Batumelebi | დენის ტარიფის გაზრდა პურს, ხორცსა და შაქარს გააძვირებს დენის ტარიფის გაზრდა პურს, ხორცსა და შაქარს გააძვირებს – Batumelebi
RU | GE  

დენის ტარიფის გაზრდა პურს, ხორცსა და შაქარს გააძვირებს

 

 

  დენის ტარიფის გაზრდაზე სემეკის თანხმობას სპეციალისტები ობიექტურ გადაწყვეტილებად აფასებენ. თუმცა მათ სახარბიელოდ არ მიაჩნიათ მოსალოდნელი პროცესი, რაც შესაძლოა დენის ტარიფის გაზრდის გამო ფასების გაზრდას მოჰყვეს. შეცვლის თუ არა დენის ტარიფის გაზრდა ქვეყანაში სოციალურ ფონს და როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა?

პროგნოზებზე „ბათუმელებს“ ეკონომისტი რამაზ გერგიანი ესაუბრა.

 

რამაზ გერგიანი

 

ენერგოპრო ჯორჯიასსემეკმა ახალი ზღვრული ტარიფი განუსაზღვრა პირველი აგვისტოდან 3,95 თეთრით გაძვირდება ელექტროენერგია. არის თუ არა ეს პირდაპირ კავშირში ქვეყნის ეკონომიკასთან და როგორ აისახება საწარმოო პროცესებზე?

– ჯერჯერობით არ ვიცით ელექტროენერგია გაძვირდება თუ არა დედაქალაქში. შესაბამისად, ამ ეტაპზე გარკვეულწილად მხოლოდ რეგიონებში წარმოების [სადაც გამოიყენება ელექტროენერგია] გაძვირებაზე შეგვიძლია საუბარი დანახარჯების ზრდამ შესაძლოა საქონელი გააძვიროს სავაჭრო ობიექტებშიც, ვინაიდან ყველა ასეთი ობიექტი გამოიყენებს ელექტროენერგიას. შესაძლოა, თვითღირებულების წარმოქმნაში არ მონაწილეობდეს ელექტროენერგია, მაგრამ მომხმარებლამდე მიტანის პროცესში მონაწილეობს და ეს მოახდენს ზეგავლენას. ჯამში, ობიექტის მფლობელს დანახარჯები ეზრდება და ის ყველა საქონელზე განავრცობს ფასების გარკვეულწილად ზრდას ამ დანახარჯების დასაბალანსებლად. ეს გააძვირებს ისეთ საქონელსაც კი, სადაც ელექტროენერგიის გადასახადი სულაც არ მონაწილეობს, ან ასეთი დანახარჯი ძალიან მცირეა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შაქრის ფასიც გაიზარდოს. რასაკვირველია, დენის გაძვირება, პირველ რიგში, იმ საქონელზე აისახება, რომლის თვითღირებულებაშიც შედის ელექტროენერგიის ხარჯი. შესაძლებელია ეს იყოს პური ან ის პროდუქტი, რომლის წარმოებაშიც ელექტროენერგია პირდაპირ მონაწილეობს. ამას ექნება ირიბი ეფექტიც. მაგალითად, ხორცის წარმოებაში სულაც არ მონაწილეობს ელექტროენერგია, მაგრამ დიდი წილი ხორცის წარმოებაში აქვს მეურნეობას, რომელშიც მუშაობს ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე, ამ სახის პროდუქტებზე ფასები გაიზრდება. ეს გამოიწვევს ფასების ზრდას რეალურზე მეტადაც კი, ფსიქოლოგიური ფაქტორი ბევრ რამეს წყვეტს ამ შემთხვევაში. ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის შემდგომ ასეთი მოლოდინი უკვე გაჩნდა.

 

თვითღირებულება ახსენეთ. ამა თუ იმ პროდუქტის თვითღირებულებაში დაახლოებით 1,25% მაინც მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯია. კომერციულ მომხმარებლებს თითქმის 25%-ით გაუძვირდათ ელექტროენერგია. აქედან გამომდინარე რამდენი პროცენტით შეიძლება გაძვირდეს ესა თუ ის პროდუქტი?

– ამის ზუსტი ანალიზი რთული იქნება, რადგან ზოგიერთ პროდუქტში დიდია ელექტროენერგიის წილი, ზოგიერთში – მცირე. თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი პროგნოზით, ვსაუბრობთ არამხოლოდ ელექტროენერგიის გამო. აქ არის დოლარის ფაქტორიც, რამაც რეალურად გამოიწვია ელექტროენერგიაზე ფასების ზრდა. ყველაფერი ერთად კი არის მოქალაქეების დანახარჯი. ეს უკვე სადღაც ოცდახუთი პროცენტის ფარგლებში იქნება სასაქონლო მეურნეობის დანახარჯის თვალსაზრისით. რაც შეეხება ფასების ზრდას ინფლაციის კუთხით, 4,5 იყო გასულ თვეში ინფლაცია. შემოვიდა იაფი ადგილობრივი სეზონური პროდუქტები და ვიცით, რომ ეს პერიოდი პირიქით, ფასების კლების ტენდენციაა მუდმივად. მიუხედავად ამისა, გვაქვს ფასების ზრდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საშემოდგომოდ უკვე შესაბამისი საპროგნოზო მაჩვენებლებით მოსალოდნელია წმინდა ინფლაცია, შესაძლოა 7-8 პროცენტით. ეს ნაკლებშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის უფრო მძიმე იქნება, რადგან, როგორც წესი, უფრო მეტად იმ საქონელზე იზრდება ფასები, რომელიც არის უფრო ფართო მოხმარების და მეტწილად ნაკლებშემოსავლიანები მოიხმარენ. თუ ზოგადი ინფლაცია იქნება რვა პროცენტი, საშუალო ფენისთვის შესაძლოა იყოს 15 ან 18 პროცენტი. ამას ემატება ისიც, რომ ყოველი ათი ადამიანიდან შვიდს აქვს პირდაპირი ან ირიბი ვალდებულებები დოლარში. ამან შარშანდელ ანალოგიურ პროცესებთან ერთად დაახლოებით 30%-ით გაზარდა მათი დანახარჯები ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი ერთად ჯამში საოჯახო მეურნეობების დანახარჯების 25-პროცენტიან ზრდას გამოიწვევს. კონკრეტულ პროდუქტებზე როგორ აისახება ელექტროენერგიის გაძვირება, ამ შემთხვევაში ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია. თუ ადგილობრივი წარმოების საქონელი ძალიან გაძვირდება, შესაძლოა მას ჩაენაცვლოს იმპორტი. ეს დამატებით ცუდი ფაქტორი იქნება.

 

სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რითაც შეუძლია ვალუტის კურსი აკონტროლოს. აქვს თუ არა მსგავსი ბერკეტი სახელმწიფოს ენერგეტიკის სფეროში? რატომ ვერ ხერხდება ტარიფის სტაბილურობის ხანგრძლივად შენარჩუნება?

– ვალუტის კურსს რაც შეეხება, ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავის ფუნქციებს ვერ ასრულებს ჯეროვნად. მერყეობა, გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, მუდმივად იმით არის გამოწვეული, რომ არასწორი პოლიტიკა გაატარა ეროვნულმა ბანკმა და დღემდე ამ პოლიტიკას ატარებს. რაც შეეხება ტარიფის ზრდას, ეს იყო, ერთი მხრივ, ობიექტური, რადგან რეალურად თბოელექტროსადგურები იმპორტულ საქონელზე მუშაობენ და ლოგიკურია, ისინი მოითხოვდნენ ტარიფის ზრდას, თუმცა შესაძლოა მხოლოდ ეს ფაქტორი არ იყოს. რეგიონში ოპერირებს მხოლოდ ერთი კომპანია – „ენერგო პრო“, რომელშიც იცვლება მენეჯმენტი, მას ყიდულობს უფრო ევროპული ტიპის კომპანია. შესაძლოა, აქედან გამომდინარეც იყოს ბაზარზე ოპერირებისთვის ტარიფის ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი იზრდება, თუ შევადარებთ განვითარებულ ქვეყნებს, მათ 50%-ს შეადგენს ჩვენი ტარიფი. ტარიფის ზრდაში ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, მაგრამ როცა ფასების ზრდას ვერ მიჰყვება მოქალაქეების გადახდისუნარიანობა, მოქალაქეების შემოსავლების ზრდა – ეს არის პრობლემა. აი, აქ უკვე ვხედავ მთავრობის როლს, მის ეკონომიკურ პოლიტიკას. ეკონომკური სიმძლავრეების ამუშავებით მოქალაქეებს უნდა გავუზარდოთ შემოსავალი, ამ შემთხვევაში არ იქნება პრობლემა ტარიფის ცვლილება. დღეს თითქმის ოთხთეთრიანი მატებაც კი პრობლემური ხდება, ვინაიდან მოქალაქეების შემოსავლები ამ ტემპით ვერ იზრდება. მთავრობამ გადაწყვიტა ღარიბი მოსახლეობის კომპენსაცია, თუმცა რაოდენ კეთილშობილურიც არ უნდა იყოს, ალბათ საჭიროა ეს იყოს დროებითი. რადგან უფრო მეტ მოქალაქეს უბიძგებ იქითკენ, რომ ჩაჯდნენ სიღარიბის კატეგორიაში, ეს არის დაპროგრამება რეგრესისკენ.


სუბსიდირებასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები, რადგან ეს თანხა გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე გადის.  

– რასაკვირველია ყველა სახის ხარჯი, რომელსაც გაიღებს სახელმწიფო, არის გადამხდელების ხარჯზე, მაგრამ ეს არის მთავრობა, რომელსაც ნდობა მოქალაქეებმა გამოუცხადეს, ამიტომ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე