Batumelebi | პოლიტიკური და სამხედრო შეცდომები პოლიტიკური და სამხედრო შეცდომები – Batumelebi
RU | GE  

პოლიტიკური და სამხედრო შეცდომები


,,რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რომ საქართველოში არის პრობლემები, როგორც თავდაცვის, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით და ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს’’, – ამ შეფასებას ცხინვალის ომის შემდეგ, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის _ ,,არსენალის’’მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი აკეთებს. ,,ბათუმელებთან’’ იგი ბრძოლის დროს დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებზე საუბრობს.

 

საქართველო სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაძირეს. ფოტო: ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ”ბათუმელები” 2008 წელი აგვისტო
საქართველო სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა, რომელიც რუსმა სამხედროებმა ჩაძირეს. ფოტო: ნესტან ცეცხლაძე/გაზეთი ”ბათუმელები” 2008 წელი აგვისტო

ბათუმელები: საქართველო ნატოს საჰაერო მიმოსვლის კონტროლის სისტემაში ჩაერთო, როგორც განაცხადეს, რადარების აღდგენის შემდეგ, ერთიანი სისტემა ამოქმედდება, რა იგულისხმება ამაში?

ი.ა: ნატოს საინფორმაციო სივრცეში რეალურად, უფრო ადრე უნდა ჩართულიყო საქართველო, რადგან ამაზე შეთანხმება მიღწეული იყო. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ დროულად მოხდებოდა 50 თვითმფრინავის დანახვა, რომელიც საქართველოს საზღვრებისკენ მოემართებოდა. ქართულ საჰაერო სივრცეს თურქეთიც აკონტროლებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ სიმაღლემდე. 10 კილომეტრზე ქვემოთ კი, მთების გამო, თვითმფრინავების დანახვა უჭირთ. ამიტომ ნატოს სისტემაში ჩართვა დაგვეხმარება დროულად მივიღოთ ინფორმაცია საჰაერო სივრცეზე. განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოკატორები რუსეთისა და კონფლიქტური რეგიონების მიმართულებით.

ბათუმელები: ევროპაში ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შექმნის აუცილებლობაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომაც გააკეთა განცხადება. ეს რას ნიშნავს, საქართველო და უკრაინა შემოდგომაზე აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები? 

ი.ა: მაპ-ის საკითხი ხელმეორედ დეკემბერში უნდა განიხილონ, მაგრამ არავინ იცის, მანამდე რა მოხდება. ვფიქრობ, უკრაინაში ამ დღეებში ვითარება სერიოზულად დაიძაბება. ეს ვითარება უკრაინას რამდენად შეუშლის ხელს, ამის პროგნოზირება ძნელია. ევროპა არ არის ერთიანი. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

ბათუმელები: რა გაქვთ მხედველობაში?

ი.ა: გარკვეული გადაწყვეტილებების მიუხედავად, ჯერ კიდევ ყველაფერი მყიფეა. მსოფლიო ასე თუ ისე გაწონასწორებული იყო, მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ აირია. თუ ევროპაში ფიქრობენ, რომ ეს პროცესები საქართველოს დონეზე გაჩერდება, ცდებიან. ამას მოჰყვება უკრაინა, რომლის ნიშნებიც გამოჩნდა და აზერბაიჯანსაც შეექმნება პრობლემები. რუსეთი შეეცდება, დაბლოკოს ნავთობსადენი ან მასზე დაამყაროს კონტროლი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რუსეთმა ნავთობსადენს ოპერატიულ ტაქტიკური დანიშნულების რაკეტები, – ფოთთან ,,ტოჩკა უ’’ და თბილისთან, სულ ახალი რაკეტა _ ,,ისკანდერ მ’’-ი ესროლა, რომელიც სულ რაღაც 40 მეტრით ასცდა ნავთობსადენს. 

ბათუმელები: მოსკოვი ,,კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკების’’ ორგანიზაციაში, რომელშიც რუსეთის გარდა სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი შედიან, ცხინვალისა და სოხუმის ჩართვას აპირებს. რუსეთს ამ გაერთიანებით ნატოს ალტერნატივის შექმნა ხომ არ სურს? 

ი.ა: ამ გაერთიანებაში დიდი ხანია უნდოდათ საქართველოს მიღებაც. რუსეთს არ უნდა მისი სამხრეთი საზღვარი ნატოს კონტროლის ქვეშ მოექცეს, ამიტომ არის გაგიჟებული. მას შეეძლო უარესის გაკეთება საქართველოში, მაგრამ შეაჩერეს. თუმცა, იგივე სარკოზი და მერკელიც არიან იმაში დამნაშავე, რაც საქართველოში მოხდა. აქ უკვე დასწრება იყო მთავარი – თუ ნატოში ვერ შევასწრებდით, დიდი შანსი იყო, რომ რუსეთი ომში ჩაგვითრევდა.

ბათუმელები: თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღებენ საქართველოს და უკრაინას ნატოში, რუსეთი შეჩერდება?

