ლევან გორგილაძის თქმით, ევექსს ბევრი ვლდებულება აქვს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მკაცრად მოითხოვს შემდეგი მიმართულების ექიმების ყოლას: „გინეკოლოგიური სამსახურის აღდგენას და სამეანოს, ანესთეზიოლოგსა და ქირურგს ახლავე და სასწრაფოდ. დანარჩენებზე ნელ-ნელა ვიზრუნებთ“.
ლევან გორგილაძის განცხადებიდან ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილე ნაკლებად ენდობა „ევექსის“ სიტყვიერ დაპირებებს. შესაბამისად, სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს გეგმავს: „გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამჟამად ადგილზე ქირურგისა და ანესთეზიოლოგის ყოფნა არაფერს ნიშნავს, შეიძლება ხვალ აღარ იყვნენ. მაშინაც ასე იყო – შევთანხმდით, ორი-სამი დღე იყო ყველაფერი და როცა საჭირო დარჩა, ექიმი აღარ იყო. ჩვენ დღეს მოვისმენთ მათ ხედვებს, როგორ აპირებენ მუშაობას, რომელი კადრებითა და რა სიხშირით. აი, ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ კონკრეტულად“.
„ევექსის“ წარმომადგენლები ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფებიან. 14:00 საათისთვის კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა.
3 მაისს ცივი იარაღით დაჭრილი ახლაგაზრდა მამაკაცი შუახევში, კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში მიიყვანეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში არ იყო ქირურგი, ამიტომ დაჭრილს ვერავინ დაეხმარა და ის სისხლისგან დაიცალა.
ამ ფაქტამდე რამდენიმე დრით ადრე „ევექსმა“ განაცხადა, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მაღალმთიან აჭარაში გააუქმა სტაციონარული მომსახურება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, „ევექსს“ ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან სახელმწიფოსთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, „ევექსი“ ვალდებულია მაღალმთიან აჭარაში სტაციონარული მომსახურება შეინარჩუნოს.
„ბათუმელების“ ჟურნალისტი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ გაიარა გვირაბი, იტყობინება, რომ ტრანსპორტის გაჩერების მიზეზი გახდა სასწრაფო სამედიცინო მანქანაზე მომძვრალი ბორბალი, რომელიც დიდი სისწრაფით მიგორავდა მანქანების ნაკადში.
გარდა ამისა, მოძრაობას ჩაქვის გვირაბში ის გარემოებაც აფერხებს, რომ უკვე რამდენიმე კვირაა გვირაბის ერთი მხარე ჩაკეტილია.
რამინ შამილიშვილი, გია მაჭავარიანი და ირაკლი თურმანიძე აჭარის ნაკრების ძალოსნები არიან. მათი მწვრთნელი, აბესალომ ბასილაია მეტ შედეგს ელოდა, რომ არა სპორტსმენების ტრავმები. „შეჯიბრებამდე ორი დღით ადრე ტრავმა მიიღო გია მაჭავარიანმა, რომელიც 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა. მარჯვენა ფეხზე ჩაქცევები ჰქონდა და მთლიანად გაუშავდა. ასეთი სპორტია, როდის რა იქნება, არავინ იცის. რამინ შამილიშვილს ჰქონდა მედლის თეორიული შანსი, მაგრამ მეტი წონის დაკლება მოუწია. რამინს არასოდეს დაუკლია წონა, ამ ჩემპიონატისთვის კი 10 დღეში 6 კილო დაიკლო და როგორც ჩანს, მისმა ორგანიზმმა ვერ მოასწრო ძალების აღდგენა. ორჭიდის ჯამში შეეძლო მეორე ან მესამე ადგილის მოპოვება, მაგრამ პირველი გასვლაზე „შტანგა“ გაუცურდა, ამის გამო მერე ხასიათიც გაუფუჭდა. თუმცა მეორე გამოსვლაზე შედარებით კარგი შედეგი ჰქონდა. მესამე გამოსვლაზე დაჭერილი ძელი უკან გადაუვარდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დავჯერდით ამ წონით კატეგორიაში“.
ვროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე წინამოსამზადებელი საწვრთნო შეკრება ჯერ დუშეთში გაიარა, შემდეგ 24 დღე წყალტუბოში ვარჯიშობდა, ჩემპიონატამდე 15 დღით ადრე კი, თბილისში გააგრძელა ორკვირიანი შეკრება. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების წევრები აჭარიდან – რამინ შამილიშვილი, გია მაჭავარიანი და ირაკლი თურმანიძე მსოფლიო სალიცენზიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ნოემბერში ამერიკში, ტეხასის შტატ ქალაქ ჰიუსტონში ჩატარდება. როგორც აბესალომ ბასილაია ამბობს, ამ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები რვა სპორტსმენით გაემგზავრება, ესენი იქნებიან: დავით გოგია, ლაშა ტალახაძე, გიორგი ლომთაძე, რაულ ცირეკიძე. მათ შორის იქნებიან აჭარის ნაკრებიდან: ირაკლი თურმანიძე, ალბერტ კუზილოვი, გია მაჭავარიანი, რამინ შამილიშვილი. მსოფლიო პირველობაზე გარდა ჩემპიონობისა, ოლიმპიური სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ.
ირაკლი თურმანიძე
„ჩვენ ორ-სამ სპორტსმენზე მეტი არასოდეს გვყოლია ევროპისა და მსოფლიო შეჯიბრებაზე. ეს იქნება პირველი უძლიერესი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიაში. წელსაც პირველად გამოვედით საქართველოს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე“, – გვეუბნება აჭარის ძალოსნების მწვრთნელი აბესალომ ბასილაია.
ამჟამად აჭარაში ძალოსნობას ექვსი მწვრთნელი ასწავლის ჩაქვსა და ხელვაჩაურის ორ სოფელში – ერგესა და ჭარნალის სკოლებში. აბესალომ ბასილაიას თქმით, სულ ოთხი ასაკობრივი ნაკრებია აჭარაში: დიდების და 15, 17 და 23 წლამდელთა ნაკრები. მათი საერთო რაოდენობა ხელვაჩაურსა და ჩაქვში 90-ზე მეტი სპორტსმენია. აჭარაში ძალოსნობაში მხოლოდ ბიჭები არიან. რამდენიმე წელია ანუ მას შემდეგ, რაც ნატო ასათიანი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, აჭარაში ძალოსნობაში გოგო აღარ ჰყავთ.
ირაკლი თურმანიძე -ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა | ჯილდოს გადასცემს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ანგისაში არსებულ სპორტულ კომპლექსს უკავია 7,5 ჰა. კომპლექსში შედიოდა 2 მოედანი მორაგბეთათვის (თითოეული 120×70მ) 1200 ადგილიანი ტრიბუნით, ფეხბურთის მოედანი (110×75მ), ასევე მშვილდოსნობის არენა. ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოწყობილია ჭიდაობის დარბაზი (30×10მ). დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს რაგბის ერთი მოედანი, მშვილდოსნობის არენა და ადმინისტრაციული შენობა საჭიდაო დარბაზით.
ანგისის მოედანი [ფოტო: ნინო ხიმშიაშვილი
პროექტის მიხედვით, ტერიტორიის შესასვლელთან, მისგან სამხრეთით განთავსებულია პარკინგი პერსონალისა და მედიისათვის, რომელიც შეადგენს 20 ადგილს. ხოლო პარკინგები მაყურებლებისათვის განთავსებულია ბაზის მთავარი შესასვლელისკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს, ადმინისტრაციული შენობის ჩრდილოეთით (62 ადგილი) და ამავე შენობის სამხრეთით (77 ადგილი). ბაზის ტერიტორიას ბათუმი-სარფის ტრასასთან აკავშირებს 6მ სიგანის 4 კიბე და ამ საფეხურების სამხრეთით და ჩრდილოეთით ორი პანდუსი.
ბათუმი-სარფის ტრასის მხარეს, ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა, რომლის ღერძზეც, მისგან აღმოსავლეთით განთავსებულია ძირითადი და სათადარიგო საფეხბურთო მოედნები. მოედნების განათებისათვის ტეროტორიაზე განთავსებულია 6 განათების ბოძი. მოედნების განათება გაანგარიშებულია სპეციალურ პროგრამაში, რომლის მიხედვითაც დაცულია ფიფა/უეფას შესაბამისი სტანდარტები სავარჯიშო და სათამაშო განათებებთან მიმართებაში.
ბაზის მთლიანი ტერიტორია შემოღობილია ქუჩის გასწვრივ ლითონის ღობით, ხოლო დანარჩენი მხრიდან ქვის კაპიტალური ღობით. ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიან მოედნებს ინსტალაციის შემდეგ აუცილებლად ესაჭიროება ადგილობრივი სპეციალისტების მომზადება და შემდგომი პერიოდული მოვლა სპეცტექნიკის გამოყენებით.
სატენდერო პირობების თანახმად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სარეკონსტუქციო მოედნის გარშემო არსებული ქარსაცავი ზოლის და სხვა მრავალწლიანი მწვანე ნარგავების დაცვას. გარემოს დაცვის სამსახურიდან ნებართვის გარეშე დაუშვებელია მშენებლობის ზონაში მრავალწლიანი ხეების და ნარგავების მოჭრა-განადგურება. სამშენებლო მოედნიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებები გამოსვლის წინ საჭიროებს საბურავების გარეცხვას, რათა ადგილი არ ჰქონდეს ქალაქის ქუჩების დაბინძურებას.
