სიახლეები

დავით ბერიძე ზედამხედველობის სამსახურს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს

07.08.2015 • 2216
დავით ბერიძე ზედამხედველობის სამსახურს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს

Jpeg

”ბათუმში, ტროტუარის მონაკვეთებში, უკვე დიდი ხანია შეუძლებელია თავისუფლად გავლა იმის გამო, რომ მაღაზიისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა დანიშნულება შეუცვალეს ტროტუარს. შეუძლებელია იქ თავისუფლად გავლა ეტლით მოსარგებლე შშმ პირისთვის და ასევე მშობლისთვის, რომელიც ბავშვს საბავშვო ეტლით ასეირნებს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ზედამხედველობის სამსახური არაეფექტურად მუშაობს და მივმართავ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, დროულად მოაწესრიგოს ტროტუარზე არსებული პრობლემები, ან გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ასევე მივმართავ ქალაქის მერს გიორგი ერმაკოვს, ის ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ მან ქალაქში არსებული პრობლემები მოაგვაროს, ვფიქრობ მან პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს ეს საკითხი.” – ამბობს დავით ბერიძე.

მისივე თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურს ყველა ბერკეტი აქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ”ის, რომ ერთჯერადად გაიარეს ქალაქში, გააფრთხილეს ან დააჯარიმეს გარემოვაჭრეები – არ არის საკმარისი. საჭიროა მუდმივი კონტროლი. თუ ზედამხედველობის სამსახური ერთჯერადი ღონისძიებების ნაცვლად მუდმივ კონტროლს დააწესებს ამ პრობლემაზე, ეს მოგვარდება”.

დავით ბერიძის თქმით, თუ ზედამხედველობის სამსახური სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, შემდეგი ნაბიჯი საპროტესტო აქცია იქნება.

 

 

გადაბეჭდვის წესი