ი.ა: რუსეთმა ევროპას აჩვენა, რომ თავხედობა შეუძლია. ახლა ნატომ და ევროპამ უნდა აჩვენონ, მათ რა შეუძლიათ. ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მტკიცე აღმოჩნდება ევროპა და არ იქნება მხოლოდ პრაგმატული. ვნახეთ, რომ რუსეთს საქართველოს სუსტმა თავდაცვამაც კი საფრთხე შეუქმნა, თუ ევროპაში შეჰყოფს ცხივრს, იქ უარესი მოუვა. 

ბათუმელები: მოსკოვი მოითხოვს, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესდეს. ეს შესრულებადია?

ი.ა: რუსეთს არ აქვს ამის მოთხოვნის უფლება, ეს გაეროს გადასაწყვეტია. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მას უფლება აქვს იყიდოს ან გაყიდოს იარაღი. 
ბათუმელები: ამ ეტაპზე შეიარაღებაზე აქცენტის გაკეთება საჭიროდ მიგაჩნიათ?

ი.ა: ყველაზე მნიშვნელოვანი იმ ყველაფრის ანალიზია, რაც მოხდა. როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო თვალსაზრისით ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. არმიაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე, რადგან ამ ომმა რეალურად გვანახა ჩვენი მინუსი. ვისაც სწავლა უნდა, ისწავლოს, ვისაც არ უნდა – წავიდეს. ტექნიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც კადრებია. ხალხის გარეშე ყველანაირი ტექნიკა არის ჯართი. აღლუმზე გამოსვლა და წვრთნებზე ყოფნა სხვაა, ომი კი – სხვა. არმიაში მხოლოდ ის უნდა მსახურობდეს, ვინც ბრძოლის ველზეც ჯარისკაცია. 

ბათუმელები: მაინც რა შეცდომები იქნა დაშვებული? 

ი.ა: კონკრეტული შეცდომები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ რამდენი თვითმფრინავიც არ უნდა ჩამოგვეგდო, რეალურად, დანარჩენი საქართველო მაინც დაუცველი აღმოჩნდა. ქალაქები, აეროდრომები, საზღვაო სივრცე, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და მთელი მოსახლეობა დაუცველი იყო. თავდაცვა არ ნიშნავს იმას, რომ რა შეიარაღებაც გაქვს, მხოლოდ კონფლიქტის ზონაში განათავსო. სერიოზული პრობლემები იყო კავშირგაბმულობისა და მმართველობის მხრივ. ბრძოლის დროს ხალხი ერთმანეთთან დაკავშირებას ტელეფონებით ცდილობდა, ვერ წარმოიდგენთ, რა საგიჟეთი იყო. ამას ოფიცრების სუსტი მომზადება და პანიკაც დაემატა. უფრო მეტი პრობლემები იყო დაშვებული პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე სამხედრო დონეზე. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, საომარი მოქმედებების წარმართვაში სახელმწიფო მოხელეებიც ერთვებოდნენ, რაც დაუშვებელია.

ბათუმელები: როგორც ვიცით, თავდაცვის სამინისტროს აქვს სტრატეგიული თავდაცვის სისტემის დოკუმენტი. როგორ ფიქრობთ, ეს დოკუმენტი იყო თუ არა კომპეტენტურად შემუშავებული? 

ი.ა: ფურცელზე დაწერილი სხვაა, რეალობა – სხვა. არ ვიცი. ახლა, მთავარია, იმის ანალიზი გაკეთდეს, რაც მოხდა. 
ერთი რამ ცხადია, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს პოლიტიკა. ამაში იგულისხმება ირაკლი ოქრუაშვილის გამონათქვამებიც ფეკალურ მასებზე და ის ქმედებებიც, რასაც პოლიცია აკეთებდა დაკავებული რუსი სამხედროების მისამართით. დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში შემოსვლისას ის ჯარისკაცები და ოფიცრები ჩადიოდნენ საშინელებებს, რომლებიც ჩვენმა პოლიციელებმა კამერების წინ დააჩოქეს და ეთერში ატრიალეს მთელი კვირა. როგორ ფიქრობთ, ამას დაივიწყებდნენ ისინი?

ბათუმელები: რამდენად ადეკვატურია თავდაცვაზე დახარჯული თანხები? 

ი.ა: თავდაცვაზე თანხები უნდა დაიხარჯოს, მაგრამ ის, რაც თავდაცვის სამინისტრომ 15 მილიონად იყიდა, 9 მილიონადაც შეგვეძლო გვეყიდა. ამის მტკიცებულებები მაქვს და დამიწერია კიდეც, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი ,,ატკატებში’’ იცვლებოდა. ამის შემდეგ სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ. ახლა საქართველო ზამბარას ჰგავს. ასე იყო აფხაზეთის ომის დროსაც. ზამბარა აუცილებლად გაიშლება, მთავარია, არ გადატყდეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე, მასალა გამოქვეყნებულია 2008 წლის 10 სექტემბერს