სპორტული ბაზის ბუნებრივი (კომპაქტურ რულონებში) და ხელოვნური ბალახის საფარი (MonoFilament-60mm/310micron) უნდა შეესაბამებოდეს FIFA-ს ორ-ვარსკვლავიან სტანდარტებს, ხოლო მწარმოებელი კომპანია უნდა ფლობდეს FIFA-ს შესაბამის სერტიფიკატს;
ანტივანდალური, ულტრაიისფერი სხივისგან დაცული, ლაქით შეღებილი პლასტმასის ცეცხლგამძლე ზურგიანი სკამი უნდა აკმაყოფილებდეს ISO-9001/2008 შესაბამის სტანდარტს.
სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 420 კალენდარულ დღეს ხელშეკრულების გაფორმებიდან; ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტი დაზუსტდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობაზე ტენდერი ბათუმის მერიამ 4 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 22 მაისს დაიწყება და 27 მაისს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესასყიდი კონდიციონერების ტემპერატურის რეჟიმი უნდა იყოს არაუმეტეს/არანაკლებ -2/+45. საქონლის მიწოდება-მონტაჟი პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 120 დღის განმავლობაში მისამართზე: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქუჩა, №35.
შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს არანაკლებ ერთი წელს, რომლის განმავლობაში პრეტენდენტი ვალდებულია გონივრულ ვადაში განახორციელოს მწყობრიდან გამოსული საქონლის შეკეთება, ხოლო შეკეთების შეუძლებლობების შემთხვევაში _ შეცვლა.
ჯუმბერ აბულაძე ვალერი თელიას დროს ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის შს სამმართველოში სხვა ცვლილებებიც იგეგმება, მაგალითად, მეჯინისწყლის განყოფილების უფროსი გადაჰყავთ ბენზეში, განყოფილების უფროსის თანაშემწედ. მეჯინისწყლის განყოფილების უფროსად კი როლანდ იაკობაძე ინიშნება, რომელიც ახლა აჭარის მთავარ სამმართველოში დეტექტივების დეპარტამენტში თანაშემწედ მუშაობს. ბათუმის მე-6 განყოფილების უფროსად ჰამლეტ ჯორბენაძეს ნიშნავენ, რომელიც ასევე დეტექტივების დეპარტამენტში მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, სად მიჰყავთ მე-6 განყოფილების უფროსი.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე აქვეითებენ მე-3 განყოფილების უფროსს ბათუმში, რომელიც ამავე განყოფილების უფროსის მოადგილედ გადაჰყავთ. დაქვეითებას უპირებენ თამარის დასახლების (ბენზე) პოლიციის განყოფილების უფროსს.
შეცვლილია აჭარის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციის უფროსი, ეს თანამდებობა დავით მჭედლიძეს ჩააბარეს. მისმა წინამორბედმა დავით თხილაიშვილმა კი სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვაკანტურია ასევე ბათუმში უბნის ინსპექტორების უფროსის თანამდებობა. „ბათუმელების“ ინფორმაციას ამ საკადრო გადაადგილების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. უფრო ზუსტად, შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ, პრესცენტრმა საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში გადაგვამისამართა. საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია „ბათუმელებმა“ პარასკევს, ანუ პირველ მაისს გამოითხოვა.
ზ. ს. იმ 190 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც ოფიციალურად უწოდეს „პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დევნილი“. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს 190 პატიმარი გაათავისუფლა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, პირველ ჯერზე.
ზ. ს. 25 წლის დათო დავითაძის მკვლელობაშია ბრალდებული. მკვლელობა, გუშინ, 3 მაისს მოხდა შუახევში. ოჯახის ახლობლების განცხადებით, დაჭრილი იმის გამო გარდაიცვალა, რომ საავადმყოფოში არ იყო ქირურგი, რომელიც პაციენტს სათანადო დახმარებას აღმოუჩენდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
„კორპორაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილ დავით დავითაძის ოჯახს უსამძიმრებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს მოკვლევა და ჩატარებული ექსპერტიზის საბოლოო პასუხები ცნობილი არ არის, შუახევში მომხდარ კრიმინალურ შემთხვევასთან დაკავშირებით, განსხვავებული და დაუსაბუთებელი განცხადებები კეთდება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საჭიროდ მივიჩნევთ გავაკეთოთ მცირე განმარტება – გუშინ, 3 მაისს, 18:50 საათზე, შუახევის სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით არასპეციალიზირებული ავტომანქანით, ერთდროულად მოყვანილი იქნა სამი დაჭრილი პირი, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაცვლილი დავით დავითაძე გამოხატული სისხლდენის ფონზე, განვითარებული შოკით იმყოფებოდა განსაკუთრებით მძიმე, უგონო მდგომარეობაში, სასიცოცხლო პარამეტრების დაბალი მაჩვენებლებით.
დაშავებულების კლინიკაში შემოსვლისთანავე ადგილზე მყოფი ექიმ-სპეციალისტების მიერ დაიწყო წინასაოპერაციო მომზადება, პაციენტს აღენიშნებოდა 2,3 სანტიმეტრიანი გამჭოლი ჭრილობა მუცლის წინა კედელზე, მუცლის ღრუში ჩაღვრილი იყო 3 ლიტრამდე სისხლი. პირველადი დიაგნოზით დაზიანებული იყო ღვიძლის მაგისტრალური სისხლძარღვი. პაციენტმა საოპერაციო ბლოკში გაუჩერდა გული, მიუხედავად განხორციელებული ყველა რეანიმაციული ღონისძიებისა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დანარჩენი ორი დაშავებულის მდგომარება ამ დროისათვის სტაბილურია და მათგან ერთ-ერთი ამ დრომდე შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს.
მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა, სამედიცინო დოკუმენტაცია გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში და უახლოეს დღეებში გარდაცვლილის შესახებ გამოიცემა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც ნათელს მოჰფენს მომხდარ კრიმინალურ შემთხვევას და გასცემს მთავარ შეკითხვას პასუხს: ჰქონდა თუ არა პაციენტს, სიცოხლესთან შეუთავსებელი დაზიანება მიღებული”.
შესყიდვების სახელმწიფო ვებგვერდის მიხედვით დაბა ხიჭაურში არსებული საცხოვრებელი სახლის ფასადები შპს „arq – პროექტის“ მიერ შემუშავებული პროექტით უნდა მოეწყოს.
სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ შენობების დაზიანებულ კედლებს ბათქაში უნდა გაუკეთოს, საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებში არსებული ხის ფანჯრებს დემონტაჟი ჩაუტაროს და მათ ნაცვლად მეტალო-პლასმასის ფანჯრები ჩასვას, აივნის მოაჯირებზე კი 0, 7 მ კარბოლუქსის სექციური დაფები დააყენოს, ხის კარ -ფანჯრები სპეციალური ზეთოვანი საღებავით შეღებოს და შენობების სახურავზე დამცავი ლითონის მოაჯირი მოაწყოს.
ხიჭაურში გარე ფასადების მოსაწყობად გამოცხადებულ ელეტრონულ ტენდერზე წინადადებების მიღება 5 მაის დაიწყება და 7 მაისს 15:00 საათზე დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კეთილმოწყობითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს.
გარე ფასადების მოსაწყობად გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის სავარაუდო ღირებულება 120 000 ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ურნა, რომელსაც გამგეობა შეისყიდის „ბეჟი“ ფერის, ჩამოსხმული გაპრიალებული და გალაქული ქვის უნდა იყოს, რომელსაც ზედაპირი მაღალი სიმკვრივის ყავისფერი ძელაკებით ექნება დაფარული.
ქობულეთის გამგეობის მიერ სპეციალური ურნების შესყიდვაზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 7 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 70 ცალი ურნა ქობულეთის გამგეობას ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. ურნების შესაძენად საჭირო თანხა, 30 000 ლარი ქობულეთის გამგეობამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო.
გიორგი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებაში მისცა ადამიანები, რომლებმაც გაავრცლეს სხვადასხვა ვებგვედზე პორნოგრაფიული მასალა, მაგალითად, თუ სოციალურ ქსელში გააზარია მოქალაქემ პონოგრაფიული ვიდეო ეს დასჯადია?
მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში პორნოგრაფიის გავრცელება აკრძალული არ არის. უკანონო იქნება გავრცელება იმ შეემთხვევაში, თუკი რომელიმე კანონი მას კრძალავს. მაგალითად, იარაღის უკანონო ტარება იმიტომაა უკანონო, რომ იარაღის უკანონო ტარების შესახებ კანონი ადგენს, რა ტიპის იარაღის ტარება და ვის მიერ არის ნებადართული. მაგალითად, ხე-ტყის უკანონო ჭრა, თუკი არ გაქვს ნებართვა აღებული ჭრაზე, ესე იგი არის უკანონო, რადგან ნებართვას ექვემდებარება. პორნოგრაფიული მასალის გავრცელების შემთხვევაში, ასეთი რეგულაცია არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ის, რაც კანონით არაა აკრძალული, არის დაშვებული, შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს სრული უფლება, გაავრცელოს პონოგრაფია, თუკი ის არ ეხება არასრულწოვანს. აი, ამ შემთხევვაში გვაქვს შეზღუდვები, რადგან საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერები ვართ, და ეს რეგულაცია კრძალავს ამ ტიპის პორნოგრაფიის გავრცელებას ან დამზადებას.
არასწორად არის ბრალდება წარდგენილი. ეს იმიტომ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის პირველი ნაწილის ქმედება საქართველოში დასჯადი ქმედება არ არის.
თუ რომელიმე საიტიდან ჩამოვტვირთე პონოგრაფიული ვიდეო და ავტვირთე პირად ბლოგზე, ეს დასჯადია?
