი, მაგრამ ამ დროს ორივე სპორტსმენი დაღლილია და მოწინააღმდეგისგან ილეთის გაკეთებას კიდევ უნდა ელოდო. ვიცოდი, რომ ერთ წუთში წყდებოდა ჩემი კარიერა. ის ერთი წუთი, რა ძალა და ღონეც მქონდა, მაქსიმალურად ვეცადე უფრო მეტი შეტევით მეჭიდავა.

 

– რა გავლენა იქონია პირად კარიერაზე იმან, რომ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ლევან შავაძე თქვენი ბაბუაა?

– ლევან შავაძე ჩემი პირადი მწვრთნელია. მასთან დაახლოებით ოთხი თვის ასაკიდან ვცხოვრობ. იყო ცხოვრების ეტაპი, რომლის გავლაც მშობლებისგან მარტოს მომიწია, ისინი ქვემო ქართლში, სოფელ სამღერეთში წავიდნენ საცხოვრებლად. ხუთი წლის ვიყავი, დარბაზში რომ დავყვებოდი ბაბუას ვარჯიშებზე. ამ ასაკში არა მგონია ჩემით გადამეწყვიტა რა მინდოდა. თუმცა ახლა რასაც ვაკვირდები, მგონია, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებაა ის გზა, სადაც მე ვიმყოფები. ერთი წამით არ ვნანობ იმას, რომ მოჭიდავე ვარ – მაშინაც კი, როცა ვაგებ, ან წარუმატებლობა მაქვს. ჭიდაობა ჩემი სპორტია და თუ არ მეყვარებოდა ჩემი საქმე, არც მექნებოდა შედეგი. ბაბუაჩემი თვითონაც მოჭიდავეა და ალბათ თავიდანვე შეამჩნია, რომ შემეძლო ამ სპორტში წარმატების მიღწევა. იყო რაღაც პერიოდში ბავშვური სიცელქე, რეჟიმზე აწყობის პრობლემა: მაგალითად, ძილი არ მინდოდა, მაგრამ საჭირო იყო დროულად დაძინება. იმის გამო, რომ არ ვყოფილიყავი გათამამებული… ბაბუა იყო მკაცრი. ეს ველაფერი არ მომწონდა. სიმკაცრის გამო და ასაკისთვის დამახასიათებელი ქცევების გამო რაღაც პერიოდი განაწყენებული ვიყავი ბაბუაჩემზე, ცხადია, ჩემთვის, გულში, მაგრამ როცა წამოვიზარდე მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც უნდოდა ყველაფრისთვის მიმეღწია, ბაბუა იყო. დავიწყე ისევ იმის კეთება, რასაც ლევან შავაძე მეუბნებოდა ვარჯიშზე და შედეგი უკვე სახეზე გვაქვს.

 

თუ გქონდათ მოლოდინი, რომ გახდებოდი ევროპის ჩემპიონი?

_ ცოტა ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, გატეხილი მქონდა ცხვირი, მქონდა პოლიპებიც და მიჭირდა სუნთქვა. ბიძაჩემის – დათო შავაძის დახმარებით ნოემბერში გერმანიაში გავიკეთე ოპერაცია. ოპერაციის გაკეთებიდან დიდი დრო არ იყო გასული, საქართველოს პირველობაზე რომ ვიასპარეზე და ჩემპიონი გავხვდი. ამ შედეგს არ ველოდი, რადგან სწორედ ფინალში ვაგებდი, როცა სუნთქვა აღარ მყოფნიდა.

 

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი თქვენთვის?

_ ევროპის ჩემპიონობა განსაკუ თრებულია. ასევე მინდა გამოვყო ირანის საერთაშორისო ტურნირი – „ტახტის თასი“, რომელიც თებერვალში ჩატარდა და ოქროს მედალი მოვიპოვე. ეს მედალი იმით მიხარია ყველაზე მეტად, რომ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით

ჭიდაობის ისტორიაში ეს გამარჯვება პირველმა მე მოვიპოვე. ოპერაციის მერე სამ ტურნირზე ვიასპარეზე საქართველოს პირველობაზე, „ტახტის თასზე“ და ახლა ევროპის პირველობაზე – სამივე მოვიგე. ოპერაციამ დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში, დავრწმუნდი საკუთარ ძალებში.

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მივყვები სპორტული კალენდრით დაგეგმილ ღონისძიებებს. უახლოესი ტურნირი საქართველოს პირველობაა დიდებში, რომელიც 20 აპრილს გაიმართება. შემდეგ არის ევროპის ოლიმპიადა ბაქოში. დიდი სურვილი მაქვს, ოლიმპიადის ლიცენცია მოვიპოვო.

ვფიქრობ, სპორტსმენი არ უნდა დაჯერდეს მედალს და არასდროს მოდუნდეს, რადგან ყოველთვის ფორმაში თუ არ იქნები, შედეგი არ გექნება.

ქედაში სპორტულ მოედანს არჩილ ფარტენაძის სახელი მიენიჭა

 

არჩილ ფარტენაძე
არჩილ ფარტენაძე

ქედის საფეხბურთო კლუბ ,,ბეთლემის” კაპიტნი 28 წლის არჩილ ფარტენაძე შაბათს, 4 აპრილს, ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. “ბეთლემის ” ნახევარმცველი და კაპიტანი 2004-2008 წლებში ბათუმის “დინამოს ” ღირსებას იცავდა. 2013 წლიდან არჩილ ფარტენაძე ქედის “ბეთლემში ” თამაშობდა.

 

როგორც ბეთლემის მწვრთნელმა განაცხადა, არჩილ ფარტენაძეს გული ვარჯიშის დროს გაუჩერდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ოპერატიულად გადაიყვანეს საავადმყოფოში მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამედიცინო კონსულტაციები უშვილობის პრობლების მქონე წყვილებისთვის

 


ლალი ფხალაძე ამჟამად “არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის“ კლინიკური დირექტორია.  ასევე, ექოსკოპიურ კვლევებს ჩაატარებს რადიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო დათოშვილი.


დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ : 27 25 88

ან ეწვიეთ შემდეგ მისამართზე : ბათუმი, მელიქიშვილის 102 ბ

www.mh.com.ge

Exit mobile version