Batumelebi | უცხოეთში მყოფი ქართველი ომსა და… ხელისუფლებაზე უცხოეთში მყოფი ქართველი ომსა და… ხელისუფლებაზე – Batumelebi
RU | GE  

უცხოეთში მყოფი ქართველი ომსა და… ხელისუფლებაზე

 

როგორც აქედან ჩანს, ხელისუფლება თვითგადარჩენითაა დაკავებული.

 

 

პაატა ჯალაღონია

 

საქართველოდან 35-კაციანი ჯგუფი უკვე ექვსი თვეა სასწავლო პროგრამით საბერძნეთში ვიმყოფებით და საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას, ძირითადად, ინტერნეტის მეშვეობით ვიღებთ. თუმცა, საქართველოში აგვისტოში განვითარებული მოვლენების დროს, ქართული საიტებით სარგებლობა შეუძლებელი გახდა. ჩვენი ინფორმაციის წყარო, ძირითადად, უცხოური მედია იყო.

 

საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ უამრავი კითხვა გაჩნდა, რომელზეც, როგორც ჩანს, პასუხის გაცემას არავინ ჩქარობს, არადა, უმძიმესი შედეგი გვაქვს სახეზე. არავინ იცის, რატომ დავტოვეთ კოდორის ხეობა, რატომ დავტოვეთ ცხინვალის რეგიონი, გორი და მიმდებარე სოფლები, რატომ დავტოვეთ მოსახლეობა შეიარაღებული არმიის პირისპირ ბედის ამარა, რატომ დავუტოვეთ სამხედრო შეიარაღების თითქმის ნახევარი მოწინააღმდეგეს…

 

საუბედუროდ, ალბათ, ხელისუფლებამაც არ იცის რა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, აქედან ასე ჩანს.

 

ოთხმოცდაათიან წლებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ომის წაგება ხელისუფლებამ ჯარისკაცებს გადააბრალა, აქაოდა, არადისციპლინირებული ჯარი გვყავდაო. დღესაც იგივე მეორდება. როგორც ჩანს, უნდათ ყველაფერი ჯარისკაცებს გადააბრალონ. არადა, როგორც მაშინ, ახლაც ჯარმა ყველაფერი გააკეთა, სარდლობისგან მიტოვებულმა თვითორგანიზებისა და სიცოცხლის ფასად ბოლომდე გმირულად იბრძოლა, სარდლობის დილეტანტიზმისა თუ ღალატის გამო კი შედეგი ისევ სავალალო გვაქვს და ისევ ეძებენ გზებს პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. მიზეზები კი ბევრი აქვთ (სამწუხაროდ, აზრსმოკლებული).

 

ისიც კი ითქვა, ოთხმოცი ათასი რუსის ჯარისკაცი გვებრძოდაო ცხინვალში. ამის სიტყვების ავტორს ჯარი, ალბათ, მხოლოდ აღლუმზე ჰყავს ნანახი და ეტყობა, იმავე ფორმით ეგონა ცხინვალშიც განლაგებული. სხვაგვარად ამდენი ჯარისკაცი ტექნიკის ჩათვლით, როგორ დაეტეოდა იმ ფართობზე, გაუგებარია.

 

ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადებით, რუსეთმა მისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. როდის ჰქონდა რუსეთს სხვა სახე, არ ვიცი. ვისაც ეგონა, რომ რუსეთს სხვა სახეც აქვს, ეტყობა ჩვენი უახლოესი წარსულის შესახებ არ სმენია ან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიაზე წარმოდგენა არ აქვს.

 

ცალკე ყურადღების ღირსია განცხადება იმის შესახებ, რისთვისაც გამოიყვანეს ჯარი კონფლიქტური რეგიონებიდან – თბილისის დაცვა გვინდოდაო. ალბათ, ამ განცხადების ავტორსაც არ უფიქრია განცხადების შინაარსზე, თორემ ნამდვილად მიხვდებოდა, რომ თბილისთან იმ ჯართან მოგვიწევდა ბრძოლა, რომელსაც ჯავის ვიწრო ხეობიდან ან რიკოთიდან შემოვუშვებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი თბილისთან ვერ გაჩნდებოდნენ, რადგან ტელეპორტაცია მხოლოდ ფილმებშია შესაძლებელი.

 

როგორც ჩანს, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ შეაფასა საფრთხე და არანაირი გეგმა არ არსებობდა მის თავიდან ასაცილებლად, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებამ და ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირთა არაკომპეტენტურობამ სწორედ ამ შედეგებამდე მიგვიყვანა.

 

როგორც აქედან ჩანს, კონფლიქტის შემდგომ ხელისუფლება თვითგადარჩენითაა დაკავებული, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისა და თანამშრომლობის ილუზიის შექმნას ცდილობს, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი გაუჩნდა (მათივე აზრით) და ქვეყნის ხსნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაში ხედავს, ნაწილი კი (ყოფილი ხელისუფალიც) უხვად არიგებს ანტიქართულ ინტერვიუებს უცხოურ მედიაში და ამ გზით აპირებს რეიტინგის ამაღლებას.

 

ბევრი რამ იწერება საქართველოს შესახებ, ზოგი რამ ადეკვატური, ზოგი – არაადეკვატური, ჩვენ კი, სამწუხაროდ, დღემდე ვრჩებით ილიას ,,ბედნიერ ერად’’.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
პაატა ჯალაღონია. სალონიკი, მასალა გამოქვეყნებულია 2008 წლის 24 სექტემბერს