არა, თუმცა როგორც საიტის მეპატრონეს გეკისრება ვალდებულება, მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი წესების თანახმად. ეს წესი ისევე ვრცელდება, როგორც, მაგალითად, უდანაშაულობის პრეზუმციისა და ადამიანის პატივისა და ღირსების დაცვის ვალდებულება.
ანუ იმ 40 ადამიანს, რომლებიც პასუხისგებაში მისცეს და ახლა ბრალდებულის სტატუსს ატარებენ შეიძლება ითქვას, რომ დაერღვათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები?
ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის კოდექსი 255-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ ბრალდება, ერღვევათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება „არავითარი დანაშაული სასჯელის გარეშე“. ეს პრინციპი არის სისხლის სამართალში და მოქმედებს კონსტიტუციაში: პირს, რომელსაც დანაშაული იმიტომ არ ჩაუდენია, რომ ეს ქმედება არ არის დანაშაული, არ შეიძლება ბრალი დაედოს.
ბატონო ლევან, როგორც ვიცით, „ევექსს“ ამ დროისთვის აჭარის სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში გაჩერებული აქვს სტაციონარული მომსახურება. თქვენ ამბობთ, რომ „ევექსის“ სურვილის მიუხედავად ქირურგი, ანესთეზიოლოგი, გინეკოლოგი და რეანომობილი იმუშავებს შუახევის მუნიციპალურ საავადმყოფოში. რა შეიცვალა?
სამწუხაროდ, არ მუშაობდა და ამის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვისი ვალდებულებაც იყო, რომ ემუშავებინა.
რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება?
ჩამოდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ არ მუშაობდა სერვისები. იმ ხელშეკრულებით, რომელიც 2011 წლის ნოემბერში გაფორმდა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, კომპანია ვალდებული იყო ქედაში, შუახევსა და ხულოში ქირურგი, ანესთეზიოლოგი, გინეკოლოგი ჰყოლოდ და სხვადასხვა სტაციონარული მომსახურება ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, კომპანია ვალდებული იყო ადგილზე ექიმების ბრიგადა ჰყოლოდა.
ბოლო პერიოდში თქვა კომპანიამ, რომ აპირებდა სერვისების გადაწყობას, მაგრამ ეს ეხებოდა დაფინანსების ფორმას და არა საავადმყოფოში ექიმის არარსებობას. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ სერვისი გვექნება, მაგრამ არ ვიმუშავებთ სახელმწიფო დაფინანსებითო. სტაციონარის გაუქმებაზე საუბარი არ ყოფილა.
ჩვენ მას შევთავაზეთ ასეთი რამ – კი ბატონო, არ გინდა, მაშინ სერვისებმა იმუშავოს და ჩვენ პაციენტს სხვა ფორმით დავაფინანსებთ. მათ ვუთხარით, ანაზრაურება რა ფორმით მოხდება – პაციენტი გადაიხდის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, სარეზერვო ფონდი თუ შევქმნით სხვა პროგრამას, ეს სხვა საკითხია-თქო. შუახევში რეანომობილი დავაყენებინეთ და გადაწყდა, რომ ურგენტული, ანუ სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ყველა რაიონში ჩატარდებოდა. რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, ის შეიძლება დაეგეგმათ, სადაც მათ სურდათ.
აღმოჩნდა, რომ რეანომობილი იდგა ერთი-ორი დღე და შემდეგ შეწყვიტეს მომსახურება – არ შექმნეს განრიგი, რომელი ქირურგი, ანესთეზიოლოგი იმორიგევებდა. აქედან გამომდინარე მოხდა გუშინ სამწუხარო შემთხვეა. ახლა საკითხი ასე დგას – მათ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, დაეკისრებით ხელშეკრულებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.
ამ საკითხზე კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია უკვე გქონდათ?
ჩვენ მივეცით დრო დღის ბოლომდე. თუკი დღის ბოლომდე იქ არ იქნება მოწესრიგებული ეგ საკითხი, შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს საშუალება ნებისმიერი პროფესიის ექიმებით უზრუნველყოს რეანომობილი. საკითხს საღამომდე თუ არ გადაწყვეტენ, ჯანდაცვის სამინისტრო არის მზად თვითონ უზრუნველყოს ეს მომსახურება.
მათი პოზიცია როგორია?
ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც ვესაუბრეთ, თბილისშიც ვესაუბრეთ და დაგვიპრდნენ, რომ საღამომდე საკითხი დადებითად გადაწყდება. შესაბამისად, საღამოს გადავამოწმებთ.
„ევექსის“ წარმომადგენელი ბოლო დღეების განამვლობაში განმარტავდა, რომ კომპანია რისკების შემცირების მიზნით აპირებდა სტაციონარული მომსახურების გაუქმებას. როცა ამას ამბობდნენ, მაშინ რატომ არ მოსთხოვეთ ასე კატეგორიულად ხელშეკრულების პირობების შესრულება, სანამ გუშინდელი ტრაგიკული შედეგი არ დადგა?
ჩვენ დავუმტკიცეთ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მისი უფლებაა გამოვიდეს სახელმწიფო პროგრამებიდან, მაგრამ მისი ვალდებულებაა ჰქონდეს მომსახურება. ჩვენ მათ ვესაუბრეთ იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში ჰქონდა უფლება გამოსულიყო ანაზრაურების ფორმიდან თუ ორი თვით ადრე დაწერდა განცხადებას, მაგრამ ვალდებული იყო განეხორციელებინა სხვადასხვა მომსახურება, მათ შორის სტაციონარული მომსახურება – გინეკოლოგია, მეანობა, ქირურგია, რეანიმაცია, ონკოლოგია, ოტოლარინგოლოგია. ეს წერია ხელშეკრულებაში, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, რის საფუძველზეც თავის დროზე მათ ქონება გადეცათ.
როგორც ცნობილია, სავადმყოფოები მთიან მუნიციპალიტეტებში კომპანიისთვის წამგებიანია. სახელმწიფო ხომ არ აპირებს პროგრამაც დაფინანსოს და ექიმიც?
ექიმს არ დააფინანსებს, სახელმწიფო დააფინანსებს პაციენტს, კომპანიის ვალდებულება კი ის არის, რომ უზრუნველყოს სამსახური. თუ პაციენტი ამ სამსახურში მოხვდება, მას მიყვება შესაბამის ანაზღაურება.
თუმცა კლინიკამ შეიძლება თქვს, რომ ეს საავადმყოფოები მისთვის მძიმე ტვრითია.
როცა ხელშეკრულებას ხელს აწერ, მძიმე ტვირთიც უნდა განსაზღვრო, უნდა იცოდე, რომ არის საკითხები, რომელიც ძალიან მომგებიანია და არის საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს წამგებიანი. თუ ასე დგას საკითხი, მაშინ ხელშეკრულების ხელმომწერ მეორე მხარეს უნდა შეუთანხმდე და უნდა მონახო სხვა ფორმა. ეს ჩემთვის მძიმეა და აღარ გავაკეთებ – ასე არ შეიძლება. როცა ამ ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ, მაშინაც ძალიან მძიმედ ითვლებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მსუბუქია რეფერალური საავადმყოფო აგერ ბათუმში, რამდენიმე საავადმყოფო თბილისში, ქუთასში, ზუგდიდში. ისინი საკმაოდ წარმატებლად მუშაობენ.
რაც შეეხება ხულოსა და ქედის საავადმყოფოებს. იქაც დააბრუნებს კომპანია ექიმებს?
იგივე მდგომარეობა იყო აქამდე და ისევე გამოსწორდება, როგორც შუახევში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იურიდიული საკითხების გამყარებაზე – კომპანიამ მიიღო სამართლებრივადაც, მორალურადაც არასწორი გადაწყვეტილება და არავისი აზრი არ გაითვალისწინა. ახლაც თუ ვერ შევთანხმდებით, მაშინ საკითხი გადაწყდება სასამართლოს გზით.
თუ დადასტურდება კომპანიის ბრალეულობა, რა სახის პასუხისმგელობა შეიძლება დაეკისროს?
ამის შესახე კონკრეტულად ვერაფეს გეტყვით, კომისიამ უნდა დადოს დასკვნა. ხელშეკრულების მუხლების მოთხოვნები თუ არ სრულდება, ყოველთვის არის ხელშეკრულებაში ისეთი მუხლი, როდესაც შეიძლება გაწყდეს ხელშეკრულება და ის ქონება, რაც წაიღო კომპანიამ, დაუბრუნდეს სახელმწიფოს. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება.
შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ცნობით, „სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს დასავლეთის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „MECIT KAPTAN“-ი ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის მიმართ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა“.
სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ლაშა ბაბილოძის განმარტებით, გემი ხუთშაბათს, გამთენიისას დააკავეს და ფოთის ნავმისადგომზე გადაიყვანეს. საჯარიმო თანხა- 50 ათასი ლარი გემმა პარასკევს გადაიხადა და იმავე დღეს დატოვა საქართველოს ტერიტორიული წყლები.
პედაგოგები მიღებენ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას, მაგრამ ძირითადადა მაინც მასწავლებელთა სახლის თანამშრომლები იქნებიან, ანუ ისინი, ვინც შემდეგში იქნებიან ჩართული სქემის განხორციელებაში.
თქვენი პრეზენტაციის შინაარსი არის სქემაში ჩართული პედაგოგების მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე დაკვირვება. როგორ ხდება ვიდეო გადაღება?
