კვირის ამბები

კომპანიები, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა

09.08.2015 • 2977
კომპანიები, რომლებსაც არჩილ ხაბაძემ უშუამდგომლა

 

სამშენებლო კომპანია „ძველი ბათუმი“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ დაგეგმილი პროექტის K2-კოეფიციენტის ანუ შენობის მასშტაბების გაზრდის მისაღებად ბათუმის საკრებულოსთან უშუამდგომლა. გასულ წელს მსგავს გადაწყვეტილებაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენცია იყო, ახლა მერის კომპეტენციაა.

 

„ძველი ბათუმი“ ფარნავაზ მეფის #150-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს აშენებს. არჩილ ხაბაძე შუამდგომლობის წერილში წერს, რომ კომპანია მზადაა ბათუმის ბიუჯეტის სასარგებლოდ K2-ის, ანუ მშენებლობის მასშტაბების დადგენილზე მეტად გაზრდის გადასახადი (42 872 ლარი) გადაიხადოს.  

 

შპს „ძველი ბათუმი“ 2011 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მის წილებს ირაკლი თურმანიძე და ნუკრი ბერიძე ინაწილებენ.

 

არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა კომპანია PROMER-CASA-საც. კომპანია ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და დ.კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, #10-ში მრავალფუნქციურ შენობას აშენებს. 

 

შუამდგომლობის წერილში არჩილ ხაბაძე წერდა, რომ კომპანია დაასაქმებდა არანაკლებ 200 მოქალაქეს, მიწის მესაკუთრეებს გადასცემდა 2200 კვ/მ საცხოვრებელ ფართობს, მათ შორის 1000 კვ/მ-ს გარემონტებულ მდგომარეობაში. ასევე დაფარავდა ოთხი მესაკუთრის, სულ 56 000 აშშ დოლარის ღირებულების იპოთეკურ სესხს.  ამ ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ კი საცხოვერებელი ბინების გარდა ბათუმს შეემატებოდა დასასვენებელი და გასართობი ობიექტები, მოეწყობოდა მიწისქვეშა ავტოსადგომი.

 

PROMER-CASA 2013 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მის 80%-ს ფრიდონ ქათამაძე ფლობს, კომპანიის 20 პროცენტის მფლობელი კი თეიმურაზ ტუღუშია.

 

კომპანია „მომავლის ხედვას“ არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის 9.0-მდე გაზრდაზე უშუამდგომლა. კომპანია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ანგისის დასახლებაში საცხოვრებელი-სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

 

„შენობა შედგება ორი სადარბაზოსგან, ერთ სადარბაზოში განთავსდება 101-ნომრიანი სასტუმრო, მეორეში კი საცხოვრებელი ბინები“.

 

„დუპლექსი-სამშენებლო კომპანიაც“ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ბათუმის საკრებულოსთან K2-კოეფიციენტის გაზრდაზე უშუამდგომლა. კომპანია ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #8-ში მრავალსართულიან სახლს აშენებს.

 

„დუპლექსი-სამშენებლო კომპანია“ 2007 წელსაა დაფუძნებული და მას ლევან მჟავანაძე და ხვიჩა შარაშიძე ფლობენ.

 

შპს „მაგი“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გეგმავს, კომპანიას არჩილ ხაბაძემ K2-კოეფიციენტის 4,3-მდე გაზრდაზე უშუამდგომლა.

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ეს პროექტი ბინის არმქონე მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს, რადგან კომპანია იღებს ვალდებულებას, მსურველებს ბინა უპროცენტო, გრძელვადიანი განვადებით მისცეს. ამავდროულად კომპანია მშენებლობაზე 30 ადამიანს დაასაქმებს.

 

შპს „მაგი“-ს ერთპიროვნული მფლობელი გრიგოლ მოდებაძეა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული.

 

K2-კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობა მერიის კომპეტენციაა, კომპანიებს შეუძლიათ ნებართვის მისაღებად არა მთავრობის თავმჯდომარეს, არამედ ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართონ. სამსახური დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მოამზადებს დოკუმენტს და ხელმოსაწერად მერს წარუდგენს, თუმცა დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კომპანიების მფლობელები მთავრობის თავმჯდომარესთან მიდიან და შუამდგომლობას მისგან ითხოვენ. არჩილ ხაბაძე ხშირად შუამდგომლობს ისეთ კომპანიებსაც კი, რომლებმაც მთავრობასთან მანამდე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, შესაბამისად, ჯარიმის ჩამოწერა ან აღებული ვალდებულების გადავადება ითხოვეს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მთავრობის თავმჯდომარე რიგ კომპანიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იგივე შუამდგომლობეზე უარს ეუბნება. უარის დოკუმენტში მხოლოდ ის წერია, რომ „მთავრობამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: