კვირის ამბები

ტყვედ გაყიდული ქართველი გოგონების ბედი ოსმალეთში

07.08.2015 • 7399
ტყვედ გაყიდული ქართველი გოგონების ბედი ოსმალეთში

ოსმალეთის იმპერიას სულ 37 სულთანი ჰყავდა. დადასტურებულია, რომ აქედან სამ სულთანს ჰყავდა ქართველი დედა. მიჰრიშაჰი, ნაკშიდილი და ბეზმიალემი – ეს ის სამი ქართველი ქალია, რომელიც სხვადასხვა დროს ოსმალეთში ჩაიყვანეს, როგორც მონები თავიანთი სილამაზის, ჭკუისა და მოხერხების წყალობით კი უზარმაზარი გავლენა მოიპოვეს სულთნებზე. რიგ შემთხვევებში მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ იმპერიის მართვაშიც კი ერეოდნენ.

ორასი წლის წინ ახალციხის ერთ-ერთი სოფლიდან 12 წლის პატარა გოგო ტყვედ გაყიდეს ოსმალეთში. გოგო სულთნის ჰარამხანაში მოხვდა, სადაც უფლისწულ მაჰმუდის მსახურად გაამწესეს. ამბობენ, რომ როცა 1808 წელს, როცა აჯანყებულებმა ოსმალეთის იმპერიის სულთანი სელიმ მესამე მოკლეს, მისი უმცროსი ძმის, მაჰმუდის  მოკვლაც სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს. მომავალი სულთანი სიკვდილს მსახურმა გოგომ გადაარჩინა. სხვადასხვა ცნობების მიხედვით გოგოს ფატიმა ქუთათელაძე ერქვა. მაჰმუდმა თავის მხსნელს ამაგი დაუფასა და კარგი განათლება მისცა. მოგვიანებით კი, როდესაც სრულწლოვანი გახდა, ცოლად შეირთო. სასახლეში მოხვედრილ ფატიმას, ოსმალური ტრადიციის მიხედვით, სახელი შეუცვალეს და ბეზმიალემი უწოდეს. ტყვედ გაყიდული, პატარა ქართველი გოგო, სულთნის საყვარელი ცოლი იყო.  მას 1823 წლის 25 აპრილს უფლისწული აბდულმეჯიდი შეეძინა, რომელიც მაჰმუდ მეორეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა, ბეზმიალემი კი ვალიდე სულთანი – დედა დედოფალი გახდა.

ბეზმიალემ ვალიდე სულთანი მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო მთელს ოსმალეთის იმპერიაში. ახალგაზრდა აბდულმეჯიდი გამოუცდელი იყო და უზარმაზარი იმპერიის მართვა არ შეეძლო, სწორედ ამის გამო პოლიტიკასა და მთავრობის ხელმძღვანელობის საქმეებში დედა გახდა მისი მთავარი მრჩეველი.

მისი ჩამოყალიბებაც, როგორც პოლიტიკური მოღვაწის, დედამ შეძლო. ბეზმიალემი მთელი ცხოვრების განმავლობაში, აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო ცხოვრებაში. აკონტროლებდა სახელმწიფო საქმეებს და ბრძანებებს აძლევდა ჩინოვნიკებს.

ბეზმიალემ სულთნის ბეჭედი ფოტო: ვიკიპედია

ისტორიკოსი მურატ კასაბი წიგნში „ოსმალეთის ქართველები“ წერს, რომ ბეზმიალემ ვალიდე სულთანი ჭკვიანი, წინდახედული, გულისხმიერი, გულუხვი და გამორჩეულ პიროვნება იყო. „მან მოახერხა ამქვეყნიური პატივმოყვარეობისა და ფარისევლობისგან გათავისუფლება. ამ თვისებებით ის განსხვავდებოდა ოსმალეთის ისტორიიდან ცნობილი იმ ქალებისგან, რომელთა ინტრიგებმაც და მზაკვრობამაც მრავალი უბედურება გამოიწვია. იგი წინ აღუდგა აბდულმეჯიდის აზარტულობასა და მფლანგველობას. აუცილებლობის შემთხვევაში ეხმარებოდა მას სახელმწიფო საქმეებში, მაგრამ ბოროტად არასოდეს გამოუყენებია საკუთარი მდგომარეობა. სახელმწიფოსაგან მიღებულ პენსიას და სხვა შემოსავლებს ურიგებდა ღარიბებსა და უპოვრებს, ბევრს ხარჯავდა საქველმოქმედო საქმეებზე, ზრუნავდა სუფისტ სწავლულებზე, თექეებსა და დერვიშთა სავანეებს დიდი რაოდენობით შესაწირს უგზავნიდა. დადიოდა ქუჩებში და ღარიბ-ღატაკებს დახმარების ხელს უწვდენდა. ობოლ გოგონებს ათხოვებდა, მათ ვინც ვალებს ვეღარ იხდიდა ან საპატიმროში იჯდა, ფულს და სხვადასხვა ნივთებს უგზავნიდა. ოსმალეთის იმპერიის ბოლო პერიოდის ყველაზე პატივსაცემი პიროვნება ვალიდე სულთანი იყო“.