მანდ ორი მხარეა გასამიჯნი – მასწავლებელთა შეფასებაზე პასუხისმგებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, გამოცდების ცენტრი კი მხოლოდ გარე შეფასებაზეა პასუხისმგებელი. დღევანდელი შეხვედრა სწორედ გარეშეფასების მოდელის ჩვენებას წარმოადგენს. თავის მხრივ ეს მოდელი იმას გულისხმობს, მასწავლებელმა აჩვენოს, რომ შეუიძლია კარგი გაკვეთილის ჩატარება, ანუ პრაქტიკაში უნდა აჩვენოს თავისი ცოდნა; შესაბამისი პროფესიული უნარები, რომელიც შეუძლია პრაქტიკაში გამოავლინოს.
ამის აჩვენებენ გარე შეფასების პერიოდში – პროცესი ჩაიწერება ფირზე და შემდეგ შეფასდება ეს ფირი.
ფირს, ანუ ნამუშევარს ვინ აფასებს?
შეაფასებენ სპეციალურად მომზადებული გამსწორებლები, რომლებიც შეიძლება იყვნენ სკოლის მასწავლებლები, ზოგადად, აკადემიური წრის წარმომადგენლები?
შემფასებლების შერჩევის კრიტერიუმები რა იქნება?
შემუშავდა შეფასების გარკვეული რუბრიკები, რომელთა კარგი ცოდნა სავალდებულო იქნება შემფასებულისთვის, ანუ უნდა შეაფასო კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით. ტრენინგისა და გამოცდის შემდეგ ვინც დაადასტურებს, რომ ამ კრიტერიუმებით აფასებს, სწორედ ის გახდება შემფასებელი.
ორგანიზაციის მიერ მუნიციპალიტეტების გამგეობის ბაზაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფების ძირითადი მიზნია პირუტყვის დაავადებების შესახებ ინფორმაციის მონაცემების შეგროვება – გავრცელება, ეფექტური ეპიზოოტური კარანტინების ჩატარების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მაღალმთიან ზაფხულის საძოვრებზე პირუტყვის გადარეკვისას მონიტორინგის წარმოება და მარშრუტის პატრულირება პირუტყვის დაავადებების გავრცელებისა და გარეული ცხოველების თავდასხმისგან, სასოფლო – სამეურნეო სავარგულების (მათ შორის საძოვრების) მიზნობრივად გამოყენების უზრუნველყოფა და პირუტყვის დაავადებებისა და გარეული ცხოველების მიერ მიყენებული ზარალის დათვლა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გასატარებლად „მერსი ქორფსმა“ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს მაღალი გამავლობის ავტომობილი გადასცა.
ქედის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში შექმნილ სამუშაო ჯგუფებს ორგანიზაცია ავტომობილებს უახლოეს დღეებში გადასცემს.
პირუტყვის დაავადებების მონიტორინგისა და კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით პრევენციას აჭარის მუნიციპალიტეტებში არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ მცირე კავკასიის ალიანსების აჭარის პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.
წელს, 27 აპრილიდან სამედიცინო კორპორაცია „ევექსმა“ შემოიღო რეფერირების ახალი სისტემა და აჭარის მაღალმთიანეთის სამ მუნიციპალიტეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისების განხორციელებაზე უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა ძალიან მკაცრი გამოხმაურება, საგანგებო რეჟიმში ჩავატარეთ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაფართოებული სხდომა, მოვიწვიეთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მოადგილესთან ერთად და ვკითხეთ როგორი იყო მათი ხედვა ამ პრობლემაზე. ჩვენ ვთვლიდით, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი და სავალალო შედეგს გამოიწვევდა.
რა თქმა უნდა, გარკვეული პრევენციული ღონისძიებები ამასთან დაკავშირებით გატარდა. ეს აისახებოდა იმაში, რომ მოსახლეობას არ უნდა გადეხადა თანხა ან თუ გადაიხდიდა, ავუნაზღაურებდით სახელმწიფო დაზღვევის პროგრამისა და იმ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. მაგრამ რასაც ვერ ავუნაზღაურებდით და რასაც ვთხოვდით, იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ექიმის მომსახურება. სავალალო შედეგი მივიღეთ გუშინ: დარწმუნებული ვარ, გუშინ დაჭრილი 25 წლის ახალგაზრდის გადარჩენის შანსი, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა კლინიკაში, 100%-ით არსებობდა, მაგრამ საავადმყოფოში არ აღმოჩნდა ექიმი. ეს არის ის დამღუპველი პოლიტიკა, რომელსაც დასაბამი დაუდო ნაციონალურმა მოძრაობამ და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო მის ჩამოშლას.
ამასთან დაკავშირებით დღეს კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, ბატონ დავით სერგეენკოს – ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანოს, ის არის, რომ სამედიცინო მომსახურეობა, რომელსაც კორპორაცია „ევექსი“ ახორციელებს, კლინიკები ხულოში, შუახევსა და ქედაში უნდა გადმოვიდეს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა პროგრამის განხორციელება.
გადმოცემაში რას გულისხმობთ, ეს კლინიკები ხომ კერძო საკუთრებაა?
კერძო საკუთრება არის, მაგრამ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება ამ სამედიცინო კორპორაციასთან. არ არსებობს, რომ მოლაპარაკების საფუძველზე ვერ მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩემთვის პიველადი მონაცემებით ცნობილია, რომ ისინიც გამოთქვამენ მზადყოფნას გარკვეული ფორმით დაუბრუნონ ეს სახელმწიფოს. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა მოლაპარაკება „ევექსთან“, მაშინ სახელმწიფომ უნდა შექმნას ალტერნატიული სამედიცინო ცენტრები და სახელმწიფო პროგრამა სწორედ თავის ცენტრებში განახორციელოს. როდესაც „ევექსი“ დაინახავს, რომ მას ასეთი საშიშროება დაემუქრება, ის გადმოდგამს ნაბიჯს თანამშრომლობისკენ.
რამდენადაც ცნობილია, „ევექსს“ მაღალმთიან აჭარაში კლინიკების გახსნის პროცესში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სახელმწიფოსგან. ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, სახელმწიფოსა და „ევექსს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დეტალები და რამდენად ასრულებს „ევექსი“ ამ პირობებს?
დღევანდელი ბრიფინგის ერთ-ერთი თემა ესეც არის, რომ ჩვენ ვერაფრით მოვახერხოთ მისი მოპოვება და იქნება ჟურნალისტები დაგვეხმაროთ, რომ ხელშეკრულება რომელიც არის გაფორმებული სააქციო საზოგადოება „ევექსთან“, გახდეს საჯარო… ჩემთვის ამ ხელშეკრულებიდან ერთადერთი პუნქტი არის ცნობილი, როგორც ვიცი, „ევექსი“ ვალდებული იყო 7 წლის განმავლობაში განეხორციელებინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისები. მან ესეც კი დაარღვია. 7 წელი არ გასულა და უკვე შეწყვიტა სამედიცნო მომსახურება. როგორც ჩემთვის ცნობილია, თავის დროზე დიდი სასათბურე პირობები, შეღავათები, დათმობები იყო, რომლითაც ალბათ გარკვეული საფინანსო ჯგუფები იყვნენ დაინტერესებული და სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენეს კერძო კომპანიის ინტერესები. ამან რა შედეგიც მოგვიტანა, სახეზეა. მე შევეცდები საჯარო გავხადო ეს ხელშეკრულება და ყველამ დაინახოს, რა ხელშეკრულება გააფორმა თავის დროზე ხელისფლებამ მოსახლობის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ხელშეკრულების ხელმომწერი მხარე რომელი სახელმწიფო ინსტიტუტია?
რამდენადაც ვიცი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
თუნდაც იმ მუხლის შესაბამისად, რომელიც თქვენთვის არის ცნობილი და რომლითაც, როგორც თქვენ ამბობთ, დარღვეული ხელშეკრულების პირობა, კომპანია „ევექსს“ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე სახის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს თუ არა. რას ფიქრობთ თქვენ, როგორც უმაღლსი საბჭოს დეპუტატი ამ საკითხზე?
მე ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავაკეთე განაცხადება – აქ მარტო პასუხისმგებლობის საკითხი არ არის მნიშვნელოვანი – ვთქვათ ვინმე, ვინც ამაზე პასუხისმგებელია, დაისაჯა, მერე რა. ჩვენ ეს პრობლემა უნდა აღმოვფხვრათ. მე მახსოვს ბატონ დავით სერგეენკოს პოზიცია, როდესაც თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში შესული იყო ახალი მენეჯმენტი და იქ შეიქმნა სერვისების განხორციელების საშიშროება. მაშინ ბატონი დავით სერგეენკო მივიდა კერძო კომპანიაში და ძალიან მკაცრად უთხრა – კი ბატონო, მესმის თქვენ ხართ კერძო კომპანია და სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს კერძო კომპანიის საქმიანობაში, მაგრამ ეს მომსახურება – ჯანმრთელობის დაცვა, არის სახელმწიფოს პრეპოგატივაო. ეს არ არის ისეთი ბიზნესი, სახელმწიფო რომ არ ჩაერიოს. დიახაც, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და ძალიან მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი ყველა იმ დამნაშავეს, რომელთა გამოისობითაც დღევანდელი შედეგი დადგა. გარდა ამისა, სასწრაფო წესით უნდა გამოსწორდეს სიტუაცია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვადასხვა დროს და ვითარებაში შემოსავლის მიღებისა და ვებგვერდების პოპულარიზაციის მიზნით, მოიპოვეს პორნოგრაფიული, მათ შორის არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი ვიდეოფაილები, რომლებიც ვებსაიტებზე ატვირთეს, რითიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადეს ინტერნეტ მომხმარებლებისათვის. მათ მიერ ინტერნეტში ატვირთული პორნოგრაფიული ხასიათის ვიდეოფაილები შეუზღუდავად ვრცელდებოდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნული საიტების ჰოსტინგები გათიშულია, ხოლო მომხმარებლებლები – დაბლოკილი. ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პორნოგრაფიული ნაწარმოების, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ გავრცელების ან რეკლამირების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსა და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა გამოძიება თბილისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში ჩაატარეს.
ახლობლების თქმით, გარდაცვლილი მუცლის არეში იყო დაჭრილი და საკუთარი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, მაგრამ საავადმყოფოში ქირურგის არყოფნის გამო იგი სისხლისგან დაიცალა. შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს.
აქციაზე მყოფი ერთ-ერთი ახლობელის ინფორმაციით, დაჭრილის დასახმარებლად ქირურგი ხულოდან გამოიძახეს, მაგრამ რეანომობილი გამოძახებიდან მხოლოდ 2 საათში მივიდა კლინიკაში (ბოლო ერთი კვირაა შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება. ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოში ქირურგი აღარ მუშაობს).
დათო დავითაძესთან ერთად დღეს კიდევ ორი ადამიანი დაჭრეს. სავარაუდოდ, მისივე ბიძაშვილები.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის პოლიციამ ქედაში დააკავა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარემონტო სამუშაოების ძირითადი ნაწილი ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობაზე განხორციელდება.
უნივერსიტეტის შესყიდვების სამსახურის უფროსის გენო აბულაძის თქმით, პირველ კორპუსზე შეღებვითი სამუშაოები ჩატარდება, მოეწყობა ნინოშვილის მხირდან შესასვლელი ფოიე და შიდა ეზოში გამოიცვლება სკამები.
რაც შეეხება რუსთაველის #32-ში მდებარე ხუთსართულიან შენობას, გენო აბულაძის განმარტებით, ამჟამად ამ კორპუსის რემონტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე მუშაოებენ და მალე, მის შერემონტებაზეც გამოცხადებენ ტენდერს.
ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2012 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 16 აპრილამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუ-შაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 4 000 000 ლარისა.
ტენდერის შემსყიდველმა, სამუშაობი ხელშეკრლების გაფორმებიდან 2015 წლის 1 ოქტომბრამდე (სასწავლო წლის დაწყებამდე) უნდა შეასრულოს.
უნივერსტიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ელექტრონული ტენდერი 16 აპრილს გამოცხადდა. წინადადების მიღება 7 მაისამდე გაგრძელდება.
შუახევის საკრებულოს №22 დადგენილების მიხედვით, საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის მუნიციპალურ პრემიას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს რეკომენდაციისა და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
სელიმ ხიმშიაშვილის პრემია ენიჭებათ პირებს:
ა) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში შეტანილი პირადი წვლილის, აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი და მეცნიერული საქმიანობისათვის.
ბ) საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის ბიოგრაფიისა და მოღვაწეობის შესწავლის საქმეში გაწეული ღვაწლისათვის.
გ) სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ისტორიის გამორჩეული პუბლიკაციებისა და მეცნიერული კვლევებისათვის.
სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო მოწმობა, ატრიბუტიკა და ფულადი ჯილდო 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. დადგენილების თანახმად, პრემია ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია პრემიის მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და პიროვნების საიუბილეო თარიღის გამო.
პრემია მიენიჭებათ საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის საიუბილეო ღონისძიებაზე 2015 წელს და მომდევნო 5 წელიწადში ერთჯერ, სელიმობის ღონისძიების ცერემონიალზე – 3 ივნისს.
საქართველოს ეროვნული გმირის – სელიმ ხიმშიაშვილის პრემიის ჩამორთმევა დაუშვებელია.
ქალებს შორის პირველ ადგილზე გავიდა ასიე კაიტამბა, მეორე ადგილზე – ეთერ ჩავლეიშვილი, ხოლო მესამე ადგილზე – თამარ ბურჭულაძე. ხოლო მამაკაცებს შორის პირველი ადგილი მოიპოვა ნიკოლოზ ფხაკაძემ, მეორე ადგილზე გავიდა ალიოშა ვასაძე, მესამეზე კი – ნიაზ ბოლქვაძე. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
დარტსში პირველობა აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. შეჯიბრების გამართვა აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ტაბაღუას იდეა იყო. როგორც მან უთხრა „ბათუმელებს“, სამომავლოდ სურს ეს სახეობა განვითარდეს და ჩატარდეს საქართველოს პირველობა არა მარტო ვეტერანებს, არამედ ახალგაზრდებს შორისაც.
დარტსი ერთ-ერთი სპორტული სახეობაა. მისი მოთამაშეები კედელზე ჩამოკიდებული მრგვალი დაფის მიმართულებით გარკვეული მანძილიდან პატარა ისრებს ისვრიან. დარტსის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პოპულარული სპორტული თამაშია. 1993 წლიდან ტარდება პროფესიონალებს შორის მსოფლიო ჩემპიონატიც. 2015 წელს ჩატარებული დარტსის მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 1 250 000 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.
დირექტორის ჩათვლით ამჟამად წყალბურთის კლუბში რვა ადამიანია დასაქმებული – 5 მწვრთნელი, იურისტი და ბუღალტერი. მათთვის ყოველთვიური ხელზე გასაცემი თანხა ჯამში 4260 ლარია. მწვრთნელების საშუალო ხელფასი 500 ლარია. ერთი და იმავე რაოდენობის ხელფასი (720 ლარი) აქვთ უფროს მწვრთნელსა და დირექტორს. გასულ წელს წყალბურთის კლუბის ბიუჯეტი 80 000 ლარი იყო, წელს კი – 100 000 ლარი გახდა. კონკრეტულად, სახელფასო ფონდი 11 638 ლარით გაიზარდა. კლუბს ბიუჯეტის გეგმაში 7800 ლარი მივლინებებზე (კვების, ტრანსპორტისა და სასტუმროს ხარჯები) აქვს გაწერილი, ეს ნაწილი გასულ წელთან შედარებით 520 ლარით შემცირდა. გაიზარდა აუზის მომსახურების ხარჯი. წელს ამ მომსახურებაზე 28 000 ლარი დაიხარჯება.
ხელბურთის კლუბი „ბათუმი“
მიმდინარე წელს ხელბურთის კლუბის დაფინანსება 18 500 ლარით გაიზარდა. უშუალოდ მერიისგან კლუბი 180 000 ლარს მიიღებს. კლუბში 22 ადამიანია დასაქმებული, აქედან 13 სპორტსმენი, ექვსი მწვრთნელი და ადმინისტრაციის კიდევ სამი თანამშრომელი დირექტორის ჩათვლით. ყველაზე მაღალი ხელფასი დირექტორსა და მთავარ მწვრთნელს აქვთ – 950 ლარი. მიუხედავად ბიუჯეტის ზრდისა, ეს ცვლილება არც სპორტსმენების და არც ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებზე არ ასახულა. კლუბში სპორტსმენების საშუალო ხელფასი 572 ლარია, მაქსიმალური კი – 750 ლარი (მხოლოდ ერთი სპორტსმენი იღებს).
სარაგბო კლუბი „ბათუმი“
სარაგბო კლუბი „ბათუმი“, საფეხბურთო კლუბ ბათუმის „დინამოს“ შემდეგ ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი კლუბია ბათუმში. 2015 წელს მის განკარგულებაში 1 246 851 ლარია. ბათუმის მერიამ კლუბი 700 000 ლარით (გასულ წელთან შედარებით 100 900 ლარით მეტით) დააფინანსა. მიუხედავად ამისა, კლუბის საერთო ბიუჯეტი წელს 195 143 ლარითაა შემცირებული. მერიის გარდა „ბათუმს“ დაფინანსების კიდევ ორი წყარო აქვს – საკუთარი ანგარიშიდან მიღებული საპროცენტო სარგებელი და საქართველოს რაგბის კავშირიდან მიღებული ყოველწლიური 400 000 ლარი. კლუბის ბუღალტრის, ზურაბ ცენტერაძის განმარტებით, ბიუჯეტის შემცირება საკუთარი სახსრების შემცირებითაა გამოწვეული: „წინა წელს თანამშრომლები უფრო ნაკლები გვყავდა, ნაკლები ხელფასი იყო. წელს გაიზარდა გუნდი, ხელფასები და შემცირდა საკუთარი სახსრები და წლის ნაშთი“. სარაგბო კლუბ „ბათუმში“ დასაქმებულ პირთა რაოდენობა 17 ადამიანით გაიზარდა. ამჟამად სპორტსმენებიანად კლუბი 78 ადამიანს ითვლის. აქედან 61 საშტატო, 17 კი – შტატგარეშე თანამშრომელია. საშტატო ერთეულში 45 მორაგბეა, შტატგარეშე კი – შვიდი. 14 პირი ადმინისტრაციულ განყოფილებაში მუშაობს. ბათუმის სარაგბო კლუბის დირექტორის ხელფასი ხელზე 1300 ლარია. 1100 ლარი ერიცხება მის მოადგილეს, ხოლო მთავარ მწვრთნელს დავით გუგუშვილს, 3000 ლარი – ყველაზე მაღალი ხელფასი კლუბში. კლუბში რაგბისტების საშუალო ხელფასი ხელზე 866 ლარია, მინიმალური ხელფასი – 100 ლარს, მაქსიმალური კი – 2500 ლარს შეადგენს.
საკალათბურთო კლუბი „ბათუმი 2010“
კლუბის დირექტორის ხელფასი 1650 ლარია, მთავარი მწვრთნელის კი – 3750 ლარი. კლუბში 23 თანამშრომელია. მათი ყოველთვიური სახელფასო ფონდი 67 671 ლარს შეადგენს. `ბათუმი 2010~-ს 14 კალათბურთელი ჰყავს, ამათგან 3 უცხოელი მოთამაშეა. ისინი ბათუმში, სპორტულ კლუბებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები არიან. მაგალითად, ერთ-ერთი უცხოელი მოთამაშის ყოველთვიური ხელფასი 13 170 ლარია (6 875 აშშ დოლარი ლარის ექვივალენტი), ხოლო დანარჩენი ორი უცხოელის ხელფასი 9 578 ლარს (5000 აშშ დოლარი ლარის ექვივალენტი) შეადგენს. ქართველი კალათბურთელების ხელფასი 100 ლარიდან იწყება და 2500 ლარამდე აღწევს.
ბათუმის ”დინამო”
ბათუმის ”დინამო” ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სპორტული კლუბია. კლუბისგან მიღებული ინფორმაციით, ბათუმის ”დინამოში” 87 ადამიანი მუშაობს. მათგან 19 ასაკობრივი გუნდის მწვრთნელია, 27 კი – ძირითადი გუნდის ფეხბურთელი. ”დინამოში” ფეხბურთელების საშუალო ხელფასი 2025 ლარია. საერთო ჯამში კი, მათზე გასაცემი ყოველთვიური ხელფასი 54 700 ლარია. ”ბათუმელებმა” ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი სპორტული კლუბებისგან, ბოლო ორი წლის ბიუჯეტი ბათუმის ”დინამოსგანაც” გამოითხოვა, თუმცა მას ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია.
ფრენბურთის კლუბი ”ბათუმი”
კლუბის წლევანდელი ბიუჯეტი 114 000 ლარია. გასულ წელთან შედარებით ეს თანხა 19 000 ლარით გაიზარდა. ფრენბურთის კლუბში 14 სპორტსმენი, ოთხი მწვრთნელი, კლუბის დირექტორი და ბუღალტერი მუშაობს. მათზე გასაცემი ყოველთვიური ხელფასი ჯამში 5 950 ლარია. მწვრთნელის საშუალო ანაზღაურება 390 ლარია, სპორტსმენებისა კი – 287 ლარი. კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი დირექტორს – 850 ლარი და ბუღალტერს – 700 ლარი აქვთ.
„სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრი“
2015 წელს „სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში” 38 ადამიანი მუშაობს: დირექტორი (ხელფასი 1600 ლარი), ხუთი მწვრთნელი (თითოეულის ხელფასი – 900 ლარი), ორი ყინულის მომვლელი (450 ლარი), რვა მემანქანე (450 ლარი), სამი ელქტრიკოსი (400 ლარი), ხუთი დამლაგებელი (400 ლარი) და სხვა ტექნიკური საკითხის სპეციალისტები მუშაობენ. შარშანდელთან შედარებით ხელფასი მხოლოდ დამლაგებლებს – 20 ლარით გაეზარდათ. ”სპორტულ-ახალგაზრდულმა ცენტრმა” 2015 წელს ორი საშტატო ერთეული მწვრთნელ-ქორეოგრაფი (900 ლარი) და ჰოკეის სპეციალისტი (1200 ლარი) დაამატა. ეს თანამდებობები ამჟამად ვაკანტურია. მოთხოვნის მიუხედავად ბოლო ორი წლის ბიუჯეტი ”ბათუმელებისთვის” არც ”სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრს” მოუწოდებია.
„ბათუმის საცხენოსნო კლუბი“
”ბათუმის საცხენოსნო კლუბში” ხუთი ადამიანია დასაქმებული: სპორტსმენი, მეჯინიბე, მთავარი ინსტრუქტორი, ბუღალტერი და დირექტორი. მათი ყოველთვიური ხელფასის ჯამი 4450 ლარია. 2015 წელს მერიამ საცხენოსნო სპორტს დაფინანსება 34 000 ლარით შეუმცირა და 116 000 ლარით აფინანსებს. აქედან პრემიის ჩათვლით სახელფასო ფონდი 52 275 ლარია. წელს კლუბში ხუთივე დასაქმებულის ხელფასი საშუალოდ 31%-ით გაიზარდა.
ბათუმის ავტოდრომი
ბათუმის ავტოდრომი ახალშექმნილი სპორტული ორგანიზაციაა, რომლის ამოცანა ავტოსპორტის პოპულარიზება და განვითარების ხელშეწყობაა. ავტოდრომის ბიუჯეტი შარშანდელთან შედარებით 1200 ლარით შემცირდა და წელს იგი 83 800 ლარს შეადგენს. წელს ხელფასი მხოლოდ ერთ მრბოლელს, 375 ლარიდან 700 ლარამდე გაეზარდა. ავტოდრომში ხუთი ადამიანია დასაქმებული: კლუბის დირექტორი, მსაჯი, ბუღალტერი, ადმინისტრაციის მენეჯერი და ტექნიკური სპეციალისტი. მათ საზღაურზე ყოველთვიურად ჯამში 3450 ლარი გაიცემა. ავტოდრომში მინიმალურ ხელფასს – 400 ლარს, ტექნიკური სპეციალისტი და ბუღალტერი, ხოლო მაქსიმალურს – 1250 ლარს კლუბის დირექტორი იღებს.
საჭადრაკო კლუბი „ნონა“
„ნონას“ ბიუჯეტი 2014 წელს 142 300 ლარი იყო. წელს კი მის განკარგულებაში 259 000 ლარი იქნება. ”ნონაში” სულ ცხრა ადამიანი მუშაობს (4 შტატგარეშე). მოჭადრაკეების საშუალო ხელფასი 600 ლარია, მინიმალური – 400 ლარი, მაქსიმალური კი – 800 ლარი. კლუბის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წელს ევროპის ჩემპიონატისა და საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად კლუბი `ნონა~ რამდენიმე მწვრთნელს მოიწვევს. შარშან ამავე ჩემპიონატებისთვის კლუბმა ექვსი მწვრთნელი მოიწვია, რომელთა საერთო ანაზღაურებისთვის 29 338 ლარი დაიხარჯა.
თანამდებობის პირი, რომელმაც საჯარო სამსახურში მიღებისას უპირატესობის მინიჭების მიზნით დაარღვია კონკურსის წესები ან მისთვის სასურველ პირს შერჩევის კრიტერიუმი მოარგო, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე. თუ საჯარო მოხელემ იგივე ქმედება მრავალჯერ ჩაიდინა, ის დაისჯება თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ამ შინაარსის ცვლილების შეტანას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ითხოვს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ კანონში ცვლილება ხელს შეუწყობს ნეპოტიზმთან ბრძოლას.
რას ფიქრობენ მაღალჩინოსნები აჭარაში კანონის ამგვარად ცვლილების შესახებ? – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ნეპოტიზმის კრიმინალიზების შესახებ „ბათუმელებთან“ კომენტარი არ გააკეთეს. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ბესო შერვაშიძის თქმით, ავთანდილ ბერიძე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ნეპოტიზმი დასჯადი შეიძლება გახდეს, ჯერ არ იცნობს და, შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გააკეთებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პრესსამსახურში კი განაცხადეს, რომ არჩილ ხაბაძე ნეპოტიზმზე საუბრისგან ამჯერად თავს შეიკავებს.
„ქართველები რიცხობრივად პატარა ერი ვართ, ამიტომ ნეპოტიზმის თემა აქ ცოტა სხვა ასპექტში შეიძლება წარმოდგეს, პრობლემის მხრივაც და კანონის მხრივაც. რა ნიუანსებით მოხდება ამის მიღება ან არ მიღება, ამას დრო გვაჩვენებს. დღეს საქართველოში ეს პრობლემა დგას იმის გამო, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და შეიძლება სახელმწიფო მოხელემ რაღაც დოზით დაუშვას ეს შეცდომა. ამიტომ მე კანონის მიღებას მივესალმები“, – ამბობს კაკო ძნელაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი ჭეიშვილის მოსაზრებით, ნეპოტიზმი მიუღებელია, მაგრამ ნეპოტიზმი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ უნდა იყოს:
„მე ვფიქრობ, რომ ეს ნეპოტიზმთან ბრძოლის არასწორი ფორმაა. ნეპოტიზმი მიუღებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯებოდეს. ვერც ერთ ჩემს ნათესავს, ვერც შორეულს, ვერც ახლო ნათესავს ვერ ნახავთ თანამდებობაზე აჭარაში, მაგრამ თუ რაიმე მსგავსი ფაქტი აღმოჩნდება, სისხლის სამართლის საქმე არ უნდა აღიძრას იმ თანამდებობის პირის მიმართ, რომელმაც ნეპოტიზმით დანიშნა ვინმე სამსახურში.