ბეზმიალემ სულთანი იშვიათი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი საქველმოქმედო დაწესებულება და ფონდი დააარსა. მოგვიანებით ამ ფონდებს ნაყოფიერი მიწები შესწირა. ვალიდე სულთნის სახელს უკავშირდება ცნობილი გალათას ხიდის აგება სტამბოლში, რომელიც 1844 წელს მცურავი ხის კაპარჭინების საფუძველზე აიგო. ბეზმიალემ სულთანი აშენებდა საავადმყოფოებს, სასწავლებლებსა და მეჩეთებს, მან დაიწყო დოლმაბაჰჩეს მეჩეთის მშენებლობაც, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა დაასრულა.

ბეზმიალემი ხშირად ავადმყოფობდა. სულთანი აბდულმეჯიდი კი ცდილობდა დედისთვის ყურადღება არ მოეკლო.

„ჩირაღანის სასახლეში როდესაც მივედი, სავარძელი შევნიშნე, რომელზედაც მორთული, ფერაჯეთი შემოსილი ქალი იჯდა. ეს იყო ვალიდე სულთანი. წინ ჰარემის აღა მიმიძღოდა. მოწიწებით მივუახლოვდი. ჰარემის აღამ ფადიშაჰის სიტყვები გადასცა, რის შემდეგაც ვალიდე სულთანმა გულთბილად მიმიღო. დაჯდომა შემომთავაზა.

ნახევრადგამჭვირვალე საბურველის ქვეშ ალისფერი ლოყები მოუჩანდა. აღელვება შევნიშნე. ზრდილობისთვის მისი პატივცემული შვილის ჯანმრთელობის შესახებ მოვახსენე. სამედიცინო კითხვებს სრული სიმშვიდით და ადვილად გასცა პასუხი. იმ დროს ის 36 წლის იყო და ორგანიზმიც კარგად უწევდა წინააღმდეგობას დაავადებას. ყურადღებას იპყრობდა ამ ქართველი ქალის თვალისმომჭრელად თეთრი, ნაზი ხელები და არაჩვეულებრივი სილამაზის სახის სწორი ნაკვთები და სიმტკიცე. წამოსვლისას ძალიან კეთილგანწყობილად მომექცა, ფერაჯის ჯიბიდან ოქროთი სავსე ქისა ამოიღო და ჰარემის აღას ხელით გადმომცა“ – წერს სულთან აბდულმეჯიდის პირადი ექიმი შპიცერი, რომელიც ერთხელ იმყოფებოდა ჰარემში ვალიდე სულთნის სამკურნალოდ. ბეზმიალემ ვალიდე სულთანი 1853 წელს ბეშიქთაშის სასახლეში გარდაიცვალა.

ბეზმიალემ სულთნის ქმრის, სულთან მაჰმუდ მეორის დედა ნაკშიდილ ვალიდე სულთანიც ქართველი იყო. მას სულთან აბდუჰამიდ I-სგან 1785 წელს შეეძინა მაჰმუდ II. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სასახლის კარის ინტრიგებს ვერ გაუძლო. ნაკშიდილი სულთნის სასახლიდან გააძევეს და 19 წლის მანძილზე, სტამბოლში, ძველ სასახლეში ცხოვრობდა. 1808 წელს როდესაც მაჰმუდ მეორე ტახტზე ავიდა, ნაკშიდილი ვალიდე სულთანი გახდა. შვილმა დედა თოფქაფის სასახლეში საზეიმო მსვლელობით დააბრუნა. ნაკშიდილ ვალიდე სულთანს მაჰმუდ მეორეზე დიდი გავლენა ჰქონდა. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თოფქაფის სასახლის დაცლასა და სულთნის ოჯახის ბეშიქთაშის დოლმაბაჰჩეს სასახლეში გადასახლებაზე. იგი მაჰმუდ მეორეს დასავლური ორიენტაციისკენ აქეზებდა და სულთანმა რამდენიმე რეფორმა დედის რჩევითაც კი განახორციელა.

ნაკშიდილ სულთანი, ფოტო მურატ კასაბის წიგნიდან „ოსმალეთის ქართველობა“

ცნობილია, რომ ოსმალეთის იმპერიის სულთნები და სხვა დიდებულები განსაკუთრებულად ინტერესდებოდნენ კავკასიით. გამომდინარე იქიდან, რომ ქართველ ფეოდალთა დიდი ნაწილისთვის ტყვეებით ვაჭრობა შემოსავლის უზარმაზარი წყარო იყო, ოსმალეთის იმპერიაში მრავლად შეხვდებოდით ქართველებს. მართალია, გოგონები ძირითადად სულთნების ჰარამხანაში ხვდებოდნენ, თუმცა ეს არ  ნიშნავს იმას, რომ ყველა სულთნის ცოლი შეიძლებოდა გამხდარიყო. სულთნის მეუღლეები ხშირად პატარა გოგონებს თავიანთი უფლისწულებისთვის არჩევდნენ.

გადაბეჭდვის წესი