ნეპოტიზმის მოგვარება სხვაგვარადაც შეიძლება. მაგალითად, მე თუ ვინმე დავნიშნე ნეპოტიზმით და ეს დამიდასტურდა, მომთხოვონ კანონით, რომ მე ის ადამიანი გავუშვა სამსახურიდან. მაგრამ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ან საერთოდ მოვკვეთოთ კაცი სამსახურიდან – მე ამას არ ვეთანხმები. მითუმეტეს, თუ დაიჭერენ, ეს ხომ საერთოდ მიუღებელია. როცა ხმაურდება ასეთი ფაქტი, იმ ადამიანის რეპუტაცია ილახება – ესეც ერთგვარი დასჯაა.“
კომენტარზე უარი არ უთქვამს, თუმცა კითხვებზე, უნდა იყოს თუ არა ნეპოტიზმი დასჯადი, ან უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს პარლამენტმა ინიცირებული პროექტი ნეპოტიზმის დასჯადობის შესახებ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე არ პასუხობს. მინისტრი მხოლოდ კონკურსებზე კომენტარით შემოიფარგლა: „საჯარო და კერძო სექტორში კადრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კონკრეტული პირის კეთილსინდისიერება მასზე დაკისრებული საქმიანობის შესრულებისას. კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია. კანონმდებლობა შპს-ებში კონკურსის წესით კადრების შერჩევას არ ითვალისწინებს, თუმცა კარგი თანამშრომლის პოვნა მხოლოდ მაღალი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ სამინისტროს შპს-ში სპეციალისტთა შერჩევა კონკურსით მოხდა. ჩვენი პრიორიტეტია არა შეივსოს ვაკანტური პოზიცია, არამედ შეირჩეს მაღალკვალიფიციური კადრები.“
მინისტრის ეს კომენტარი „ბათუმელებმა“ პრესსამსახურის დახმარებით, წერილობით მიიღო. კითხვების დაკონკრეტებისას დავით ბალაძემ „ბათუმელებს“ ასე უპასუხა: „თქვენ გაქვთ ჩემი კომენტარი.“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცების შემთხვევაში ასევე მოახდენს იმ პირის მიერ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების კრიმინალიზაციას, რომლის სასარგებლოდაც დაირღვა კონკურსის პირობები, თუ მან ამის შესახებ იცოდა. თუმცა, თუ პირი ამ დანაშაულის შესახებ ნებაყოფლობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოებს, კანონპროექტის მიხედვით, ის გათავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
პარლამენტში „ქართული ოცნების~ ფრაქციის რამდენიმე წევრმა განაცხადა, რომ ნეპოტიზმთან დაკავშირებით დამატებითი კანონპროექტის დამტკიცება საჭირო არ არის, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ნეპოტიზმი ისედაც იკრძალება. კანონპროექტის ავტორების თქმით კი, „პრაქტიკაში თითქმის არ ხდება აღნიშნული მუხლის ამგვარი ინტერპრეტაციით გამოყენება.“
ფესტივალზე ასევე ჩატარდება თემატური ლექციები და მასტერკლასები.
ფესტივალის ფორმატის მიხედვით, დღის პრიველი ნახევარი ეთმობა მოწვეული თეორეტიკოსების მიერ ლექცია-მასტერკლასების ჩატარებას, ხოლო დღის მეორე ნახევარი ეთმობა მუსიკალურ პერფორმანსებს და ვიდეო ინსტალაციებს.
წლევანდელი SoundSpring-ის პირველ დღეს, ანუ 8 მაისს, 17:00 საათზე ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ არჩილ გიორგობიანის, 9 მაისს კი – ნიკა მაჩაიძის ლექცია/მასტერკლასები. 10 მაისს, 14:00 საათზე ლექციას წაიკითხავს – კოკა ნიკოლაძე 17:00 საათზე კი ნინო ჟვანია.
ფესტივალის მუსიკალური ნაწილი, 8,9 და 10 მაისს 19:00 საათზე დაიწყება.
კონფერენცია შეეხებოდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას დღეს და მათი გამოყენების პერსპექტივებს მომავალში.
ჭიპლარის სისხლის ბანკის ”ჯეოქორდის” სამედიცინო დირექტორი, მედიცინის დოქტორი გოჩა შათირიშვილის თქმით ჭიპლარის სისხლის მიწოდება მათ ბანკში ბათუმიდანაც ხდება – ”ახლა გვინდა ჩვენი აქტივობის უფრო გაფართოვება და რაც სამშობიაროებია ბათუმში გვინდა, რომ ყველა მოვიწვიოთ.”
შეხვედრას ესწრებოდა ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მეან გინეკოლოგი კონსტანტინე მარდალეიშვილი, ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ლოლაძე, მეან გინეკოლოგები აჭარიდან და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
„მყავს მეუღლე, რვა წლის შვილი და მეგობრები, რომლებიც ჩემსავით ჟესტების ენით საუბრობენ. რომ არ მოვიწყინოთ, ვცდილობთ, ცხოვრება ჩვენ თვითონ გავიმრავალფეროვნოთ. პრობლემების მიუხედავად მაინც ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას და საუბარს“, – ამბობს მერი ჯაღათაშვილი. მას ბათუმში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შევხვდით. ის სკოლის მოხალისე მოსწავლეებს ჟესტების ენას ასწავლის.
„ეს გაკვეთილები ბედის საჩუქარია“, – ამბობს მერი. ის ერთ დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს ნინო ჩხაიძეს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და ასე დაიწყო ყველაფერი.
„ნინო ჩემით დაინტერესდა და ჩვენი ურთიერთობაც გაგრძელდა. ახლა აქ ვარ და სკოლის მოსწავლეებს ჟესტებით საუბარს ვასწავლი. ბედნიერი ვარ, რადგან მათ ისეთი მიმიღეს, როგორიც ვარ“.
მერი თერთმეტი წელი სწავლობდა თბილისში, სპეციალურ სკოლაში, თუმცა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო:
„ოჯახი ბათუმში შევქმენი და ახლა ამ ქალაქში ვცხოვრობ. რადგან სმენის პრობლემები მაქვს, სწავლის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა. პროფესია არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ფიზიკური სამუშაო შევასრულო, თუმცა სამსახური მაინც არ არის. სმენის არმქონე თითქმის ყველა ადამიანი დაუსაქმებელია. ორი თუ სამი ადამიანი ვიცი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს, სულ ეს არის“, – ამბობს მერი.
მერის იმედი აქვს, რომ გამოჩნდებიან ისეთი დამსაქმებლები, რომლებიც მათ ელემენტარულ სამუშაოს მაინც მისცემენ და სახელმწიფო შემწეობაზე აღარ იქნებიან დამოკიდებულნი.
„გვითხრეს, რომ ახალი სასტუმრო აშენდა და ოცამდე სმენადაქვეითებულს დაგვპირდნენ დასაქმებას. ვნახოთ რა გამოვა. ბევრ ადგილზე მითხრეს უარი. პენსია ასი ლარი მაქვს და სოციალურ დახმარებას ვიღებ – ეს არის ჩემი შემოსავალი. ჩემს შვილს სმენითი პრობლემები არ აქვს, ამიტომ მინდა მას კარგი განათლება მივცე“, – გვეუბნება მერი.
სმენადაქვეითებული ადამიანების სტატისტიკა ჯანდაცვის სამინისტროში არ აქვთ. მერი ამბობს, რომ სმენადაქვეითებულთა საზოგადოებაც პირობითია: „წლების წინ აბუსერიძის ქუჩაზე ყოფილი საწარმოს შენობაში ერთი ოთახი იყო გამოყოფილი და დღესაც ამ ოთახში ვიკრიბებით ხოლმე. იქ ერთი ტელევიზორი დგას და გვპირდებიან კომპიუტერსაც. სხვა განსაკუთრებული ჩვენთვის არაფერია“.
მერისთან საუბარში ჟესტების ენის სპეციალისტი შორენა ლომაძე გვეხმარება. ის ამბობს, რომ ამ ერთ ოთახში ზოგჯერ სმენის პრობლემების მქონე ადამიანები ფილმებსაც უყურებენ, ის კი მათ შინაარსის გაგებაში ეხმარება.
„ვისაც სკოლის განათლება აქვს, მათ წერა-კითხვა შეუძლიათ, თუმცა არის რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც წერა-კითხვა არ იციან და მათთვის ძალიან რთულია კომუნიკაცია“, – ამბობს შორენა ლომაძე.
იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვინც ჟესტების ენა არ იცის, მერის სწორედ ანბანის ცოდნა ეხმარება:
„თუ ძალიან გამიჭირდა და ვერ მივახვედრე რა მინდა, ვთქვათ, მაღაზიაში ან ბაზარში, ფურცელზე ან ტელეფონში ვწერ და ვაჩვენებ. ბუნებრივია, ვერავის დავავალდებულებ, რომ ჟესტების ენა ისწავლოს. ეს, უბრალოდ, თანადგომის ამბავია, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ეს ბავშვები დაინტერესდნენ, ისინი მომავლის თაობაა და დროთა განმავლობაში ალბათ ჩვენც უფრო მეტ ადამიანთან შევძლებთ ურთიერთობას“, – ამბობს მერი.
ნინო ჩხაიძე მერისთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს: „ჟესტურ ენაზე ფიქრი მერის გაცნობის შემდეგ დავიწყე. ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ-ერთი აქცია იყო, გამაჩერა და ხელებით მეკითხებოდა რა ხდებაო. ძალიან შევწუხდი, რომ არ შემეძლო ახსნა“.
ნინო ამ ამბის შემდეგ მერის კიდევ დაუკავშირდა და რამდენჯერმე შეხვდნენ. „ვთხოვე, ესწავლებინა ჟესტების ენა. ხან სახლში დავდიოდი მასთან, ხან კაფეში მივდიოდით ერთად, მერე ოფისშიც მოვიდა. ჟესტების სწავლის საჭიროება რეალურად გაჩნდა“.
ნინო ამბობს, რომ მერის ახალი მეგობრების შეძენის ალტერნატივა არ ჰქონდა და მაშინ მიხვდა, რომ რაღაცის შეცვლა აუცილებელი იყო.
„სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, თუ ვის უნდა აეღო შშმ პირთა კლუბის ორგანიზება და ჩვენ შეგვარჩიეს. ამ პროგრამაში საბაზისო დონეზე ჩავდეთ მოსწავლეებისთვის ჟესტების ენის შესწავლა, რადგან ისინი ყველაზე მოტივირებული და ენერგიულები არიან“.
ჟესტების ენის შესწავლის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციამ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.
„ვინც გამოგვეხმაურა, მივიღეთ. ბათუმის თითქმის ყველა სკოლიდან ორ-ორი მოსწავლე შევარჩიეთ. აპრილის ბოლოს ამ მოსწავლეებმა ჟესტების ენაზე ღონისძიება უნდა გააკეთონ და ტემპი ისეთია, რომ ალბათ წარმატებული იქნება“.
ნინო ამბობს, რომ სახელმწიფოს შშმ პირების მიმართ ვალდებულება აქვს აღებული, მაგრამ რეალურად მათი საჭიროებებისთვის ნაკლები კეთდება. „ჟესტების ენის შესასწავლი პროექტი ჩვენთან დასრულდა. თუმცა, თუ საზოგადოების მხრიდან დაინტერესება იქნება, ალბათ სახელმწიფოც მეტ ყურადღებას გამოიჩენს“.
ყველაზე მთავარი, როგორც ნინო ამბობს, ამ ყველაფერში არის ის, რომ ხვალ მერის ახალი მეგობრები ქუჩაში შეხვდებიან, ჟესტების ენით მიესალმებიან და მოიკითხავენ. „ურთიერთობის დასაწყისისთვის ეს საკმარისია, ამ ურთიერთობის გაგრძელების სურვილი კი, თავისით ჩნდება“.
მაჟორიტარი ფრანგული სიტყვაა და ქართულად უმრავლესობას ნიშნავს. ქართული კანონმდებლობით საკრებულოს მაჟორიტარი არის პირი, რომელმაც თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ კონკრეტულ უბანში ხმების 50%-ზე მეტი მოაგროვა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში კი მან, როგორც ხალხის რჩეულმა, საკრებულოში ამ უბნის ინტერესების დაცვა და მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შორის შუამავლის როლი უნდა შეასრულოს. საკრებულოს სხვა პირებთან ერთად მიიღოს ხალხისა და ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები, აკონტროლოს მერიის მუშაობა და ბიუჯეტის ხარჯვა.
ბათუმის საკრებულოში ათი მაჟორიტარია, არჩევნებზე ათივემ კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით იყარა კენჭი. „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, ორი მაჟორიტარი – კობა ჩხაიძე და ჯაბა ბერიძე ოპოზიციაში გადავიდა.
თუ როგორ აფასებს ამომრჩეველი თავისი უბნის მაჟორიტარის მუშაობას საკრებულოში, ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ამომრჩეველი გასულ კვირას ბათუმის სამ უბანში ე.წ. ბონი-გოროდოკში, ჭაობის დასახლებასა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გამოკითხა. რესპონდენტები შემთხვევითობის პრინციპით შევარჩიეთ.
გამოკითხულთაგან უმეტესობა ამბობს, რომ არ იცის ვინ წარმოადგენს მის ინტერესებს საკრებულოში და არც ის სახელი და გვარი ახსოვს, რაც ცხრა თვის წინ საარჩევნო ბიულეტენზე შემოხაზა. კითხვაზე, ვის მიეცით ხმა თვითმმართველობის არჩევნებზე? – უმეტესობა პასუხობს, რომ ხმა „ოცნებას“ მისცა.
იშვიათად გვხვდებიან ისეთებიც, რომლებიც მაჟორიტარს იცნობენ, მისი ტელეფონის ნომერი საკუთარ ტელეფონში აქვთ ჩაწერილი და მასთან დახმარების სათხოვნელადაც მისულან. „თეიმურაზ ბასილაძეა ჩვენი მაჟორიტარი. ყველას ეხმარება, კარგი კაცია“, – ამბობს ნონა ზაქარაძე. ის ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ცხოვრობს.
„დილით რომ გამოვალ სახლიდან, საღამომდე სამსახურში ვარ, სახლში გვიან ვბრუნდები, მაჟორიტარი სად უნდა მენახა“, – ამბობს როინ გორგოშაძე, რომელიც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობს.
21 წლის ლუკასთვის, რომელიც ჭაობის დასახლებაში ცხოვრობს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მისი უბნის მაჟორიტარი, ამიტომ არც აინტერესებს. „არ ვიცი ვინ არის, გიორგი იქნება, ან ლუკა, ან დავითი. რა ვიცი, რა მნიშვნელობა აქვს?“- ამბობს ლუკა. ის ფიქრობს, რომ შეიძლება იცნობდეს კიდევაც მაჟორიტარს, შეიძლება შეხვედრია კიდევაც, მაგრამ არც მაშინ ეცოდინებოდა და არც ახლა იცის, რომ ის მისი უბნის მაჟორიტარია.
არის ბევრად განსხვავებული დამოკიდებულებაც: „ირაკლი მიქელაძე რომელია? – ჩვენი რომანის ბიჭი? – ჰოო, მაი დეპუტატია. ჭკვიანი ბაღანა ჩანდა თავიდანვე. არაფერი არ გვითხოვია მისთვის. რა უნდა გვეთხოვა?“
ბონი-გოროდოკის, ჭაობის დასახლებისა და შემოერთებული ტერიტორიების ამომრჩეველს ძირითადად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გადაადგილების პრობლემები აწუხებს, ითხოვენ ბავშვთა ბაღების მშენებლობას. ამ უბნების მაჟორიტარების თქმით, საკუთარ ამომრჩეველთან კონტაქტს ძირითადად ტერიტორიული ორგანოების ოფისებში ან რწმუნებულების დახმარებით აწარმოებენ.
თეიმურაზ ბასილაძე
თეიმურაზ ბასილაძეს, რომელიც კახაბრის უბნის მაჟორიტარია, ამომრჩეველთან ურთიერთობაში წინა წლებში რწმუნებულად მუშაობის გამოცდილება ეხმარება. მან „ბათუმელებთან“ დეტალურად აღწერა მის სამაჟორიტარო უბანში არსებული პრობლემები და მოსახლეობის სურვილებიც. ამ დრომდე ის ამ უბნის მაჟორიტარის მოვალეობის შესრულების გარდა სხვა საქმით არ იყო დაკავებული, მაგრამ ახლა კიდევ ერთი სამსახური დაემატა: „ახლახან საგზაო დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა.“
საკრებულოს იმ დეპუტატებს, რომლებიც საკრებულოს თანამდებობის პირები არ არიან, უფლება აქვთ სხვა სამსახურებშიც დასაქმდნენ. ჭაობის უბნის მაჟორიტარის თემურ ყურაშვილის განმარტებით, ეს საკრებულოს წევრის მუშაობას ხელს არ შეუშლის, რადგან მისივე თქმით, კანონში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრი მაჟორიტარის მოვალეობის შესასრულებლად პერიოდულად სამსახურიდან რამდენიმე საათით უნდა გათავისუფლდეს.
მაჟორიტარის უფლებამოსილების ხარჯი თვეში რვაასი ლარია. პერიოდულად მათ სატელეფონო ხარჯებსაც უნაზღაურებენ. მაჟორიტარს არ ეძლევა სახელმწიფო მანქანა, თუმცა პერიოდულად მას შეუძლია საკრებულოს მორიგე მანქანა გამოიყენოს. მაჟორიტარს არც საწვავის ხარჯებს უნაზღაურებენ. იმაზე, რომ მაჟორიტარის ანაზღაურება მცირეა და ამიტომაც ხშირად ისინი პარალელურად სამუშაოს ეძებენ, `ბათუმელებს~ საკრებულოს სამივე მაჟორიტარმა უთხრა.
თემურ ყურაშვილი
თავისი უბნის პრობლემები, კონკრეტული ქუჩების, სახლებისა და ზოგჯერ კონკრეტული გვარებითაც კი კარგად იცის ჭაობის დასახლების მაჟორიტარმა თემურ ყურაშვილმა. ის ამ ეტაპზე ავარიული სახლების და ამ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლა-მოგვარებით არის დაკავებული. კითხვაზე, რატომ ვერ იცნობენ მას სამაჟორიტარო უბანში? პასუხობს: „მიკვირს, რომ ვერ დამასახელეს.“
ირაკლი მიქელაძე
ირაკლი მიქელაძის თქმით კი, მის სამაჟორიტარო უბანში ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე არხები და გაზიფიკაციაა. ის ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე აეროპორტის უბნის მაჟორიტარია. ირაკლი მიქელაძის თქმით, რასაც ის აუცილებლად გააკეთებს, მის უბანში ინფრასტრუქტურული სამუშაოების კონტროლია: „ეს ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში უნდა დასრულდეს და უნდა ვთქვა, რომ ჩემი მუშაობის პერიოდში ეს გაკეთდა.“
ბოლო პერიოდში საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლაზე საუბრობენ. ცვლილების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობას გაზრდის. ამაზე საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიმართა.
თემურ ყურაშვილი მიიჩნევს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში იზრდება არჩეული პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ირაკლი მოქელაძის თმით, მას უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს ხალხთან, რომელმაც ის აირჩია, რადგან მომავალში იმავე უბანში ცხოვრების გაგრძელებას გეგმავს. თუმცა ამბობს, რომ არა „ქართული ოცნება“, მას ხალხი არ აირჩევდა: „ეს იყო პიროვნებას პლუს პარტიის იდეოლოგია. რომ ვთქვა, მე, ირაკლი მიქელაძემ მოვიგე არჩევნები, აბსურდი იქნება.“